asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად, დაკონსერვებული პროდუქტი ჭამის წინ აადუღეთ
რას გვირჩევს ინფექციონისტი ელისო მაღალდაძე
ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად, დაკონსერვებული პროდუქტი ჭამის წინ აადუღეთ

2012-02-06 16:09:18



ბოტულიზმი მეტად მძიმე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა. ბოტულიზმის შემთხვევები ყველაზე ხშირია ზამთრისა და გაზაფხულის სეზონზე, ვინაიდან დაკონსერვებული პროდუქციის მოხმარება სწორედ ამ პერიოდში იწყება. ამიტომ, ბუნებრივია, დაავადების შესახებ მრავალი შეკითხვა გვებადება და გვსურს, მათზე პასუხი კვალიფიციური სპეციალისტისგან მივიღოთ. ჟურნალი "გუმბათი" ინფექციონისტს, ქალბატონ ელისო მაღალდაძეს გაესაუბრა:
- ქალბატონო ელისო, როგორ და რა პირობებში ჩნდება ბოტულიზმი?
- ბოტულიზმი საკვებისმიერი ძლიერი ინტოქსიკაციაა. მისი გამომწვევია სპორა, რომელიც ბუნებაში, განსაკუთრებით კი, ნიადაგშია გავრცელებული, საიდანაც შეიძლება ყველა თბილსისხლიანსა და ცივსისხლიან ორგანიზმში მოხვდეს. ბუნებაში არსებული სპორა საკმაოდ გამძლეა. თუ პროდუქტს სპორა შეჰყვა, დაკონსერვების ან შებოლვის დროს ის უჰაერო სივრცეში ხვდება, სადაც ვეგეტაციურ ფორმაში გადადის და გამოიმუშავებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტოქსინს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს. შხამი იმდენად ძლიერია, რომ ბიოლოგიურ იარაღადაც შეიძლება იყოს გამოყენებული. დაავადების გამომწვევი სწორედ ეს ტოქსინია, თორემ სპორა, რომელიც ნიადაგშია, შეიძლება ხვდება კიდეც ორგანიზმში, მაგრამ დაავადებას არ გამოიწვევს. ამდენად, ადამიანი ბოტულიზმით ავადდება ძეხვის, შაშხის, შებოლილი, დამარილებული თევზის, დაკონსერვებული ხილის, ბოსტნეულის მიღების შემდეგ, თუ ეს პროდუქტები დაბინძურებული იყო ნიადაგით და მათი დამუშავების დროს დაცული არ იყო შესაბამისი სანიტარული ზომები.
- საქართველოში ყველაზე ხშირად რომელი პროდუქტებით გამოწვეული ბოტულიზმი გვხვდება?
- საქართველოში ყველაზე ხშირად ოჯახის პირობებში დამზადებული ბოსტნეულის კონსერვებია. ხშირია ბადრიჯნის, პამიდვრის, მწვანე ლობიოს კონსერვებით გამოწვეული ბოტულიზმი. ფაქტობრივად, ვერ გამოვყოფთ ვერც ერთ ბოსტნეულს, რომელმაც შეიძლება დაავადება არ გამოიწვიოს. ხილით გამოწვეული უფრო ნაკლებად გვხვდება, მაგრამ მაინც არის. მაგალითად, იყო შემთხვევა, რომელიც ბლის კომპოტმა გამოიწვია. ძეხვით გამოწვეული ბოტულიზმი, არ გვქონია, მაგრამ იყო შებოლილი ლორით, თევზით, დამარილებული თევზით გამოწვეული შემთხვევები.
- ვიზუალურად როგორ გამოიყურება დაინფიცირებული პროდუქტი?
- დაინფიცირებული პროდუქტი ფერს იცვლის, მძაღე კარაქის სუნს იძენს, გემოც შეცვლილი აქვს. კონსერვები კი აირების დაგროვების შედეგად ამოიბერება. შესაძლოა, სუნი და გემოც შეცვლილი ჰქონდეს, მაგრამ ვიზუალურად არაფერი ეტყობოდეს და დაავადება გამოიწვიოს. ასე რომ, მხოლოდ გარეგნობით, სუნითა და გემოთი იმის განსაზღვრა, ოჯახში დამზადებული კონსერვი გამოიწვევს თუ არა დაავადებას, არ შეიძლება.
- რომელ ორგანოებს აზიანებს დაავადება?
- საკვებ პროდუქტებთან ერთად, ბოტულიზმის გამომწვევი და მისი შხამი კუჭ-ნაწლავში ხვდება. მათი შეწოვა განსაკუთრებით წვრილ ნაწლავში ხდება. საჭმლის მომნელებელი ტრაქტით ნერვულ სისტემაში გადადის და მას აზიანებს. სწორედ ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია დაავადების კლინიკური გამოხატულება. შხამი ენიდანაც კი შეიწოვება. შესაძლებელია, ადამიანმა პროდუქტს გემო გაუსინჯოს, არ მოეწონოს და უკან გადმოღვაროს, მაგრამ უმძიმესი ფორმით მაინც გახდეს ავად. ბოტულიზმის შხამი აგრეთვე აზიანებს გულის ნერვულ უჯრედებს და მისი მოქმედების მძიმე დარღვევას იწვევს.
- დაავადება დაინფიცირებული პროდუქტის მიღებიდან რამდენ ხანში გამოვლინდება?
- ყველაზე ნაკლები, რაც აღწერილია ლიტერატურაში, 2-3 საათია. უფრო ხშირად დაავადება 12-24 საათის შემდეგ იწყება. კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი ბოტულიზმის გამომწვევის, როგორც უცხო სხეულის, მოცილებას ორგანიზმი იქვე ცდილობს. იწყება ღებინება, შეიძლება ფაღარათიც, მაგრამ არა ინტენსიური. ამის შემდეგ შხამი ნაწლავიდან შეიწოვება, რასაც ნერვული სისტემის დაზიანების გამოვლინებები მოჰყვება. იწყება მხედველობის დაბინდვა, ნისლი თვალების წინ, გაორება, ზედა ქუთუთოების დაშვება, თვალის გუგების მოძრაობა მკვეთრად შეზღუდულია.
შემდეგ დამბლა ზევიდან ქვევით ვრცელდება. რბილი სასის დამბლის გამო, ხმის ტემბრი შეცვლილია, ყლაპვა გაძნელებული. შეიძლება ადამიანი საერთოდ ვერ ყლაპავდეს და ვერც მეტყველებდეს. ვინაიდან ავადმყოფი თვალს ვერ ახელს და ვერ მეტყველებს, ხშირად ჰგონიათ, რომ ეს ინსულტია და ავადმყოფი ინფექციონისტის ნაცვლად, ნევროლოგთან ხვდება. თუ სწორი დიაგნოზი დროულად არ დაისვა, ეს ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება სავალალო შედეგით დამთავრდეს.
- რამდენად გამძლეა სპორები და რა პირობებში იღუპებიან?
- ბოტულიზმის ბაქტერიის სპორები დუღილს რამდენიმე საათის განმავლობაში უძლებს, ძლიერ მდგრადია სადეზინფექციო ნივთიერებებისა და სხვა ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების მიმართ. სპორების ასეთი გამძლეობის გამო, მათი განადგურება შეიძლება მხოლოდ ავტოკლავში 120 გრადუს ტემპერატურაზე. სახლის პირობებში 100 გრადუს ტემპერატურაზე მეტს ვერ შექმნით. ე.ი. ოჯახში რაგინდ სანიტარულ-ჰიგიენური წესები დაიცვათ, მაინც ვერ იტყვით, რომ ბოტულიზმისგან დაცული ხართ.
დამცავი მექანიზმია, გამოყენების წინ, პროდუქტის (კონსერვის) 15-20 წუთით წამოდუღება, ვინაიდან ის ტოქსინი, რომელიც გამომუშავდება, ლაბილურია და ადვილად იშლება. მაშასადამე, როგორც კი გახსნით კონსერვს, 15-20 წუთით აუცილებლად ადუღეთ, რაც პროდუქტს უსაფრთხოს გახდის. საეჭვო პროდუქტები კიდევ უფრო ხანგრძლივად უნდა ადუღოთ. დაავადებას თავიდან აიცილებთ, თუ ჭამის წინ დაკონსერვებულ პროდუქტს აადუღებთ, ძეხვსა და თევზს შეწვავთ ან მოხარშავთ.
- რომელი პროდუქტის დაკონსერვება შეიძლება სახლის პირობებში და რომლის არა?
- ჩემი აზრით, ოჯახის პირობებში არაფრის დაკონსერვება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მკაცრი შეზღუდვა არ შეიძლება. გახსოვდეთ, ბინის პირობებში ჩატარებული სტერილიზაცია სპორებს არ სპობს და ბოტულიზმის პროფილაქტიკისათვის მას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. თუნდაც 4-5 საათიანი სტერილიზაცია გაუკეთოთ, გამოყენების წინ მაინც უნდა წამოადუღოთ.
იმ დიასახლისების საყურადღებოდ, ვინც კონსერვებს მაინც აკეთებს - ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, ხილი დაკონსერვების წინ აუცილებლად უნდა გადაირჩეს და საგულდაგულად რამდენჯერმე გაირეცხოს გამდინარე წყალში. ასევე, უნდა მომზადდეს ჭურჭელიც. როგორც პროდუქტს, ასევე ქილას, მიწის ნამცეციც არ უნდა შეჰყვეს. კონსერვი ცივ ადგილას შეინახეთ.
- დაშაქრულ პროდუქტებში (მურაბებში) ბოტულიზმის ტოქსინი გამოიყოფა?
- მურაბას იმ შემთხვევაში ხუფავენ, როდესაც მას შაქარი აკლია. ნაკლებ ტკბილში 55 %-ზე მეტი შაქარი უნდა იყოს, რომ ტოქსინი არ გამომუშავდეს, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხვაც არ შეიძლება. თუ კილო ხილს კილო შაქარს დავუმატებთ და ამ წესით მოხარშულ მურაბას პლასტმასის სახურავს დააფარებთ, მაშინ იქ საშიში არაფერია.
- ძმრის დამატება რამდენად იცავს კონსერვს?
- ასეთ შემთხვევაში ძმარი ისეთი კონცენტრატით უნდა დავამატოთ, რომ 35 %-ზე მეტი იყოს. მაგრამ ასეთ პროდუქტს, ფაქტობრივად, ვერ შეჭამთ - ძმარი იქნება. დაკონსერვებულ პროდუქტს არ იცავს არც ძმარი, არც შაქარი. კუჭის წვენში არსებული მჟავიანობაც არ იცავს. ტოქსინი ძალიან ძლიერია. სადამ ჰუსეინზე ამბობდნენ, ერთი ვედრო ბიოლოგიური იარაღი, ბოტულინო ტოქსინი აქვსო და ცდილობდნენ, აღმოეჩინათ. ეს, ფაქტობრივად, გენოციდს გამოიწვევდა.
- ქარხნული წესით დამზადებული კონსერვებით გამოწვეული ბოტულიზმის შემთხვევები თუ არის დაფიქსირებული?
- ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება. 1972 წელს საქართველოში ერევნიდან შემოტანილმა ტომატ-პასტამ გამოიწვია დაავადება. 1984 წელს რუსეთში თევზის კონსერვით გამოწვეული ბოტულიზმის შემთხვევა დააფიქსირეს, რისი მიზეზიც აპარატის ერთწუთიანი ტექნიკური გაუმართაობა იყო. ზოგი ქარხნული წესით დამზადებულ კიტრის მწნილსაც ადუღებს და ბარდის კონსერვსაც. იმავეს თქვენც გირჩევთ.
- მხოლოდ საკვების ბოტულიზმი არსებობს?
- გვხვდება ინტრავენური ბოტულიზმი, ახალშობილთა ბოტულიზმი (როდესაც ჭიპლარი გადაჭრეს და არასტერილურად დაამუშავეს), ჭრილობის ბოტულიზმი. ასე რომ, მხოლოდ საკვებისმიერი ბოტულიზმი არ არის.
- რას ურჩევთ მკითხველს?
- ყველაზე კარგია, არაფერი მოხუფოთ. რა საჭიროა, ზამთარშიც მწვანე ლობიო ჭამოთ, როცა წითელიც არსებობს? ან კიდევ ხილის კომპოტები ხარშოთ, როცა ჩირის გაცილებით არომატულია? თუ მაინც გააკეთებთ, გამოყენების წინ აუცილებლად წამოადუღეთ. რისკზე წასვლა არ ღირს.
თეონა სირბილაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online