| ქალი და მამაკაცი |

უმრავლესობის დილა ერთი ფინჯანი ჩაით ან ყავით იწყება. ხშირია საუბრები მათი სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა, ყურადღების მიღმა არც მავნე შედეგები რჩება. ჟურნალი "გუმბათი" გთავაზობთ საინტერესო ცნობებს ამ ორი ყველაზე გავრცელებული სასმელის შესახებ.
ჩაის შემადგენლობაში შედის: ფენოლის ნაერთები, კატეხინები, პექტინური ნივთიერებები, სპირტი, მჟავები (ქარვამჟავა, ლიმონმჟავა, რძემჟავა), ამინომჟავები, პურინის წარმოებული (კოფეინი, გუანინი, ადენინი, თეოფილინი, თეობრომინი,) პიგმენტები, ვიტამინები, ფერმენტები, მინერალური და არომატული ნივთიერებები, აგრეთვე ცილები, ცელულოზა, სახამებელი, ზოგიერთი მინერალური ნივთიერება, ცხიმში ხსნადი ვიტამინები და სხვა.
შავსა და მწვანე ჩაის გააჩნიათ სხვადასხვა ექსტრაქტული ნაერთები. ცნობილია, რომ მწვანე ჩაიში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი ფინჯანი ჩაი შეიცავს 40 მილიგრამ კოფეინს, მაშინ, როდესაც ერთ ფინჯან ახლადმოდუღებულ ყავაში კოფეინი 85 მილიგრამია.- ჩაი იცავს გულს ინფარქტისგან და სხვადასხვა დაავადებებისგან;
- მწვანე ჩაი შლის ცხიმოვან დანალექებს ორგანიზმში, ხელს უშლის ცხიმების დაგროვებასა და ლიპიდების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე ორგანიზმში;
- ჩაი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, აფართოვებს და წმენდს ტვინისა და გულის სისხლძარღვების კაპილარებს;
- ჩაი აწესრიგებს არტერიულ წნევას;
- ჩაი შეიცავს უნიკალური რაოდენობის ერთად თავმოყრილ ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ცილების ნაერთებს;
- ჩაი არაჩვეულებრივი ოფლმდენი საშუალებაა გაციების დროს;
- მწვანე ჩაი ყველაზე უკეთ კლავს წყურვილს და იცავს ორგანიზმს სიცხისგან;
- ჩაის ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მთრიმლავი, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება;
- ჩაი ანეიტრალებს ტოქსინებს. კუჭში თრგუნავს და სპობს სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს;
- ჩაი შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს (ფტორი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა.), რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების ფორმირებისთვის;
- ჩაი უებარია კბილის ტკივილის დროს და ასევე პირის ღრუში აქრობს არასასიამოვნო სუნს;
- ჩაი ასევე არის შარდმდენი, მისი რბილი მოქმედება ამავე დროს არ აღიზიანებს ნერვულ სისტემასა და თირკმელებს;
- ჩაის ახასიათებს სისხლის შემაჩერებელი, ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული მოქმედება;
- მაგარი ჩაით შეიძლება ჭრილობის მობანა. ის ადეზინფიცირებს და აჩქარებს შეხორცებას;
- ჩაის იყენებენ დამწვრობის დროს და რაც მნიშვნელოვანია, ძლიერი დამწვრობის დროსაც;
- ჩაი რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკის დროს;
- ჩაის აქვს თვისება, ორგანიზმიდან გამოდევნოს რადიაქტიური ნივთიერებები, ტოქსინები, ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, მათ შორის ნარკოტიკული და ალკოჰოლი;
- ჩაი აძლიერებს ფილტვების ვენტილაციას, აიოლებს სუნთქვას, ძალიან სასარგებლოა ბრონქიტების, ტრაქეიტებისა და ფილტვების ანთების დროს;
- ცხელი ჩაი სურდოსა და გაციების დროს უებარი საშუალებაა. სასარგებლოა მისი მიღება ანგინის, ტონზილიტებისა და სხვა ცხვირ-ხახის დაავადებების დროს;
- ასევე, ჩაის უნიკალური თვისებაა, რომ იგი მხედველობას აუმჯობესებს, ამაგრებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს რეაქციის სისწრაფეს, ხელს უწყობს მეხსიერების ამაღლებას, აიოლებს ახალი ინფორმაციის ათვისებას;
ცაცხვის ყვავილების ჩაი
- 1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (უმჯობესია თერმოსში). 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. ეს ნაყენი არომატული და სასიამოვნოა.
ცაცხვის ყვავილების ნაყენი გამოიყენება გაციების დროს. აქვს ოფლმდენი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
კუნელისა და ძახველის ჩაი
კუნელისა და ძახველის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ, ათავსებენ თერმოსში. თითო სუფრის კოვზ ორივე ნაყოფს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დილით გაწურავენ და იღებენ ჩაის სახით.
კუნელი და ძახველი უხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აქვს დამამშვიდებელი და წნევის დამგდები მოქმედება.
ასკილის ჩაი
ასკილის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ. ღამით თერმოსში ასხამენ მდუღარე წყალს (1 სუფრის კოვზ ასკილზე 1 ჩაის ჭიქა). დილით მიირთმევენ თბილი სახით.
ასკილის ნაყოფში არის "ც" ვიტამინი, ამიტომ მისი ჩაის ხშირი მიღება შესვენებებით ამაღლებს იმუნიტეტს.
თუ სისხლში მომატებულია პროთრომბინი, ასკილის ჩაის მიღება არ შეიძლება!
კრაზანას ჩაი
კრაზანა მიჩნეულია ბუნებრივ ანტიბიოტიკად. ადუღებენ 5 წუთი (1 სუფრის კოვზი ბალახი 1 ჩაის ჭიქა წყალზე) იღებენ ჩაის სახით.
კრაზანას ჩაის მიღება 2 კვირის განმავლობაში აქრობს ანთებებს ორგანიზმში, არეგულირებს კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, წმენდს ნაღვლის ბუშტს.
პიტნის ჩაი
1 სუფრის კოვზ პიტნას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10-15 წუთი. იღებენ ჩაის სახით.
პიტნას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ღებულობენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს.
დეკას ჩაი
დეკას 1-2 ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ადუღებენ 10 წუთი. იღებენ ჩაის სახით.
დეკას აქვს შარდმდენი მოქმედება და იყენებენ თირკმელების დაავადებების, ჰიპერტონიის დროს.
კომშისა და ალუბლის ფოთლების ჩაი
კომშისა და ალუბლის ფოთლებს ადუღებენ 5 წუთით. უმატებენ ცოტა ლიმონის წვენს და მიირთმევენ დილა-საღამოს ჩაის სახით.
ეს ჩაი პროთრომბინს აქვეითებს სისხლში. ამიტომ მისი მიღება 1 კვირაზე მეტხანს არ შეიძლება ანალიზის გარეშე.
ჟოლოსა და მოცვის ფოთლების ჩაი
ჟოლოსა და მოცვის ფოთლებს ხარშავენ 2-3 წუთით. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით.
ამ მცენარეთა ფოთლებს აქვს ოფლმდენი, სიცხის დამწევი მოქმედება და იღებენ გაციების დროს.
მარწყვის ფოთლების ჩაი
მარწყვის ხმელ ფოთლებს ხარშავენ 5 წუთით და იღებენ ჩაის სახით.
მარწყვის ფოთლებს აქვთ ორგანიზმიდან მარილების გამოდევნისა და ელენთის სამკურნალო თვისებები.
ჭინჭრის ჩაი
ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს ასხამენ მდუღარე წყალს და წამოადუღებენ 1-2 წუთით.
ჭინჭარი წნევას მაღლა სწევს და უხდებათ ჰიპერტონიკებს. წმენდს სისხლს. ამაღლებს იმუნიტეტს, აჩერებს სისხლდენებს მთელ ორგანიზმში.
ყავა
ბევრი ჩვენგანის დილა სწორედ ამ იდუმალი და გემრიელი სასმელით იწყება. საუბარი იმაზე, თუ რამდენად სასარგებლო ან მავნებელია ყავა, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა, არსებობს ფაქტები, რომელთა ცოდნაც ნამდვილად სასარგებლოა ყავის მოყვარულთათვის და არამარტო მათთვის.
ყავა აფხიზლებს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს თავის ტვინის მოქმედებას. ეს ყველაფერი მისი მთავარი კომპონენტის - კოფეინის "დამსახურებაა", რომელიც ერთგვარი დოპინგია ჩვენი ორგანიზმისთვის და რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის - სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას. ყავის მიღება რეკომენდებულია დაბალი არტერიული წნევისა და გულის შენელებული ცემის დროს. ცნობილია, რომ ყავა სახიფათოა ჰიპერტონიკებისთვის - მისი დუეტი სიგარეტთან კი აორმაგებს ამ დაავადების რისკს.
ეს ჯადოსნური სასმელი აღქმის უნარს გვიღვივებს და გვეხმარება ყურადღების მობილიზებაში, თუმცა, მისი დიდი რაოდენობით მიღება თავის ტკივილს, დაძაბულობასა და ნერვიულობას იწვევს.
გახსოვდეთ, რომ ყავის მიღება ალკოჰოლთან, დამამშვიდებელ ან საძილე პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება, დღეში არც 1-2 ჭიქაზე მეტი ყავის მიღებაა რეკომენდებული.
ასე რომ, აუცილებლად დაიცავით ნორმა და დატკბით ყავის საუცხოო არომატით.
ცნობილია, რომ არომატული ფინჯანი ყავა ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას და ორგანიზმს მატებს ენერგიას.
მთელი მსოფლიოს მეცნიერებმა მრავალრიცხოვანი მეცნიერული კვლევებით დაამტკიცეს, რომ ყავას ბევრი დადებითი თვისება აქვს. კოფეინისა და ანტიოქსიდანტების წყალობით, ყავის ზომიერად მიღება სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
კოფეინი არის მცენარეული ალკალოიდი, რომელიც ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობასა და ძილიანობას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ანელებს შაკიკით გამოწვეულ თავის ტკივილს. ხშირად კოფეინი შედის ტკივილგამაყუჩებელ წამლებში.
ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმის უჯრედებს მავნე ბაქტერიებისგან, ხელს უშლის მის დაბერებას.
ყავა შეიცავს 30-ზე მეტ ორგანულ მჟავას, სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა მაგნიუმი, იოდი, კალიუმი, კალციუმი და "ბე" ჯგუფის 8 ვიტამინი.
ყავის მარცვლები, პოლიფენოლის შემცველობის წყალობით, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ეს არომატული სასმელი სასარგებლოა დაბალწნევიანებისთვის. ფინჯანი ყავა შეიცავს "პე" ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ძარღვების მომაგრებას. კოფეინი ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ხელს უწყობს ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყავა ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს, მართლდება იმ შემთხვევაში, როცა მას უზომოდ მოიხმარენ.
დღეში 1-2 ფინჯანი ყავა, როგორც ზომიერი სტიმულატორი, ხსნის დეპრესიას, დაღლილობის გრძნობას, ენერგიასა და მხნეობას მატებს ადამიანს. სხვათა შორის, ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ, ფინჯანი ყავა ხსნის კუნთების დაძაბულობასა და ტკივილს.
ყავა ამცირებს 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების განვითარების რისკს, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ბაქტერიოციდული თვისებებით ხელს უშლის კბილის კარიესის გამომწვევი მიკრობების გამრავლებას, დაბალკალორიულია და შეუძლია უშიშრად მიიღოს ყველამ - წონაში არ მოიმატებენ.
მაგრამ ყავის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, ხელების კანკალი, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება.
არაბი ექიმები გვირჩევენ, რომ გულზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად მოხარშვისას ყავას დავამატოთ ცოტა ზაფრანა.
თეონა სირბილაძე

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს












ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 






















































































