asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გამარჯვებული
გამარჯვებული
გამარჯვებული

2010-07-02 17:21:28



დონალდ უესტლეიკი
უორდმენმა ფანჯრიდან დაინახა, როგორ გასცდა რაველი ნებადართულ ტერიტორიას.
– მოიწიეთ, მოიწიეთ ჩქარა! – მიუბრუნდა ჟურნალისტს, – ახლა თქვენ "ბადრაგს" მოქმედებაში ნახავთ.
ჟურნალისტმა მაგიდას შემოუარა და ფანჯარასთან დადგა.
– ერთ–ერთი მათგანია?
– დიახ, – სიამოვნების მოლოდინით გაეღიმა უორდმენს, – მაგრად კი გაგიმართლათ, უიშვიათესი შემთხვევაა, თითქოს სპეციალურად თქვენთვის...
– კი მაგრამ, არ იცის, რა მოხდება? – შეშფოთებულმა იკითხა ჟურნალისტმა.
– რა თქმა უნდა, იცის, თუმცა ზოგიერთს არ სჯერა, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდის შედეგს. აი, აი, უყურეთ!
რაველი აუჩქარებლად მიემართებოდა ტყისკენ. ბანაკს ორასიოდე მეტრით რომ მოშორდა, წელში მოიხარა და ისე განაგრძო სვლა. მუცელზე ხელს იჭერდა და დროდადრო წაიფორხილებდა ხოლმე. ბოლოს საბოლოოდ ჩაიკეცა. ეტყობოდა, რომ ტკივილისგან იტანჯებოდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა, მიხოხავდა და ტყისპირს მიახლოებული, საბოლოოდ გადავარდა გულაღმა.
უორდმენს ცქერის სურვილი დაეკარგა – ის ხომ წმინდა წყლის თეორეტიკოსი იყო და უხეში რეალობის ცქერა სულაც არ ხიბლავდა. მაგიდასთან მიბრუნებულმა სელექტორი ჩართო:
– საკაცეები ტყისკენ! რაველისთვის.
გვარის გაგონებაზე ჟურნალისტი შებრუნდა.
– რაველი? ეს რომელი რაველი, პოეტი?
– თუ ამ ტიპის ნაჯღაბნს პოეზია შეიძლება ეწოდოს... – უორდმენს ტუჩები ზიზღით დაემანჭა.
ჟურნალისტმა ისევ გაიხედა ფანჯარაში.
– გავიგე, რომ დაიჭირეს, – ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ნიკაპი მოისრისა.
უორდმენიც მიუახლოვდა ფანჯარას და სტუმრის ზურგსუკან დადგა. დაინახა, როგორ განაგრძობდა რაველი ხოხვით ტყისკენ გზას. ორიოდე მეტრიც ვერ გაიარა, რომ საკაციანი ადამიანები წამოეწივნენ. ტკივილისგან დაკლაკნული, საკაცეზე დააწვინეს და ისევ ბანაკისკენ წაიყვანეს. როცა ყველანი თვალს მიეფარნენ, ჟურნალისტმა იკითხა:
– ამას რა ეშველება, გამოკეთდება?
– ერთი–ორი დღე იზოლატორში იწვება და გაუვლის. იოგების მსუბუქი დაჭიმვა აქვს. ცოტაც და დაუწყდებოდა.
ჟურნალისტი ფანჯარას მოშორდა.
– ყველაფერი გასაგებია, – ჩაილაპარაკა თავისთვის.
– პირველი უცხო თვალი ხართ, ვინც ჩვენი "ბადრაგი" მოქმედებაში ნახა, – კმაყოფილმა თქვა უორდმენმა, რომელსაც ხალისიანი განწყობა დაუბრუნდა, – სენსაციაა, არა?
– დიახ, – დაეთანხმა ჟურნალისტი, სავარძელში ჩაეშვა და გაიმეორა, – სენსაცია!
ცოტა ხანი ორივე დუმდა, მერე კი ინტერვიუს მიუბრუნდნენ.
უორდმენს აღარც კი ახსოვდა, მერამდენედ უწევდა "ბადრაგის" დანიშნულების ახსნა და იმისაც, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაცვის ამ ახალი სისტემის შემუშავებას საზოგადოებისთვის.
"ბადრაგის" გული პატარა შავი კოლოფი იყო, მინი რადიომიმღები, რომელიც პატიმრის სხეულში იდგმებოდა, ბანაკის შუაგულში კი მართვადი გადამცემი მონტაჟდებოდა. სანამ პატიმარი გადამცემის მოქმედების ასორმოცდაათი მეტრის რადიუსში იმყოფებოდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ საკმარისი იყო, ამ ზონას გასცდენოდა, რომ შავი ყუთი ტკივილის იმპულსებს აგზავნიდა პატიმრის ნერვულ სისტემაში. რაც უფრო შორდებოდა მსჯავრდებული გადამცემს, მით უფრო იზრდებოდა ტანჯვა, საბოლოოდ კი ადამიანის პარალიზება ხდებოდა.
– ხომ გესმით, მსჯავრდებული ვერ გაიქცევა, – განაგრძო უორდმენმა, – რაველს რომც მიეღწია ტყემდე, მაინც ვიპოვნიდით – თავს ყვირილით გასცემდა.
"ბადრაგის" იდეა თავად უორდმენს ეკუთვნოდა. ის ფედერალური კოლონიის უმცროსი ზედამხედველი იყო, როცა ეს აზრი დაებადა და ხელმძღვანელობას გაანდო. თავიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ზოგიერთი ზედმეტად სენტიმენტალური პირი მკაცრად აკრიტიკებდა, მაგრამ ახლა უკვე უორდმენი საცდელი პროექტის ხელმძღვანელი იყო და კოლონიის უფროსადაც დაინიშნა გამოსაცდელი ხუთი წლის ვადით.
– თუ შედეგები დადებითი გვექნება, – იმედიანად თქვა უორდმენმა, – ფედერალური ციხეები დაცვის ჩვენეულ სისტემაზე გადმოვლენ.
და მართლაც, "ბადრაგი" გაქცევის ყველანაირ ალბათობას გამორიცხავდა, ჯანყის იოლად ჩაქრობასაც უწყობდა ხელს – საკმარისი იყო, ორი–სამი წუთით გამოგერთოთ გადამცემი და ყველაფერი თავისით წესრიგდებოდა.
– მცველები, როგორც ასეთი, აქ არ გვყავს, – განაგრძო უორდმენმა, – მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, ისიც ექსტრემალური შემთხვევისა და იზოლატორებისთვის.
პროექტი განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფო დამნაშავეებზეა გათვლილი.
– შეიძლება ითქვას, ჩვენს ციხეში მთელი არალოიალური ოპოზიცია ზის, – გაეცინა უორდმენს.
– ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიტპატიმრები, – დააკონკრეტა ჟურნალისტმა.
– ჩვენ ასეთ ფორმულირებებს არ ვიყენებთ, – ჩაილაპარაკა უორდმენმა.
ჟურნალისტმა მოიბოდიშა და ინტერვიუ დაასრულა. პროექტის ხელმძღვანელმა კვლავ სათნო კაცის სახე მიიღო და სტუმარიც ციხის გასასვლელამდე მიაცილა, დაელოდა, სანამ თვალს მიეფარებოდა და ციხის იზოლატორისკენ წავიდა, რათა რაველი ენახა, მაგრამ პოეტს ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს და ეძინა.
* * *
რაველი ზურგზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა.
არ ვიცოდი, ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა, არ ვიცოდი, ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა! – უტრიალებდა თავში, მერე მისმა წარმოსახვამ იგივე წარწერა იდეალურად თეთრ ზეწარზე შავი ასოებით დაწერა.
– რაველ!
მან თავი მიატრიალა და საწოლთან მდგომი უორდმენი დაინახა. პასუხი არ გაუცია.
– გაგაფრთხილეთ! – გაღიზიანებით თქვა კოლონიის უფროსმა, – გაქცევას აზრი არ აქვს.
რაველს ჯერ დაეზარა პასუხის გაცემა, მერე გაჭირვებით გააღო პირი და თქვა:
– კარგად ვარ, ნუ ნერვიულობთ, თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ, მე ჩემსას ვიზამ.
– ვნერვიულობ? – ჩააშტერდა უორდმენი, – ვითომ რატომ უნდა ვინერვიულო?
რაველმა ისევ ჭერს ახედა. ორიოდე წუთის წინ იქ დაწერილი სიტყვები გამქრალიყო.
ფურცელი და კალამი რომ ჰქონოდა!... სიტვებს დაწერა სჭირდებათ, რომ არ გაქრნენ.
– შეიძლება, კალამი და ფურცელი გთხოვოთ?
– ახალი ბოდვები და უხამსობები რომ წეროთ? რა თქმა უნდა, არა!
– რა თქმა უნდა, არა, – გაიმეორა რაველმა.
მან თვალები დახუჭა და წარმოსახულ სიტყვებს დააკვირდა, რომლებიც წამდაუწუმ ქრებოდნენ. ადამიანს არ ჰყოფნის ძალა, ერთდროულად იმახსოვროს და შექმნას, რაველმა შექმნა აირჩია, მაგრამ ახლა მას თავისი გამოგონილის ჩაწერაც აღარ შეეძლო, ამიტომ აზრები ტვინის უჯრედებიდან გარესამყაროში უმაქნისად იღვრებოდა, როგორც ქუჩაში მოშვებული ონკანი.
– ტკივილი გაივლის, – დარწმუნებით თქვა უორდმენმა, – სამი დღეა უკვე, რაც წევხართ და, წესით, მალე უნდა გაიაროს.
– მაგრამ ისევ დაბრუნდება! – წაიჩურჩულა რაველმა, თვალი გაახილა და ჭერზე კვლავ დაიწერა წარმოსახული სიტყვები – ისევ დაბრუნდება.
– ნუ იქცევით იდიოტივით! – გაბრაზდა უორდმენი, – აღარასოდეს დაბრუნდება, თუ ისევ არ ისულელებთ და გაქცევას არ მოინდომებთ.
რაველი დუმდა.
უორდმენი ჯერ ღიმილით უყურებდა მწოლიარეს, მერე შეიჭმუხნა – ახლა არ თქვათ, რომ ისევ აპირებთ...
რაველმა გაკვირვებულმა ახედა – რასაკვირველია, ვაპირებ. თქვენ რა, ეჭვი გეპარებოდათ?
– მეორედ აღარავის გაუბედავს.
– მე ყოველთვის იმად დავრჩები, ვინც ვარ, ამას ვერ გადამაჩვევთ, რაც გინდა, მოხდეს, უნდა მჯეროდეს, რომ ის ვარ, ვინც უნდა ვიყო, შეგიძლიათ ეს დაიმახსოვროთ!
– ესე იგი, კვლავ გაიქცევით?
– კვლავ და კვლავ, დაუსრულებლად.
– სისულელეა! – უორდმენი გაბრაზდა და ხელი აიქნია, – სიკვდილი თუ გინდათ, თქვით. ხომ იცით, შემიძლია იქ დაგტოვოთ და ტკივილით მოკვდებით.
– ეგეც გაქცევაა.
– რაკი ეგრეა, გაიქეცით, პირობას მოგცემთ, რომ არავის გამოვგზავნი თქვენს წამოსაყვანად.
– ეგრე ხომ წააგებთ? – რაველმა უორდმენის გაბოროტებულ სახეს შეავლო თვალი, თქვენივე საკუთარი გამოგონილი წესების მიხედვით, დამარცხდით, არადა იმუქრებოდით, რომ შავი ყუთი მაიძულებდა, უარი მეთქვა საკუთარ მე–ზე. მე კი გეუბნებით, რომ სანამ გავრბივარ, თქვენ სულ აგებთ და თუ ეს თქვენი ყუთი მომკლავს, საბოლოოდ დამარცხდებით!
უორდმენის მოჩვენებითი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა გაქრა, მან ხელების ქნევა და ყვირილი დაიწყო.
– ეს რა, თამაში გგონიათ?
– რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომაც გამოიგონეთ თქვენ ის.
– გააფრინეთ? – ჩაილაპარაკა უორდმენმა და კარისკენ დაიხია, – თქვენი ადგილი აქ კი არა, საგიჟეთშია! და ალბათ იქაც გიკრავთ თავს.
– ეგეც დამარცხებაა! – მიაძახა რაველმა უკვე გასულ ციხის უფროსს და ისევ ჭერს მიაშტერდა.
მარტო დარჩენილმა ბალიშში თავი ჩარგო. გადატანილი საშინელების გახსენებამ ისევ შიში მოჰგვარა. შავი ყუთის კიდევ უფრო ეშინოდა, რადგან ახლა დაზუსტებით იცოდა, რა იყო ეს. "ბადრაგზე" გაფიქრებაზეც კი ტკივილის შეგრძნება ეუფლებოდა, მაგრამ არანაკლებ ეშინოდა საკუთარი მე–სი, საკუთარი არსების დაკარგვისა და ეს აბსტრაქტული შიში შეიძლება ბევრადაც კი აღემატებოდა ტკივილის შიშს, რადგან ისევ და ისევ აიძულებდა თავისთვის გაემეორებინა – უნდა გავიქცე!
– მე არ ვიცოდი, რომ ეს ასეთი მტკივნეული იქნებოდა! – წაიჩურჩულა და მისმა წარმოსახვამ ჭერზე კვლავ გამოიყვანა იგივე სიტყვები, ამჯერად წითელი საღებავით.
* * *
უორდმენი კართან ელოდა რაველს. ეს უკანასკნელი თითქოს კიდევ უფრო გამხდარიყო და მოტეხილიყო, მოხუცს ჰგავდა.
პოეტმა მზე მოიჩრდილა და უორდმენს გახედა.
– ნახვამდის, უორდმენ! – უთხრა და აღმოსავლეთისკენ, ტყისკენ წავიდა.
– მაიძულებთ... – ციხის უფროსმა სიტყვები ვეღარ მოძებნა და ენა დაება – მაიძულებთ... უკიდურეს ზომებს...
რაველმა ყურიც კი არ ათხოვა და ჯიუტად განაგრძო გზა ტყისკენ.
უორდმენს აღარც ახსოვდა, როდის გაცეცხლდა ბოლოს ასე. უნდოდა დასწეოდა და საკუთარი ხელით დაეხრჩო. მუშტები მაგრად მოკუმა და თავს სამჯერ გაუმეორა – მე გონიერი ადამიანი ვარ და არა ვიღაც სასტიკი ცხოველი!
"ბადრაგიც" გონიერი გამოგონება იყო და არა – სასტიკი, ცხოველური და ერთადერთს, პატიმრის მორჩილებას ითხოვდა. როგორც "ბადრაგი" სჯიდა მხოლოდ რაველისნაირ თავხედ, დაუმორჩილებელ პირებს, ისევე თვითონაც მხოლოდ უწესრიგო ადამიანებს უსწორდებოდა. უორდმენს და ამ შავ ყუთს თითქოს რაღაც საერთო გააჩნდათ, თითქოს გამომგონებელსა და აპარატს შორის რაღაც უხილავი კავშირი იყო.
პოეტი მისთვის ანტისოციალური ნატურა იყო, რომელიც, საბოლოო ჯამში, თვითლიკვიდაციისკენ ისწრაფვის. საჭიროება მოითხოვდა, ვინმეს ჭკუა ესწავლებინა მისთვის. ეს უკეთესი იქნებოდა როგორც რაველის, ასევე მთელი საზოგადოებისთვისაც.
– რას გინდა, ამით მიაღწიო? – დაუყვირა უორდმენმა, თან ტყისკენ მიმავალი პატიმრის ზურგს თვალს არ აშორებდა, – არავის გამოვგზავნი შენს წამოსაყვანად და საკუთარი ფეხით მოეთრევი აქ! მოცოცდები მატლივით ან ტანჯვით ჩაძაღლდები.
რაველი ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს არც ესმოდა, რას უყვიროდნენ. ეტყობა, პირველმა ტკივილმა შემოუტია და ოდნავ მოიხარა წელში, ოღონდ ნაბიჯი არ შეუნელებია.
უორდმენმა ტუჩები მოპრუწა და კაბინეტისკენ გაემართა, რათა მოხსენება დაეწერა – თვის განმავლობაში გაქცევის მხოლოდ ორი მცდელობა! მხოლოდ ორი, არადა, ეს იდიოტი რაველი რომ არა...
დღის განმავლობაში ორ–სამჯერ გაიხედა ფანჯრიდან. პირველად დაინახა, როგორ მიდიოდა დაჩოქილი რაველი ხეებისკენ, შემდეგ კი პატიმარი აღარ ჩანდა, მაგრამ მისი ყვირილი ისმოდა და უორდმენმა ძლივს მოახერხა წერაზე კონცენტრირება.
საღამოს გარეთ გავიდა. ტყიდან კვლავინდებურად ისმოდა რაველის განწირული ყვირილი. ახლა გაცილებით სუსტი, მაგრამ ხშირ–ხშირი. ცოტა მოგვიანებით, ციხის უფროსთან მთავარი ექიმი მივიდა და კატეგორიულობანარევი თხოვნით უთხრა: – ბატონო უორდმენ, პატიმრის წამოყვანა აუცილებელია, მოკვდება.
ციხის უფროსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– მეც ეგრე ვფიქრობ, იმედია, ახლა მაინც ისწავლის ჭკუას.
ამ საუბარში იყვნენ, რომ ყვირილი შეწყდა. ორივე ერთდროულად შეტრიალდა ტყისკენ. უორდმენს ჩაეცინა, ექიმი კი იზოლატორისკენ გაიქცა.
* * *
რაველი იწვა და ყვიროდა. ტკივილი ფიქრის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ დროდადრო, როცა წამიერად ისიც ყუჩდებოდა, ხოხვას განაგრძობდა და რამდენიმე სანტიმეტრით კიდევ შორდებოდა ციხეს. ბოლო სამი საათის განმავლობაში ალბათ სამ მეტრზე მეტი არ გაუვლია, მაგრამ პოეტი მაინც არ ნებდებოდა.
რაველს დროდადრო ტკივილისგან გონება ეკარგებოდა. წყვეტილად ახსოვდა ბალახის ღეროები თვალწინ, ტოტები და სადღაც შორს მოქანავე კენწეროები. მერე თითქოს გზაზე გაჩერებული სატვირთო ავტომობილიც დაინახა. მანქანა იყო, ან არ იყო. უფრო იყო, რადგან იქიდან კაცი გადმოხტა და რაველთან ჩაიმუხლა, უბრალო ფერმერის სამოსი ეცვა, დანაოჭებული, ორიოდე კვირის გაუპარსავი სახე ჰქონდა და სოფლური კილოთი ლაპარაკობდა.
– რა გჭირს, მეგობარო?
რაველმა პასუხად ტკივილისგან დაიყვირა.
– ექიმთან წაგიყვან! – მან პირში ნაჭერი ჩაუტენა, – კბილები მოუჭირე და ცოტა მოგეშვება.
ტკივილი არ შემსუბუქდა, მაგრამ ნაჭერმა ყვირილის ხმა ჩაახშო.
მერე ბუნდოვნად ახსოვდა, რომ მთელი გზა მადლიერების განცდა ჰქონდა, რაღაც მომენტში გონიც დაკარგა. მერე სიბნელე ჩამოწვა და ექიმის და ფერმერის დიალოგის ნაწყვეტები უტრიალებდა თავში. ფერმერი მალე წავიდა, ექიმი კი რაველთან მივიდა, სახე ახლოს მიუტანა და ჩაეკითხა:
– პატიმარი ხარ?
ახალგაზრდა, ფერმკრთალი და გაბოროტებული სახის კაცი იყო.
რაველის ყვირილს ნაჭერი ახშობდა, მაგრამ ტანჯვა გაუსაძლისი ხდებოდა – თავში მიწისძვრა ჰქონდა, კისერზე ზუმფარას უსვამდნენ, კანს ყინულის დანებით უსერავდნენ, მუცელში მჟავა წვეთავდა, სახსრები ვიღაცამ ამოატრიალა, ასე წიწილას აგლეჯენ ფრთას სადღესასწაულო სუფრაზე. კანი გააცალეს. გაშიშვლებულ ნერვებზე ნემსებით ჩხვლეტდნენ, შემდეგ კი ცეცხლზე წვავდნენ. წვივებში უზარმაზარ უროს ურტყამდნენ, კოტიტა თითები კი თვალებს უჩიჩქნიდნენ. და მაინც, გამოგონების მთელი გენიალურობა სწორედ იმაში იყო, რომ პატიმარს გონება არ დაეკარგა, არ გაქცეოდა ტანჯვას. და მართლაც, ამ ჯვრიდან ხსნა შეუძლებელი იყო.
– ეს რა მხეცები ყოფილან, – ჩაიბურტყუნდა ექიმმა, – ვეცდები, ის ყუთი ამოვიღო თქვენი სხეულიდან. ვერაფერს შეგპირდებით, რადგან არც ვიცი, როგორია და სადაა, მაგრამ ყველაფერს ვიღონებ.
ახალგაზრდა ექიმი გატრიალდა და ორ წუთში შპრიცით მობრუნდა: – ახლა თქვენ დაიძინებთ!
* * *
ვერსად ვიპოვეთ.
უორდმენი გაცეცხლებული უყურებდა მთავარ ექიმს.
– ესე იგი ვიღაცამ დაინახა და წაიყვანა. თანამზრახველი ჰყოლია და გაქცევაში ის დაეხმარა.
– ვინ გაბედავდა?
– პოლიციას შევატყობინებ, – ყბის კანკალით თქვა უორდმენმა და ყურმილი აიღო.
ორ საათში პოლიციამ მიმდებარე სოფლები დაიარა და მოსახლეობა დაჰკითხა. ფერმერი იპოვეს, მან კი, თავის მხრივ, ექიმის მისამართი თქვა. ეს იყო დოქტორი ალინი ბუნსტაუნიდან. პოლიციამ ჩათვალა, რომ ფერმერი დამნაშავე არ იყო, რადგან, წესით, არ უნდა სცოდნოდა, ვინ გადაარჩინა.
– მაგრამ არა ექიმი! – გაწიწმატებული იმეორებდა უორდმენი, – ის ნამდვილად მიხვდებოდა, რაშიცაა საქმე.
– დიახ, სერ, ალბათ ეგრეა.
– და არ განაცხადა.
– აჰა.
– თქვენთან ერთად წამოვალ, დამელოდეთ!
ისინი სწორედ მაშინ წაადგნენ თავს ექიმს, როცა იგი ინსტრუმენტებს რეცხავდა.
ალინმა მხარს უკნიდან გამოხედა მოსულებს და მშვიდად თქვა:
– გელოდით.
– უორდმენი ყველაზე ბოლოს შემოვიდა და თითი უგონოდ მწოლიარე კაცისკენ გაიშვირა: – აი, რაველი!
– რაველი? – გაოცდა ექიმი, – პოეტი რაველი?
– რა, არ იცოდით? აბა, რატომ დაეხმარეთ?
პასუხის მაგივრად, ალინმა ყურადღებით შეათვალიერა იგი და ჰკითხა:
– ალბათ თქვენ უორდმენი ხართ, არა?
– დიახ, ეს მე ვარ.
– ჰოდა, მაშინ ეს თქვენია! – ალინმა პატარა შავი ყუთი გაუწოდა უორდმენს და ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა.
* * *
ჭერი თეთრი და სუფთა იყო. რაველი ზედ სიტყვებს წერდა, მაგრამ ტკივილი არ ქრებოდა. ვიღაც შემოვიდა ოთახში და საწოლთან გაჩერდა. რაველმა მძიმედ ასწია ქუთუთოები და უორდმენი დაინახა.
– თავს როგორ გრძნობთ, რაველ?
– თავდავიწყებაზე ვფიქრობ, – სუსტი ხმით თქვა რაველმა, – პოემა მინდა დავწერო ამაზე.
ისევ ჭერს ახედა. წარწერები წაშლილიყო.
– თქვენ კალამი და ფურცელი ითხოვეთ ამას წინათ... გადავწყვიტეთ, მოგცეთ.
რაველმა ჯერ იმედი იგრძნო, მერე კი ყველაფერს მიხვდა.
– აა, აი თურმე რა!
უორდმენი მოიღუშა.
– რაშია საქმე? აკი გითხარით, რომ ფურცელს და კალამს მოგცემთ!
– ალბათ გაქცევაზე უარის თქმის სანაცვლოდ, არა?
– თუნდაც! მაინც ვერ გაიქცევით, რაველ და, იმედია, ამას მიხვდით.
– ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მე გამარჯვება არ შემიძლია... მაგრამ არც წავაგებ. ეს თქვენი თამაშია, თქვენი წესები, თქვენი მინდორი... ჩემთვის ყაიმიც კი საკმარისია!
– თქვენ ჯერაც ფიქრობთ, რომ ეს თამაშია? გინდათ განახოთ, რას მიაღწიეთ? – აყვირდა უორდმენი და კარი გამოაღო, ნიშანი მისცა და ოთახში დოქტორი ალინი შემოიყვანეს, – გახსოვთ ეს კაცი?
– დიახ.
– ერთ საათში მას შავ ყუთს ჩაუდგამენ. კმაყოფილი ხართ? ამაყობთ თქვენი საქციელით, რაველ?
– მაპატიეთ! – მუდარით გახედა პოეტმა ექიმს.
ალინმა გაუღიმა და თავი გააქნია.
– ბოდიშები საჭირო არ არის. თავს იმით ვიიმედებდი, რომ სასამართლოზე თავის დაცვას შევძლებდი და იმას მაინც მივაღწევდი, რომ ასეთი მხეცური ექსპერიმენტი შეეწყვიტათ, მაგრამ ამაოდ... ერთსულოვნება არ იყო დარბაზში.
– თქვენ ორივენი ერთი თიხისგან ხართ ნაძერწნი! – ზიზღით თქვა უორდმენმა, – ბრბოს ემოციები! აი, რაზე ფიქრობთ! ეს გიჟპოეტა თავის პოემებში, თქვენ კი... ჰმ, დოქტორი... სასამართლო განხილვაზეც რომ გამოვიდა სიტყვით!
– სიტყვა წარმოთქვით პროცესზე? – გაეღიმა რაველს, – ვწუხვარ, რომ ვერ მოვისმინე.
– დიდი არაფერი სიტყვა იყო, – თქვა ალინმა, – მომზადებისთვის დრო არ მქონდა. ვერ ვიფიქრებდი, თუ ეს პროცესი ერთ დღეზე მეტს არ გაგრძელდებოდა.
– კარგით, კარგით, საკმარისია, – ძალაუფლების მქონე ადამიანის ხმით გააწყვეტინა უორდმენმა, – კიდევ გექნებათ სასაუბრო დრო... წლები!
კართან მისული ალინი პოეტისკენ შებრუნდა.
– ძალიან გთხოვთ, დამელოდეთ. ოპერაცია მალე დამთავრდება.
– გაიქცევით ჩემთან ერთად? – ჰკითხა რაველმა.
– რასაკვირველია! – თქვა დოქტორმა ალინმა და მხრები აიჩეჩა.
თარგმნა გურამ მეგრელიშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online