asdas
ცნობილი ადამიანები
როდის კეთდება შუნტირება
როდის კეთდება შუნტირება
როდის კეთდება შუნტირება

2010-07-07 17:38:07



ძალიან ხშირად სიკვდიალიანობის მთავარ მიზეზად სახელდება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, იგივე თუნდაც სისხლძარღვთა შევიწროება. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად დღეს აქტიურად კეთდება ოპერაცია სახელწოდებით "შუნტირება", რომლის შესახებ "გუმბათს" მედიცინის დოქტორი, კარდიოქირურგი, ბატონი ზვიად ბახუტაშვილი ესაუბრა.



– ბატონო ზვიად, რა ტიპის ოპერაციაა შუნტირება და როგორ ხორციელდება ის?

– ზოგადად, შუნტირება ნიშნავს, დაზიანებული სისხლძარღვის უბანზე სისხლის მიმოქცევის შემცვლელი გზის შექმნის ოპერაციას. ანუ, შუნტირებისას კეთდება შემოვლითი გზა, რათა გულის კუნთს შევიწროების გვერდის ავლით მიეწოდოს სისხლი.

– რამდენად არის ეს ოპერაცია სირთულეებთან დაკავშირებული?

– შუნტირება გულის ქირურგიაში ერთ–ერთ, შედარებით უფრო იოლ ოპერაციად ითვლება, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ამ მხრივ მძიმე პაციენტებიც.

– ბატონო ზვიად, ოპერაციამდე რა წესებს უნდა ასრულებდეს და რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს აუცილებლად პაციენტი?

– პაციენტს ოპერაციამდე აქვს ტკივილი გულ–მკერდის არეში სიარულის, კიბეზე ასვლის, დატვირთის დროს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს კარდიოლოგს, რომელიც დაადგენს, არის თუ არა ეს გულის პრობლემა და თუ ეს მართლაც ასეა, ავადმყოფი აუცილებლად უნდა მივიდეს კორონოგრაფიაზე, სადაც ხდება იმის დადგენა, არის თუ არა სისხლძარღვების შევიწროება. ამის დამტკიცების შემთხვევაში კი საჭიროა ქირურგიული ჩარევა. თუ სისხლძარღი შევიწროებულია ერთ ან ორ ადგილას, ამ შემთხვევაში სისხლძარღში თავსდება სტენტი. ეს არის სპეციალური ნივთიერებისაგან დამზადებული ზამბარისმაგვარი მოწყობილობა, რომელიც ფართოვდება და აფართოვებს შევიწროვებულ სისხლძარღვს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სისხლძარღვის შევიწროვება შეინიშნება მრავალ ადგილას, ამ დროს უკვე ტარდება შუნტირება. შუნტირება ძირითადად უფრო მძიმე პაციენტებს უკეთდებათ, სტენტირება კი, უმრავლეს შემთხვევაში, მაშინ კეთდება, როდესაც შედარებით ნაკლები დაზიანებაა.

– ბატონო ზვიად, შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს ამ ოპერაციის განმეორებით ჩატარება?

– კი, შესაძლოა, ეს საჭირო გახდეს, რადგან შეიძლება სისხლძარღვი კიდევ სხვა ადგილასაც შევიწროვდეს. ასეთი პაციენტები ჩვენ გვყავდა. ამ შემთხვევაში შეიძლება განმეორებითი ოპერაცია ჩატარდეს ან კიდევ მოხდეს სტენტის ჩადგმა.

– ბატონო ზვიად, რა შეზღუდვები აქვთ ოპერაციის შემდეგ პაციენტებს?

– შეზღუდვა არსებობს ოპერაციის შემდეგაც და საერთოდ ათეროსკლეროზის დროსაც. მათ ნაკლებად უნდა მიიღონ ცომეული, ცხიმიანი საკვები, განსაკუთრებით კი ცხვრის და ღორის ხორცის, ძეხვეულის მიღება უნდა შეზღუდონ. შეზღუდვა მოიცავს მთელ რიგ დიეტას. ერთ–ერთი მთავარი შეზღუდვა კი თამბაქოა, რადგან მას ძალიან მავნე გავლენა აქვს გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

– ბატონო ზვიად, ასაკობრივი შეზღუდვაც ხომ არ არის ამ ოპერაციისთვის?

– თუ პაციენტს დასჭირდება ამ ტიპის ოპერაციის ჩატარება, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ გაუკეთდეს, ასაკობრივი შეზღუდვა ნამდვილად არ არის.

– ყველაზე აქტიურად რა ასაკში იჩენს ეს პრობლემა თავს?

– ყველაზე მეტად ამ ოპერაციას პაციენტი 50–70 წლის ასაკში საჭიროებს. ძირითადად ამ ასაკის პაციენტები გვყავს.

– ბატონო ზვიად, რამდენად ხშირად გიწევთ ამ ოპერაციის გაკეთება?

– მოთხოვნა ყოველთვის დიდია. ამ მხრივ რიგები გვაქვს ხოლმე.

– რამდენად ხელმისაწვდომია ამ ოპერაციის გაკეთება?

– 50 წლის ზევით ასაკის პაციენტებისთვის მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აფინანსებს ოპერაციის ღირებულების 70%–ს, დანარჩენი 30% კი – რამდენიმე ათასი ლარი გამოდის, ოპერაციის სახეობის მიხედვით, მოსახლეობა თვითონ იხდის. რასაკვირველია, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს თანხაც პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ, ასე თუ ისე, მაინც ახერხებენ ოპერაციის გაკეთებას. გარდა ამისა, თვითონ ჩვენს ცენტრშიც ვაძლევთ განვადების საშუალებას. პაციენტს შეუძლია ყოველთვე შემოიტანოს თანხის ნაწილი და ერთბაშად არ გადაიხადოს მთლიანი თანხა. პრინციპში ძალიან იშვიათად ყოფილა ისეთი პაციენტი, რომელსაც ოპერაცია ვერ გაეკეთებინა და ამის გარეშე დარჩენილიყო. მე არ მახსენდება ისეთი პაციენტი, რომელმაც ფინანსების გამო არ გაიკეთა ოპერაცია.

– ბატონო ზვიად, რამდენი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანაში ასეთი ოპერაციები კეთდება?

– პირველი ასეთ ოპერაცია 1993 წელს გაკეთდა, სერიულად კი 2000 წლიდან კეთდება.

ნინო ჯანიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522936
1523136 online