asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"გალას" 5 წლიან ისტორიაში პირველად გაიმარჯვა პოეტმა
მარიამ წიკლაურის წარმატება
"გალას" 5 წლიან ისტორიაში პირველად გაიმარჯვა პოეტმა

2011-11-25 19:53:15



მარიამ წიკლაურის პოეტურმა კრებულმა "თეთრი ხბორები" წელს ლიტერატურულ კონკურს "გალაში" "წლის წიგნის" ნომინაციაში გაიმარჯვა. "გალას" არსებობის 5 წლის ისტორიაში ეს პირველი პოეტური კრებულია, რომელიც ნომინაციაში მოხვდა და უფრო მეტიც – გამარჯვება მოიპოვა.

დაჯილდოების დროს ავტორის ემოციები ყველამ დააფიქსირა. "ეს გამარჯვება არ ნიშნავს, რომ მე სხვა პოეტებს ვჯობივარ, უბრალოდ გამიმართლა", – თქვა მარიამ წიკლაურმა.

მისმა კრებულმა პრემია 21 გამომცემლობის მიერ 7 ნომინაციაში წარდგენილი 138 საკონკურსო წიგნიდან დაიმსახურა.

– საერთოდ არ ვიცოდი, ჩემი წიგნი თუ მონაწილეობდა, ვინაიდან ამ კონკურსზე, სხვებისგან განსხვავებით, პროდუქციას გამომცემლები წარადგენენ და არა – ავტორები. როცა ნომინანტების საფინალო ეტაპი გამოცხადდა, დაჯილდოებამდე ერთი კვირით ადრე, თბილისი საკრებულოს საიტზე ("გალას" ლიტერატურული კონკურსი საკრებულომ დააარსა. ავტ.) ჩემმა მეგობარმა მოულოდნელად ჩემი წიგნიც აღმოაჩინა. ცხადია, ფინალში გასვლაც ძალიან დიდ გამარჯვებად მივიჩნიე და მეტს არაფერს ველოდი, თუმცა შინაგანად მაინც ძალიან ვინერვიულე, – ამბობს მარიამ წიკლაური.

პრემია, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა, გახლავთ 4.000 ლარი და პრიზი – ძველი კოლხური ცულის ანალოგი, დამზადებული გოგი ოჩიაურის მიერ.

– მთელი ზაფხული ვმუშაობდი პოემაზე, ვიყავი ფშავში და შუაფხოში, იმ სოფელში, სადაც ოჩიაურების სახლში არაერთი ზაფხული გაუტარებია ანა კალანდაძეს. იქ მუშაობდა, როგორც კავკასიოლოგი, წერდა თავის არაჩვეულებრივ ციკლს, რომელშიც მან პირველი რუსთაველის პრემია მიიღო. იმ პოემას, რომელზეც ფშავში ჩასვლიდან ვმუშაობ, ანა კალანდაძის სახება და ხატება გასდევს თან... "გალას" ჟიურის ერთ–ერთმა წევრმა ჩემთან საუბარი ასე დაიწყო: "მე ვარ ანა კალანდაძის ნათლული...". შეიძლება ჩემი ემოცია გადამეტებულია და ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მგონია, რომ ამ სიტყვებით იმსოფლიდან ქალბატონი ანა გამომეხმაურა, – ამბობს მარიამ წიკლაური.

წელს პოეტმა თითქმის ყველა ლიტერატურულ კონკურსზე, რომელიც საქართველოში გაიმართა, სხვადასხვა პრიზი მოიპოვა – მართლმადიდებლური პოეზიის ფესტივალზე "წმინდა ნინოს ჯვარი", პოეტ ქალთა კონკურსზე "ხვარამზეობა", პოეზიის კონკურსზე "ლიტბუნიობა", ლიტერატურულ კონკურსზე "შოთაობა" და საბავშვო წიგნის ფესტივალზე.

ნანა კობახიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გალა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online