| ქალი და მამაკაცი |

"გვქონდა საავადმყოფოები, სადაც არავინ წვებოდა. აქ უკვე დაიწყეს შემოსვლა და შემოსვლა... მე მითხრეს, რომ ბაღდათში საავადმყოფოში სამი წელია კაცი არ დაწოლილა. საავადმყოფო ერქვა და არაფერი ხდებოდა. ახლა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა", – თქვა პრეზიდენტმა ბაღდათში საავადმყოფოს გახსნაზე, სადაც მას პალატაში "შარვალ–კოსტიუმში" გამოწყობილი მწოლიარე პაციენტი დაახვედრეს.
ახალი საავადმყოფოები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით იხსნება, მაგრამ იქ იმ ადამიანებს, ვისაც არ გაუმართლა და სახელმწიფომ უმწეოთა კატეგორიაში არ ჩაწერა, არ შეესვლებათ, რადგან ყველანაირი მომსახურება კატასტროფულად ძვირია. ასეთებს მთავრობის წევრები თურმე მდიდარი ნათესავების მოძიებას ურჩევენ. ამის შესახებ "სარკეს" ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა უამბო:
მაგდა ანიკაშვილი:
– საავადმყოფოს მშენებლობა თავისთავად კარგია, თუმცა გარემონტებული შენობა არ ნიშნავს კარგ სამედიცინო დაწესებულებას. ისინი არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, არც სისტემაა ისე აწყობილი, რომ პაციენტებს სათანადო დონეზე უმკურნალონ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ხელმისაწვდომი არ არის. ამაზე ღიად საუბრობს თავად ხელისუფლება. ისინი ამბობენ, რომ ხელმისაწვდომი შემდეგ ეტაპზე გახდება, რაც ცოტა უცნაურია, რადგან ჯანდაცვა შენობებს არ ნიშნავს. ჩვენი სისტემა ხისტად ყოფს საზოგადოებას უმწეოებად და არაუმწეოებად. სოციალურმა აგენტებმა უმწეოდ ვინც შეაფასეს, მათ აქვთ დაზღვევის პოლისი, მაგრამ ერთი ქულით მეტი რომ ჰქონდეს ოჯახს, მას არაფერი აქვს – არც ფულადი შემწეობა და არც დაზღვევის პოლისი. ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ მათ ამ გარემონტებულ საავადმყოფოებში იმკურნალონ.
– და ასევე ვერც გაურემონტებელ საავადმყოფოებში.
– თავისთავად. განსაკუთრებით მაშინ მწვავდება სიტუაცია, როცა ზარ–ზეიმით უხსნი საავადმყოფოს და უმრავლესობას იქ უბრალოდ არ შეესვლება. ოჯახი არ არის საქართველოში, რომლის რომელიმე წევრსაც არ ექნება გასაკეთებელი რაიმე ოპერაცია თუ სხვა პროცედურა ჩასატარებელი. შეიძლება კონსულტაციის ფული რამენაირად გადაიხადოს, მაგრამ მედიკამენტი ვეღარ იყიდოს და ა.შ. მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილები აკითხავენ საავადმყოფოებს. ეს ხდება მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გადასულია პრევენციაზე, რომ ადამიანი არ მიიყვანოს რეანიმაციამდე, უტარდება პერიოდული, სავალდებულო გამოკვლევები. ჩვენთან კი პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება ძალიან დაბალ დონეზეა.
თან დაწესებულია ასაკობრივი ბარიერები – საშუალო ასაკის ადამიანმა თავად მიხედოს თავსო. დაზღვევის გარეშე მკურნალობას ჩვენი მოსახლეობის ალბათ მხოლოდ 5% შეძლებს. ინდივიდუალური დაზღვევა ძალიან ძვირია. თან ჩვენი სადაზღვევო პაკეტები სულ არ არის ისეთი მოცულობითი, როგორიც საჭიროა. შეიძლება ის ანაზღაურებაც კი, რომელიც ამ პაკეტშია შეტანილი, ან მიიღო და ან – არა. სულ არ გვამშვიდებს, რომ გარკვეული ნაწილი დაზღვეულია, რადგან მათ ნაწილს სადაზღვევო კომპანია უარით ისტუმრებს. პირადად ჩემთან შემოდის უამრავი განცხადება, სადაც ადამიანები ჩივიან, რომ აქვთ დაზღვევა, მაგრამ კონკრეტული სამედიცინო სერვისის ნებას სადაზღვევო კომპანია არ რთავს. ეს იმის ბრალია, რომ კონტროლი არ ხორციელდება, თუ რა თანხა აიღო სადაზღვევო კომპანიამ, რა თანხა დახარჯა, რამდენს მოემსახურა და ა.შ. მოქალაქე დაუცველი რჩება. პარლამენტის ჩარევის შემდეგ წყდება, რომ ის მოქალაქე დაფინანსდეს.
– სადაზღვევო კომპანიებს აშენებინებენ ახალ საავადმყოფოებს და მათაც რა ქნან, რამით ხომ უნდა ამოიღონ ფული?
– ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი ერიცხებათ ყოველ წელს, ამიტომ ცხადია, ამ საავადმყოფოების მშენებლობაზე უარს ვერ იტყვიან. მთავრობა რიცხავს ფულს სადაზღვევო კომპანიებში და ისინი, ნაცვლად იმისა, რომ სამედიცინო მომსახურებაში გადაიხადონ ფული, აშენებენ საავადმყოფოებს. სადაზღვევომ სადღაც ეკონომია ხომ უნდა გააკეთოს?! მიდის დავა სადაზღვევოსა და ექიმს შორის. ექიმს ისინი კარნახობენ, რა გამოკვლევა ჩაუტარონ და რა წამალი დაუნიშნონ პაციენტს.
– რამდენიმე წლის წინ იყო პროგრამები, რაც აფინანსებდა ურგენტულ თუ სხვა დაავადებების მკურნალობას ნებისმიერი ადამიანისთვის. ახლა ისინიც აღარ არსებობს. აღარ აფინანსებენ, მაგალითად, მწვავე აპენდიციტის ოპერაციასაც კი.
– უბედური შემთხვევის დროს თუ ადამიანს დაზღვევა არ აქვს, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ნულია. მკურნალობის ერთი დღე 600–700 ლარი ჯდება. ეს ხომ მაინც უნდა ფინანსდებოდეს?! არ აქვს მნიშვნელობა, დასაქმებული ხარ თუ არა, მკურნალობა შეუძლებელია. ასეთი პაციენტის მკურნალობა იწყება მაშინ, როცა ოჯახი თანახმაა, რომ ის ფული გადაიხადოს. ადამიანები მიმართავენ ყველას, ვინც გარშემო ჰყავთ, იღებენ უზარმაზარ ვალებს და მერე ყიდიან ყველაფერს, რაც გააჩნიათ. ერთადერთი პროგრამა არსებობს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო და ისიც უკიდურესად შეზღუდულია. ადრე კომისია იკრიბებოდა ჯანდაცვის სამინისტროში. ახლა ეს წყდება პრემიერმინისტრის დონეზე, მთავრობის სხდომაზე.
– მთავრობის სხდომაზე წყდება ვინ გაიკეთოს ოპერაცია და ვინ – არა?
– დიახ, ასეთი სასწაული ხდება! ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ გაიკეთოს ოპერაცია და ვინ – არა. ჩემი გაგზავნილი შუამდგომლობებიდან ნაწილი კმაყოფილდება, ნაწილი – არა. როცა მცირე თანხაზეა საუბარი, იმას უფრო აფინანსებენ. მაგალითად, ფინანსდება ოპერაცია, რომელიც 1000 ლარამდე ჯდება და არა – რამდენიმე ათასი.
– ადამიანი გახდა ავად და არ აქვს მკურნალობის ფული. რა უნდა ქნას, გაყიდოს ყველაფერი რომ თავი გადაირჩინოს ან სიკვდილს დაელოდოს?
– სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება ყველას აქვს, რაც ჩვენთან დარღვეულია და პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მთავრობის წევრებისგან მომისმენია, რომ არავინ რჩება ჩვენს ქვეყანაში "ისე", ყველას ვიღაც გამოუჩნდება და დაეხმარებაო. ამ დროს ძალიან ბევრია, ვისაც შეძლებული ნათესავი არ ჰყავს და არც ბინა აქვს გასაყიდი. ვიცი ბევრი ადამიანი, ვინც იმის გამო, რომ მკურნალობის ფული ვერ იშოვა, დაიღუპა.
– რას ეუბნებით იმ მთავრობის წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ ავადმყოფს გამოუჩნდება ვინმე და ის დაეხმარება, რა ლოგიკაა ეს, ქართული?
– ხანდახან ვფიქრობ, რომ ისინი ამით თავს იმშვიდებენ, რადგან მათი პასუხისმგებლობაა და არ უნდათ, დაინახონ რეალობა. ფიქრობენ, მე თუ უარს ვეტყვი დაფინანსებაზე, ვიღაც გამოუჩნდებაო. ამ დროს მივმართავთ ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც ქველმოქმედებით გამოირჩევიან, მაგრამ ხშირად მაშინაც ვერ ვპოულობთ გამოსავალს.
ონკოლოგიის პროგრამა მხოლოდ საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს ეხებათ. ამ დროს, სტატისტიკის მიხედვით, 40 წლიდან მკვეთრად იზრდება და ამ ასაკში ვლინდება დაავადების პირველი–მეორე სტადია. საპენსიო ასაკში კი ბოლო სტადიებზეა საუბარი. ამ ბოლო შემთხვევებში მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ შედეგი ვერ დგება. 40–45 წლის ადამიანს რომ პირველი სტადია აქვს, ეს მისთვის განაჩენი არ უნდა იყოს. ძალიან ძნელია, ასეთ ადამიანს თვალებში უყურო და უთხრა, რომ მისთვის მთავრობა ფულს ვერ გამოყოფს. იმდენად ძვირია, რომ ვერ იხდის ვერც დასაქმებული ადამიანი. უკვე კარგა ხანია ვითხოვთ, 10 წლით მაინც გადმოვწიოთ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, მაგრამ ჯერჯერობით სამინისტრო უარს ამბობს.
– თავს იწონებენ, პენსიონერები დაზღვეული გვყავსო. არადა დღეისათვის არც ერთ პენსიონერს დაზღვევა არ აქვს. ეს 100 ლარიანი პენსია ითვლება დაზღვევად?
– სავარაუდოდ, მათი დაზღვევა სექტემბრიდან შევა ძალაში. ეს ჩვენი ძალისხმევით მოხდა. უცნაურია, რატომ იწყებენ ასეთი რეფორმის განხორციელებას სექტემბრიდან, არჩევნებამდე ორი თვით ადრე. ცოტა არაკეთილსინდისიერი საქციელია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ის ცალკე საკითხია, რომ კონტროლია გასამკაცრებელი მედიკამენტების თუ სამედიცინო პროცედურის ხარისხსა და ფასზე. ექიმებს ხშირად უთქვამთ, ისეთი განცდა გვაქვს, რომ პატრონი არ გვყავსო. ეს უკვე კატასტროფაა!
რუსუდან ადვაძე

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ინვალიდ კატას უპრეცედენტო ოპერაცია გაუკეთეს
ინვალიდ და–ძმას სოციალურად დაუცველის სტატუსი წაართვეს
შიდსით ორი მამაკაცი გარდაიცვალა
ხელისუფლება ყოველ მეორე მოქალაქეს დააზღვევს












ქალი 9 ტყუპის გაჩენისთვის ემზადება
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები
მადონას დიეტის საიდუმლო 

ფეხის ოფლიანობისგან ვთავისუფლდებით
გვპასუხობს ექიმი
თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა
სწრაფი და ეფექტური ზომები თავის ტკივილის დროს
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ
სანამ ბავშვს აცრით, პედიატრს გაასინჯეთ!
გვპასუხობს ექიმი
უმნიშვნელო სიმპტომები შეიძლება საშიშ დაავადებას ნიშნავდეს
ისწავლეთ ჭრილობის დამუშავების ხელოვნება 






















































































