asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შოტლანდიის ხიბლი – გუდასტვირის ჰანგები და ვისკი
შოტლანდიის ხიბლი – გუდასტვირის ჰანგები და ვისკი

2011-07-06 17:30:39



შოტლანდია, ერთ–ერთი ულამაზესი ქვეყანა მსოფლიოში, დიდი ბრიტანეთის ისტორიულ პროვინციას წარმოადგენს. ევროპის ამ ულამაზეს მხარეში ტურისტების მიზიდვის ძირითადი წყარო ქვეყნის ტრადიციული მუსიკაა, რომელსაც შოტლანდიელი მამაკაცები გუდასტვირზე ასრულებენ. თუ ამ ქვეყანას ეწვევით და დედოფლის ქვეითი ჯარის მიერ გუდასტვირზე შესრულებულ მუსიკას მოისმენთ, ამ ხმას ვეღარასოდეს დაივიწყებთ. შოტლანდიაში სანახავი და დასათვალიერებელი კიდევ ბევრი რამაა.
კლიმატი
შოტლანდიის კლიმატი ცვალებადია. იქ წამსვლელი ტურისტები ნებისმიერი ამინდისათვის მზად უნდა იყვნენ. ქვეყნისათვის ცივი ზამთარი და ნესტიანი ზაფხულია დამახასიათებელი. ტემპერატურა, ინგლისის სხვა ნებისმიერ ნაწილთან შედარებით, ყოველთვის დაბალია. ატლანტის ოკეანის ჰავის გავლენით, შოტლანდიის დასავლეთში უფრო თბილა, ვიდრე აღმოსავლეთში. ზამთარში თოვლი იშვიათობას წარმოადგენს, წვიმა კი შოტლანდიის ხშირი სტუმარია.
გადაადგილება
შოტლანდიაში მოხვედრა მსოფლიოს ნებისმიერი ნაწილიდან ძირითადად თვითმფრინავით შეგიძლიათ. ქვეყანას 5 საერთაშორისო აეროპორტი აქვს, მათგან ერთ–ერთი დედაქალაქ ედინბურგში მდებარეობს. ევროპიდან ჩასვლა ავტობუსით ან მატარებლითაც შეგიძლიათ.
რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას, თვითმფინავითაც შესაძლებელია, მაგრამ არცთუ საინტერესო და თანაც ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს. ავტობუსით მგზავრობა გაცილებით იაფია, კომფორტულიც და ერთგვარ ტურსაც წარმოადგენს – სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩახვალთ, უამრავ რამეს შეავლებთ თვალს.
ენა
ინგლისური შოტლანდიელების ოფიციალური ენაა. მასზე მოსახლეობის 90% საუბრობს. სხვადასხვა რეგიონებში გავრცელებულია გელური და შოტლანდიური ენები. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა ინგლისურზეა დაფუძნებული. რაც შეეხება დიალექტებს, ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება რეგიონებში წააწყდეთ.
ფული
ფუნტი სტერლინგი შოტლანდიის ეროვნულ ვალუტას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისს იგივე ეროვნული ვალუტა აქვს, შოტლანდია დღემდე უშვებს სტერლინგისგან განსხვავებულ ბანკნოტებს, რომელთაც ინგლისის სხვა ნაწილში ხშირად არც კი იღებენ. ხანდახან შეიძლება ინგლისური ფუნტი სტერლინგი შოტლანდიის ზოგიერთ დაწესებულებაშიც არ მიიღონ, ამიტომ, თუ შოტლანდიაში აპირებთ მოგზაურობას, ეცადეთ, მათი ეროვნული ფული იქონიოთ.
სამზარეულო
შოტლანდიის სამზარეულო მრავალფეროვანია. იქ უხვადაა სხვადასხვა ქვეყნების რესტორნები. ამას შოტლანდიელები იმით ხსნიან, რომ ძალიაან უყვართ უცხო ქვეყნის კერძების დაგემოვნება.
შოტლანდიელების სამზარეულო ძირითადად ხორცეულსა და თევზეულზეა დაფუძნებული. აღსანიშნავია შოტლანდიური ორაგული და ჰაგისი, რომელიც ცხვრის გულ–ღვიძლისაგან მზადდება. მას ჯერ ხარშავენ, ხოლო შემდეგ წვავენ.
შოტლანდიური სამზარეულო მდიდარია დესერტებით. მათგან აღსანიშნავია დაკეპილი ხორცით მომზადებული შოტლანდიური ღვეზელი.
ხორცისა და თევზის შემდეგ ყველაზე პოპულარული ბოსტნეულით მომზადებული საჭმელია. ეს რომ არა, იქ ჩასული ვეგეტარიანელები შეიძლება შიმშილით მოკვდნენ, რადგან ქვეყანაში მათთვის განკუთვნილი რესტორნები თითქმის არ არსებობს.
ყავა ყველაზე მოხმარებადია სასმელებს შორის. ნებისმიერ კაფესა და რესტორანში შეძლებთ მის დაგემოვნებას უგემრიელეს შოტლანდიურ ნამცხვართან ან შოკოლადთან ერთად.
რაც შეეხება ალკოჰოლს, შოტლანდიური ვისკი უკონკურენტოა. იშვიათად თუ შეხვდებით ტურისტს, რომელიც სამშობლოში შოტლანდიური ვისკის გარეშე დაბრუნდება. ვისკის შემდეგ შოტლანდიელები უპირატესობას ლუდსა და ღვინოს ანიჭებენ.
ღირსშესანიშნაობები
ისტორიული ძეგლები, მუზეუმები და გალერეები ქვეყანას უდიდეს შარმს სძენს. შოტლანდიის ეკლესიები კარგად ასახავს ქვეყნის უძველეს კულტურას.
როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის ძირითად კულტურას ტრადიციული მუსიკა და ცეკვა წარმოადგენს, რომელსაც ძირითადად ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცები ასრულებენ. ამის მომსწრე აუცილებლად გახდებით, თუ შოტლანდიას რომელიმე დღესასწაულზე ეწვევით. ამ დროს ათასობით მესტვირე სააღლუმო მარშით მიუყვება ქუჩებს.
სპორტი შოტლანდიური კულტურის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ქვეყანა თითქმის ყოველ წელს მასპინძლობს სპორტულ შეჯიბრებებს. რაც შეეხება გართობას, ამისათვის საუკეთესო ადგილს ედინბურგი წარმოადგენს.
უსაფრთხოების წესები
კრიმინალური თვალსაზრისით, შოტლანდია ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო და მოწესრიგებული ქვეყანაა. სხვა ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ტურისტულ ადგილებში ჯიბის ქურდები თითქმის არ არსებობენ. ღამით გარეთ სიარული არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ უსაფრთხოდ და აუღელვებლად სეირნობა. უმთავრესი, რაც შოტლანდიაში უნდა დაიცვათ, ეს ზრდილობა და წესრიგია.
ბოლო დროის სტატისტიკური მონაცემებით, შოტლანდიაში ავარიების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, მიზეზი კი ძირითადად ტურისტები არიან. ამის გამო მთავრობამ მოძრაობის წესების დამრღვევთათვის საკმაოდ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა და სერიოზული ჯარიმები დააწესა.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – შოტლანდია;
დედაქალაქი – ედინბურგი;
ოფიციალური ენა – ინგლისური;
მოსახლეობა – 5.116.900;
ეროვნული ვალუტა – ფუნტი სტერლინგი.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ, ჟურნალი სარკე. N 27


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online