asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"სანამ ქალი ორსულობას დაგეგმავს, უნდა გაარკვიოს, აქვს თუ არა ანტისხეულები წითურას ვირუსის მიმართ"
ინტერვიუ მაია ქარქაშაძესთან
"სანამ ქალი ორსულობას დაგეგმავს, უნდა გაარკვიოს, აქვს თუ არა ანტისხეულები წითურას ვირუსის მიმართ"

2012-01-25 10:24:31



ინფექციური დაავადებები ახალშობილებისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენენ. ამ თემაზე ჟურნალი "გუმბათი" ინფექციონისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ მაია ქარქაშაძეს გაესაუბრა. ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, რა შემთხვევებში შეიძლება დაინფიცირდეს ნაყოფი, როდისაა ამის რისკი ყველაზე დიდი და პირიქით, უფრო მცირე.
- ქალბატონო მაია, როგორია ინფექციური დაავადებების როლი ახალშობილთა ავადობაში?
- მთელ მსოფლიოში ინფექციური დაავადებები ახალშობილთა ავადობის ძირითად მიზეზად არის მიჩნეული. ახალშობლთა ინფექცია შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. თუმცა, უფრო ხშირად ის მაინც თანდაყოლილია. იმ ინფექციათა რიცხვი, რომლებმაც შეიძლება ორსულისა და ახალშობილის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, ძალიან დიდია, თუმცა, არსებობს მიკროორგანიზმთა ჯგუფი, რომლებიც, ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. ეს ინფექციებია ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ტოქსოპლაზმოზი, ჰერპესის ვირუსის ინფექცია, B და ჩ ჰეპატიტები, აივ-ინფექცია და ა.შ.
- რამდენად დიდია შანსი, დაინფიცირდეს ნაყოფი, როცა ორსული ინფიცირდება ამა თუ იმ ინფექციით?
- დედის სისხლის ნაკადში მიკროორგანიზმის მოხვედრას შეიძლება სრულიად სხვადასხვა შედეგი მოჰყვეს: პლაცენტის ინფიცირება ნაყოფის ინფიცირების გარეშე, არც ნაყოფის და არც პლაცენტის ინფიცირება, ორივე მათგანის ინფიცირება. ამიტომ, რა თქმა უნდა, დედის ორგანიზმში ამა თუ იმ ინფექციის დიაგნოზის დასმა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ნაყოფი აუცილებლად საფრთხის წინაშე დგას. მაგალითად: ჩ ჰეპატიტის მქონე დედის შემთხვევაში დაახლოებით 5%-მდე რისკი არსებობს, რომ მის ახალშობილს თანდაყოლილი ჰეპატიტი ექნება. შიდსის ვირუსის შემთხვევაში, დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკი საშუალოდ 30%-ს უდრის. თუ დედას ციტომეგალოვირუსული ინფექცია დაემართა უშუალოდ ორსულობის დროს, ეს რიცხვი საშუალოდ 40%-ს უახლოვდება. ზოგჯერ დედიდან ბავშვზე ინფექციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, მაგალითად, წითურას დროს. თუ დედას წითურა დაემართა ორსულობის პირველ სამ თვეში, ნაყოფის დაინფიცირების რისკი 90%-ს აღემატება. სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით, საქართველოში ბევრ შეცდომასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, არის შემთხვევები, როცა დედას დაუსვამენ ამა თუ იმ ინფექციის დიაგნოზს და მაშინვე ურჩევენ აბორტის გაკეთებას იმ არგუმენტით, რომ ბავშვს რაიმე სიმახინჯე ექნება. ძალიან ხშირად ეს გადაწყვეტილება ყოვლად გაუმართლებელია. დედის ინფიცირება სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად პრობლემები ექნება.
- თუ ინფექციის გადაცემა მოხდა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?
- დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემისას შეიძლება განვითარდეს აბორტი, მკვდრადშობა, ცოცხლადმშობიარობა სხვადასხვა ანომალიით, საშვილოსნოსშიდა ზრდაში ჩამორჩენა, დღენაკლულობა ან დაიბადოს დროული, მაგრამ სხვადასხვა გართულებით ინფიცირებული ახალშობილი. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი მოევლინოს ქვეყანას. ზოგადად, დღენაკლული ახალშობილები ბევრად მგრძნობიარეები არიან ინფექციის მიმართ, ვიდრე დღესრულები და შესაბამისად, მათში უფრო მაღალია თანდაყოლილი ინფექციების სიხშირეც. ინფექციურ დაავადებათა განვითარების რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო დაბალია ახალშობილთა წონა ან ორსულობის ვადა.
- რა ხდება მაშინ, როცა დედას ესა თუ ის ინფექცია ორსულობამდე ჰქონდა გადატანილი?
- ეს მნიშვნელოვანი საკითხია და შეცდომები ყველაზე მეტად ამასთან დაკავშირებით ხდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექცია საშიშია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ქალს დაემართება უშუალოდ ორსულობისას. მანამდე გადატანილი ინფექციების უმრავლეს შემთხვევაში ორსული დაცულია მის წინააღმდეგ, ანუ გააჩნია ე.წ. ანტისხეულები ამა თუ იმ მიკროორგანიზმების მიმართ. ზოგჯერ სისხლის გამოკვლევით ამ ანტისხეულების გამოვლენისას არ ახდენენ იმის დიფერენცირებას, ეს გადატანილი ინფექციაა თუ აქტიური და პირდაპირ სვამენ საკითხს, რომ ორსულს პრობლემები აქვს და საჭიროა მკურნალობა.
- როდის ხდება ყველაზე ხშირად ინფექციის დედიდან ბავშვზე გადაცემა?
- სხვადასხვა ინფექციისთვის ეს ვადები სხვადასხვაა. ზოგიერთი ინფექცია ნაყოფს ორსულობის პერიოდში საერთოდ არ გადაეცემა და ბავშვი მხოლოდ მშობიარობის მომენტში შეიძლება დაინფიცირდეს. ასეთია, მაგალითად, ქლამიდია. ხშირად შეიძლება გაიგოთ, რომ ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ქლამიდია გახდა, თუმცა, ეს გამორიცხულია, ვინაიდან ქლამიდია მხოლოდ მშობიარობისას გადადის ნაყოფზე, მანამდე ამის საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება ციტომეგალოვირუსულ ინფექციას, ტოქსოპლაზმოზს, შიდსის ვირუსსა და სხვას, მათ აქვთ უნარი, გაიარონ პლაცენტა და დააინფიცირონ ნაყოფი. ზოგი ინფექცია ნაყოფს შეიძლება გადაედოს როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის დროს (ჰეპატიტები, ჰერპესი და სხვა).
- არსებობს მოსაზრება, რომ, რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ინფიცირდება ორსული, მით უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვება მას.
- ეს, გარკვეულწილად, მართალია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ ორსულს წითურა დაემართა პირველი სამი თვის განმავლობაში, ნაყოფს თითქმის ყოველთვის სერიოზული საფრთხე ემუქრება, მაშინ, როდესაც ბოლო თვეებში წითელას ვირუსის დამაზიანებელი გავლენა ბევრად დაბალია. მაგრამ ტოქსოპლაზმოზის დროს ნაყოფის დაზიანების რისკი მით უფრო მაღალია, რაც მეტია ორსულობის ვადა.
ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ წითურას ვირუსი ყველაზე პრობლემური მიკროორგანიზმია ორსულობასთან მიმართებით. ზოგჯერ ნაყოფის დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ჩასახვამდე დიდი ხნის წინ განვითარებული მწვავე ინფექციის შემთხვევაშიც. მაგალითად, აღწერილია თანდაყოლილი წითურას განვითარება ისეთ დროს, როცა დედა ბავშვის ჩასახვამდე 2-3 თვით ადრე დაინფიცირდა. სანამ ქალი ორსულობას დაგეგმავს, მას მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გარკვეული, აქვს თუ არა ანტისხეულები წითურას ვირუსის მიმართ.
- თუ ადრეულ ასაკში აქვს გადატანილი წითურა, მაშინ რამდენად დიდია საფრთხე ორსულობისას?
- საქმე ისაა, რომ წითურა თავისი სიმპტომებით ბევრ სხვა დაავადებას ჰგავს. მათ შორის, ალერგიულ რეაქციასაც. ამიტომ მხოლოდ სიმპტომებით ძალიან ძნელია წითურაზე მსჯელობა. მეორე მხრივ, წითურას ისეთი ფორმებიც არსებობს, რომელთაც არანაირი სიმპტომი არა აქვს. ამიტომ ყოველთვის ჯობია, სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევით დავადგინოთ, გადატანილი აქვს თუ არა ქალს წითურა. არის შემთხვევები, როდესაც ქალი დარწმუნებულია, რომ წითურა გადატანილი აქვს, ამ დროს ანალიზით აღმოჩნდება, რომ მას ანტისხეულები ამ ვირუსის წინააღმდეგ არ აქვს. ასევე, არის შემთხვევები, როცა ქალს ჰგონია, რომ წითურა არ ჰქონია, სინამდვილეში კი ოდესღაც უსიმპტომოდ აქვს გადატანილი.
- რა სიმპტომები ახასიათებს ორსულობისას ამა თუ იმ ინფექციას?
- პრობლემაც სწორედ ეს არის, რომ იმ ინფექციათა უმრავლესობას, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, სიმპტომები ან საერთოდ არ გააჩნია, ან იმდენად ზოგადი ხასიათი აქვს, რომ კლინიკურად ეჭვის მიტანა თითქმის შეუძლებელია. ზოგიერთი ინფექციის დროს შეიძლება რომელიმე სპეციფიკური სიმპტომი გამოვლინდეს, მაგალითად, ჰერპესულ ინფექციას სპეციფიკური ბუშტუკოვანი გამონაყარი ახლავს, თუმცა, ეს გამონაყარი ნაყოფს საშიშროებას ძირითადად მაშინ უქმნის, როდესაც იგი სასქესო ორგანოების მიდამოებში ვლინდება.
რჩევები ორსულებს:
- ზოგადი რჩევის მიცემა, ცხადია, ძნელია, მაგრამ იმის თქმა შეიძლება, რომ უმჯობესია, გამოკვლევა და კონსულტირება ორსულობის დაგეგმვამდე მოხდეს, რათა ორსულობის დროს პრობლემების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
თეონა სირბილაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online