| ქალი და მამაკაცი |

ფარისებური ჯირკვლის დაავადებები საქართველოში ყოველთვის იყო საზოგადოების ინტერესის და ყურადღების საგანი. ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას იმ პათოლოგიებზე გავამახვილებთ, რომლებიც მეტი საფრთხის შემცველია და რომელთა მიმართაც მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს. ფარისებური ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელებაზე, სიმპტომებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ონკოლოგი ლევან კალმახელიძე.
- ბატონო ლევან, რატომაა ჩვენს ქვეყანაში ასე მწვავედ გავრცელებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები?
- ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც კავკასიის რეგიონი მთლიანად, მიეკუთვნება იოდდეფიციტის ენდემურ ზონას და, როგორც შედეგი, ფარისებური ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგია ფართოდაა გავრცელებული. მათგან ყველაზე მეტ ინტერესს იწვევენ და ალბათ, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია ფარისებური ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც, სამწუხაროდ, ასევე ხშირად გვხვდება საქართველოში.
- რომელ ასაკობრივ ჯგუფშია მეტად გავრცელებული აღნიშნული დაავადება და რატომ იმატებს მისი შემთხვევები წლიდან წლამდე?
- დიახ, მართალი ბრძანდებით, საქართველოში წლიდან წლამდე ფარისებური ჯირკვლის კიბოთი ავადობის ახალ შემთხვევათა რიცხვი განუხრელად მატულობს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოდან და, ძირითადად, უკავშირდება ჩერნობილის ატომური კატასტროფის შედეგად რადიაციული ფონური დაბინძურების მატებას. მართალია, ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს არ ვფლობ, რადგან 2 ათეული წელია, ცენტრალიზებული აღრიცხვა არ ჩატარებულა, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ დღეისათვის მინიმუმ 10-15-ჯერაა გაზრდილი ავადობის მაჩვენებელი, ვიდრე ზემოთ ხსენებულ კატასტროფამდე. უფრო მეტიც, როგორც იაპონიაში ხიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შემდგომ ფარისებური ჯირკვლის კიბოს გამოვლენის სიხშირის ანალიზმა აჩვენა, ავადობის მაქსიმალური სიხშირე - პიკი მოდის 30-ე წელზე. ჩვენს რეალობაში ეს ნიშნავს, რომ, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, კიდევ 4-5 წელი გაგრძელდება დაავადების შემთხვევათა მატება, ხოლო შემდგომ, თუ გაგვიმართლებს და არ მოხდება სადმე ჩვენს მახლობლად მსგავსი კატასტროფები, უნდა ველოდოთ დაავადების შემთხვევათა შემცირებას. ეს მომავალში, ამჟამად კი მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა, მით უფრო, რომ დაავადების აბსოლუტური რაოდენობის მატებასთან ერთად, სამწუხაროდ, შეიცვალა ავადობის ასაკობრივი სტრუქტურა, კერძოდ, გაიზარდა ახალგაზრდა, 25-დან 45 წლამდე პაციენტთა ხვედრითი წილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თუ ადრე ბავშვთა და 20 წლამდე ასაკში დაავადების განვითარება უიშვიათეს შემთხვევათა კატეგორიას განეკუთვნებოდა, დღეს მხოლოდ ჩვენს კლინიკაში წელიწადში ათზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
- როგორია დაავადების სიმპტომები და მიმდინარეობა?
- ფარისებური ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: მაღალდიფერენცირებულ და დაბალდიფერენცირებულ სიმსივნეებად, რომლებიც, გარდა მორფოლოგიური სიმწიფის ხარისხისა, განსხვავდებიან ასევე გამოვლენილი სიმპტომების, დაავადების განვითარების, მკურნალობის მეთოდებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკურნალობის შედეგების მიხედვითაც. ამიტომ შევეცდები ვისაუბრო იმ ძირითად საკითხებზე, რომელთა ცოდნაც სასარგებლო იქნება მკითხველისათვის.
ფარისებური ჯირკვლის კიბოთი ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე კაცები, სხვადასხვა მონაცემებით შეფარდება შეადგენს 5:1-დან 15:1-მდე. ახალგაზრდა ასაკში, 45 წლამდე ძალიან ხშირად გვხვდება კიბოს მაღალდიფერენცირებული ფორმები - პაპილარული და ფოლიკულური. მაშინ, როცა, 60 წლის ზემოთ უფრო გავრცელებულია დაბალი დიფერენცირების ხარისხის მქონე სიმსივნეები.
წინასწარ დავამშვიდებ მკითხველს და განვმარტავ, რომ ფარისებური ჯირკვლის კეთილთვისებიან თუ ავთვისებიან პათოლოგიებს ბევრი სიმპტომი საერთო ან მსგავსი აქვს, ამიტომ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არ უნდა იქნეს მათ მიერ აუცილებლად აღქმული, როგორც კიბოს არსებობის მაუწყებელი.
მაშ ასე, ხშირად დაავადება გამოვლინდება კვანძოვანი წარმონაქმნის სახით კისრის წინა ზედაპირზე ფარისებური ჯირკვლის მარჯვენა ან მარცხენა წილის საპროექციოდ, რასაც ხშირად თან ახლავს უცხო სხეულის შეგრძნება, დისკომფორტი ყლაპვის დროს, ზოგ შემთხვევაში ხმის ტემბრის შეცვლა. ხშირად, კვანძი ან კვანძები განლაგებულია კისრის ისეთ ადგილზე, რომ მათი დაკავშირება ანატომიურად ფარისებრ ჯირკვალთან შეუძლებელია, ამ დროს ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ისინი ფარისებური ჯირკვლის პაპილური კიბოს მეტასტაზებია კისრის ლიმფურ კვანძებში. არც თუ იშვიათად დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ და პროფილაქტიკურ გასინჯვაზე ჯირკვალში ექოსკოპიურად აღმოჩნდება მცირე 0,3-0,5სმ. ზომის კვანძი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს კიბო. ამიტომ აუცილებელია, მსგავსი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად მიმართოთ სპეციალისტს. ასევე, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ ჩავიტაროთ ფარისებური ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა. ეს განსაკუთრებით მიზანშეწონილია 50 წლამდე ქალბატონებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მასტოპათია, რადგანაც ეს ორი პათოლოგია, რიგ შემთხვევებში, დაკავშირებულია ერთმანეთთან.
- განიცდის თუ არა სიმსივნე მეტასტაზირებას?
- რეგიონული თუ შორეული მეტასტაზირება ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა. გამონაკლისს არც ფარისებური ჯირკვლის კიბო წარმოადგენს. აქ გამოვყოფდი გარკვეულ თავისებურებებს, კერძოდ, სიმსივნის მაღალდიფერენცირებული ფორმებისათვის ძირითადად დამახასიათებელია მეტასტაზირება რეგიონალ-კისრის ლიმფურ კვანძებში. შედარებით იშვიათად შორეულ ორგანოებში, უპირველეს ყოვლისა, ფილტვებში. ამის საწინააღმდეგოდ დაბალი დიფერენცირების სიმსივნე, ძირითადად, შორეულ ორგანოებს აზიანებს, რეგიონალ ლიმფურ კვანძებს კი, იშვიათად.
- როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?
- ფარისებური ჯირკვლის კიბოს დროულ დიაგნოსტირებაში მთავარია პაციენტის და, განსაკუთრებით, ექიმ-ენდოკრინოლოგის ონკოლოგიური სიფხიზლე, რომელიც, სამწუხაროდ, სათანადო დონეზე არ დგას.
რაც შეეხება დიაგნოსტირების მეთოდებს, გამოვყოფდი ძირითად და დამხმარე საშუალებებს. პირველს მიეკუთვნება: ფიზიკალური გასინჯვა, ექოსკოპია, ბიოფსია შემდგომი ციტოლოგიური კვლევით. ეს მეთოდები, როგორც წესი, სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა, ხოლო სხვა გამოკვლევის საშუალებები, როგორიცაა: კომპიუტერული ან მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია სრულ წარმოდგენას იძლევა დაავადების გავრცელების შესახებ. ფარისებური ჯირკვლის ჰორმონებისა და ანტისხეულების შესწავლა მკურნალობამდე ნაკლებად ინფორმაციულია.
- როგორია ფარისებური ჯირკვლის მკურნალობის მეთოდები და მათი შედეგები?
- წინასწარ ვიტყვი, რომ ფარისებური ჯირკვლის მაღალდიფერენცირებული კიბოს მკურნალობის შედეგები, სხვა ონკოლოგიური პათოლოგიებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად უკეთესია და I-II სტადიების დროს უახლოვდება 100%-ს, შორეული მეტასტაზების არსებობის შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შანსი ახალგაზრდა ასაკში 70%-მდეა. ასეთი მაღალი მაჩვენებლების მიღწევა შესაძლებელი გახდა კომბინირებული მეთოდის: ქირურგიული და რადიონუკლიდური თერაპიის თანმიმდევრული გამოყენებით. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ოპერაციით ხდება ფარისებური ჯირკვლის იმ ქსოვილის ამოკვეთა, რომელიც ქირურგიულად ხელმისაწვდომია, ხოლო მეორე ეტაპი დაფუძნებულია თვითონ ფარისებური ჯირკვლის უჯრედის თვისებაზე, ჩართოს იოდის ატომი. ჩვენს შემთხვევაში რადიაქტიული იოდი 135, რომელიც სიმსივნურ უჯრედს შიგნიდან ანადგურებს ორგანიზმში.
სამწუხაროდ, დიამეტრალურად საწინააღმდეგო ვითარებაა სიმსივნის დაბალდიფერენცირებული ფორმის არსებობისას. მათ არა აქვთ უნარი, ჩართონ იოდი, ამიტომ რადიონუკლიდური თერაპია არ გამოიყენება. არ გამოიყენება და, შეიძლება ითქვას, არ შეიძლება ოპერაციის წარმოებაც. გამოიყენება მხოლოდ სხივური ან ქიმიოთერაპია პალიატიური მიზნით ანუ დროებითი ეფექტის მისაღწევად, რაც ხშირად ვერ ხერხდება და ავადმყოფები დიაგნოზის დადგენიდან, მაქსიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში იღუპებიან.
- დაბოლოს, როგორ შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან დაავადების განვითარება?
- ერთი მხრივ, იმის თქმა, რომ გარანტირებულად შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ დაავადების განვითარება, რა თქმა უნდა, არ შემიძლია, მაგრამ მეორე მხრივ, სიმსივნე ყოველთვის ვითარდება დაზიანებულ ქსოვილში, აქედან გამომდინარე, ცხოვრების ჯანმრთელი წესი, სწორი კვება, იოდიზირებული მარილის გამოყენება ან იოდის დეფიციტის მედიკამენტოზური შევსება, საშუალებას იძლევა შევამციროთ გარემოს მავნე ზემოქმედება ფარისებურ ჯირკვალზე.
პროფილაქტიკური გასინჯვები დროულად აღმოაჩენს ჯირკვალში კვანძების არსებობას, რომლებიც ხშირად წინ უსწრებენ კიბოს აღმოცენებას. მათი ადეკვატური მკურნალობა სიმსივნის განვითარების საიმედო პროფილაქტიკაა. მით უფრო დასანანია, როცა ხშირად გაუმართლებლად დიდხანს გრძელდება კვანძოვანი ჩიყვის მკურნალობა თერაპიული საშუალებებით და ამ "მკურნალობის" პროცესში კიბო ყალიბდება. ისევ და ისევ მოგიწოდებთ ონკოლოგიური სიფხიზლისაკენ.
თეონა სირბილაძე

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს












ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 






















































































