
ცნობილი ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია რამდენიმე კვირის წინ შანხაიდან შთაბეჭდილებებით საკმაოდ დატვირთული ჩამოვიდა. მართალია, უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი, მაგრამ ამბობს, ჩინეთის მსგავსი ემოცია არც ერთს დაუტოვებიაო. ბატონი ზურასთვის მოგზაურობა ბარგთან და სამოგზაურო სამზადისთან ასოცირდება, რაც დიდად არ უყვარს. ტურისტად საზღვარგარეთ არასოდეს ყოფილა. მისი ვიზიტები ყოველთვის საქმესთანაა დაკავშირებული, მაგრამ დროს ისე ანაწილებს, რომ დასვენება და ქვეყნის დათვალიერებაც მოახერხოს. გასტროლების დროს მისი მთავარი მოთხოვნაა დილაობით მწვანე ვაშლი და ღამით ორი ბალიში, თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ზურა, როგორც შევიტყვეთ, ცოტა ხნის წინ ჩამოხვედით ჩინეთიდან, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
– შანხაიში ილუზიონისტების კონკურს–ფესტივალზე ვიყავი მიწვეული. 3 ნოემბერს დაიწყო და 6–ში იყო გალა კონცერტი. კონცერტის შემდეგ რამდენიმე დღე კიდევ დავრჩი. მე, როგორც ასაკოვანი ილუზიონისტი, მონაწილეობას ვერ მივიღებდი, რადგან იქ ასპარეზი 20–დან 30 წლამდე ახალგაზრდებს ეთმობოდა. მთელი მსოფლიოდან უამრავი ილუზიონისტი და სტუმარი იყო ჩამოსული. შანხაი დავათვალიერე. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაიამიშიც კი ვყოფილვარ, ამ ზაფხულს მაროკოშიც ვიყავი, მაგრამ მსგავსი ემოცია არც ერთ ქვეყანას დაუტოვებია. ძალიან მომეწონა შანხაი.
– კონკრეტულად რამ მოგხიბლათ ასე ძალიან?
– ჯერ ერთი, მრავალსართულიანი შენობაა უამრავი, 100–200 სართულიანები და ყველა ფანჯარაში დღე და ღამე შუქი ანთია, სულ განათებულია. როგორც ჩანს, ფანჯარასა და ბინას შორის არის პატარა დაშორება, სადაც შუქი აქვთ დამონტაჟებული და მცხოვრებლებს დღე და ღამე ანთებული სინათლე არ აწუხებთ. ეს გარედან ლამაზად ჩანს. ჩინელი გოგონა დაგვყვებოდა და ინგლისურად გვიხსნიდა რაღაც–რაღაცეებს. ვკითხე, რამდენი ცხოვრობთ შანხაიში–მეთქი და მიპასუხა, 30 მილიონი მარტო ამ ქალაქში ცხოვრობსო. წარმოიდგინეთ, რამხელაა შანხაი, რომ 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს! მერე ქალაქში გაგვასეირნეს, რაიონები დაგვათვალიერებინეს. ერთ–ერთზე ვიკითხე, ამ რაიონში რამდენი კაცი ცხოვრობს–მეთქი და, სულ რაღაც 7 მილიონამდეო, მიპასუხეს, ანუ იმათთვის 7 მილიონიანი დასახლება რაიონია.
– თქვენ თუ უთხარით, საქართველოში რამდენი ვართ?
– კი. თვითონ მკითხა, საქართველოში რამდენი ხართო. რომ ვუთხარი, 3 მილიონამდე–მეთქი, ძალიან გაუკვირდა. ბუნებრივიც იყო მისი რეაქცია.
– კიდევ რა დაათვალიერეთ 30 მილიონიან ქალაქში?
– ზოოპარკში შევედით. უზარმაზარი ზოოპარკია, ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა იქნება. იქ არის ყველა სახის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ქვეწარმავალი. საოცარი სანახაობა იყო. ძალიან ვისიამოვნე მისი დათვალიერებით. ტაქსით მივედით ზოოპარკამდე და უცებ წვიმა წამოვიდა. გავიხედეთ და იქვე იჯდა ქალი, რომელიც ქოლგებს ყიდდა. საოცარია, მოძებნა არ დაგჭირდება, გაიხედავ და იქვე დაინახავ. აი, წარმოიდგინეთ, აქ წვიმა რომ წამოვიდეს და უცებ იყიდო ცელოფანი, ისე შეგეძლო იქ ქოლგის ყიდვა. ვიყიდე ერთი ქოლგა, რომელიც წამოვიღე კიდეც თბილისში და, იცით, რა ფასად? აქ რომ 50 თეთრად იყიდო.
– იქაური სამზარეულო თუ დააგემოვნეთ?
– ეს ჩემი პრობლემა იყო. იქ საჭმელს ვერ ვჭამდი. არ ვიცი, რას მაჭმევდნენ – რა ხორცს, რა კერძს. ისინი ყველაფერს ჭამენ, რაც მოძრაობს, ამიტომ მათ საჭმელებს გემოს ვერ ვუსინჯავდი. ერთი ვიცოდი, რომ ბრინჯის კულტურა აქვთ და სულ ბრინჯს ვითხოვდი მოხარშულ კვერცხთან ერთად. ძალიან მიჭირდა, მათთვის ამეხსნა, რა მინდოდა. ვერ ვაგებინებდი. ბოლოს ვიღაც აიღებდა ბრინჯს და ხელით ვანიშნებდი, აი, ისეთი მინდა–მეთქი. მერე ვისწავლე, ცელოფანში ვყრიდი ბრინჯს, დამქონდა და ვაჩვენებდი, ეს მინდა–მეთქი.
ასეთი შემთხვევა მოხდა: მოვატანინე კვერცხი და ვუთხარი, მარილიც მომიტანეთ–მეთქი. მარილი უკვე აქვსო. ვუთხარი, როგორ აქვს მარილი, ნაჭუჭიანი კვერცხია და მარილი მინდა–მეთქი. შიგნით აქვს მარილიო. მოვაცალე ნაჭუჭი, შევჭამე და მართლა მარილიანი იყო. გადავირიე. არ ვიცი, ამას როგორ აკეთებენ. ალბათ ხვრეტენ და მარილწყალში ხარშავენ. აბა, სხვა როგორ უნდა გააკეთონ მსგავსი რამ?!
კიდევ, იცით, რას დავუფიქრდი? კიდევ კარგი, ჩინელები პურს არ ჭამენ. მათ რომ პურის ჭამა დაიწყონ, კრიზისი იქნება, მთელ მსოფლიოში საშინელება მოხდება. იქ რომ პური მოგინდეს და მოითხოვო, არ აქვთ. ბრინჯს მოგიტანენ, პური არ იშოვება მათთან.
– მაიამიზე გვიამბეთ.
– ეს იყო 1999 წელს. ორლანდოში არის დისნეილენდი, სადაც პავილიონებში ქართველები მუშაობდნენ. ორლანდო და მაიამი ერთმანეთთან ახლოსაა. ასე მოვხვდი მაიამიში. იქ იყო ოდესელი ებრაელების რესტორანი, ცოლ–ქმარი იყვნენ. ახლაც მახსოვს, კაცს ვალოდია ერქვა, ცოლს – დარია. 35 წელი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. როცა ფული დააგროვეს, მაიამიში წავიდნენ და რესტორანი გახსნეს. ის კაცი მეკითხებოდა, რა ხდება თქვენთან, საბჭოთა კავშირში, რა ფული იშოვეთ ასეთიო. არადა 1999 წელი იყო, მაშინ უკვე აღარ იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ არ იცოდა. მითხრა, მე და ჩემი ცოლი 35 წელი დოლარს დოლარზე ვდებდით, რომ ფული დაგვეგროვებინა და ეს რესტორანი გვეყიდა, დღეს კი ვიღაცა 28 წლის ბიჭი შემოვა, ახალ რუსებს რომ ეძახიან და მკითხავს, რა გადაგიხადოთ, რომ ეს რესტორანი მომყიდოთო. უკვირდა, საიდან აქვთ ამდენი ფულიო. სხვათა შორის, იმ რესტორანშიც მქონდა წარმოდგენა, რამდენიმე დღე ვიმუშავე.
ძალიან ლამაზია მაიამი. მე აპრილში ვიყავი და ძალიან ცხელოდა. შავი ხალხი ცხოვრობს იქ. ოკეანეშიც ვიბანავე.
– როგორც ვიცი, გაზაფხულზეც საკმაოდ საინტერესო მოგზაურობა გქონდათ...
– მაისში მაროკოს ქალაქებში კასაბლანკასა და რაბათში ვიყავი, სადაც კონცერტებიც მქონდა. იქაურმა მეფე მუჰამედმა დაგვპატიჟა. რაბათის სამეფო დარბაზში გამოვდიოდით. იმ დარბაზში ჩემი დიდი აფიშა ახლაც კიდია. ვინც იქ კონცერტს ჩაატარებს, მის აფიშას აღარ ხსნიან და სამუდამოდ ტოვებენ. მაროკოშო არაბები ცხოვრობენ, მაგრამ ის საფრანგეთის კოლონია იყო და ყველა ფრანგულად ლაპარაკობდა. ფრანგების გავლენის ქვეშ არიან. სხვათა შორის, რატომღაც ძალიან უყვართ პიტნის ჩაი. დღე და ღამე ამ ჩაის სვამენ. მეც არაერთხელ დამალევინეს, მაგრამ მათი ჩაი ძალიან ტკბილია, მე კი უშაქროს ვსვამ.
იქ ცხოვრობს ქართველი ქალი, სახელად რუსიკო. მან მაროკოელებს საქართველო გააცნო და საკმაოდ კარგადაც. იქ რომ ჩადიხარ და იგებენ, ქართველი ხარ, უკვე იციან, ვინ ხარ, რა ქვეყანაა, წარმოდგენა აქვთ შენზე. შანხაიში რომ იგებენ საქართველოს, იმ წამსვე რუსეთი ახსენდებათ და კითხულობენ: "რუსეთიდან, არა?". მათ ასე ახსოვთ. შანხაის ერთ–ერთი შენობის ლიფტში ორი ჩინელი დამემგზავრა. მკითხეს: "რაშენ?" (რუსი ხარო). არა, ქართველი ვარ–მეთქი. უფროსი თაობის ადამიანებს რუსები ვგონივართ.
– პირველი გასტროლი რომელ ქვეყანაში გქონდათ?
– ჩემი პირველი გასტროლი იყო ინდოეთში. ძალიან მომეწონა ბომბეი, ტაჯმაჰალი. კომუნისტების დროს პირველად ვიყავი კაპიტალისტურ ქვეყანაში და ალბათ ამიტომ დამამახსოვრდა ასე შთამბეჭდავად. იმ პერიოდში გერმანიაშიც ვიყავი და სხვა ევროპულ ქვეყანაშიც. როცა ჩვენთან გაქანებული კომუნიზმი იყო, ყველა ევროპული ქვეყანა მომწონდა, ალბათ იმიტომ, რომ იქ ისეთ რაღაცეებს ვხედავდი, რასაც საქართველოში ვერ ნახავდი, ელემენტარულად, კევს და ბოთლის გაზიან სასმელს. ხამი ქართველები ყუთობით ვყიდულობდით ამ ყველაფერს და მოგვქონდა. საბჭოთა მსახიობს ეტყობოდა, რომ საბჭოთა მსახიობი იყო, რადგან გასტროლზე რომ მიდიოდა, ბევრ კევს ყიდულობდა და სამშობლოში მოჰქონდა.
– რომელი ევროპული ქვეყანა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
– ძალიან მომეწონა პრაღა, ულამაზესი ქალაქია, ხალხიც სხვანაირია. მაგალითად, ფრანგები ხელოვნურად გიღიმიან და ამას გრძნობ. ჩემს ბიჭს კი ძალიან უყვარს იტალია. იქ სწავლობდა. იტალიური ენა იცის, ბევრი მეგობარი ჰყავს და იქაურობა ძალიან უყვარს.
– საზღვარგარეთ ჩასული, პირველ რიგში, რას აკეთებთ?
– სადაც უნდა წავიდე, თუნდაც საქართველოს მასშტაბით, დასვენებად არ ვთვლი, თუ ძილი დამაკლდა და ვერ გამოვიძინე. საზღვარგარეთ ჩასულმაც, პირველ რიგში, კარგად უნდა გამოვიძინო. თუ ეს ვერ მოვახერხე, მეორე დღეს ვერაფერს დავათვალიერებ და გავაკეთებ.
– რა მოთხოვნები გაქვთ სასტუმროს მიმართ?
– ბუნებრივია, ყოველთვის კითხულობენ, რა საჭმელი გინდათ, რამდენი ბალიში, რა პირობები გჭირდებათ და ასე შემდეგ. ჩემი მოთხოვნა ასეთია: ყოველ დილით უნდა მქონდეს მწვანე ვაშლი, ეს აუცილებელია. ასევე მჭირდება ორი ბალიში, ერთზე – თავი მიდევს, მეორე – ხელში მიჭირავს. ასეთი ჩვევა მაქვს.
– შოპინგი გიყვართ?
– ძირითადად ილუზიონისტებისთვის განკუთვნილ მაღაზიებში შევდივარ და საჭირო ინვენტარს ვიძენ. ტანსაცმლის მაღაზიებში არ დავდივარ, ისინი საქართველოშიც ბევრია.
– ბევრს მოგზაურობთ და თვითმფრინავს ალბათ უკვე შეეჩვიეთ.
– თვითმფრინავი ყველაზე საშიში აფრენა–დაჯდომის დროსაა. ამ დროს უსიამოვნო შეგრძნება მართლა ექმნება ადამიანს, მაგრამ საპანიკო არაფერია. რა აზრი აქვს პანიკაში ჩავარდნას? ამაზე თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ არ ღირს.
– რასთან ასოცირდება თქვენთვის სიტყვა "მოგზაურობა"?
– სამზადისთან. უნდა ავდგე, ჩემი რეკვიზიტები ჩავალაგო, ბარგი მოვამზადო, წავიღო, ვათრიო და ა.შ. ყველაზე მეტად ეს პროცესი მეზიზღება და ამიტომ ამ სიტყვაზეც ეს მახსენდება.
ანა ნოდია

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ლაშა რამიშვილს ედინბურგში შიშველი მანეკენი მოხვდა თავში
თამუნა ამონაშვილი ნიუ იორკმა შეაშინა
რა ასწავლა გიორგი გოგიშვილს ირლანდიაში ცხოვრებამ
რას ჩამოგიტანენ მეგობრები ბერლინიდან












ნინი ქარსელაძე ლონდონმა დეპრესიაში ჩააგდო
ნინო კურატაშვილი: "ტაილანდის ბარებში დაჩოქილები გვემსახურებოდნენ"
ქეთა ლორთქიფანიძე: "ჩემი სამი ქორწინებიდან არც ერთხელ მქონია საქორწინო მოგზაურობა" 

რატი დურგლიშვილი: "ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე დუბაის ღამის კლუბში ლიმუზინებით მივედით"
ჯუმბერ ლეჟავა: "ღმერთი, ჩემი ველოსიპედი და მე ერთად ვმოგზაურობთ"
ლიზა ვადაჭკორიას ფრანგი სტუმარი კინაღამ ხელში ჩააკვდა
როგორ გააცურეს რუსმა გოგოებმა გია ნიკოლაძე
კახა კუხიანიძე: ”მხოლოდ დაფრენის მეშინია”
თიკო სადუნიშვილი: "ვთვლი, რომ პარიზმა მიმიღო"
ნუცა ჯანელიძემ ბარსელონაში ყაზახი მეგობრის დაბადების დღე ქართულად აღნიშნა
ჩინეთში ჩასულ ტურისტებს `ზეცაში გასეირნება~ შეეძლებათ
ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი 















