asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

100 წლის წინ
100 წლის წინ
100 წლის წინ

2009-11-04 17:20:45



ვაგრძელებთ გასული საუკუნის, 1907 წლის, ქრონიკას, რომელიც გადმოცემულია გაზეთ "ისარი"–ს N5–15 გამოცემაში
მთელი სოფლის დაჯარიმება
ტფილისის გუბერნატორის განკარგულებით, ოთხ–ოთხი მანეთით დააჯარიმეს გორის მაზრის სოფ. რუისის მცხოვრებნი. ამათ ბრალად ედებათ გიორგი ნასყიდაშვილის დამალვა.
* * *
ყურანი და ქართველი მაჰმადიანნი
ზაქარია ჭიჭინაძემ მოიარა ამას წინად ქობულეთი და აჭარა, სადაც გაავრცელა ქართულად გადმოთარგმნილი ყურანი. ქართულ ყურანს ყველანი თანაგრძნობით მიჰგებებიან. ზ. ჭიჭინაძეს ამ დღეებში ქობულეთსა და აჭარიდან მოუვიდა წერილები 13 კაცისაგან, რომელნიც ითხოვენ, გაეგზავნოთ თითო ცალი წიგნისა.
* * *
გიმნაზიელის გატაცება
უცნაური ამბავი მომხდარა 14 იანვარს, ტფილისში. რუსულ გაზეთების სიტყვით, ვიღაც უცნობ კაცებს ტყვედ წაუყვანიათ ცნობილ მილიონერის არამიანცის შვილი, 19 წლის გიმნაზიელი, თურმე უცნობებს ყმაწვილი ეტლში ჩაუსვამთ და სადღაც მიუმალნიათ. ეხლა ეს უცნობნი არამიანცს შვილის გამოსასყიდად ორმოცდა ათი ათას მანეთსა სთხოვენ.
* * *
ყინვა მტკვარზე
ამ ორი უკანასკნელი დღის განმავლობაში მტკვარზე ყინვა დაიძრა. მტკვარმა ცოტა მოიმატა და ყინვებიდან ბევრი წისქვილი დააზარალა. დაზარალდნენ აგრეთვე მეტივეები, რომელთაც წყალმა მოსტაცა 1000–მდე ტივის ხე.
* * *
ქუთაისის ქრონიკა
მთელ დასავლეთ საქართველოში სამხედრო მოვალეობის აღსასრულებლად არ გამოცხადებულა 800 კაცი. ქუთ. გენ. გუბერნატორის სავალდებულო დადგენილების თანახმად, ოჯახი, რომელსაც ეკუთვნის ახალგაზრდა და სოფლის საზოგადოებაც ამ შემთხვევაში უნდა დაჯარიმებულ იქმნან 300 მანეთით.
ეჭვი არ არის, რომ ამ დადგენილებას შეუსრულებლად არ დასტოვებენ. რა გაუძლებს გადასახადს, რომელსაც ნახევარ მილიონის ოდენა იქნება.
* * *
მოსწავლეთა დაპატიმრება
11 იანვარს პოლიციამ დააპატიმრა მაშო კაპანაძის ქალი. რადგან ამ ქალის და–ძმამ, პირველ გიმნაზიის მოსწავლემ ქრ. კაპანაძემ და ნ. ადომ არ იცოდნენ მიზეზი დაპატიმრებისა, ისინი პოლიციაში წავიდნენ დის სანახავად. მისვლისთანავე ორივე შეიპყრეს, შემდეგ პოლიციელებმა მათი ბინა ჯერ გაჩხრიკეს და წაიღეს უბრალო წიგნები. იქვე სცხოვრობდა მეორე გიმნაზიის მოსწავლე პაპაიანცი, რომელიც წაიყვანეს აგრეთვე პოლიციაში. დაპატიმრებულნი მეტეხის ციხეში გააგზავნეს.
* * *
წარმოდგენა ი. კარგარეთელის სასარგებლოდ
21 იანვრისთვის სახაზინო თეატრში დანიშნულია წარმოდგენა "ფაუსტი" ი. კარგარეთელის სასარგებლოდ, რომელიც საავადმყოფოში წევს და არავითარი სახსარი არა აქვს თავი შეინახოს დარჩენილმა მისმა წვრილშვილებმა. იმედია, ქართველი საზოგადოება თანაგრძნობით მიეგებება ამ წარმოდგენას. ოპერის არტისტები უფასოდ იღებენ მონაწილეობას ამ წარმოდგენაში.
* * *
გატაცებული გიმნაზიელის წერილი
როგორც გადმოგვცემს, ამას წინად, გატაცებულის არამიანცის შვილს გიმნაზიელს თავის მშობლებისთვის უცნობებია, ჩემთვის ნუ შესწუხდებით, მე კარგადა ვარო. სწერს იმაზეც, რომ ამ ბარათის მომტანს ნუ შეაწუხებთ და პოლიციას ნუ გადასცემთო. საარჩევნო ბიულეტენების გაყალბება
18 იანვარს ტფ. პოლიციის მე–6 ნაწილში მცხოვრებ მაჰმადიანთა წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მაჰმადიანებს შორის რამდენიმე კაცმა ტფ. ქალაქის გამგეობის სახელით მოითხოვა შესასწორებლად საარჩევნო ბიულეტენები. როცა გავიგეთ, რომ ამის ჩამდენი "დაშნაკცუთუნის" პარტიის წევრები იყვნენ, პოლიციას ვთხოვეთ დახმარება. 10 ცალი როგორც იქნა, პოლიციამ იპოვნა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ბიულეტენში უცნობებს თავიანთი კანდიდატები ჩაუწერიათ.
* * *
შიმშილი სასწავლებელში
როგორც გადმოგვცეს, ტფილისის საფერშლო სკოლის მოსწავლეებს შიმშილი გამოუცხადებიათ და მოთხოვნილებანი წარუდგენიათ სასწავლებლის მთავრობისათვის, თხოულობენ თურმე საჭმლის გაუმჯობესებას, სამკითხველოს მოწყობას და სხვა.
* * *
ჭიათურელი მუშების დასაქმება
ამ უკანასკნელ ხანებში, როგორც მკითხველს მოეხსენება, ჭიათურაში დიდ–ძალმა უსაქმო მუშებმა მოიყარეს თავი. მათი გაჭირვება პირდაპირ აუწერელი იყო: მშიერ–ტიტველნი უბინაოდ ქუჩაში დადიოდნენ და არ იცოდნენ, რითი დაეხწიათ თავი ამგვარ უბედურებისაგან, რომელიც მათ პირდაპირ მოსპობას უქადდა. მათ სხვა რომ ვერა გამონახეს რა – ვაგონებზე მომუშავე მუშებს მიმართეს სამუშაოს საშოვნელად, რომლებისგანაც პასუხად მიიღეს შემდეგი: სამუშაო ჩვენც არ გვყოფნის და თქვენ როგორ გიშოვოთო. ამ რიგად, საქმე რომ არ მოწესრიგდა, ადგილობრივმა სოც. რევოლუციონერთა ორგანიზაციამ იკისრა ინიციატივა ამ უსაქმო მუშების სამუშაოს საშოვნელად და მისმა ენერგიულმა მოქმედებამ მათ არსებობის სახსარი აღმოუჩინა: გაფართოვდა წარმოება: დაწესდა ორი "სმენა" დღე და ღამის, აი ამგვარად: დღისით რვა საათს მუშაობენ ძველი მუშები და ღამით კი ექვს საათს, ე.ი. ოთხიდან ღამის ათ საათამდის ახალი მუშები; მასთან ღამე პლატფორმები ჯერჯერობით აქა იქ არის ელექტრონით განათებული და შემდეგ კი, რასაკვირველია, უფრო რიგიანად მოეწყობა ახალ მუშების საქმე. ამის გარდა ამორჩეულ იქნა ბიურო მუშებისაგან, რომელსაც დაევალა იზრუნოს მუშებისათვის ბინის შოვნაზე. ერთის სიტყვით, უსაქმოთ დარჩენილთა საქმე სასურველად ეწყობა და იმ გულშემზარავმა სცენამ, რომელიც გამოწვეული იყო უსაქმო მუშების აუტანელ მდგომარეობით, სხვანაირი ელფერი მიიღო.
* * *
"მალაკნის დილიჟანი" სიღნაღელებს აბუჩად იგდებს
აბუჩად აგდებული მცხოვრებნი, წელში მოხრილი რეაქციის სიმძიმით აბუჩად აგდებულია აგრეთვე დილიჟნების პატრონებისაგანაც. სიღნაღიდან ტფილისამდე თითო მგზავრს ახდევინებენ 3 მან, ბარგში ფუთზე 80 კაპ. ამას ვინ ჩივის რომ უფრო უსინდისოდ არ იქცეოდნენ, ერთს ბილეთს ორჯელ ასაღებენ, ერთის მგზავრის ადგილას ორ კაცზედ ჰყიდიან და რადგან დილიჟანში უწყებულ რიცხვზე მეტი არ მოთავსდება, თვით მგზავრებს მოსდით ერთამანეთში ჩხუბი და დავიდარაბა. ხოლო მედილიჟნე რჩება დაუსჯელი და, სამაგიეოდ, სამი მანეთის მაგიერ, ექვს მანეთს იტოვებს ერთის მგზავრის ადგილას და ამისთანა ოინებს შეჩვეულია მეტადრე ესრეთ წოდებული "მალაკნის დილიჟანი". მისი ხმის გამცემი არავინაა. შენის ძალით გაუმკლავდე, "ბუნტოვშჩიკს" დაგიძახებენ, სამართალს მიმართავ, სადაა დღეს სამართალი, მაგრამ მგონი რომ ერთხელაც არი ფიალა აივსება! ამ წერილის მიზანია გავაფრთხილო მედილიჟნეები, იქნება დროით გონს მოვიდნენ.
* * *
ხანძარი თელავში
10 იანვარს, შუაღამის 1 საათზე, ცეცხლი გაუჩნდა იაგორ გეურქოვის ორ სართულიან დიდ შენობას, სადაც მოთავსებული იყო სხვათა შორის, მისივე სტამბა და თელავის საზოგადო ბიბლიოთეკა, მაღლა სართულში სცხოვრობდა სახლის პატრონი და მდგმური ის. მამაცაშვილი. ეს ვეებერთელა შენობა 3–4 საათში სულ ერთიანად გადაიწვა. ბიბლიოთეკიდან ერთი წიგნიც აღარ დარჩა, სტამბიდან ძრიელ ცოტა რამ გადაარჩინეს, მამაცაშვილის მთელ სახლის ავეჯი სულ დაიწვა, სახლის პატრონს მხოლოდ მცირე ავეჯი გადაურჩა. მიუხედავად ზარების რეკისა, ხალხმა ნაკლებად მოიყარა თავი. მეორე დღეს გავიგეთ, რომ გარედ ვერავინ გამოსულიყო შიშისა გამო. ბევრს ეგონა თურმე, ქუთაისის დღე დაადგა თელავსაო. ახლო–მახლო სახლები და დუქნებიც დაცალეს, ბარგი ქუჩაში გამოჰქონდათ. ღამის რაინდებმა დრო ჩაიგდეს. მეორე დღეს ბევრს აკლდა ნივთები. ზარალი 15,000 მან. იქნება. შენობა დაზღვეული ყოფილა წინად, მაგრამ შესატანი ფული ამ ბოლო დროს აღარ შეუტანია.
* * *
დრაგუნი ქიზიყში
ორი თვე შესრულდა მას აქეთ, რაც ადგილობრივმა ადმინისტრაციამ სოფელ ქვემო მაჩხაანში ათამდის დრაგუნი ჩააყენა იმ მოსაზრებით, რომ იანვრის პირველ რიცხვებამდის ქიზიყელნი ჯიუტობდნენ და კანტი–კუნტად თუ ვისმე შეჰქონდა გადასახადი ჯერ კიდევ 1905 წლისა. ამით ისარგებლა პოლიციამ და მიუსია სოფლებს, რომელი მეკომურიც მისვლისთანავე არ წარადგენდა შეწერილ ფულს, ზურგზე ბოლს ადენდნენ, უკლავდნენ ქათამს, ინდაურს, ბატს – როგორ შეეძლო ენა დამეტოკებინა და მეთხოვნა, ერთი დღე მადროვეთო.
ორიოდე სიტყვა არ შემიძლიან არ ვსთქვა აქაურ ტყის მცველ, "ობეზდჩიკების" შესახებ. განმათავისუფლებელ მოძრაობის დროს ესენი სადღაც გადაიმალნენ. ეხლა რაკი რეაქციამ ცოტათი სული მოიდგა, გამოძვრნენ სამალავებიდან, დადიან სტრაჟნიკებით და ვაი იმისი ბრალი, ვისაც ან ტყეში მოასწრებენ ან შეშა დადებულ ურემს უნახავენ – ფულისა, ცულ–ჯალამბარის წართმევას არა სჯერდებიან, ბევრს მცხოვრებს დაუჭრეს ურმისა და "ტაჩკის" ფესოები. გულ–დამწვარ–დათუთქულნი ემუდარებიან, "ნუ გვღუპავთ, შეხედეთ ღმერთსაო", მაგრამ იმათ შურის ძიებით აღვსებულს გულს ვისი ცრემლი მოალხობს. სამაგიეროს გადახდაც ეგეთი უნდა... "პროტოკოლების" შედგენაზე ხომ ნუღარას მკითხავთ...
* * *
ქსენონის დახურვა ქვემო მაჩხაანში
ეს ორ კვირაზე მეტია დაიხურა ს. ქვემო–მაჩხაანში არსებული საავადმყოფო ქსენონი, რადგან მცხოვრებთ მათზე შეწერილი ქსენონის შესანახი ფული არ შეჰქონდათ. ქსენონთან ერთი მკურნალი, ორი ფერშალი და ერთი ბებია ქალი იყო. ყველა ამათ ეხლა თავისი გზა მონახეს და ამ რიგად ქიზიყის მცხოვრებნი უმკურნალოდ დარჩებიან. ვის შეუძლიან სიღნაღიდან 10–15 ვერსზე მკურნალი მიიწვიოს: თითო მიწვევა მკურნალისა 6–7 მანეთზე მეტი დაჯდება – ამას კი ღარიბი ქიზიყელი ვერ შესწვდება...
* * *
ქიზიყში ცუდ მოსავალს ელიან
წელს ჩვენსკენ ცუდ მოსავალს მოელიან. მინდორში დიდძალი თაგვია გაჩენილი. სულადის ფეხმაც ძრიელ აიწია ეხლავე. კოდი პური ოთხ მანეთამდის ფასობს. ფუთს ქერს მართლაც ვერ იშოვნით. კოდი სიმინდიც თორმეტ აბაზზე მეტს ფასობს. საკლავიც ძრიელ გაძვირდა ჩვენსკენ.
* * *
მიწისძვრა და მთვარის დაბნელება ქიზიყში
თოვლი პირველად ჩვენში სამს იანვარს მოვიდა. მას შემდეგ კიდევ მოვიდა თოვლი, მაგრამ ეხლა მყუდრო ადგილებზე მთლად აღებულია – არც კავკასიონის მთაა წელს ძრიელ დათოვლილი. მზე ჩვენშიც დაბნელდა 1–ს იანვარს. 6 იანვარს ღამე მიწაც იძრა. 16–ს იანვარს ღამე მთვარე დაბნელდა.
* * *
კაზაკები ივრის ხეობაში
დეკემბრის ნახევრიდან ამ მხარესაც ეწვივნენ კაზაკები სახელმწიფო სარჯის გადასახდევინებლად. პირველად სოფ. მანავს ეწვივნენ, დაჰყვეს ექვსი დღე და შემდეგ გიორგიწმინდაში გადავიდნენ და მერე საგარეჯოც ინახულეს.
მარტო საგარეჯოში მოაგროვეს ასე ექვსასი თუმანი და წავიდნენ. ამ ხეობის სხვა სოფლებმა კი, სხვათა შორის, ხაშმმაც თავიანთი ნებით შეუტანეს ხარჯი და კაზაკებს იქ მისვლა არ ეღირსათ.
სოფ. გიორგიწმინდაში ინდოურების და ქათმების ქურდობა გახშირდა. როგორც ხმა დადის, ხალხმა კიდეც მიაგნო ქურდბაცაცების კვალს, მაგრამ მამასახლისმა ეს საქმე მიაფუჩეჩა.
საგარეჯოში სოფელმა დააპატიმრა სანდრო ესაიშვილი, რომელსაც ფარაჯების, ნაბდების, თოფის და მრავალ სხვა ნივთების ქურდობა ჰბრალდება და უმტკიცდება. სოფელს იგი ჯერ არ გაუსამართლებია.
* * *
სპარსელი ქართველები ტფილისში
ბაქოს გზით სპარსეთიდან ტფილისში ჩამოვიდა ორი სპარსელი ქართველი – ყოლომრეზა ხუციშვილი და ყოლამოსეინა ონიკაშვილი. გუშინ დილით წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში იყვნენ, მერე ჩვენს რედაქციაში შემოვიდნენ. ორივე საკმაოდ შეგნებულები არიან.
მეტად საინტერესოა მათი წამოსვლის მიზანი და მოგზაურობა. წამოსულან მხოლოდ იმ აზრით, რომ აქაური ქართველობა გაიცნონ, ქართული წერა–კითხვა შეისწავლონ, მერე უკან დაბრუნდნენ და თავიანთებში გაავრცელონ. ისპაჰანის პროვინციიდან, სადაც ისინი სცხოვრობენ, თეირანში ჩასულან, იქ, ბევრის ძებნის შემდეგ, უპოვნიათ ერთი ქართველი ბანკის მოსამსახურე, ბათუმელი მენაბდე, რომელსაც აუხსნია ყველაფერი და წერილი გამოუტანებია წერა–კითხვის საზოგადოებაში. უმოგზაურნიათ ოთხი თვე, მთელი სპარსეთი ფეხით გამოუვლით და ჩამოსულან ბაქოს და მერე ტფილისს.
როგორც თვითონ გადმოგვცეს, ქართველობა ისპაჰანიის პროვინციაში სცხოვრობს, ერთ სულ 14 სოფლითა და იქნება ორმოცი ათასი სული. ექვს სოფელს უკვე დავიწყებია ქართული, დანარჩენები კარგად ლაპარაკობენ, განსაკუთრებით დედაკაცებიო. სოფლებს ყველას ქართული სახელები აქვთ. ჩამოსულები ზემო–მარტყოფელები არიან: მარტო ამ სოფელში 1200 კომლი ყოფილა. ჩამოსულები კარგად იცნობენ ლადო აღნიაშვილს, ჩვენს სოფელში თორმეტი დღე დარჩაო.
ბევრი რამ საინტერესო გადმოგვცეს სპარსელ ქართველების ცხოვრებაზე, სპარსეთის ახლად მოწვეულ პარლამენტზე, ადგილობრივ გადასახადებზე და სხვაზე. ყველა ამას შემდეგ გავაცნობთ მკითხველებს.
საოცრად გაოცებულები არიან ჩამოსულნი – არ გვეგონა თუ ამდენი და ასე განათლებული ქართველობა იყო აქაო. გადასახლების ამბავი კარგათ სცოდნიათ. ჩვენაო შაჰ აბაზმა გადაგვასახლა სამას ცხრამეტი წლის წინათ. სპარსეთში ქართველებათ ვითვლებით და ყველანიც ქართველებს გვეძახიანო. ტანისამოსიც ძველი ქართული ჰქონიათ.
სპარსელი ქართველები ჯერჯერობით სასტუმროში არიან დაბინავებულნი. წერა–კითხვის საზოგადოების გამგეობას განზრახვა აქვს ცალკე დააბინაოს ესენი და მასწავლებელიც მიუჩინოს.
მოამზადა თამარ ბატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online