| ქალი და მამაკაცი |

ამა და ამ სახლში აღმოჩენილია მამაკაცის გვამი. იწყება გამოძიება, რომელიც ფანტასტიკურ ფაქტებს გამოავლენს. ეს ნებისმიერი დეტექტივის სქემაა. თუმცა, სკეპტიკოსები წამოიძახებენ ხოლმე:
– ცხოვრებაში ამგვარად არ ხდება!
ასე ფიქრობდა ვილნიუსის სასწრაფო დახმარების ექიმი ვიოლეტა ბაჩინსკაიტეც. დეტექტიურ რომანებს ბავშვობიდანვე ვერ იტანდა. ამიტომ, როცა ბრიგადასთან ერთად გამოძახებაზე წავიდა, სკეპტიკური ფიქრები არ ასვენებდა.
– შეგვატყობინეს, რომ ლენინის ქუჩაზე მდებარე სახლში მაგრად ნაცემი მამაკაცი სულს ღაფავსო. არ დავიჯერე. იმ სახლში ხომ ელიტარული ინტელიგენცია და პარტიული ბოსები ცხოვრობდნენ.
როდესაც ადგილზე მივიდნენ, ვიოლეტას გაოცებას მართლაც საზღვარი არ ჰქონდა. ნაცემი მამაკაცი კინოვარსკვლავი ტალგატ ნიგმატულინი აღმოჩნდა.
– ის უკვე სულს ღაფავდა, – იგონებდა შემდგომში ბაჩინსკაიტე, – ჩვენ მისი გადარჩენა ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. ნიგმატულინი გარდაიცვალა.
იდგა 1985 წელი.
ჭკუას ნუ მასწავლი და ნუ მეკამათები!
კაზიმირას იანკაუსკასი და სერგეი ნადეჟინი მეგობრები იყვნენ. ნადეჟინი ხშირად აფრთხილებდა: უფროსთან კამათსა და ჩხუბს შეეშვი, მაინც ვერეფერს გახდებიო.
იანკაუსკასი ცხარედ წამოიძახებდა:
– ეს როგორ? ის ხომ კანონს არღვევს!
– კანონს ყველა არღვევს, კაზიკ. შენ რა, მთვარიდან ხომ არ ჩამოფრინდი?
– შეიძლება, მაგრამ ამას ვერ შევეგუები, – ცხარედ მიუგო იანკაუსკასმა.
– სამსახურში მხოლოდ მამაშენის გამო გაჩერებენ, – ამოიოხრა ნადეჟინმა, – იმიტომ, რომ ის ცეკას წევრია! აბა, შენს მეტი უფროსებთან ვინ კამათობს?!
იანკაუსკასი და ნადეჟინი იმ ჯგუფში შეიყვანეს, რომელიც ნიგმატულინის მკვლელობას იძიებდა. იანკაუსკასმა საქმეს ჩვეული ენერგიითა და ენთუზიაზმით მოკიდა ხელი:
– მთავარია, ნიგმატულინის შესახებ დაწვრილებითი ცნობები შევკრიბოთ. ამის შემდეგ მკვლელის ვინაობასაც დავადგენთ.
– საიდან იცი, რომ მკვლელობაა? – შეეკითხა ნადეჟინი.
– ნიგმატულინი მხეცურადაა ნაცემი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ...
– იქნებ მთვრალ ხულიგნებს გადაეყარა?
– ხულიგნები მას ვერ გაუმკლავდებოდნენ.
– რატომ?
– ნიგმატულინი კარატეში უზბეკეთის ჩემპიონი და შავი ქამრის მფლობელია, ამას გარდა, როგორ მოხვდა მისი გვამი ლენინის ქუჩაძე მდებარე სახლში?
საერთოდ, რას აკეთებდა ნიგმატულინი ვილნიუსში? აი, აქაა ძაღლის თავი დამარხული.
იანკაუსკასმა მოკლე ხანში ნიგმატულინზე დაწვრილებითი ცნობები შეკრიბა. ტალგატ ნიგმატულინი (1949–1985 წწ.) დაიბადა ყირგიზეთში, ნახევრად უზბეკურ და ნახევრად ყირგიზულ ოჯახში. ორი წლისა იყო, როცა მამა, პროფესიით მეშახტე, უბედური შემთხვევისას დაეღუპა. დედა მართალია სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ ოჯახს ძალიან უჭირდა. მატერიალურ სიდუხჭირეს ტალგატის ხშირი ავადმყოფობებიც ერთვოდა. ყმაწვილი ამას ძალიან განიცდიდა. ამიტომაც სპორტს მოჰკიდა ხელი.
– ნიგმატულინს საოცარი ნებისყოფა ჰქონდა, – ყვებოდა შემდგომში იანკაუსკასი, – მან ვარჯიში უკვე მოწიფულ ასაკში დაიწყო. მიუხედავად ამისა, პირველ თანრიგს მიაღწია. ბავშვობიდანვე მას კინორეჟისორობა და მსახიობობა სურდა, თუმცა, რუსული ცუდად იცოდა. ნიგმატულინმა ეს ნაკლიც აღმოფხვრა. მან ისწავლა ტოლსტოის "ომი და მშვიდობა", საამისოდ ეს ვეებერთელა რომანი ხელით გადაწერა. ამან შედეგი გამოიღო. რუსულად უკვე ბრწყინვალედ ლაპარაკობდა.
ნიგმატულინმა დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი მოსკოვში (ვგიკი). სტუდენტობის დროს კარატეს ოსტატს იური ორლოვს დაუახლოვდა და მისი მოსწავლე გახდა. კარატე იმდენად კარგად აითვისა, რომ უზბეკეთის პირველობაც მოიგო და შავი ქამარიც მოიპოვა. კარატეში ვარჯიშს ის მას შემდეგაც განაგრძობდა, რაც სსრკ–ში სპორტის ეს სახეობა აიკრძალა.
– ნიგმატულინის კინოდებიუტი 1967 წელს შედგა, – იგონებს იანსაუსკასი, – თუმცა, სახელი კარატეს წყალობით მოიხვეჭა. ბოევიკში "მე–20 საუკუნის მეკობრეები" მან ბანდიტის როლი ითამაშა და პოპულარული გახდა. ამის შემდეგ სისტემატიურად იწვევდნენ სათავგადასავლო და დეტექტიური ჟანრის სურათებში. "საბჭოთა ბრიუს ლი" – ასე შეარქვეს ნიგმატულინს.
პარადოქსია, მაგრამ მკვლელობის ერთ–ერთი ვერსიაც კარატესთან იყო დაკავშირებული.
– გამოძიებამ დაადგინა, რომ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ნიგმატულინს შეხვდა და ესაუბრა ვინმე სერგეი გოზმანი, რომელიც კარატეს აკრძალვის შემდეგაც განაგრძობდა ბავშვების მომზადებას. დადგინდა ისიც, რომ ამ იატაკქვეშა სენ–სეის აეკვიატა იდეა–ფიქსი: ტალგატ ნიგმატულინი უნდა სპარინგში გამოვიძახო და მთელი ძვლები დავუმტვრიოო. ვილნიუსშიც გოზმანი ამ მიზნით ჩამოვიდა.
პოლკოვნიკმა სიდოროვმა საგანგებოდ გამოიძახა იანკაუსკასი და უთხრა:
გოზმანის ვერსიას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე, ალბათობა იმისა, რომ გოზმანი მკვლელია, უდიდესიაო. იანკაუსკასი შეიშმუშნა:
– რა ქალივით ინაზები? – ბრაზით შეეკითხა სიდოროვი.
– არ გეთანხმებით, ამხანაგო პოლკოვნიკო.
– რაო?
სიდოროვმა დაუფარავი ბრაზით შეხედა იანკაუსკასს.
– შენ უკვე აქა მყავხარ, – სიდოროვმა მრავალმნიშვნელოვნად მოისვა ყელზე ხელი, – ბოლოს და ბოლოს ისწავლი ჭკუას თუ არა?
– ამხანაგო პოლკოვნიკო, თუ შეიძლება მიპასუხეთ, მაქვს თუ არა უფლება ჩემი აზრი გამოვთქვა?
სიდოროვმა გრაფინიდან ხმაურით დაისხა წყალი და ხარბად შესვა.
– გაქვს.
– მაშ, ასე. მე დავადგინე: ვილნიუსში ნიგმატულინი შემთხვევით არ ჩამოსულა. მას ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა აქ მცხოვრებ მირზა კენდიგბაევთან. ეს ფრიად სიმპათიური მოქალაქე ლიტვაში შუა აზიიდან ჩამოვიდა...
იანკასუკასმა სიტყვა შუაზე გაწყვიტა. სიდოროვი მას დაუფარავი ბრაზით მისჩერებოდა.
– მირზა კენდიგბაევი უბრალო კაცი არაა, – განაგძო იანკაუსკასმა, – ის თავს ექსტრასენსად და ექიმბაშად ასაღებს. სინამდვილეში იატაკქვეშა სექტის თავკაცია, სექტისა, რომელიც სატანას სცემს თაყვანს.
– შენ რა, გააფრინე?
– მათი ექსტრასენსობისა და მედიტაციობანას მიღმა სატანიზმი იმალება! თუმცა, კენდიგბაევი მხოლოდ შირმაა. სექტის ჭეშმარიტი თავკაცი აბაი ბორუმბაევია. მასზე დაწვრილებითი ცნობები შევკრიბე. ეს კაცი...
– შენ რა, გაგიჟდი? – უცერემონიოდ შეაწყვეტინა პოლკოვნიკმა, – საბჭოთა მსახიობი და სატანისტი? დაუფიქრდი, რაებს ბოდავ!
– ნიგმატულინი ამ სექტის წევრი იყო, – ჯიუტად წარმოთქვა იანკაუსკასმა, – ჩემი აზრით, მკვლელობის გასაღებიც სწორედ ამაშია.
– კმარა! – სიდოროვმა მაგიდას მუშტი დასცხო, – შენი სისულეების მოსასმენად არა მცალია! გეუბნები, მკვლელი გოზმანია–მეთქი, მაშასადამე გოზმანია! ნუ მეკამათები და ჭკუას ნუ მასწავლი! გაიგე?
– კი, მაგრამ სექტანტები? ის, რომ ნიგმატულინი ამ სექტის წევრი იყო, თქვენი აზრით, არაფერს ნიშნავს?
– მაგ ზღაპრებს შეეშვი, – გამოსცრა პოლკოვნიკმა, – საერთოდ, დაიმახსოვრე: მილიცია გასამხედროებული ორგანიზაციაა, რასაც უფროსი გეტყვის, უნდა გააკეთო. შენ რა, ჯარში არ გიმსახურია?
– არა.
– გეტყობა, – ამოიოხრა პოლკოვნიკმა, – საერთოდ, დაიმახსოვრე, აქ არასასურველ პიროვნებად გთვლიან, თუკი გიტანენ, მხოლოდ მამაშენის გამო! მამიკო მუდამ როდი გეყოლება! შენი უცნაური ახირებებითა და პრინციპებით კი ცხოვრება გაგიჭირდება! ახლა წადი. ამ საქმეს სხვები მიხედავენ.
გაიხსენე ძველი სიყვარული
გოზმანის დაპატიმრების შესახებ იანკაუსკასმა ნადეჟინისაგან შეიტყო. კარატისტი საკუთარ ბინაში აიყვანეს. მილიციას მან გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია: ერთს თავი გაუხეთქა, მეორეს ყბა მოტეხა, მესამეს კბილებით გაუვსო პირი.
– გიჟი ყოფილა, – გესლიანად ჩაიცინა ნადეჟინმა, – თუკი მკვლელობა ვერ შეტენეს, კარგ "სროკს" მაინც მიაკერებენ. მილიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა! ეს ხუმრობა როდია, ძმაო! თანაც ბინაში სამურაის ხმალი უპოვეს. ცივი იარაღი! ახლა კარგა ხნით მოაყუჩებენ.
– რატომ მიყვები ამას? – ამოიხვნეშა იანკაუსკასმა, – მე ხომ ამ საქმეს ჩამომაშორეს.
– შენი ბრალია! – ნადეჟინმა საყვედურით გააქნია თავი, – ვერა ხედავ, იქ "ზემოთ" ძალიან უნდათ, რომ მკვლელი სწორედ გოზმანი იყოს. ვინც ამას დაამტკიცებს, დააწინაურებენ. შენ კარგი შანსი გეძლეოდა, მაგრამ, – ნადეჯინმა ხელები გაასავსავა.
იმავე საღამოს იანკაუსკასს მისმა თანაკურსელმა ფელიქსასმა დაურეკა. იანკაუსკასს ეს არ ესიამოვნა, რადგან ფელიქსასი სუკში მსახურობდა.
– კაზის, – ფელიქსას ხმა სერიოზული ჰქონდა, – აუცილებლად მსურს გნახო, ხვალ ჩემთან გამოდი. ჩემიანები კურორტზე წავიდნენ და მარტო ვარ. აუცილებლად გამოდი, გესმის? შენთან სერიოზული საქმე მაქვს.
მეორე დღეს იანკაუსკასი მის ბინაში გამოცხადდა. ფელიქსასი ღიმილით შეხვდა, სასმელი დაუსხა და შეეკითხა:
– გავიგე, ნიგმატულინის საქმეში რაღაც–რაღაცეები გამოგიჩხრეკია, ასეა არა?
– ასეა, თუმცა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაგ საქმეს ჩამომაშორეს.
– გასაგებია, – ამოიოხრა ფელიქსასმა, – გასაგებია, რატომაც ჩამოგაშორეს ამ საქმეს.
– რატომ?
– შენ სატანისტების სექტაზე გახვედი. მაგათ კი, ძმაო, მაგარი ზურგი აქვთ.
– ვიცი.
– ყველაფერი არ იცი. მირზა კემბალბაევი მხოლოდ შირმაა. სინამდვილეში სექტის მოთავე აბაი ბორუმბაევია. იცი, ეგ ვინაა?
– არა.
– აბაი მეცნიერული კომუნიზმის სპეციალისტია, დოქტორი. მამამისი რაიონული მასშტაბის პარტიული მუშაკი იყო. აბაი შერყეული ფსიქიკის ადამიანია, ასეთებს კი სუკიც იყენებს და სხვებიც.
– ანუ აბაი სუკის აგენტია?
– კაზიკ, დაიხსომე: სსრკ–ში არსებული ყველა სექტის მიღმა ნარკომაფია და სუკი დგანან! სექტის ყველა თავკაცი კი სუკის კრეატურას წარმოადგენს.
– საშინელებაა!
– ნამდვილად, – კვერი დაუკრა ფელიქსასმა, – მაგრამ ჩვენ თემას გადავუხვიეთ. მირზა კემბარბაევს ექიმბაშისა და მკურნალის სახელი აქვს. მასთან არც მეტი და არც ნაკლები გოსპლანის თავკაცი ბაიდაკოვი მკურნალობდა! აქ, ლიტვაში, კებმარბაევის ფილოსოფიას არაერთი მიმდევარი ჰყავს და მერე ვინ? ჩეკას წევრები, მათი ოჯახების შვილები, მწერლები, პოეტები.
– ამიტომაც სიდოროვმა ამ საქმეს ჩამომაშორა, – ამოიოხრა იანკაუსკასმა, – არ სურდა სექტანტები შევაწუხო. აკი, ასეთი გავლენიანი ბიძები მფარველობენ.
– მისმინე, – თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ფელიქსასმა, – რატომ ფიქრობ, რომ ნიგმატულინი სექტანტებმა მოკლეს?
– აი, ამას შეხედე, – იანკაუსკასმა ჯიბიდან პატარა ბარათი ამოიოღო, – სიდოროვის მოსალოდნელი რეაქცია წინასწარ გავთვალე და ეს ბარათი დავუმალე, ის ნიგმატულინის მაგიდაზე ვიპოვეთ.
ფელიქსასმა სწრაფად ჩაათვალიერა წერილი. "მოსწავლე ვალდებულია მასწავლებლისგან მიღებულ სასჯელს მოთმინებით შეხვდეს. ასე გვასწავლის ვივეკანანდა" – ფელიქსასმა ბარათი მაგიდაზე დადო, ჩაფიქრდა.
– რას ნიშნავს ეს?
– ნიგმატულინი შავი ქამრის მფლობელი იყო. მომხდურთა მოგერიება მას თავისუფლად შეეძლო. მან ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ მასწავლებლის, ანუ მირზა კემბალბაევის სასჯელს მოთმინებით შეხვდა.
– ჰმ, – ფელიქსასი ჩაფიქრდა, – ახლა, რის გაკეთებას აპირებ?
– არ ვიცი. გოზმანი, ჩემი აზრით, უდანაშაულოა. დიახ, მას ნიგმატულინისა შურდა, თვლიდა, რომ მასზე უკეთესი კარატისტი იყო, მაგრამ ფილმებში ნიგმატულინს იღებდნენ და არა მას. ამიტომაც ნიგმატულინის სპარინგში გამოწვევა და ცემა სურდა. ახლა კი მკვლელობას ტენიან.
– ნამდვილი მკვლელი, შენი აზრით, კემბალბაევია?
– დიახ.
– აი, რა, აზიკ, – ფელიქსასმა ამოიხვნეშა, – გასხოვს, შენი მოსკოველი შეყვარებული ოლგა? მამამისი, ვგონებ, დიდი "შიშკაა", არა?
– ჰო, საკავშირო გენპროკურატურაში მუშაობს.
– აი, რას გირჩევ. მოსკოვში ჩადი, შენი ძველი სიყვარული გაიხსენე. სთხოვე, ოლგას მამასთან ერთი–ორი სიტყვა შეგაწიოს.
– კი, მაგრამ უხერხული ხომ არაა? ოლგას ქმარი ჰყავს.
– კარგა ხანია ისინი გაეყარნენ.
– მაინც რატომ გგონია, რომ ოლგა დამეხმარება? აკი, ამდენი წელი გავიდა.
– ოლგას მამა იმ კლანს განეკუთვნება, ვისაც ბაიბაკოვის ხროვის ჩაძირვა სურს. მათთვის შენ ციური მანანა ხარ.
იანკაუსკასი ჩაფიქრდა.
– რატომ მეხმარები, ფელიქსას? აკი, მითხარი აბაი ბორუმბაევი სუკის კრეატურააო. შენ კი სუკის ოფიცერი ხარ.
– კაზიკ, მე ჯერ ლიტველი ვარ, შემდეგ კი სუკის ოფიცერი.
– იქნებ დისიდენტიცა ხარ? – დაუფარავი დაცინვით შეეკითხა იანკაუსკასი.
– რას გეტყვი, იცი? ლიტვის სიყვარულში, ლიტვური საქმის კეთებაში ნებისმიერ დისიდენტს შევეჯიბრები. ამ სექტის ლიტვის ტერიტორიაზე არსებობა დაუშვებელია. ლოთობას, გარყვნილებას ნერგავენ, ჩვენს ეკლესიას ებრძვიან. ხომ გესმის, ოფიციალური გზით ვერაფერს გავხდები. შენი დახმარებით კი ამ არამზადებს კუდით ქვას ვასროლინებთ.
– მერე ვინ იზამს მაგას? მე და შენ?!
– გეთანხმები სუკში ბევრი ნაძირალაა, მაგრამ პატრიოტებიც არიან და არც თუ ცოტა. ასე რომ, მარტონი არა ვართ, გემის?!
მხილება
ფელიქსასის პროგნოზი გამართლდა. ოლგა იანკაუსკასს სიხარულით დაეხმარა. მალე ვილნიუსში საკავშირო პროკურატურისა და სისხლის სამართლის სამძებროს ერთობლივი ჯგუფი ეწვია. ლიტველ კოლეგებთან ერთად ისინი ნიგმატულინის მკვლელობის გამოძიებას შეუდგნენ. იანკაუსკასი კვლავ ჩართეს ამ ჯგუფის საქმიანობაში. სიდოროვს ამისი გაკეთება ნამდვილად არ სურდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.
იანკაუსკასმა დაწვრილებით მოახსენა მოსკოველ კოლეგებს, რისი გარკვევაც შეძლო. ნიგმატულინის მაგიდაზე ხსენებული ბარათი აღმოაჩინეს. ეს ერთი, მეორე: ის კემბალბაევის სექტის წევრი იყო, ამაზე მიუთითებდა უამრავი მასალა, იმ ლიტველთა ჩვენებები, რომლებიც ასევე სექტის წევრები იყვნენ.
– პოლკოვნიკ სიდოროვს ამის შესახებ მოახსენეთ?
– დიახ, მოვახსენე, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია.
– გასაგებია. კიდევ რა გაარკვიეთ?
– ნიგმატულინის ნივთებში ჯვარი აღმოვაჩინე.
– რაო?
– დიახ, ეს მართლაც საოცარია. ნიგმატულინი, ეს ნახევრად უზბეკი და ნახევრად ყირგიზი, ამასთან სატანისტთა სექტის წევრი, ჯვარს ატარებდა!
– დაუჯერებელია!
– როგორც მისმა ახლობლებმა მითხრეს, ჯვრის ტარება უკანასკნელ ხანს დაიწყო. ამის გამო კემბალბაევთან კონფლიქტებიც ჰქონდა.
– სიდოროვს ეს მოახსენეთ?
– აბა, როგორ მოვახსენებდი! აი, თქვენ ყველაფერს ყურს უგდებთ, სხვა კი დაგიღრიალებს: ნუ ფანტაზიორობ! გააკეთე ის, რასაც უფროსი გეუბნება! მოდი და აქ თქვი რაიმე.
იანკაუსკასის ცნობებმა შემდგომი მოვლენების განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშეს. ახლა გამოძიება ორი მიმართულებით წარიმართა: 1. უნდა გარკვეულიყო, თუ რა კონფლიქტები არსებობდა თავად სატანისტთა სექტაში; 2. რატომ გახდა ნიგმატულინი სექტანტი? რამ უბიძგა მას ჯვარი ეტარებინა?
– გამოძიებით დადგინდა, რომ უკანასკნელი სამი–ოთხი წლის მანძილზე ნიგმატულინი სულიერ კრიზისს განიცდიდა, – წერს ედუარდ ხრუცკი, – ტალგატს ყელში ამოუვიდა სუპერმენების როლები, მას სეროზული სახის შექმნა სურდა, ამასთან ფილმის გადაღებასაც აპირებდა. მაშინ ეს იოლი როდი იყო. ნიგმატულინში მხოლოდ სუპერმენს ხედავდნენ და მეტს არაფერს. ამიტომ ის ნამდვილ ბიუროკრატიულ კედელს შეეჩეხა.
ასეთ ვითარებაში ადამიანს სულიერი საყრდენი სჭირდება. ნიგმატულინისათვის ეს მირზა კემბალბაევი გახდა. ტალგატმა ირწმუნა, რომ უანგარო და პატიოსანი კაცია, ირწმუნა მისი სიწმინდე, თუმცა, შემდგომში ეს რწმენა შეირყა:
– მეგობრები ძალზე განიცდიდნენ, რომ ტალგატი სექტანტებს დაუახლოვდა, – იგონებს ცნობილი მსახიობი პეტრე ველიამინოვი, – მათ ნიგმატულინს მართლმადიდებელი მღვდელი გააცნეს. ის მართლაც არაჩვეულებრივად პატიოსანი, სუფთა კაცი იყო. ნიგმატულინი ამ კაცით მოიხიბლა და ამიტომაც გადაწყვიტა მართლმადიდებლად მონათლულიყო.
ნიგმატულინის ამ მისწრაფებას მხარს უჭერდა მისი ლიტველი მეგობარი და სექტის წევრი ბარანაუსკასი. ის ხმამაღლა აცხადებდა, რომ სექტიდან გასვლა და ეკლესიაში დაბრუნება სურს. კემბალბაევს მატყუარას უწოდებდა. ნიგმატულინს ეს არ მოსწონდა:
– ნუ ამბობ ასე! ის წმინდა კაცია! უბრალოდ მას სხვა გზა აქვს, შენ სხვა.
ვილნიუსში ნიგმატულინი კემბალბაევის გამოძახებით ჩავიდა. "გურუს" მოახსენეს: ნიგმატულინი ჯვარს ატარებს, სექტიდან გასვლა და მართლმადიდებლად მონათვლა სურსო.
– კემბალბაევმა ის თავისთან დაიბარა, – განუცხადა გამოძიებას ბარანაუსკასმა, – მეც იქ მიმიყვანეს. კემბალბაევმა ჰკითხა, მართალია, რომ მონათვლა გინდაო. ნიგმატულინმა კვერი დაუკრა, დიახ, მართალია და ჩემი ნათლობის სახელი ანატოლი იქნებაო. კემბალბაევი გააფთრდა და დაიღრიალა: შენ მოღალატე და გარეწარი ხარო. ნიგმატულინი მუხლებზე დაეშვა: მაპატიე, მოძღვარო, მე ჩემი გზა მაქვს, შენ ჩემთვის მუდამ პატივსაცემ პიროვნებად დარჩები, მაგრამ გემუდარები, ნუ შემიშლი და გზაზე ნუ გადამეღობებიო.
ნიგმატულინი ამას ისეთი შთაგონებით ამბონდა, რომ კემბალბაევი გახევდა. ერთხანს მდუმარედ იჯდა, შემდეგ წარმოთქვა: კარგი, ასე იყოს. მაშ, მე შენთვის კვლავ მოძღვრად ვრჩები? ნიგმატულინმა თავი დაუქნია. მაშ, ჩემი სიტყვა შენთვის კანონია? ნიგმატულინმა უყოყმანოდ მიუგო: დიახ.
– მაშინ კემბალბაევმა ჩემზე ანიშნა და უთხრა: ეს კაცი გვღალატობს, მე მისი დასჯა გადავწყვიტე. აი, ჩემი ჯოხი. მიდი და ორმოცდაათჯერ დაჰკარიო. ნიგმატულინმა ჯოხი გამოართვა, ერთხანს ხელში ატრიალებდა, შემდეგ იატაკზე დააგდო და ატირებულმა წარმოთქვა: არ შემიძლია, – განუცხადა გამოძიებას ბარანაუსკასმა.
კემბალბაევი წამოდგა, ნიგმატულინთან მივიდა. თავით ფეხებამდე გამომცდელად აათვალიერ–ჩაათვალიერა, შემდეგ მთელი ძალით გასცხო ყბაში.
– ნიგმატულინი წაბარბაცდა, მაგრამ არ წაიქცა, – განუცხადებს გამომძიებლებს ბარანაუსკასი, – აკი მოსწავლემ მასწავლებლის სასჯელი მორჩილად უნდა მიიღოს. ტალგატს ეს სწამდა. მას თავში ყველაფერი აერია – ქრისტიანობა, მუსულმანობა, სატანიზმი. თითქოს სექტიდან გასვლა სურდა, ამავე დროს მირზა კემბალბაევს კვლავაც მასწავლებლად თვლიდა და მისგან სასჯელსაც უდრტვინველად იღებდა.
ნიგმატულინს კემბალბაევისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოსწავლე ხომ მასწავლებლის სასჯელს უდრტვინველად უნდა შეხვდეს! ტალგატიც მოთმინებით იტანდა კემბალბაევის დარტყმებს. არც მაშინ განძრეულა, როცა "გურუს" მისი სხვა მოწაფეები მიეშველნენ.
– ნიგმატულინს ათი კაცი ურტყამდა, – ყვება ბარანაუსკასი, – სცემდნენ თავში, სახეში, ტანზე... ტალგატი წაიქცა. მე მიშველება ვცადე, მაგრამ გამაკავეს, სავარძელში ძალით ჩამსვეს და მთელ ამ საშინელებას მაყურებინეს. ტალგატი სისხლში ცურავდა. მას კი სცემდნენ და სცემდნენ.
შემდგომში სექტანტები აცხადებდნენ: ნიგმატულინის მოკვლა არ გვინდოდა, მხოლოდ მისთვის ჭკუის სწავლება გვსურდაო. აზარტში შესულ სექტანტებს მეტი მოუვიდათ. ნიგმატულინი გარდაიცვალა.
ნიკა თევზაძე, ჟურნალი გუმბათი. N 28

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 






































































































