asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ დასცინოდნენ ხატია შამუგიას ამსტერდამის ღამის კლუბში
ჰოლივუდში ყველა ვარსკვლავთან ვიღებდი ფოტოს
რატომ დასცინოდნენ ხატია შამუგიას ამსტერდამის ღამის კლუბში

2011-06-25 00:23:06



წარსულში ცნობილი ტელესახე, ამჟამად "ისი პარის" პიარმენეჯერი ხატია შამუგია საზაფხულო შვებულებებს ძირითადად საზღვარგარეთ ატარებს. ხან პასიურად ისვენებს, ხან აქტიურად, ხანაც, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან სასაცილოდ. მოგზაურობებიდან ყოველთვის საინტერესო თავგადასავლებით, ისტორიებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლული ჩამოდის.
– ხატია, ბოლოს როდის იყავით საზღვარგარეთ?
– ჩემი ბოლო საზღვარგარეთული ვიზიტი საფრანგეთს უკავშირდება. ეს იყო ნოემბერში და ჩემი ყოველწლიური გეგმური ვიზიტი გახლდათ. მივდივარ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში – კანი, ნიცა, მონაკო. ახლა, შემოდგომაზე, ისევ მინდა წავიდე საფრანგეთში, რადგან ამ დროს ეს ქვეყანა ყველაზე ლამაზია.
– მოგზაურობის შემდეგ უკან, საქართველოში დაბრუნება გახარებთ?
– საქართველოში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. მეორე მხრივ, საზღვარგარეთ ყოფნისას საქართველო არასოდეს მომნატრებია, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხნით არსად ვყოფილვარ, მაქსიმუმი, 10–14 დღით მივდივარ ხოლმე. ნოსტალგია მაშინ გაქვს, როცა, 6 თვით, ერთი წლით ან უფრო დიდი ხნით მიდიხარ. ზაფხულში 20 დღით მივდივარ დასასვენებლად და ამ 20 დღეში იმდენად მიმზიდველია საზღვაო კურორტები და გართობა, რომ საერთოდ არ გახსენდება საქართველო. უკან ისე ჩამოვდივარ, რომ საქართველოს მონატრებას ვერ ვასწრებ.
– ზაფხულობით ყოველთვის საზღვარგარეთ მიდიხართ?
– დიახ, თუმცა შარშან საერთოდ არ დამისვენია, შვებულება არ მქონდა. ორი დღით წავედი კვარიათში და იმ ორ დღესაც წვიმდა.
– ქართულ კურორტებს ნაკლებად სწყალობთ?
– პასიური დასვენების მოყვარული ვარ. ძალიან მიყვარს კომფორტი და დასვენება ყველასგან და ყველაფრისგან. არ მინდა, ამბიციურად ჩამითვალოთ, მაგრამ, როცა ცნობადი სახე ხარ და ბევრი ადამიანი გიცნობს, მთელი დრო მიდის არა დასვენებაზე, არამედ ერთმანეთის მოკითხვასა და საუბრებში. მე ამისგანაც ვისვენებ.
– მარტო მიდიხართ ხოლმე?
– სულ მარტო არასოდეს ვყოფილვარ. გოგონებს ჩვენი წრე გაქვს, ვინც ყოველწლიურად ერთად დავდივართ. ახლა ჩემი შვილიც წამოიზარდა, 9 წლის კაცი გახდა და ალბათ ნიკუშასთან ერთად ვივლი.
– როგორ ქვეყნებში გირჩევნიათ დასასვენებლად წასვლა?
– სამწუხაროდ, იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ სენ ტროპეში, მაიამის სანაპიროზე, სარდინიაზე დავისვენოთ. ვცდილობთ, შეზღუდულ თანხაში მაქსიმალურად მაღალი სერვისი მივიღოთ. ამის საუკეთესო საშუალება, რა თქმა უნდა, თურქეთია, რომელმაც მსოფლიოს ბევრ კურორტს დიდი კონკურენცია გაუწია. ამ ქვეყანაში მინიმალური თანხით მაქსიმალური სერვისი და კომფორტია. ძირითადად მივდივართ ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, ბოდრუმისა და მარმარისისკენ. იქ ძალიან ცოტა ქართველი დადის. ერთადერთხელ შეგვხვდა ქართველი გოგონა, რომელიც იქ მუშაობს ერთ–ერთ დისკოთეკაზე. არის დიდი გემი, რომელიც ღამის 11 საათზე გადის ეგეოსის ზღვაში, ერთ სართულზეა დისკოთეკა, მეორე სართულზე – ბარი და ა.შ. ერთხელ ამ კლუბში შესასვლელად ბილეთს ვყიდულობდით და გოგო მეუბნება ქართულად, თქვენ ხატია ხართო. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართა! მეგობრები მეხუმრებოდნენ, აქაც გიცნესო.
– პასიურ დასვენებაში რას გულისხმობთ, ვთქვათ, როგორია თქვენი ერთი დღე?
– ძალიან მოწესრიგებული დამსვენებელი ვარ. მაქვს ჩემი განრიგი. უნდა ავდგე ადრე, 8 საათზე, 9–ის ნახევრამდე უნდა მოვწესრიგდე, 9–მდე უნდა ვისაუზმო, 9–ზე უკვე სანაპიროზე უნდა ვიყო, 12–მდე გავირუჯო, მერე ვივარჯიშო. მოკლედ, გაწერილი გრაფიკი მაქვს ძალიან ბებრულად. შუადღეს აკვა–აერობიკაა, სხვადასხვა კონკურსებია, სადაც მონაწილეობას ვიღებ, მაგალითად, სხვადასხვა კარაოკეში და საღამოს 10 საათზე უნდა დავიძინო. რა თქმა უნდა, კლუბებსაც ვეწვევი ხოლმე, მაგრამ იშვიათად. რამდენჯერ შეიძლება ერთსა და იმავე კლუბში შეხვიდე?! მოკლედ, მიყვარს პასიური დასვენება. ზედმეტი ხმაური და გადატვირთვა არ შემიძლია.
– საქართველოში ასეთ დასვენებას ვერ ახერხებთ?
– სხვათა შორის, წელს ძალიან მინდა ანაკლიაში წასვლა. იქ ნამყოფი ვარ და ფანტასტიკური იყო, ძალიან მომეწონა სასტუმრო. მაგარი სიტუაციაა, კარგი ზღვაა და მინდა, შაბათ–კვირას ანაკლიაში წავიდე.
– თურქეთის გარდა, სად დაგისვენიათ?
– ერთადერთხელ წავედით ზამთარში მე და ჩემი მეგობარი ამსტერდამში საშობაოდ. შობას იქ შევხვდით. ზოგადად მე ზაფხულის მოყვარული ვარ და ზამთარი არ მიყვარს. ამსტერდამში კი დაგვხვდა –7 გრადუსი სიცივე, მაგრამ ჰოლანდია იმდენად კარგია, ამსტერდამი იმდენად ლამაზია, უამრავი სანახაობით, რომ სიცივე არ გამხსენებია და არაკომფორტულად არ მიგრძვნია თავი. უდიდესი ნაძვი ხე იდგა მოედანზე, მუზეუმები... კარგად მახსოვს იქაურობა, სასიამოვნო შთაბეჭდილებები გამომყვა. ამსტერდამში ვიყავით პოპულარულ კლუბ "ბულდოგში", სადაც არის პროფესიონალი მომღერალი და კარაოკეს წამყვანი. იქ მთელი მსოფლიოდან ჩადიან საშობაოდ და ამ კლუბში მღერიან. მეც ვთქვი, ვიმღერებ–მეთქი. მე და ჩემს დაქალს იქ დაგვხვდა ჩვენი მეგობარი. რომ ვთქვი, ვიმღერებ–მეთქი, გაეცინათ, რას იმღერებო, არ სჯეროდათ. ვერ წარმოედგინათ, რომ ამსტერდამის კლუბის სცენაზე ავიდოდი. იქ ვისკის სვამენ. ჩემს სიცოცხლეში სასმელი არ დამილევია და კოკა–კოლა მოვითხოვე. ამაზე ისე დამცინეს... ამსტერდამში ყოფნის პერიოდში სალაპარაკოდ სულ ეს ჰქონდათ, ხატიამ "ბულდოგში" კოკა–კოლა მოითხოვაო.
– კარგად იმღერეთ "ბულდოგში"?
– არა, რა თქმა უნდა. სმენა მაქვს, მაგრამ ვოკალური მონაცემები – არა, მაგრამ ამას ვინ უყურებდა! იქ ისეთი სიტუაციაა, არავის არაფერი უკვირს, კარაოკეა, ყველა მღერის.
– რა მოგაქვთ სამახსოვროდ მოგზაურობებიდან?
– ბევრ სურათს ვიღებ, ვიდეოს – იშვიათად. მრჩება საუკეთესო განწყობა, მოგონებები, შთაბეჭდილებები, ემოციები... მერე, მთელი წელი, სახუმარო თემა მე ვარ სამეგობროში, ისეთ რაღაცეებს ამომიგდებენ ხოლმე, მაგალითად, ხატიამ 8 საათზე დაიძინა, დილით 9 საათზე გაგვაღვიძა, კლუბში ყავა მოითხოვაო და ა.შ.
კიდევ ვაგროვებ სნოუბოლებს – გამჭვირვალე ჭურჭელში წყალს რომ შეანჯღრევ და ფანტელები ცვივა. ყველა ქვეყნიდან მომაქვს ხოლმე.
– რასთან ასოცირდება თქვენთვის სიტყვა "მოგზაურობა"?
– პირველ რიგში, საქმიან ვიზიტთან. ჩემი მასშტაბური მოგზაურობები ძირითადად სამსახურთანაა დაკავშირებული და ეს ვიზიტები უკავშირდება კარგ საქმეს, საინტერესო ამბებს, თავგადასავლებს, სიახლეებს, ლამაზ სანახაობებს. როგორი დატვირთული დღეც უნდა გქონდეს, საღამოს გრჩება დრო, რომ ქალაქი დაათვალიერო. თუ გინდა, რომ ქვეყნის კულტურა შეიგრძნო, უცხო ქალაქში ფეხით უნდა იარო, მანქანით სიარულს აზრი არ აქვს, ვერაფერს გაიგებ და ნახავ. ფეხით ბევრს დავდივარ და არასოდეს ვიღლები.
– რამდენადაც ვიცი, ამერიკაშიც ხართ ნამყოფი.
– ამერიკა სხვა სამყაროა, სხვა ადგილი. არ ვიცი, რა შეიძლება ვთქვა, მაგრამ იქ ყველაფერი განსხვავებულია, სხვა პლანეტაა. ევროპის ქვეყნები ხომ რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, ამერიკა კი არავის და არაფერს ჰგავს, ძალიან მაგარი სიგიჟეა! წარმოიდგინეთ, თებერვალში, როცა თბილისში ცივა, ქარია, თოვს, წვიმა, ტალახი და ა.შ., მე 17 საათში აღმოვჩნდი ლოს ანჯელესში, მალიბუში, მერე – სანტა ბარბარა, სანტა მონიკა, სან ფრანცისკო, ანუ კალიფორნიის შტატში, სადაც არის 31 გრადუსი სიცხე, ოკეანე, უდიდესი თეთრი ქვიშა და მექსიკური ჰანგები. გურამიკო (ხატია შამუგიას ყოფილი ქმარი. ავტ.) ჩიკაგოში ცხოვრობს. ჩიკაგო არის ცივი, იქ სულ ზამთარია. კალიფორნიაში არ იყო ნამყოფი და იქ რომ ჩამომაკითხა, გაგიჟდა, თქვა, აქ უნდა ვიცხოვროო. საერთოდ, კლიმატი დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, ხასიათზე. ლოს ანჯელესში ყველა ბედნიერია, სხვათა შორის, ბევრი ემიგრანტია იქ. ერთი ქართველიც ვნახე – ბათუმელი ბიჭი, რომელიც იქ მუშაობს რამდენიმე წელია. რა თქმა უნდა, დაუვიწყარი იყო ჰოლივუდის ნახვა. ოსკარის ცერემონიალის მეორე დღეს მოვხვდი იქ, როცა ხალიჩებს იღებენ. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. თავიდან უნახავივით ვიყავი, ყველა ვარსკვლავთან სურათს ვიღებდი. პირველი, რაც გადავიღე, მაიკლ ჯეკსონის ვარსკვლავი იყო და რამდენიმე თვეში მოკვდა კიდეც.
ასევე ვიყავი დისნეი ლენდში. იქ ჩემი ბავშვობა გაცოცხლდა, დისნეის გმირები – მიკი მაუსი, დონალდ დაკი და ა.შ. იქ არის გემი, დაჯდები და გზადაგზა მარკ ტვენის გმირები გხვდებიან, ხელს გიქნევენ – ტომ სოიერი, ტომის დეიდა...
– საზღვარგარეთულ შოპინგს რა დროს უთმობთ?
– ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობ შოპინგს, ახლა – მით უმეტეს, რადგან ნებისმიერი რამის გამოწერა შეგიძლია და საზღვარგარეთ ყოფნისას დრო ამაში როგორ უნდა დაკარგოს ადამიანმა?! შოპინგი არასოდეს ყოფილა ჩემი იდეაფიქსი. როცა გეძლევა შანსი, დაათვალიერო სხვა ქვეყანა, რაღაც ჭინჭების ყიდვაში არ უნდა გაიყვანო დრო.
– თვითმფრინავში როგორ გრძნობთ თავს?
– ფრენის შიში არ მაქვს. ვჯდები თუ არა თვითმფრინავში, ვიკრავ ღვედებს და ვიძინებ. ტურბულენტურ ზონაშიც ვყოფილვარ, მერე რა?! რაც გიწერია, ის მაინც მოხდება, პანიკა რომ ატეხო, რას უშველი ამით?
– კომფორტის გარეშე, ცოტა ველურ პირობებში არასოდეს გიმოგზაურიათ?
– რა თქმა უნდა, მოგზაურობის დროს კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა საქმიანი ვიზიტით მივდივართ, ეს თავისთავად არის გათვალისწინებული. ვყოფილვარ ძალიან მაღალი დონის სასტუმროებში. ლოს ანჯელესში რომ ვიყავი, გურამიკომ მეგობართან ერთად ჩამომაკითხა. მისმა მეგობარმა რომ გაიგო, რომელ სასტუმროში ვცხოვრობდი, გურამიკოსთვის უკითხავს, შენი ცოლი მილიონერიაო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საქმიანი ვიზიტით მივდივართ. ნამყოფი ვარ კოკა–კოლას საერთაშორისო ფესტივალზე საფრანგეთში, რომელიც ყოველ წელს იმართება და 100.000 ტურისტი ჩადის მსოფლიოდან. იქ კარავში ვცხოვრობდი, ანუ ესეც გამოცდილი მაქვს. მშვენიერი და გადასარევი დრო ვატარე. ახლა ასე ვერ გავერთობი, ასაკი თავისას შვრება და ახლა ბევრად მეტი კომფორტი მჭირდება.
ანა ნოდია ჟურნალი სარკე N 25


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხატია შამუგია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online