asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ორსულებში პაროდონტიტისა და კარიესის პრობლემები გვხვდება
ორსულებში პაროდონტიტისა და კარიესის პრობლემები გვხვდება
ორსულებში პაროდონტიტისა და კარიესის პრობლემები გვხვდება

2011-11-29 20:24:48



სტომატოლოგიური პრობლემები ნებისმიერ დროს საყურადღებოა და, მით უფრო, ორსულობისას. ქალის ორგანიზმში ამ დროს უამრავი ცვლილება ხდება და არაა გამორიცხული, რამე პათოლოგია პირის ღრუშიც განვითარდეს. ჟურნალი "გუმბათი" ექიმ-სტომატოლოგს ეთერ ჩიტაშვილს გაესაუბრა. ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელი პათოლოგიებია ყველაზე მეტად გავრცელებული ორსულებში, რა არის მათი გამომწვევი მიზეზი, რამდენად სახიფათოა ორსულისთვის კბილის მკურნალობა, გაუტკივარება ან რენტგენოგრამა.

- ქალბატონო ეთერ, ორსულობისას პირის ღრუს რომელმა პათოლოგიებმა შეიძლება იჩინოს თავი?

- პირის ღრუს დაავადებებიდან ორსულებში, უმეტესად, პაროდონტიტისა და კარიესის პრობლემები გვხვდება. პაროდონტიტის პრობლემებიდან ყველაზე ხშირი გინგივიტია, რომელიც გამოვლინდება ღრძილებიდან სისხლდენით კბილების ხეხვის დროს და დროულად მიხედვას საჭიროებს, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ პაროდონტიტის განვითარება. პაროდონტიტის დროს მყარი საკვების მიღება და კბილების ხეხვა ღრძილებიდან სისხლდენას იწვევს, ყალიბდება პაროდონტული ჯიბეები (ღრძილები შორდება კბილს), ძვლოვანი ქსოვილი თხელდება და კბილები ირყევა. პაროდონტულ ჯიბეებში გროვდება საჭმლის ნარჩენები, რომლებიც შემდეგ ინფიცირდება. დაავადება საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და შესაძლოა, ჯანსაღი კბილების დაკარგვით დასრულდეს. თუმცა, შესაძლებელია ნებისმიერი სხვა პათოლოგიის გამწვავებაც, თუ მანამდე არსებობდა რაიმე პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ამასთან, პირის ღრუში შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ ცვლილებებს:

- ენაზე გემოვნებითი შეგრძნებების შეცვლას;

- სანერწყვე ჯირკვლებში ნერწყვგამოყოფის შემცირებას, ან გაზრდას;

- პირის ღრუს ლორწოვანის მომატებულ მგრძნობელობას, მცირედი სისხლდენით ან მკვეთრად გამოხატული ანთებითი პროცესებით;

- ჰიპერტროფულ პროცესებს (დვრილების მკვეთრი ზრდა);

- სოლისებრი დეფექტების გაჩენას;

- კბილის მაგარი ქსოვილების ჰიპერესთეზიას (კბილების მგრძნობელობის მომატება);

- ქრონიკული ოდონტოგენური პროცესების გამწვავებას.

- ძირითადად, რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში?

- ორსულობისას შეცვლილია ჰორმონალური ფონი, ცხიმების, ცილებისა და მინერალების ცვლაში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანი ძვრები ნაყოფის ორგანიზმის მშენებლობისკენ არის მიმართული. ამის გამო, ორსულობას თან სდევს კალციუმის ცვლის დარღვევა. შეიძლება ეს გარეგნულად არც გამომჟღავნდეს, მაგრამ თუ ორგანიზმში კალციუმის ცვლა უკვე დარღვეულია, ორსულობისას იგი უმალვე იჩენს თავს. ორსულობის მე-6-7 თვეს ინტენსიურად იწყება ნაყოფის ჩონჩხის ფორმირება. თუ დედის ორგანიზმში კალციუმის დეფიციტია, ნაყოფის ჩონჩხის ასაგებად ეს ელემენტი მისი ძვლებიდან გამოილექება. პირველ დარტყმას იღებს ზედა და ქვედა ყბა. ალვეოლური წანაზარდები, რომლებიც კბილის ბუდეს ქმნის, კარგავს კალციუმს, რაც უკანასკნელი ნაბიჯია პაროდონტიტის ჩამოყალიბებისკენ. გარდა ამისა, ორსულობისას ხშირად მწვავდება კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები: გასტრიტი, დუოდენიტი, ენტერიტი, კოლიტი. თავის მხრივ, ესეც შეიძლება იქცეს კალციუმის ცვლის დარღვევის მიზეზად. ამ დროს კბილები საკმარისი რაოდენობის კალციუმს ვერ იღებს. მინერალური ცვლის ასეთი ცვალებადობა კბილის ქსოვილს ასუსტებს. კბილები მყიფე და მტვრევადი ხდება. ჯანმრთელი ადამიანის ნერწყვი შეიცავს ფოსფატებისა და კალციუმის ნარევს, რომელიც განამტკიცებს კბილების მინანქარს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას. ორსულობის დროს ირღვევა სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციონირებაც, ნერწყვის დაცვითი უნარი მკვეთრად მცირდება, პირის ღრუში ირღვევა მჟავატუტოვანი წონასწორობა და ნერწყვის PH მჟავა არისკენ იხრება, ამიტომ ინტენსიურად მრავლდება კარიესის გამომწვევი მიკროორგანიზმები. თუ ორსულს უკვე აქვს კარიესი, მჟავა არე ხელს უწყობს მის გაღრმავებას. პირის ღრუში მიკრობების ინტენსიურ გამრავლებას ხელს უწყობს იმუნური სისტემის დათრგუნვაც, რაც თან სდევს ორსულობას. დედის კარიესი ბავშვის კარიესს განაპირობებს. ის კბილების ამოჭრისთანავე იჩენს თავს. ორსულობის დროს მიმდინარე ცვლილებები გავლენას ახდენს პაროდონტში - კბილის ირგვლივ ქსოვილში - მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზეც, რაც გინგივიტს (ღრძილების ანთებას) განაპირობებს ან ამწვავებს უკვე არსებულ პროცესს.

- რამდენად საფრთხის შემცველია ორსულისთვის კბილის მკურნალობა ან ამოღება?

- ორსულობის ნორმალური მიმდინარეობა კბილების მკურნალობის ან ამოღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. დღეისათვის არსებობს უამრავი ისეთი საბჟენი მასალა თუ ანესთეტიკი, რომელთა გამოყენებაც ორსულებში დასაშვებია. თუმცა, თუ მწვავე შემთხვევასთან არა გვაქვს საქმე, მკურნალობა არასასურველია პირველ ტრიმესტრში. ამასთან, ორსულმა აუცილებლად უნდა გააფრთხილოს სტომატოლოგი თავის მდგომარეობის შესახებ, რათა ეს გათვალისწინებული იქნას მკურნალობის დაგეგმვის ან ჩატარების დროს.

- რას გვეტყვით გაუტკივარებაზე? რამდენადაა ის დასაშვები ან რომელ თვეებში?

- გაუტკივარება ორსულებში ხშირად აუცილებელია, იმისთვის, რომ კომფორტულად ჩატარდეს სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაცია. უნემსოდ მკურნალობა, რომლის დროსაც დედა განიცდის ტკივილსა და შიშს, უარყოფითად აისახება ბავშვზე. დღეისათვის არსებობს ანესთეტიკების ფართო არჩევანი, მათ შორის, უადრენალინო ან ადრენალინის დაბალი შემცველობის ანესთეტიკები, რომლებსაც წარმატებით იყენებენ ორსულებში. თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ანესთეზიის გაკეთება არასასურველია პირველ ტრიმესტრში, რადგან არ არის ჩამოყალიბებული პლაცენტარული ბარიერი და ნებისმიერი მედიკამენტი ადვილად აღწევს ნაყოფამდე. მეორე ტრიმესტრიდან კი შეიძლება ისეთი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება, რომლებიც არ გადიან პლაცენტარულ ბარიერს (მაგ. ულტრაკაინი).

- რენტგენოგრამა?

- რაც შეეხება რენტგენოგრამას, როგორც რადიოლოგიური კვლევებიდან ჩანს, ერთეულ რენტგენოგრამას არა აქვს იმდენი გამოსხივება, რომ შეძლოს ნაყოფისთვის ზიანის მოტანა. თუმცა, ჩვეულებრივ, რენტგენის აპარატებთან ერთად დღეს გამოიყენება რადიოვიზიოგრაფი, რომელსაც გაცილებით ნაკლები გამოსხივება აქვს. ამასთან, არსებობს სპეციალური ტყვიის დამცავი ჟილეტი, რომელიც ფარავს მკერდს, მუცელსა და მენჯს და იცავს მათ გამოსხივებისგან.

- რა პრევენციული ღონისძიებების დასახელება შეგიძლიათ ორსულობისას სტომატოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად?

- როდესაც ორსულობა იგეგმება, ქალი აუცილებლად უნდა მივიდეს სტომატოლოგთან და მოიწესრიგოს პირის ღრუ, რათა თავიდან იქნას აცილებული უკვე არსებული დაავადებების გამწვავება. თუმცა, ორსულობის დროსაც აუცილებელია რამდენიმე გეგმიური ვიზიტი სტომატოლოგთან: პირველი, მე-6-8 კვირაზე, მეორე, მე-16-18 კვირაზე, მესამე, 26-28-ე კვირაზე და მეოთხე, 36-38-ე კვირაზე. ორსულობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას: კბილების ორჯერად გამოხეხვას დღეში და ფლოსის გამოყენებას. აუცილებელია სრულფასოვანი კვება, განსაკუთებით კალციუმით, ფოსფორით, ფტორითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. სასურველია, ორსული მოერიდოს ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს და რაც მთავარია, რაიმე პრობლემის გაჩენისთანავე, მიმართოს სტომატოლოგს, რათა თავიდან აიცილოს დაავადების გართულება.

თეონა სირბილაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online