
სანამ წლევანდელ "ჯეოსტარში" გამოჩნდებოდა, გიორგი გოგიშვილი ირლანდიაში 3 წელი ცხოვრობდა. ასე თვითონ გადაწყვიტა დამოუკიდებლად და მოულოდნელად. იქ სწავლობდა, მუშაობდა და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. მისი დაბრუნებაც მოულოდნელი იყო, იმდენად, რომ დედა შოკში ჩააგდო.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გიორგიმ სიმღერაში მუშაობა განაახლა და ასე მოვიდა მასთან გადაწყვეტილება, "ჯეოსტარის" შესარჩევ ტურში გასულიყო. მაყურებლის სიმპათიაც უცებ დაიმსახურა. როგორც ჩანს, ხალხმა მისი სიმღერის მიღმა მისი პიროვნებაც ადვილად ამოიცნო – გულწრფელი ბიჭი, ერთგული მეგობარი და მისი ძალიან საინტერესო ოჯახი. დანარჩენს თვითონ გვიამბობს.
– გიორგი, გვიამბეთ თქვენზე, რა განათლება გაქვთ, რა ინტერესებით ცხოვრობთ...
– 24 წლის ვარ. ორი სკოლიდან გამომაგდეს, მესამე კი წარჩინებით დავამთავრე.
– ასეთს რას აკეთებდით, რატომ გაგდებდნენ სკოლებიდან?
– ჟურნალის დაწვის გამო. არადა მე არ გამიკეთებია, მეგობრის საქციელი დავიბრალე. მეორე სკოლიდან იმიტომ გამომაგდეს, რომ არ ვსწავლობდი. მესამე სკოლაში სხვადასხვა კონცერტებზე გამოვდიოდი და ალბათ ამიტომაც დავამთავრე წარჩინებით. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე საბანკო–საფინანსო ფაკულტეტზე. 2 წელი ვსწავლობდი, მერე აკადემიური ავიღე და ირლანდიაში წავედი. იქ სახელმწიფო დაფინანსება მოვიპოვე. ერთ–ერთ საერთაშორისო კოლეჯში ჩავაბარე და 6 თვე უცხო ენას და კომპიუტერს ვსწავლობდი. მერე სწავლა ვეღარ გავაგრძელე და მუშაობა დავიწყე. სხვადასხვა ადგილას მოვსინჯე თავი, მშენებლობაზეც ვმუშაობდი. შრომა არასოდეს მეთაკილებოდა. შემოსავალიც მქონდა, ოჯახსაც ვეხმარებოდი და დანაზოგიც გავაკეთე. 3 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და თბილისური ცხოვრება დავიწყე. ძველი "შეტენილი" გამოცდები ჩავაბარე, სტუდენტობა გავაგრძელე და საბანკო–საფინანსო ფაკულტეტი დავამთავრე.
– დღეს როგორ აფასებთ შორეულ ირლანდიაში გატარებულ წლებს, რა მოგცათ იქ ცხოვრებამ?
– 18 წლის ვიყავი, ირლანდიაში რომ წავედი. დამოუკიდებლად ცხოვრება არ გამჭირვებია. ჯერ ინგლისში ჩავედი და მერე იქიდან ირლანდიაში გადავიპარე. იქ შინაურები დამხვდნენ. ის პერიოდი კარგად მახსენდება. ცხოვრება ირლანდიაში ვისწავლე, დიდი გამოცდილება მივიღე. დროის ფასი გავიგე და შრომისმოყვარე გავხდი.
– თუმცა თქვენი ასაკის ადამიანებისთვის უცხოეთში უამრავი ცდუნებაცაა, რასაც ბევრი ვერ უძლებს.
– მსგავსი არაფერი დამმართნია. ისე კი, გარყვნილება დამხვდა. ქართველი საზღვარგარეთ უნდა ნახოთ და იქ უნდა გაიცნოთ, როგორია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, კარგი ადამიანებიც იყვნენ. ღვთის წყალობით, დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლე და სწორ გზას არ ავცდენილვარ.
– ოჯახის წევრებს ალბათ ძალიან გაუძნელდათ თქვენთან განშორება.
– საქართველოში ისე დავბრუნდი, არავინ არაფერი იცოდა. დედა სულ მეუბნებოდა, ჩამოდი, ძალიან გვენატრებიო. ერთ მშვენიერ დღეს ავიღე ბილეთი და დილის 5 საათზე ჩამოვფრინდი. მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, აეროპორტში ყვავილები დამახვედრე–მეთქი. სახლთან რომ მივედი, დედას დავურეკე. მოგეხსენებათ, დილით ადრე რომ გირეკავენ, კარგის მაუწყებელი არ არის. დედას გული ცუდად გაუხდა, ჩემი ხმა რომ გაიგონა. პირველი ის მკითხა, სად ხარო. თითქოს ინტუიციით მიხვდა, მასთან ახლოს რომ ვიყავი. ვუპასუხე, კარი გააღე და გამოიხედე–მეთქი. ვერ გადმოგცემთ, დედას ჩემს დანახვაზე რა დაემართა!.. სიურპრიზმა კი გაამართლა, მაგრამ დიდი შოკი მიიღო.
ყველა მეგობარს ჩემი დაბრუნება დაახლოებით ასეთი ფორმით შევატყობინე. საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ მქონია. ჩემი მშობლები ამერიკაში ცხოვრობდნენ და იციან, რას ნიშნავს უცხოეთში ცხოვრება, ასე რომ, ხელი არ შეუშლიათ. დანაზოგით ბევრი რამ შევიძინე. აქ რომ ვყოფილიყავი, ამ რაღაცეების ყიდვა გამიჯანჯლდებოდა.
– უფრო დაწვრილებით გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.
– მყავს 20 წლის და, გვანცა. ხშირად ვჩხუბობთ, აზიატი ვარ და დას არ ვუთმობ. გვანცამ აუტიზმით დაავადებული ბავშვების მოვლა და მათზე ზრუნვა არჩია. ეს ნაბიჯი ჩვენგან დამოუკიდებლად გადადგა, მე კი ამას ვერასოდეს გავაკეთებდი, ალბათ იმიტომ, მასავით ძლიერი არ ვარ. მეცოდება, ასეთ ადამიანებს რომ ეხმარება. დამეთანხმეთ, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ თავისი საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მომავალში აუტიზმით დაავადებულების პედაგოგი იქნება. მის გადაწყვეტილებას და გამბედაობას პატივს ვცემ.
რაც შეეხება მამას, ბატონი ალბერტო საერთოდ არ მღერის, ამის ნიჭი არ გააჩია, რასაც დედაზე, მაია ჟიჟილაშვილზე ვერ ვიტყვი. სიმღერის ნიჭი დედისგან გადმომეცა. ის "გეპეი"–ს ჯაზორკესტრში უკრავდა, მაგრამ შვილების და ოჯახის გამო ამ საქმეს ბოლომდე აღარ გაჰყვა. დედის წყალობით, ჩვენს სახლში სიმღერა ყოველთვის ისმოდა. მისი დამსახურება იყო, რომ სიმღერაზე შემიყვანეს. თავიდან მასწავლებელთან სულ ძალით დამატარებდნენ. რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში დავდიოდი. 16 წლის ასაკში კი სიმღერას თავი დავანებე. 8 წლის შემდეგ ჩემს პედაგოგს, ნანა გოგიშვილს დავუბრუნდი. მასთან მეცადინეობის პარალელურად "ჯეოსტარის" კასტინგში ვმონაწილეობდი.
– აი, მივადექით კიდეც "ჯეოსტარის" თემას. ამ კონკურსში მონაწილეობა როგორ გადაწყვიტეთ?
– ირლანდიიდან რომ დავბრუნდი, ერთ–ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად დავიწყე მუშაობა, სატვირთო მანქანას ვატარებდი. ჩემი სამუშაო გრაფიკის გამო დილაუთენია სამსახურში ვიყავი, შინ გვიან ღამით ვბრუნდებოდი, თან ქიმიურ ნაწარმთან მქონდა შეხება და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა. ექიმის მოთხოვნა იყო, რომ ამ სამსახურისთვის თავი დამენებებინა. აგვისტოში იქიდან მართლაც წამოვედი და ქალბატონ ნანასთან მივედი. უამრავი თავისუფალი დრო მქონდა და მეგობრები ჩამაცივდნენ, "ჯეოსტარში" გადიო. ამასთან დაკავშირებით ჩემს პედაგოგსაც ვკითხე აზრი და ასე აღმოვჩნდი აქ.
– დიდმა სცენამ თქვენზე როგორ იმოქმედა?
– სახლში, შინაურების წრეში, ყოველთვის ვმღეროდი, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის არ მიმღერია. აქამდეც ვმდგარვარ სცენაზე, ოღონდ 38 ადამიანთან ერთად ვყოფილვარ და ბანი მიმიცია. ჩემთვის სიმღერის ხელახლა წამოწყება ძალიან სწორი და დროული იყო. უკვე 24 წლის ვარ და ახლა თუ არ დავუბრუნდებოდი სიმღერას, მერე ძალიან დაგვიანებული იქნებოდა.
– რვაწლიანი პაუზის მერე გაგიძნელდათ ამღერება?
– არა, არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავს. ქალბატონმა ნანამ "ჯეოსტარისთვის" ძალიან მოკლე ვადაში მომამზადა. პირველი კონცერტის შემდეგ საკუთარ თავს ძალიან დიდ ცვლილებას ვამჩნევ, აშკარად გავიზარდე, ბევრი რამ ვისწავლე.
– ესემეს–ლიდერი გახდით, ეს რისი შედეგია – მატერიალურად ძლიერი ოჯახი და სანაცნობო წრე გყავთ თუ მართლაც ხალხის რჩეული ხართ?
– მატერიალურად ძლიერი ოჯახი არ მყავს, არც ჩემს მეგობრებს გადასდით თავზე. მე დიდი სამეგობრო წრე მყავს. კახეთიც ძალიან აქტიურობს. შარშან ამ კუთხიდან "ჯეოსტარში" კონკურსანტი არ ჰყავდათ, შესაბამისად წელს კახელები გახარებულები არიან და ორმაგად მიჭერენ მხარს. ამისთვის დიდი მადლობა მათ. ჩემთვის ესემესლიდერობა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შედეგების ნახვის შემდეგ სიხარული ვერ გამოხატე.
– თბილისში დაიბადეთ და გაიზარდეთ. კახეთის სახელით რატომ გამოდიხარ?
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ პატარა რომ ვიყავი, კახეთში დიდ დროს ვატარებდი. იქ ბებო მყავს და რაღაც პერიოდი მასთან ვცხოვრობდი სოფელ შაშიაანში. მიყვარს კახეთი და კახელები. საიდანაც ხარ წარმოშობით, ის კუთხე უნდა გიყვარდეს. კახეთის სახელით ამიტომაც გამოვედი.
– როგორ ატყობთ, "ჯეოსტარმა" პიროვნულად შეგცვალათ?
– უცხო ადამიანებისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. გუშინ ქუჩაში გამვლელმა გადამკოცნა. ეს ფაქტი სასიამოვნოც არის ჩემთვის, მაგრამ ამავე დროს – უცხოც. პოპულარობამ საკმაოდ დამაკომპლექსა, რადგან, რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად მძაბავს კიდეც. ამ ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია, ეს კარგად ვიცი და ამიტომ ყოველთვის ისეთი დავრჩები, როგორიც ახლა ვარ.
– მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა თუ იცით?
– ვოკალის პედაგოგთან სიარულს თუ არ ჩავთვლით, მუსიკალური განათლება არ მიმიღია. ახლა მინდა, რომ ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდო. გიტარას კარგად ვფლობ, ფორტეპიანოსა და ტამტამზეც ვუკრავ.
– პასიური დასვენება გიყვართ თუ აქტიური?
– არ მიყვარს კლუბები, ხმაური, მომწონს პიკნიკები. არ ვსვამ. ბევრი მეგობარი მყავს. მათ იდეალურ მეგობრობას ვუწევ. რადგან არ ვსვამ, საჭესთან მუდამ მე ვჯდები და სახლებში ვარიგებ. ეკლესიურად ვცხოვრობ. უკვე დიდი ხანია, სიონის საკათედრო ტაძარში ვგალობ.
– ამ ყველაფერში შეყვარებულის ადგილი ჯერ არ არის?
– მყვარებია, მაგრამ ეს სიყვარული დამთავრდა, რადგან ცალმხრივი იყო, მხოლოდ მე მიყვარდა, მას კი – არა. ახლა არავისზე ვფიქრობ, შეყვარებული არ ვარ. მეგობარი გოგოები ადრეც მყავდნენ, მაგრამ ახლა მათმა რიცხვმა იმატა. გოგონების ტელეფონის ნომრები მანქანის მინებზე მხვდება, მთხოვენ, რომ დავურეკო. რა თქმა უნდა, არ ვრეკავ. რა ვუთხრა, რაზე ველაპარაკო?! ისე კი, მადლობა ყველა მათგანს, რომ ჩემი ნამღერი მოსწონთ.
– საერთოდ როგორი გოგონები მოგწონთ?
– ლამაზები და ჭკვიანები. ჩემი შეფასების კრიტერიუმები ასეთია.
– სამწლიან ირლანდიურ ცხოვრებას სასიყვარულო თავგადასავლები არ ახლდა?
– ფლირტი იყო. ერთი პოლონელი გოგონა ძალიან მომწონდა, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია. ახლა მხოლოდ სოციალური ქსელით ვეკონტაქტებით ერთმანეთს.
ლანა კიკნაძე

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი
ლაშა რამიშვილს ედინბურგში შიშველი მანეკენი მოხვდა თავში
თამუნა ამონაშვილი ნიუ იორკმა შეაშინა
რას ჩამოგიტანენ მეგობრები ბერლინიდან












ნინი ქარსელაძე ლონდონმა დეპრესიაში ჩააგდო
ნინო კურატაშვილი: "ტაილანდის ბარებში დაჩოქილები გვემსახურებოდნენ"
ქეთა ლორთქიფანიძე: "ჩემი სამი ქორწინებიდან არც ერთხელ მქონია საქორწინო მოგზაურობა" 

რატი დურგლიშვილი: "ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე დუბაის ღამის კლუბში ლიმუზინებით მივედით"
ჯუმბერ ლეჟავა: "ღმერთი, ჩემი ველოსიპედი და მე ერთად ვმოგზაურობთ"
ლიზა ვადაჭკორიას ფრანგი სტუმარი კინაღამ ხელში ჩააკვდა
როგორ გააცურეს რუსმა გოგოებმა გია ნიკოლაძე
კახა კუხიანიძე: ”მხოლოდ დაფრენის მეშინია”
თიკო სადუნიშვილი: "ვთვლი, რომ პარიზმა მიმიღო"
ნუცა ჯანელიძემ ბარსელონაში ყაზახი მეგობრის დაბადების დღე ქართულად აღნიშნა
ზურა ვადაჭკორიამ შანხაი ბრინჯით ხელში შემოიარა
ჩინეთში ჩასულ ტურისტებს `ზეცაში გასეირნება~ შეეძლებათ 















