
თუ ეგზოტიკურ დასვენებას გეგმავთ, გირჩევთ, პაფოსს მიაშუროთ. პაფოსი ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს, კვიპროსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე უძველესი წარსულის მქონე ქალაქი და საკურორტო ცენტრია. ის ყველაზე მხიარულ ქალაქად ითვლება, რადგან იქ ყველასთვის გამოინახება გასართობი ადგილი – ახალგაზრდებისთვის, ასაკოვნებისა და ბავშვებიანი ოჯახებისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა პაფოსზე მოხვედრა მათთვის, ვინც კვიპროსში პირველადაა და სურს, კუნძულის ძირითადი ქალაქები მოინახულოს.
გადმოცემის თანახმად, ქალაქი ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტეს სამშობლოა. იქ შემორჩენილია რომაული პერიოდის ნანგრევები, ხოლო ბრიტანული კოლონიზაციის (1959 წლამდე გაგრძელდა) ყველაზე თვალშისაცემი მემკვიდრეობაა მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობა და ინგლისური ენის ცოდნა. 1980 წელს პაფოსი იუნესკო–ს მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა.
კლიმატი
პაფოსში ტიპური ხმელთაშუა ზღვის კლიმატია გამეფებული. ნალექიანი ამინდი ნოემბრიდან მარტამდეა. ზაფხულში პრაქტიკულად არ წვიმს და მაისიდან მოყოლებული საკმაოდ ცხელა, ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. ყველაზე კარგ პერიოდად ივლისი და აგვისტო ითვლება, ხავედროვანი სეზონი კი სექტემბერია. ზამთარი არცთუ ცივი, მაგრამ წვიმიანია. თოვლი კი დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ მოდის.
ენა
პაფოსში ორი სახელმწიფო ენაა – ბერძნული და თურქული. მათ შემდეგ ყველაზე პოპულარულია ინგლისური. თუ ინგლისური იცით, მაშინ თარჯიმანზე თანხას დაზოგავთ. პაფოსის ქუჩებში უამრავი ჯიხურია, სადაც ტურისტებს ექსკურსიებს სთავაზობენ რუსულ და ინგლისურ ენაზე. ადგილობრივი თურქები და ბერძნები კი ერთმანეთს ინგლისურად ელაპარაკებიან.
ფული
პაფოსის, ისევე როგორც მთელი სახელმწიფოს, ეროვნულ ვალუტას ევრო წარმოადგენს. 2008 წლის 1 იანვრამდე მიმოქცევაში კვიპროსული ფუნტი იყო. თურქულ ზონებში კი დღემდე თურქული ლირით სარგებლობენ. მაღალი დონის სასტუმროებსა და რესტორნებში ამერიკული დოლარითაც თავისუფლად ისარგებლებთ. რესტორნის მიმტანები საერთო ანგარიშის 10%–ს იტოვებენ, ხოლო დანახარჯის 3%–ს პაფოსის ტურისტულ ორგანიზაციას ურიცხავენ. სასტუმროში მიღებულია რამდენიმე მონეტის დატოვება მომსახურე პერსონალისთვის.
პაფოსის მაღაზიებში ისევე, როგორც ევროპაში, შევაჭრება მიუღებელია, რადგან ფასები ფიქსირებულია. ვაჭრობა მხოლოდ ბაზარში შეგიძლიათ. ხილისა და ბოსტნეულის სეზონზე ეს პროდუქცია იაფია, ხოლო გზისპირებზე მინიმალურ ფასებში იყიდება. მაის–სექტემბერში მაღაზიები ორშაბათიდან შაბათამდე მუშაობს 8:00–13:00 და 16:00–19:00 საათამდე, ხოლო შაბათ–კვირას 13:00–ზე იკეტება. ზოგიერთი სავაჭრო ჯიხური იქამდე ვაჭრობს, ვიდრე მყიდველები არიან.
გადაადგილება
პაფოსში ჩასვლა თვითმფრინავით ან გემითაა შესაძლებელი და მგზავრობა დაახლოებით 450 ევრო ჯდება. უკან დაბრუნებისას ბილეთების ფასი თითქმის ორმაგდება. პაფოსს სარკინიგზო სისტემა არ აქვს. უზარმაზარი აეროპორტი კი ქალაქიდან 90 წუთის სავალზეა. ცენტრამდე ავტობუსით მგზავრობა 2 ევრო დაგიჯდებათ.
პაფოსზე შეგიძლიათ 2 ან მეტი დღით იქირაოთ ავტომობილი, ველოსიპედი ან სკუტერი. ავტომობილს მხოლოდ 25 წლის და უფროს ადამიანებს მიაქირავებენ. შეგახსენებთ, პაფოსში მარცხნივი მოძრაობაა.
სკუტერის ქირაობა უფრო იაფი ჯდება, მაგრამ ამ ტრანსპორტით ქალაქიდან ვერ გახვალთ. ველოსიპედი კი მათთვისაა, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს. სკუტერს დღეში – 8–10 ევროდ, ველოსიპედს – 5 ევროდ, ხოლო ავტომობილს 15 ევროდაც იქირავებთ.
სამზარეულო
კვიპროსული სამზარეულო თურქულისა და ბერძნულის ნაზავს წარმოადგენს. ტრადიციული კერძები ძირითადად ხორცითა და ზღვის პროდუქტებით მზადდება და თითქმის ყველა კერძს ნიორს უმატებენ. ქალაქში მრავლადაა იაპონური და ჩინური რესტორნები. ბერძნული ტრადიციული კერძები – შტიფადო, რვაფეხა წითელ ღვინოში, გიეროსი, ტაციკი და სხვა – დაუვიწყარ გემოს დაგიტოვებთ. სწრაფი კვების ობიექტები თითქმის ყოველ ნაბიჯზეა. ასე რომ, ბერძნული ჰამბურგერის გემოც შეგიძლიათ გაიგოთ.
კუნძულზე ნებისმიერ კერძს ღვინო ახლავს, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია "კომანდარია". როგორც ამბობენ, "კომანდარია" 1000 წლისაა. იგი || საუკუნიდან იწარმოება და, როგორც ამბობენ, ძალიან მოსწონებია რიჩარდ ლომგულს.
ღვინის შემდეგ ლუდი ყველაზე პოპულარულია. ქალაქში მრავლადაა ყავახანები, სადაც, ყავის ნაირსახეობის მიუხედავად, ძირითადი მოთხოვნა თურქულ ყავაზეა. გაგიკვირდებათ და ყავახანებში იოგურტსაც შემოგთავაზებენ.
ღირსშესანიშნაობები
ქალაქი ორ ნაწილად იყოფა – კატო პაფოსი (ქვემო პაფოსი) და პანო პაფოსი (ზემო პაფოსი). ზემო ქალაქს, სადაც ქალაქის ცენტრია, კტიმა ეწოდება. იქ განლაგებულია ადმინისტრაციული ნაგებობები. ქვემო ქალაქში კი ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილი, სასტუმროები, საიუველირო მაღაზიები, ბარები და რესტორნები მდებარეობს.
ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალაქის ლაჟვარდოვან სანაპიროსთან ახლოს, ზღვის ქაფიდან დაიბადა სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტე. ქალაქში ადგილების უმეტესობაც ამ ქალღმერთის სახელთანაა დაკავშირებული. ყველაზე ცნობილია აფროდიტეს კლდე და აფროდიტეს ტაძარი.
პაფოსში შეგიძლიათ დასვენებასთან დაკავშირებული ყველა ოცნება აიხდინოთ. იქ ხომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი პოულობს მყუდრო თავშესაფარს და ადგილი ყველასთვისაა.
ეს უძველესი ქალაქი მშვიდი, წყნარი კურორტია ლამაზი ყურეებით, მიყრუებული კლდოვანი ნაპირებითა და კეთილმოწყობილი პლაჟებით. პაფოსში არის როგორც ქვიანი, ისე ქვიშიანი სანაპიროები.
ქალაქის ცენტრშია მეთევზეთა ნავსაყუდელი. იქვეა კაფეებითა და ტავერნებით გარშემორტყმული პაფოსის ციხესიმაგრე. პაფოსის ყველა უძველესი ძეგლი – მეფეთა აკლდამა, დიონისეს სასახლის მოზაიკები, მოციქულ პავლეს სვეტი – იუნესკო–ს მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
პაფოსი ბავშვებისთვისაც საყვარელი ადგილია. მათ იქ თავიანთი სამყარო აქვთ – სამი აკვა–პარკი, ქალაქის პარკში ატრაქციონები და ზოობაღი.
არ შეიძლება პაფოსი ბერძნული ამფითეატრის, ოდეონის უნახავად დატოვოთ, რომლის შემადგენლობაში შედის არქეოლოგიური პარკი. ანტიკური თეატრებისაგან განსხვავებით, ოდეონი გადახურული ნაგებობა გახლდათ.
უსაფრთხოების წესები
პირველი, რაც პაფოსზე უნდა დაიცვათ, ეს ზრდილობაა, სხვა შემთხვევაში ადგილობრივებისაგან კარგს არაფერს ელოდოთ. ქალაქი საკმაოდ წყნარია და იქ ჩასვლის მეორე დღიდან თავს ისე იგრძნობთ, თითქოს სახლში ხართ. გირჩევთ, საბუთების ნაცვლად თან მათი ასლები ატაროთ. თუ რაიმე შეგემთხვათ, ამის შესახებ პოლიციას 48 საათის განმავლობაში უნდა აცნობოთ. აუცილებლად წაიღეთ მზის სათვალე, რადგან ისეთი მწველი მზეა, შეიძლება თვალები გეტკინოთ.
მუზეუმების დათვალიერებისას სურათებს ნებართვის გარეშე ნუ გადაიღებთ. ეკლესიების მონახულებისას ჩაიცვით ქვედატანები და არ შეხვიდეთ შორტებით. როგორც წესი, ეკლესიებში სიძველეთა ფოტო და ვიდეოკამერებით დაფიქსირება აკრძალულია.
თავისუფლად შეგიძლიათ დალიოთ ონკანის წყალი. გაითვალისწინეთ, პაფოსში წყლის უკმარისობაა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ არასაჭიროებისამებრ არ ხარჯოთ.
სასტუმროში დაუთოება, ჩაის ადუღება და სხვა მსგავსი ელექტროხელსაწყოს ჩართვა აკრძალულია. დასაუთოებლად სპეციალური ოთახია გამოყოფილი, ხოლო ჩაის ყიდვა 1 ევროდ შეიძლება. თუ თან ღვინოს წაიღებთ, სავალდებულო არ არის, ის უცებ დაცალოთ. ოფიციანტს სთხოვეთ და შემდეგი სადილის ან ვახშმისთვის გადაგინახავთ.
პაფოსზე ბევრი კოღოა, განსაკუთრებით ღამით, ამიტომ სპეციალური კრემებით ისარგებლეთ, რომლებიც მწერის კბენისგან დაგიცავთ.
პირველი კლასის სასტუმროებში, კლუბებსა და რესტორნებში უმჯობესია სადღესასწაულოდ ჩაცმული მიხვიდეთ. პაფოსის სტუმრებმა პატივი უნდა სცენ კუნძულის რელიგიურ ტრადიციებს. თუ ქალაქში შინაურ ცხოველს ჩაიყვანთ, 6 თვიანი კარანტინი გელოდებათ, ამიტომ მათი ჩაყვანა რეკომენდებული არ არის.
პაფოსელები ირწმუნებიან, რომ ქალაქში დანაშაული თითქმის არ ხდება. ამაზეს მეტყველებს ერთადერთი ციხე, სადაც ძირითადად ვადაგასული პასპორტების მქონე ტურისტები იხდიან სასჯელს.
დაბოლოს, თუ ტრანსპორტის ქირით აღება გადაწყვიტეთ, ყურადღება მიაქციეთ, რას ქირაობთ. დაბალ ფასად შეიძლება მწყობრიდან გამოსული ტრანსპორტი შემოგასაღონ, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. ასევე გაითვალისწინეთ – არასოდეს გადაიხადოთ საკრედიტო ბარათით, რადგან იყო შემთხვევები, როცა სამშობლოში დაბრუნებული ტურისტები ასეთი შინაარსის წერილს იღებდნენ: "თქვენ გაჩხაპნეთ ჩვენი მანქანა" და ამის გამო საკრედიტო ბარათიდან სერიოზულ თანხას უქვითავდნენ.
სხვა მხრივ, თუ დახმარება დაგჭირდათ, ადგილობრივები არ დაგზარდებიან – ძალიან გულღია ადამიანები არიან.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – კვიპროსი;
ქალაქი – პაფოსი;
ოფიციალური ენა – ბერძნული, თურქული;
მოსახლეობა – 47.000;
ოფიციალური ვალუტა – ევრო;
ფართობი – 400 კვ.კმ.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ, ჟურნალი სარკე. N 29

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი
ლაშა რამიშვილს ედინბურგში შიშველი მანეკენი მოხვდა თავში
თამუნა ამონაშვილი ნიუ იორკმა შეაშინა
რა ასწავლა გიორგი გოგიშვილს ირლანდიაში ცხოვრებამ












ნინი ქარსელაძე ლონდონმა დეპრესიაში ჩააგდო
ნინო კურატაშვილი: "ტაილანდის ბარებში დაჩოქილები გვემსახურებოდნენ"
ქეთა ლორთქიფანიძე: "ჩემი სამი ქორწინებიდან არც ერთხელ მქონია საქორწინო მოგზაურობა" 

რატი დურგლიშვილი: "ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე დუბაის ღამის კლუბში ლიმუზინებით მივედით"
ჯუმბერ ლეჟავა: "ღმერთი, ჩემი ველოსიპედი და მე ერთად ვმოგზაურობთ"
ლიზა ვადაჭკორიას ფრანგი სტუმარი კინაღამ ხელში ჩააკვდა
როგორ გააცურეს რუსმა გოგოებმა გია ნიკოლაძე
კახა კუხიანიძე: ”მხოლოდ დაფრენის მეშინია”
თიკო სადუნიშვილი: "ვთვლი, რომ პარიზმა მიმიღო"
ნუცა ჯანელიძემ ბარსელონაში ყაზახი მეგობრის დაბადების დღე ქართულად აღნიშნა
ზურა ვადაჭკორიამ შანხაი ბრინჯით ხელში შემოიარა
ჩინეთში ჩასულ ტურისტებს `ზეცაში გასეირნება~ შეეძლებათ 















