asdas
ცნობილი ადამიანები
როგორ ვითარდება ბოტკინი
როგორ ვითარდება ბოტკინი

2011-07-11 15:52:31



A ჰეპატიტი, იგივე ბოტკინი, ენტეროვირუსული დაავადებაა. როგორია დაავადების კლინიკური სურათი, როგორ ხდება მისი გავრცელება, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა და როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადების განვითარებისგან, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
გვესაუბრება ექიმი–ინფექციონისტი ქეთევან ჩიქოვანი.
– რა არის ბოტკინი?
– ბოტკინი, იგივე ფ ჰეპატიტი, მწვავე ენტეროვირუსული დაავადებაა. გადაიცემა, ფეკალურ–ორალური მექანიზმით. იწვევს ღვიძლის სტრუქტურულ–ფუნქციურ დაზიანებას. ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება მოხვდეს პირის ღრუდან ჭუჭყიანი ხელების, ნერწყვის, დაბინძურებული წყლისა და საკვების, სხვადასხვა საგნების, ნახმარი შპრიცებისა და ნემსების საშუალებით. ვირუსი შეიძლება გადაიტანონ ბუზებმაც.
– როგორია მისი კლინიკური სურათი?
– ბოტკინის (ფ ჰეპატიტის) კლინიკური ნიშნები ვლინდება კონტაქტიდან 2–3 კვირის შემდეგ. დაავადება თანდათან იწყება საერთო სისუსტით, უმადობით, ღებინებით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშ, ზოგჯერ ტემპერატურაც იმატებს. მე–4–8 დღიდან შარდი მუქდება, ვითარდება სიყვითლე – თვალების სკლერა და კანი ყვითლდება, განავალი ხდება თიხისფერი, დიდდება ღვიძლი, ზოგჯერ ელენთაც. ზოგადად, ინკუბაციური პერიოდი 10–50 დღემდეა. სიყვითლე ვლინდება კანსა და სკლერებზე, ზომაში იმატებს ღვიძლი, ხშირად ელენთაც.
– როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
– ავადმყოფის მდგომარეობა სისხლის ბიოქიმიური მონაცემების, ექოსკოპიური კვლევის საფუძველზე ფასდება. დიაგნოზის დასმა სისხლის სემოლოგიური გამოკვლევით ხდება.
– როგორ ხდება დაავადების პროფილაქტიკა?
– პროფილაქტიკა ტარდება ინფექციის წყაროს გადაცემის გზებისა და მიმღები ორგანიზმის მიმართ.
– დაავადების არსებობის დროს რამდენად მისაღებია ხალხური მედიცინის რეცეპტები?
– სრულიად მიუღებელია.
– როგორ ხდება დაავადების გავრცელება?
– ფეკალურ–ორალური მექანიზმით, ხოლო მასობრივი შემთხვევების დროს საფიქრებელია, რომ ინფექციის წყარო სასმელი წყალია.
– რა ურჩევდით ბოტკინით დაავადებულ პაციენტებს?
– დიეტური კვება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და წოლითი რეჟიმი მწვავე პერიოდში. ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი ყურადღების ქვეშ.
რეკომენდებულია: ხაჭო, ძროხისა და ქათმის მჭლე ხორცი, თევზი უცხიმო (მოხარშული), მოხარშული ბოსტნეული, ხილის ტკბილი კომპოტები, ცხიმებიდან მხოლოდ ზეითუნისა და სიმინდის ზეთი.
აკრძალულია: ცხვრის, ღორის, იხვის, ბატის ხორცი, ცხოველური ცხიმების მიღება, ძეხვეული, მწარე, შემწვარი საჭმელები, ნიგვზიანი კერძები, ყავა, შოკოლადი, კაკაო, სპირტიანი სასმელები.
ბოტკინის გადატანის შემდეგ ავადმყოფი უნდა იყოს კვლავ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და იცავდეს 1 წლამდე დიეტას.
თეონა მჭედლიძე, ჟურნალი გუმბათი. N 28


სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523848
1524048 online