asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პოლკოვნიკ რედლის ჭეშმარიტი ისტორია ანუ როგორ ხდებიან ჯაშუშები
პოლკოვნიკ რედლის ჭეშმარიტი ისტორია
პოლკოვნიკ რედლის ჭეშმარიტი ისტორია ანუ როგორ ხდებიან ჯაშუშები

2011-07-11 15:52:32



1989 წელს თბილისის ეკრანებზე გამოჩნდა იშტვან საბოს შედევრი "პოლკოვნიკი რედლი". ფილმს უდიდესი წარმატება ხვდა. მასში აღძრული თემა საქართველოსათვის ძალზე აქტუალური იყო:
– იშტვან საბომ შთამბეჭდავად მოგვითხრო კარიერისტის ისტორია, – წერდა აკაკი ბაქრაძე, – კარიერისტისა, რომელმაც საკუთარ ხალხს უღალატა, რომელმაც გაიკეთა კარიერა, შემდეგ კი დიდი თამაშების მსხვერპლი აღმოჩნდა.
ალფრედ რედლი რეალურად არსებული პიროვნებაა. მისი ჭეშმარიტი ისტორია განსხვავდება იმისაგან, რაც ფილმში იყო ნაჩვენები.
როდესაც შენიანებზე უარს ამბობ...
ალფრედ რედლი (1864–1913 წწ.) ლვოვის მახლობლად გლეხის ოჯახში დაიბადა. მამამისი უკრაინელი იყო, დედა ნახევრად პოლონელი, ნახევრად უნგრელი.
– რედლის ბავშვობაში დასავლეთ უკრაინაში უფრო ტერმინი "რუსინი" გამოიყენებოდა, ვიდრე უკრაინელი, – წერს მწერალი რომან ივანიჩუკი.
დასავლეთ უკრაინაში ეროვნული საკითხი კარგა ხანს მწვავედ იდგა. პოლონური შლიახტა, რომელიც უზარმაზარ მამულებს ფლობდა, გალიჩინას თავის საკუთრებად აღიქვამდა. იმიერკარპატისპირეთში კი უნგრელები დომინირებდნენ. მადიარი მსხვილი მიწათმფლობელი იქაურობის სრული ბატონ–პატრონი გახლდათ. "ზემო უნგრეთი", – ასე უწოდებდნენ ისინი იმიერკარპატისპირეთს. ამ მხარის ძირძველი მოსახლეობა უკრაინელები კი (რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ) ძირითადად გლეხები, ხელოსნები და წვრილი ვაჭრები იყვნენ:
– პოლონელები ამტკიცებდნენ, არავითარი უკრაინული ერი არ არსებობსო, – წერს ივანიჩუკი, – მათ მიერ შემოგდებულ იქნა ცნება "რუსინი", აქაოდა ეს რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ტომია და არა ერიო.
პოლონელთა ამბიციები ავსტრიელებს პრობლემებს უქმნიდა. ვენაშიაც გადაწყვიტეს დაეშვათ დასავლეთ უკრაინაში პატრიოტული იდეოლოგიის გავრცელება, იდეოლოგიისა, რომელიც დიდმა შევჩენკომ შექმნა და რომელიც რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე სასტიკად იდევნებოდა. ავსტრიელებს მოეწონათ უკრაინული იდეოლოგიის აშკარად ანტირუსული და ანტიპოლონური მიმართულება. შევჩენკო ხომ ყველა უკრაინული ტერიტორიის ერთიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოში გაერთიანებას ქადაგებდა:
– მალე დასავლეთ უკრაინაში გაჩნდა ეროვნული ეკლესია, უკრაინული გაზეთები, თეატრები, სპორტული საზოგადოებები. უკრაინული ენა საუნივერსიტეტო ენა გახდა, უკრაინულმა პარტიებმა ავსტრო–უნგრეთის პარლამენტში ღირსეული ადგილი დაიკავეს. გაჩნდა და გაძლიერდა ლიტერატურა, რომელიც ერთიან უკრაინულ თვითშეგნებას ამკვიდრებდა. სწორედ ამ მიმდინარეობამ წარმოშვა დიდი ივანე ფრანკო. შედეგად დასავლეთ უკრაინაში ცნება "რუსინი" გაქრა. ის "უკრაინელობამ" ჩაანაცვლა, – წერს ივანიჩუკი.
ალფრედ რედლის ბავშვობა და ყრმობა ამ დიდებულ პროცესს დაემთხვა. მომავალმა პოლკოვნიკმა, იმხანად კი უბრალო გლეხის ბიჭმა, მასში მონაწილეობაზე შეგნებულად განაცხადა უარი:
– მე უბრალო კაცი ვარ და ასეთი ფანტაზიების უფლებას თავს ვერ მივცემ, – ამბობდა იგი.
შეკითხვაზე, რა ეროვნებისა ხარო, რედლი პასუხობდა: "მე მისი უდიდებულესობა ავსტრო–უნგრეთის იმპერატორის ქვეშერდომი ვარ!" თხუთმეტი წლისამ იმპერატორს ლექსი მიუძღვნა. სამხედრო სასწავლებელში შესვლისას მისი ეროვნებით კვლავ დაინტერესდნენ. რედლმა მიუგო:
– მე მსურს, ავსტრიელი ოფიცერი გავხდე.
სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კონტრდაზვერვაში დაიწყო სამსახური. შეკითხვაზე, რა ეროვნებისა ხარო, პასუხობდა:
– მე ავტრიელი ოფიცერი ვარ! ყოფილი რუსინი.
უკანასკნელ ფრაზას ხაზს განსაკუთრებით უსვამდა. მშობლიურ სოფელში აღარ ჩადიოდა, არ ინტერესდებოდა, უჭირდათ თუ არა იქ დარჩენილ მოხუც დედასა და დას. თუკი აღმოჩნდებოდა, რომ "ყოფილი რუსინი" კვლავაც რუსინობს (ანუ ხელმძღვანელობას ატყუებს) ეს მის კარიერას ხელს შეუშლიდა. კარიერა კი რედლისათვის ყველაფერი გახლდათ.
როგორ ხდებიან ჯაშუშები
რედლმა წარმატებით დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და როგორც სამხედრო კონტრმზვერავმა, რამოდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.
– მისი დახმარებით განადგურებულ იქნა ვენაში, ლვოვსა და კრაკოვში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი, – წერს თავის მემუარებში ავსტრო–უნგრეთის კონტრდაზვერვის ყოფილი შეფი რონგე.
რედლის კარიერაც სწრაფად მიიწევს წინ. მას ახალ საპასუხისმგებლო დავალებას აძლევენ. ლვოვში იქმნება ჯაშუშური ცენტრი, რომლის ამოცანა რუსეთის წინააღმდეგ სადაზვერვო მუშაობის გაშლაა. რედლი მის ხელმძღვანელად დაამტკიცეს. პოლკოვნიკის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა:
– მან დიდი ენერგიით მოკიდა ხელი საქმეს, – წერს როსტისლავ სამბუკი.
მალე რედლის პერსონა რუსეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში მოექცა. რუსებმა უმალ შეაგროვეს მასზე ცნობები. აღმოჩნდა, რომ რედლის სერიოზული გადახრები ჰქონდა.
– ის ჰომოსექსუალი გახლდათ, – წერს კოლპაკიდი.
რუსმა მზვერავებმა რედლის პარტნიორის ვინაობაც დაადგინეს, მათი სქესობრივი კავშირებიც ფირზე აღბეჭდეს. ამის შემდეგ რედლის გარშემო წრე საბოლოოდ შეიკრა:
– ახლა რედლის "დათრევა" ძნელი აღარ იყო, – წერს კოლპაკიდი.
რედლისთან კონტაქტი მისი საყვარელი პარიკმახერის მეშვეობით მოხდა. პოლკოვნიკს ძალზე უყვარდა ლვოვის სტრიის პარკში დასვენება. ზაფხულის ერთ საღამოს ის პარკისაკენ გაემართა და სკამზე მოკალათდა. უცებ ნაცნობი ხმა მოესმა:
– გამარჯობა, პან ალფრედ!
რედლმა მოიხედა. მის გვერდით პარიკმახერი ბერნარ სიმონი იჯდა.
– გამარჯობა, პან სიმონ! მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ აქ შეგხვდებოდით.
– პაემანი ხომ არა გაქვთ დანიშნული? – სიმონი იღიმებოდა.
– არა.
– ასეც ვიცოდი. მე თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცი.
– რაო? – რედლს თვალები აენთო, ხელები კი დაემუშტა.
– არ იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის დაზვერვაზე ვმუშაობ.
– თქვენ, თქვენ, – რედლს სურდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა.
– ოღონდაც სისულელეების გარეშე, ალფრედ! თუკი პოლიციას დაუძახებ და დამაპატიმრებენ, ჩემთან ერთად თქვენც დაიღუპებით! თუმცა, რატომ? მე, როგორც მზვერავს, რომელიმე ავსტრიაში ჩავარდნილ ჩემს კოლეგაზე გამცვლიან...
– თქვენ რა, რუსი ხართ? მაშ, სიმონი თქვენი ნამდვილი გვარი არაა?
– არა. თუმცა, ეს არაა მთავარი. მთავარია ის, რომ შემიძლია ბუზივით გაგსრისოთ.
– მაშინებთ?
– გაფრთხილებთ. თუ არ გჯერათ, ჩემთან წავიდეთ, აქვე ახლოს ვცხოვრობ. ყველაფერში საკუთარი თვალით დარწმუნდებით.
რამოდენიმე წამში სიმონის ბინაში იყვნენ. პარიკმახერმა წინ ფოტოების სქელი დასტა დაუდო:
– ეს თქვენი ინტიმური მეგობარია, თუმცა, მამაკაცური სქესის წარმომადგენელი გახლავთ, – სიმონმა ზიზღით ჩაიცინა, – აქ კი თქვენი ბობოქარი სასიყვარულო სცენებია აღბეჭდილი. რასაკვირველია, ეს მასალა რამდენიმე ეგზემპლიარად გვაქვს, ასე რომ, ხელში ჩაგდება და განადგურება არც იფიქროთ.
– გასაგებია, – წაიჩურჩულა რედლმა, – რა გინდათ ჩემგან?
– ის, რომ საერთო ენა გამოვნახოთ.
– ანუ რუსებზე უნდა ვიმუშაო?!
– რა საჭიროა ასეთი ტლანქი ტერმინებით ჟონგლიორობა! მოგვაწოდეთ ინფორმაცია, სამაგიეროდ კარგად გადაგიხდით, მეტიც, თქვენს კარიერულ წინსვლასაც უზრუნველვყოფთ.
– თუკი უარს ვიტყვი?
– მაშინ ეს ფოტოები ავსტრიის თავდაცვის მინისტრს გადაეგზავნება, მეორე ეგზემპლიარი კი პრესაში გამოქვეყნდება. მგონი ცხადია, რაც მოგელით ამის შემდეგ.
რედლმა სახეზე ხელები აიფარა.
– ღმერთი ჩემო! ეს რა საშინელ დროში ვცხოვრობთ, – წაიჩუჩულა მან.
იქვე სიმონის ბინაში რედლმა დაწერა ხელწერილი რუსეთის დაზვერვაზე მუშაობის შესახებ.
მოღალატე პოლკოვნიკი ხდება
რედლის დახმარებით რუსებმა გაანადგურეს მოსკოვსა და პეტერბურგში მოქმედი ავსტრიელთა ჯაშუშური ქსელი. რუსების ხელთ აღმოჩნდა ავტრიელი რეზიდენტი მეტსახელად "ლენგორნი", რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, ნიკოლოზ ||–ის ამალაში მსახურობდა.
– "ლენგორნი" უჩუმრად დააპატიმრეს, – წერს იულიან სემიონოვი, – მას წაუყენეს ულტიმატუმი: ან დახვრეტა ან რუსეთის კონტრდაზვერვაზე მუშაობა. "ლენგორნმა" მეორე აირჩია.
მსგავსი არჩევანი გააკეთეს "ლენგორნის" ქსელის სხვა წევრებმაც. უმრავლესობა მათგანს წამყვანი პოსტები ეკავა არმიასა თუ სამთავრობო სტრუქტურებში. ამის შემდეგ, ისინი კვლავ განაგრძობდნენ ავსტრიელებზე მუშაობას, თუმცა ინფორმაცია, რომელსაც გადასცემდნენ, რუსების მიერ იყო მომზადებული.
– ეს ოსტატური "დეზა" გახლდათ, – წერს სემიონოვი, – იმდენად ოსტატური, რომ ვენაში მის სინამდვილეში ეჭვი არავის შეეპარა.
ამრიგად, ზესაიდუმლო ცნობებმა (უფრო სწორად დეზინფორმაციამ) სისტემატიურად იწყო დენა. ამან რედლის სწრაფი კარიერული წინსვლა განაპირობა, მას პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. მალე ის ვენაში გადაიყვანეს.
– რედლის წყალობით, რუსები ავსტრო–უნგრეთის დაზვერვის მთელ საიდუმლოებებში გაერკვნენ, – წერს ლეონიდ მლეჩინი, – ამიტომაც მოხერხდა ბელგრადში ავსტრიელთა მიერ დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლა. ვენა შეეცადა დაეცვა თავისი მოკავშირე, სერბიის მთავარი ობრენოვიჩი. ეს ვერ მოხერხდა. ობრენოვიჩი დაამხეს. მის ნაცვლად მთავარი რუსეთის მეგობარი პეტრე კარაგეორგევიჩი გახდა. გადატრიალება რუსეთის დაზვერვის უშუალო დახმარებით განხორციელდა.
რუსეთი ბალკანეთზე ძალზე აქტიურად მოქმედებდა. არსებობდა მჭიდრო კავშირი რუსეთის დაზვერვასა და მაკედონიის რევოლუციურ ორგანიზაციას (ვმრო) შორის. მაკედონია იმხანად ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. რუსეთი მხარს უჭერდა მაკედონიელ ტერორისტებს, რომელთაც თურქეთიდან გამოყოფა სურდათ, ავსტრია კი თურქეთს ეხმარებოდა. ბალკანეთზე სტატუს–კვოს დარღვევა ხომ ცალსახად რუსეთის გაძლიერებას ნიშნავდა.
– ავსტრო–უნგრეთის დაზვერვა თურქებთან ერთად მაკედონიელი ტერორისტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციებს ახორციელებდა. მიზანი ვმრო–ს განადგურება გახლდათ. ეს ვერ მოხერხდა. რედლმა ყოველივე რუსებს აცნობა, შედეგად მთელი აქცია ჩაიშალა, – წერს სანშ დე გრამონი.
პოლკოვნიკი რედლი, როგორც ჯაშუში, ნამდვილი ვირტუოზი გახლდათ. ავსტრიის კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ ვენაში რუსმა მსტოვარმა მოიკალათა. რამოდენიმე პიროვნება ეჭვქვეშ აღმოჩნდა, თუმცა, რედლზე ეჭვი არავის მიუტანია.
აგენტი გაიშიფრა
პოლკოვნიკი რედლი მთელი ათი წლის განმავლობაში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა. მის შესახებ ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა.
ასე დადგა 1913 წელი.
ვენის ფოსტაში უცნაური წერილი მოვიდა. "მოკითხვამდე" ეწერა ზედ. ფოსტის მოხელემ უმალ აცნობა კონტრდაზვერვას. საქმე იმაში იყო, რომ კონტრმზვერავებმა დაადგინეს: ხსენებულ ფოსტას კარგა ხანია ჯაშუშთა "საფოსტო ყუთად" იყენებდნენ. მოკითხვამდე მოსული წერილები სინამდვილეში ჯაშუშურ ინსტრუქციას წარმოადგენდნენ. აღნიშნულ კონვერტში კი (ის უჩუმრად გახსნეს) ინგლისური გირვანქები აღმოჩნდა:
– მაშ, ჯაშუშს ფულს უხდიან? ძალიან კარგი.
კონტრმზვერავებმა ხსენებული ფოსტა გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს. მალე კონვერტის წამოსაღებად სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი მივიდა. კონტრდაზვერვის აგენტები მას უმალ აედევნენ:
– ხელი არ ახლოთ! დაადგინეთ ვინაობა, მისმართი, კავშირევი, – ასეთი გახლდათ დირექტივა.
მამაკაცი გამოცდილი პროფესიონალი იყო, ამიტომ "კუდი" უმალ შენიშნა. მოთვალთვალეებს ის მოხერხებულად დაუსხლტა ხელიდან, შემდეგ ტაქსში ჩაჯდა და გაუჩინარდა. აგენტები სამსახურში გაწბილებულები დაბრუნდნენ.
– გამოცდილია გველი! შეგვნიშნა და გაგვექცა!
– არაფერია! მისი გარეგნული ნიშნები დაიმახსოვრეთ?
– დიახ.
– იმ ტაქსის ნომერი, რომელშიც ჩაჯდა?
– რა თქმა უნდა!
სასწრაფოდ უხმეს მხატვარს. აგენტების მონათხრობის საფუძველზე უცნობის პორტრეტი შედგა. შემდეგ კონტრმზვერავებმა ხსენებული ტაქსის მძღოლს მიაკითხეს:
– ამ გარეგნობის მგზავრი რა მისამართზე წაიყვანეთ?
შოფერმა პორტრეტს დახედა.
– დიახ, ეს კაცი ჩემი მგზავრი იყო, მე ის კაფე "ბულვაროშთან" მივიყვანე.
– შემდეგ?
– თავაზიანად დამემშვიდობა და კარგადაც გადამიხადა, თუმცა...
– რა, თუმცა?
– მანქანაში მას ეს ფუტლიარი დარჩა, – და მძღოლმა კონტრმზვერავებს ფუტლიარი გადასცა.
ამრიგად, კონტრდაზვერვამ ჯაშუშის გარეგნობა დაადგინა. ხელთ ჰქონდათ მისი ფუტლიარიც. როდესაც კონტრდაზვერვის შეფს რონგეს ყოველივე მოახსენეს, მან შესძახა:
– ეს ხომ ჩემი ნაცნობი პოლკოვნიკი რედლია! ავსტრო–უნგრეთის გენშტაბის დაზვერვის ამომავალი ვარსკვლავი, ალფრედ რედლი!
თავზარდაცემული რონგე ერთხანს გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ გამოიძახა ოფიცრები, რომლებიც რედლს ახლოს იცნობდნენ. მათ დაადასტურეს: ნახატზე გამოხატული კაცი მართლაც რედლია, ეს ფუტლიარიც მისიაო.
– შეუძლებელია!
რონგეს არაფრით სურდა იმის დაჯერება, რომ რედლი ჯაშუშია. კონტრდაზვერვის შეფმა პოლკოვნიკი შორიდან აჩვენა აგენტებს, რომლებიც ფოსტაში მისულ ჯაშუშს უთვალთვალებდნენ.
– დიახ, სწორედ ეს კაცი მივიდა ფოსტაში, – ერთხმად განაცხადეს კონტრმზვერავებმა.
ამრიგად, რედლი გაიშიფრა, დასანანმა შემთხვევითობამ, ტაქსში დარჩენილმა ფუტლიარმა ის დაღუპა.
აღსასრული
ვიქტორ პოლაკი უმაღლესი სასამართლოს პროკურორი და რედლის ახლო მეგობარი გახლდათ. კვირის ბოლოს ისინი რესტორანში ვახშმობდნენ, თუმცა, ახლა რედლი გაოცებას ვერ მალავდა. პოლაკმა მართლაც მეფური სუფრა გაუშალა.
– დანახარჯს მე ვიხდი, – უთხრა პოლაკმა, – დღეს მე ვზეიმობ.
– რაშია საქმე?
– აღმოვაჩინე ვენაში მოქმედი რუსი აგენტი, – ამ სიტყვებით პოლაკმა ფუტლიარი ამოიღო.
რედლს სახე გაუფითრდა, ყანყრატო აუდ–ჩაუდიოდა. სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ პირიდან მხოლოდ ხავილი აღმოხდა.
– ალფრედ, გაფრთხილებ, სისულელეების გარეშე. შენს ყოველ მოძრაობას უთვალთვალებენ. ერთი საეჭვო მოძრაობა ან ჟესტი და ბოლოს მოგიღებენ.
– რა გინდა ჩემგან? – წაიჩურჩულა რედლიმ, – რას გადამეკიდეთ ყველანი?
– მითხარი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? რატომ შეეკარი რუსებს?
რედლმა უმწეოდ მიმოიხედა გარშემო. ისეთი სახე ჰქონდა, როგორც მახრჩობელა გველის წინ მყოფ ბაჭიას.
– კარგი, ოღონდ აქ არა.
რესტორნიდან ერთად გამოვიდნენ და პოლაკის მანქანაში ჩასხდნენ. თხუთმეტ წუთში იმ სასტუმროსთან იყვნენ, სადაც რედლი ცხოვრობდა. უხმოდ ავიდნენ ნომერში. პოლაკმა კარი დაკეტა და სავარძელში მოკალათდა:
– როგორ მოხდა ყოველივე?
რედლი მოპირდაპირე სავარძელში უღონოდ ჩაეშვა.
– მათ გაიგეს, რომ ჰომოსექსუალისტი ვარ. ამით დამაშანტაჟეს.
– გასაგებია.
– მე, მე ავადმყოფი ვარ! ჰომოსექსუალიზმი ხომ მძიმე ფსიქიური დაავადებაა! ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ. ნუთუ სასამართლო ამას არ გაითვალისწინებს?!
– აი, რა, ალფრედ, – პოლაკმა წინ დაუდო ფურცელი და კალამი, – ყველაფერი გულახდილად დაწერე. შენს განკარგულებაში თხუთმეტი წუთია. ამის შემდეგ აქ კონტრდაზვერვის თანამშრომლები შემოვლენ.
– მაშ, დამაპატიმრებენ?
– ნებაყოფილობითი აღიარებით შენს ხვედრს შეიმსუბუქებ. ალფრედ, ეს შენი ბოლო შანსია, – ამ სიტყვებით პოლაკი წამოდგა და ნომრიდან გავიდა.
ზუსტად თხუთმეტი წუთის შემდეგ კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა რედლის ნომრის კარი შეაღეს. ამ დროს გასროლის ხმაც გაისმა, კონტრმზვერავები ნომერში შეცვივდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, სავარძელში შუბლგახვრეტილი რედლი იწვა. იატაკზე ეგდო რევოლვერი, რომლითაც პოლკოვნიკმა შუბლში ტყვია დაიხალა, მაგიდაზე კი კალამი და რამოდენიმე ფურცელი იდო. რედლიმ პოლაკის თხოვნა შეასრულა და თავისი ჯაშუშური საქმიანობის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით დაწერა.
ნიკა თევზაძე, ჟურნალი გუმბათი. N 28


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online