asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მასონთა ლოჟა პ–2 – სკანდალი, რომელმაც შეძრა იტალია
მასონთა ლოჟა პ–2 – სკანდალი, რომელმაც შეძრა იტალია

2011-07-21 12:39:59



თავი 6
გულმოდგინე მისტერ პეისლი
"ბანკო ამბროზიანო" იტალიის უმსხვილესო კერძო ბანკი გახლდათ. მისმა ჩაძირვამ მის კლიენტებს დიდი ზარალი მიაყენა. ვინ აანაზღაურებს მას? ამ ხალხმაც კერძო პირს, ალენ პეისლის, მიმართა.
თანამედროვე ბანკირი, რომელიც ფინანსურ აფიორებშია გახვეული, გარკვეულ თანხას სადღაც გულმოდგინედ მალავს – თუ ჩავარდა, მისი ცოლ–შვილი უზრუნველყოფილი იქნება. ამიტომ არსებობს ხალხი, ვისაც თავის პროფესიად ამ გადამალული თანხის მოძიება გაუხდია. ჩვეულებრივ, ისინი ბანკის ყოფილი მოხელენი არიან, საბანკო კომბინაციებში ჩინებულად ერკვევიან, ყველა ხრიკი იციან. გარკვეული გასამრჯელოს ფასად მზად არიან დაეხმარონ მათ, ვინც ბანკირებმა გააცურეს.
ალან პეისლიც ერთ–ერთი ასეთი კაცი იყო. როგორც პროფესიონალი, უზადო რეპუტაციით სარგებლობდა.
– თუ იტალიის ოფიციალური ხელისუფლების იმედად ვიქნებით, ნამდვილად სული გაგვძვრება! დაგვეხმარეთ, მისტერ პეისლი, ფულს არ დავიშურებთ, დაგვეხმარეთ!
– კეთილი.
პეისლიც დატრიალდა. მის ენერგიულ მოქმედებას პირველი შედეგები ძალიან მალე მოჰყვა. უკვე რამდენიმე თვის შემდეგ პეისლიმ "ბანკო ამბროზიანოს" 109 დაზარალებულ კლიენტს დაუბრუნა დაკარგული თანხა.
პეისლიმ მიაკვლია კალვის საიდუმლო ანგარიშებს. მან პრესასთან ინტერვიუში განაცხადა:
– ყველაფერი, რასაც მივაკვლიე, მხოლოდ პირველი შედეგებია! შემდგომში უფრო მეტის მიღწევის იმედი მაქვს.
პეისლის ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიპყრო: კალვის ვაჟი და ქვრივი ბაჰამის კუნძულებზე სისტემატურად ისვენებდნენ. იქ საკუთარი ვილა ჰქონდათ. მისი ღირებულება 273 ათას დოლარს შეადგენდა. საინტერესოა, რატომ შეუყვარდათ ასე ბაჰამის კუძულები? იმიტომ ხომ არა, რომ იქაურ ბანკებში მსხვილი ანგარიშები აქვთ?
პეისლიმ დაადგინა, რომ კალვის ოჯახს ნასაუში, "როი ვესტ ბენკში", ჰქონდა სეიფი. მასში შესაღწევად სასამართლოს ნებართვა იყო საჭირო. პეისლიმ შეძლო მისი მიღება. "ბანკო ამბროზიანო" და განსვენებული კალვი ხომ საერთაშორისო მასშტაბის ფინანსურ აფიორებში იყვნენ მხილებულნი. შესაბამისად, კალვის ოჯახის საბანკო ანგარიშებიც გასინჯვას ექვემდებარებოდა. ნებართვის მიღების შემდეგ პეისლიმ მოიწვია ადვოკატები და ბანკისკენ გასწია. სეიფში აღმოჩნდა დოკუმენტები, საიდანაც მტკიცდებოდა, რომ კალვის ოჯახს ეკუთვნოდა სამი პანამური საზოგადოება, რომელთა საბანკო ანგარიშები 9,5 მილიონ დოლარს აღწევდა.
პეისლი არ ცხრებოდა. მალე მან კალვის კიდევ ერთ საიდუმლო სეიფს მიაკვლია. აქ წარმოიქმნა სირთულე. პეისლის გააჩნდა კალვის კუთვნილი ანგარიშების შემოწმების ნებართვა, აქ კი სეიფის მეპატრონე მისტერ ბუტრიკი იყო.
– არავითარი ბუტრიკი არ არსებობს! სეიფი კალვის ეკუთვნის! რად ღირს თუნდაც ის, რომ მასში შეღწევის უფლება მხოლოდ კალვისა და მისი ოჯახის წევრებს აქვთ! – უთხრა ჟურნალისტებს პეისლიმ, – კალვი მოკვდა, შესაბამისად, სეიფში შეღწევა მხოლოდ მის ცოლ–შვილს შეუძლია!
შემოწმებამ აჩვენა, რომ მისტერ ბუტრიკი სინამდვილეში არ არსებობდა. მაშასადამე, კალვიმ აქ თავისი კაპიტალის ნაწილი გადამალა! ბოლოს პეისლის ხსენებულ სეიფში შეღწევის უფლება მისცეს.
სეიფში აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ კალვის ოჯახს ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთები ბაჰამის კუნძულებზე, რომელთა ფასი 150.000 დოლარი იყო, აგრეთვე მამულები ნიკარაგუაში და ძვირფასეულობა, 600.000 დოლარის ღირებულების.
მალე პეისლიმ აღმოაჩინა კალვის საიდუმლო ანგარიშები შვეიცარიისა და კანადის ბანკებში. განსვენებული ბანკირის ქონება თურმე 9 მილიარდ დოლარს აღწევდა!
9 მილიარდი!
ამ ცნობამ მთელი სამყარო შეძრა.
›š
როგორ მოხდა, რომ მისტერ პეისლიმ, კერძო პირმა, კალვის გადამალულ მილიარდებს მიაკვლა, ოფიციალურმა სტრუქტურებმა კი ეს ვერ შეძლეს? – წერდა "ეუროპა".
იტალიელ სამართალდამცველებს ეს მტკივნეულად მოხვდათ გულზე. მათაც მასშტაბური მოქმედებები გააჩაღეს. მალე დადგინდა, რომ 1974–81 წლებში ჯელი–ორტალანის ტანდემის მიერ ჩატარებული მაქინაციების შედეგად ნაშოვნი იქნა 223.903.561 დოლარი.
აღნიშნული თანხის გარკვეული ნაწილი შვეიცარიაში, ნაწილი კი ურუგვაიში, კერძოდ კი მონტევიდეოში აღმოჩნდა. ნაწილს ბრაზილიაში მიაკვლიეს. შედეგი მნიშვნელოვანი იყო.
ამრიგად, პ–2–ის თავკაცთა გადამალული ფულის დიდი ნაწილი იპოვნეს. ლოჟის ყველაზე აქტიური და საშიში წევრები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. რაც შეეხება ლიჩო ჯელის, ის კვლავაც მოუხელთებელი რჩებოდა.
თავი 7
ძებნა გრძელდება
ის, ვინც იმალება, ვისზეც რამდენიმე ქვეყნის პოლიცია ნადირობს, თავის სოროში ჩუმად უნდა იჯდეს. ჯელიც თაგვივით გასუსული უნდა ყოფილიყო, თუმცა დიდ მაგისტრს ასე არ სჩვეოდა.
მალე ჟურნალ "ესპრესოში" მისი ინტერვიუ გაჩნდა.
თავის ინტერვიუში ჯელი ამბობს, რომ პ–2–თან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხელოვნურადაა გაბერილი:
– მთელი ეს აურზაური სპეცსამსახურების მიერაა აგორებული, ამის უკან ამერიკის დაზვერვა და მისი იტალიელი აგენტურა დგანან. ვაშინგტონში კარგა ხანია, გაღიზიანებულნი არიან, რომ მე, ლიჩო ჯელი, მათ დაკრულზე არ ვცეკვავ!
ჯელის აზრით, ენერგიული მისტერ პეისლი სინამდვილეში ამერიკის დაზვერვის აგენტი იყო.
– მადლობა ღმერთს, იტალიის პოლიციასა და პროკურატურაში ბლომად არიან პატიოსანი პროფესიონალები. ისინი ხვდებიან, რომ აჟიოტაჟი ხელოვნურადაა აგორებული! საქმეც შეწყდა. ეს ოკეანის გაღმა არ მოეწონათ. ამ დროს ჩნდება სცენაზე ეს მისტერ პეისლი. ფორმალურად თითქოს "ბანკო ამბროზიანოს" კლიენტების ინტერესებს იცავს, სინამდვილეში კი ამერიკის აგენტია. პეისლის მოქმედებამ განაპირობა, რომ აჟიოტაჟი კვლავ აგორდა!
– უარყოფთ ბრალდებებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდით?
– კატეგორიულად უარვყოფ!
– თუ შეიძლება, თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ მოგვიყევით.
– მსურს, იტალიაში დავბრუნდე. ამისი ბევრს ეშინია. რატომ? არა იმიტომ, რომ საშიში ვარ. ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ ახლა აღარც ძველი გავლენა მაქვს და არც – ფინანსები. უბრალოდ, ბევრი რამ ვიცი! დიახ, ბევრი ვიცი იმ ღრმად პატივცემულ მოღვაწეებზე, თავს მამა აბრამის ბატკნებად რომ გვაჩვენებენ. ლიჩო ჯელი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ეს ვაჟბატონები კი მთავრობასა და პარლამენტში სხედან.
– ხომ ვერ დააკონკრეტებთ, ვის გულისხმობთ?
– დავკონკრეტდები, როცა იტალიაში დავბრუნდები.
›š
1984 წლის თებერვალში იტალიის დაზვერვის მეხიკოელმა აგენტებმა რომს აცნობეს:
"აკაპულკოში დაფიქსირებულია პიროვნება, რომელიც გარეგნული აღწერით ლიჩო ჯელის წააგავს".
ნახევარი საათის შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია იტალიის დაზვერვის უფროსის მაგიდაზე იდო.
– როგორ მოვიქცეთ? – უფროსი საგონებელში ჩავარდა.
მართლაც, როგორ უნდა მოიქცნენ? თუ ეს კაცი მართლაც ჯელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მექსიკაში გავლენიანი მფარველები ჰყავს. შესაბამისად, თუ ოფიციალური გზებით იმოქმედებენ, ინფორმაცია გაჟონავს. ჯელიც ხელიდან დაუსხლტებათ.
– მაშ როგორ მოვიქცეთ, მოვიტაცოთ?
– მე ეგ არ მითქვამს.
– დარწმუნებული ხართ, რომ ეს კაცი ჯელია?
– არა.
– კარგი, სად ცხოვრობს კაცი, რომელიც ჯელის მიამსგავსეს?
– აგენტმა ზუსტი მისამართი ვერ დაადგინა, ძალიან ფრთხილობდა და...
– რას ნიშნავს, ზუსტი მისამართი ვერ დაადგინა?
– დაადგინა მხოლოდ ის, რომ რესტორან "ბელა ნაპოლის" მახლობლად ერთ–ერთ ვილაზე ცხოვრობს. მას ამ რესტორანში ხშირად ხედავენ.
– და რას მიირთმევს?
– უმეტესწილად იტალიურ კერძებს, განსაკუთრებით სპაგეტი უყვარს.
– საერთოდ თავი როგორ უჭირავს? ვისთან აქვს კონტაქტი?
– არავისთან, ყოველ შემთხვევაში, ამის დადგენა ვერ მოხერხდა.
ბელა ნაპოლი მშვენიერ ნეაპოლს ნიშნავს. ეს ცნობილი იტალიური რესტორანია. ამ ორიენტირის მიხედვით, ჯელის მოძებნა არ არის ძნელი, მაგრამ ვაითუ ეს კაცი ჯელი არაა?
– მოდით, ასე მოვიქცეთ, – დაზვერვის შეფმა პაუზა გააკეთა, – აკაპულკოში ორი ჩვენი თანამშრომელი მივავლინოთ. დაადგინონ, ის კაცი ჯელია თუ არა. მექსიკელებს კი ჯერჯერობით ნურაფერს ვეტყვით, ჯერჯერობით.
›š
მალე იტალიის დაზვერვის ორი ოფიცერი აკაპულკოში გაემგზავრა. მექსიკაში ისინი ტურისტებად ჩავიდნენ.
სახლის ყიდვა საუკეთესო საბაბი იყო იმისთვის, რომ აქეთ–იქით ევლოთ, ყველაფერი დაეთვალიერებინათ.
რესტორანი "ბელა ნაპოლი".
აგენტები დინჯად შევიდნენ რესტორანში, მისცეს შეკვეთა. სტუმრებს შორის ბევრი იტალიელი იყო, მაგრამ ჯელის არც ერთი წააგავდა.
– სენიორ, – მიმართა ერთ–ერთმა აგენტმა ოფიციანტს, – სახლის შეძენა გვსურს, ხომ ვერ მეტყოდით, აქ, მახლობლად, სად შეიძლება შედარებით იაფი და კარგი ვილის შეძენა?
– ჩვენი რესტორნის მახლობლად ბევრი ვილა იყიდება, – ოფიციანტმა გაიღიმა, – სცადეთ, მოელაპარაკოთ.
– დიდი მადლობა.
ამის შემდეგ ისინი "ბელა ნაპოლის" კიდევ რამდენჯერმე ესტუმრნენ. ოფიციანტი მხიარული ღიმილით შეხვდათ.
– რა ქენით, შეიძინეთ ვილა?
– სამწუხაროდ, ჯერ ვერა, ჩამოჯექი, თითო ჭიქა დავლიოთ.
– დიდი მადლობა, მაგრამ კლიენტებთან ჩამოჯდომის უფლება არ მაქვს, – ოფიციანტი თავაზიანად იღიმებოდა.
– ხომ ვერ მიგვასწავლი, სად შეიძლება იაფი და კარგი სახლის შეძენა?
– სამწუხაროდ, ვერა. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვცხოვრობ.
– რა გქვია?
– სალვატორე.
– კარგი ბიჭი ხარ, სალვატორე, – და ერთ–ერთმა აგენტმა ძმაკაცურად დაჰკრა ხელი მხარზე.
წასვლისას მათ გულუხვად დაასაჩუქრეს ოფიციანტი. სალვატორე გაიბადრა.
– ბედნიერად, სენიორ! თუ გნებავთ, რესტორნის მეპატრონეს ვეტყვი, რომ სახლის შეძენა გსურთ. ის დიდი ხანია, რაც აქ ცხოვრობს, დაგეხმარებათ.
– ძალიან დაგვავალებ.
რესტორნის მეპატრონე შავთმიანი ცოცხალთვალება იტალიელი იყო. სტუმრებს ის თავაზიანი ღიმილით მიესალმა:
– სალვატორემ მითხრა, რომ ვილის შეძენა გსურთ.
– გთხოვთ, სუფრასთან მობრძანდეთ, თითო ჭიქა დავლიოთ.
– დიდი მადლობა.
სუფრა ადამიანებს აახლოვებს. მესამე ჭიქის შემდეგ რესტორნის მეპატრონემ უთხრა, მარჩელო მქვია, მაგრამ შინაურულად სოლოს მეძახიანო.
– თქვენც ასე დამიძახეთ.
– კეთილი, სოლო. საიდან ხარ?
– ათ წელზე მეტია, რაც აკაპულკოში ვცხოვრობ. აქ ნეაპოლიდან ჩამოვედი, თქვენ?
– რომიდან.
– აბა, გაგიმარჯოთ! – სოლომ ღვინით სავსე ჭიქა ასწია.
– იცოცხლე, სოლო!
სუფრიდან უკვე მეგობრებად ადგნენ. სოლომ რამდენიმე მისამართი მისცა:
– ესენი ვილას ყიდიან, იქნებ მორიგდეთ!
– გმადლობთ, სოლო!
›š
აგენტები ხსენებულ მისამართებზე მაინც წავიდნენ. ეს იქაურობის დათვალიერების საუკეთესო საბაბი გახლდათ.
– არა, ჯელის მსგავსი გარეგნობის კაცი აქ არ ჩანს.
რესტორანში წავიდნენ. სოლო, როგორც ძველ ნაცნობებს, ისე შეეგება. ჩვეულებისამებრ მოულხინეს. შექეიფიანებულმა სოლომ მთელი ადგილობრივი ახალი ამბები გადმოალაგა. მან ერთი სენიორის შესახებაც მოუთხრო, რომელიც რამდენჯერმე მის რესტორანსაც ეწვია.
– შუახანს გადაცილებულია, ულვაშიანი. შავ სათვალეებს ატარებს. რამდენჯერმე ჩემს რესტორანშიც იყო. იტალიელია, ამას საუბრიდანვე მივხვდი, კერძებიც იტალიური უყვარს.
– რა ტიპია?
– ვერაფერი გავუგე. უცნაური ვინმე ჩანს. ისე, აქ ახლოს ვილა აქვს.
რესტორნიდან გამოსული აგენტები პირდაპირ იმ ვილისკენ გაემართნენ, სადაც ახალგადმოსული სენიორი ცხოვრობდა.
– მოიცა, არ შეგვნიშნოს.
აგენტებმა პატარა ბორცვი შენიშნეს. აქედან ვილის ტერასა ხელისგულივით ჩანდა. აგენტები ბორცვზე მოხერხებულად მოკალათდნენ, შემდეგ ბინოკლი ამოიღეს.
– აბა, ვნახოთ.
ნახევარი საათის შემდეგ ტერასაზე შუახანს გადაცილებული მამაკაცი გამოვიდა. სათვალე მოიხსნა, მაგიდაზე დადო. შემდეგ სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა.
– აგერ ისიც!
აგენტმა კინაღამ სიხარულისგან შეჰყვირა. ეს კაცი ჯელი იყო.
›š
აგენტებმა უმალ რომს აცნობეს, ლიჩო ჯელი აკაპულკოში ამა და ამ მისამართზე, ამა და ამ გვარით ცხოვრობსო.
ახლა იტალიელ ძალოვნებს უნდა გადაეწყვიტათ, უჩუმრად მოეტაცათ ჯელი, თუ მექსიკის ხელისუფლებისთვის მიემართათ.
– არა, სჯობს, კანონიერი გზით ვიმოქმედოთ.
იტალიელმა ძალოვნებმაც დახმარებისთვის მექსიკის ხელისუფლებას მიმართეს. ამან გადაწყვიტა სპეცოპერაციის ბედი.
აკაპულკოში ჩასული აგენტები თავად ადგილობრივი პოლიციის შეფმა მიიღო.
– ყველაფერი შევამოწმეთ, ეს სენიორი ლიჩო ჯელი კი არა, მისი მეგობარია! – მკვახედ განაცხადა პოლიციის უფროსმა, – კიდევ რა გაინტერესებთ?!
– გვსურს, ამ სენიორს გავესაუბროთ.
– ეს შეუძლებელია! დღეს დილით სენიორი გაემგზავრა. როდის დაბრუნდება, არავინ იცის.
– ვილა რომ დავათვალიეროთ, შეიძლება?
– მხოლოდ ჩემი ხალხის თანდასწრებით! საერთოდ, რატომ მაშინვე საქმის კურსში არ ჩაგვაყენეთ?! რა უფლებით ეწევით მექსიკის ტერიტორიაზე სამძებრო საქმიანობას?!
ვილის ჩხრეკამ ახალი არაფერი მისცათ. გაწბილებული აგენტებიც რომში დაბრუნდნენ და მომხდარზე დაწვრილებითი პატაკი დაწერეს.
– ვიღაცას ძალზე არ აწყობს, რომ ჯელი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.
– რატომ?
– პ–2 განადგურებულია, მაგრამ დარჩნენ ისინი, ვინც ხსენებული მასონური ლოჟის დახმარებით დიდი ფულიც იშოვა და კარიერაც გაიკეთა. ზოგიერთს დღეს დიდი თანამდებობა უკავია, ზოგიც დიდ პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება.
– ასეა. ახლა ჯელი უკვე არა სახელმწიფოსათვის, არამედ ამ ხალხისათვისაა საშიში.
– ჯელის რომ ჭკუა ჰქონდეს, თავად ჩაგვბარდებოდა. ხომ შეიძლება მოკლან?
– შეიძლება.
– ახლა რა ვქნათ?
– ახლა ჩვენი იმედი მხოლოდ თავისუფალი პრესაა.
მალე "პანორამაში" დაიბეჭდა მასალა მექსიკაში მომხდარი შემთხვევის თაობაზე. "ჯელი მხოლოდ იმიტომ ვერ შეიპყრეს, რომ ვიღაცას "ზემოთ" ეს არ სურდა", – ასე მთავრდებოდა სტატია.
თავი 8
ნადირობის დასასრული
მალე დადგინდა, რომ დიდი მაგისტრი ბრაზილიაში იმალებოდა. იმაზე, თუ შემდეგ რა მოხდა, ჟურნალ "პანორამის" მასალებზე დაყრდნობით მოგიყვებით.
ზიგლერი და ტრემბლი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მეგობრობდნენ, შემდეგ ერთად დაიწყეს მუშაობა შვეიცარიის სასამართლო სისტემაში. ისინი გამომძიებლები იყვნენ. ზიგლერი, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო, კარგა ხანია, მიეჩვია ძმაკაცის უცნაურ ხასიათს. ტრემბლის ხომ სიურპრიზების გაკეთება უყვარდა. თუმცა იმან, რაც 1987 წლის 2 სექტემბერს მოისმინა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ტრემბლი მასთან მივიდა და განუცხადა:
– მე ვიცი, სად იმალება ჯელი და შემიძლია დავაპატიმრო.
– რაო? – ზიგლერმა საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, – შენ რა, ხუმრობ?
– ახლა მაგისთვის არ მცხელა.
– საიდან შეიტყვე, ჯელი სადაც იმალება?
– ინფორმაციის წყაროს ვერ დაგისახელებ. შემიძლია მხოლოდ ის გითხრა, რომ სასწრაფოდ ბრაზილიაში უნდა გავემგზავრო.
– სად?
– ბრაზილიაში. მივლინება უნდა მომცე.
ზიგლერმა გაიცინა.
– მართალია, მეგობრები ვართ, მაგრამ არ მკითხავენ, ასეთი მივლინება რის საფუძველზე მიეციო?
– მაშ, არ მომცემ?
ზიგლერმა ხმაურით გაატკაცუნა თითები:
– დიდი ეშმაკის ფეხი ხარ!
ტრემბლი ბრაზილიაში მივლინებით გაემგზავრა.
საიდან ჰქონდა ტრემბლის ხსენებული ინფორმაცია? ამის შესახებ ისტორია დუმს. უდავოა მხოლოდ ის, რომ მის ყველა მოქმედებას უხილავი ხელი დირიჟორობდა.
ტრემბლი ბრაზილიაში იქაური პოლიციის შეფმა, რომეო ტუმამ მიიღო. მისი დავალებით, ტრემბლის ექვსი პოლიციელი გამოუყვეს. მათი თანხლებით ტრემბლი სადღაც წავიდა. სად? ეს არავინ იცის. ჟურნალისტებმა მხოლოდ ის დაადგინეს, რომ ტრემბლი შვეიცარიაში ხელცარიელი დაბრუნდა. შეკითხვაზე, მართალია თუ არა, რომ იქ ჯელის საძებრად იყავითო, მიუგო:
– დიახ, მართალია.
– რატომ დაეძებდით ჯელის ბრაზილიაში?
– იმიტომ, რომ ასეთი ინფორმაცია მქონდა.
– ვისგან?
– მაგას ვერ გაგიმხელთ.
– ჯელი ბრაზილიაში არ აღმოჩნდა?
– პირიქით, ის იქ აღმოჩნდა.
– მერე, რატომ არ დააპატიმრეთ?
– ექვსი ბრაზილიელი პოლიციელის თანხლებით ჯელის ვილისკენ გავემართე, მაგრამ ვილა ცარიელი დამხვდა.
– იქ არც ჯელის ნივთები იყო?
– არა.
– გამოდის, რომ ჯელი ვიღაცამ გააფრთხილა?
– ეგრე გამოდის.
– ბრაზილიაში ვოიაჟი უშედეგოდ დამთავრდა?
– მაგას ვერ ვიტყოდი. ბრაზილია ჩინებული ქვეყანაა. კარგად დავისვენე.
– კი, მაგრამ იქ ხომ ჯელის დასაჭერად წახვედით?
– რატომ დასაჭერად?
– ???
– დაჭერის გარდა, სხვა მიზნებიც შეიძლება იყოს.
ასეთი უცნაური ინტერვიუ მისცა ტრემბლიმ "პანორამას", მერე კი არანაკლებ უცნაური მოვლენები გათამაშდა.
ცოტა ხნის შემდეგ ტრემბლი ზიგლერთან შევიდა და უთხრა:
– ჯელი მალე შვეიცარიაში დაბრუნდება.
– სიზმარში ნახე? – ზიგლერმა გაიღიმა, – თუ ჟანა დ,არკივით ხილვები დაგეწყო?
– მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჯელი დაბრუნდება. თან თავისი ავადმყოფობის სქელი ისტორია ექნება.
– ძალიანაც კარგი. ჯელისთვის ერთი კარგი კამერა მაქვს გამზადებული, – გაიცინა ზიგლერმა.
– ავადმყოფის კამერაში მოთავსება აკრძალულია, – სერიოზულად მიუგო ტრემბლიმ.
– შენ რა, უკვე სამედიცინო საკითხების გადაწყვეტაც დაიწყე? – შუბლი შეიკრა ზიგლერმა.
– უბრალოდ, ჩვენ მეგობრები ვართ და არ მინდა, ადამიანის უფლებების დამცველებმა შენს არაჰუმანურ საქციელზე აჟიოტაჟი ატეხონ.
– ხომ არ გეჩვენება, ტრემბლი, რომ შენს თავზე მეტისმეტად ბევრს იღებ? შენი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
– არა, არ მეჩვენება.
– ვერ დაგეთანხმები. არ ვიცი საიდან, მაგრამ რაღაც საოცარი ინფორმაციები გივარდება ხელთ. ბრაზილიაში მივლინებას ითხოვ, ხელცარიელი ბრუნდები, მაგრამ ჟურნალისტებს რაღაც გაუგებარ ინტერვიუს აძლევ. რაშია საქმე, ძვირფასო? ასე თუ გააგრძელე, კისერს მოიტეხ!
– მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ, ზიგლერ. იმას ვაკეთებ, რაც დამავალეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სკანდალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online