asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სასწაულმოქმედი ხატი, რომლითაც ანდრია პირველწოდებულმა საქართველო გააქრისტიანა
აწყურის ღვთისმშობლის საიდუმლო
სასწაულმოქმედი ხატი, რომლითაც ანდრია პირველწოდებულმა საქართველო გააქრისტიანა

2010-01-22 15:01:07



აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელმა ხატმა საუკუნეების განმავლობაში მრავალი სასწაული აღასრულა. მისი შექმნაც უდიდეს სასწაულს უკავშირდება. ღვთისმშობელი უფლის სიტყვის საქადაგებლად თავის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში, გამომგზავრებას აპირებდა, როცა ქრისტე გამოეცხადა. მაცხოვარმა აუწყა, რომ მისი მიძინების (მიცვალების) დღე მოახლოებული იყო. ამიტომ საქართველოში ანდრია მოციქული უნდა გაეგზავნა. მას თან უნდა წაებრძანებინა ხატი, რომელიც ღვთისმშობლის სახეზე დადებით გამოისახებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახეზე მიიდო ფიცარი, რომელზეც სასწაულებრივად გამოისახა მისი სახე ჩვილი იესოთი. უფალმა ამ ხატზე საქართველოში მცხოვრები თითოეული მართლმადიდებლის სანუგეშოდ ასეთი სიტყვები ბრძანა – "ეს ხატი სრულექმნას მათ უკუნისამდე!".
ამჟამად აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ–ერთის თანახმად, ხელთუქმნელი ხატი, ანუ ორიგინალი, მიმალულია და მხოლოდ ბოლო ჟამს გამოჩნდება. მეორე ვერსიით, ხელთუქმნელი ხატი სწორედ მუზეუმში დაცული ხატის ქვეშ არის დამალული. ზოგს ეს ვერსია ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნია. ამბობენ, რომ ჩვენმა წინაპრებმა ხელთუქმნელი ხატი ასლით გადაფარეს, რათა ავისმზრახველებს არ მიეგნოთ. მუზეუმში დაცული ხატი მართლაც რამდენჯერმეა განახლებული და გადაწერილი. თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, ორიგინალი მართლაც მის ქვემოთ არის თუ არა.
მამა გაბრიელი ბრძანებდა, აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ბოლო ჟამს გამოჩნდება, როცა ათონის მთიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამოვა და ანჩისხატი მუზეუმიდან გამობრძანდებაო.
უცნაურია, მაგრამ საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი ხატის შესახებ ბევრს არ სმენია. უფრო მეტიც, საეკლესიო მაღაზიებში აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს ვერ აღმოაჩენთ. მას ადვილად ვერც ტაძარებში ნახავთ, რადგან საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ტაძარშია დაბრძანებული. ასე რომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, მასზე მკითხველებისთვის მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა.
* * *
ანდრია პირველწოდებული სწორედ ამ ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა საქართველოში, კერძოდ, აჭარის სოფელ დიდაჭარაში. იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, ანკარა წყარო გადმოდინდა, რომელიც დღესაც მოედინება. ქრისტეს მოციქულმა ქართველი ერი მონათლა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. მღვდლები და დიაკვნები დაუდგინა და ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია ააგო. ხალხი ანდრია მოციქულს დარჩენას ევედრებოდა. ბოლოს სთხოვეს, მათთვის იმედად და მცველად ღვთისმშობლის ხატი მაინც დაეტოვებინა. მაშინ ანდრიამ აიღო ფიცარი, მიადო ხელთუქმნელ ხატს და დედა ღვთისას სახე ფიცარზე სასწაულებრივად გამოისახა.
ფიცარზე გადასული ხატის ასლი პატივით დააბრძანეს ეკლესიაში. ასე რომ, ქრისტეს აღდგომიდან 5 წლის თავზე, ანუ 38 წელს, საქართველოს ულამაზეს მაღალმთიან სოფელში აიგო პირველი ქრისტიანული ტაძარი ღვთისმშობლის სახელზე. ანდრია მოციქულმა ღვთის სიტყვა პირველად სწორედ იმ ეკლესიაში იქადაგა. ქრისტიანობის ნათელი მთელ საქართველოს სწორედ იმ ადგილიდან მოეფინა.
შემდეგ ანდრია მოციქულმა ფერსათის მთა გადაიარა, მთაზე ჯვარი აღმართა, რის გამოც ამ მთას "რკინის ჯვარი" ეწოდა. გაიარა ოძრახის ხევი, მივიდა სამცხის საზღვართან და ერთ სოფელში შეჩერდა, რომელსაც ზადენ–გორა ერქვა. იმ ადგილას წარმართული კერპები იყო აღმართული. წმინდა ანდრიამ ილოცა ღვთისმშობლის ხატთან და კერპები დაემხო. ამის შემდეგ ბორჯომის ხეობაში გადავიდა, სოფელ აწყურში, რომელსაც მაშინ სოსანგეთი ერქვა. იმ მხარეს ერთი ქვრივი დედაკაცი, სახელად სამძივარი, განაგებდა.
ქვრივს ერთადერთი ძე გარდაცვლოდა. ღამით სოფელში ციხიდან გამომავალი ღვთისმშობლის ხატის ნათელი იხილეს. გამთენიისას სამძივარმა ამბის გასაგებად ხალხი გაგზავნა. ქვრივს აუწყეს, რომ ციხეში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული კაცები მათთვის უცნობ ღმერთს ქადაგებდნენ, რომელსაც ქვეყნის შემოქმედსა და დამბადებელს უწოდებნენ. იგი იყო კაცთათვის სიცოცხლის მიმნიჭებელი და მკვდართა აღმდგენელი. ასევე მოახსენეს, რომ მათ თან ჰქონდათ მშვენიერი ხატი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ. ქვრივმა ყური რომ მოჰკრა ამბავს მკვდართა აღდგომის შესახებ, ნუგეში მიეცა. მოუხმო ანდრია მოციქულს და ვინაობა გამოჰკითხა. ქრისტეს მოციქულმა უპასუხა: "მოვედი ქალაქ იერუსალიმიდან, სადაც უფალს ფეხი დაუდგამს. ვარ მოციქული ჭეშმარიტი ღმერთისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ვინც მას ირწმუნებს და მოინათლება, ყოველივე, რასაც ითხოვს რწმენით, მიეცემა და ყოველივე სენისაგან განიკურნება". ეს რომ დედაკაცმა გაიგო, ცრემლით შეევედრა მოციქულს, ელოცა ქრისტეს მიმართ და მკვდრეთით აღედგინა მისი ერთადერთი ძე. ქვრივმა აღუთქვა, თუ სასწაული მოხდებოდა, ქრისტეს ღვთაებრიობას ირწმუნებდა. მაშინ წმინდა ანდრიამ აიღო ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, დაასვენა საწოლზე, სადაც მიცვალებული ესვენა და უფალს ხელაპყრობით შეევედრა. ლოცვის დამთავრების შემდეგ ყრმას ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. ქვრივმა გაცოცხებული ვაჟი რომ იხილა, მოციქულს ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლით თაყვანის სცა. იწამა უფალი იესო ქრისტე და თავის სახლეულთან ერთად მოინათლა. ამ სასწაულის მხილველი უამრავი ადამიანი გაქრისტიანდა.
წარმართებმა და ახალმოქცეულმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, წარმართულ ტაძარში, სადაც არტემიდასა და აპოლონის ქანდაკება იდგა, ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ და ელოცათ – ქრისტიანებს ქრისტეს მიმართ, წარმართებს – თავიანთი ღმერთების მიმართ. ვისი ღმერთიც გაიმარჯვებდა, თაყვანი მისთვის ეცათ. დაკეტილ კართან მცველები დააყენეს, დილით კერპები დამსხვრეული დახვდათ, ღვთისმშობლის ხატი კი მზესავით ბრწყინავდა. დარცხვენილმა წარმართებმა შენდობა სთხოვეს ანდრია მოციქულს და ჭეშმარიტი ღმერთი ადიდეს.
წმინდა ანდრიამ აწყურშიც ააგო ტაძარი, რომელშიც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დააბრძანა. ხატი აწყურის ღვთისმშობლის სახელით ამიტომაცაა ცნობილი. წმინდა ანდრიამ აწყურში პირველი საეპისკოპოსო ეკლესია დააარსა. შემდეგში იქ ვახტანგ გორგასალმა ააშენა საეპისკოპოსო ტაძარი. მე–9–10 საუკუნეებში კი ძველი ეკლესიის ადგილზე საკმაოდ დიდი ტაძარი აშენდა. იქ მუდამ იჯდა მაწყვერელი მღვდელთმთავარი. სამწუხაროდ, დღეს ამ ტაძრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
* * *
1546 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ მესამემ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი აწყურიდან ციხიჯვარში გადააბრძანა, ხოლო 1553 წელს – იმერეთში. მრვალგზის გაძარცვული ხატი იმერეთის მეფე გიორგი მეორემ ოქროთი მოაჭედვინა და პატიოსანი თვლებით შეამკობინა.
ჯაყელების გვარის ათაბაგებმა, ჯერ ყვარყვარემ, შემდეგ მზეჭაბუკმა, დედაეკლესიას მოწყვიტეს მესხეთის ეკლესია და მესხეთის ქართველობა, რითიც ოსმალებს ამ მხარის დაპყრობა გაუადვილეს. სამცხე–საათაბაგოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გამაჰმადიანდა. სამცხის მიწა აწყურის ღვთისმშობლის ხატმაც დატოვა.
1645 წელს მტრის შემოსევებისგან შევიწროებულმა მესხებმა თავი ქართლს შეაფარეს. მათ თან წაიღეს წმინდა ხატები, ჯვრები იმ იმედით, რომ ოდესმე მესხეთს ქრისტიანი მეპატრონე გაუჩნდებოდა და აწყურის ღვთისმშობლის ხატიც სხვა სიწმინდეებთან ერთად მესხეთში დაბრუნდებოდა. 1764 წელს წმიდა ხატი იმერეთის მეფე სოლომონ პირველის შეკვეთით ტრიპტიქის სახით მოჭედილ კუბოში ჩაასვენეს. აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ამ სახით მე–20 საუკუნის 20–იან წლებამდე გელათის მონასტერში იყო დაბრძანებული, ვიდრე კომუნისტებმა ტაძარი არ დახურეს. იმ დღიდან ხატი მუზეუმშია დაცული.
* * *
აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის სასწაულები
წმინდა დემეტრე თავდადებულის მეფობის დროს სამცხეს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. აღდგომის დღეს მიწისძვრა მოხდა. ურიცხვი ხალხი დაიღუპა. სწორედ იმ დღეს აწყურის ღვთისმშობლის ხატი ლიტანიობით შეაბრძანეს და შუა ტაძარში დაასვენეს. მიწისძვრამ აწყურის ეკლესია დაანგრია, მაგრამ ღვთისმშობლის ხატი უვნებელი გადარჩა. მიწისძვრის დროს ჩამოვარდნილი გუმბათი წმინდა ხატს ქუდივით გადაეფარა.
* * *
აწყურის ღვთისმშობლის ხატს უხვად ამკობდნენ ძვირფასი ქვებით, მინანქრით, თვალ–მარგალიტით... 1477 წელს ირანის მბრძანებელი უზუნ–ჰასანი სამცხეში შეიჭრა. მან საქართველოს მეფე ბაგრატს და მესხეთის ათაბაგ ყვარყვარეს 16 ათასი დუკატი მოსთხოვა. საქართველოს მეფემ ირანის მბრძანებელს ლალის 4 ქვა გაუგზვნა. თითოეული 4 ათას დუკატად იყო შეფასებული, მაგრამ დამპყრობელმა ფულის გადახდა მოითხოვა. თუმცა ძვირფასი თვლების ნახვის შემდეგ საქართველოში ძვირფასი თვლების ადგილსამყოფელით დაინტერესდა. სავარაუდოდ, მას მოახსენეს, რომ აწყურის ხატიც ასეთი ქვებით იყო შემკობილი. უზუნ–ჰასანმა აწყურის ხატი გაიტაცა და გაძარცვა. იმ ქვეყანაში, სადაც ხატი წაიღეს, ვერც ადამიანმა გაიხარა და ვერც ცხოველმა. არათუ მიწა, ხეც კი არ იძლეოდა ნაყოფს. მაშინ კი მოაგონდათ, რომ საქართველოდან ძვირფასი თვლებით შემკობილი ხატი ჰქონდათ წამოღებული, რომელსაც სასწაული გზაშივე მოეხდინა. თურმე ხატს უდიერად მოექცნენ და გზაში ბარგის ქვეშ ამოდეს. დილით ნახეს, რომ ხატი ბარგის ზემოდან იდო და მზესავით ბრწყინავდა. მაშინ თქვეს, ჩვენი ქვეყნის უბედურება აქედან მოდისო და ხატის უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ მის წაღებას შიშით ვერავინ ბედავდა. ბოლოს ხატი გაუხედნავ ცხენზე დააბრძანეს და შეშინებულებმა თავისი ქვეყნის საზღვრამდე მიაცილეს. ღვთის განგებით, ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს. გახარებულმა მესხებმა ხატს თაყვანი სცეს.
* * *
1486 წელს სამცხეს იაყუბ ყაენი შეესია, ამიტომ ხატი ეკლესიიდან ციხესიმარგის საჭურჭლეში გადაასვენეს. მაწყვერელმა ეპისკოპოსმა და მეციხოვნეებმა ციხე მტერს უბრძოლველად ჩააბარეს, მხოლოდ იმ პირობით, რომ მტერი აწყურის ტაძარს არ დაანგრევდა. ყაენმა პირობა გატეხა. მან ტაძარი დაანგრია და ხატი გაიტაცა. ხატი ცეცხლში ჩააგდეს. ცეცხლი ჩაქრა, ხატი კი უვნებელი გადარჩა. ამ სასწაულის თვითმხილველი ერთი არამართლმადიდებელი ადამიანი ქრისტიანი გახდა. მან ხატი თავის ქვეყანაში წააბრძანა, მაგრამ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ხატი საქართველოში დაებრუნებინა. იაყუბ ყაენი კი, რომელიც ხატს მახვილით შეეხო, თავისი ოჯახით ამოწყდა.
ირინე მჭედლიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქრისტიანი
კავშირი ტეგთან: ქრისტიანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online