
პიანისტი ნუცა ჯანელიძე არამხოლოდ გასტროლებით მოგზაურობს, სხვადასხვა კორპორატიულ საღამოსა და წვეულებებზეც ხშირად იწვევენ საზღვარგარეთ და ყოველთვის მკვეთრი, მდიდარი შთაბეჭდილებებით დატვირთული ბრუნდება. საბჭოთა წარსულიდან ასეთი მოგზაურობა პრაღა იყო, ხოლო უახლოესი წარსულიდან – ბარსელონა. გასულ ზაფხულს სამ ქვეყანაში იმოგზაურა, საიდანაც საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. ისეთი შემთხვევაც ჰქონია, თვითმფრინავიდან ქურქით გადმოსულა და ისეთ სიცხეში მოხვედრილა, საზაფხულო ტანსაცმლის ყიდვა დასჭირვებია. იაპონიამ კი თავისი სიჭრელით და სილამაზით, პირღია დატოვა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
– ქალბატონო ნუცა, როგორც ვიცი, საკმაოდ დატვირთული ზაფხული გქონდათ, ბევრი იმოგზაურეთ. კონკრეტულად სად იყავით?
– სამ ქალაქში ვიყავი – ბარსელონაში, მინსკსა და ანტალიაში. ბარსელონაში ერთ–ერთი ჩვენი ყაზახი მეგობრის დაბადების დღეზე აღმოვჩნდი. ეს ადამიანი ანსამბლ "ფორტეს" თაყვანისმცემელია და გადაწყვიტა, დაბადების დღე ბარსელონაში აღენიშნა, თანაც ქართულად. ძალიან მაგარი გამოვიდა. საქართველოდან მიწვეული იყვნენ ანსამბლი "რუსთავი", "ფორტე", ასევე ხალხური ანსამბლის წარმომადგენლები და ერთ–ერთი დიზაინერი, თეო. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოდან ჩასული იყო მანუელი – ქართული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი მზარეული. ასევე იყო ამ ყაზახის ორი ამხანაგი ამერიკიდან და იტალიიდან. დაბადების დღე ბარსელონაში, ულამაზეს ციხესიმაგრეში გადაიხადა. ოთხი დღე ერთ ამბავში ვიყავით. იმდენად უყვარს საქართველო, რომ დიზაინერ თეოს შეუკვეთა სამოსი ქართული ნაციონალური შტრიხებით. როცა დაბადების დღეზე მივედით, დავინახეთ, რომ საკიდებზე თითოეული ჩვენგანის სახელი ეწერა და ეს სამოსი ეკიდა. წარმოიდგინეთ, რა გააკეთა! სუფრას რომ მივუსხედით, ყველანი ქართულ სამოსში ვიყავით გამოწყობილი. იუბილარის 6 წლის ტყუპ ვაჟებსაც ქართული ჩოხები ეცვათ. არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ, რა თქმა უნდა, დიდი ამბავი იყო "სულიკოსა" და "თბილისოზე", რომლის მისამღერები იუბილარმაც იცოდა და ხმებში გვყვებოდა.
დაბადების დღის გარდა, ზურა მანჯავიძე დაპატიჟებული იყო ფეხბურთზეც. გადარეული დაბრუნდა თამაშიდან. ეს დიდი ზეიმი იყო. მახსოვს, როცა თამაში მიმდინარეობდა, ქალაქში არავინ დადიოდა. ერთ ახლობელს იქ სახლი აქვს და რამდენიმე დღით დაგვითმო. გოგოები დავსხედით კაფეში და ვსაუბრობდით. საოცარი სიჩუმე იდგა, ყველა მიწებებული იყო ტელევიზორებს და თამაშის მსვლელობას ადევნებდნენ თვალს. უცებ ატყდა ხმაური, წივილ–კივილი, მოტოციკლეტებით და მანქანებით რბოლა, დროშების ფრიალი, ხალხი აქეთ–იქით დარბოდა და ღრიალებდა. მივხვდით, რომ თამაში დასრულდა, თან "ბარსას" გამარჯვებით. საოცარი გრძნობა იყო, ძალიან ემოციური!
– მოგზაურობა ხშირად გიწევთ?
– საკმაოდ ხშირად გვქონდა საგასტროლო მოგზაურობები, მაგრამ ბოლო დროს გასტროლებით აღარ დავდივართ. უფრო მეტად კორპორატიულ საღამოებზე გვიწვევენ, როგორც საპატიო სტუმრებს და ამავდროულად ჰონორარსაც გვაძლევენ. 3–4 დღით მივდივართ ხოლმე.
ბარსელონადან რომ ჩამოვედით, ზუსტად ერთ კვირაში წავედით მინსკში, ერთ–ერთ კორპორატიულ საღამოზე. მინსკმა საერთოდ გამაგიჟა! კონტრასტებით ვიყავი გაოცებული. მიდიხარ ქალაქში და ხედავ ძალიან მაგარ ბარებს, კაფეებს ინგლისური წარწერებით, ძალიან მაგრად ჩაცმულ ქალებსა და კაცებს, ულამაზეს ფორმებში გამოწყობილ ბავშვებს, განათებულ ქუჩებს და ყოველივე ამის პარალელურად ხედავ, დგას საბჭოთა მეომრის ძეგლი! ეს ყველაფერი ლამაზად არის შეთავსებული. მაგალითად, სუფრაზე იყო საოცარი დელიკატესები, უცხოეთიდან ჩამოტანილი უცნაური ფორმისა და გემოს ხილი, სხვადასხვანაირი სალათა, უგემრიელესი ევროპული კერძები, ძვირფასი სასმელები და პარალელურად იდო საბჭოთა შამპანური. ძალიან უცნაური ქალაქია. უცხოური მანქანების გვერდით საბჭოთა სატვირთოები დადიოდნენ.
– საბჭოთა პერიოდიდან რომელ ქვეყანაში მოგზაურობა დაგამახსოვრდათ გამორჩეულად?
– როცა ამ ქვეყანაში ვიყავი, მაშინ მას ჩეხოსლოვაკია ერქვა. შევედით მუზეუმში და საოცრებები ვნახეთ. ერთ–ერთ ექსპონატს ერქვა "პრაღის მზე". 9 კილოიანი ალმასია ამ მზეში! დიდი შუშის ქვეშ არის მზე, რომლის სხივებიც ბრილიანტებითაა გაკეთებული.
მერე ვიყავით წიგნების მუზეუმში, სადაც საოცარი წიგნები ვნახეთ. ზოგი ადამიანის ფრჩხილის ზომის იყო, ნემსის წვერით ძლივს რომ გადაშლიდი. ვნახეთ უზარმაზარი, ოთახის ზომის წიგნიც, რომელსაც 3–4 ადამიანი ერთად თუ გადაშლის.
1982 წელს იაპონიაში გახლდით. ეს იყო შოკი. თბილისიდან ჩავფრინდით მოსკოვში. იქ "ცისფერი ტრიოს" ბიჭებსა და სუხიშვილების მოცეკვავეებს შევხვდით, რომლებიც იაპონიიდან ბრუნდებოდნენ. გვკითხეს, სად მიდიხართო და, რომ ვუპასუხეთ, იაპონიაში–თქო, გვითხრეს, იქიდან მოვდივართ და ასე გვგონია, რომ სიზმრიდან ჩამოვედით, თქვენ ახლა სიზმარში მიდიხართო. არ დავუჯერეთ, მაგრამ ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის წუთიდან პირი რომ დავაღე, 17 დღე ასე დაღებული პირით დავდიოდი.
– ასე რამ გაგაოცათ იაპონიაში?
– მრცხვენია, ეს რომ უნდა ვთქვა, მაგრამ... სისუფთავემ და მომსახურებამ. ეს ერთი, რითაც სრულიად გაოგნებული დავრჩი. გამაოცა ქალაქის ფერადოვნებამ. ქუჩები, სახლები და კორპუსები სულ სხვადასხვა ფერისაა, უამრავი სარეკლამო ბანერი, კაშკაშა, ციმციმა, ბევრი ჭრელი ყვავილი. ტოკიოში უამრავი საუკეთესო მაღაზია, მანქანა, რესტორანი, გასართობი ადგილია. ტურისტის თვალით დანახული იაპონია, თან 1982 წელს, შოკისმომგვრელი იყო! სასტუმროში 57–ე სართულზე ვცხოვრობდით. ლიფტში რომ შევიდოდით, სანამ ღილაკს მივაჭერდით თითს და მოვბრუნდებოდით, რომ მეგობარს დავლაპარაკებოდით, უკვე 57–ე სართულზე ვიყავით ასული.
– ქალბატონო ნუცა, კომფორტს რა ადგილი უჭირავს თქვენთვის მოგზაურობის დროს?
– მშვენიერია, როცა კარგ პირობებში ხარ. კომფორტი ყველას უყვარს – დიდ ვარსკვლავსაც, მეც და პატარა ბავშვსაც. სასტუმროში ფანჯარას რომ გააღებ და კედელს დაინახავ, ვის მოეწონება?! დილით რომ ადგები, ნომრიდან გახვალ და უკან დაბრუნებულს დალაგებული რომ დაგხვდება, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მე არ მაქვს მოთხოვნა, გინდა თუ არა, ასე იყოს. სადაც წავსულვარ, ყველგან დამხვედრია კომფორტი. 3 ვარსკვლავიან სასტუმროშიც მიცხოვრია და 7 ვარსკვლავიანშიც.
– რა ხდებოდა 7 ვარსკვლავიან სასტუმროში?
– ამ ზაფხულს ვიყავი ასეთ სასტუმროში თურქეთში, მეგობრის შვილის ქორწილში. სიტყვებით აღწერა მიჭირს, რა ხდებოდა. ფანტასტიკური სასტუმროა, ულამაზესი ხედით. სასტუმროს ტერიტორიაზე დიდი არხია, რომელშიც გონდოლა დაცურავს. საღამოობით ამ გონდოლით სეირნობა შოკია. უმაღლესი დონის მომსახურებაა, დაივინგის ცენტრებიდან დაწყებული ყველანაირი კომფორტით დამთავრებული.
– ჩაყვინთეთ წყალში?
– არა, წყლის მეშინია. რამდენიმე წლის წინ ვიყავით მარმარისში. იქ ჩაყვინთა ზურა მანჯავიძემ და ჩვენმა მეგობარმა ინსტრუქტორთან ერთად. მერე მომიყვნენ, როგორი სილამაზე ნახეს.
მარმარისში ყოფნისას იახტით გავედით ზღვაში. საკმაოდ ბევრნი ვიყავით, მოგვინდა ნაყინი. კაპიტანმა დარეკა სადღაც, ეტყობა, უთხრა, ამა და ამ ადგილზე ვართ და ნაყინს ითხოვენო. თვალის დახამხამებაში გაჩნდა ნაყინით დატვირთული კატერი და დაგვიძახეს, აბა, ვის რომელი გინდათო. ჩვენც გემრიელად შევექეცით შუა ზღვაში ნაყინს. ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი.
– რომელიმე ქვეყანაში დარჩენის სურვილი თუ გაგჩენიათ?
– კი, ავსტრიაში. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ მინდოდა, დავრჩენილიყავი. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ავსტრიამ, ვენამ განსაკუთრებით მომხიბლა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მშვიდი ქვეყანაა. მუსიკა ხომ უმაღლეს დონეზეა. ასე მეგონა, ყველა სახლიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა. კონცერტებით ვიყავით წასული. ტრიო "ნატალი" იყო ჩვენთან ერთად და მახსოვს, მე და ნატო მეტონიძემ გაზეთი ვიყიდეთ, ვაკანსიებს ვეძებდით, რომ გვემუშავა. თუ სამუშაო გარანტირებული მექნება, 2 წლით წავალ და ვიცხოვრებ ვენაში. ისე ვერ ვიზამ, რომ სულ დავტოვო სამშობლო.
– როგორც ვიცი, ამერიკაშიც ხართ ნამყოფი.
– ამერიკაში ორჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ ლოს ანჯელესთან ახლოს ვიყავი. ეს ხდებოდა 11 სექტემბრის ტერაქტიდან ერთი თვის შემდეგ. ოქტომბერში ჩავედით, იმ ქუჩაზე გავიარეთ, სადაც ცხოვრობენ მსახიობები, ვარსკვლავები. არ დამავიწყდება მელ გიბსონის სახლი, რომელსაც უზარმაზარი დროშა ჰქონდა გამოკიდული ტერაქტის მსხვერპლთათვის თანადგომის გამოსახატავად. ლოს ანჯელესი გაბრდღვიალებული ქალაქია.
მეორედ ფლორიდაში ვიყავით მე, მაია ჯაბუა და თემურ თათარაშვილი. ჯერ ჩავედით ნიუ იორკში, სადაც დიდი თოვლი და უბედურება იყო. იქიდან გადავფრინდით ფლორიდაში. თვითმფრინავიდან ქურქებსა და პალტოებში გამოწყობილი გადმოვედით. ამხანაგი დავინახეთ, რომესაც სარაფანი და თხელი ჟაკეტი ეცვა. გავგიჟდით. მან გვითხრა, რა გაცვიათ, აქ ისეთი სიცხეა, გაგიჟდებითო. არადა საათი და ორმოცი წუთი ვიფრინეთ ნიუ იორკიდან ფლორიდამდე. ტანსაცმლის ყიდვა დაგვჭირდა. იქ რამდენიმე კონცერტი გვქონდა. კონცერტის შემდეგ კი მასპინძლებმა მაიამიში წაგვიყვანეს. ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. იქ გავიგეთ, რომ მადონას გაუკეთებია სასტუმრო, რომელიც შორიდან დაგვანახეს.
– ეგზოტიკური კერძების გასინჯვას ბედავთ?
– ყველაფერს ვერ შევჭამ. მაგალითად, იაპონიაში გვკითხეს, ევროპული კერძები გვინდოდა თუ იაპონური. ჩვენ ევროპული ვარჩიეთ და მოგვიტანეს კერძი, რომელიც ძალიან მომეწონა. თევზის ნაჭრებს ჰგავდა, ისე იყო დაჭრილი. მერე ვიკითხე, რისგან არის გაკეთებული–მეთქი და მითხრეს, ხვლიკის ხორციაო. რომ ამბობენ, ამ დროს ავდექი და ტუალეტში გავიქეციო, მე მსგავსი არაფერი მომსვლია. შევჭამე, მომეწონა და რატომ უნდა გავმხდარიყავი ცუდად?! ეგზოტიკური კერძები მაინტერესებს.
– თვითმფრინავში როგორ გრძნობთ თავს?
– ფრენის არ მეშინია. ტურბულენციაშიც ხშირად მოვხვედრილვარ, მაგრამ ამ დროს ვფიქრობ, რომ ჯერ ჩემი დრო არ არის. თან ყოველი მგზავრობის წინ ვკითხულობ ლოცვებს. ალბათ ასე ბევრი იქცევა და მგონია, რომ ეს ლოცვაც მეხმარება. ცოტა მეშინია, მაგრამ პანიკაში არ ვვარდები.
ანა ნოდია

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



ბერნში ცხოვრების წესები
გიორგი სვანიძეს უცხოელების პუნქტუალობა მოსწონს
გიორგი მეგრელიშვილის გიჟური სამი დღე კანში
შოტლანდიის ხიბლი – გუდასტვირის ჰანგები და ვისკი













ჩინეთში ჩასულ ტურისტებს `ზეცაში გასეირნება~ შეეძლებათ
ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი
ლაშა რამიშვილს ედინბურგში შიშველი მანეკენი მოხვდა თავში


თამუნა ამონაშვილი ნიუ იორკმა შეაშინა
რა ასწავლა გიორგი გოგიშვილს ირლანდიაში ცხოვრებამ
რას ჩამოგიტანენ მეგობრები ბერლინიდან
ნინო თარხან–მოურავმა აზია აღმოაჩინა
ფრთხილად, აფროდიტეს სამშობლოში არ გაგაცურონ!
სურამში სიმშვიდეა
რატომ არ ღირს ქობულეთში წასვლა
ზაალ ჩიქობავა თბილისიდან პარიზში ავტობუსით ჩავიდა 






