asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

წამი აქა, წამი იქა (ნაწილი X)
წამი აქა, წამი იქა (ნაწილი X)
წამი აქა, წამი იქა (ნაწილი X)

2009-12-24 11:01:19



ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
ნაწილი IV
ნაწილი V
ნაწილი VI
ნაწილი VII
ნაწილი VIII
ნაწილი IX
ნაწილი XI
"ხვამლის მთა – ცაგერიდან სამხრეთ–დასავლეთით, 2002 მეტრი. აგებულია იურიული დროის კირქვებისგან და მთლიანად კასტური მასივია. მღვიმის სიგრძე 36 მეტრია, სიმაღლე 4,5 მეტრი. სიგანე – 3,5მ. მღვიმე რამდენიმე ოთახისგან შედგება. მათგან 7 შესწავლილი და არაერთი ექსპედიციის სამიზნეა. გადმოცემის მიხედვით, კლდის ძირში, 18 მეტრის სიღრმეზე, მიწისქვეშა ტბაა. ჩასასვლელი ქვა–ღორღითაა ამოვსებული.
ამოცანა |: გათავისუფლდეს ტბისკენ ჩასასვლელი".
გიომ ბლოკნოტი დახურა. ჭიქაში გაყინული ყავა ესხა. მოიყუდა. ეს ტბა არავის უნახავს. შესაძლოა, დაშრა კიდეც. გადმოცემა მის შესახებ რამდენიმე ათასი წლის წინანდელია. მაშინ დედამიწა სულ სხვაგვარი იყო. ანდრეზი ასეთია: ოდესღაც მთელი ეს ტერიტორია ზღვით იყო დაფარული. მერე მოხდა დიდი მიწისძვრა და ზღვა ორად გაიყო, მათ შუა კი მთათა უშველებელი მასივი გაჩნდა. დედამიწა უწყლოდ გამოშრა, გამოიფიტა და ზუსტად იმ ადგილას, სადაც მარცხენა თვალი აქვს, დიდი, ღრმა წყლული გაუჩნდა.
ჩადგა შიგ მღვრიე წყალი და ამ თვალიდან ვერაფერი დაინახა. სამაგიეროდ, მთელი დანარჩენი მიწა ამ წყლულმა გაჟღინთა, ფრინველები ცხრა მთის იქიდან მოდიოდნენ და ნისკარტებით თავიანთ მხარეში გაჰქონდათ, წვეთ–წვეთობით, მილილიტრობით. სადაც კი დაეწვეთებოდა, ყველგან დედამიწა უცნაური სიმწიფით ფუვდებოდა, უკუღმა ჩაგდებული მარცვალიც კი წაღმა ნაყოფიერდებოდა. წყლული თანდათან გაღრმავდა, გაიზარდა, გაიფოფრა და ტბად იქცა. მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ ეს ტბა დედამიწის მარცხენა თვალის წყლული იყო. მერე მოვიდნენ ადამიანები – რაღაც უნაყოფო ცოდნით შეპყრობილები და დედამიწას ეს წყლულიც მოურჩინეს. აბა, მაშ სად წავიდოდა, სად გაქრებოდა ასე უკვალოდ ამხელა ტბა?
* * *
საექსპედიციო შტაბიდან დარეკეს და პირველი საათისთვის დაიბარეს. ზუსტად პირველზე გიო ჯაფარიძე შტაბში იჯდა და სიგარეტს მშვიდად ეწეოდა. ყველანი ფარნა ვაწაძეს ელოდნენ.
შტაბში ექვსნი იყვნენ – ექსპედიციის თანაავტორები: შავლეგ შავერდაშვილი, სოსო კაციტაძე, ნიკოლო ასპანიძე, ვაჟა ინაძე, ერთი ინგლისელი მეცნიერი ფრედ კალოპე და ერთიც – გიო. ვაჟა ფოტოებს ათვალიერებდა. სათითაოდ ყველა ფოტოს მხიარულ ანოტაციას აკეთებდა და თავისი ვერსიები თვითონვე მოსწონდა. გიომ დახედა – ბავშვების ფოტოები იყო, 12–13 წლის გოგო–ბიჭების.
– ვინ არიან? – ვაჟას ჰკითხა.
– არ იცი? გიორგისთვის არაფერი გითქვამთ? – დანარჩენებს გადახედა. იმათაც მხრები აიჩეჩეს.
– ჰო, ფარნამ დაგვიმატა, – თქვა ბოლოს და ფოტოების აღწერა განაგრძო.
– ფარნამ ახალი წევრები ჩაამატა ექსპედიციაში, – მაგიდაზე გაშლილი რუკიდან ამოყო ოდნავ ელამი თვალები და ვაჟას ნათქვამი დააკონკრეტა სოსო კაციტაძემ.
– ვინ ახალი წევრები? – გიომ ფოტოები აქეთ–იქით დაატრიალა.
– ბავშვთა სახლის რამდენიმე აღსაზრდელია. ორი გოგო და ორი ბიჭი. ნავარჯიშევი არიან, წინასწარ ამზადებდნენ, – ნიკოლომ მობილურზე ლაპარაკი დაამთავრა და ამათ ჩაერთო.
– რაში ამზადებდნენ?
– ყველაფერში: ინფორმაცია გააცნეს, კლდეზე ცოცვა შეასწავლეს, ბევრი უნარ–ჩვევა აქვთ ისეთი, რომ პირდაპირ მისწრებაა მაგათი ჩვენთან ყოფნა. ფარნა გენიოსია, ესეთ რამეებს პერსპექტივაში ხედავს ხოლმე. თან, ახალგაზრდები არიან, ჯან–ღონით სავსეები, – ნიკოლომ ეს ყველაფერი ინგლისურად თარგმნა. იქვე მჯდომი ინგლისელი მეცნიერი ყურებამდე გაიბადრა.
– მე როგორც ვიცი, მოტივირებულებიც არიან და ფსიქოლოგიური მზადყოფნაც აქვთ. განძის მოსაპოვებლად მოდიან. ოღონდ განძი, როგორც მატერიალური სიმდიდრე, ისე კი არ აინტერესებთ, არამედ როგორც ცხოვრების შინაარსი, როგორც ვნება მომავალი წარმატებებისთვის. მათ ყველაფერი დააკლო განგებამ და ახლა ამ ძიებით თვითონ უნდა მოიპოვონ! – შავლეგი ფანჯარაში იყურებოდა, – სადაა ფარნა ამდენ ხანს?
– მართლა სადაა? – გიო ჩაეკითხა.
– სამინისტროშია, რაღაც საკითხებს აგვარებს.
– წეღან ინფორმაცია მოვიდა, შეიძლება პრეზიდენტთანაც გვქონდეს აუდიენცია, – ვაჟამ თქვა.
– სავარაუდოდ არ გვექნება, – ინტერნეტში იქექებოდა სოსო კაციტაძე, – წინასწარ მედიისთვის არაფერს ვახმაურებთ და პრეზიდენტს დიდი ცდუნება ექნება, მსოფლიოს ყველა ჟურნალისტი ამ შეხვედრაზე დაიბაროს.
– ანუ, პრეზიდენტი არ უნდა ვაცდუნოთ! – შავლეგს გაეცინა.
– ეს ბავშვების წამოყვანა არ მომწონს! – გიო წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა.
– რატომ? – ვაჟამ ჰკითხა.
– საშიშია. ბევრი რამის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხიფათია და ჩვენ ამ ბავშვებს წინა ხაზზე გავუშვებთ – გეში აქვთ კარგად განვითარებული. მეორეც – ვატყუებთ. რა განძი უნდა იპოვონ?
– როგორ თუ რა განძი? ხვამლის მთა განძის საბადოა! მათი მოსაპოვარი როგორ არაფერი აღმოჩნდება? – ვაჟას ბროწეულისფერი დაედო სახეზე.
– და ჩვენ ხომ სულ სხვა რამისთვის გვჭირდება ისინი! – გიო მძიმედ დააბიჯებდა ოთახში.
– ფარნამ ასე ახსნა, რომ ჩვენ ისინი გვჭირდება, როგორც ცოცხალი ძალა, ხალასი ენერგია, კარგად გამომუშავებული საგანგებო უნარებით, რომლებსაც ერთადერთი მოტივაცია აქვთ – იპოვონ საკუთარი საკუთარი ცხოვრების შინაარსი!
– და თან პიარია! როცა ეს ექსპედიცია გახმაურდება და ამის შესახებ ყველა გაიგებს, ეს არის ერთგვარი საქველმოქმედო აქცია, გნებავს – საზოგადოებრივი ინტეგრაცია, ჩვენ ხომ გვინდა ისეთი სამყარო, სადაც ყველა სოციალურ ფენას თავისი უნიკალური ფუნქცია ექნება? ვინ ზრუნავს ამ ბავშვების სულზე? მატერიალურ თანადგომაზე მეტად მათი მორალური მხარადჭერა უფრო მოსაწონი არაა ღვთისთვისაც და ადამიანისთვისაც? – ვაჟა ცხარობდა.
– თქვენ რამდენ რამეზე გიფიქრიათ. ეგოისტი და ვიგინდარა მე გამოვდივარ, ეჭვი რომ შევიტანე თქვენს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებებში, – გიოს გაეცინა და ყველას სათითაოდ გადახედა.
ინგლისელი მეცნიერი გაუგებარი ღიმილით შესცქეროდა.
– უთარგმნეთ რა ამ კაცსაც, გადაირია! – ნიკოლოს ანიშნა.
– გიორგი, შენ ხელოვანი კაცი ხარ, მე რომ ფარნა ვაწაძის ადგილას ვიყო, არ მოგანიჭებდი ამხელა უფლებებს ამ ექსპედიციაში, მაგრამ ეგაც მაგისი შორსმჭვრეტელი მიზნების ერთ–ერთი ქვეთავია – შენი ამ ყველაფრის ხელმძღვანელობა, და რას ვიზამთ, – შავლეგმა ისე მშვიდად თქვა, თვითონვე გაეღიმა.
– და რა უფლებები მაქვს ასეთი?
– სამხატვრო ხელმძღვანელი ხარ ბოლოსდაბოლოს! – ვაჟამ ჩიბუხი გამართა, – ეპოქალური მნიშვნელობის ექსპედიციის სამხატვრო ხელმძღვანელი!
– პროდიუსერი ანუ! – თავის თავსაც და ინგლისელსაც ერთდროულად უთარგმნა ნიკოლომ.
– და როგორც ყველა პროდიუსერს, შენც დაწყვეტაზე გაქვს ნერვები! – სოსო კაციტაძე გიოს მიუახლოვდა და მხარზე მსუბუქა დაჰკრა – გულში კი, ვინ იცის, რა აღარ გიდევს!
– არეული მონასტრის საძმო ვართ, – გიომ ფანჯარაში ლამაზ ქალს მოკრა თვალი. ქალი მარტო მიდიოდა და უცებ, თითქოს გიოს თვალი ეცა – შავ, ზოლებიან წინდაზე თვალი წაუვიდა, წამიერად ჩაიჩოქა, გეგონება, გაქცეულ თვალს ჩაჰყვაო, მერე გაეღიმა, წამოდგა და კიდევ უფრო მომხიბვლელი მოძრაობით გააგრძელა გზა. ფეხზე წვრილი თეთრი ღარი შეხორცებული ჭრილობასავით გაიყოლა, – საერთო ჩვენს შორის მხოლოდ არეულობაა, – გაეცინა.
– არეულობა, ზოგადად, პროგრესული მოვლენაა, – შავლეგის სიმშვიდე ღამის მატარებელივით ჩამოდგა ოთახში და არ იძვროდა, – ეს ნიშნავს, რომ რაღაც აუცილებლად დალაგდება.
– ფარნა რეკავს, – წამოიძახა უცებ ნიკოლომ და მობილურით ხელში ფეხზე წამოდგა. გზაში ვარ და დამელოდეთო, ინფორმაცია უნდა გავცვალოთო, იტყობინებოდა. გაირკვა ასევე, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა გადაიდო – ვიზიტი ჰქონდა საღამოს საათებში უცხოეთში დაგეგმილი და საექსპედიციო ჯგუფთან აუდიენცია აღარ ესწრებოდა.
გიომ ინგლისელს სიგარეტი შესთავაზა და მოკრძალებული უარის შემდეგ, მის გვერდით ჩამოჯდა.
* * *
საღამოს, შტაბიდან დაბრუნებულს, სახლში სტუმარი დახვდა: დედამისის ქმარი, დიტო. გიოს თავიდან შეეშინდა, მერე ძალიან გაუხარდა, ბოლოს მოიწყინა და ის ჩაიდინა, რაც აქამდე არასდროს უქნია – დიტოს მკერდზე მიადო თავი და ეგონა, რომ ამასობაში საუკუნე გავიდა.
სამზარეულოში ისხდნენ. დიტომ დიდი, დატენილი ჩანთა ჩამოიტანა და ახლა მთელი ჩანთა მაგიდაზე ელაგა. ნინოს გამომცხვარი ლობიანი, ლორის ვარდისფერი ნაჭრები, ტყემალი, ხილი და, რაც ყველაზე მეტად გაუხარდა გიოს – კალმახი. ქაღალდში საგულდაგულოდ გადაეხვია დიტოს, თვითონვე გახსნა და სუფრაზე ყვავილებივით დააწყო ზურგდაწინწკლული თეთრი კალმახები.
– გუშინ დილით შენთვის დავიჭირე, – ამაყად უთხრა.
გიომ თევზი დაყნოსა. სახე მდინარის სუნით გაეჟღინთა.
– ძალიან ცივი იყო? – თვალები მთელი ძალით დახუჭა და ფეხისგულებში მართლა სიცივე იგრძნო, ვერცხლისფერი წვეთებით დაეფარა.
– მდინარე? უჰუჰუ, ყინულია ჯერ ისევ. მარა იწვიმა და თან ქარიანი იყო, ამ დროს ხო იცი, როგორ იცის ხოლმე, მოეყრება!
თევზი თითის წვერებით გადახსნა და ხორცი აათალა, თვალდახუჭულმა შეჭამა.
– ვნატრობდი ეს დღეეები, – გაეცინა.
დიტომ შავი ღვინო დაასხა ჭიქებში. კედლის საათი წისქვილის ქვასავით რიკრიკებდა. ერთი–ორჯერ ქარმა ტოტი შეახალა ფანჯარას და ეგ იყო და ეგ, სხვა ხმას გიოს სახლში არ შემოუღწევია.
– დაბადების დღეს წინასწარ გილოცავ! – დიტომ ჭიქა მიურტყა ჭიქაზე – დედაშენმა ცეცხლი შემინთო, სანამ არ გამომიშვა, ეგ ჩვენთან ამომსვლელი არ არიო და, ძლივს თავის დაბადების დღეზე სამშობლოშია, ეხლა მაინც ჩემი ხელით გავუკეთო რამეო.
– როგორაა? – გიომ პური გადატეხა, შიგნით ბღუჯად მწვანილი ჩააფინა და უშველებელი პირით ჩაკბიჩა.
– რა ვიცი გიო, ეს ბოლო ხანია, წრიალებს, წრიალებს, მეშინია ცოტა. ვეუბნები, ექიმთან ჩავიდეთ–მეთქი და თავს იკლავს, არაო. ან ეს მშობიარობა როგორი ექნება, ან მანამდე ეს ორსულობა როგორ წავა, პატარა აღარაა, მეშინია.
თევზი სულ შეჭამა. ორი ცალიღა იდო თეფშზე. მერე ისინიც მწვანილზე გადააწყო და დახედა: ზურმუხტი და საფირონი.
– შენზე ნერვიულობს ძალიან.
– ჩემზე? – გიომ მთელი ჭიქა მოიყუდა და წამში ჩაცალა.
– ჰო, ესიზმრები. შუაღამისას წამოხტება ხოლმე, დამაფეთებს ისე, რო რა ვიცი, ძლივს ვაწყნარებ ხოლმე.
ლორის ნაჭერი შუაზე გადაჭრა, ნახევარი დიტოს დაუდო, ნახევარი – თვითონ.
– რანაირად ვესიზმრები?
– შფოთიანად. იმ დღეს იცი, რა მითხრა? ასე მგონიაო, ამ ორი შვილიდან ვინმე არჩევანს მაკეთებინებსო, და თუ ეგრეა, ისევ გიო მყავდეს, ისევ იმან იცოცხლოსო, ეს პატარა იყოს იმისი სანაცვლოო.., – დიტოს ხმა აუპარპალდა.
გიომ კიდევ დაასხა ღვინო.
– გაგიჟდა ამხელა ქალი? რეებს გეუბნება! ჩემს მომავალ დედმამიშვილს გაუმარჯოს! – თქვა და დალია.
– გაუმარჯოს. ღმერთმა მშვიდობით... – დიტომაც დალია.
– კიდევ რას გეუბნება? – გიომ თევზს დახედა. უსოცოცხლო ღია თვალზე დააჭირა საჩვენებელი თითი და რომ ასწია, თვალი თითზე შერჩა.
– რა ვი, ხო იცი დედაშენის ამბავი, ფეთიანი როა, მაშინაც აი, გიორგობას ის უბედურება რო მოხდა, წინასწარ იგრძნო – ერთი კვირით ადრე დეკეულივით ამიბღავლდა და ვერ დავაწყნარე. ჩამოდი რა გიო, ერთი დაენახე და მეტი კი არაფერი უნდა მაგას. რაღა დარჩა, ხუთ–ექვს თვეში გააჩენს და მერე ალბათ დავმშვიდდებით. ახლა თითქოს ვიღაცამ ყველანი ერთ დიდ ქვაბში ჩაგვყარა და დიდი კოვზით გვირევს, გვატრიალებს.
– ჩამოვალ. ამ დღეებში ჩამოვალ, – თქვა გიომ და უცებ საფეთქელში დარტყმასავით იგრძნო. წამიერად გამოფხიზლდა, მერე ისევ მოთენთა ღვინომ.
– სულ დაიცალა სოფელი, განა ვინმე დარჩა კიდევ? სოფელს გამრავლება სჭირდება. ეს ჩემი შვილი რო იბადება ეხლა, ესე მგონია, მთელი სოფელი იბადება, ასი კაცი ერთად! სიხარული მომენატრა, ასი კაცის ერთად სიხარული. მარტო მე და დედაშენი ვეღარ გავწვდით.
გიომ სუფრის განაპირას, ხილით სავსე თეფშისკენ წაიღო ხელი და ღვინიან ჭიქაზე მოუხვდა. კალმახებზე გადაიქცა, სააღდგომო კვერცხებივით შეღება. დიტომ სასწრაფოდ ჩამოასხა და გიოს ანიშნა, წასულებისააო, ითხოვესო.
– მამაჩემს გაუმარჯოს, – თქვა გიომ და ჭიქაში პურის ლუკმა ჩაყო.
პურის ხორცმა წამში შეიწოვა შვინდისფერი. გიომ პირამდე მიტანაც ვერ მოასწრო, ისევ შემოარტყა ვიღაცამ საფეთქელში. თავი მოჭრილივით გაუგორდა სუფრაზე. დიტო წამოხტა და გიოს დააცხრა, ჩარაზული თვალები ძლივს გააღებინა – თევზის თვალებივით ქაფიანი და უსიცოცხლო. მერე მაჯებზე მოჰკიდა ხელი და ოდნავ დამშვიდდა – ფეთქავდა.
* * *
ღამით ზურმუხტის ბაღში მოხვდა გიო. ყველაფერი მწვანე იყო. ხასხასებდა და სიცოცხლის ცისკარისგან ცვარი ედო.
გიო ისე კარგად იყო, წამოსვლაც არ უნდოდა. ან სად უნდა წასულიყო? ყველა სხვა გზის ცოდნა დაკარგული ჰქონდა, არაფერი არსებობდა მისთვის, ზურმუხტის ბაღის გარდა. ბაღს ალაგ–ალაგ წყლები ჩამოუდიოდა და მათში ათასფერი თევზები ტკარცალებდნენ. წყლები ეშვებოდა პირდაპირ ზეციდანაც და თევზები მასშიც ხტოდნენ – ოღონდ ჩიტებივით უწონოები, ჰაერში დაკიდებულები. გარშემო ყველაფერს თევზის ფორმა ჰქონდა – ქვებსაც, ბილიკებსაც. მოგვიანებით, ბაღის თვალიერებისას, ქვაზე შემომჯდარი დიდი თევზი დაინახა და ცოტა გაუკვირდა, უწყლოდ როგორ ძლებსო. მერე დააკვირდა და მიხვდა, რომ ის თევზი დიტო იყო. დიდი კალმახი.
– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა გიომ და გვერდით ჩამოუჯდა.
– დედაშენს ველოდები, – ცოტა სევდიანი ეჩვენა დიტო.
– დედა სადაა? – გიო ცდილობდა, მისი მოწყენა არ შეემჩნია.
– სასწორზეა. ცალ მხარეს სიმძიმე დააკლდათ და წაიყვანეს, – დიტო–კალმახს ცალი თვალიდან მღვრიე წვეთი სდიოდა.
– რას წონიან? – გიოს სიცილი აუტყდა, დედა წარმოიდგინა, რკინის პინაზე ტონიან გირებთან ერთად შემოდებული.
– სტუმრებს წონიან.
– ვინ სტუმრებს? – სულ დაიბნა გიო.
– სტუმრები არიან, წყალს მოჰყვნენ. თუ არ აწონეს, აქ არ შემოუშვებენ. მე თევზი ვარ და წყალში წონა არა მაქვს. დედაშენი წაიყვანეს.
– მალე მოვა? – გიო ჩაფიქრდა და უნებურად პერანგზე დაიხედა.
სადღაციდან ახალი ფერი გაჩენილიყო – მუქი შვინდისფერი, მთელ პერანგზე ნელ–ნელა ეჟღინთებოდა და სააღდგომო კვერცხივით ღებავდა.
– არ ვიცი. რა გჭირს, ცუდად ხარ? – დიტო–კალმახმა უცებ ისეთი შიშით შეხედა გიოს პერანგს, გიო მაშინვე მიხვდა, რაღაც კარგი არ ხდებოდა მის თავს.
– არა, ტკივილით არაფერი მტკივა და ისე...
– გაიხადე! ჩქარა გაიხადე, თორემ დაგწვავს! დაიწვები! – უყვიროდა დიტო–კალმახი და ჰაერში ფარფლებს ასავსავებდა.
გიო გიჟივით გამოიქცა, თან პერანგს იხდიდა. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ სად წავიდოდა, ყველა სხვა გზის ცოდნა დაკარგული ჰქონდა, დაძრწოდა გააფთრებული და ეს პერანგიც ვერადავერ გაეძრო ტანიდან.
* * *
დიტომ პალატის კარი მოხურა და დერეფანში, ფანჯარასთან ჩამოდგა.
– ნუ გეშინიათ, – ექიმი ფრთხილად შეეხო მხარზე, – ბეწვზე ხართ გადარჩენილი. მაგრამ ჩვენს პროფესიაში ამ ბეწვს ყურადღებას აღარავინ აქცევს ხოლმე. მთავარი შედეგია – გადარჩენა, – გაიცინა.
დიტომ სახეზე აისვა ხელები.
– არა, მაინც რამ აჭამა ამდენი თევზი? – ხმამაღლა ლაპარაკობდა ექიმი, – თანაც, მაისის კალმახი! ინტოქსიკაციის პირველი წყარო! მდინარეში დაიჭირეთ, ხომ?
– კი.
– მოწამლული ხომ არაა ის ადგილი? ის ტერიტორია? რა ვიცი, ეხლა მთელი დედამიწა მოწამლულია, მაგრამ ასეთი მძიმე შემთხვევა! როცა დაბრუნდებით სოფელში, მაინც ყველა გააფრთხილეთ, ხომ? აღარ ითევზაოთ მაგ ადგილებში. როგორც ჩანს, რაღაც საფრთხეა.
დიტოს გიოს ტელეფონი აუზრიალდა ჯიბეში. ამოიღო. მისთვის უცხო სახელი და ნომერი ეწერა. გათიშა. მთელი ღამე გააწვალა ტელეფონმა. ბოლოს სულაც გამორთო. როცა ყველაფერი გაირკვა და გიორგი ჯაფარიძის ავადმყოფობის შესახებ საექსპედიციო ჯგუფის ყევლა წევრმა ზუსტი ინფორმაცია მიიღო, ასე გადაწყდა: ხუთშაბათ დილით, სრული შემადგენლობით, ექსპედიცია მაინც გაემართა დანიშნულების ადგილას. ექიმის დასკვნაც საიმედო იყო: რამდენიმე დღეში გიო მომჯობინდებოდა და ჯგუფს საკუთარი მარშრუტით შეუერთდებოდა. ექსპედიცია, სამუშაო სახელწოდებით "ხვამლი – პლანეტარული აღმოჩენა", გიოს გარეშე დაიწყო.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტოტი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online