| ქალი და მამაკაცი |

თავი 4
სკანდალი
პალერმოში დელა კიეზემ აქტიური მუშაობა გააჩაღა. მაფიის რამდენიმე ადგილობრივი თავკაცი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მოპოვებულ იქნა კიდევ რამდენიმე დამატებითი სამხილი პ–2–ის წინააღმდეგ. ასეთი თავგამოდება პრეფექტს არ აპატიეს. დელა კიეზეზე თავდასხმა მოეწყო. მაფიამ გენერალს ანგარიში გაუსწორა. იდგა 1981 წელი.
– დელა კიეზეს სიკვდილი უდიდესი დანაკლისია! – როსეტი დარდისგან განადგურებული იყო.
– ნამდვილად! გენერალი მამაცი ადამიანი და ჭეშმარიტი პატრიოტი იყო. ის დააკლდა იტალიას.
მიუხედავად ამისა, მექანიზმს, რომელიც პ–2–ის წინააღმდეგ მუშაობდა, უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა. როსეტის მხოლოდ ერთი რამის ეშინოდა:
– ჯელი უკვე ხვდება, რომ კუთხეშია მომწყვდეული! არ გაგვექცეს!
ამასობაში გფბ–ს წარმომადგენლები რომში ჩამოვიდნენ.
ამერიკელთა მონაცემები კონკრეტული იყო. სინდონას ბანკი ნიუ იორკში მსხვილ ფინანსურ აფიორებშია მხილებული. მსგავს საქმიანობას ეწეოდა სინდონა იტალიაშიც. ამის თაობაზე იტალიის ფინანსურ გვარდიას უამრავი მონაცემი ჰქონდა. ამიტომაც გაიცა ბრძანება:
– დააპატიმრეთ სინდონა!
მეგობრებმა გააფრთხილეს ბანკირი. მიქელე სინდონაც უკვალოდ გაუჩინარდა.
– ის აშშ–ში გადავიდა! – ირწმუნებოდნენ ერთნი, – იქ უამრავი მეგობარი და ნათესავი ჰყავს.
– სინდონა აქაა, იტალიაში! ბანკირი არეცოში, ლიჩო ჯელის კუთვნილ ვილაში იმალება!
ისინი, ვინც ჯელიზე გადამწყვეტ დარტყმას ამზადებდა, ამ ვერსიას კბილებით ებღაუჭებოდა. საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო. ერთ მშვენიერ დღეს როსეტის მეგობარმა დაურეკა:
– ჯელის ვილის გასაჩხრეკად სანქცია გაიცა!
– ძლივს! – აღმოხდა როსეტის.
– ნაადრევად გიხარია! ისინი იქ სინდონას დაეძებენ და არა – ჯელის.
– არა უშავს.
– როგორ თუ არა უშავს?! მე ვიცი, რომ სინდონა მართლაც ამერიკაშია! ჯელიმ ამის თაობაზე იზრუნა. ჩხრეკა შედეგს არ გამოიღებს. ლიჩო ჯელი წყლიდან ამჯერადაც მშრალი ამოვა.
– აი, ეს კი არ უნდა დავუშვათ! – მტკიცედ თქვა როსეტიმ.
›š
არეცო, 1981 წლის 20 მარტი. ფინანსურმა გვარდიამ, გამომძიებელ ტურონეს მეთაურობით, ალყა შემოარტყა ლიჩო ჯელის ვილა "ვანდას". მისი პატრონი ამ დროს იქ არ იყო. ტურონე საკმაოდ გამოცდილი კაცი გახლდათ, ამიტომ უმალ მიხვდა, რომ სინდონა იქ არ იმყოფებოდა.
– ჩხრეკა მაინც გულდასმით უნდა ჩავატაროთ, ასეთია ბრძანება!
გვარდიელებიც კარგა ხანს გულდასმით ჩხრეკდნენ იქაურობას. ყველაფერი ამაო იყო. სინდონა იქ არ გახლდათ.
ტურონე უკვე წასვლის ბრძანების გაცემას აპირებდა, რომ ერთ–ერთი გვარდიელის ხმა მოესმა:
– სენიორ! სენიორ! ერთი ამას შეხედეთ!
გვარდიელი ანაზდად აღმოჩენილ სამალავზე მიუთითებდა. ტურონეს ბრძანებით, ის გულდასმით გასინჯეს. სამალავიდან საქაღალდეები და რაღაც კონვერტები გამოიღეს. ტურონემ ერთ–ერთი მათგანი გახსნა და ელდისგან გაშეშდა:
– გენერალი ვიტო მიჩელი, გენერალი ლუიჯი ბიტონი, პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი ნიკოლა პეჩელა, ადმირალი ჯოვანი ჩიკოლო...
ტურონეს წინ იატაკქვეშა მასონური ლოჟა პ–2–ის წევრთა სია იდო.
საქაღალდეებში კი აღმოჩნდა წამყვან პოლიტიკოსებზე, ბანკირებზე, ბიზნესმენებზე, პროფკავშირულ ლიდერებზე შედგენილი დოსიეები. მათ იტალიის კონტრდაზვერვა ადგენდა, მაგრამ რაღაც მანქანებით მათი ასლები ჯელის ვილაში მოხვდა.
ელდანაცემი ტურონე ერთხანს გაუნძრევლად იდგა და კრინტს ვერ სძრავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ აკანკალებული ხელით ცხვირსახოცი ამოიღო და სიმწრის ოფლი მოიწმინდა.
›š
– სენიორ როსეტი! სენიორ როსეტი!
– როგორაა საქმე? ყველაფერმა კარგად ჩაიარა? – დაიყვირა გენერალმა.
– დიახ. ჩხრეკისას აღმოჩნდა სამალავი. ახლა პ–2–ის არსებობა უკვე დოკუმენტურადაა დადასტურებული.
– მადლობა ღმერთს! მადლობა ღმერთს!
– ჯელის უმალ შეატყობინეს ყოველივე. დიდი მაგისტრი გაუჩინარდა.
– ეშმაკმა დალახვროს! – გენერალმა მაგიდას მუშტი დაჰკრა.
რჩებოდა ერთადერთი გზა: ხმაურიანი სკანდალის აგორება! ბევრი გავლენიანი პირი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა ყოველივე მიიჩქმალოს. არა, სკანდალი რაც შეიძლება ხმაურიანი უნდა იყოს. პ–2–ის განადგურებაც მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება!
"აღმოჩენილია იატაკქვეშა მასონური ორგანიზაცია პ–2! თურმე იტალიას მართავენ არა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და მთავრობა, არამედ იატაკქვეშა კასტურ–კლანური სტრუქტურები! ლიჩო ჯელიმ ხელისუფლების პარალელური სტრუქტურები შექმნა! პ–2 გადატრიალებას ამზადებდა!"
ეს ყოველივე დიდი ასოებით ეწერა ყველა იტალიური გაზეთის პირველ გვერდზე.
ვილა "ვანდაზე" აღმოჩენილი პ–2–ის წევრთა სია საიდუმლოს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ცალკეული გვარები პრესის ფურცლებზე მოხვდა, როსეტიმ და მისმა მეგობრებმა ამაზე გულდასმით იზრუნეს.
ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. არნახული სკანდალი აზვირთდა. სრული შემადგენლობით გადადგა მთავრობა. პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც პ–2–ის საქმიანობა უნდა შეესწავლა. მიმალვაში მყოფი ჯელი მასონებმა თავიანთი რიგებიდან გარიცხეს. პ–2 კანონგარეშედ გამოცხადდა. დაიწყო დაპატიმრებები. პ–2–თან დაკავშირებული უამრავი მაღალჩინოსანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
პ–2–ში განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკოსები იყვნენ გაერთიანებულნი. რა ჰქონდათ საერთო ქრისტიან–დემოკრატს, კომუნისტსა და ნეოფაშისტს?! ერთ–ერთ დაპატიმრებულ მასონს გამომძიებელმა აღნიშნული კითხვა პირდაპირ დაუსვა:
– რა გაერთიანებდათ ერთ სტრუქტურაში ესოდენ განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკოსებს?
– იდეოლოგია? – გულწრფელად გაიკვირვა პატიმარმა, – რომელ იდეოლოგიაზე მელაპარაკებით?! ჩვენს დროში ხომ ეს ანაქრონიზმია! ჩვენ ორი რამ გვაერთიანებდა: ძალაუფლება და ფული!
›š
– სენიორ როსეტი, თქვენ ამბობთ, რომ პ–2–ის რიგებში მხოლოდ იმიტომ შეხვედით, რომ ეს ორგანიზაცია გემხილებინათ?
გენერალს იტალიის ტელევიზია ინტერვიუს სთხოვდა. როსეტი ხომ ახლა გმირი იყო!
– დიახ. ჩვენ არავინ გვისმენდა, ამიტომაც იძულებულნი გავხდით, საკუთარი ინიციატივით გვემოქმედა. ღვთის მადლით, იტალიაში ბევრი პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი აღმოჩნდა. ისინი ყველგან არიან. არმიაში, კონტრდაზვერვაში, პოლიტიკურ პარტიებში, ჟურნალისტებში.
– გამოდის, რომ პ–2–ს მთელი ორგანიზაცია დაუპირისპირდა?
– დიახ. მარტოხელა გმირები მხოლოდ ცუდ ფილმებსა და რომანებში იმარჯვებენ. ცხოვრებაში ასე არ ხდება. თუმცა ამ საქმეში წერტილის დასმა ნაადრევია.
– რატომ?
– პ–2–ს უდიდესი დარტყმა მიადგა. დღეს ეს ორგანიზაცია ბეჭებზეა განრთხმული, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ცოცხალია. ლიჩო ჯელის შეპყრობა ხომ ვერ მოხერხდა! სანამ ჯელი განსასჯელთა სკამზე არ აღმოჩნდება, პ–2–ის განადგურებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
– თქვენ გჯერათ, რომ ჯელის დააპატიმრებენ?
– დიახ, მჯერა.
– იმისიც გჯერათ, რომ სასამართლო მას განაჩენს გამოუტანს?
– დიახ, იტალიაში იდეალური მდგომარეობა არაა, მაგრამ მართლმსაჯულება მაინც არსებობს. სამართლიანობა, ადრე თუ გვიან, იზეიმებს.
– შეეძლო თუ არა პ–2–ს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა?
– ლოჟას გააჩნდა ფულადი სახსრები, საერთაშორისო კავშირები. მის რიგებში იმყოფებოდნენ არმიის, ფლოტის, სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები. ასე რომ, გადატრიალების მოწყობა მართლაც შეეძლო.
– და რა პოლიტიკურ კურსს აიღებდა ჯელი, ხელისუფლებაში რომ მოსულიყო?
– მას არავითარი ორიენტაცია არ გააჩნდა. მხოლოდ ხელისუფლება სურდა, მეტი არაფერი. უდავოა მხოლოდ ის, რომ დიქტატურას დაამყარებდა, გამოაცხადებდა საგანგებო მდგომარეობას, აკრძალავდა ყველა პოლიტიკურ პარტიას.
– დემოკრატიას ბოლოს მოუღებდა?
– ეგრე გამოდის.
– და როგორი იქნებოდა მისი საგარეო კურსი?
– ამას იმის მიხედვით განსაზღვრავდა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად თუ რა იქნებოდა ხელსაყრელი.
– ანუ ქვეყნის ინტერესები არ ანაღვლებდა?
– მას მხოლოდ პირადი ინტერესები ანაღვლებდა.
›š
გამოძიებამ უხვად მოიპოვა მასალები პ–2–ის მსხვილი ფინანსური მაქინაციების შესახებ. ამ დროს ამოტივტივდნენ "ბანკო ამბროზიანო" და მისი მმართველი, რობერტო კალვი.
რობერტო კალვი ბანკირის ოჯახში დაიბადა. წლების განმავლობაში "ბანკო ამბროზიანოში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. კალვი არ გამოირჩეოდა არც კომუნიკაბელობით, არც ქეიფის სიყვარულით. ერთი უენო, პედანტი კაცი გახლდათ. თავისუფალ დროს უცხო ენების შესწავლას ახმარდა. მოვალეობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. მეგობრები ცოტა ჰყავდა, ქალთა საზოგადოებასაც გაურბოდა.
კალვის აღზევება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯელის მეგობარი და პ–2–ის წევრი გახდა. ჯელის პროტექციით, კალვიმ ძალზე სწრაფად წაიწია წინ და მალე "ბანკო ამბროზიანოს" მმართველი გახდა. კალვიმ გახსნა ფილიალები საზღვარგარეთ და ოსტატურად ჩაატარა რამდენიმე მსხვილი კომბინაცია. ამან მისი ქისაც გაამდიდრა და "ბანკო ამბროზიანოს" პოზიციებიც გააძლიერა. მალე "ბანკო ამბროზიანო" იტალიის ყველაზე რესპექტაბელურ კერძო ბანკად გადაიქცა, რობერტო კალვი კი – ქვეყნის ერთ–ერთ გავლენიან ბანკირად.
ბანკირზე დარტყმით პ–2–ს ხერხემალი გადაუმტვრიეს. ამავე დროს, უამრავ გავლენიან პოლიტიკოსსა თუ ბიზნესმენს მშვიდი ძილი დაუფრთხა, რადგან კალვიმ ძალიან ბევრი იცოდა. ბევრი იტალიელი ჩინოსანი სიამოვნებით ჩაფარცხავდა საქმეს, მაგრამ ამას ხელს უშლიდა თავისუფალი პრესა, რომელმაც იტალიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც უზარმაზარი აჟიოტაჟი ატეხა.
გამოძიებაც კალვის პერსონით დაინტერესდა. "ბანკო ამბროზიანოს" თავკაცი დაკითხვებზე გამოიძახეს. სამხილები თავზე საყრელად იყო. მიუხედავად ამისა, კალვი დაკითხვიდან შინ დაბრუნდა.
– რატომ არ აპატიმრებენ კალვის?
ეს კითხვა დაჟინებით ისმოდა პრესაში, ტელევიზიაში, რადიოში. ქვეყნდებოდა დოკუმენტები, რაც კალვის ბრალეულობას ადასტურებდა.
ბოლოს ამან შედეგი გამოიღო: "ბანკო ამბროზიანოს" თავკაცი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
კალვის დაპატიმრება უკვე ძალიან სერიოზული აქცია იყო. დაპატიმრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ბანკირის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა:
– რობერტო კალვის მეუღლე ბრძანდებით? მე თქვენი ქმრის მეგობარი ვარ. არც თქვენ და არც თქვენს ოჯახს გაჭირვებაში არ მივატოვებთ.
ეს კაცი ჯულიო ანდრეოტი გახლდათ.
თავი 5
სიუჟეტი თრილერის სტილში
მალე იტალიურ პრესაში ახალი სენსაციური მასალები გამოქვეყნდა.
"რობერტო კალვიმ თავის მოკვლა სცადა! მან დასაძინებელი აბების დიდი დოზა მიიღო! ბანკირი სასწაულით გადარჩა!"
მალე იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა დეპუტატი–სოციალისტი კრაქსი. მან განაცხადა:
– ბანკირ კალვის თვითმკვლელობის მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ რთული ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ნებისმიერი საშუალებებით მიმდინარეობს, გამოიყენება ყველაზე ბინძური მეთოდები და ამის თაობაზე გაჩუმება შეუძლებელია!
მეორე დეპუტატი–სოციალისტი ფორტე საგანგებო სადეპუტატო შეკითხვას სვამს ციხეში შექმნილი ვითარებისა და ბანკირ კალვის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით.
სასამართლო კალვის ოთხწლიან პატიმრობასა და 16,6 მილიარდი ლირის ჯარიმას უსჯის, მაგრამ სააპელაციო პროცესამდე კალვის ათავისუფლებენ.
ის ბანკში ბრუნდება და თავის კაბინეტს იკავებს.
"ბანკო ამბროზიანოს" შენობაში რობერტო კალვი უკანასკნელად 1982 წლის 29 მაისს ნახეს. მალე მისმა ადვოკატმა გრეგორიმ განაცხადა:
– რობერტო კალვი გაქრა!
მართლაც, ბანკირი არც თავის სახლში იყო, არც – სამსახურში. იტალიაში ის აღარავის უნახავს. რობერტო კალვი გაუჩინარდა.
›š
– ჩემი კლიენტი მოიტაცეს! – ცხარედ ამტკიცებდა კალვის ადვოკატი.
კალვი მთავარი მოწმე იყო, ამიტომ მთელი იტალიის პოლიცია ფეხზე დადგა. მალე პირველი შედეგებიც გამოჩნდა. ბანკირმა მანჩინიმ პოლიციელებს განუცხადა:
– მე და კალვი საქმეების გამო ერთმანეთს უნდა შევხვედროდით. მან დამირეკა, ბოდიში მომიხადა და მითხრა: დღეს ვერ შეგხვდები, რადგან სასწრაფო საქმეები გამომიჩნდაო.
ცხადი იყო, რომ ბანკირი გაიქცა, მაგრამ სად?
– ჩემი კლიენტი არ მიმალულა! ის მოიტაცეს! – ამტკიცებდა კალვის ადვოკატი გრეგორი.
პოლიცია კი მიმალვის ვერსიას ჯიუტად იცავდა. მალე ვერსია დადასტურდა.
"კალვი ყალბი პასპორტით გაფრინდა ვენეციაში, მოიპარსა ულვაშები, რათა არ ეცნოთ და ისე ავიდა თვითმფრინავში", – პოლიციის ეს ცნობა იტალიური მედიით ფართოდ გავრცელდა.
ამრიგად, კალვი არც მოუკლავთ და არც მოუტაციათ, ის მიიმალა, თუმცა...
გამოძიებით დადგინდა, რომ ვენეციიდან ბანკირი გადაიყვანეს ტრიესტში. შემდეგ კალვი გადადის ავსტრიაში, სადაც მისი კვალი იკარგება.
– მაშ კალვი კვლავ გაქრა?
არც მატარებლით, არც სარეისო თვითმფრინავით კალვის არ უმგზავრია. ავსტრიაში კალვი ვიღაცას შეხვდა, მაგრამ ვის?
ამას ვერავინ პასუხობდა. კალვი კი გაქრა.
›š
ამასობაში კვლავ ამოტივტივდა ლიჩო ჯელის სილუეტი. ჟურნალმა "პანორამამ" გამოაქვეყნა ინტერვიუ დიდ მაგისტრთან.
– ყველაფერი, რაც ჩემ ირგვლივ ხდება, არის პროვოკაცია! – განუცხადა ჟურნალისტს ჯელიმ, – ნურავინ იფიქრებს, რომ მართლმსაჯულებას ვემალები. მე ჩემს კერძო გამოძიებას ვაწარმოებ, რათა ვამხილო ისინი, ვინც ეს ბინძური სპექტაკლი დადგა. მალე სამშობლოში დავბრუნდები და ყველაფერს ვიტყვი.
ჟურნალისტი, რომელმაც ჯელის ინტერვიუ ჩამოართვა, ირწმუნებოდა, დიდ მაგისტრს ბრიუსელში შევხვდიო.
– ჯელი მოგზაურობს. ის ენერგიით სავსეა და ფარ–ხმლის დაყრას არ აპირებს, – განაცხადა მან.
›š
რომი, 1982 წლის 27 აპრილი. "ბანკო ამბროზიანოს" ვიცე–პრეზიდენტი რობერტო როზონე დილით ჩვეულებისამებრ სამსახურში ფეხით წავიდა. ის იქვე მახლობლად ცხოვრობდა. ყველამ იცოდა, რომ სამსახურში ფეხით დადიოდა და არც არასდროს იგვიანებდა.
ახლაც როზონე ჩვეულებისამებრ "ბანკო ამბროზიანოს" შენობას გაუსწორდა და კართან მდგომ მცველს თავის დაქნევით მიესალმა. მას არ შეუნიშნავს მახლობლად მდგომი მოტოციკლი, რომელიც როზონეს დანახვისთანავე ადგილს მოსწყდა და მისკენ დაიძრა. ბანკირმა ახლაღა შენიშნა მოტოციკლზე მჯდომი ორი კაცი. იმას, ვინც უკან იყო მოკალათებული, ხელში რევოლვერი ეჭირა. გაისმა სროლა. როზონე ჩაიკეცა. განგსტერმა მეორედ გასროლა ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს მცველის რევოლვერმაც იგრიალა. ტყვია ბანდიტს თვალებშუა მოხვდა. მან დაკვნესებაც ვერ მოასწრო, ისე დაენარცხა ძირს.
როზონე გადარჩა, თუმცა სერიოზულად იყო დაჭრილი. საჭესთან მჯდომმა ბანდიტმა გაქცევა შეძლო. სამაგიეროდ, მოკლულის ვინაობა პოლიციამ უმალ დაადგინა. ეს მაფიოზი აბურაჩი გახლდათ.
"გარეულია იარაღით უკანონო ვაჭრობაში, დაკავშირებულია ნეოფაშისტებთან", – ნათქვამი იყო მის დოსიეში.
როგორც კი დაჭრილმა როზონემ ლაპარაკი შეძლო, გულდასმით დაჰკითხეს. როზონემაც განაცხადა, რომ თავდასხმა პიეცენცამ და კარბონიმ შეუკვეთეს.
– ვინაა კარბონი?
– ისიც და პიეცენცაც კალვისთან მეგობრობდნენ. პიეცენცა კალვის მრჩეველი კონსულტანტი იყო.
– რატომ სურდათ მათ თქვენი მოკვლა?
– იმიტომ, რომ მათი მაქინაციების თაობაზე ბევრი რამ ვიცი.
– ისინი პ–2–ის წევრები იყვნენ?
– ვინ ისინი?
– კალვი და კარბონი.
– დიახ.
ამრიგად, ამოტივტივდა ორი პიროვნება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. პიეცენცას გვარი ჟურნალისტებისთვის კარგად იყო ცნობილი. ეს იყო საერთაშორისო კლასის ავანტიურისტი, რომელსაც კონტრდაზვერვის შეფი, გენერალი სანტოვიტო მფარველობდა. მალე გენერალმა როსეტიმ პრესას უთხრა:
– პიეცენცა პ–2–ის წევრი იყო. გენერალი სანტოვიტოც ამ მასონური ლოჟის წევრია! ორივენი დაკავშირებული არიან ბოლონიის ვაგზალში მომხდარ აფეთქებასთან!
პოლიციამ როსეტის სიტყვები გარკვეულწილად დაადასტურა:
– დიახ, პიეცენცა პ–2–ის წევრი გახლდათ! გენერალი სანტოვიტოც ამ ლოჟის წევრია! რაც შეეხება ბოლონიის ვაგზალში მომხდარ აფეთქებაში მათ მონაწილეობას, ეს ჯერჯერობით ვერ მტკიცდება!
პიეცენცა ლამაზი მამაკაცი გახლდათ, უკანასკნელ მოდაზე იცვამდა, ქალთა წრეში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ფეშენებელურ კურორტებზე ისვენებდა, გატაცებული იყო წყალქვეშა ნადირობით. მაღალ საზოგადოებაში ის შინაური კაცი გახლდათ, თუმცა არავინ იცოდა მასონებთან, მაფიასთან, სპეცსამსახურებთან მისი კავშირების შესახებ.
პიეცენცა განათლებით ექიმი იყო, თუმცა თავისი პროფესიით ერთ დღესაც არ უმუშავია. მისი შემოსავლების წყარო მსხვილი ფინანსური აფიორები გახლდათ. პიეცენცა დააპატიმრეს. გენერალი სანტოვიტო ჯერჯერობით თავისუფალი იყო, თუმცა თანამდებობიდან უკვე მოხსნეს, დაპატიმრებულ პიეცენცას კი მოკლედ აუხსნეს:
– თქვენ წინააღმდეგ უმძიმესი ბრალდებებია! პ–2–ის წევრობა, ფინანსური აფიორები, ახლა ამას შეკვეთილი მკვლელობაც დაემატა.
– ეს სიცრუეა! – იყვირა პიეცენცამ, – არავის მკვლელობა არ შემიკვეთავს!
– დავუშვათ, მაგრამ პ–2–ის წევრობა? ფინანსური აფიორები? ეს საკმარისია, რომ კარგა ხნით გისოსებს მიღმა გიკრათ თავი, თუმცა...
– რა თუმცა? – პიეცენცას თვალები გამოუცოცხლდა.
– შეიძლება მოვრიგდეთ. თქვენ გვაძლევთ გულახდილ ჩვენებას, მე კი გათავისუფლებთ.
– რაო?
– ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილს დაწერთ და გაგათავისუფლებთ.
პიეცენცა ჩაფიქრდა.
– მართლა?
– მართლა.
– არ მჯერა.
– თქვენი ნებაა. მაშინ ახლავე წინასწარ პატიმრობაში აგიყვანთ და საკანში მოგათავსებთ.
პიეცენცამ თითი ტუჩთან მიიდო.
– უნდა მოვიფიქრო.
– ფიქრის დრო არაა! პასუხი ახლავე გვჭირდება.
– კეთილი, თანახმა ვარ.
– იყავით თუ არა პ–2–ის წევრი?
– დიახ, ვიყავი.
– გენერალი სანტოვიტოც?
– ისიც. თავის კარიერას ის ლიჩო ჯელის უნდა უმადლოდეს.
– ჯელიმ ჩაუწყო კონტრდაზვერვის შეფის პოსტზე დანიშვნა?
– დიახ.
პიეცენცამ ყველაფერი დაფქვა. დაწვრილებით ილაპარაკა იმ ფინანსურ აფიორებზე, რასაც ეწეოდა, აღიარა მაფიასთან კავშირი და იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობაც.
– ეს გენერალ სანტოვიტოს მფარველობით ხდებოდა?
– დიახ.
– გქონდათ თუ არა კავშირი მემარცხენე ან მემარჯვენე ტერორისტებთან?
– მქონდა. ეს სანტოვიტოს ბრძანება იყო.
– ტერორისტების ხელმძღვანელები პ–2–ის წევრები იყვნენ?
– დიახ.
– ჯელიმ ეს იცოდა?
– ალბათ. თუ მე ვიცოდი, მას რატომ არ უნდა სცოდნოდა?
– ბოლონიის ვაგზალში მომხდარ აფეთქებაზე რას იტყვით?
– ამის შესახებ არაფერი ვიცი.
– მართლა?
– კატეგორიულად ვამტკიცებ: ამ ტრაგედიის შესახებ მხოლოდ გაზეთებიდან შევიტყვე!
გამომძიებელი აღარ შეკამათებია. პიეცენცამ ხომ დაწვრილებით ილაპარაკა ფინანსურ აფიორებსა და იარაღით უკანონო ვაჭრობაზე, იმაზე, თუ როგორ, რა ფორმით იყო ამაში ჩართული კონტრდაზვერვის შეფი სანტოვიტო.
– როზონე აცხადებს, რომ მისი მკვლელობა თქვენ შეუკვეთეთ.
– ტყუილია! – აფეთქდა პიეცენცა, – მკვლელობა მე არ შემიკვეთავს, მაგრამ ვიცი, ეს ვინც გააკეთა.
– ვინ?
– სარდინიელმა ბიზნესმენმა კარბონიმ.
– ისიც პ–2–ის წევრია?
– დიახ.
პიეცენცა დაწვრილებით მოყვა კარბონის შესახებ. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს.
კონტრდაზვერვის ექსშეფი, გენერალი სანტოვიტო დააპატიმრეს. რაც შეეხება პიეცენცას, მან სიტყვა გატეხა და გათავისუფლებისთანავე უმალ გაუჩინარდა.
›š
ფლავიო კარბონი კომერსანტი გახლდათ და იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა, ვისაც თავში უამრავი გეგმა უტრიალებს. კალვის ის მისმა მეგობარმა პიეცენცამ გააცნო. ბანკირის შეკითხვაზე, რა საქმიანობას ეწევიო, კარბონიმ მიუგო:
– აბა რა ვიცი, ხან მიწის ყიდვა–გაყიდვას ვაგვარებ, ხანაც პოპ–მუსიკის კონცერტებს ვაწყობ.
– ანუ უამრავი ბიზნეს–პროექტი გაქვთ, არა?
– ეჰ, სენიორ! პროექტების ნაკლოვანებას არ განვიცდი, ფული კი არ მაქვს!
– ეგ არაფერია, – კალვიმ გაიღიმა, – დღეს არ გაქვთ, ხვალ გექნებათ.
კარბონის გამდიდრებაც პ–2–თან კავშირმა განაპირობა. კარბონი ლოჟის წევრი გახდა. მალე კარბონის "ბანკო ამბროზიანო" აძლევს სესხს 1,2 მილიარდი ლირის ოდენობით. კარბონიც აწყობს სარდინიაზე მსხვილ ტურისტულ ცენტრს. კალვისთან თანამშრომლობა და პ–2–ის წევრობა განაპირობებს კარბონის სწრაფ გამდიდრებას.
– კალვი ინგლისში კერძო თვითმფრინავით გადაიყვანეს. ვისი იყო თვითმფრინავი?
– ის შვეიცარიელმა მრეწველმა კუნცმა დაიქირავა.
– სად გადაიყვანეს კალვი?
– სავარაუდოდ, ინგლისში.
– სავარაუდოდ?
– ზუსტად ამას მხოლოდ კარბონი გეტყვით.
მაშ, გაუჩინარებული ბანკირი–მასონი ინგლისშია? ალბათ დროა, ინგლისის პოლიცია საქმის კურსში ჩააყენონ, თუმცა...
– არა, ჯერ ადრეა. ჯერ ეს კარბონი უნდა დავკითხოთ.
›š
როგორც მოსალოდნელი იყო, დაპატიმრებული კარბონი მალე აჭიკჭიკდა. გამომძიებელმა ხომ მას პირდაპირ განუცხადა:
– თქვენ ბრალი გედებათ ბანკირ რობერტო კალვის მკვლელობაში.
– ეს სიცრუეა! – დაიყვირა კარბონიმ, – კალვი ცოცხალია!
– მართლა?
– დიახ, კალვის ავსტრიაში მართლაც შევხვდი, – განაცხადა კარბონიმ, – ჩემი თვითმფრინავით ინგლისში გადაიყვანეს. ის ცოცხალი და საღ–სალამათია. შეგიძლიათ შეამოწმოთ.
– ვინ იჯდა თვითმფრინავის შტურვალთან?
– უბერტი. ისიც პ–2–ის წევრი იყო.
– კალვი მარტო გაფრინდა?
– არა. მასთან იყო ვინმე ვიქტორი, კონტრაბანდისტი.
კარბონიმ დაასახელა სასტუმრო, სადაც კალვი სხვისი გვარით თავს აფარებდა, თან დაუსრულებლად იმეორებდა:
– შეამოწმეთ, შეამოწმეთ, კალვი ცოცხალი და საღსალამათია. მე ის არ მომიკლავს!
– ისტერიკების გარეშე! რომელ მისამართზე ცხოვრობს კალვი?
– ოტელ "ჩელსი კლოისტერში".
შემოწმებამ დაადასტურა: ხსენებულ მისამართზე მართლაც ცხოვრობდა მამაკაცი და ეს რობერტო კალვი გახლდათ.
›š
დააპატიმრონ თუ არა კალვი?
რაკი გაქცეული ბანკირი მოიძებნა, მისი აყვანა ასე აუცილებელი აღარ იყო. კალვი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.
"ჩელსი კლოისტერი" არ განეკუთვნებოდა ფეშენებელურ ოტელთა რიცხვს. მათ, ვინც აქ კალვი დააბინავა, სურდა, ბანკირი მაღალ საზოგადოებას მოერიდებინა. ბანკირს გარკვეულ მომენტამდე მშვიდად უნდა ეცხოვრა და თავის წრესთან კონტაქტი არ ჰქონოდა.
მიუხედავად ამისა, კალვი მაინც ცდილობდა, ჩვეული ცხოვრებით ეცხოვრა. ჯერ ერთი, ცდილობდა, "ბანკო ამბროზიანოს" აქციების თუნდაც ნაწილი მაინც გაეყიდა. არც ფულის ნაკლებობას განიცდიდა. მარჯვნივ და მარცხნივ არიგებდა ჩეკებს, სადილობდა საუკეთესო რესტორნებში, ბრწყინვალედ იცვამდა და ა.შ.
შენიშნა თუ არა ბანკირმა, რომ უთვალთვალებდნენ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. მოთვალთვალეებმა, რომელთაც კალვიზე თვალი უნდა ედევნებინათ, წამით სიფხიზლე მოადუნეს. ბანკირმაც ამით ისარგებლა, ოტელიდან უჩუმრად გამოვიდა და გაუჩინარდა.
– ნუთუ ისევ გაგვექცა?
ბანკირი, უფრო სწორად, მისი უსულო სხეული, მალე აღმოაჩინეს. ის მდინარე ტემზის ერთ–ერთ ხიდზე მიბმულ თოკზე უსიცოცხლოდ ეკიდა.
"მოკვდა! რობერტო კალვი მოკვდა!"
სამუდამოდ დადუმდა ადამიანი, რომელმაც მართლაც ძალზე ბევრი იცოდა. რა იყო ეს, მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?
იტალიაში ბევრი თვლიდა, რომ კალვი მოკლეს. ბანკირის ქვრივმა პირდაპირ განაცხადა:
– ჩემი ქმარი მოკლეს!
ინგლისის პოლიციის დასკვნა კი მტკიცე იყო: კალვიმ თავი მოიკლა. როგორც ჩანს, ბანკირი სასოწარკვეთამ შეიპყრო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
25-05-2012
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 






































































































