| ქალი და მამაკაცი |

30 სექტემბერს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 80 წლის გახდა. ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოს საპატრიარქოში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. იუბილარმა უნეტარესისგან საჩუქარი მიიღო – ბიბლიური პერსონაჟების, დავითისა და გოლიათის ორთაბრძოლის სკულპტურული გამოსახულება, რომელსაც სახლში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა. პოეტის ქალიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა კი მამის შემოქმედებით საღამოს გაუკეთა ორგანიზება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. სცენაზე აჟღერდა ჯანსუღ ჩარკვიანის ტექსტებზე შექმნილი სიმღერები. შემსრულებელთა შორის იყო პოეტის ვაჟი, მამუკა ჩარკვიანი.
მრავალი წლის წინ 8 წლის ბიჭუნას, ჯანუკის, ერთი გოგო მოსწონდა და პირველი ლექსი მას მიუძღვნა. მას შემდეგ წერს. ხშირად ღამის 4 საათზეც. საწოლიდან ადგომა და ჩაწერა არ ეზარება, თორემ იცის, მოულოდნელად მოსული ფრაზა დილით აღარ ემახსოვრება.
პოეტმა ინტერვიუზე ოჯახში დამიბარა. იქ მისული ვეკითხები:
– როგორ ბრძანდებით, ბატონო ჯანსუღ?
– არა მიშას რა. ამ ბოლო დროს ამ შეკითხვაზე ასეთ პასუხს ვიძლევი. მიმხვედრი მიხვდება, რაც ამ სიტყვებში იგულისხმება.
– ცოტა დაგვიანებით გილოცავთ დაბადების დღეს, მრავალ ბედნიერ წელს გისურვებთ. ასე შეუმჩნევლად 80 წლისაც გახდით. თქვენი პირველი რითმა გახსოვთ?
– 8 წლის ვიყავი, როცა სტრიქონი გავრითმე. ერთი გოგო, ნატო, მომწონდა და მას ვუთხარი – "მიყვარს ნატო, მაგრამ მარტო". სულ დედამისს დაჰყავდა და მინდოდა, მარტო მენახა ხოლმე. 10–11 წლის ასაკში უკვე ვწერდი.
4 წელი გოგოები და ბიჭები ერთად ვისხედით კლასში და გოგოების ჯინაზე ფრიადოსანი ვიყავი. მერე ვიღაც იდიოტმა მოიფიქრა, ბიჭები და გოგოები ცალ–ცალკე უნდა იყვნენო და გაგვყვეს. ამის შემდეგ ორებსაც ვიღებდი და სამებსაც. აღარაფერს ჰქონდა ფასი. გოგოებისთვის რომ თავი მოგვეწონებინა, წიგნებსაც ვკითხულობდით, ვსწავლობდით, მათ გამო ვჩხუბობდით... ერთი საოცარი მასწავლებელი მყავდა – ნინო სუხიაშვილი. მან იცოდა, ლექსებს რომ ვწერდი. გამიყვანდა ხოლმე და მეტყოდა, ვაჟას ლექსი მითხარი, ოღონდ ქამარს ორივე ხელი მაგრად მოუჭირე, ვითომ ხანჯალი გაქვსო. მოვუჭერდი ხოლმე და ისე ვამბობდი: "დაჟანგებულხარ, გორდაო, დაგგობებია ქარქაში...".
არ ვიქცეოდი კარგად. ცელქსაც ვერ ვიტყვი, უფრო უარესი გახლდით. ვჩხუბობდი და მერე სკოლაში დედაჩემს იბარებდნენ. ქუჩაში უცხო ქალებს ვთხოვდი, ვითომ დეიდაჩემი ხართ და მასწავლებელთან გამომყევით–მეთქი. დედაჩემს პისტი ერქვა, გელოვანის ქალი იყო. ძალზე ლამაზი, ნიჭიერი პიროვნება გახლდათ. ერთხელ ნინო მასწავლებელმა მშობელთა კრებაზე დედას ჰკითხა, პისტი, რამდენი და გყავსო. ორიო, უპასუხა დედამ. მეგონა, რვანი იყავით, იმიტომ რომ შვიდჯერ მომიყვანა ჯანსუღმა დეიდაო.
მამა აგრონომი იყო და იმ საშინელ დროში მჟავე კომბოსტო მაინც არასოდეს გვაკლდა. ლეჩხუმიდანაც გვიგზავნიდნენ რაღაცეებს. ხალხს ხელისუფლებაც ეხმარებოდა ყველითა თუ კარაქით და იმ გაჭირვებულ დროში ქუჩაში ქართველ მათხოვარს ვერ ნახავდით. მეზობელი მეზობელს პურს უყოფდა. ახლა გარეთ არც წიგნის გაყიდვა შეიძლება და არც სხვა რამით ვაჭრობა, მაგრამ მათხოვრობა ნებადართულია...
– ნამდვილი სიყვარული როდის მოვიდა?
– ნატოს შემდეგ ერთი გოგო შემიყვარდა და მის მოსატაცებლად წავედი. 11 წლის ვიყავი. მივედი მის ფანჯარასთან და დავუძახე. დედამისი გამოვიდა. დაუძახე შენს შვილს, უნდა მოვიტაცო–მეთქი. მიპასუხა, ამოდი, ტკბილეულობა უნდა მოგართვა და ტკბილი ჩაი დაგალევინოო. ისეთი შესანიშნავი, ტკბილი ჩაი დავლიე და ისე მომეწონა ის ტკბილეულობა, დამავიწყდა იმ გოგოს მოტაცება და წამოვედი. მერე სხვა გოგოებიც მიყვარდა, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ჩემს მეუღლესთან განვიცადე. ვერც ვამბობ, რა ასაკის იყო მაშინ ირმა, როცა ერთმანეთი შეგვიყვარდა, რადგან ჩემი შვილიშვილი, პატარა ირმა გიგანი, უკვე იმ ხნისაა და არ მინდა, ეს გაიგოს. ეს ხუმრობით. მე 19 წლის ვიყავი, ირმა – 15–ის. 19 წლის რომ გახდა, ცოლად მოვიყვანე. ჩუმად მოვაწერეთ ხელი. დედაჩემს შევძახე ფანჯრიდან, ცოლი მოვიყვანე–მეთქი. დამიძახა, შენ ვერ ხარ კარგადო და უკან შებრუნდა. მერე ისევ გამოიხედა და მკითხა, რა გვარიაო. ჩხეიძე–მეთქი, რომ ვუთხარი, ისე გაუხარდა, დამიძახა, ახლავე ამოიყვანეო. გიჟდებოდა კარგი გვარის ადამიანებზე. ამის შემდეგ ისე შეეკრნენ ერთმანეთს ჩხეიძისა და გელოვანის ქალები, რომ მე დედა მიტირეს.
– ანუ დაგაჭკვიანეს?
– დინჯი და ჭკვიანი არასოდეს ვყოფილვარ. დედა ეხვეწებოდა მამას, ეს ბავშვი ამ ქალაქიდან მოაშორეო და ამ მოტივით მამაჩემმაც სოფლის სკოლაში გადამიყვანა. მეექვსე კლასში ვიყავი. სამი მეოთხედი იქ ვცხოვრობდი – კოლმეურნეობის თავმჯდომარის ოჯახში. იქაურ ბავშვებს ვჯობნიდი, რადგან წიგნის კითხვა პატარაობიდან მიყვარდა. მეხუთე კლასში უკვე წაკითხული მქონდა ჯავახიშვილის "მართალი აბდულა" და კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცება". ვთხოვე მამას, თბილისში დამაბრუნეთ–მეთქი და ხელწერილი დამაწერინა, რომ კარგად მოვიქცეოდი. მართლაც, ფრიადებზე დავიწყე სწავლა. სკოლის დირექტორი ვარლამ თავაძე იყო. მამამ იფიქრა, ფრიადებს ჩემი ხათრით უწერენო და მოითხოვა, კლასში ჩავეტოვებინე. დღეს რომელი მამა გააკეთებს ამას?!
– არ გეწყინათ?
– მაშინ მეწყინა, მაგრამ ძალიან ძლიერი გავხდი. რა საძმოც შევიძინე, როგორი კაციც დავდექი, სულ მამაჩემის ამ გადაწყვეტილების წყალობით მოხდა. ის საოცარი ვაჟკაცი და ნაღდი პიროვნება იყო.
ჩემი ლექსები სკოლიდან სკოლაში გადადიოდა და იქიდანაც ლექსებითვე მპასუხობდნენ. თურმე ჩემი მომავალი მეუღლე მპასუხობდა ლექსებით. საკმაოდ საინტერესოდ წერდა, კარგი თარგმანები ჰქონდა. ჩემს წიგნში მისი რამდენიმე ლექსიც შევიტანე, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთი ოჯახიდან ერთი პოეტი კმაროდა. რაღაცნაირად თვითონაც ეუხერხულებოდა და მეც, რომ ცოლ–ქმარს პოეტები გვრქმეოდა და გავიყავით. ირმა მეცნიერულ გზას დაადგა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია.
– თავიდანვე ლექსებით მოგხიბლათ?
– არა, თვითონ მომეწონა, მშვენიერი გოგო იყო, მაგრამ როცა გავიგე, ის მწერდა, უფრო გამიხარდა. თვითონ მოინდომა, თორემ დედამისს არ ვუნდოდი სიძედ. ძალიან განაწყენდა, როცა ცოლად გამომყვა. მამამისი საქართველოში არ იყო და როცა უთხრეს, ვინც ვიყავი, ვენაცვალე სულშიო, უთქვამს. ის უკვე მიცნობდა, როგორც პოეტს. ჩემს სიმამრს, მიხეილ ჩხეიძეს, სულ მინისტრის თანამდებობები ეკავა. როცა გარდაიცვალა, მთავრობიდან მოვიდნენ, რომ იმ ოთახში, სადაც მიცვალებული იწვა, რემონტი გაეკეთებინათ, რადგან ძალიან უბრალოდ ცხოვრობდა. არაფრით დავანებე, ვთქვი, ქვეყანამ ნახოს, ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა–მეთქი. ძალიან განათლებული კაცი იყო. რუსეთიდან მივლინების შემდეგ რომ ჩამოდიოდა, ორი ჩემოდანი წიგნები ჩამოჰქონდა და ზოგს ეგონა, რა ამბავია, რა ჩამოაქვსო. ირმას მამის ეს თვისება გამოჰყვა...
ჩემი პირველი ლექსი გაზეთ "ნორჩი ლენინელში" დაიბეჭდა. რომ წაიკითხა გიორგი ლეონიძემ, მომწერა, კარგი ხარ, ჯანსუღ, ჩემი ჯილა ხარო. როცა უნივერსიტეტში შევედი, "პირველი სხივი" დაარსდა ნიკო კეცხოველის ხელმძღვანელობით და ჩემი ლექსები იქ იბეჭდებოდა. შემდეგ "ცისკრელი" გავხდი, მერე სამოციანელებს გვეძახდნენ. ჟურნალ "ცისკარში" ვახტანგ ჭელიძემ მიმიღო, როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე. 12 წელი "ცისკრის" რედაქტორი გახლდით. რაც მინდოდა, ყველაფერს ვბეჭდავდი. ჩემი დაბეჭდილია "დათა თუთაშხია", გურამ ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი" და ა.შ.
– ბატონო ჯანსუღ, მშობლებისთვის დაუმორჩილებელი შვილი ყოფილხართ. თქვენი შვილები დამჯერები იყვნენ?
– ვერ ვიტყვი, რომ მიჯერებდნენ. ჩემს შვილებს თავისუფლება ჰქონდათ და, როგორც უნდოდათ, შეეძლოთ, ისე ეცხოვრათ. ერთხელ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ებრაელს ვუთხარი ტელევიზიაში, არ მომეწონა თავისუფლება და დემოკრატია–მეთქი. რატომო, გაუკვირდა. ჩვენთან არის ერთი მდინარე, არაგვი, რომელიც, რომ მოჰქუხს და მობღავის, ნამდვილ თავისუფლებას მოგაგონებს, მაგრამ ერთხელ კალაპოტი გადალახა და გლეხის ნათესები და სახლ–კარი წაიღო; ზუსტად ესაა თქვენი თავისუფლება, ყველაფერს თავისი კალაპოტი სჭირდება–მეთქი. გაოცებული მიყურებდა. ჩემმა ვაჟმა, მამუკამ დაწერა ჩემი ლექსის მიხედვით სიმღერა "თავისუფლება ლომთა ხვედრია", რომელიც ჰიმნივითაა და სწორედ ესაა თავისუფლება, მაგრამ შენ თუ დღესაც დალიე, ხვალაც, ზეგაც, უკვე ვეღარ იქნები თავისუფალი. ამიტომ ვეუბნები, ახლა მორჩი–მეთქი.
– გიჯერებთ? მისი ამ რთული პერიოდის შესახებ ყველამ იცის.
– თუ ჩავკეტავ სახლში, მიჯერებს, აბა, რას იზამს?! იცით, რატომ მინდა, რომ დამიჯეროს? ძალიან ნიჭიერი კაცია და მის კარიერას მოვლა სჭირდება. ფილარმონიაში ჩემს საღამოზე მამუკა რომ გამოვიდა, ტაშის გრიალი გაისმა – უყვარს ხალხს. სამი თვე არაფერი დაულევია და იცით, რა სიმღერები დაწერა?! გაგიჟდებით! ყველა სტუდია ეხვეწება, უფასოდ ჩაწერეო. სულ ვმკურნალობთ და ყველაფერს ვუკეთებთ. მისი მეუღლე გადაყოლილია მამუკაზე. ბიძინა კვერნაძე რომ მხვდებოდა, მეუბნებოდა, ის გენიოსი როგორ გყავს, მაგას ვენაცვალეო. მერე ჩემს შვილიშვილზე, პიანისტ ირმა გიგანზე გადმოვიდა, ის მეორე გენიოსი, გიგანი გიგანტი როგორ გყავსო.
– ქალიშვილზე, თაკოზეც გვიამბეთ, რომელიც სულ ჩრდილში დგას.
– თაკო სულ ფრიადებზე სწავლობდა სკოლაშიც, კონსერვატორიაშიც. ძალიან ნაკითხია. ერთი წიგნი აქვს გამოცემული და ისეთი მოთხრობები აქვს... ძალიან თავმდაბალია. ყველაფერში გამორჩეულია. ჩემი საღამოც მან გააკეთა ფილარმონიაში. სურვილი არ მქონდა, მაგრამ ბევრი მეხვეწა. ამას ნიჭი უნდა. ისეთი ჩანაწერები, ისეთი არქივები ამოქექა, ბევრი რამ აღარც მახსოვდა. საქართველოში უნიჭო ქართველი იშვიათად მინახავს. მთავარია, მშრომელი იყო. ამას თუ მშობელმა არ მიგაჩვია, არაფერი გამოვა. იყავი ნიჭიერი და იქ გათავდება ყველაფერი. ნიჭს პატრონი სჭირდება. დღეში 5–6 საათი დაუკრა, რთულია, მაგრამ თუ გინდა, სახელი გქონდეს, ასე უნდა მოიქცე. ჩემს შვილიშვილს, ირმას, დღეს 5 ქვეყნიდან აქვს მიწვევა.
– პატარა ჯანსუღ ჩარკვიანი როგორი ბიჭია?
– ნამდვილი ვაჟკაცია. 15 წლისაა და, მგონი, კარგი ფეხბურთელი დადგება. თუ შენ არ მიეცი ფული, არასოდეს მოგთხოვს. უფროსი შვილიშვილი, ირინოლა, 33 წლისაა. უკვე მეორე შვილთაშვილი გამიჩინა.
– 80 წლის ასაკში რომ მხნედ გამოიყურებოდე და ლექსებსაც წერდე, როგორი ცხოვრების წესით უნდა იცხოვრო?
– ყოველთვის აქტიური ვიყავი და ლოგინად არ ჩავვარდნილვარ. ალბათ ბედი და იღბალიც არის. შეიძლება ის ცხოვრობს ნაკლებს, ვისაც დიდხანს ცხოვრება უნდა. ერთხელ ნოდარ დუმბაძეს ასეთი სადღეგრძელო მივუძღვენი: ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ვინც ჩვენთან იყო და სიცოცხლეს გვიადვილებდა, წავიდა ჩვენგან და სიკვდილს გვიადვილებს–მეთქი. იმდენი ახლობელი და მეგობარი დავკარგე, რომ სიკვდილის აღარ მეშინია.
– ახლა რა დროს წერთ?
– წერას ვყავარ ატანილი. ძალიან ბევრს ვწერ. ხშირად ღამის 4 საათზე მოდის მუზა. თუ არ ადექი და ის ერთი სტრიქონი არ ჩაწერე, დაგეკარგება. ის ფრაზა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მერე იმით, რასაც გინდა, გააკეთებ.
– თქვენს დღევანდელ ცხოვრებას ყველაზე მეტად რომელი ფრაზა, ლექსი შეესატყვისება?
– ადამიანი მებრძოლი უნდა იყოს. იარაღი ხელში არასოდეს ამიღია, მაგრამ კი ამბობენ ამისისტები თუ იმისისტები, იარაღით დარბოდაო. ამ დროს აფხაზეთის ომშიც ვარ ნამყოფი და იქაც – უიარაღოდ. ჩემი იარაღი ქართული სიტყვაა. დღეს სწორედ რომ ქართულ სიტყვას ებრძვიან. დღეს მე ამ უბედურების წინააღმდეგ ვიბრძვი. ახლახან დავწერე "ვისია საქართველო", რომელსაც წაგიკითხავთ:
"დაირიგეს ქვეყანა მუქთად, არმად, ნისიად,
ვინც საეჭვოდ ქართველობს, საქართველო მისია.
ქართულ ცას რომ ადნება, უცხო ფერის ნისლია,
ვინც ქართული არ იცის, საქართველო მისია.
რით გაგაქრონ იციან, ათიანში ისვრიან,
ვინც სპობს ქართულ მწერლობას, საქართველო მისია.
ჩაკლას ეროვნულობა, გახლავთ მისი მისია.
ვისაც საქართველო სძულს, საქართველო მისია.
მაჩანჩალა ქართველი სუყველაფრის ღირსია.
ვისაც პირველობა სურს, საქართველო მისია.
ხალხნო, ამერ–იმერსა სიზმრად ვხედავ სისხლიანს.
ვისაც სისხლი სწყურია, საქართველო მისია.
ვეძებთ ხელის ცეცებით, ვეძებთ ხელის კანკალით,
ბაზალეთის ტბის ძირას ვერ ვიპოვეთ აკვანი".

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 
































































