asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ ავიცილოთ "მშრალი თვალის" სინდრომი
ექიმი ეკა კახიძე გვირჩევს
როგორ ავიცილოთ "მშრალი თვალის" სინდრომი

2012-02-13 00:21:52



ალბათ, გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მგრძნობელობის ორგანოებიდან ყველაზე სათუთი თვალია. დაგვიანებულ მკურნალობას ხშირად სავალალო შედეგამდე მიჰყავს პაციენტის მდგომარეობა. იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ დედებმა, მათ შვილებს სტატიაში მოყვანილი თვალთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ შეექმნათ, ექიმი-ოფთალმოლოგი ეკა კახიძე გვიამბობს.
- რა ასაკის ბავშვებშია შესაძლებელი მხედველობის სრულყოფილი შემოწმება?
- დროულად დაბადებული ბავშვი ერთი თვის ასაკიდან უნდა აფიქსირებდეს საგნებს, პერიოდულად თვალს უნდა აყოლებდეს მათ. სამი თვის ასაკიდან თვალების მყარი ფიქსაცია, საგანზე თვალის გაყოლება, სამი წლის ასაკიდან კი მხედველობის სიმახვილე მოწმდება.
- ხშირია, როცა ბავშვები ძალიან ახლო მანძილიდან კითხულობენ, ან წერენ.
- წიგნი ან რვეული თვალებიდან 33-35 სმ-ის მოშორებით უნდა იყოს. ამ მანძილის შეცვლა მხედველობის სხვადასხვა პათოლოგიაზე მიუთითებს. ახლომხედველობისას, ეს მანძილი მცირდება, შორსმხედველობისას იზრდება.
- აქვს რაიმე მნიშვნელობა განათების წყაროს მდებარეობას ბავშვის სამეცადინო ოთახში?
- სასურველია, სამეცადინო ოთახში დღის განათება და სინათლის წყაროს მარცხენა მხარეს მდებარეობა. ამ პირობების არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია თვალების გადაღლა, დაძაბვა, ტკივილები შუბლის არეში.
თვალის გადაღლა, თვალის კუნთოვანი აპარატის სპაზმი - მხედველობის აპარატის დიდ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. მხედველობის დისკომფორტი გვხვდება იმ ადამიანებში, რომელთა მუშაობა წვრილი შრიფტის წაკითხვასთან, კომპიუტერთან მუშაობასთანაა დაკავშირებული. დაღლილი თვალების პრობლემამ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მხედველობის პათოლოგია განავითაროს. მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისა და დაღლილი თვალების დაძაბულობის მოხსნის ყველაზე ეფექტურ ხერხებს შორის შეიძლება გამოვყოთ მარტივი სავარჯიშოების კომპლექსი, რომლებიც დღეში 2-3-ჯერ, 3-5 წუთის განმავლობაში უნდა შევასრულოთ: 1. მოდუნება - თვალები მაგრად დახუჭეთ და ეცადეთ მოდუნდეთ; 2. წრიული მოძრაობები - გახელილი თვალები აბრუნეთ ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საპირისპიროდ; 3. სწორხაზოვანი მოძრაობები - გააკეთეთ თვალის ვერტიკალური და ჰორიზონტალური მოძრაობები; 4. ხამხამი; 5. დიაგონალები; 6. "ელამი თვალები" - დავაფიქსიროთ საგანი და შემდეგ ცხვირთან ახლოს მივიტანოთ; 7. ამუშავეთ თვალები მანძილზე - ახლოსა და შორს გახედვით. მზერა ჯერ ახლომდებარე საგანზე შეაჩერეთ, შემდეგ შორს არსებულზე.
დასუსტებული თვალებისთვის ძალიან სასარგებლოა: შავი ფერის კენკრა, მოცვი, მოცხარი. ხილიდან - გარგარი და ჭერამი. მწვანილეულიდან - სალათის ფოთლები, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი და, რა თქმა უნდა, სტაფილო, ერთ ჩაის კოვზ არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.
- წოლისას კითხვა ან ტელევიზორის ყურება რა სახის დარღვევებს იწვევს?
- ტელევიზორის ყურებისას მანძილი არანაკლებ 3 მეტრი უნდა იყოს. ხანგრძლივობა კი არაუმეტეს 1-2 საათი. აუცილებელია ვერტიკალური მდგომარეობა და კარგი განათება ოთახში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩივილები თვალის გადაღლაზე, ცრემლდენაზე, მხედველობის დისკომფორტზე და ა.შ.
- XXI საუკუნეში დამკვიდრდა ტერმინი "კომპიუტერული სინდრომი". შეგიძლიათ აგვიხსნათ, ამაში რა იგულისხმება?
- სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 70% ოფისის პირობებში, კონდინცირებულ ოთახში, ხელოვნური განათების ქვეშ და კომპიუტერთან მუშაობს. ამ პირობებში ხშირად ჩნდება ჩივილები მხედველობის დაბინდვაზე, თვალების გადაღლაზე, სიმშრალეზე, უცხო სხეულის შეგრძნებებზე, თავის ტკივილზე შუბლის არეში. ეს არის კომპიუტერული სინდრომი, რომელიც აერთიანებს ორ ასპექტს: მშრალი თვალის სინდრომსა და აკომოდაციის სპაზმს. ძირითადი მიზეზი მონიტორზე ფიქსირებული მზერა და ხამხამის სიხშირის შემცირებაა (იგი, ნორმაზე დაახლოებით, 10-15-ჯერ ნაკლებია). ამ დროს რქოვანა (საცრემლე აპკი რქოვანაზე) გამოშრობას იწყებს, რასაც მოჰყვება ჩივილები თვალის სიმშრალეზე, სიწითლეზე და ა.შ.
კომპიუტერული ჰიგიენა გულისხმობს კარგ განათებას ოთახში, მონიტორამდე არანაკლებ 50 სმ-ით უნდა ვიყოთ დაშორებული, თვალები ხშირად უნდა დავასვენოთ (ყოველ 15 წუთში), უნდა გავაკეთოთ ვარჯიშები (ხშირი ხამხამი), თვალის გავლების მოძრაობები (ზევით, ქვევით, დიაგონალზე), მნიშვნელოვანია სათვალეების ან ლინზების სწორი შერჩევა (ახლო, ან შორსმხედველობის შემთხვევაში).
- რა არის მშრალი თვალის სინდრომი და მისი არსებობის დროს რა ჩივილები აქვს პაციენტს?
- მშრალი თვალის სინდრომს საცრემლე აპკის დარღვევა იწვევს. აპკი ფარავს თვალის კაკლის ზედაპირს და თვალს გამოშრობისგან, მიკრობებისგან იცავს, კვებავს რქოვანა გარსს. ცრემლის წარმოქმნა თვალის ირგვლივ მდებარე საცრემლე ჯირკვლებში ხდება. თვალის დახამხამებისას კი, ცრემლი თვალის ზედაპირზე ნაწილდება. მშრალი თვალის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადება, შეგრენის დაავადება, ცხელი და მშრალი კლიმატი, კონდენციონერი, თამბაქოს კვამლი, კომპიუტერთან მუშაობა, კონტაქტური ლინზების გამოყენება და ა.შ. მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობა ხელოვნური ცრემლის პრეპარატების ხანგრძლივ მოხმარებას გულისხმობს. ზოგიერთი პრეპარატი თხევადია და ხანმოკლე მოქმედების ეფექტი აქვს, ზოგიერთი გელისმაგვარია - მოქმედებს ხანგრძლივად. უმჯობესია, პაციენტმა გამოიყენოს ისეთი ხელოვნური ცრემლის პრეპარატი, რომელიც კონსერვანტებს არ შეიცავს. მკურნალობის სხვა მეთოდი საცრემლე წერტილების კოლაგენის საცობით დახურვას გულისხმობს. ამ დროს, ცრემლის განდენა ბუნებრივი გზით მცირდება. სიმპტომებიდან აღსანიშნავია: სიწითლე, თვალის წვა, უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი, ქუთუთოების სიმძიმე, მხედველობის დაბინდვა.
- ძირითადად, რა სახის პათოლოგიები გვხვდება ბავშვებში, რა ასაკიდან ენიშნებათ სათვალე?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა ასაკში ადრეულ დიაგნოსტიკასა და დროულ მკურნალობას. მსოფლიოში 1,5 მილიონი ბავშვია დაავადებული თვალის სხვადასხვა პათოლოგიით. ძირითადად, ეს ეხება ისეთ გავრცელებულ პათოლოგიებს, როგორიცაა რეფრაქციული მანკები: ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ასტიგმატიზმი, თანდაყოლილი და შეძენილი მიოპია (ახლომხედველობა,) ამბლიოპია (ზარმაცი თვალი), სხვადასხვა სახის სიელმე, ნისტაგი, ბადურისა და მხედველობის ნერვის, ასევე საცრემლე ჯირკვლის პათოლოგიები. იმ შემთხვევაში, თუ მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და სიელმე აღინიშნება, სათვალე 2 წლის ასაკიდან ინიშნება.
- როგორ დავიცვათ ბავშვის თვალი დაზიანებისგან, რას უნდა მოვარიდოთ ბავშვი?
- დავიცვათ მხედველობის ორგანოს ჰიგიენა: მოვარიდოთ ბავშვი მზეს, დავიცვათ მტვრისგან, კომპიუტერული გამოსხივებისა და სიგარეტის კვამლისგან.
თეონა მჭედლიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სინდრომი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online