asdas
ცნობილი ადამიანები
როგორ უნდა მოიქცეს ორსული
როგორ უნდა მოიქცეს ორსული
როგორ უნდა მოიქცეს ორსული

2011-04-18 14:36:16



ორსულობა ქალის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ქალი ცხრა თვის განმავლობაში დედობისთვის ემზადება. შვილზე ზრუნვა მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება. იმისათვის, რომ ორსულობა სწორად წარიმართოს და ჯანმრთელი ბავშვი გაჩნდეს, აუცილებელია, ორსულმა რაც შეიძლება მეტი იცოდეს ორსულობის შესახებ. ამ დროს ქალი იცვლება როგორც ფიზიკურად, ისე თვისებებითაც. ის ერთი–ორად მოუქნელი და ჭირვეული ხდება. ორსულის ხასიათის ცვლილებებთან დაკავშირებით ნევროლოგ ლალი ღლონტს ვესაუბრეთ.



– ქალბატონო ლალი, ორსულობის პერიოდში რამდენად იცვლება ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

– ორსულობის დროს ორგანიზმში ფიზიკური და ემოციური ცვლილებები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ 100%–ში შეუძლებელია ემოციურ სისტემაში ორსულში ცვლილება არ მოხდეს. ეს შეიძლება იყოს ნორმისა და პათოლოგიის ზღვარზე ანუ ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროსაც კი რაღაც ემოციური ცვლილება და მომატებული აგზნებადობა მაინც იქნება. ეს უკავშირდება შინაგანი სეკრეციის, კერძოდ კი, ყველაზე მეტად ჰორმონ პროლაქტინის რაოდენობის მომატებას, ანუ ენდოკრინულ ძვრებს, რომელიც ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, იყო თუ არა მანამდე ავად, მაგალითად, გამოირჩეოდა თუ არა ნევროზული, ემოციური ლაბილობით. ბოლო წლების შესწავლამ აჩვენა, რომ პროცენტულად მეტი ხმარობს ფსიქოტროპულ წამლებს ორსულობამდეც. ასეთ პიროვნებებში საინტერესოა, თუ როგორ იმოქმედებს ორსულობა. რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ასეთი პიროვნებების თითქმის 20% უკეთესად ხდება. მდგომარეობა უარესდება 1/4–ს, ხოლო ნახევარზე მეტს კი ისეთივე პრობლემები აქვს, როგორც მანამდე და თითქმის არაფერი იცვლება.

– ორსულობის რომელ თვეში არის ქალი ყველაზე ჭირვეული?

– ორსულობის პერიოდში არსებობს სამი ტრიმესტრი. პირველი სამი თვე ანუ პირველი ტრიმესტრი – ამ დროს ყველაზე უფრო მეტად მჟღავნდება მადის შეცვლა, შეიძლება გულის რევაც და ამას თან ახლავს ემოციური გაღიზიანებადობის მომატება, ზოგჯერ რაღაც შიშები, ხასიათის ისეთი ხშირი ცვლა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება უმიზეზოდ რაღაცაზე შეეცვალოს გუნება–განწყობა. მეორე ტრიმესტრში შედარებით უფრო გაუმჯობესება ხდება. გულისრევა ნაკლებადაა გამოხატული, თითქოს ეჩვევა მდგომარეობას, ხდება გათვითცნობიერებაც და ემოციურად უფრო მშვიდია. მესამე ტრიმესტრის პერიოდში ისევ მატულობს შფოთი უკვე მშობიარობასთან დაკავშირებით შიშის გამო. ფიქრობს, როგორი ბავშვი გაჩნდება. ხომ არ ექნება ძლიერი ტკივილები. თვითონ ან ბავშვს ხომ არ ექნება ჯანმრთელობის პრობლემები და ა.შ.

– ხასიათის შეცვლა დამოკიდებულია თუ არა თვითონ მომავალი დედის ხასიათზეც?

– რა თქმა უნდა. ალბათ, უნდა გამოვყოთ ქალთა ტიპებიც და გავეცნოთ, თუ როგორ იცვლებიან ისინი ხასიათობრივად. არსებობს მორიდებული ტიპები, ქალები, რომლებიც თავიანთ თავში არ არიან დარწმუნებულები, მორცხვები არიან და უფრო უკან იხევენ. ასეთი ტიპის წარმომადგენლებში ორსულობის პირველ ტრიმესტრში მატულობს ემოციურობა, ხდებიან უფრო გულჩათხრობილები და გულჩვილები, მტირალები, მათში დეპრესიის მომენტები უფრო სჭარბობს; მეორე ტიპის ქალბატონები, რომლებიც უფრო ძალაუფლების მოყვარულები არიან, მათში უფრო მეტი აგრესიულობა შეიმჩნევა, უფრო მეტი მოთხოვნები აქვთ, რაც ხასიათში აქვთ, ამ პერიოდში ძალიან კარგად ამჟღავნებენ; თუ ადამიანი მშვიდია, შედარებით მსუბუქ ფორმებში მაინც ექნება გუნება–განწყობის ცვალებადობა.

– რამდენად მნიშვნელოვანია პირველი ორსულობა, შიში, რომელიც ორსულობასა და მშობიარობას ახლავს თან, შემდეგ ორსულობაზეც ექნება მომავალ დედას?

– თუ პირველი ორსულია, მათში უფრო მეტია შფოთი, რადგან მათთვის უცნობი სიტუაციაა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პიროვნებას, რომელიც ორსულადაა, უნდოდა თუ არა დაფეხმძიმება. ზოგი არ ელოდა, ან არ გეგმავდა, ამ შემთხვევაში მას ორსულობის ფაქტი უფრო მეტად აღიზიანებს. ზოგ შემთხვევაში, თუ ქალს კარიერა ახალი დაწყებული აქვს, ის ფიქრობს, რომ ორსულობა ხელს შეუშლის, ჯერ არა აქვს თავისი საქმეები დაწყობილი. აწუხებთ ისიც, რომ ფიზიკურად შეიცვლებიან, როგორი დამოკიდებულება ექნება მის მიმართ მეუღლეს. ხასიათობრივი ცვლილება ზოგჯერ იმდენად გამოკვეთილია, შეიძლება ორსულმა დაძაბულობაც კი შექმნას იმ გარემოცვაში, სადაც ის ცხოვრობს, ეს იქნება მხოლოდ მეუღლე თუ ოჯახის დანარჩენი წევრები. ორსულობა ეკონომიკურ დანახარჯებთანაცაა დაკავშირებული და ამ მხრივაც ნერვიულობენ, შეძლებენ თუ არა ხარჯების სრულად დაფარვას, ხოლო შემდეგ ბავშვის გაზრდას. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ უარყოფითი შედეგი ჰქონდა წინა მშობიარობას, ან მოხდა ორსულობის მოშლა, ამ დროს ჩნდება შიშები, ეშინიათ ბავშვის დაკარგვის, რაც სტრესულ ფონს ზრდის.

– რა პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა ჩაატაროს ქალმა, რომ ორსულობა მისთვის არ იყოს დისკომფორტის შემქმნელი?

– მთავარია ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ ამ პერიოდში. პირველ რიგში, ყველა ორსულმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, რომ ეს დისკომფორტი გაგრძელდება რამოდენიმე თვე. უნდა იცოდეს, თითოეული ტრიმესტრისათვის დამახასიათებელი ესა თუ ის თვისებები. ეს იქნება ლიტერატურიდან მიღებული, თუ დედებთან საუბრით – ესეც დადებითად მოქმედებს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ორსულის ორგანიზმი გარკვეულწილად მეტ ენერგიას ხარჯავს, რასაც იწვევს ნაყოფის განვითარების ჩამოყალიბება. ამიტომ ის შედარებით უფრო ადვილად იღლება. შედეგად ის იმ ინტენსივობით ვეღარ იმუშავებს ვერც სახლში და ვერც სამსახურში. ის რომ არ გადაიტვირთოს, პირველ რიგში, უნდა იფიქროს იმაზე, რომ მუშაობისას გამონახოს რაღაც დრო დასვენებისთვის. თუ უსიამოვნო შეგრძნებები მოეძალა, იფიქროს მისთვის სასიამოვნო ამბებზე. გაიხსენოს, თუ რა საქმე უყვარს, ჰობი თუ გააჩნია, გაერთოს ამ საქმიანობით. თუ სამზარეულოში ყოფნა ანიჭებს სიამოვნებას, არ თქვას ამაზე უარი და თუ ცხობის სურვილი აქვს, ეს სურვილიც დაიკმაყოფილოს. მთავარია, მისთვის სასურველი საქმე გააკეთოს და ამავე დროს დაფიქრდეს, რა აწუხებს. დასკვნები თვითონ გააკეთოს და შესაბამისი ღონისძიებაც მიიღოს. თუ გული აჩქარებული აქვს, დაწვეს, დაისვენოს და ა.შ. შეიძლება ერთ–ერთ პროფილაქტიკურ ღონისძიებად გამოვყოთ სპეციალური ვარჯიშები, რომელიც ორსულმა უნდა ჩაატაროს. ეს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც ამაგრებს. ყველაზე მთავარია დასვენება და კომფორტი.

– როგორც თქვენ ბრძანეთ, ორსული არ არის ისეთი აქტიური, როგორიც იყო, ეს იქნება სამსახურსა თუ სახლში. რამდენად მოქმედებს ორსულის ემოციებზე მისი აქტივობის შედარებით დაქვეითება?

– ამ ყველაფერმა შეიძლება იმოქმედოს არც თუ დადებითად, მაგრამ მთავარია თვითონ ავტოტრენინგი ჩაიტაროს. გაიაზროს, რომ მის მდგომარეობაში ეს ნორმალურია. თუ დაიღალა, 2 წუთიც საკმარისია იმისათვის, რომ გაჩერდეს და ცოტა დაისვენოს. მთავარია, საკუთარი თავი დააჯეროს იმაში, რომ ეს ყველაფერი დროებითია და სულ ცოტა ხანში ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

– როგორ უნდა მოიქცეს მეუღლე, ორსულმა თავი კარგად რომ იგრძნოს?

– მეუღლემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ორსულ ქალს აქვს ხასიათის ცვლილება, არ შეიძლება უბრალო რაღაცაზე გაუბრაზდეს. მეტი ლმობიერება, გაგების უნარი, სითბო და ყურადღებაა საჭირო. ორსულმა ქალმა არ უნდა იგრძნოს, რომ მეუღლის მხრიდან სიცივე ან გულგრილობა მოდის. ამ დროს ეცადოს, რომ უფრო თბილი, უფრო გულისხმიერი იყოს. არ აგრძნობინოს, რომ ის ფიზიკურად სხვანაირი გახდა, მუდმივად არ შეახსენოს, რომ ადრინდელივით ტანწერწეტა აღარაა. მუდმივად უნდა შეახსენოს, რომ ბედნიერები არიან, რადგან მათ პატარა ეყოლებათ. ეცადოს, დადებით თემებზე ესაუბროს. სტრესული სიტუაცია არა მარტო დედაზე აისახება. საოცარი შედეგია ნანახი – სტრესი უკვე ნაყოფზე მოქმედებს. ძალიან დიდმა სტრესმა, მით უმეტეს, თუ ის მეუღლიდან გამომდინარეობს, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ტვინის დაზიანება ისე რთულად, რომ სიმახინჯეებიც კი განვითარდეს. ამავე დროს არის მონაცემები, რომ ბავშვები, რომლებიც კონფლიქტური სიტუაციების ფონზე გაჩნდნენ, ძნელად აღსაზრდელები არიან. რაც უფრო დადებითი ატმოსფერო შეექმნება ორსულს, ეს იმის საწინდარია, თუ როგორი ბავშვი გაიზრდება, როგორი ბავშვი იქნება ის ხასიათობრივად თუ ფიზიკურად.

– გარემოს შეცვლა რამდენად უწყობს ხელს ორსულის ხასიათის დადებითად წარმართვისთვის?

– ბევრჯერ ესეც დადებითად მოქმედებს, თუ დაძაბული სიტუაციაა, ჯობია გაერიდოს. მისთვის და განსაკუთრებით ბავშვისთვის უნდა იყოს სიმშვიდე.

– თუ დედა ორსულობის პერიოდში არის აგრესიული, ეს თვისება შეიძლება ბავშვის ხასიათშიც გამოიხატოს?

– თუ მას აგრესიული ხასიათი აქვს და ორსულობის დროს ამან მოიმატა, ეს იმდენად საშიში არაა. მთავარია, გარედან არ ჰქონდეს აგრესიის მიზეზი, სხვა არ იყოს აგრესიის გამომწვევი მიზეზი. შეიძლება ოჯახის წევრმა უხეშად უთხრა რამე, ან დაუმსახურებლად მიიღო შენიშვნა. როცა მის მიმართ დაუმსახურებელი შენიშვნაა, ის ამაზე რეაგირებს და დიდი სტრესიც მოჰყვება. თუ ორსულს დაძაბული სიტუაცია აქვს, მაქსიმალურად უნდა შევუმსუბუქოთ მდგომარეობა როგორც სახლში, ისე სამსახურში.

– ქალბატონო ლალი, შეიძლება თუ არა ორსულმა მიიღოს დამამშვიდებელი პრეპარატი?

– ფსიქოთერაპიული და ფიზიკური განტვირთვის მეთოდების გარდა, არსებობს მედიკამენტოზურიც. ყველაზე უვნებელია კატაბალახას მიღება ნებისმიერი ფორმით, ეს იქნება ნაყენის, წვეთების თუ აბების სახით. როცა რაღაც დარღვევებია, ორსულმა კონსულტაცია აუცილებლად ნევროპათოლოგთან უნდა გაიაროს.

– მუცლად ყოფნის დროს, თუ ბავშვი ყველაფერს გრძნობს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი დედა აქტიურად კითხულობდეს მხატვრულ ლიტერატურას, დადიოდეს კონცერტებზე, თეატრსა თუ კინოში?

– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუ მომავალი დედისთვის ეს პროცესები სასიამოვნოა. მთავარია, ისეთი რამე არ ნახოს ან წაიკითხოს, რომელზეც მას საშინელი რეაგირება ექნება, იტირებს და დიდ განცდებთან იქნება დაკავშირებული. სასიამოვნოა მისთვის არაჩვეულებრივი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით კლასიკურის. აღმოაჩინეს, რომ როცა ძლიერი სტრესებია, ამ დროს ნაყოფის განვითარება ფერხდება, უჯრედების გამრავლების პროცესი შენელებულია. დადებითი ემოციები კი, ზრდის ბავშვს, ანვითარებს, უფრო გონიერი ხდება. მუცლად ყოფნის დროს მოფერება, ლაპარაკი, მუცელზე ხელის გადასმა აუცილებელია. შეიძლება უშუალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ამ ყველაფერს ნაყოფი გრძნობს და ყველა სასიამოვნო განცდა მასზე დადებითად აისახება.

თეა გულედანი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522872
1523072 online