asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ზაალ ჩიქობავა თბილისიდან პარიზში ავტობუსით ჩავიდა
ზაალ ჩიქობავა თბილისიდან პარიზში ავტობუსით ჩავიდა

2011-07-14 13:06:33



რუსთაველის თეატრის მმართველ ზაალ ჩიქობავას მოგზაურობაში გაუმართლა, რადგან თეატრის დასთან ერთად ხშირად დადის საზღვარგარეთ. არც კარვებითა და ზურგჩანთებით ბუნებაში გასვლაზე ამბობს უარს. იმდენად ბევრს მოგზაურობს, რომ ბოლო პერიოდში უარსაც კი ამბობს გამგზავრებაზე, თუ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი არ არის.
საზღვარგარეთ ყოფნის დროს მისი ერთ–ერთი საყვარელი საქმე ადგილობრივი თეატრების მონახულებაა. სამაგიეროდ ვერ იტანს დიდ მაღაზიებში სიარულს – 5 წუთში თავბრუ ეხვევა და ლამის გული წაუვიდეს.
რაც შეეხება ეგზოტიკურ მენიუს, ყველაფერს სიამოვნებით მიირთმევს და არასოდეს კითხულობს, რა არის, რომ მერე ჭამა არ გადაიფიქროს.
– ბატონო ზაალ, ბოლოს გასტროლებზე რუსთაველის თეატრი ლონდონსა და პარიზში იყო. რა შთაბეჭდილებებით ჩამოხვედით ამ ქალაქებიდან?
– რუსთაველის თეატრის დასმა პარიზსა და ლონდონში 22 დღე დაჰყო. პირადად მე 2 კვირით გახლდით წასული. პარიზში ვიყავით 4 დღე. ფესტივალი იყო, რომელსაც ევროპისა და აზიის სახლი ატარებს და ჩვენც ამ ფესტივალის ფარგლებში ვიყავით იქ. რუსთაველის თეატრი პარიზში პირველად იყო, არაჩვეულებრივი გასტროლი გვქონდა. დიდი ოვაციით და აღფრთოვანებით შეგვხვდა იქაური მაყურებელი, როგორც ფრანგები, ისე იქ მცხოვრები ქართველები.
შემდეგ წავედით ლონდონში. ერთ–ერთ პრესტიჟულ თეატრში – "რივერსაიდ სტუდიოში" ვითამაშეთ სპექტაკლი, რომელიც ემოციური ფონითაა დატვირთული, რადგან აგვისტოს ომის მოვლენებზეა აგებული. იმ ადამიანების მონათხრობია, რომლებიც უშუალოდ ომის მომსწრეები იყვნენ და დევნილის სტატუსით არიან საკუთარ ქვეყანაში.
– პარიზი და ლონდონი იქამდე არ გენახათ?
– პარიზში მანამდეც ვარ ნამყოფი, ალბათ ეს მერვე ვიზიტი იყო, ყველაფერი შეძლებისდაგვარად ნანახი და დათვალიერებული მაქვს, ამიტომ ძირითადი დრო საქმეს დავუთმე. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ პარიზი ამოუწურავი ქალაქია, იქ მუდმივად აწყდები სიახლეებს.
– როცა უცხო ქვეყანაში ხართ, ძირითადად რითია იქ თქვენი დრო შევსებული?
– მოგზაურობისას ჩემი ძირითადი მიზანია სხვადასხვა თეატრების მონახულება და წარმოდგენებზე სიარული. ბუნებრივია, ვახერხებ მუზეუმებში შესვლას და სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. მოგზაურობისას აღმოჩენების გაკეთება მიყვარს. მიყვარს ნახვა იმისა, თუ როგორ ვითარდება იქაური კულტურული ცხოვრება. ვიტყვი, რომ ამ მხრივ ინგლისი ნამდვილად ერთ–ერთი ლიდერი ქვეყანაა, რადგან მართლაც ძალიან ბევრი თეატრია. ზუსტი და განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკა არსებობს თეატრის მიმართ. ადამიანების დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია ამ მხრივ. არის ასეთი გამოთქმა:Ö"თუ შენ ჭეშმარიტი ბრიტანელი ხარ, აუცილებლად უნდა დადიოდე თეატრში".
– გაიხსენეთ თქვენი პირველი მოგზაურობა, სად იყავით და რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად.
– პირველი მოგზაურობის დროს მოსკოვში ვიყავი, სადაც სახლიც მქონდა. მოხდა ისე, რომ იქ სახლი აღარ მაქვს რაღაც მიზეზების გამო. პოსტსაბჭოთა სივრციდან კიდევ ვიყავი ლიტვაში, უკრაინაში. ევროპული ტური კი პირველად 14 წლის ასაკში მქონდა. ეს იყო ჩეხოსლოვაკიაში – მაშინ ასე ერქვა.Öბრატისლავა და პრაღა ვნახე. 14 წლის ბიჭზე მაშინდელმა პრაღამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ, 1995 წლს, მეორედ წავედი პრაღაში მაშინ, როცა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდით და აბსოლუტურად სხვა ქალაქი დამხვდა – სრულიად ახალი, სრულიად განსხვავებული, საოცრად შეცვლილი და ლამაზი. ის შთაბეჭდილება, რაც ბავშვობაში მივიღე, გამიასმაგდა. პრაღა ულამაზესია. რაც უფრო ასაკში ხარ, უფრო კარგად აღიქვამ იმას, რასაც ნახულობ და ეცნობი.
– რითი იწყებთ ქალაქის შეფასებას, პირველ რიგში, რა გხვდებათ თვალში?
– აუცილებლად არქიტექტურა და შემდეგ უკვე ხალხი. ძალიან საინტერესო ტურში ვარ ნამყოფი, რომელიც დაუვიწყარი და წარუშლელია ჩემთვის. ეს იყო 2001 წელს, როდესაც თბილისიდან პარიზამდე ავტობუსით წავედით. ამ ავტობუსში იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები და გზადაგზა 12 ქვეყანა მოვინახულეთ. ვერ ჩამოგითვლით, რამდენ ქალაქში ვიყავით. 2 თვის განმავლობაში ვმოგზაურობდით – თურქეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, ხორვატია, სერბეთი, იტალია... კორსიკაზე ვიყავით ერთი კვირა. დიდი და შთამბეჭდავი ტური გვქონდა. ყველაზე კარგად ის მახსოვს, როცა ერთი ქვეყნიდან გავდიოდით და მეორეში შევდიოდით, ვხედავდი, ნელ–ნელა ბუნება როგორ იცვლებოდა.
– მოგზაურობა არასდროს გბეზრდებათ?
– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თუმცა ბოლო დროს იმდენად ხშირად მიწევს, რომ დავიღალე კიდეც. საკმაოდ რთულიც არის ამდენი ფრენა და გადაადგილება.
– ამის გამო უარიც გითქვამთ სამოგზაუროდ წასვლაზე?
– ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა მივხვედრილვარ, რომ ჩემი წაუსვლელობით არაფერი დაშავდებოდა. აქ მიმიხედავს საქმისთვის და აღარ წავსულვარ სამოგზაუროდ. პრიორიტეტებს ვანაწილებ ხოლმე.
– დასასვენებლად თუ წასულხართ უცხო ქვეყანაში?
– თურქეთში. არ მაქვს დიდი პრეტენზია, გინდა თუ არა, საზღვარგარეთ უნდა დავისვენო–მეთქი. ძალიან მიყვარს ბათუმიც და იქაც მშვენივრად ვისვენებ. 25 დღეც გავჩერებულვარ ბათუმში ოჯახთან ერთად და ძალიან კარგადაც დამისვენია. უბრალოდ არის მომენტები, როცა გინდა, რომ ეს ყველაფერი სხვა რამით ჩაანაცვლო. ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენებაა წყნარ კურორტზე ყოფნა, მით უფრო, თუ წყალთან ახლოსაა. ზღვა მიყვარს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მზის მოყვარული ვარ, განსხვავებით ჩემი მეუღლისაგან, რომელსაც შეუძლია 24 საათი ირუჯებოდეს.
– აზიური ქვეყნებისკენ თუ მიგიწევთ გული?
– თურქეთის გარდა, რომელიც, პრინციპში, ნახევრად ევროპაა, ვყოფილვარ ბეირუთშიც. ახლახან გვქონდა იქ გასტროლი, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. ბეირუთში საოცარი კულტურაა, ძალიან განსხვავებული საზოგადოებაა. კარგი ხალხია, სტუმარი უყვართ, საოცრად თბილები არიან. ბეირუთზე დიდი გავლენა აქვს საფრანგეთს და ფრანგულ კულტურას. იქ ყველა მოქალაქე ფრანგულად ან ინგლისურად ლაპარაკობს.
– რითი ერთობით საზღვარგარეთ ყოფნის დროს?
– აღარ ვარ იმ ასაკში, როცა კლუბური გართობა გაინტერესებს. როცა პატარა ვიყავი და საზღვარგარეთ ჩავდიოდი, ყოველ საღამოს ვეძებდი სხვადასხვა გასართობს. გასართობი ადგილებითაც გამოიცნობა ის ქვეყანა, სადაც ხარ. დღესაც ვახერხებ თავისუფალ დროს საღამოობით კაფეებში დაჯდომას, გარემოს თვალიერებას. შეიძლება კლუბშიც წავიდე, თუ საღამოს საათები ძალიან დატვირთული არ მაქვს.
– რომელ ქვეყანას მოინახულებდით სიამოვნებით?
– ამერიკაში არ ვარ ნამყოფი და მინდა, ამ ქვეყანაში ვიმოგზაურო. მაინტერესებს ამერიკის თითქმის ყველა დიდი შტატი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იქ ნამყოფი ვარ, იმდენად ბევრი ინფორმაცია მაქვს. დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ტაილანდში. ძალიან მაინტერესებს ეგზოტიკა და განსაკუთრებით ეს ქვეყანა. მაინტერასებს ინდოეთიც და ძალიან მინდა ამ ქვეყნის დათვალიერება. სიამოვნებით მოვინახულებდი ეგვიპტეს.
– საქართველოს გარდა, რომელიმე ქვეყანაში თუ იცხოვრებდით?
– ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ჩემს ქვეყანაში, მაგრამ თუ საქმე მოითხოვს და საჭირო გახდება, შემიძლია ვიცხოვრო პარიზში ან ლონდონში, მაგრამ საშუალება უნდა მქონდეს, პერიოდულად საქართველოში ჩამოვიდე. მუდმივად ვერსად ვიცხოვრებ.
– ნოსტალგია ნაცნობია თქვენთვის?
– დიახ და ბოლო პერიოდში უფრო გამიმძაფრდა.
– ზურგჩანთითა და კარვით მოგზაურობაზე რა აზრის ხართ?
– ძალიან კარგი აზრის ვარ, მიყვარს ასე მოგზაურობაც. როცა დრო გვაქვს, მეგობრები ვგეგმავთ ხოლმე პიკნიკზე ბუნებაში გასვლას. არ მაქვს ამ მხრივ დისკომფორტი, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ მსგავს სიტუაციებში.
როცა უცხო ქვეყანაში გარკვეული მიზნებითა და საქმის გამო ჩადიხარ, ცხადია, კომფორტში გინდა იყო. ჩვენს თეატრს, შეიძლება სტატუსიდან გამომდინარე, ყოველთვის სრული კომფორტი ხვდება.
– ყველაზე ლამაზი ქალები რომელ ქვეყანაში ნახეთ?
– სერბეთში არიან საოცრად ლამაზი ქალები, უფრო მეტად მონტენეგროს მხარეს. მაღლები, ლამაზები და ჯიშიანი ქალები არიან.
– საზღვარგარეთ შოპინგს რამდენად უთმობთ დროს?
– მე არ მიყვარს, მაგრამ მეუღლესთან ერთად თუ ვარ სამოგზაუროდ, მაშინ მიწევს საყიდლებზე სიარული. კი, რატომაც არა, რაღაცას მეც ვიყიდი, მაგრამ ისე, რომ ბევრი ვიარო მაღაზიებში და ვათვალიერო, არ არსებობს! შეიძლება გავიარო, რაღაც მომეწონოს გამოკიდებული და შევიძინო. დიდ ცენტრებში ძალიან მიჭირს სიარული, სადაც ყველაფერი ერთნაირია და განსხვავებულს ვერაფერს აღმოაჩენ. 5 წუთში თავბრუ მეხვევა და გული მიმდის.
– უცხო სამზარეულოებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ყველა ქვეყანაში მიყვარს ნაციონალური კერძების გასინჯვა. ფრანგულ სამზარეულოს ვერაფერს შევადრი, თუმცა ძალიან მომწონს ჩინური და ტაილანდური სამზარეულო. სხვადასხვა ქვეყნებში თითქმის ყველაფერი მაქვს გასინჯული, რაც კი არატრადიციულად ითვლება. ამაზე ჭამის დროს არ ვფიქრობ, თუ დავფიქრდი, შეიძლება ვერ გავსინჯო. არადა ყველაფერი ძალიან გემრიელია.
ანა ნოდია, ჟურნალი სარკე. N 28


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ავტობუსი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online