asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მიწისძვრის დროს რაჭაში სასწაული მოხდა
მიწისძვრის დროს რაჭაში სასწაული მოხდა
მიწისძვრის დროს რაჭაში სასწაული მოხდა

2009-07-23 18:57:06



ადვოკატი დავით დვალაძე ჯვართამაღლების ტაძარში გალობს. იგი იმ დროს იხსენებს, როცა საპატრიარქოს რადიოში მოსმენილმა და გულამდე მისულმა ქადაგებამ იგი მამა თეოდორე გიგნაძესთან მიიყვანა.



– როგორ შემოვიდა თქვენში ქრისტეს მადლი?

– ჩემს თავს რომ ვუწოდო მორწმუნე და მართლმადიდებელი ქრისტიანი, ეს ძალიან ხმამაღლა ჟღერს, რადგან უაღრესად დამძიმებულნი ვართ ჩვენი ცოდვებით. თუმცა, ისევე, როგორც ყოველი ქართველი, ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად. არ გამჭირვებია მოძღვრის არჩევა, რადგან მამა თეოდორეს (გიგნაძის) ქადაგება საპატრიარქოს რადიოში მოვისმინე, რომელიც ყოველ ხუთშაბათს გადის. იმდენად შთამბეჭდავი და გულის გულამდე იყო მისული მისი ნათქვამი, ეკლესიაში რომ არ მივსულიყავი, ალბათ სხვა გზა არც მექნებოდა. თავად მოძღვრის როლი შეიძლება დღეს ყველაზე მთავარი და გადამწყვეტიც იყოს, რათა ადამიანი მივიდეს უფალთან. მთავარია, დილიდან დაღამებამდე ვხელმძღვანელობდეთ მოძღვრის დარიგებით.

– პროფესიით ადვოკატი ბრძანდებით. თქვენი პროფესიის ხალხს ხშირად უწევთ არაგულწრფელ ადამიანებთან შეხვედრა. ამ წინააღმდეგობას როგორ ლახავთ?

– ამ მხრივ წინააღმდეგობას არ ვაწყდები, რადგან ეს სპეციალობა საზოგადოებაში სამართლის დანერგვას უნდა ემსახურებოდეს. ყველაზე უზენაესი სამართალი – ღვთის სამართალია. შესაბამისად, ადვოკატი იქნება, პროკურორი თუ მოსამართლე, არ უნდა გასცდეს ღვთის მცნებებს. რთულია ათი მცნების დაცვა, მით უფრო, დღევანდელ ცხოვრებაში, მაგრამ ამის გარეშე ცხოვრება უფრო რთულია.

– ადვოკატური მოღვაწეობის მანძილზე, ალბათ, ბევრ უსამართლობას წააწყდით. როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ადამიანებში შინაგანად უღმრთოები უფრო ჭარბობს თუ ღვთისნიერები?

– მადლობა უფალს, ჩემი კლიენტების რაოდენობა, ძირითადად, ეკლესიის მრევლია. შესაბამისად, როცა იურიდიულ კონსულტაციაზე მოდიან და ეტყვი, კანონით ასეა სწორი, არც კი გეწინააღმდეგებიან, იმხელა თავმდაბლობა და ღვთისმოშიშობა გააჩნიათ. მაგრამ ძნელია, როცა ადამიანი ყოვლად ურწმუნოა, კანონის იქით ვერ იყურება და იმასაც ვერ აანალიზებს, რომ ეს კანონიც მოდის უზენაესი სამართლიდან. მათ მხოლოდ მშრალი კანონის ენაზე უნდა ელაპარაკო, მეტი არაფერი.

– მონასტერში თუ იცხოვრებდით?

– დიდი სურვილი მაქვს, თუგინდ რამდენიმე ხნით, მორჩილად წავიდე. ეს დიდი წყალობაა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ძნელიცაა. ის საზოგადოებრივი პრობლემები, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით და გვგონია, ვაიმე, რა რთული ყოფილაო, სინამდვილეში, მონასტერში ორჯერ უფრო ძნელია.

– რაჭაში უამრავი სიწმინდე არსებობს, რომლებსაც, ალბათ, სასწაულები უკავშირდება.

– გახსოვთ ალბათ, 1991 წელს რაჭაში მომხდარი მიწისძვრა. მაშინ ამბობდნენ, რომ იგი რუსების მიერ ხელოვნურად იყო მოწყობილი. იმ დროს იქ მომხდარ სასწაულზეც საუბრობდნენ, როცა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა რაჭის მთელი ცნობილი სალოცავები, თუმცა, იქაურ ტაძრებს არაფერი მოსვლიათ. ეს ნამდვილი სასწაული გახლდათ, რადგან, იმ დროს, ჩვენს მართლმადიდებლურ სხვა ეპარქიებშიც დაზიანდა ტაძრები, რაჭის გარდა.

– თქვენმა მოძღვარმა რით ახსნა, რომ მიწისძვრამ რაჭის ტაძრებს ვერაფერი ავნო, ხოლო იქაური სალოცავები დაანგრია?

– ჩვენს მოძღვარს, ბარაკონის ტაძრის წინამძღვარს, მამა დავით გეგეშიძეს ამის მიზეზი რომ ვკითხეთ, მან ასეთი რამ ახსენა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ცოდვები და ურთულესი განსაცდელი, რაც მოხდა, თავის თავზე აიღეს სალოცავებმა. შესაბამისად, სალოცავები გასწორდნენ მიწასთან და ტაძრებს არაფერი მოუვიდათო. რაჭაში ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ და მხოლოდ წმიდა გიორგისა და ღვთისმშობლის სალოცავებია.

– რაჭაში იეღოველების პრობლემაც იყო.

– თბილისის მსგავსად, 90–იან წლებში იეღოველები გააქტიურდნენ, ისინი რაჭაში სოფელ–სოფელ დადიოდნენ და ხალხს იბირებდნენ. სულ ბოლოს ასეთი ფაქტი დაახლოებით 7 წლის წინ დაფიქსირდა, რაჭაში მათ უკვე "მრევლიც" აღარ ჰყავთ. ღვთის წყალობით, ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ადრე უჭირდა, ახლა აღარ უჭირს, ისინი კი მოსახლეობის გაჭირვებით სარგებლობდნენ და ვითომც ეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, რაჭაში კვლავ დგას სოფლების დაცარიელების პრობლემა.

– წლების შემდეგ, არ აპირებთ, მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდეთ?

– აუცილებლად, ცხოვრების ბოლოს მაინც დავბრუნდები იქ. ახლა რაჭაში ბებიაჩემია დარჩენილი.

– როდის დაიწყეთ სიმღერა?

– ბავშვობიდან ვმღერი. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ვმღეროდი ქართულ ხალხურ ანსამბლებში, როგორც თბილისის, ისე რაიონის მასშტაბით. გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩემი პედაგოგი გახლდათ გურამ თამაზაშვილი, ყოფილი "ქართული ხმების" წამყვანი სოლისტი, ვმღეროდი ამბროლაურის ანსამბლებშიც, მათ შორის, ანსამბლ "საპოვნელაშიც".

– ეკლესიაში გალობთ? როგორც ვიცი, ქუჩის მუსიკოსი ტიმოთე ეკლესიაში თქვენ მიიყვანეთ.

– ხუთი წელიწადია, რაც ღვთის წყალობით, ტაძარში სიარული დავიწყე. ესაა ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი საბურთალოზე. სამწუხაროდ, ყოველთვის არ მაქვს იმის დრო, სულ ვიგალობო. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მე მივიყვანე ტიმოთე ეკლესიაში, ისეთი კონტაქტურია და იმდენი ხალხი გაიცნო, მეც არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლესიაში ვგალობდი. კარგა ხანია, რაც ტიმოთეს ვიცნობ. ისიც ვიცი, რომ შესანიშნავი მუსიკალური მონაცემები აქვს და საუცხოოდ მღერის, განსაკუთრებით იტალიურად. ამიტომ გადავწყვიტეთ, წევრად მიგვეღო ჩვენს ანსამბლში, რომელსაც სახელი ჯერ კიდევ ვერ შევურჩიეთ.

– ქართული გალობის ტექსტების შესწავლა რთულია?

– რეგენტები ასწავლიან და ამეცადინებენ ხოლმე ბავშვებს. რეგენტი ეკლესიაში არსებული სპეციალური ინსტიტუტია, რომელიც გალობას ასწავლის. მეც დავდიოდი მასთან. ვინც ნოტები არ იცის, მათ ნოტების გარეშეც ასწავლიან, მაგრამ ზოგადად, ყველაზე ადვილად ქართული გალობის შესწავლა მათ გამოსდით, ვისაც მეტ–ნაკლებად შეხება აქვს ქართულ ხალხურ სიმღერასთან.

– როგორც ვიცი, იერუსალიმში ქუჩაშიც გიგალობიათ, უცხოელებს თუ მოუსმენიათ თქვენი გალობა?

– რა თქმა უნდა, მოუსმენიათ და აღტაცებულნიც დარჩენილან. განსაკუთრებული მადლია იერუსალიმში გალობა. კარგა ხანია, ამაზე ვფიქრობდი და ღვთის წყალობით, მეც მოვხვდი წმინდა ქალაქში. იქაც ვნახე ჩვენი მომლოცველები, მათ შორის, საქართველოდან წასული ბიჭებიც იყვნენ. იერუსალიმის ერთ–ერთ ქუჩაზე ქართული გალობის და ხალხური სიმღერის ხმა შემომესმა, მეც მივედი და მათთან ერთად დავიწყე სიმღერა. იქ სერბებიც იყვნენ, რუსებიც, ბერძნებიც, ისინი თავიანთ ენაზე გალობდნენ.

– ჩვენი გალობა მათგან მაინც გამოირჩევა ხმოვანებით, რას მიაწერთ ამას?

– რა თქმა უნდა, ეს მრავალფეროვანი ხალხური ტრადიციიდან მოდის, რადგან სამხმიანი სიმღერა, საქართველოში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა. როცა მივიღეთ ქრისტიანობა, შესაბამისად, ჩვენი გალობაც სუფთა სამხმიანი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ქართული გალობა განასახიერებს ყოვლადწმინდა სამების შინაარსს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ უცხოელები იხიბლებიან როგორც ჩვენი ხალხური სიმღერით, ისე – ქართული გალობით.

– ებრაელებს გალობა არ აქვთ. ისინი მხოლოდ ფსალმუნებით ადიდებენ ღმერთს?

– მოგეხსენებათ, მათი გოდების კედელი დგას იმ ადგილზე, სადაც ებრაელების დიდი ტაძარი იყო, რომელიც რომაელებმა დაანგრიეს. თუმცა, ისინი მხოლოდ ლოცვით მიმართავენ უფალს და არა – გალობით. შესაძლოა, წესის აღვლენისას რაღაცა წაიგალობონ, მაგრამ იგი ჩვენი დონის არაა.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქრისტიანი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online