| ქალი და მამაკაცი |

მაშეროვის სიკვდილის შემდეგ, თანამებრძოლები ანდროპოვს ურჩევდნენ:
– შჩოლოკოვმა თავისი სიცოცხლით უნდა აგოს პასუხი!
– კი, მაგრამ არავითარი მტკიცება არ არსებობს, რომ მაშეროვის სიკვდილში შჩოლოკოვია დამნაშავე, – ანდროპოვი ყოყმანობდა.
– დავუშვათ, მაგრამ უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, თუ როგორაა ჩაბმული ნარკობიზნესში, ან ბრილიანტის მაფიის საქმიანობაში! მისი მეუღლე ბრილიანტებით სპეკულაციას ეწევა! საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილ ბანდად გადაიქცა! შჩოლოკოვი კი ამ მაფიის მეთაურია!
ანდროპოვი ჩუმად იჯდა. ყველაფერი ეს მან კარგად იცოდა, მაგრამ შჩოლოკოვზე გადამწყვეტი იერიშის მიტანას არ ჩქარობდა.
ბრეჟნევის ფავორიტი
ნიკოლოზ შჩოლოკოვი (1910–1984 წწ.) დაიბადა ლუგანსჩინაზე (უკრაინა) მუშის ოჯახში. სკოლაში საოცარი ნიჭიერებით გამოირჩეოდა. მასწავლებელმაც მამამისი საგანგებოდ დაიბარა და უთხრა:
– თუკი ბიჭს უმაღლეს განათლებას არ მისცემთ, უდიდეს ცოდვას ჩაიდენთ!
უმაღლესში ჩაბარება, მატერიალური გაჭირვების გამო, მან მაშინვე ვერ შეძლო. სსრკ–ს მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერ შახტაში მუშაობდა, პარალელურად აქტიურ კომკავშირულ საქმიანობასაც ეწეოდა და უშიშროების (მაშინ ამ სტრუქტურას გპუ ერქვა) ინფორმატორიც იყო.
– შჩოლოკოვს რომ სხვა ეპოქაში ეცხოვრა, შესაძლოა მისი ბედი სხვაგვარადაც წარმართულიყო, – წერს ანატოლი ლუპინოსი,–სიმართლეს ვერ გაექცევი და ამ კაცს უყვარდა წიგნი, მიუხედავად მეშახტის მომქანცველი საქმიანობისა, თავისუფალ დროს ბევრს და გულმოდგინეთ მეცადინეობდა. მის ინტელექტუალურ პოტენციალზე მიუთითებს ისიც, რომ სკოლაში ყველაზე უკეთ მათემატიკა და ფიზიკა ემარჯვებოდა. ამავე დროს შჩოლოკოვი პრაგმატული ტიპიც გახლდათ. ამიტომ უმალ აუღო ალღო იმ წესებს, რაც სსრკ–ში იყო დამკვიდრებული და კომკავშირელი აქტივისტი და უშიშროების ინფორმატორი გახდა. სხვანაირად ცხოვრებაში წინ ვერ წავიდოდა.
ნიჭი, შრომისმოყვარეობა და ალღო დაეხმარა შჩოლოკოვს უმაღლესი განათლებაც მიეღო და პარტიული კარიერაც გაეკეთებინა. მისი და ბრეჟნევის გზები ჯერ კიდევ 1937–38 წწ.–ში გადაიკვეთა. ბრეჟნევს მოეწონა ენერგიული, მუდამ მხიარული შჩოლოკოვი, რომელსაც ქეიფიც უყვარდა, ნადირობაც, ქალებიც და საქმის გაკეთებაც შეეძლო.
– ბრეჟნევი დარწმუნდა, რომ შჩოლოკოვზე დაყრდნობა შეიძლება, – წერს როი მედვედევი.
როდესაც ბრეჟნევი მოლდავეთის სსრ–ს პირველი მდივანი გახდა, მან შჩოლოკოვი თავისთან წაიყვანა, ხოლო ლეონიდ ილიჩის მოსკოვში დაწინაურებას შჩოლოკოვის დაწინაურებაც მოჰყვა.
– ნათქვამია, ხელი–ხელს ბანსო, – წერს როი მედვედევი.
ხრუშჩოვის დამხობის შემდეგ, ბრეჟნევი ხელისუფლებაში მოვიდა. მალე შჩოლოკოვი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა:
– როგორც ყველა პარტოკრატს, შჩოლოკოვსაც უშიშროების კურსები გავლილი ჰქონდა, – წერს როი მედვედევი, – შს–კი იგივე უშიშროებაა, ოღონდ უფრო დაბალი დონის.
ბრეჟნევმა, რომელიც ხელისუფლებაში შიდა პარტიული ინტრიგების წყალობით მოვიდა, კარგად უწყოდა: იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, უნდა ბალანსი დაიცვა. ხელისუფლებას სსრკ–ში კლანები ფლობენ. შესაბამისად, ყველაზე გავლენიან კლანებს შორის ბალანსი არ უნდა დაირღვას, არ უნდა დაუშვა, რომ რომელიმე ზედმეტად გაძლიერდეს. განსაკუთრებული ყურადღება კი ძალოვან სტრუქტურებს უნდა მიაქციო.
– ნებისმიერ სახელმწიფოში სამი დაპირისპირებული ძალა არსებობს: არმია, უშიშროება და პოლიცია. ბრეჟნევმაც იმდაგვარად შეარჩია ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელები, რომ მათ შორის დაპირისპირება (ბუნებრივია, გარკვეულ საზღვრებში) დაუსრულებლად გაგრძელებულიყო, – თვლის ლეონიდ მლეჩინი.
სუკის შეფ ანდროპოვსა და შს–ს მინისტრ შჩოლოკოვსაც იმთავითვე არ უყვარდათ ერთმანეთი. ეს არცაა გასაკვირი. ავადმყოფი და გამომდინარე აქედან ასკეტი ანდროპოვი (აწუხებდა თირკმლები, გული, ღვიძლი) ამრეზით შესცქეროდა მუდამ მხიარულ შჩოლოკოვს, არავითარ სიამოვნებას რომ არ იკლებდა. ანდროპოვისაგან განსხვავებით, ის ქეიფობდა, ნადირობდა, უამრავი საყვარელი ჰყავდა. ბრეჟნევის ოჯახთან შჩოლოკოვი ბევრად ახლოს იყო და ამიტომ შეეძლო თავისთვის თამამი მსჯელობის უფლება მიეცა. როცა სოლჟენიცინის სსრკ–დან გაძევების საკითხი წყდებოდა, შჩოლოკოვი ამის წინააღმდეგი წავიდა. ბრეჟნევთან თათბირზე მან განაცხადა:
– სოლჟენიცინი დიდი რუსი მწერალია. მისი რუსეთიდან გასახლება დაუშვებელია!
– კი, მაგრამ სოლჟენიცინი ანტისაბჭოელია, – შეედავა სუსლოვი, – კომუნისტებს საჯაროდ "ვირთხებს" უწოდებს, ჩვენს სახელმწიფოს ლაფს ასხამს.
– რას იზამ, დიდ მწერლებს ასეთი ექსცენტრიული საქციელი ახასიათებთ ხოლმე, – გაიცინა შჩოლოკოვმა, – დაე, სოლჟენიცინმა გვაგინოს და გვლანძღოს. ის დიდი რუსი მწერალია, ამიტომ ამის უფლება უნდა მივცეთ.
სხვას ასეთი მსჯელობა ძვირი დაუჯდებოდა. შჩოლოკოვის საქციელზე კი ბრეჟნევმა მხოლოდ გაიცინა. ანდროპოვისათვის, რომელიც შჩოლოკოვის "ჩასაძირად" ყველაფერს აკეთებდა, ეს მრავლისმეტყველი იყო. სუკის შეფს შჩოლოკოვზე კომპრომატები მზად ჰქონდა, მაგრამ პირდაპირი შეტევისაგან თავი შეიკავა:
– ჯერ ადრეა! მერე.
შსს შჩოლოკოვმა თავის პირად კანტორად გადააქცია. ყველა წამყვან პოსტზე მისი ნათესავები და ძმაკაცები ისხდნენ. ნარკოტიკებზე თუ ძვირფასი ნივთებით ვაჭრობაზე მილიონები კეთდებოდა. შჩოლოკოვის მეუღლე სვეტლანა ინტენსიურად იყო ჩაფლული ბრილიანტებით სპეკულაციაში. მისი "ბიზნეს–პარტნიორი" კი, გალინა ბრეჟნევა და პოლიტბიუროს წევრების შვილები თუ მეუღლეები იყვნენ:
– კანონი მათ მიმართ დუმდა. ეს ხალხი აკეთებდა იმას, რაც სურდა და ურცხვად ითბობდა ხელს სახელმწიფოს ხარჯზე, – წერს ვიტალი კოროტიჩი.
ბრეჟნევი ყველაფერ ამას მშვიდად შესცქეროდა. ბრილიანტებით სპეკულაციაში ხომ მისი ქალიშვილიც იყო ჩაბმული. შემდეგ ამას სიძე იური ჩურბანოვიც დაემატა. შჩოლოკოვმა ის თავის პირველ მოადგილედ დანიშნა:
– ჩურბანოვი ერთი საშუალო დონის მილიციელი გახლდათ, – წერს ვიტალი კოროტიჩი, – მისი კარიერაც მხოლოდ გალინაზე დაქორწინებამ განაპირობა.
ჩურბანოვი გალინას მხოლოდ ფორმალური ქმარი იყო. ბრეჟნევას ჰყავდა საყვარელი ბოშათა თეატრის მსახიობი ბორის ბურიაცე (ბორკა–ციგანი). ჩურბანოვსაც (ის გალინაზე მთელი ათი წლით უმცროსი იყო) საყვარლად რამოდენიმე ბალერინა ჰყავდა. შჩოლოკოვს ეს არ აშფოთებდა. პირიქით, ჩურბანოვის მსგავსი მოადგილე ბრეჟნევის თვალში მის პოზიციებს კიდევ უფრო განამტკიცებდა. ამასთან ჩურბანოვი აქტიურად ჩაება როგორც ნარკობიზნესში, ისე ბრილიანტებით სპეკულაციაში.
– ბრეჟნევის მხარდაჭერა განაპირობებდა შჩოლოკოვის დაუსჯელობას, – წერს როი მედვედევი, – ამიტომ თვით სუკის შეფი ანდროპოვიც კი ერთხანს უძლური იყო რაიმე ეღონა.
შსს მინისტრი არა მარტო მაფიოზურ საქმიანობას ეწეოდა. ის მეცენატიც გახლდათ. მისი შეკვეთით მწერალი ვილ ლიპატოვი ქმნის "რომანებს", სადაც მილიციელის სახე განდიდებულია. შჩოლოკოვმა მიაღწია იმას, რომ ლიპატოვის ციკლი მილიციელ ანისკინზე ეკრანიზირებულ იქნა. მთავარი როლის შემსრულებელი ჟაროვი უშუალოდ შჩოლოკოვმა შეარჩია:
– ჟაროვი უკვე მხცოვანი მსახიობი იყო და ანისკინის როლიც ბრწყინვალედ შეასრულა, – წერს ვიტალი კოროტიჩი.
შჩოლოკოვმა ამაგი დაუფასა. ჟაროვს პრემია უბოძეს. ასევე უხვად დაასაჩუქრეს ტელესერიალ "მილიციის სერჟანტის" შემქმნელნიც. ეს ფილმიც შჩოლოკოვის შეკვეთით იქნა გადაღებული. ფილმს წარმატება ხვდა. მაყურებელმა შეიყვარა მისი გმირი სერჟანტი ზახაროვი. მისი როლი ახალგაზრდა მსახიობმა ალექსეი მინინმა შეასრულა.
– შემდეგ მინინი უცხოეთში გაიქცა და რადიო "თავისუფლებაზე" დაიწყო მუშაობა, – წერს ვიტალი კოროტიჩი.
"მილიციის სერჟანტიც" ეკრანიდან მოხსნეს (ტელეეკრანებზე ფილმი მხოლოდ "გარდაქმნის" დროს გამოჩნდა). მალე შჩოლოკოვის შეკვეთით იქმნება ახალი სერიალი. ესაა ათსერიანი ფილმი "რევოლუციით შობილი", რომელშიც (ბუნებრივია, საბჭოური პოზიციებიდან) გადმოცემულია საბჭოთა მილიციის ისტორია:
– ფილმს წარმატება ხვდა, – წერს ვიტალი კოროტიჩი, – როგორც ცნობილია, მის რეჟისორსა და მთავარი როლის შემსრულებლებს სახელმწიფო პრემია მიენიჭათ. ნაკლებად ცნობილია მეორე ფაქტი: შჩოლოკოვმა (ბუნებრივია, არა საკუთარი ფულით) მათ ახალთახალი ვოლგები შეუძინა. შჩოლოკოვის სახით მათ მუდამ ჰყავდათ ერთგული მეგობარი და მფარველი.
საიდან ჰქონდა შჩოლოკოვს ფული? შსს მინისტრი ინტენსიურად იყენებდა სსრკ–ში იმხანად ფართოდ გავრცელებულ სისტემას: მილიციაში ნებისმიერი თანამდებობა იყიდებოდა. ყველა უბნის ინსპექტორი მოვალე იყო უშუალო უფროსისათვის განსაზღვრულ დღეს განსაზღვრული თანხა ჩაებარებინა. ვინც ამას არ გააკეთებდა, თანამდებობას ვერ შეინარჩუნებდა. ეს უკანასკნელნი ფულს თავის უფროსებს უხდიდნენ და ა.შ.
– მოიპარე და სხვასაც მოაპარინე! ოღონდ ქურდობის უფლება ყველას არა აქვს. უნდა გაღორდე, უნდა იცოდე, უფროსს წილი როდის და როგორ გაუყო! ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა ბრეჟნევის დროინდელი სსრკ. მილიციაში კი ამ "აღებ–მიცემობას" განსაკუთრებით ამაზრზენი სახე ჰქონდა, – წერს ანატოლი ლუპინოსი, – შსს და პროკურატურაც საბჭოთა კავშირში ყველაზე კორუმპირებულ სტრუქტურებს წარმოადგენდნენ.
მილიციაში, ისევე როგორც სხვაგან, არსებობდა "შავი სალარო" ანუ ხარკის გზით ამოღებული ფული. ქურდულ ჟარგონზე ამას "ობშჩიაკი" ჰქვია, თუმცა, საბჭოთა მილიცია ქურდებისგან არაფრით განსხვავდებოდა.
შეტაკება
ანდროპოვი ძალიან ფრთხილი კაცი გახლდათ. თვით მაშეროვის სიკვდილის შემდეგაც ის შჩოლოკოვზე პირდაპირი დარტყმისგან თავს იკავებდა:
– ანდროპოვი აკავებდა თავის განსაკუთრებით აგრესიულ თანამშრომლებს, შსს მინისტრის დაპატიმრებას რომ ითხოვდნენ, – წერს ლეონიდ მლეჩინი, – ამავე დროს ანდროპოვისათვის ცხადი იყო, რომ თუკი შჩოლოკოვის ჩამოცილებას ვერ შეძლებდა, ხელისუფლებაშიც ვერ მოვიდოდა. შსს, რომელსაც შჩოლოკოვი ედგა სათავეში, ბრეჟნევის ოჯახის ხერხემალი გახლდათ. ამ ოჯახს კი, ანდროპოვის ხელისუფლებაში მოსვლა არ სურდა.
სუკის შეფი გულმოდგინედ ემზადებოდა შჩოლოკოვთან გადამწყვეტი შეტაკებისათვის. შექმნილ ვითარებაში მისი და მარშალ უსტინოვის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. ალიანსი თითქოს ბუნებრივად იკვეთებოდა, მაგრამ ანდროპოვი დიდხანს ყოყმანობდა. სუკის შეფი ხელსაყრელ მომენტს უცდიდა, რათა გადამწყვეტ იერიშზე გადასულიყო.
– ასეთი მომენტი მას შემდეგ დადგა, რაც მომთვინიერებელ ბუგრიმოვას ბინა გაძარცვეს. დადგინდა, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორი გალინა ბრეჟნევას საყვარელი ბორის ბურიაცე გახლდათ. იმავდროულად, სუკის შეფს ხელში ჩაუვარდა ახალ–ახალი ფატქები, რაც მიუთითებდა შჩოლოკოვის კავშირზე "ჩრდილოვანი ეკონომიკის" ბოსებთან. დადგინდა აგრეთვე მისი ნათესავების ნარკობიზნესსა თუ ბრილიანტებით სპეკულაციაში მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტები, – წერს ლეონიდ მლეჩინი.
ანდროპოვი იერიშზე 1982 წელს გადავიდა. ბრეჟნევი უკვე უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. სუკმაც დააპატიმრა ბურიაცე. იმავდროულად ჩეკისტები ატარებენ ოპერაცია "კასკადს". დაპატიმრებულ იქნენ "ჩრდილოვანი ეკონომიკის" ბოსები, რომლებიც შჩოლოკოვთან იყვნენ დაკავშირებული. დაპატიმრებულებს უმალ ამოგლიჯეს სათანადო აღიარებითი ჩვენებები.
შჩოლოკოვის გარშემო წრე შეიკრა.
შსს მინისტრი განწირული იყო. ინიციატივას ახლა ანდროპოვი ფლობდა და მას დარტყმას დარტყმაზე აყენებდა. სუკის უფროსს მხარს უჭერდა მარშალი უსტინოვიც. პოლიტბიუროს წევრებზე ანდროპოვს მთელი ჩემოდანი მაკომპრომენტირებელი საბუთები ჰქონდა. ისინიც ანდროპოვის ყველა სურვილს მორჩილად ასრულებდნენ. სუკის შეფმაც მორიგი დარტყმა განახორციელა. მისი ბრძანებით დააპატიმრეს შსს–ს რამოდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც შჩოლოკოვის ნდობით არჭურვილი პირები იყვნენ. ახლა შსს–ს მინისტრს აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლო.
მალე ბრეჟნევი გარდაიცვალა. საბჭოთა იმპერიას სათავეში იური ანდროპოვი ჩაუდგა. შჩოლოკოვიც უმალ თანამდებობიდან მოხსნეს. შს–ს მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
– შჩოლოკოვის მეუღლე ოფიციალურად დაადანაშაულეს უკანონო საქმიანობაში, – წერს ლეონიდ მლეჩინი.
ანდროპოვმა შს–ს მინისტრის ცოლის დაპატიმრება ვერ შეძლო. სვეტლანა შჩოლოკოვამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ფანჯრიდან გადმოვარდა), თავად შჩოლოკოვის გარშემო კი რკალი სულ უფრო იკვრებოდა.
– შესაძლებელია მისთვის ბევრი რამ გვეპატიებია, მაგრამ მაშეროვის სიკვდილს არაფრით ვაპატიებთ! მაშეროვი ხომ ერთ–ერთი ჩვენიანი იყო, – იმუქრებოდნენ ანდროპოვის გუნდის წარმომადგენლები.
აღსასრული
შჩოლოკოვის დაპატიმრება შორს აღარ იყო. შს–ს ექსმინისტრი გაიყვანეს ცეკადან, გარიცხეს პარტიიდან, ჩამოართვეს გენერლის წოდება, ჯილდოები. ცხადი გახდა, რომ მალე დააპატიმრებდნენ, სსრკ–ში ჯერ კიდევ სტალინის დროიდან მოქმედებდა დაუწერელი კანონი: თუკი თანამდებობის პირს პარტიიდან რიცხავენ, მისი დაპატიმრებაც გადაწყვეტილი ამბავია.
ანდროპოვის სიკვდილით შჩოლოკოვმა შვებით ამოისუნთქა. ახლა ხელისუფლებაში ბრეჟნევის თანამებრძოლი ჩერნენკო მოვიდა. მართალია, ის მოხუცი და ავადმყოფი კაცი იყო, მაგრამ შჩოლოკოვი სიხარულს არ მალავდა:
– კონსტანტინ უსტინოვიჩი ჩვენია! არ გამწირავს!
მართლაც, ჩერნენკოს ბრძანებით, შჩოლოკოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეაჩერეს. ჩერნენკომ თავისთან დაიბარა შჩოლოკოვი და უთხრა:
– ნიკოლაი ანისიმოვიჩ! დამიჯერეთ, ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა! მალე პარტიაში აღგადგენენ და შს–ში რაიმე საპატიო თანამდებობაზე დაგნიშნავენ.
ჩერნენკოს კაბინეტიდან შჩოლოკოვი გახარებული გამოვიდა. ანდროპოველები კი აღშფოთებას ვერ მალავდნენ:
– ეს როგორ შეიძლება?!
მალე მოხუცი ჩერნენკოს ძალაუფლება შეირყა. ახლა კონსტანტინ უსტიმოვიჩი სახელმწიფოს სათავეში მხოლოდ ნომინალურად რჩებოდა. ძალაუფლებისათვის ბრძოლაში კი ერთმანეთს ახალი დაჯგუფებები დაეტაკნენ. არმიისა და სუკის თანადგომა მათ ჰაერივით სჭირდებოდათ. შჩოლოკოვი მათთვის უცხო ფიგურა იყო. ამიტომაც გადაწყვიტეს გაეწირათ.
– ამან შჩოლოკოვის პასუხისგებაში მიცემის საკითხიც გადაწყვიტა, – წერს ლეონიდ მლეჩინი, – ჩერნენკოს უბრალოდ არავინ არაფერს ეკითხებოდა. მოსამზადებელი სამუშაოები ხომ უკვე დამთავრებული იყო. შჩოლოკოვი გარიცხული იყო პარტიიდან, ჩამორთმეული ჰქონდა გენერლის წოდება, ჯილდოები. ახლა მხოლოდ წერტილის დასმა იყო საჭირო.
შჩოლოკოვიც მიხვდა, რომ ხსნის ყველა იმედი გადაწურულია. 1984 წლის 13 დეკემბერს მან ჩაიცვა თავისი საპარადო მუნდირი, რომელზედაც თერთმეტი საბჭოთა ორდენი იყო დამაგრებული. ერთხანს შჩოლოკოვი მაგიდასთან უძრავად იჯდა. შემდეგ თავისი საყვარელი სანადირო თოფი გადმოიღო და ლულა გულთან მიიტანა:
– არა! არა!
თოფი ხმაურით დაეშვა იატაკზე. შჩოლოკოვი უღონოდ დაეშვა სკამზე, სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა:
– ყველაფერი დამთავრდა! ყველაფერი.
რამოდენიმე წუთს გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ წამოდგა, არყის ბოთლს დასწვდა, დაისხა და გადაჰკრა. სასმელმა სასიამოვნოდ დაუარა სხეულში.
– აბა, მიდი! – შეუძახა საკუთარ თავს.
შემდეგ დაიხარა და იატაკზე დაგდებული თოფი აიღო. თუკი დააპატიმრეს, გაასამართლებენ და დახვრეტენ, მის შვილებსაც ქონებას ჩამოართმევენ, აკი უკანონო გზითაა შეძენილი! მეტიც, მათ დარჩებათ სამუდამო დამღა, რომ მამა დამნაშავე იყო! ამიტომ თავი აუცილებლად უნდა მოიკლას. ჩეკისტები ამით დაკმაყოფილდებიან, მისი შვილების შევიწროებასაც არ დაიწყებენ. მათ ხომ შჩოლოკოვის სისხლი სწყურიათ, შჩოლოკოვის და არა მისი შვილების! ამიტომ სიკვდილით შვილებს ყველა პრობლემას მოუხსნის. შჩოლოკოვმაც ნელ–ნელა მიიტანა ლულა გულთან, მაგრამ ხელი თავისით დაეშვა დაბლა.
– რატომ, რატომ მოხდა ასე? ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო, – და კვლავ წამოუვიდა ცრემლები.
ერთხანს უძრავად იდგა. შემდეგ ღრმად ამოიოხრა, მკვეთრი მოძრაობით ლულა პირთან მიიტანა და ჩახმახს გამოჰკრა. გაისმა სროლა...
თავის უკანასკნელ ბარათში შჩოლოკოვი დაწერს: "გთხოვთ ჩემს შვილებს დევნას ნუ დაუწყებთ. ისინი არაფერში არ არიან დამნაშავენი!".
ნიკა თევზაძე ჟურნალი გუმბათი N 27

|
დღის სიახლეები
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 
































































