asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნინი: "ანასტასიამ ისე გამამწარა, ვუყვიროდი, დაგახრჩობ–მეთქი!"
ნინი ბადურაშვილს მოდელი დაიკო ტანსაცმელს პარავს
ნინი: "ანასტასიამ ისე გამამწარა, ვუყვიროდი, დაგახრჩობ–მეთქი!"

2010-06-02 15:04:57



მომღერალ ნინი ბადურაშვილის 7 წლით უმცროსი და, ანასტასია თოფურიძე, მოდელია და უფროსი დის მსგავსად, აპირებს ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას – სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარებას. სხვათა შორის, ანასტასიაც მღერის, მაგრამ მომღერლის კარიერაზე არ ფიქრობს. როცა ლამაზმანი დაიკოები ერთმანეთზე ამბებს ყვებიან, რომელიმე ახალგაზრდული ამერიკული კომედია დაგიდგება თვალწინ, სადაც დიდი წიოკი და მხიარულებაა. ამაში მათთან ინტერვიუდან თავად დარწმუნდებით.

– ნინი, გახსოვთ, ანასტასიას დაბადება?

ნინი: 7 წლის ვხდებოდი, როცა ანასტასია გაჩნდა. ბედნიერი ვიყავი, რომ პატარა და მეყოლა. მახსოვს, ეკას (ეკა კახიანი. ნინის და ანასტასიას დედა. ავტ.) ხშირად ეკითხებოდნენ, ნინი ეჭვიანი ხომ არ გახდაო. ეკა პასუხობდა, არანაირადო.

– ბავშვობიდან მეგობრობთ თუ მერე უფრო დაახლოვდით, რაც წამოიზრდეთ?

ანასტასია: ბავშვობაში ნინის ნერვებს ვუშლიდი. რომ წამოვიზარდე, 13–14 წლიდან დავმეგობრდით.

ნინი: ჯიუტი ბავშვი იყო, მე კი სათნოების განსახიერება ვიყავი. მეუბნებოდნენ, პატარაა, დაუთმეო და სულ ვუთმობდი, მაგრამ ნერვებს ხშირად მიშლიდა. ერთხელ გადამრია. ჩემი შრომით ნაგროვები საღეჭი რეზინის "ლავ იზის" "ნაკლეიკები" მომპარა. მივხვდი, რომ მას ჰქონდა. ვუთხარი, ჩქარა მომიტანე, თორემ მოგკლავ–მეთქი. ანასტასიამ იფიქრა, არაფერს იზამსო, დაიჭირა ხელში "ნაკლეიკები", დაჭმუჭნა და დახია. "ტომი და ჯერიში" სიმწრისგან ტომი რომ წითლდება, ზუსტად ეს დამემართა. საშინლად ვცემე. ბოლოს საწოლის ფეხს თავი მიარტყა.

ანასტასია: მაშინ დაახლოებით 3 წლის ვიყავი, ამიტომ ეს ამბავი ბუნდოვნად მახსოვს.

ნინი: ისე გამამწარა, ვუყვიროდი, დაგახჩრობ–მეთქი. ბოლოს ლამის მთელი სამეზობლო გვაშველებდა.

– დები და სადავო ტანსაცმელი მარადიული თემაა. თქვენ ეს საკითხი როგორ გაქვთ მოგვარებული?

ანასტასია: ესაა ჩვენი უთანხმოების მთავარი მიზეზი. თუ მისი ტანსაცმელი ძალიან მომწონს, დილით ვიღვიძებ, ვიცვამ და ვასწრებ სახლიდან.

ნინი: მერე მე ვურეკავ, რა გაცვია–მეთქი. წინასწარ ვაწყობ გეგმას, სად რა ჩავიცვა, მაგრამ კარადას გამოვაღებ და არ არის! ახლა უფრო ცუდ დღეში ვარ. ქეთო (უმცროსი და. ავტ.) წამოიზარდა და იმანაც ჩაიცვა ჩემი ტანსაცმელი. უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო!

ანასტასია: ცოტა ხნის წინ თქვა, სახლს ვიქირავებ და გადავალო. ვუთხარი, მეც გადმოვალ შენთან–მეთქი. კინაღამ გაგიჟდა, შენ გამო მივდივარ და სად მომყვებიო.

ნინი: ერთხელ ჩემი ოთახის კარზე გასაღები გავაკეთებინე. მერე მირეკავდა, ოთახში ვერ შევდივარ და მომეცი გასაღებიო. მაინც არ მივეცი. მერე მინდოდა, ჩემი უჯრისთვის ბოქლომი დამედო, მაგრამ დამეზარა... ცუდ დღეში ვარ, მჩაგრავენ!

ანასტასია: ერთად გვძინავს და ერთი სული მაქვს, ცალ–ცალკე ოთახში დავიძინოთ, თორემ ყოველი ღამე ჩემთვის ჯოჯოხეთია. ყოველთვის მასზე ადრე ვიძინებ და როცა ნინი შემოდის ოთახში, მგონია, ომი იწყება. შუქს ანთებს, ტელეფონზე ბოლო ხმაზე ლაპარაკობს და კარს ისე აჯახუნებს, გულის ფანცქალით მეღვიძება. მოკლედ, თუ ნევროზი მაქვს, ნინის დამსახურებაა. ერთ დღეს ადრე დამეძინა. ნინი ჰოლში შემოვიდა. უცებ ისეთი ხმა იყო, მეგონა, მიწისძვრა მოხდა და თავზე რაღაც დამენგრა. თურმე ნინიმ სიბნელეში ვერ დაინახა, კარი რომ დაკეტილი იყო და თავით შეასკდა...

ნინი: არც მე მინდა შენთან ერთად ძილი! მთელი ღამე ქართულ ქრესტომათიას მეცადინეობს, ყველა შუქი ანთია და ძლივს ვიძინებ.

– ერთ ოთხში გძინავთ და გარდა იმისა, რომ ჩხუბობთ, ალბათ ღამღამობით ერთმანეთს პირად ამბებსაც უყვებით.

ნინი: კი, ვუყვებით. ბოლო დროს ანასტასიაა მრჩეველი. ჩემი რჩევა არ სჭირდება და რაც აქამდე ვურჩიე, არაფერი გაითვალისწინა.

ანასტასია: რატომ? ვისმენ რჩევებს და ვაანალიზებ.

ნინი: რას აანალიზებ? რაც შენ გინდა, მაინც იმას აკეთებ!

– ამ რჩევებში ბიჭებთან დამოკიდებულებაც განიხილება?

ნინი: კი, თუმცა თვითონ ყველაზე კარგად იცი, ვინ არის შენი ღირსი და ვინ – არა. შეიძლება ჯიუტობის გამო არ აღიარო, მაგრამ გულში ხომ იცი. შეიძლება იმ წუთში გეწყინოს, რომ გეუბნება, შენი შესაფერისი არ არისო, მაგრამ ახლობლისგან პრობლემა არ არის.

– ანასტასია, გათხოვებას მართლა აპირებთ?

ანასტასია: სამი წელია შეყვარებული ვარ, მაგრამ ჯერ ზუსტად დაგეგმილი არ მაქვს, როდის გავთხოვდები.

– ნინი, თქვენც იყავით შეყვარებული. ახლა ცალად ხართ?

ნინი: ორი წელიც არ ვიყავი შეყვარებული. დიდი სიყვარული იყო, მაგრამ აღარ არის. მჯერა, რომ სიყვარული მარტო ერთხელ არ მოდის.

– ანასტასია, ნინის გვერდით როგორი ადამიანი წარმოგიდგენიათ?

ანასტასია: ნინის გვერდით ვინც არ უნდა იყოს, სულ უკეთესი და უკეთესი მომინდება. ძალიან უნდა უყვარდეს, ყურადღებიანი უნდა იყოს, სიმპათიური.

– ნინი, ანასტასიას შეყვარებულს იცნობთ?

ნინი: კი, კარგი ბიჭია. ბავშვობიდან ვიცნობ, უბნიდან მახსოვს. ყოველთვის ვიცოდი, რომ კარგი ბიჭი იყო. როცა ანასტასიამ მითხრა, მომწონსო, ცოტა დავიბენი, რადგან ჩემზე ცოტა უფროსია. როცა კარგად გავიცანი და დავახლოვდით, არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

– ერთი და სცენაზე დგას, მეორე – პოდიუმზე. წონის კონტროლი ალბათ ორივეს გიწევთ.

ანასტასია: კი, ასეა. ორ კილოს თუ ვიმატებ, ტრაგედიაა. ღამე ჭამა მიყვარს და ესაა პრობლემა. ნინი ამის გამო მეჩხუბება. თვითონ შეუძლია, მთელი დღე წიწიბურა და მოხარშული კარტოფილი ჭამოს.

ნინი: დიეტის დაცვა არც მე შემიძლია. მარტო მაწონი რომ ვჭამო, წნევა დამივარდება, ცუდ ხასიათზე დავდგები. სწორად ვიკვებები. ვიცი, რა მასუქებს და რა – არა. მაქსიმალურად ცოტას ვჭამ, ცომის გარეშე.

ანასტასია: ნინიზე ხუთჯერ მეტს ვჭამ. ნინი როგორც იკვებება, ის ჩემთვის მკაცრი დიეტაა.

ნინი: დაბადების დღეზე თუ მოვხვდი, მხოლოდ მაშინ შეიძლება დავარღვიო კვების რაციონი. ერთ კილოსაც რომ ვიმატებ, სახეზე ძალიან მეტყობა, ეკრანი უფრო მასუქებს და...

– ვიცი, მძიმე თემაა, მაგრამ რადგან ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაინც გკითხავთ. რამდენიმე წლის წინ ანასტასია ბაკურიანში მძიმედ დაშავდა და მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობდა. ნინი, ეს ამბავი როგორ გაიგეთ?

ნინი: მეც იქ ვიყავი, ვსრიალებდი. ერთი–ორჯერ ანასტასიამ ჩამიქროლა ბურანით. ნერვები მეშლებოდა, ასეთი სიჩქარით რატომ დადის–მეთქი... უცებ ვიღაც შემხვდა და მითხრა, შენი და დაიმტვრა ბურანით, საკაცეთი ამოასრიალესო. დავურეკე ანასტასიას, რა გჭირს–მეთქი. მიპასუხა, არაფერიო. საღამოს სასტუმროში რომ მივედი, ეკამ მითხრა, ანასტასიას სძინავს, ყური აქვს ნატკენიო. რომ გაიღვიძა, უცებ ცუდად გახდა. ეს ჩემთვის ყველაზე საშინელი დღე იყო! ანასტასია რეანომობილით მიჰყავდათ გათიშული, წვეთოვანზე შეერთებული და არ ვიცოდი, გადარჩებოდა თუ არა. ჩვენ უკან მივყვებოდით მანქანით... ამ ყველაფერს მტერსაც არ ვუსურვებ!

ანასტასია: ოთხი საათის შემდეგ დავკარგე გონება, მანამდე ცოტა გაბრუებული ვიყავი. თავს ვიმშვიდებდი, ისეთი არაფერია–მეთქი...

ნინი: უკვე ვეღარ ლაპარაკობდა.

– დიდი ხანი დაგჭირდათ რეაბილიტაციისთვის?

ნინი: ძალიან ადვილად გამოძვრა. ექიმის, ალიკა გველესიანის მადლობელი ვართ, მან გაუკეთა ოპერაცია. გვითხრა, ღმერთს უთხარით მადლობა, რადგან იშვიათობაა, ასეთ დროს ადამიანი გადარჩესო.

– ნინი, ანასტასიას რა რჩევას მისცემდით "სარკის" საშუალებით?

ნინი: თბილისში კი დაიქოქა სამოდელო ინდუსტრია, მაგრამ მინდა, ერთი წელი მაინც წავიდეს ევროპაში და ნახოს, როგორია იქ მუშაობის რეჟიმი.

ნიკა ხაჩიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online