asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ოპერაცია ”ციცერონი”
ოპერაცია
ოპერაცია ”ციცერონი”

2011-07-05 17:51:39



"ციცერონი" ჯაშუშის მეტსახელია. მისი ნამდვილი გვარი არ ვიცოდი, – წერს ჰიტლერელი დიპლომატი და შეთავსებით მზვერავი მოიზიში, მეორე მსოფლიო ომის დროს ის ანკარაში, გერმანიის საელჩოში მსახურობდა.
სწორედ თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდა ცნობილი სადაზვერვო ოპერაცია "ციცერონი".
თამაშის დასაწყისი
ბერლინი, 1943 წელი.
სდ–ს მეოთხე განყოფილების (დაზვერვა) შეფი ვალტერ შელენბერგი სამსახურში გამოცხადდა. დღე თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო. შელენბერგი არც რიბენტროპის მრჩევლის ლ.ვაგნერის ზარმა გააოცა. ვაგნერს მასთან ხშირად ჰქონდა სხვადასხვა წვრილმანი საქმეები. ამიტომაც შინაურულად უპასუხა: "მობრძანდით". თხუთმეტი წუთის შემდეგ ვაგნერი მის პირდაპირ იჯდა.
– ჰერ, შელენბერგ, – ვაგნერმა პაუზა გააკეთა, – თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
– გისმენთ.
– ანკარაში, ჩვენს საელჩოში, უცნობი მამაკაცი მოვიდა და გამოგვიცხადა: მე ინგლისის ელჩის კამერდინერი ვარ და შემიძლია საიდუმლო დოკუმენტებით მოგამარაგოთო.
– ჰმ, – შელენბერგი შეიშმუშნა, – მზადაა უანგაროდ გადმოგცეთ ცნობები?
– არა, მოითხოვს, ოცდახუთი ათასი ფუნტი სტერლინგი გადავუხადოთ.
– მართლა ინგლისის ელჩის კამედრინერია?
– თავად ასე ამბობს.
– თქვენ რა გაარკვიეთ?
– ელჩს რამოდენიმე კამერდინერი ჰყავს. იმის გარკვევა, არის თუ არა მათ შორის ჩვენი სტუმარი, ფაქტიურად შეუძლებელია.
– შეუძლებელი არაფერია.
– უჩუმრად სურათი გადავუღეთ. ამ გარეგნობის მამაკაცი ინგლისის საელჩოში არ მსახურობს. შესაძლოა პარიკი გაიკეთა და ჩვენთან ისე მოვიდა. ჩვენ, დიპლომატები, ამაში ვერ გავერკვევით, ეს თქვენი, ანუ დაზვერვის სფეროდანაა.
– კეთილი.
მეორე დღეს შელენბერგმა აფრინა ანკარაში თავისი ემისარი. მოიზიშთან ერთად მას უნდა გაერკვია, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე – პროვოკატორთან, ფსიქოპატთან, თუ უბრალოდ ავანტიურისტთან.
ჯაშუშის ულტიმატუმი
ანკარაში ჩასული შელენბერგის ემისარი და მოიზიში კარგა ხანს უკირკიტებდნენ უცნობს. მოიზიში ფრთხილობდა. თურქებს არ უყვართ, როცა მათ ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფო მათ დაუკითხავად თურქეთის მოქალაქეებს უთვალთვალებს. თურქეთის კონტრდაზვერვის საქმის კურსში ჩაყენებაზე მოიზიშმა შეგნებულად თქვა უარი. ვაითუ, ეს ტიპი მათი მოგზავნილია? ამიტომაც გადაწყდა: მამაკაცს, რომელმაც სამსახური შესთავაზა, საკუთარი ძალებით უთვალთვალონ, მაგრამ მოიქცნენ ძალიან ფრთხილად, ისე, რომ ვერავინ ვერაფერი შენიშნოს.
– მას მივეცით პირობითი მეტსახელი "პიერი", – წერს თავის მემუარებში შელენბერგი.
"პიერი" კარგად იყო მომზადებული. "კუდი" უმალ შენიშნა და დაუსხლტა. მოიზიშთან მორიგი შეხვედრისას კი ჰკითხა:
– არ მენდობით?
– ეს საიდან დაასკვენით?
– იმიტომ, რომ მითვალთვალებთ! რატომ?
– უბრალოდ, არ გვიყვარს, როცა გვატყუებენ.
– მაშ, მე გატყუებთ?!
– თქვენი გვარიც არ გაგვიმხილეთ. თქვენი გარეგნობის კაცი კი ინგლისის საელჩოში არ მუშაობს.
– მე სულელი როდი ვარ, ჩემო ბატონო. გერმანიის საელჩო გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშაა. თუკი აქ ჩემი ნამდვილი გარეგნობით გამოვჩნდები, დავიწვები.
– მაშ, გრიმი გიკეთიათ?
– ალბათ.
– ნუ გვიწყენთ. თქვენი არც გვარი ვიცით, არც გარეგნობა. ეს კი არასასიამოვნო კითხვებს იწვევს.
– ჩემს გვარსა და გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვს. ნუთუ არ გაინტერესებთ მასალები, რომლებიც შემიძლია მოგაწოდოთ? მე ელჩის მთელ საიდუმლო მიმიწერაზე ხელი მიმიწვდება. ფოტოფირის გადაღება ჩემთვის სულ იოლია. შემიძლია გადმოგცეთ, ბუნებრივია, სათანადო ანაზღაურების შემდეგ.
– თქვენი პირობები უცვლელია? – თითქმის ჩურჩულით შეეკითხა მოიზიში.
– დიახ, ოცდახუთი ათასი ფუნტი სტერლინგი.
– ძალიან დიდი თანხაა.
– დოკუმენტები ამად ღირს. მსურს კონკრეტული პასუხი მოვისმინო: ჰო ან არა.
– უნდა მოვიფიქრო.
– სამი დღის ვადას გაძლევთ. შევთანხმდებით, კარგია, თუ ვერა, სხვა კლიენტს მოვძებნი.
– მაინც ვის?
– თუნდაც რუსებს. მათ ინგლისის ელჩის საიდუმლო მიმოწერა ძალიან აინტერესებთ.
სენსაცია
მოიზიშმა უმალ აცნობა ბერლინს "პიერის" ულტიმატუმის შესახებ.
"გამოართვით მასალები და გადაუხადეთ რასაც ითხოვს", – ასეთი იყო შელენბერგის ბრძანება.
– მოიზიშმა ბრძანება შეასრულა, – წერს იულიან სემიონოვი, – "პიერმა" კი საიდუმლო დოკუმენტების ფოტოასლები გადასცა. მოიზიშმა ისინი უმალ ბერლინში გადააგზავნა.
"პიერის" ინფორმაცია ბერლინში ნამდვილ სენსაციად გადაიქცა. გერმანელების წინ იდო ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზი მოსკოვის კონფერენციის შესახებ, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის ელჩის საიდუმლო მიმოწერა თურქეთის, სსრკ–ს და გერმანიის სატელიტი ქვეყნების მთავრობებთან (უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი). დოკუმენტებიდან ცხადი იყო: გერმანიის მოკავშირე უნგრეთი, ბულგარეთი და რუმინეთი დასავლეთთან სეპარატისტული ზავის დადებას ცდილობდნენ. თურქეთი, თავის მხრივ, გერმანიისათვის ომის გამოსაცხადებლად ემზადებოდა. "პიერის" მიერ მოპოვებული მასალებიდან ცხადი იყო სსრკ–ინგლისს შორის არსებული უთანხმოების შესახებ. ჩერჩილს სურდა, მეორე ფრონტი ბალკანეთზე გახსნილიყო, რასაც ბულგარეთისა და რუმინეთის ხელისუფალნი მხურვალედ უჭერდნენ მხარს. სამაგიეროდ, სტალინს ამისი გაგონებაც არ სურდა.
– რა საოცარი მასალებია! ეს "პიერი" კი არა, ნამდვილი ციცერონია!
ამიერიდან აგენტის მეტსახელი "ციცერონი" გახდა. მოიზიში სასწრაფოდ გამოიძახეს ბერლინში. მას უშუალოდ რიბენტროპი ესაუბრა. ამის შემდეგ მოიზიში მისმა შეფმა შელენბერგმა მიიღო.
– მოგილოცავთ, – შელენბერგმა გაიღიმა, – ეს პიერი კი არა ნამდვილი ციცერონი ყოფილა! მისი ინფორმაციით, უშუალოდ ფიურერი დაინტერესდა. ამიერიდან მას ციცერონად მოვიხსენიებთ, ოპერაციის კოდური სახელწოდებაც "ციცერონი" იქნება.
– როგორ, ამ ტიპთან კონტაქტები უნდა გავაგრძელო? – მოიზიშს შუბლზე ოფლმა დაასხა.
– დიახ. მთავარია არა ის, თუ ვისზე მუშაობს "ციცერონი", არამედ ის, რომ მისი ცნობები გერმანიისათვის სასარგებლოა.
მოიზიშმა ცხვირსახოცი ამოიღო და გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა. იქონიო კონტაქტები კაცთან, რომლის არც გვარი იცი, არც სახელი, არც მისამართი, არც გარეგნობა, რომლისაგანაც ყველაფერს უნდა მოელოდე, დაწყებული დაბეზღებითა და დამთავრებული მკვლელობით, საშინელებაა.
მუხანათობა
"ციცერონმა" კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადასცა გერმანელებს. მისი წყალობით, ჰიტლერელებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა თურქეთის ხელისუფლების ზედა ეშელონებში. უდავო იყო, რომ ანკარა გერმანიისათვის ომის გამოსაცხადებლად ემზადებოდა. მოიზიშმა გადასცა "ციცერონს" დაპირებული თანხა (ამჯერად თხუთმეტი ათასი). შემდეგ მოიზიში აგენტს ვისკით გაუმასპინძლდა.
– ჭიქა, რომლითაც "ციცერონმა" დალია, მოიზიშმა ექსპერტიზაზე გაგზავნა, – წერს იულიან სემიონოვი, – ამრიგად, "ციცერონის" დოსიე, რომელიც ბერლინში ინახებოდა, აგენტის თითების ანაბეჭდითაც შეივსო.
ციცერონთან შეხვედრაზე მოიზიში დაძაბული იყო. გერმანელის მცდელობას, რამდენადმე მაინც ჩაეხედა აგენტის სულში, წარმატება არ მოჰყოლია. "ციცერონი" ამტკიცებდა, რომ ინგლისელები სძულს და გერმანელებთან კავშირზეც ამიტომ წავიდა. შეკითხვაზე, ინგლისელები რამ შეგაძულაო, აგენტმა მიუგო: მათ მამაჩემი მოკლეს! რამოდენიმე დღის შემდეგ მოიზიშმა კვლავ ჩამოუგდო სიტყვა მამამისის ბედზე. "ციცერონს" ეტყობა ნათქვამი დაავიწყა და უთხრა: ჩემი და ოდესღაც უსიამოვნო ამბავში გაეხვია, მამაც ამას გადაჰყვაო.
– აკი, მიმტკიცებდა, ინგლისელებმა მოკლესო. თვალსა და ხელს შუა მატყუებს, – მწარედ გაიფიქრა მოიზიშმა.
"ციცერონმა" მისი რეაქცია შენიშნა და სახე შეუტოკდა:
– ჩემმა სიტყვებმა ხომ არ დაგაეჭვათ? – აგენტს ხმა უკანკალებდა, სახე კი გაფითრებოდა.
– არა, უბრალოდ გავიფიქრე, რომ მარტოს ასეთი დიდი სამუშაოს გაკეთება ძალიან გიჭირთ.
– დიახ, – ამოიხვნეშა "ციცერონმა", – ძალიან მიჭირს, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს. არც გაცემის მეშინია, არც ფულის ვინმესთვის გაყოფა მიწევს.
ის კვლავ ხვდებოდა მოიზიშს, გადასცემდა მასალებს. ბერლინი აღტაცებას ვერ მალავდა, თუმცა, იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა.
– "ციცერონის" მიერ მოპოვებულ ფოტოასლებს მოიზიში ბერლინში აგზავნიდა. შელენბერგის ბრძანებით მათ საგულდაგულოდ სწავლობდნენ. ერთხელ გერმანელმა სპეციალისტებმა დააფიქსირეს მათზე უცნობი მამაკაცის თითის ანაბეჭდები. "ციცერონი" კი ირწმუნებოდა, მარტო ვმუშაობო.
ამრიგად, აგენტი სიცრუეზე დაიჭირეს. განრისხებულმა შელენბერგმაც ბრძანა:
– "ციცერონთან" კონტაქტები განაგრძეთ, თუმცა, გასამრჯელო ყალბი ფულით გადაუხადეთ!
ასეც მოხდა. აგენტი ვერაფერს ხვდებოდა და გერმანელებისათვის ცნობების მიწოდებას განაგრძობდა. კერძოდ მან აცნობა, რომ უნგრეთის პრემიერი კალაი ანკარაში ინგლისელებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა სეპარატული ზავის დადების თაობაზე. "ციცერონის" წყალობით, გერმანელები ყველაფერში დეტალურად იყვნენ ჩახედულნი. "ციცერონმა" აცნობა ასევე, რომ ანკარაში ბულგარეთის საელჩოს თანამშრომელი კონსტანტინოვი დაკავშირებულია როგორც ინგლისის, ისე რუსეთის დაზვერვებთან. "ციცერონის" მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით, გერმანელებმა დაასკვნეს: სოფიაში კარგად აწყობილი ჯაშუშური ქსელი მოქმედებს და კონსტანტინოვიც ამ ჯგუფთანაა დაკავშირებული.
– შედეგად, დაიწყო კონსტანტინოვის შემოწმება. გერმანელებმა საქმეში ბულგარეთის კონტრდაზვერვაც ჩართეს. შემოწმებამ გამაოგნებელი შედეგები გამოიღო. ბულგარულ–გერმანული ერთობლივი მოქმედების შედეგად, დამტკიცდა: კონსტანტინოვი დაკავშირებულია ჯაშუშურ ორგანიზაციასთან, რომლის სათავეშიც ცნობილი ადვოკატი ალექსანდრე პეევი დგას. დადგინდა, რომ პეევი აქტიური მასონია და კონტაქტი გააჩნია როგორც რუსეთის, ასევე ინგლისისა და საფრანგეთის დაზვერვებთან, – წერს გამოჩენილი ბულგარელი მწერალი სლავ ქრისტო კარასლავოვი.
პეევი დააპატიმრეს. გისოსებს მიღმა აღმოჩნდა მისი ჯგუფის თითქმის ყველა წევრი. გამოძიებით დამტკიცდა, რომ პეევი გრუ–ს რეზიდენტია და მისი მეტსახელია "ბოევოი". თავის ორგანიზაციას ის წლების მანძილზე დიდი რუდუნებით ქმნიდა. მისმა საცეცებმა შეაღწიეს ყველგან, თვით მეფის სასახლეშიაც კი! გრუ–ს გარდა, პეევი მუშაობდა ინგლისელებზე, ფრანგებსა და თვით აბვერზეც.
– "ბოევოი" საერთაშორისო კლასის მზვერავი იყო, – წერს იულიან სემიონოვი, – მისი მრავალრიცხოვანი კონტაქტები ხელს აძლევდა როგორც აბვერს, ისე ბულგარეთის დაზვერვასაც. თუმცა არავინ იცოდა პეევის გრუ–სთან კავშირის შესახებ. მანაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც აბვერს, ისე თავის მშობლიურ ბულგარეთს. მისი ჯგუფის განადგურება გრუ–სათვის დიდი დარტყმა იყო. შელენბერგსაც გამარჯვება თავად ჰიმლერმა მოულოცა.
"ციცერონის" წვლილი ამ გამარჯვებაში საკმაო იყო. მიუხედავად ამისა, გერმანელები გასამრჯელოს კვლავაც ყალბი ფულით უხდიდნენ. შელენბერგს ტყუილის პატიება არ შეეძლო. ამასთან გერმანია, რომელიც ომს აგებდა, ვალუტის უდიდეს დანაკლისს განიცდიდა. "ციცერონისათვის" დაპირებული თანხის გადახდაც ძალიან ძნელი იყო.
მრავალი წლის შემდეგ...
თურქეთმა მართლაც გამოუცხადა ომი დასაღუპავად განწირულ გერმანიას. გერმანული საელჩო ანკარაში დაიხურა. "ციცერონიც" ისევე ანაზდად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.
– ჩვენ დავადგინეთ, რომ ანკარაში, ინგლისის საელჩოში გერმანელი ჯაშუში მოქმედებდა, – წერს "ინტელიჯენს სერვისის" ვეტერანი კუკრიჯი, – ვინაობის დადგენა ვერ მოვახერხეთ, რადგანაც თურქეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა, გერმანული საელჩო დაიხურა, ხოლო აგენტმა თავისი საქმიანობა დააკონსერვა".
გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ინგლისელებმა გულასმით დაკითხეს შელენბერგი. შედეგი ნულოვანი იყო:
– დავადგინეთ მხოლოდ ის, რომ აგენტის მეტსახელია "ციცერონი". შელენბერგმა გვითხრა, რომ ის ინგლისის ელჩის კამერდინერი იყო. ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგანაც კამერდინერად რამოდენიმე კაცი მუშაობდა. არც ერთის გარეგნული ნიშნები "ციცერონისას" არ ემთხვეოდა. აგენტიც გაუჩინარდა, – წერს კუკრიჯი.
გავიდა წლები. "ციცერონისაგან" ჩამი–ჩუმიც არ ისმოდა. ნელ–ნელა ის ყველამ მიივიწყა. აგენტი მხოლოდ მაშინ გაიხსენეს, როდესაც მოიზიშის წიგნი "ოპერაცია "ციცერონი" გამოვიდა. ამის შემდეგ დასავლეთ გერმანიის გაზეთებში დაიბეჭდა ვინმე ბაზნას ინტერვიუ. ის ირწმუნებოდა, რომ "ციცერონი" თავად იყო:
– მე მძულდა ინგლისელები, ამიტომაც გერმანიის დაზვერვას დავუკავშირდი, – ამბობდა ბაზნა.
გერმანელთა არქივის ნაწილი, მათ შორის, "ციცერონის" დოსიე, ომის შემდეგ ინგლისელების ხელში აღმოჩნდა. იქ აგენტის თითების ანაბეჭდებიც იყო. ისინი ბაზნას ანაბეჭდებს დაემთხვა. ის მართლაც "ციცერონი" გახლდათ.
– ინგლისელებმა რაღაც იეჭვეს, ამიტომაც გერმანელებისაგან მიღებული ფული გულდასმით გადავმალე, – უყვებოდა ჟურნალისტებს ბაზნა, – ჩემი უეცარი გამდიდრება ხომ ეჭვს აღძრავდა. ომი დამთავრდა, აჟიოტაჟი ჩაცხრა. მეც ფულს მივაკითხე. ნაწილი სწრაფად შემომეხარჯა, მეორე ნაწილი კი ყალბი აღმოჩნდა!
გაწბილებული "ციცერონი" აპირებდა დასავლეთ გერმანიის მთავრობისათვის მიემართა და კომპენსაცია მოეთხოვა. "გერმანელებზე პატიოსნად ვმუშაობდი, მათ კი მომატყუეს, მასასადამე კომპენსაციაც მეკუთვნის", – ამბობდა ბაზნა.
ეპილოგი
"ციცერონმა" მართლაც მიმართა გერმანიის მთავრობას და კომპენსაცია მოითხოვა. აქ მას ახალი გაწბილება ელოდა.
– გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფოა და ჰიტლერელთა ქმედებებზე პასუხს არ აგებს, – ასე უპასუხეს ბაზნას.
– "ციცერონი" მიუნხენში დასახლდა და ღამის დარაჯად მოეწყო. ერთხანობას მისი პერსონა ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ რჩებოდა. შეკითხვაზე, ვინ ეხმარებოდა, ბაზნა პასუხობდა:
– მე მარტო ვმუშაობდი.
– შელენბერგს იმიტომ შეერყა თქვენდამი ნდობა, რომ ფოტოებზე სხვისი ანაბეჭდებიც აღმოჩნდა.
– გიმეორებთ, მე მარტო ვმუშაობდი, – ჯიუტად გაიმეორა "ციცერონმა".
ვალტერ შელენბერგი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ "ციცერონის" უკან თურქეთის სპეცსამსახური იდგა. ამას იულიან სემიონოვიც იზიარებს.
– "ციცერონს" ის თურქული ძალები მართავდნენ, რომელთაც დასავლეთთან ზავი სურდათ. ინფორმაცია, რომელიც აგენტის მეშვეობით გერმანელებს "მიუგდეს", ცხადლივ მიუთითებდა, რომ აუცილებელია ნებისმიერ პირობებზე დასავლეთთან დაზავება! გერმანიაში იყვნენ საღი ძალები, მაგრამ ყველაფერს ერთი კაცი ანუ ჰიტლერი წყვეტდა. ფიურერი ფანატიკოსი გახლდათ და საღად აზროვნება არ შეეძლო", – წერს სემიონოვი.
ბაზნა ანუ "ციცერონი" 1970 წელს მიუნხენში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე ის ღამის დარაჯად მუშაობდა.
ნიკა თევზაძე ჟურნალი გუმბათი N 27


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ოპერაცია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online