asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2011-11-20 15:38:35



– ჩემი 13 წლის გოგონა დილით რამდენჯერმე გახდა ცუდად. ჰქონდა ხელების კანკალი, თავბრუსხვევა. ასევე აწუხებს უძილობა ან შუაღამეს ეღვიძება. რას მირჩევთ?
– ასეთი სიმპტომების დროს საყურადღებოა მოზარდის ასაკი. თქვენი გოგონა ე.წ. გარდატეხის ასაკში იმყოფება, როცა ორგანიზმში ჰორმონალური აფეთქებები მიმდინარეობს. საყურადღებოა, ასევე გოგონას აქვს თუ არა მოწესრიგებული მენსტრუალური ციკლი. ამ ასაკში ჰორმონალური პრეპარატებით მიხმარება აუცილებელი არ არის, მაგრამ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომ არ გამოგრჩეთ რაიმე სხვა პათოლოგია. აღნიშნულ ასაკში ხშირად თავს იჩენს ჩივილები გულის მიმართ, მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ბუნებრივია და თავისით გაივლის, რაც არასწორია, რადგან მოზარდთა მხოლოდ მცირე ნაწილში ხდება მსგავსი ჩივილების უკვალოდ გაქრობა. მიმართეთ პედიატრს, გოგონას გადაუღეთ ელექტროკარდიოგრამა, თუ საჭიროა დროულად მიმართეთ ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგს, რომ მოზარდის ორგანიზმი ზედმეტად არ "დაიტვირთოს" და მომავალშიც არ ჰქონდეს გართულებები. სახლის პირობებში შეგიძლიათ მისცეთ მსუბუქი, მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი წვეთები.
– ვარ 25 წლის. მაქვს უგრძნობი ძილი. ამის გამო ლოგინში ვშარდავ ხოლმე. ნუთუ არაფერი წამალი არ არსებობს, რომ ვიმკურნალო? გთხოვთ დამეხმაროთ.
– ძილის დარეგულირება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. თქვენი ასაკიდან გამომდინარე, აუცილებელია ენდოკრინოლოგის, ნევროპათოლოგის, უროლოგის კონსულტაცია. კონკრეტული წამალი, რომ ღამე გამოფხიზლდეთ და ლოგინში არ მოშარდოთ, არ არსებობს. საჭიროა კომპლექსური მკურნალობის ჩატარება. ძილის წინ მიიღეთ ტკბილი საკვები, რაც ოდნავ მაინც მოგცემთ საშუალებას, რომ ფხიზლად გეძინოთ.
– ვარ 45 წლის. არ ვარ ალერგიული, მაგრამ პერიოდულად მაწუხებს ქავილი ალაგ–ალაგ მუცელზე და ფეხებზე. უცებ მიჩნდება ჭინჭრის დასუსხულივით. როგორ მოვიქცე?
– პირველ რიგში, გირჩევთ დააკვირდეთ ქავილის პერიოდულობას, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში ხომ არ გაწუხებთ ან რომელიმე საკვების შემდეგ ხომ არ გემართებათ. შეიძლება ეს ნერვიული გამაღიზიანებლით იყოს გამოწვეული, რისთვისაც გირჩევთ, მიიღოთ დამამშვიდებელი საშუალება. რაც შეეხება თქვენს არაალერგიულობას, ეს ზოგადი ცნებაა, რადგან არ არის აუცილებელი, ყოველთვის იყოთ ალერგიული. შეიძლება ერთი რომელიმე უმნიშვნელო დეტალი იწვევს ქავილს.
– ვარ კისტის ნაოპერაციევი, წონაში მოვიმატე. არეული მაქვს ციკლი, ვის მივმართო?
– მიმართეთ ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგს.
– 4 წლის წინ გავიკეთე აბორტი, მქონდა ხანგრძლივი სისხლდენა. ექიმთან არ მივსულვარ. მას შემდეგ აღარ დავფეხმძიმებულვარ. შეიძლება რამე დაზიანებული მქონდეს?
– აბორტის ჩატარების დროს, თუ მექანიკურ დაზიანებას გულისხმობთ, ეს ნაკლებ სავარაუდოა. თქვენ ალბათ ჰორმონალური ბალანსი დაგერღვათ, რაც ხშირად მოსდევს ხოლმე ორსულობის შეწყვეტას. მიმართეთ გინეკოლოგს და ჩაიტარეთ გამოკვლევა.
– მყავს 13 წლის ბიჭი, სახეზე აქვს გამონაყარი თეთრი თავებით. რამდენად საშიშია, რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და რომელი მალამოს ხმარება შეიძლება?
– გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს, რადგან ძნელია ვიზუალური დათვალიერების გარეშე ვინმემ დაადგინოს, გამონაყარი რით არის გამოწვეული. მსგავსი გამონაყარი ზოგჯერ ასაკობრივია, ანუ ჰორმონალური ცვლილებებით არის გამოწვეული და ზოგჯერ შინაგანი ორგანოებიდან მომდინარეობს. ორივე შემთხვევაში კვალიფიციური სპეციალისტის რჩევა აუცილებელია, რადგან არასწორი მიდგომებით ხშირად მოზარდებს კანი მკვეთრად უზიანდებათ, განსაკუთრებით – ბიჭებს. არ გირჩევთ თვითნებურად რომელიმე მალამოს გამოყენებას, რადგან შეიძლება მოზარდი მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული აღმოჩნდეს და კანი უფრო მკვეთრად დაზიანდეს.
– მინდა წონაში მომატება და რას მირჩევთ?
– წონაში მომატებაც და დაკლებაც ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს.
– ვარ 20 წლის, ქალიშვილი. მაქვს პროლაქტინი მომატებული, რაც თავის ტვინისგან არ არის გამოწვეული. მაქვს კუჭის წყლული და ნევროზიც. მაინტერესებს, ახლა არის საჭირო მკურნალობა თუ გათხოვების შემდეგ?
– დაუყონებლივ დაიწყეთ მკურნალობა, რადგან პროლაქტინის მაჩვენებლის მომატება ორგანიზმში უამრავ ძირეულ ცვლილებას იწვევს. ზაფხულის პერიოდში მოერიდეთ მზის აბაზანებს.
– მაქვს ჩიყვი, ვიღებ წამალს ელ–თიროქსინს, მაგრამ ისევ მესმის ჩემი გულისცემა. კარდიოლოგმა მითხრა, ეს ჩიყვისგან არის გამოწვეულიო. მაინტერესებს, ეს შეიძლება ჩიყვით იყოს გამოწვეული?
– რა თქმა უნდა, სავსებით დასაშვებია, რომ თქვენი ჩივილების მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია იყოს, რადგან მისი ჰორმონალური ცვლილებები უამრავ სიმპტომს იწვევს. მიმართეთ ენდოკრინოლოგს, შეიძლება საჭიროა წამლის დოზის გაზრდა.
– პლაცენტის წინა მდებარეობის დროს აუცილებელია თუ არა საკეისრო კვეთა?
– საკეისრო კვეთის ჩატარების გადაწყვეტილებას მეანი იღებს. პლაცენტის წინა მდებარეობის დრო ს საკეისრო კვეთის ჩატარება აუცილებელია.
– ვარ 23 წლის, არ მქონია მენსტრუაცია საერთოდ და ვის უნდა მივმართო?
– მიმართეთ ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგს.
– ვარ 62 წლის, ამჟამად მწოლიარე ავადმყოფი. ყოველი გადაბრუნების შემდეგ გული მიჩქარდება. რა მივიღო?
– კარგი იქნებოდა, დაგეკონკრეტებინათ, რის გამო ხართ მწოლიარე ავადმყოფი. მკურნალი ექიმის გარეშე ძნელია დისტანციურად რჩევის მოცემა. შეგვიძლია მხოლოდ ის გირჩიოთ, რომ მიიღეთ დღეში 3–ჯერ 2–2 აბი კორსიზი. სასურველია, ესეც შეათანხმოთ თქვენს ექიმთან, რადგან მსგავსი მოქმედების პრეპარატი შეიძლება უკვე გაქვთ დანიშნული.
– სახეზე ამომდის თმები, რისი ბრალია?
– თმიანობის მომატება ჰორმონალური ცვლილებების ბრალია.
– ვარ 32 წლის, ვარ 7 თვის ორსული, მუდმივად მაქვს ტონუსი. ვსვამ წამალს, მაგრამ ვგრძნობ, არ მშველის. რა გავაკეთო?
– აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება საჭიროა უფრო ძლიერი მედიკამენტის დანიშვნა, რადგან ტონუსი არ არის ბუნებრივი მოვლენა. ორსულობის ადრეულ სტადიაზე ჰიპერტონუსმა შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. ტონუსი ორსულობის არც ერთ ვადაზე არ არის სასურველი. საჭიროა მეან–გინეკოლოგის მეთვალყურეობა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online