
მსახიობი ნინო თარხან–მოურავი მოგზაურობაზე გიჟდება. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, როცა საშუალება აქვს, ამ სიამოვნებას არ იკლებს. ურჩევნია, მეუღლესთან, მსახიობ თემიკო ჭიჭინაძესთან ერთად იმოგზაუროს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ახერხებს. უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული სწორედ ქმარს უზიარებს ემოციებს. ქვეყნები დაყოფილი აქვს ორ კატეგორიად – სადაც სიამოვნებით იცხოვრებდა და სადაც ვერ იცხოვრებდა. ნინოს ოცნების ქალაქი რომია, სადაც ჯერ ნამყოფი არ არის.
ნინო თარხან–მოურავი:
– ვგიჟდები, ისე მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ცხოვრების წესი, რომ ხშირად გვქონდეს საამისო ფუფუნება. არ შემიძლია, ავდგე და ჩემით წავიდე სამოგზაუროდ. გამიმართლა იმ მხრივ, რომ თეატრს გასტროლებზე უწევს სიარული.
– ბოლოს სად იმოგზაურეთ?
– ბოლოს ბეირუთში ვიყავი. ეს იყო მარტში და დღემდე წარუშლელი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. არ ვიცი, რატომ, შეიძლება იმიტომ, რომ აქ ზამთრის ბოლო იყო, ჩვენ კი მზიან ქალაქში ჩავედით. არაჩვეულებრივი, თბილი, ლამაზი ამინდები იყო. ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი დაგვხვდა. ლამაზი ქალაქია, საქართველოს მსგავსად ყველა ტაძარი გვერდიგვერდაა – კათოლიკური, მართლმადიდებლური, მუსლიმანური... ყველაფერი ერთად იწყება – ზარების რეკვიდან მოლას ყივილამდე. ვერ იტყვი, რომ აზიაში ხარ, აზიანარევი ევროპაა. ყველაფერი ახლოსაა შენთან.
არაჩვეულებრივ სასტუმროში ვცხოვრობდით. ნომრიდან ისეთი ლამაზი ხედი მქონდა, მისი ყურების მეტი არაფრი მინდოდა. დილით რომ გავიღვიძებდი და ფარდებს გადავწევდი, სულიერი სიმშვიდე იბუდებდა ჩემში.
– იცხოვრებდით ამ ქვეყანაში?
– ისე მომეწონა, ვამბობდი, აქ უნდა დავრჩე–მეთქი. იმ წუთას ასე ვფიქრობდი. ვერ გეტყვით, რეალურად ამგვარი მომენტი რომ დადგეს, რას გადავწყვეტ. არის ქვეყნები, რომლებზეც მითქვამს, აქ ვერ ვიცხოვრებ–მეთქი. ეს ალბათ შინაგანი იმპულსებია, რადგან ვერც ავხსნი, რატომ მომწონს ერთი ქვეყანა და რატომ არ მომწონს მეორე.
– რომელ ქვეყანაზე ან ქალაქზე გითქვამთ, რომ იქ ვერ იცხოვრებდით?
– არ ვიცხოვრებდი ნიუ იორკში, მიუხედავად იმისა, რომ საოცარი ქალაქია. 3 თვე ვიყავი ნიუ იორკში, მაგრამ იქ ცხოვრება არ მინდა. ალბათ იმიტომ, რომ იქ ჰიპერმასშტაბებია, უზარმაზარი ქალაქია. ქალაქი მიყვარს, მანქანა მიყვარს, გამონაბოლქვიც მიყვარს, მაგრამ იქ არ მომინდა დარჩენა. თავის დროზე, როცა მოსკოვში დავდიოდი, კი, არაჩვეულებრივი ქალაქი იყო, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იქ ვერ ვიცხოვრებდი. სამაგიეროდ სიამოვნებით ვიცხოვრებდი პეტერბურგში.
– საზღვარგარეთ ყოფნისას ნოსტალგია რამდენ ხანში გიჩნდებათ?
– ვერ გეტყვით, რომ 2–3 დღეში ნოსტალგია მეწყება, მაგრამ, როცა ნიუ იორკში 3 თვე ვიყავი, მართალია, ბავშვი მყავდა წაყვანილი, მაგრამ მენატრებოდა აქაურობა, მეუღლე, ოჯახი, მეგობრები. ნიუ იორკში დეიდაჩემი ცხოვრობს და მასთან ვიყავი სტუმრად.
– საზღვარგარეთულ შთაბეჭდილებებს ვის უზიარებთ ხოლმე?
– ყოველთვის, როცა რაღაცით ხარ აღფრთოვანებული, გინდა, შთაბეჭდილებები ყველაზე ახლობელ ადამიანს გაუზიარო. ასე მოხდა ნიცაში, ფესტივალზე. სულ ერთი დღე გვქონდა თავისუფალი. ერთ ევროდ ვიყიდეთ ავტობუსის ბილეთი და მონაკოში წავედით. მთელი დღე თავისუფალი გვქონდა და მონაკო ფეხით მოვიარეთ. მერე დავრეკე მეუღლესთან და ერთადერთი წინადადება ვუთხარი, თემიკო, შენ რომ ეს არ ნახო, არ შეიძლება–მეთქი. მხოლოდ ამას ვყვიროდი ტელეფონში.
– რა ნახეთ ასეთი მონაკოში?
– იქ ყველაფერი შთამბეჭდავი და საოცარი იყო. კლდეზე გაშენებული სახლები, ძველი არქიტექტურა, ახალთან შერწყმული, ულამაზესი სანაპირო, საოცარი იახტები. იახტების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდი. სილამაზემ მომჭრა თვალი.
– ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მონაკომ დაგიტოვათ?
– არა, ამას ვერ ვიტყვი. ისლანდიაში, რეიკიავიკში ვიყავი გასტროლებზე. იქ საერთოდ ყველაფერმა მოახდინა შთაბეჭდილება. თვითმფრინავი რომ ჯდებოდა და მიწას ვუყურებდით, მიწის გრუნტიც კი სხვანაირი იყო. სად ვჯდებით, ხალხო–მეთქი, ვიძახდი, მთვარეზე მეგონა თავი. ყველა ხეს პატარა აბრა აქვს მიკრული, ყველაფერს უფრთხილდებიან და უვლიან. იმ ნაპრალთან ვიყავი, ბოლოს ვულკანი სადაც ამოიფრქვა. ისლანდიაში ჩიტები ისე ფრენენ და დადიან მიწაზე, რომ შენი არ ეშინიათ. უცებ შეიძლება ხელზე დაგაჯდეს. ისე მოძრაობენ შენ გარშემო, შენთან ერთად, რომ ხვდები, ამათ საფრთხე არასოდეს დაემუქრებათ. საოცრება იყო!
დიდი შთაბეჭდილებით დავბრუნდი პაკისტანიდან, სადაც ასევე გასტროლზე ვიყავი. ეს საერთოდ სხვა სამყარო იყო. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნამოგზაურები, უცებ მოვხვდი აზიაში და მივხვდი, რომ იქ უფრო მომეწონა. აზია მრავალფეროვანი და საინტერესოა. ძალიან თბილია აღმოსავლეთი. 15 დღით ვიყავი. აზიას სხვა ხიბლი აქვს. ჩვენ იმ პერიოდში გავიზარდეთ, როცა არ შეგვეძლო მოგზაურობა და ევროპაზე ლეგენდები გვესმოდა, რომ ბრწყინვალეა, ლამაზია, საოცრებაა და ა.შ. ყველას გვაინტერესებდა ევროპა. აზია ნაკლებმნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აზია ბევრად საინტერესოა.
– რითი აფასებთ ქვეყანას?
– ყველაფერი მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ვიზუალური კუთხით იწყებ. რა თქმა უნდა, არქიტექტურით, მერე – ხალხით. მნიშვნელოვანია ხალხის შენ მიმართ დამოკიდებულება. პაკისტანშიც და ბეირუთშიც საოცარი ხალხი იყო. ადამიანს თუ ჰკითხავდი, ხომ ვერ მეტყვით, ეს სად არისო, ყველაფერს ყრიდა და შენ მოგყვებოდა, რომ ის ადგილი ეჩვენებინა. ასევე ინგლისის ქალაქებში, სადაც ვყოფილვარ, ყველგან ძალიან გულღია და კეთილი ხალხი შემხვდა.
– რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება თუ გართობა?
– ასეთ დროს კულტურული ძეგლების დათვალიერება უფრო საინტერესოა, ვიდრე გართობა. გართობით ყველგან გაერთობი, როცა გარკვეული შემადგენლობით ხარ წასული. ეს თავისთავად ხდება, სულ არ გჭირდება დისკოთეკა.
– ამ წუთას რომელი ღირსშესანიშნაობა გახსენდებათ, რომელმაც წარუშლელი მოგონება დაგიტოვათ?
– მადრიდში პრადოს მუზეუმი. ეს იყო უდიდესი შთაბეჭდილება, სადაც ბოსხის ნახატები და ესპანელი მხატვრების შედევრები ვნახე. ეს იყო დიდი ხნის წინ და დღემდე მახსოვს. ქვეცნობიერში ემოციის დონეზეა დალექილი.
– კომფორტს რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, კარვითა და ზურგჩანთითაც შეგიძლიათ იმოგზავროთ?
– მიყვარს კომფორტული მოგზაურობები, მაგრამ შემიძლია მთებშიც ვიარო კარვითა და ზურგჩანთით. ყველაფერი შემიძლია. რა თქმა უნდა, ყველას კომფორტი ურჩევნია. არც თვითმფრინავით მგზავრობაა ყოველთვის კომფორტული. მაგალითად, ისლანდიაში რომ მივფრინავდით, თბილისიდან ჩავფრინდით მოსკოვში, იქ აეროპორტში 5 საათი ვიყავით, შემდეგ გავფრინდით ფრანკფურტში, სადაც 12 საათი ვიყავით აეროპორტში და იქიდან ჩავფრინდით ისლანდიაში. ძალიან დამღლელი და რთული მგზავრობა გვქონდა. ასეთი მგზავრობები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ეს ყველაფერი იმ შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების ფონზე გავიწყდება, რომელსაც თუნდაც სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის ტაშით, ასევე იმ ქვეყნის დათვალიერებით იღებ.
– ფეხით სიარული გიყვართ?
– ძალიან მიყვარს. აქაც ფეხით დავდივარ ხოლმე.
– დღის და ღამის ქალაქები განსხვავდება ერთმანეთისგან?
– დიახ. ნებისმიერი ქალაქის დათვალიერება დღისითაც მიყვარს და ღამითაც. განსაკუთრებით ესპანეთში დავდიოდით ფეხით ღამე, რადგან მადრიდში აგვისტოში ვიყავით და დღისით ძალიან ცხელოდა. მინდა გითხრათ, იქ დღისით ყველას სძინავს, სულ სიესტა აქვთ. 2–დან 6 საათამდე ყველაფერი დაკეტილია და კაციშვილს ვერ ნახავ ქუჩაში. იქ ყველაფერი ღამით ხდება, ღამის ცხოვრებაა. ჩვენ რომ ვიყავით, მაშინ ასე იყო. სხვა დროს არ ვიცი, რა ხდება. ღამე ქუჩები, ბაღები ხალხით იყო სავსე, მაღაზიები, რესტორნები ღია იყო, ყველაფერი ჩქეფდა.
– უცხო კერძების დაგემოვნება გიყვართ?
– მიყვარს ყველაფრის გასინჯვა. რვაფეხა მაქვს ნაჭამი, გველი არ გამისინჯავს, დანარჩენი თითქმის ყველაფერი მაქვს დაგემოვნებული. ვგიჟდები ბერძნულ სამზარეულოზე. ძალიან გემრიელი იყო ბეირუთში თევზის რესტორანში სადილი. ისე, აზიური სამზარეულო უფრო მიყვარს სიცხარის გამო. ქართულზე ბევრად ცხარე კერძები აქვთ.
– შოპინგი თუ გიყვართ საზღვარგარეთ?
– მიყვარს და შეძლებისდაგვარად ვახერხებ, როცა ამის საშუალებაა. ცალკე შოპინგის დღეს არ ვიწყობ, რადგან არ მაქვს საამისო ფუფუნება დროისა და ფინანსების თვალსაზრისით. ყველაფერი ერთად უნდა მოახერხო. მისაწებებელ სურათებს ვაგროვებ, ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს და ჩემი მაცივარიც აჭრელებულია ამ მისაწებებლებით. კიდევ ვაგროვებ ჭიქებს, რომლებზეც იმ ქვეყნის სიმბოლოებია გამოსახული, საიდანაც ჩამომაქვს.
– ტურბულენტურ ზონაში თუ მოყოლილხართ?
– ფრენის შიში არასოდეს მქონდა. საშინელ ტურბულენციაში მოვყევი, როცა რეიკიავიკში მივფრინავდით. არ ვიტყვი, რომელი იყო, მაგრამ ჩემმა კოლეგამ ისე შემაშინა, იმის მერე, ცოტა არ იყოს, ფრენის შიში დამჩემდა. ისე ჩამაფრინდა საყელოში და არ მიშვებდა ხელს, რომ ვერაფერს ვაკეთებდი. ვერც ვამშვიდებდი და ვერც ხელს ვაშვებინებდი. მიყვიროდა, ვიღუპებით, იცოდეო. სხვა დროსაც მოვყოლილვარ ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ არ შემშინებია. ამ შემთხვევამ შემაშინა. ვცდილობდი, როგორმე მისგან თავი დამეღწია და ჩემი მეუღლე გამეღვიძებინა, რომელმაც ნერვიულობის ნიადაგზე იქვე დაიძინა. საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით ასეთ მდგომარეობაში.
– როგორია თქვენი სამოგზაურო სამზადისი?
– არ მჩვევია დიდი ჩემოდნის წაღება, ძალიან პატარა ბარგით მივდივარ. თუ რამე დამჭირდება, იქვე ვიყიდი. ორი ხელი ყოველდღიური სამოსი მიმაქვს და ერთი გამოსასვლელი ტანსაცმელი, თუ რაიმე ღონისძიება ან წვეულება მოეწყობა. ამიტომ არც სამზადისია დიდი და ხანგრძლივი. იმ დღეს ვემზადები, როცა უნდა გავფრინდე.
– რომელ ქვეყანაში გინდათ მოგზაურობა?
– რომის ნახვა მინდა ძალიან, ეს არის ჩემი ოცნება! იმედი მაქვს, ვიმოგზაურებ.
ანა ნოდია, ჟურნალი სარკე. N 29

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი
ლაშა რამიშვილს ედინბურგში შიშველი მანეკენი მოხვდა თავში
თამუნა ამონაშვილი ნიუ იორკმა შეაშინა
რა ასწავლა გიორგი გოგიშვილს ირლანდიაში ცხოვრებამ












ნინი ქარსელაძე ლონდონმა დეპრესიაში ჩააგდო
ნინო კურატაშვილი: "ტაილანდის ბარებში დაჩოქილები გვემსახურებოდნენ"
ქეთა ლორთქიფანიძე: "ჩემი სამი ქორწინებიდან არც ერთხელ მქონია საქორწინო მოგზაურობა" 

რატი დურგლიშვილი: "ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე დუბაის ღამის კლუბში ლიმუზინებით მივედით"
ჯუმბერ ლეჟავა: "ღმერთი, ჩემი ველოსიპედი და მე ერთად ვმოგზაურობთ"
ლიზა ვადაჭკორიას ფრანგი სტუმარი კინაღამ ხელში ჩააკვდა
როგორ გააცურეს რუსმა გოგოებმა გია ნიკოლაძე
კახა კუხიანიძე: ”მხოლოდ დაფრენის მეშინია”
თიკო სადუნიშვილი: "ვთვლი, რომ პარიზმა მიმიღო"
ნუცა ჯანელიძემ ბარსელონაში ყაზახი მეგობრის დაბადების დღე ქართულად აღნიშნა
ზურა ვადაჭკორიამ შანხაი ბრინჯით ხელში შემოიარა
ჩინეთში ჩასულ ტურისტებს `ზეცაში გასეირნება~ შეეძლებათ 















