asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მარინა ჯანაშიას ბაღში ცისფერი ვარდი ყვავის
ცისფერი ვარდი მარინა ჯანაშიას ბაღში
მარინა ჯანაშიას ბაღში ცისფერი ვარდი ყვავის

2009-09-11 15:57:44



ხელოვანების ცნობილი წყვილი, მსახიობი მარინა ჯანაშია და მხატვარი თემო გოცაძე, ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც ახალ სახლში გადავიდნენ. ისინი ზემო ვაკეში ცხოვრობენ. სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან თბილისის ლამაზი ხედები მოჩანს. ამ სახლის აშენებას მრავალი წელი ელოდნენ. ერთი სართული ბატონი თემოს სახელოსნოს უკავია, მეორე სართული საცხოვრებლად არის განკუთვნილი – იქ არის მისაღები ოთახი ბუხრით, საძინებელი, კაბინეტი, სამზარეულო–სასადილო და აივნებიც.

ბატონმა თემომ სახლი თავისი გემოვნებით მოაწყო. პრინციპში, კიდეც რომ არაფერი გაეკეთებინა, მისი ნახატები საკმარისი იქნებოდა, რომ ულამაზესი საცხოვრებელი შექმნილიყო. ახლა მხატვარი "ვეფხისტყაოსნის" თემაზე მუშაობს და სახელოსნოში უამრავი დიდი ტილოა.

ამ სახლი–სახელოსნოს მთავარი ღირსება ბაღია, რომელიც დიასახლისის, ქალბატონი მარინას პირადი სიამაყეა. მებაღემ ყვავილნარი საგანგებოდ მისთვის გააშენა.

მარინა ჯანაშია:

– ეს მიწა კომუნისტების დროს თემოს მისცეს, რომ სახლი–სახელოსნო გაეკეთებინა. ჩვენ მარტო უნდა აგვეშენებინა, მაგრამ რამდენჯერაც დავაპირეთ, იმდენჯერ ხელი შეგვეშალა. ჯერ მიწისძვრა მოხდა და მთელი რკინა–ბეტონის ფონდი იმ სამშენებლო ფირმას გადავეცით, რომელსაც ჩვენი სახლი უნდა აეშენებინა. მათ გვთხოვეს, ჯერ მიწისძვრით დაზარალებულებისთვის გამოვიყენებთ, მერე კი მასალებს დაგიბრუნებთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მშენებლობა შევაჩერეთ. ვთქვით, საქართველო დაიქცა და სირცხვილია, ჩვენ სახლი ვაშენოთო. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე აშენებდნენ და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ. შემდეგ იმ სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელი, სრულიად ახალგაზრდა კაცი, გარდაიცვალა. ყველაფერი დაგვეკარგა. კიდევ ერთხელ რომ დავაპირეთ მშენებლობის დაწყება, თბილისის ომი დაიწყო, შემდეგ – აფზაზეთის ომი. მოკლედ, სახლის აშენებაზე ფიქრს თავი დავანებეთ და მიწის გაყიდვა გადავწყვიტეთ.

ჩვენი უფროსი ვაჟი, ბექა, არქიტექტორია. მას ვთხოვეთ, იქნებ შენთან მიწის ყიდვის მსურველები მოვიდნენო. მართლაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ადგილი მოეწონათ და ჩვენს ვაჟს უთხრეს, ჩვენც შემოვალთ საქმეში, როგორც რუსები იტყვიან, "პოდ კლუჩ" და მამაშენს ამ სახლს გავუკეთებთო. მათ 8 წელი გვალოდინეს. საბოლოოდ კი, ბედად, ისევ ბექასთან გამოჩნდნენ ჰოლანდიელები და ამხელა სახლის მშენებლობა ერთ წელში დაამთავრეს. საცხოვრებლად შარშან ოქტომბერში გადმოვედით.

– პირველ რიგში, რა მოაწყვეთ სახლში?

– ნახატები დავკიდეთ. ეს თემოს სახელოსნოა და ამიტომ ყველაფერი ისეა გაკეთებული, როგორც თემოს სჭირდება. პირველ რიგში, მან უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად.

– პირადად თქვენთვის ყველაზე კომფორტული ადგილი რომელია?

– ყველაზე კომფორტულად თავს ბაღში ვგრძნობ. იქ ყოფნა მამშვიდებს და მავსებს.

– ბაღს თავად უვლით?

– არაჩვეულებრივი მებაღე გვყავს, მაგრამ რაღაცეებს მეც ვაკეთებ. ჯერ ჰოლანდიელებმა იზრუნეს, რომ ლამაზი ბაღი ყოფილიყო. მგონი, მთელი ბოტანიკური ბაღი აქ მოიტანეს. შემდეგ კი ჩვენმა მებაღემ მითხრა, ქალბატონო მარინა, ისეთ ბაღს გაგიკეთებთ, რომ ისიამოვნოთ, ნახავთ, როგორ მოგეწონებათო. პირობა შეასრულა და მართლაც არაჩვეულებრივი ბაღი გამიშენა. ხვიარა ვარდები დარგო. მართალია, ჯერ ხვიარა არ არის, მაგრამ 1–2 წელში იქნება. ბაღში ცისფერი ვარდი მაქვს. მე ასეთი საოცრება არ მინახავს! სამწუხაროდ, ახლა არ ყვავის. უკვე დაიყვავილა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ აყვავდება. იცით, როგორ დარგო ვარდები? ყველა სეზონში რომ ყვავის. ბაღი ცარიელი, ყვავილების გარეშე არასოდეს არის. სულ რაღაც ყვავის.

– ალბათ ვარდები განსაკუთრებით გიყვართ.

– არა, მე ყოველთვის მინდვრის ყვავილები მიყვარდა. ბაღში ვარდების გარდა ქრიზანთემები, ასტრები მაქვს. კომშის ხე დავრგეთ, რომელსც ნაყოფი უკვე აქვს და მურაბას მოვხარშავ. ბროწეულის ხე მიყვარს და ისიც დავრგეთ.

– ბატონი თემოს ნამუშევრებს თუ არ ჩავთვლით, თქვენთვის ყველაზე საყვარელი ნივთი რომელია ამ სახლში?

– მე მაინც თემოს ნამუშევრებს ვიტყვი. ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემოს ნახატებია. მის "ცხენებზე" ვგიჟდები. "ლურჯა ცხენები" მისი საეტაპო ნამუშევარია. ლამაზია მისი დახატული ქალის სხეულები. ერთხელ ერთმა ახლობელმა მითხრა, სულ მინდა, რომ ხელი მოვკიდოო.

– ნახატებს განსაკუთრებული მოვლა სჭიდება. ამდენი ნამუშევრის მოვლას როგორ ახერხებთ?

– მართლაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ნესტი და სიმხურვალე არ უნდა იყოს. დრო და დრო უნდა გაასუფთავო. ორი ნახატი სასადილო–სამზარელო ოთახში გვიკიდია. როცა რამეს ვამზადებ, ვცდილობ, ბევრი ოხშივარი არ დადგეს და ნახატები არ დაზიანდეს.

– გაქვთ უფლება დალაგების დროს მეუღლის ნივთები გადააადგილოთ?

– როცა რამის შეცვლა მინდა, თემოს ყოველთვის ვეკითხები. სხვათა შორის, დიდი ნახატების გადაადგილებას ჩემ გარდა არავის ანდობს. ამას მხოლოდ მე და თემო ვაკეთებთ. ვიტყვით: "ერთი, ორი სამი, ავწიოთ!".

– სახლის რემონტის გაკეთებაში თქვენ რამდენად მონაწილეობდით?

– სამწუხაროდ, თემომ აბსოლუტურად არაფერში ჩამრია. ამის გამო ახლა ხშირად ვსაყვედურობ. ჩემი აზრით, აბაზანის, სამზარეულოს, საძინებლის მოწყობა უფრო ქალის პრეროგატივაა. იქ არის ისეთი ნიუანსები, რაც ქალმა თავის ჭკუაზე უნდა გააკეთოს. მე კი არაფერში ჩამრია, რადგან ეს მთლიანად სახელოსნო უნდა ყოფილიყო. ახლა სწორედ იმ სირთულეებმა იჩინა თავი, რაც პატარ–პატარა ნიუანსებში გამოიხატება და ქალი აუცილებლად გაითვალისწინებდა.

– სახლის მოვლას, ოჯახის საქმეებს და სამსახურს შორის დროს როგორ ანაწილებთ?

– როცა დიდ სამუშაოს ვამთავრებ და აურაცხელი თავისუფალი დრო მაქვს, მაშინ ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, როცა ძალიან ვარ დაკავებული, მაშინ ყველაფრის გაკეთებას როგორ ვასწრებ–მეთქი. ალბათ მაშინ ზეენერგია გამოგვიმუშავდება, რომელიც დროის განაწილებაში გვეხმარება. ხშირად თვითონ სხეული გვკარნახობს, როდის რისი გაკეთება ჯობია. როცა ბევრი სამუშაო მაქვს, მეორე დღის სადილს ღამით ვაკეთებ. დილით სარეცხს ვრეცხავ და ვფენ. შუადღეზე სახლს ვალაგებ. შეიძლება პატარა იმპროვიზაციას მივმართო და რაღაცეები შევცვალო, მაგრამ დღის განრიგი ძირითადად ასეთი მაქვს.

ჩემმა ერთმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა მასწავლა, საჭმლის პრობლემა როგორ მოვაგვარო. კვირაში ერთხელ ბევრ პროდუქტს ვყიდულობ და ნახევარფაბრიკატებს ვამზადებ. მაგალითად, გუფთას, კატლეტებს ვამზადებ და ვყინავ. მერე, როცა მჭირდება, სადილს უცებ ვაკეთებ. ეს მაშინ, როცა ძალიან ვარ დაკავებული. თუ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ასეთი სამზადისი არ მჭირდება. ზოგჯერ იმპროვიზებულ სადილს ვაკეთებ, რომელსაც სახელი არ ჰქვია, მაგრამ გემრიელი გამოდის. ახალგაზრდობაში, როცა უფრო დაკავებული ვიყავი, ჩემი შვილები მეუბნებოდნენ: "დედიკო, ახლა, იცი, რა გაგვიკეთე? სახელი რომ არ ჰქვია და ძალიან გემრიელი რომ არის".

– ამ უსახელო იმპროვიზებულ კერძს რისგან ამზადებთ?

– რაც მაქვს სახლში, იმ პროდუქტებს ვიყენებ. ზოგ რამეს ვწვავ, რაღაცას ვშუშავ, ვფუთავ და ა. შ. ძალიან გემრიელია. მერე სახელებს განწყობის მიხედვით ვარქმევ.

– როცა თქვენი მეუღლე სახლში მუშაობს, როგორი გარემო სჭირდება?

– თემოს აბსოლუტურად განსხვავებული მუშაობის სტილი აქვს. მხატვრების უმრავლესობას სიმარტოვე სჭირდება. თემოს კი პირიქით, გვერდით საყვარელი ადამიანები უნდა ჰყავდეს, ჯამ–ჭურჭლის ხმაური უნდა ესმოდეს, უსმენდეს მუსიკას, ტელევიზორს... ძალიან კომუნიკაბელურია, სიმარტოვე არ უყვარს, ადამიანები უყვარს. ვიღაცისთვის შეიძლება ჯაჯღანას შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ურთიერთობა გაპრიალებული და გალაქული იყო. პირიქით – რთულად დაიწყო. ორი სრულიად სხვადასხვა ხასიათის ადამიანი შევხვდით ერთმანეთს. თემო ბობოქარი ბუნებისაა. ყველაფრის მიმართ იმ წუთში აქვს რეაქცია, მერე კი ავიწყდება. მე – პირიქით, შიგნით ვიტვირთები, ვმძიმდები და ვჩუმდები. ჩემი გაბრაზება სიჩუმით გამოიხატება, თუმცა ახლა თითქმის თემოსნაირი ხასიათი გამიხდა, ცუდი მეც იმ წუთშივე მავიწყდება. რომ არა თემო, ჩვენი ურთიერთობა არ შედგებოდა. თემიკო ოთხი წლის შემდეგ გავაჩინე, როცა მივხვდი, რომ თემო იყო ის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო. ბევრი რთული პერიოდი გვქონდა, თუმცა მერე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.

– ქალბატონო მარინა, თქვენი ოცნების სახლი ისეთია, როგორშიც ახლა ცხოვრობთ?

– არა, ჩემი ოცნების სახლი, იცით, როგორია? იყოს თუნდაც ერთი ოთახი, მაგრამ აუცილებლად ჰქონდეს აუზი, სადაც ბევრს ვიცურავებ.

– დიდი ეზო გაქვთ და აქ თქვენი ოცნების ასრულება შესაძლებელი არ არის?

– წესით, აქ აუზი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე აღარ გამოვიდა. ჯერ კიდევ არის ლაპარაკი, რომ გავაკეთოთ. ასე რომ, შეიძლება ჩემი ოცნების სახლს მართლაც დაემსგავსოს.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online