
მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა ბოლო ოთხი თვე თბილისში გაატარა და მალე მოსკოვში მიემგზავრება. მისი მეუღლე, რეჟისორი რეზიკო არჩვაძე კი ოთხი წელია, საქართველოში არ ყოფილა და საშინელი ნოსტალგია აქვს. ცოლ–ქმარი აპირებენ, უახლოეს მომავალში საქართველოში საბოლოოდ დაბრუნდნენ.
ბავშვობიდან მოყოლებული თამუნას არაერთ ქვეყანაში უმოგზაურია. მოგზაურობა მისი ჰობია, უცხო ადგილების ნახვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა მეგაპოლისებს ვერ ეგუება. მისი საყვარელი გარემო თბილი, სამხრეთის ქვეყნები და პატარა ქალაქებია.
– თამუნა, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო, ისეთი, რაც არ ვიცით?
– სიმართლე გითხრათ, ასეთი არაფერი ხდება. ახლა თბილისში ვარ და მალე ვაპირებ წასვლას, რადგან ოთხი თვეა, აქ ჩავრჩი, რეზიკო კი მოსკოვშია. უკვე 4 წელია, არ ყოფილა საქართველოში და საშინელ განცდებშია. ცხოვრებაში ყველაფერი ზევიდან იგეგმება, ჩვენგან დამოუკიდებლად. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში ასეა. წინასწარ დაგეგმვა არ მიყვარს. რომც დავგეგმო, არ გამოდის ხოლმე. ვცდილობ, ცხოვრების დინებას მივყვე. ადრე, რამე თუ არ გამომივიდოდა, ვნერვიულობდი. ახლა კი ამ ყველაფერს მშვიდად ვხვდები.
– მართალია, დაგეგმვა არ გიყვართ, მაგრამ თუ ფიქრობთ მაინც საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებაზე?
– აუცილებლად! გაუსაძლია სხვა ქვეყანაში ცხოვრება. თან, მე არ მიყვარს მეგაპოლისები. პატარა ქალაქში გავიზარდე და მიყვარს, როცა ყველაფერი ჩემთან ახლოს არის. დიდ ქალაქებს და ქვეყნებს ვერ ვეგუები. ამერიკა რომ ამერიკაა, ვერ გავითავისე. ნიუ იორკი საოცრებააო, ასე ვიცოდი, სანამ ვნახავდი. კი, უზარმაზარია, საოცრებაა, მაგრამ მე შემეშინდა. ისეთი არ არის, როგორიც ამერიკული ფილმებიდან ვიცით. როცა იქ ტურისტად ჩადიხარ, იმ ცხოვრებაში ვერ შეხვალ, რომელსაც ფილმებში ხედავ. ზედაპირულად ნახულობ ყველაფერს. იქ უნდა ცხოვრობდე, რომ ეს ყველაფერი შეიგრძნო. მე ასეთ ქვეყნებში ცხოვრება ძალიან მიჭირს. ფსიქოლოგიურად, შინაგანად, მორალურად ვიკარგები. მასშტაბები მაშინებს. გრანდიოზულობა ჩემთვის შიშისმომგვრელია.
– თქვენს მოსკოვურ ცხოვრებაზე გვიამბეთ.
– იქ უკვე მე–4 წელია ვცხოვრობთ. დისკომფორტი მაქვს იმ მხრივ, რომ ცხოვრობ სახელმწიფოში, რომელიც შენს ქვეყანას ემტერება. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებიდან მოდის და არა – ხალხის გადაწყვეტილებით. უბრალო ხალხს, ზრდასრულ ადამიანებს, ძალიან უყვართ საქართველო, პატარა თაობა კი არაფრის აზრზე არ არის და საერთოდ არ იცის, რა არის საქართველო.
ვერ გეტყვით, რომ ჩემი მოსკოვური ცხოვრება ისეთივე დატვირთულია, როგორიც საქართველოში. ბავშვობიდან ისეთ საქმეს ვემსახურები, სადაც მუდამ რაღაც ხდებოდა, მუდამ სადღაც ვიყავი – ხან ჩაწერა, ხან გადაღება, წვეულება და ა.შ. მოსკოვში ასეთი რაღაცეები არ ხდება. იქ სულ დატვირთული ვერ იქნები, უბრალოდ მუშაობ, როგორც ყველა. კარგახანს მოსკოვში მე არ ვმუშაობდი, უბრალოდ ვისვენებდი, ეს კი ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, რადგან მსგავს რიტმს არ ვიყავი შეჩვეული. მერე საქმე მოვნახე. ქართულ რესტორანში ვერ ვიმღერე. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ეს არ შემიძლია და არ არის ჩემი საქმე. იქაურ კლუბებში ვმღერი ხოლმე, როცა მიწვევენ. თვეში რამდენჯერმე მაქვს მიწვევა. ჩემი მეორე პროფესია დიზაინერობაა და ამ მხრივ დავიწყე მუშაობა, ოღონდ ჯერ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ბეწვზე მუშაობა მომწონს. რომ ჩავალ, უნდა გავაგრძელო სწავლა და ბეწვეულის ტექნოლოგია შევისწავლო. ეს ჩემი მეორე საყვარელი საქმეა.
– ზაფხულობით საქართველოში ჩამოდიხართ ხოლმე თუ სხვა ქვეყნებში ისვენებთ?
– ბოლო ორი წელია, საქართველოში ვბრუნდები. იმხელა რელაქსაციაა იმ ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნება, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩამოვდიოდი და 3–4 თვე ვრჩებოდი ხოლმე. აქ იმდენი ნაცნობ–მეგობარია, იმდენი რამ ხდება, უფრო ადრე უკან წასვლას ვეღარ ვახერხებ. გათვალისწინებული რომ მაქვს, ორი თვე დავრჩე, ოთხ თვეზე მეტ ხანს მიწევს გაჩერება. ჩემი მეგობრები სულ რაღაცას აწყობენ, რომ არ გამიშვან.
– მოგზაურობა ხშირად გიწევთ?
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პატარაობიდან მოყოლებული, უამრავი გასტროლი მქონდა. ამ დროს ვახერხებდი დასვენებას, განტვირთვას, ქვეყნის დათვალიერებას, შოპინგს, სამზარეულოს დაგემოვნებას. ნებისმიერი გასტროლი ძალიან სასიამოვნოა, რადგან ჯგუფთან ერთად მიდიხარ და ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად კარგ დროს ატარებ – თან შემოქმედებითად ისვენებ, თან დადებით ემოციებს იღებ.
– ოდესმე მარტოს თუ გიმოგზაურიათ?
– მარტო არასოდეს წავსულვარ და ვერც წარმომიდგენია, ასე როგორ უნდა ვიმოგზაურო. უცხო ქვეყანაში მარტოდ ყოფნა საცოდაობაა, ვერაფერს შეიგრძნობ. ასე საქართველოშიც კი გამიჭირდება და, მით უმეტეს, უცხოეთში.
– პირველი საგასტროლო გასვლა თუ გახსოვთ?
– პირველი გასტროლი სკოლის ასაკში მქონდა. ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთში ვიყავით. პირველი ემოცია დღემდე მახსოვს. იმ პერიოდში არაფერი ხდებოდა საქართველოში. მაშინდელი ნაცრისფერი ქვეყნიდან ისეთ სამყაროში მოვხვდი, სადაც ყველაფერი მაოცებდა. კევი რომ კევია, ისიც კი გაგვიკვირდა. ძალიან კარგად მახსოვს, იქ ვიყიდე ძაღლების სურათიანი ჯინსის ქვედატანი. 50 მანეთი მოგვცეს და იმით შევიძინე. ოჯახის წევრებს ვუყიდე სუვენირები. ერთი წელი ის ქვედატანი მეცვა და ძალიან ვისიამოვნე, თბილისში არავის ჰქონდა მსგავსი კაბა.
– ყველაზე მასშტაბური გასტროლი სად გქონდათ?
– ასეთი გასვლა იყო ამერიკის ერთ–ერთ ქალაქში მანამ, სანამ ნიუ იორკში გადავიდოდით. იცით, რა არ მომეწონა? გზები, ხიდები, გზები, ხიდები – აი, მხოლოდ ეს იყო იმ ქალაქში, მეტი არაფერი. ვიკითხე კიდეც, ეს არის ნაქები ამერიკა, გზების და ხიდების მეტი არაფერი არის–მეთქი. ხალხიც კი არ დადიოდა, ადამიანის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ უზარმაზარი ხიდები და გზები. ხუთი დღის განმავლობაში მხოლოდ ამას ვუყურებდი. მერე გადავედით ნიუ იორკში. იქ გავმართეთ კონცერტი. ღამის კლუბში წაგვიყვანეს და იქ გავიგე, რა არის ამერიკა. ნიუ იორკში ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ და საკმაოდ კარგი დროც გავატარეთ, მაგრამ ამერიკა არ არის ჩემი ქვეყანა.
– მაშინ რომელია "თქვენი" ქვეყანა?
– ისრაელი. თითქოს იქ დავიბადე. მიყვარს მზიანი, მშრალი ქვეყნები და ისრაელიც ასეთია. ამ ყველაფერთან ერთად ამ ქვეყანაში უზარმაზარი სიწმინდეა. საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაფერი. ისრაელში 9–ჯერ მაინც ვარ ნამყოფი, ხან გასტროლებით, ხან მეგობრებთან ერთად... პირველად მოცეკავეებთან ერთად წავედი, ჩვენთან ერთად იყვნენ მომღერლები ირმა სოხაძე და ბესო კალანდაძე. გაკეთდა გადაცემა, რომ ქართველი პოპულარული მომღერლები ჩავიდნენ ისრაელში და მეორე დღეს ყველა გვცნობდა ქუჩაში. ისრაელი რამდენჯერმე მოვიარე და ყველაფერი დავათვალიერე. ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი და ახლა ნოსტალგია მაქვს, კიდევ მინდა ჩასვლა. სულ ვამბობ, სასწრაფოდ უნდა ვიშოვო ფული, რომ იქ სახლი ვიყიდო–მეთქი. ისრაელში არ ხარ დაკარგული, ძალიან ბევრი ქართველია, თავს შინაურულად გრძნობ.
– რომელი ევროპული ქვეყანა მოგეწონათ?
– ძალიან მომეწონა იტალია. სხვათა შორის, იქაური ხალხი ქართველებს ჰგავს. ჩვენთან ახლოს ვინც არის, რატომღაც ის ხალხი და შესამაბისად ის ქვეყანა მომწონს. ესპანელებზეც იგივეს თქმა შემიძლია.
– რას ნიშნავს თქვენთვის მოგზაურობა?
– პირდაპირ გეტყვით, მოგზაურობა ჩემი ჰობია. ამ დროს აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვხდები. ძალიან მიყვარს ღამის ქალაქები და ყველა ქვეყანაში, სადაც კი ჩავდივარ, ღამით გავდივარ ქუჩაში და ვათვალიერებ.
– საქორწინო მოგზაურობაში თუ იყავით თქვენ და რეზიკო?
– ჩვენი საქორწინო მოგზაურობა მოსკოვში წასვლა იყო. რომ დავქორწინდით, მალევე წავედით რუსეთში საცხოვრებლად და ერთ წელიწადში უკან ჩამოვედით. შემდეგ კი წავედით და წავედით.
– კომფორტის მოყვარული ხართ?
– ძალიან მიყვარს კომფორტი. აუცილებლად ვაკვირდები, რამდენად კომფორტულია სასტუმრო. ახალი სახლი მოვაწყვეთ საქართველოში სასტუმროს მსგავსი დიზაინით, ანუ მაქსიმალური კომფორტი შევიქმენი, რადგან ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამ სახლში ისეთივე განწყობა შევქმენი, როგორიც კარგ სასტუმროში მაქვს ხოლმე. თქვენს ჟურნალს აქვს რუბრიკა "ინტერიერი" და გპირდებით, რომ ჩემი ახალი სახლის ინტერიერზე პირველად "სარკესთან" ვისაუბრებ.
ისე, არაკომფორტულ პირობებშიც ვყოფილვარ. ადამიანი ვარ და გაძლება, რა თქმა უნდა, შემიძლია. ცხოვრება ისეთია, მუდმივად კომფორტულად ვერ იქნები, მაგრამ, როცა სამოგზაუროდ მივდივარ, არ შემიძლია, ისე ჩავიდე, თუ არ ვიცი, სად დავბინავდები, როგორი სასტუმრო იქნება, რა პირობები მექნება. საზღვარგარეთ კი არა, აჭარაშიც რომ მივდივარ, ზღვისპირა ქალაქებში, იქაც წინასწარ უნდა დავჯავშნო და ვიცოდე, სად მივდივარ და როგორ ვიქნები. პატარა რომ ვიყო, რატომაც არა, თავგადასავლები კარგია, მაგრამ იმ ასაკში ვარ, როცა კომფორტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. უცხოეთში ყველას იმიტომ გვიხაროდა წასვლა, რომ დიდ კომფორტს გვიქმნიდნენ მასპინძლები.
– რომელიმე ქვეყნიდან ცუდი ემოცია თუ გამოგყოლიათ?
– ამერიკიდან! აქედან წასულმაც დავკარგე ბარგი, რომელიც 3 დღის მერე მომიტანეს და იქიდან წამოსულმაც, რომელიც ვეღარ იპოვეს. მთელი ჩემი ჰონორარი, რაც ავიღე, ჰაერში წავიდა, რადგან ის ჩემოდანი დავკარგე, სადაც ახალი შენაძენები მელაგა. ძალიან მეწყინა და ძალიან ცუდად დამამახსოვრდა.
– შოპინგი გიყვართ?
– ვგიჟდები! პატარა სუვენირის ყიდვაც კი კარგ ხასიათზე მაყენებს. შემიძლია უბრალოდ ვიარო და ვათვალიერო. თან, როცა დიზაინის სფერო გაინტერესებს, სულ ინფორმირებული უნდა იყო, რა არის მოდაში და რა – არა, მოდის ტენდენციები უნდა იცოდე.
– თვითმფრინავში თავს როგორ გრძნობთ?
– სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ცოტა შიში დამჩემდა, ადრე არასოდეს მეშინოდა. პირიქით, ძალიან მიყვარდა ეს პროცესი. მიყვარს აეროპორტები – მოცდის პროცესი, ჩაჯდომა, აფრენა, აეროპორტიდან გასვლა... ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს. სწორედ აეროპორტებით ვიწყებ ქვეყნის შეფასებას – როგორც იქ დამხვდებიან, იმ ქვეყანაშიც ისეთი ხალხი მხვდება.
ანა ნოდია
|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი
ლაშა რამიშვილს ედინბურგში შიშველი მანეკენი მოხვდა თავში
რა ასწავლა გიორგი გოგიშვილს ირლანდიაში ცხოვრებამ
რას ჩამოგიტანენ მეგობრები ბერლინიდან












ნინი ქარსელაძე ლონდონმა დეპრესიაში ჩააგდო
ნინო კურატაშვილი: "ტაილანდის ბარებში დაჩოქილები გვემსახურებოდნენ"
ქეთა ლორთქიფანიძე: "ჩემი სამი ქორწინებიდან არც ერთხელ მქონია საქორწინო მოგზაურობა" 

რატი დურგლიშვილი: "ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე დუბაის ღამის კლუბში ლიმუზინებით მივედით"
ჯუმბერ ლეჟავა: "ღმერთი, ჩემი ველოსიპედი და მე ერთად ვმოგზაურობთ"
ლიზა ვადაჭკორიას ფრანგი სტუმარი კინაღამ ხელში ჩააკვდა
როგორ გააცურეს რუსმა გოგოებმა გია ნიკოლაძე
კახა კუხიანიძე: ”მხოლოდ დაფრენის მეშინია”
თიკო სადუნიშვილი: "ვთვლი, რომ პარიზმა მიმიღო"
ნუცა ჯანელიძემ ბარსელონაში ყაზახი მეგობრის დაბადების დღე ქართულად აღნიშნა
ზურა ვადაჭკორიამ შანხაი ბრინჯით ხელში შემოიარა
ჩინეთში ჩასულ ტურისტებს `ზეცაში გასეირნება~ შეეძლებათ 





