asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომლის პირად ცხოვრებაზეც გურანდა გაბუნია ზრუნავს
ვის პირად ცხოვრებაზე ზრუნავს გურანდა გაბუნია?
ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომლის პირად ცხოვრებაზეც გურანდა გაბუნია ზრუნავს

2009-06-09 00:00:00



მსახიობ გურანდა გაბუნიას მეგობრების რიცხვში არის ერთი ახალგაზრდა კაცი, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე. ნიკა ქალბატონი გურანდას ნამდვილი ფანია, მისი თითქმის ყველა როლი ზეპირად იცის. მათი მეგობრობა ერთი საღამოდან დაიწყო და ახლა ნიკას უკვე მისი ცნობილი ხაჭაპურიც კი გასინჯული აქვს. ქალბატონი გურანდაც ყურადღებით ადევნებს თვალს ნიკას საქმიანობას, კითხულობს მის იგავ–არაკებს და ახალგაზრდა მეგობარს რჩევებსაც აძლევს, მათ შორის – პირად საკითხებშიც.
– გაიხსენეთ, თქვენი მეგობრობა როგორ დაიწყო.
ქალბატონი გურანდა: ნიკას ჩემი ყველა სპექტაკლი აქვს ნანახი, ისინიც, რომლებსაც უკვე აღარ ვთამაშობ. პატარა იყო, მაგრამ მაინც ახსოვს ყველაფერი. თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრა მომიწყო. ისე კარგად გაუძღვა, რომ ნასიამოვნები დავრჩი. მერე იმ სკოლაში მომიწყო შეხვედრა, სადაც მუშაობს. უყვარს თავისი საქმე. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანამ მითხრა, ძალიან მადლობელი ვართ ნიკასი, რომ ახალგაზრდებს თეატრისადმი სიყვარული ჩაუნერგაო.
ნიკა: მოვასწარი იმ პერიოდის სპექტაკლების ნახვა, როცა ცოცხალი ლეგენდები ჯერ კიდევ იდგნენ სცენაზე. "ანტიგონე" რამდენჯერაც უთამაშიათ, თითქმის ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი ჯერ კიდევ მარჯანიშვილის თეატრის რემონტამდე. ერთხელ ქალბატონ გურანდასა და ნატა მურვანიძის სცენა იყო. მიწისძვრა მოხდა და ვფიქრობდი, დეკორაცია არ გადმოვარდეს–მეთქი. ბატონი ოთარი კომედიაშიც მინახავს. იყო ასეთი სპექტაკლი "მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია", სადაც ქალბატონი გურანდაც თამაშობდა. ჩემი კოლეგები, თეატრმცოდნეები მეუბნებიან, რატომ ხარ სულ უფროს თაობასთან, რატომ არ წერ ახალგაზრდებზეო. ვპასუხობ, მათზე დაწერას მოვასწრებ–მეთქი, მაგრამ შეიძლება გავიდეს 20–30 წელი და ოთარ მეღვინეთუხუცესისნაირი მსახიობი აღარ იყოს სცენაზე.
– ქალბატონო გურანდა, როგორ შეაფასებთ ახალ თაობას?
– ალბათ თეატრს გულისხმობთ, არა? ზოგიერთი ახალგაზრდა მსახიობი არ მინახავს სპექტაკლებში. ვინც ნანახი მყავს, ძალიან მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ მოვიდა ისეთი თაობა, სადაც ყველა ნიჭიერია. ოთარის ბმეღვინეთუხუცესი. ავტ.შენ.0 თაობაზე კი ვიტყვი, რომ ძალიან ნიჭიერები იყვნენ. იგივე ნოდარ ჩაჩანიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი და ოთარი. ოთხი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ერთ ჯგუფში.
– ახალ თაობაზე ხშირად ამბობენ, ზედმეტად თავისუფლები და გაუნათლებლები არიანო. ამ აზრს ეთანხმებით?
– ვისაც ვიცნობ, ვერ ვიტყვი, რომ გაუნათლებლები არიან. ჩემთვის ახალგაზრდა თაობაა ზურა ბერიკაშვილი, რომელიც ნიჭიერიც არის და მორიდებულიც, აგრეთვე ეკა მჟავანაძე ან თამუნა ბუხნიკაშვილი, რომლებიც ბევრს მუშაობენ და ნიჭიერებიც არიან. ერთადერთი, მინდა, ის ახალგაზრდები, ვინც ახლა მოდიან, უფრო მორიდებულები იყვნენ. მამაჩემი სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი იყო, დედაჩემი – წამყვანი მსახიობი, ამიტომ თეატრში გავიზარდე, ის ჩემი მეორე სახლი იყო. მერე მამაჩემი ფოთში გაუშვეს სამუშაოდ და ჩვენც იქ წავედით. ფოთიც ჩემი ქალაქია. ზუგდიდშიც ვცხოვრობდი, რადგან მამა იქაც მუშაობდა. მას დავყვებოდით ოჯახი. რომ მოვედი თეატრში, დავინახე, ვერიკო ანჯაფარიძე შემოვიდა – ენა წამერთვა, ცოცხალ ლეგენდას ვხედავდი! სესილია თაყაიშვილი, სერგო ზაქარიაძე, ვასო გოძიაშვილი, ჟორა შავგულიძე რომ შეგიძლია ნახო სცენაზე, ეს ხელწამოსაკრავი არ არის. ჩვენი მორიდება სხვანაირი იყო. მედეა ჯაფარიძე რომ შემოვიდოდა, ვამბობდი, მეორე მზე შემოვიდა–მეთქი. ანათებდა! დოდო ჭიჭინაძე ბრწყინავდა.
– დღეს დაიკარგა ეს მოწიწება უფროსი თაობის ვარსკვლავების მიმართ? როგორ რეაქციას ამჩნევთ ახალგაზრდა მსახიობებს, რომლებიც თეატრის კულისებში გხედავენ?
– მე მედეა ჯაფარიძე არ ვარ, ამაზე თავს არ ვდებ. ყველაზე რომ ვთქვა, მორიდება დაკარგა–მეთქი, დანაშაული იქნება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უცხო ადამიანები მესალმებიან დიდი სიყვარულით.
– ნიკა, ქალბატონი გურანდა როგორია სცენის მიღმა?
ნიკა: ცოტა ხნის წინ ქეთი დოლიძემ თქვა ტელევიზიით, არ მინახავს მეორე ადამიანი, რომელსაც ისეთი საჩუქრების გაკეთება ეცოდინება, როგორიც ქალბატონ გურანდასო. შეიძლება ვიღაცას მკაცრი მოეჩვენოს ეკრანიდან, მაგრამ, როცა გაიცნობ და ნახავ, რა ადამიანური თვისებების მქონეა, არ შეიძლება, დიდ პატივს არ სცემდე.
– ქალბატონო გურანდა, როგორი საჩუქრების გაკეთება გიყვართ?
ქალბატონი გურანდა: ძალიან მეცოდებიან ჩემი სოხუმელები. რაღაც პერიოდი იყო, როცა თეატრს ძალიან უჭირდა. ეს ამბავი ბევრს აღარ ახსოვს. იმ დროს რუსი მსახიობები აგროვებდნენ ფულს, გვატანდნენ და ვანაწილებდით თეატრებში. თემურ ჩხეიძეს კი ლენინგრადიდან ჩამოჰქონდა მსახიობებისთვის ფული, რადგან იმ პერიოდში არტისტებს ჯამაგირი არ გვქონდა. ერთი ქალი იყო, რომელსაც შვიდი შვილი და ავადმყოფი ქმარი ჰყავდა. მივდიოდი ჩემს მეგობრებთან, თეთრეულს, ტანსაცმელს, ცოტა საჭმელს ვართმევდი, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, რომ ამ ოჯახისთვის მიმეტანა. ეს მაინც ცოტა იყო. გავიგე თამაზ ცინცაძის ტელეფონის ნომერი, დავურეკე და ვუთხარი, შენ შემოგევლე, ცინცაძეები არიან, შენი მოგვარეები და იქნებ შეძლო, ცოტა რამე გაუგზავნო–მეთქი. თამაზს მაშინ შეეძლო და დაეხმარა ამ ოჯახს. უგზავნიდა პროდუქტებს ყოველთვიურად, დაეხმარა ბავშვების გაზრდაში. ბევრს შეეძლო, მაგრამ არ აკეთებდნენ. თუნდაც ქეთი დოლიძემ რაც გააკეთა, მთელი პოლონეთი ფეხზე დააყენა და 74 ტონა ტანსაცმელი ჩამოიტანა. ყველა თეატრს ჩავაცვით. რაც დარჩა, პირდაპირ ქუჩაში ვიჭერდით ხალხს და ვაძლევდით ტანსაცმელს.
ნიკა: ლილი იოსელიანის საღამო იყო. ერთ–ერთი მსახიობი მოვიდა ქალბატონ გურანდასთან და უთხრა, უმუშევარი დავრჩი, ძალიან მიჭირსო. უთხრა, მოდი ხვალ ჩემთან, სახლშიო. მერე გავიგე, რომ მეორე დღეს საკვები და სამოსი გაუტანებია მისთვის.
– ქალბატონო გურანდა, ცნობილია, რომ კარგი კულინარი ხართ.
ქალბატონი გურანდა: ოდესღაც გემრიელად ვაცხობდი ხაჭაპურს, ვაკეთებდი ხარჩოს. ახლაც მშვენივრად ვაკეთებ, თუ საჭიროა. მეგრელი ვარ და ჩვენ ყველაფერი გვეხერხება. ერთხელ მოვდიოდი ქუჩაში, გია ყანჩელმა დამიძახა, შემთხვევით ჩანთაში ხაჭაპური ხომ არ გიგდიაო. ვუპასუხე, ამის შემდეგ ჩავიდებ ჩანთაში და ისე ვივლი ქუჩაში–მეთქი.
– ნიკა, თქვენ გასინჯული გაქვთ ქალბატონი გურანდას ხაჭაპური?
ნიკა: დიახ და მართლაც უგემრიელესი იყო!
– ქალბატონო გურანდა, ნიკას რა რჩევებს აძლევთ ხოლმე?
ქალბატონი გურანდა: ვუთხარი, დრო მიდის, შვილი ხომ გინდა და ცოლი უნდა მოიყვანო დროზე–მეთქი. მიპასუხა, ჩემს რჩეულს მალე გაგაცნობო და ძალიან გამიხარდა. მე ძალიან გვიან გავაჩინე ბავშვი. მაინც მომესწრო, 9 წლის შვილიშვილი მყავს, მაგრამ ცოტა დროზე რომ გამეჩინა, ხომ უფრო დიდი იქნებოდა?
– რომ არ მოგეწონოთ ნიკას რჩეული, გულახდილად ეტყვით?
ქალბატონი გურანდა: ძალიან ძნელია ამის თქმა, ვერ ვიტყვი. დედამისს, დოდოს ვეტყვი და მერე, თუ უნდა, თვითონ უთხრას. მასავით სუფთა, ჭკვიანი და თავის საქმის მოყვარული გოგო შეეფერება.
– ნიკა, ესე იგი უკვე გყავთ რჩეული?
ნიკა: ჯერ ვნახოთ. როცა ქალბატონ გურანდას ეს ვუთხარი, მიპასუხა, რომ არ მომეწონოს, არ ვიცი, რას გიზამ, იცოდე, კარგი გოგო მოიყვანეო. ცოტა ხნის წინ ბატონმა ოთარმა თქვა დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველო დღემდე ტრადიციულმა ოჯახებმა მოიტანაო. სამწუხაროდ, ამან დღეს უკანა პლანზე გადაიწია. ერთი თვის დაოჯახებულ ადამიანს გაბედნიერებას რომ მიულოცავ, გპასუხობს, ვერ შევეწყვეთ და დავშორდითო. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი მეუღლე ისე მომივლის და გამიფრთხილდება, როგორც ქალბატონი გურანდა უფრთხილდება ბატონ ოთარს.
ქალბატონი გურანდა: ჩემი აზრით, მოუთმენლები არიან ახალგაზრდები. ცოტა ხომ უნდა გაუწიონ ერთმანეთს ანგარიში. თუ ის არ გითმობს, შენ დაუთმე. მეფე ხარ თუ ის არის დედოფალი, რომ არ თმობ?!
– ნიკა, ქალბატონი გურანდას ყველაზე გამორჩეული როლი თქვენთვის, როგორც თეატრმცოდნისთვის, რომელია?
ნიკა: გამიჭირდება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ "ხელშეკრულებაში" მისი ცეცილია ძალიან მომწონს. ომის პერიოდში, როცა ყველას უჭირდა, იმდენი ხალხი მიდიოდა ამ სპექტაკლზე, ბილეთის შოვნა შეუძლებელი იყო. ხალხი რომ სახლში ტიროდა, მოდიოდნენ ამ სპექტაკლზე და იცინოდნენ.
– ქალბატონო გურანდა, იმ შეგრძნებებზეც გვიამბეთ, როცა ვარსკვლავი გაგიხსნეს მარჯანიშვილის თეატრის წინ.
ქალბატონი გურანდა: რა თქმა უნდა, გიხარია, როცა მიიღებ ვარსკვლავს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ცხოვრებაც იყოს ვარსკვლავური.
ნიკა: ამ ცერემონიალზე იყო ასეთი სცენა: თამუნა ბზიავა ახალგაზრდა გურანდას თამაშობს, ემშვიდობება მაყურებელს და ნამდვილი გურანდა შემოდის. უცებ გონებაში გაირბენს წლები, როგორ მოვიდა, ემშვიდობება ახალგაზრდობას და გადის.
ქალბატონი გურანდა: ეს ქეთი დოლიძემ დადგა არაჩვეულებრივად. სულ მეტირებოდა იმ საღამოს. ნაწყვეტებს ვთამაშობდი იმ როლებიდან, რომლებიც ძალიან მიყვარს.
ნიკა: თითქმის ყველა დიდ მსახიობს ჰქონდა 20–30 წლიანი პაუზა, ქალბატონი გურანდა ის გამონაკლისია, რომელსაც არ ჰქონია პაუზა და სეზონი არ ყოფილა, რომ პრემიერა არ ეთამაშა. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ გამოიკვრება აფიშა და ეწერება: "მთავარ როლებში ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია".

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online