asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ უთანაგრძნეს იაპონიაში გოგი ჭიჭინაძის ოჯახურ ტრაგედიას
იაპონელები არას ვერ ამბობენ
როგორ უთანაგრძნეს იაპონიაში გოგი ჭიჭინაძის ოჯახურ ტრაგედიას

2011-06-22 17:43:10



იაპონიამ, რომელსაც სამიოდე თვის წინ, 11 მარტს, სტიქიამ უბედურება დაატეხა თავს, მაისის დამდეგს კლასიკური მუსიკის მსოფლიო, გრანდიოზულ ფესტივალს უმასპინძლა. ამომავალი მზის ქვეყანამ მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე, ოპტიმიზმი და სიცოცხლისუნარიანობა.
ფესტივალის სახელწოდება "ლა ფოლ ჟურნე" თარგმანში "გიჟურ დღეს" ნიშნავს. მისი სულისჩამდგმელია ფრანგი მუსიკოსი რენე მარტენი და ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. ესენია: რიო დე ჟანეირო, ვარშავა, ტოკიო, ბილბაო... ხოლო მისი მთავარი ქალაქი ნანტია. ფესტივალში მსოფლიოს უმაღლესი დონის მუსიკოსები მონაწილეობენ და მათ შორისაა ცნობილი ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე. წელს იგი აუდიტორიის წინაშე მსოფლიოში სახელგანთქმული ვარშავის სიმფონიური ორკესტრის, "სინფონია ვარსოვიას" თანხლებით წარდგა. როგორც ქართველი დირიჟორი აღნიშნავს, ათჯერ მაინც არის ნამყოფი იაპონიაში და ყოველ ჯერზე ამ ქვეყნით აღფრთოვანებას ვერ მალავს.
– ბატონო გოგი, უფრო დაწვრილებით გვესაუბრეთ ამ ფესტივალის შესახებ. ზოგადად როგორია იაპონელი ხალხის ინტერესი კლასიკური მუსიკისადმი?
– შენობაში, სადაც ეს ფესტივალი იმართება, აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე დიდი საკონცერტო დარბაზი. კონცერტები დილიდან საღამომდე ნონ–სტოპის რეჟიმში მიმდინარეობს, თითო კონცერტი ერთგანყოფილებიანია და 45 წუთს გრძელდება. ფესტივალი, შეიძლება ითქვას, დემოკრატიულია, გათვლილია ახალგაზრდა მსმენელზეც, ამიტომ ბილეთის ფასი ძალიან დაბალია – ერთი ბილეთი 7–9 ევრო ღირს. მსმენელი ყიდულობს ბილეთების პაკეტს, რომლის მიხედვითაც დღის განმავლობაში სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლებს. ფაქტობრივად იქ უწევს ცხოვრება – მის წინაშე ხომ უზარმაზარი არჩევანია. არ არის დრესკოდიც (ანუ შეზღუდვა ჩაცმულობის მხრივ), ახალგაზრდებს შეუძლიათ ჯინსებში გამოწყობილებიც შევიდნენ.
შარშან ეს ფესტივალი ტოკიოს ფეშენებელურ რაიონში მდებარე თანამედროვე შენობაში გაიმართა, რომელსაც "ინტერნეიშენალ ფორუმ" ჰქვია. ამ უზარმაზარ შენობაში 11 საკონცერტო დარბაზია განთავსებული. მათგან მთავარი დარბაზი 5.005 მსმენელს იტევს, მეორე დარბაზი – 1.800–ს, მესამე – 1.200–ს, ხოლო მცირე დარბაზები 800 ან 600 მსმენელზეა გათვლილი. იმ 7 დღის განმავლობაში, სანამ ფესტივალი მიმდინარეობდა, მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა. იაპონური პუბლიკა უზარმაზარ ინტერესს იჩენს კლასიკური მუსიკისადმი, ასეთი გიჟური სიყვარული არსად მინახავს.
– იაპონიაში გამგზავრება რისკი არ იყო? იქ რადიაციის დონე დღემდე მაღალი რჩება.
– ეს ფესტივალი ტოკიოსა და მის შემოგარენში უნდა გამართულიყო, მაგრამ საბოლოოდ იაპონიის უკიდურეს სამხრეთით, კიუსიუს ქალაქებში გადაიტანეს, რომელიც სტიქიური უბედურების ზონიდან, ფუკუსიმას რეგიონიდან, გაცილებით შორს მდებარეობს. ეს იყო გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტი ფესტივალის მონაწილეებისთვის, რათა მათ მშვიდად და საიმედოდ ეგრძნოთ თავი. საქმე ისაა, რომ არტისტების თითქმის მესამედმა უარი თქვა იაპონიაში გამგზავრებაზე. ზოგი ძალიან არის დამოკიდებული იმ ინფორმაციებზე, რასაც ტელევიზიით ავრცელებენ. ვარშავის სიმფონიური ორკესტრის წევრები წინასწარ დაუკავშირდნენ პოლონეთის ატომური ცენტრის წარმომადგენლებს და ჰკითხეს, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა მათთვის იაპონიაში გამგზავრება. სპეციალისტებმა კი ასეთი პასუხი გასცეს: "შეიძლება სასწაულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია – პოლონეთში დღესდღეობით უფრო მეტი რადიაციაა, ვიდრე იაპონიაში; ამ მხრივ, საშიშია მხოლოდ ფუკუსიმას რეგიონის 30 კილომეტრიანი ზონა და მასაც თანდათანობით აწესრიგებენ... ტელევიზიით რომ აცხადებენ, რადიაცია დასაშვებ ზღვარს 20 ათასჯერ აღემატებაო, ამით პანიკაში აგდებენ ხალხს, მაგრამ ეს რიცხვი, ჩვენი გამოთვლებით, ბევრს არაფერს ნიშნავს, პანიკის რეალურ საფუძველს არ იძლევა".
წელს ტოკიოში 15 კონცერტი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ იმის გამო, რომ არტისტების ნაწილმა უარი თქვა იაპონიაში გამგზავრებაზე, ფესტივალის დაწყებამდე 11 დღით ადრე მთლიანად შემიცვალეს პროგრამა... საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ფესტივალს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა.
– რამდენად კმაყოფილი დარჩით იაპონელთა დახვედრით?
– კონცერტები რამდენიმე ცნობილ ქალაქში გვქონდა, მათ შორის – კანაზავაში, ასევე ბივაკოს ტბის სანაპიროზე და უზარმაზარ ქალაქ ფუკუოკაში, რომელიც იაპონიაში სიდიდით მეოთხე ქალაქად ითვლება. ფუკუოკა კიუსიუს ცენტრია. იქ, ფეშენებელურ ცენტრ "აკროს ფუკუოკას" 4.500 კაციან დარბაზში, რამდენიმე წლის წინ მქონდა კონცერტები პეტერბურგის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. წელს კი ფესტივალი გაიმართა პატარა ქალაქ ტოსუში, ფუკუოკადან 40 წუთის სავალზე. ტოსუ სოფლის მსგავსი ქალაქია, სადაც დიდი სასტუმროც კი არ არის. სამაგიეროდ, ტოსუში აქვთ 1.800 ადგილიანი არაჩვეულებრივი დარბაზი საოცარი აკუსტიკით, რომელშიც ტევა არ იყო. კიუსიუელები, როგორც სამხრეთის მკვიდრნი, ძალიან თბილი და ემოციური ხალხია.
სამწუხაროა, რომ საქართველოში სიმფონიური კონცერტისთვის ერთი დარბაზიც კი არ მოგვეპოვება, სამაგიეროდ ხინკალ–ცენტრებით აივსო თბილისი... ეს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან სამარცხვინოა.
– იაპონელ ხალხს ტრაგედიამ რა კვალი დაამჩნია, როგორია თქვენი თვალით დანახული ეს ქვეყანა?
– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გენიალური ხალხია, ძლიერი, გამტანი... ჩემი აზრით, სწორედ ესენი უნდა იყვნენ უძველესი არიული რასის შთამომავალნი. განსაცვიფრებლად მაღალი შეგნება, სულიერება, შინაგანი კეთილშობილება და ღირსების გრძნობა გააჩნიათ. იაპონიაში ათჯერ მაინც ვარ ნამყოფი და ამ აღფრთოვანებისგან არ ვიღლები.
იაპონელები უაღრესად ემოციური ხალხია, ოღონდ ემოციებს ძალიან კეთილშობილურად გამოხატავენ. ამ დროს თვალზე ფარული ცრემლი უკრთით... ძალიან ღირსეულები და ვაჟკაცურები არიან, აქეთ გვიკეთებდნენ გულს და გვეუბნებოდნენ, თქვენ არ იცით, რა გააკეთეთ ჩვენთვის, ამ მადლიერებას ალბათ ვერასოდეს გამოვხატავთო. არტისტების ჩამოუსვლელობის მიზეზს კი ასე ხსნიდნენ: იმათ კი არ შეეშინდათ, არამედ თავიანთი ოჯახის წევრებს გაუფრთხილდნენ, რომ არ ენერვიულათ და ამიტომ ვერ ჩამოვიდნენო.
ნიშანდობლივია, რომ იაპონელები საკუთარ კულტურაზე, ტრადიციებსა და ისტორიაზე არ საუბრობენ. ამ თემაზე პასუხის გაცემაც კი ერიდებათ. ეს მომენტი ჩემმა მეგობარმა, ლევან შენგელიამ, წლების წინ შესანიშნავად ახსნა: იაპონელები საკუთარ შემოქმედებით და ყოფით კულტურაში თავს ისე ჰარმონიულად გრძნობენ, იმდენად არ არიან მოწყვეტილი თავიანთ სულიერებას და ისტორიას, რომ ამ თემას საკუთარ თავზე საუბრად მიიჩნევენ და, აქედან გამომდინარე, თავის ქებას ერიდებიან. ამასთან, ბუნებითაც საკმაოდ მორცხვები არიან. ქართველები კი პირიქით, აქაფებული პირით საათობით გავყვირით ჩვენს ისტორიულ თუ კულტურულ, ეროვნულ მოღვაწეებზე, ანუ იმდენად შორს ვართ იმისგან, რასაც ვყვებით, რომ ზღაპრად გვეჩვენება და გვინდა, საკუთარი თავიც და თანამოსაუბრეც დავაჯეროთ ჩვენსავე მონათხრობში, ამა თუ იმ ფაქტის სისწორეში.
– ცნობილია, რომ იაპონელები სამყაროსა და ადამიანის ფაქიზი აღქმით გამოირჩევიან. მათ აქვთ ასეთი გამოთქმაც "ფურიო", რაც შინაარსით მშვენიერების განცდას ნიშნავს.
– 2001 წელს იაპონიაში ასეთი რამ შემემთხვა. ჩემი მეორე ძმის, ელიზბარის დაღუპვის შემდეგ 3–4 თვეში ტოკიოში გასტროლებზე მომიწია წასვლა. იქ მყავს იაპონელი მეგობარი, დირიჟორი, არაჩვეულებივი პიროვნება იუტა ტაკაჰაში. როდესაც კონცერტები ჩავამთავრეთ, იუტამ მთხოვა, რამდენიმე დღე ტოკიოში დავრჩენილიყავი და საცხოვრებლად თავისთან მიმიწვია. ის ტოკიოს ცენტრთან ახლოს, პატარა იაპონურ სახლში, ტრადიციულ ოჯახში ცხოვრობს ხანშიშესულ დედ–მამასთან ერთად. ვცდილობდი, ჩემი მწუხარებით არავინ დამემძიმებინა. ერთხელაც, შინიდან რომ გამოვდიოდით, ფეხსაცმლის თასმების შესაკრავად დავიხარე. უცებ დერეფნის ნიშაში პატარა კუთხე შევნიშნე, მომცრო მაგიდაზე ულამაზესი იკებანები და ბრინჯით სავსე ჯამი იდო ჩხირებით. მანამდე ეს კუთხე არ შემინიშნავს, ალბათ იმიტომ, რომ დიდად დაკვირვებული არ ვარ. ეს რა არის–მეთქი, ვკითხე იუტას. მან არაფერი მიპასუხა, დედას რაღაც გადაულაპარაკა იაპონურად (დედამისი ინგლისურად არ საუბრობს). კითხვა გავუმეორე, კვლავ დუმილით მიპასუხა. თასმები რომ შევიკარი და წელში გავსწორდი, შევხედე – იუტას და დედამისს თვალები ჩასწითლებოდათ. ვიფიქრე, ჩემი კითხვით უხერხულობა ხომ არ შევუქმენი–მეთქი და, ცოტა არ იყოს, შევწუხდი. უცებ იუტამ მითხრა – გოგი, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ იმ ხნის განმავლობაში, სანამ ჩვენთან იქნებოდი, შენი ძმების სულები შენთან ყოფილიყვნენო. ალბათ მიხვდით, ამ კუთხეს მათი ტრადიციისამებრ რა დანიშნულება ჰქონდა. საერთოდ ხმა ვეღარ ამოვიღე, ვერც მადლობა ვუთხარი... თვითონ ფაქტია სასწაული: თავად რომ არ შემემჩნია, ამას ვერასოდეს გავიგებდი, ისინი არც მეტყოდნენ. იაპონელები სიკეთეს უჩუმრად აკეთებენ, ამის ხაზგასმაც არ სჭირდებათ.
ყველას, დიდს თუ პატარას, უზარმაზარი შინაგანი კულტურა აქვს. ბავშვებიც კი მდაბლად თავს უკრავენ ერთმანეთს და ისე ელაპარაკებიან. ეს მათი აღზრდიდან და ტრადიციიდან მომდინარეობს. ამასთან, ბუნებით უაღრესად კოსმოპოლიტებიც არიან, გულგახსნილობა და სიწრფელე ახასიათებთ. განვითარების თვალსაზრისითაც მაქსიმუმი გააკეთეს ისე, რომ ყველა ქვეყანა უკან ჩამოიტოვეს. მათთვის უცხოა კონფორმიზმი, ერთმანეთის გაუტანლობა.
– იაპონელებს ტყუილი ყველაზე უღირს საქციელად მიაჩნიათ. იაპონურში არც არსებობს სიტყვა "სიცრუე", მისი ეკვივალენტია "უსი", რაც ნიშნავს სიმართლის ან რაიმე ფაქტის უარყოფას...
– იაპონელები "არა"–ს ვერ ამბობენ, ამ მნიშვნელობით აქვთ სიტყვა "იერ", მაგრამ მას არ გამოიყენებენ, უზრდელობად მიაჩნიათ. ფრანგები კი – პირიქით, თითქმის ყველაფერზე უარს გეუბნებიან, "კი"–ს თქმა უჭირთ.
– იაპონელი ქალები მთელ აღმოსავლეთში გამოირჩევიან სინატიფით. თქვენ როგორ აღიქვამთ მათ სილამაზეს და ევროპელ ქალებს რა კუთხით შეადარებთ?
– იაპონელ ქალებს თავისებური, უცნაური სილამაზე აქვთ. ძალიან თავშეკავებულები არიან, მე არ შემიმჩნევია მათი მხრიდან ეროტიკული ან ფლირტის მსგავსი რამ. ამას კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, საფრანგეთში, იტალიასა თუ ესპანეთში. მაგალითად, ესპანეთში ფლირტის საოცარი კულტურაა, ჰყავთ ულამაზესი, გიჟმაჟი, ცეცხლოვანი ქალები, ჩახრინწული, ბოხი ხმით. საყოველთაოდ ცნობილია ესპანელი ვაჟების სილამაზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ესპანელი ქალები გაცილებით კაშკაშებენ. გოგო ბიჭის გვერდით რომ მიდის, შთაბეჭდილება რჩება, რომ აშკარად გოგო ლიდერობს. ესპანეთში ფლირტის და ბიჭების "შებმის" მთელი ხელოვნებაა, თანაც ყველაფერი მიმზიდველია – არავულგარული, თეატრალიზებული ფორმით.
– პირადად ხომ არ გქონიათ ესპანეთში მსგავსი შემთხვევა?
– ერთხელ მე და ესპანეთში მცხოვრები ჩემი მეგობარი, სანდრო კანდელაკი, საფოსტო განყოფილებაში შევედით, დარეკვა მინდოდა. იქ ერთმა ადგილობრივმა ახალგაზრდა ქალმა თვალი დამადგა, თვალებში მიყურებდა და თან ხრინწიანი ხმით სანდროს ელაპარაკებოდა, ახლავე უთარგმნე, ნახევარ საათში ცვლას ვამთავრებ და არსად წახვალ, აქ დამელოდებიო... სანდრომ სიცილით მითხრა, მე მგონი, ვერ გადაურჩებიო. ქალს ავუხსენით, რომ სტუმრად მივდიოდით, სანდროს მეგობრები გველოდებოდნენ, მაგრამ მაინც თავისას არ იშლიდა. ბოლოს თავისი მაგიდიდან გადმოიწია და საყელოში მტაცა ხელი – შენ ვერ გაიგე, რომ ისე იქნება, როგორც მე მინდაო. მინისპექტაკლივით ჩაგვიტარა, რომელშიც რეალურად სიბინძურის ნასახიც არ იყო. რა თქმა უნდა, ჩვენს გზაზე წავედით. დამშვიდობებისას სიცილით და ჰაეროვანი კოცნით გვაცილებდა.
სადაც ტრადიციული სულია და ადამიანი თავისუფალია, იქ ყველაფერი ლამაზად ხდება. როგორც მონტენი ამბობს, საგნები თავისი არსით არ შეიძლება იყოს კარგი და ცუდი, კარგს და ცუდს ქმნის ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, ჩვენი წარმოდგენები და ის ფორმა, რომლითაც ჩვენ ამ დამოკიდებულებას ვქმნით.
ნანა კობახიძე ჟურნალი სარკე N 25


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტრაგედია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online