
მსახიობ გიორგი მეგრელიშვილს მოგზაურობა ძალიან უყვარს. ამბობს, ბევრ დადებით ემოციას ვიღებო. დასასვენებლად საზღვარგარეთ არასოდეს წასულა, თუმცა მის ცხოვრებაში ისე ხდება, რომ საკმაოდ ხშირად უწევს საქართველოდან გამგზავრება. ბოლოს კანში იყო, საიდანაც განსაკუთრებული ემოციები, შთაბეჭდილებები და ისტორები ჩამოჰყვა. ტყუილიც კი დასჭირდა იმისათვის, რომ კანის კინობაზრობაზე მოხვედრილიყო. საზღვარგარეთ ყველაფერი აინტერესებს – ხალხი, კულტურა, ურთიერთობები. უყვარს "გზების გართულება", ლაბირინთებით სიარული და შემდეგ სასტუმროს მიგნება.
საქართველოდან ერთი პატარა ჩემოდნით მიემგზავრება, სამაგიეროდ უკან დახუნძლული ბრუნდება. შოპინგი არასოდეს ეზარება და მისგან უზარმაზარ სიამოვნებას იღებს. ამბობს, მიყვარს, როცა ტანსაცმელი მეძახისო.
– გიორგი, ახლახან ჩამოხვედით კანიდან. რასთან დაკავშირებით იყავით იქ? მოგვიყევით ამ ვიზიტის შესახებ.
– კანში ვიყავი ფილმ "დავიწყებული მეფის" პრემიერაზე, რომლის რეჟისორიც ნიკოლოზ ხომასურიძეა. ფილმში ორ როლს ვთამაშობ – მარტინ ბორმანს და მის შვილიშვილს. ეს ფილმის ჩვენება უფრო იყო, ვიდრე პრემიერა.
– რატომ კანში?
– ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაწყვიტა ასე. ვიჯექი და ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არა. ერთ საღამოსაც ვთქვი, მოდი, წავალ–მეთქი. ჩავიდოდი პრემიერის დღეს და კიდევ ორი ღამე დავრჩებოდი კანში. ბილეთი მარსელამდე ავიღე. მითხრეს, უკეთესი იქნებოდა, თუ ნიცამდე ავიღებდი, ნიცადან უფრო ახლოს არის კანი, მაგრამ ასე არ გამომივიდა და ჩავფრინდი მარსელში. საფრანგეთში სულ სამი დღე ვიყავი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ერთი დღე დავყავი იქ. ეს არ იყო მოგზაურობა, უფრო გადარბენას ჰგავდა. მარსელის აეროპორტში რომ ჩავფრინდი, აღმოვაჩინე, რომ "ამერიკან ექსპრესის" ბარათი წაღებული არ მქონდა. 200 ევროდ მანქანას მაძლევდნენ და შემეძელო, ოთხი დღე იმ მანქანით ყველგან მევლო, სადაც კი მომინდებოდა, კანშიც ჩავსულიყავი, მაგრამ ბარათი არ მქონდა და მატარებლით მომიწია ჩასვლა. კანში რომ შევდიოდი, მივხვდი, რატომ მჭირდებოდა მანქანა. იქ მთელი მსოფლიოდან ჩადიან მანქანებით და ეს არ არის ფუფუნება. მანქანა რომ მყოლოდა, უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს. იქ ვნახე ახლობლები, რომლებმაც მოტოციკლეტი მომცეს, რითიც ნიცაში ჩავედი. მოკლედ, იმ სამ დღეში ძალიან ბევრი რამ ჩავატიე – ვიბანავე ზღვაში, ავედი მთაზე, მივედი პრემიერაზე, ბოლო დღეს მეგობრების ვილაში ვიყავი, სადაც ძალიან ბევრი დავლიე. დილით კი თბილისში გამოვფრინდი. შეიძლება ითქვას, ნაბახუსევზე აქ გამოვედი. მოკლედ, სწრაფი კადრები ხომ გინახავთ, ჯერ სახლში რომ არის კაცი, მერე უცებ თვითმფრინავში ხედავთ, მერე კიდევ სადღაც და მერე ისევ სახლში... ზუსტად ასეთი გიჟური ტემპის სამი დღე მქონდა.
– დაიღალეთ?
– სხვათა შორის, არა. მსოფლიოში ყველაზე მაგარ კინოსამყაროში ვიყავი. იქვე "ფეშენ ტივის" ოფისი იყო. არ მქონდა აკრედიტაცია, რითიც შეგიძლია, ამ კინობაზრობაზე მოხვდე. ხელში მქონდა ბილეთი, რომელსაც რიცხვი ეწერა. მივედი დაცვასთან, ამ რიცხვს თითი დავაფარე და ვაჩვენე – იქნებ გამატაროს–მეთქი. მითხრა, ერთი წამით მოიცადეო, დაუძახა მეორეს, მესამეს, მეოთხეს... მერე მთლად მთავარს, ლამის ქალაქის მერი მოიყვანეს. ყველამ მითხრა, არ გრცხვენია, როგორ იქცევიო. მერე მიხვდნენ, ეტყობა, ძალიან გინდა იქ შესვლა და მხოლოდ პირველ სართულს დაგათვალიერებინებთო. გამომყვა ერთი, ისე დამყვებოდა, როგორც ჟანდარმი. მალევე მითხრა, ახლა უნდა გავიდეთ, მეტს ვერაფერს განახებთო. ისე გამატარეს, პატარა ფინიას რომ გაატარებენ სახლის წინ და უკან აიყვანენ,Öგეყოფაო. სტუმართმოყვარეები არიან, ზრდილობიანები, არაფერი ეშლებათ, მაგრამ ვისაც მოუნდება, ყველას ხომ ვერ შეიყვანენ. უამრავი ადამიანი დგას გარეთ, რომლებიც ოცნებობენ, კინობაზრობაზე მოხვდნენ. ამ კინობაზრობის გვერდზე არის მთავარი პავილიონი, სადაც დადიოდნენ შონ პენი, დე ნირო და ა.შ. მათ რომ თვალი მოჰკრა, ორი ღამე უნდა გაათენო. გვერდით დიდი მონიტორი იდგა და მასზე ჩანდნენ. მოკლედ, დიდი შოკი მივიღე.
– რა ჩამოიტანეთ კანიდან?
– შვილმა დამაბარა, რაღაცეები ჩამომიტანეო. რა უნდა მოხდეს საზღვარგარეთ ყოფნისას ისეთი, რომ შვილს თხოვნა არ შეუსრულო?! ისეთი სათამაშოები მთხოვა, აზრზე არ ვიყავი, სად უნდა მეყიდა. ვფიქრობდი, რა დროს სათამაშოების ყიდვაა, მთელი მსოფლიოა ჩამოსული, გვერდზეა სასტუმრო "მარტინესი", რომელშიც ცხოვრობს ბრედ პიტი და მე კიდევ სათამაშოები უნდა ვიყიდო–მეთქი. სხვათა შორის, ბანდერასი დავინახე, ჩემგან ორ მეტრში იდგა. გამეცინა ჩემს თავზე, ამდენი საინტერესო რამ ხდება, მე კი... მაგრამ მოვტრიალდი და შოპინგცენტრში აღმოვჩნდი. ვიყიდე, რაც შვილმა დამაბარა და უკან რომ ვბრუნდებოდი, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რადგან თხოვნა შევუსრულე.
კანში ერთ ასეთ შემთხვევას შევესწარი: ქუჩაში მივდიოდი. ჩემ წინ დავინახე სამი ბიჭი და ერთი გოგო, რომლებიც სკეიტბორდით ერთობოდნენ. უცებ გაჩერდნენ, საიდანღაც ამოაძრეს ძალიან დიდი, სასაცილო ქუდი, დააგდეს ქუჩაში, თვითონ კი ცეკვა დაიწყეს. ეს იყო შოუ, არ ვიცი, საიდან გაჩნდა მუსიკა, ალბათ მანქანებიდან, რომლებიც მიუახლოვდნენ და ფარები აანთეს. ბინდდებოდა, გარშემო 4–5 კაცი თუ იყო და ნელ–ნელა ათას კაცამდე შეიკრიბა. იმ ქუდში თუ გინდოდა, ფულს ჩააგდებდი. კანში ძალიან ბევრი საინტერესო რამ გადამხდა თავს.
– ზაფხულში სად გეგმავთ დასვენებას, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ ხომ არ აპირებთ წასვლას?
– ვიცი, რომ აგვისტოს პირველ რიცხვებამდე ვერ მოვიცლი. ძალიან მინდა, საზღვარგარეთ წავიდე და არ ვიცი, როგორ იქნება. დანამდვილებით რაც ვიცი, ისაა, რომ მივდივართ ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში". შარშან ვიყავით და ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. არც პენსიონერულია, არც ძალიან ახალგაზრდული. ყველა თაობას შეუძლია დაისვენოს, გაერთოს, კურორტივით არის.
– კიდევ რომელი ქვეყნიდან გამოგყვათ კანის მსგავსი ემოციები?
– ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება არსად მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ სულ სამი დღე ვიყავი იქ. დიდი შთაბეჭდილებით დავბრუნდი ლონდონიდან. ამ ქალაქს თავისი სურნელი აქვს. რაც ყველაზე განსაკუთრებულად მახსოვს, მითხრეს, მოერიდეთ არაბებს, საშიშები არიანო. მე კი პირველივე საღამოს არაბებთან ერთად აღმოვჩნდი.
– როგორ მოახერხეთ?
– გვიანი იყო, სახლში ვბრუნდებოდი. მიყვარს ლაბირინთებით სიარული, გზების გართულება და მერე სახლის ან სასტუმროს მიგნება. საკუთარი თავის გამოცდა მიყვარს. ზოგჯერ დაკარგვის პროცესი სასიამოვნოა. მოკლედ, აღმოვჩნდი სადღაც მარკეტთან, სადაც სამი წვერიანი ბიჭი იჯდა. ადიდასის სპორტულებში იყვნენ გამოწყობილები. ხალხი მიდი–მოდიოდა, მაგრამ მე რომ გავიარე, რატომღაც ამ ტიპებმა სახელი მკითხეს. ვუპასუხე. მერე მკითხეს, საიდან ხარო. გავეცი პასუხი. ცოტა შეცბნენ, რადგან იქ მილიონი კაცი დადის, რომლებსაც მსგავს კითხვებს უსვამენ და არავინ პასუხობს, მე კი გავჩერდი და ვპასუხობდი. ურთიერთობაში შევედი, დამაინტერესა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ. ბოლოს მახსოვს, ამ არაბების მანქანაში ვისხედით და "ჯეკ დენიელსით" საქართველოს სადღეგრძელოს ვსვამდით. ტიპებმა მითხრეს, ქართველები ურთიერთობაში თამამები ხართო. მეორე დღეს იმ ადგილას რომ გავიარე, უკვე აღარ ისხდნენ. შეიძლება სხვა მაღაზიასთან გადაინაცვლეს.
– რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი?
– უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთში, ბელგიაში, თურქეთში, ინგლისში, საფრანგეთში...
– ყოველთვის საქმიანი ვიზიტით მოგზაურობდით?
– დიახ, თითქმის ყველა ჩემი მოგზაურობა საქმეს უკავშირდება. არასოდეს წავსულვარ საზღვარგარეთ დასასვენებლად.
– აზია, ეგზოტიკა რამდენად გაინტერესებთ?
– საერთოდ, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ქვეყანა მაინტერესებს, სადაც არ ვყოფილვარ. ყველას სურს ეგვიპტეში წასვლა და მეც მაინტერესებს ეს ქვეყანა. ძალიან მინდა ტოკიოში მოხვედრა. ამბობენ, იქ დღე და ღამე გაერთიანებულიაო. დიდი სურვილი მაქვს, ამერიკა ვნახო. მგონია, რომ ეს თავისუფლებისა და დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. თუმცა იქ ცხოვრება არ არის ადვილი.
– რატომ გიყვართ მოგზაურობა?
– ძალიან ბევრ დადებით ემოციას ვიღებ.
– ოდესმე საზღვარგარეთ პრობლემა თუ შეგქმნიათ?
– პირველად რომ მივდიოდი საზღვარგარეთ, გამაჩერეს და გამიყვანეს, რაღაცას ამოწმებდნენ. უკან რომ მოვდიოდი, ისევ გამაჩერეს და გამიყვანეს, მერე გამიშვეს. ბოლოს მითხრეს, შენნაირი ბიჭი, ანალოგიური სახელით და გვარით ინტერპოლით იძებნებაო. ამის მერე, როცა საზღვარგარეთ მივდიოდი, თვითონ ვეუბნებოდი, მე ის გიორგი მეგრელიშვილი არ ვარ–მეთქი.
– უპირატესად რა გაინტერესებთ უცხო ქვეყანაში?
– აბსოლუტურად ყველაფერი, მარტო კულტურა, ხალხი, შოპინგი არ მაინტერესებს. ერთი ღამე მაინც შევდივარ ღამის კლუბში. ყველაფერს ვათვალიერებ, რაც კი შეიძლება უცხო ქვეყანაში ნახო და რითიც შეგიძლია ის ქვეყანა შეაფასო. მიყვარს ტურები, ფეხით სიარული, თვალიერება.
– რომელიმე ქვეყანაში რაიმე ღირსშესანიშნაობამ თუ გაგაკვირვათ?
– პოლონეთში გამაკვირვა კახპის ქანდაკებამ. მახსოვს, ვიდექი და ვფიქრობდი, რამ მოაფიქრათ, კახპისთვის ქანდაკება დაედგათ–მეთქი. იმ ბაღში, ქანდაკების გვერდით, სკამები იდგა და შეგეძლო, გვერდით მისჯდომოდი.
– საზღვარგარეთ შოპინგი გიყვართ?
– ძალიან მიყვარს. თბილისშიც მიყვარს შოპინგი და მით უმეტეს, საზღვარგარეთ. მიყვარს, როცა ტანსაცმელი მეძახის. ვერ ვუგებ იმ ადამიანს, ვისაც არ უყვარს ჩაცმა. არ შემიძლია უცხო ქვეყანაში ჩავიდე და გარკვეული დრო შოპინგს არ დავუთმო, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს რამე არ ვუყიდო.
– რამხელაა თქვენი სამოგზაურო ჩემოდანი?
– მეუღლე, ნინიკო მილაგებს ყველაფერს. როცა უკვე სახლიდან გასასვლელად ვემზადები, ამ ბარგიდან ყველაფერს ვყრი და მინიმალურს ვტოვებ. ყველაზე დიდი, ერთი კვირით წავიდე სადმე და ამ დროში ბევრი რამის წაღება არ მჭირდება. სამაგიეროდ, უკან დაბრუნებისას მაქვს პრობლემები, რადგან უზარმაზარი ბარგით მოვდივარ.
ანა ნოდია, ჟურნალი სარკე. N 27
|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
25-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი
ლაშა რამიშვილს ედინბურგში შიშველი მანეკენი მოხვდა თავში
თამუნა ამონაშვილი ნიუ იორკმა შეაშინა
რა ასწავლა გიორგი გოგიშვილს ირლანდიაში ცხოვრებამ












ნინი ქარსელაძე ლონდონმა დეპრესიაში ჩააგდო
ნინო კურატაშვილი: "ტაილანდის ბარებში დაჩოქილები გვემსახურებოდნენ"
ქეთა ლორთქიფანიძე: "ჩემი სამი ქორწინებიდან არც ერთხელ მქონია საქორწინო მოგზაურობა" 

რატი დურგლიშვილი: "ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე დუბაის ღამის კლუბში ლიმუზინებით მივედით"
ჯუმბერ ლეჟავა: "ღმერთი, ჩემი ველოსიპედი და მე ერთად ვმოგზაურობთ"
ლიზა ვადაჭკორიას ფრანგი სტუმარი კინაღამ ხელში ჩააკვდა
როგორ გააცურეს რუსმა გოგოებმა გია ნიკოლაძე
კახა კუხიანიძე: ”მხოლოდ დაფრენის მეშინია”
თიკო სადუნიშვილი: "ვთვლი, რომ პარიზმა მიმიღო"
ნუცა ჯანელიძემ ბარსელონაში ყაზახი მეგობრის დაბადების დღე ქართულად აღნიშნა
ზურა ვადაჭკორიამ შანხაი ბრინჯით ხელში შემოიარა
ჩინეთში ჩასულ ტურისტებს `ზეცაში გასეირნება~ შეეძლებათ 



