asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მასონთა ლოჟა პ–2 – სკანდალი, რომელმაც შეძრა იტალია
მასონთა ლოჟა პ–2 – სკანდალი, რომელმაც შეძრა იტალია

2011-06-30 17:48:26



შემდგომი მოქმედების გეგმა როსეტიმ და დელა კიეზემ ერთად შეიმუშავეს.
1. პ–2–ის შიგნით განხეთქილების ინსპირირება, ჯელისა და მის თანამებრძოლთა მაქსიმალური იზოლაცია. სხვადასხვა ოპოზიციურ დაჯგუფებათა წარმოქმნის ხელშეწყობა.
2. მედიის საშუალებით პროპაგანდისტული კამპანიის წარმოება. საზოგადოებრივი აზრის ამხედრება ჯელისა და პ–2–ის წინააღმდეგ.
3. აქტიური ღინისძიებების გატარება ჯელისთან დაკავშირებული ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ.
4. აქტიური ღონისძიებების გატარება იმ ბიზნესმენთა თუ ბანკირთა წინააღმდეგ, რომლებიც პ–2–თან არიან დაკავშირებულნი.
5. იმ ჩინოსანთა თუ პოლიტიკოსთა მხილება, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პ–2–თან.
6. იტალიელ ხელისუფალთა ინფორმირება იმ საფრთხის შესახებ, რასაც წარმოადგენენ ქვეყნისთვის ლიჩო ჯელი და მისი ლოჟა.
გენერალმა როსეტიმ ყველაფერი ქაღალდზე კოხტად ჩამოაწიკწიკა. დელა კიეზე კი ჩაფიქრებული იჯდა.
– რას დაღონებულხარ? – შეეკითხა როსეტი.
– მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, – დელა კიეზემ პაუზა გააკეთა, – პ–2–თან ბრძოლა ხანგრძლივი და დაძაბული იქნება. ომი წესების გარეშე! ამას სწორედ ასე დავარქმევდი. ის არაერთ სიცოცხლეს შეიწირავს.
›š
ქექანიზმი, რომელიც მასონური ლოჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამუშავდა. პირველი შედეგებიც მალე გამოჩნდა.
ჯელის სასტიკად დაუპირისპირდა "გრანდე ორიენტეს" რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა. იტალიელ მასონთა ახალ ხელმძღვანელ სალვინის მაგიდაზე დაუდეს ლიჩო ჯელის მაკომპრომეტირებელი საბუთები.
– ჯელი მასონთა რიგებიდან დაუყოვნებლივ უნდა გაირიცხოს! ჯერ ერთი, ომის დროს ფაშისტებთან თანამშრომლობდა, მეორეც, დღეს აქტიურად ერევა პოლიტიკაში, ჩაბმულია რიგ ფინანსურ აფიორებში, კავშირი აქვს ექსტრემისტებთან.
– მართლა? ვისთან?
– ყველასთან, დაწყებული წითელი ბრიგადებიდან და დამთავრებული ნეოფაშისტებით! ამას გარდა, გარეულია სპეცსამსახურების თამაშებში, დაკავშირებულია მაფიასთან.
სალვინი ერთხანს გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ თქვა:
– კეთილი, მოვიფიქრებ.
ჯელისთან კონფრონტაცია მას ნამდვილად არ სურდა.
სალვინი აშკარად ფეხს ითრევდა. სამაგიეროდ, "გრანდე ორიენტეს" ზოგიერთი გავლენიანი ლიდერი ჯელის სასტიკად დაუპირისპირდა. გაზეთებში გამოჩნდა სტატიები ჯელის ბნელი საქმიანობის შესახებ. შემდეგ ზოგიერთმა ტელეჟურნალისტმა განახორციელა საკუთარი ჟურნალისტური გამოძიება. ყველაფერი ეს რიგმა დამოუკიდებელმა ტელევიზიამ გადასცა.
ჯელი იხტიბარს მაინც არ იტეხდა:
– რა მასონები, რის ლოჟები! არა, ვინც ჩვენს დროში ამაზე სერიოზულად ლაპარაკობს, ნაღდი შიზოიდია! მაჩვენეთ ფაქტები, რომლებიც ჩემს ბრალეულობას დაამტკიცებენ! ის, რასაც ჟურნალისტები წერენ, არის ბელეტრისტიკა და არა – ნივთმტკიცება.
დიდი ფული, გავლენიანი კავშირები უზრუნველყოფდნენ ჯელის დაუსჯელობას. გაზეთებში სტატიები დაიბეჭდა? დიდი ამბავი! ჯელის მიერ კონტროლირებადი პრესითა და ტელევიზიებით საწინააღმდეგო მასალები გავრცელდა. შეტევაც მოგერიებულ იქნა.
თუმცა იერიშები არ წყდებოდა.
›š
ინჟინერი ფრანჩესკო სინისკაჯი პ–2–ის წევრი იყო. შემდგომში მასსა და ჯელის შორის კონფლიქტი მოხდა. სინისკაჯი ლოჟიდან გარიცხეს. ხალხმა, რომელსაც პ–2–ის განადგურება სურდა, უმალ სცადა ამის გამოყენება:
– ეს რა გაგიბედა ამ გაფხორილმა ინდაურმა? ასეთი რამ როგორ უნდა შეარჩინო?
სინისკაჯის მეგობარი ანტონიო დიდხანს არწმუნებდა, რომ ჯელიზე შური ეძია. ანტონიო კონტრდაზვერვის აგენტი იყო და ჯელის მოწინააღმდეგე ფრთაზე მუშაობდა. მან თავისას მიაღწია. სინისკაჯიმ სამართალდამცველებს მიმართა.
მან ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ ის, რაც პროკურატურას აცნობა, საკმარისო იყო ჯელისა და ლოჟის სხვა ხელმძღვანელთა დასაპატიმრებლად. გამომძიებელი ველა პირადად გაეცნო სინისკაჯის წერილს.
"წერილმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, – იგონებდა შემდგომში ველა, – მასში საუბარი იყო საიდუმლო ორგანიზაციაზე, რომელმაც უხილავი სახელისუფლებო ცენტრი შექმნა. მონაცემები კონკრეტული იყო. ავტორი დაწვრილებით აღწერდა პ–2–ის ძირგამომთხრელ საქმიანობას და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებდა. ავტორი წერდა, რომ მზადდება გადატრიალება და ასახელებდა შეთქმულებაში გარეული ორმოცი მაღალი რანგის ოფიცრის გვარს".
გადატრიალება, შეთქმულებები, შპიონაჟი – ყველაფერი ეს სპეცსამსახურის კომპეტენციაა. ველამაც კონტრდაზვერვას მიმართა.
"გთხოვთ, ჩაატაროთ გამოძიება", – წერდა ის სპეცსამსახურის შეფებისადმი მიწერილ სპეციალურ წერილში.
სიგნალი რეაგირების გარეშე დარჩა. არავითარი გამოძიება პ–2–ის საქმის გამო არ ჩატარდა.
›š
"გრანდე ორიენტეს" ლიდერები კვლავ განაგრძობდნენ თავდასხმებს ჯელიზე.
– ეს კაცი მასონთა რიგებიდან უნდა გაირიცხოს! – ასეთი იყო მათი მოთხოვნა.
1974 წელს მიზანს თითქოს მიაღწიეს. სალვინი იძულებული გახდა, დათანხმებოდა პ–2–ის დახურვას, თუმცა ეს მხოლოდ ლეგალურ ლოჟას ეხებოდა. ჯელიმ ყურმილი აიღო და სალვინის დაურეკა.
– რაო, სიცოცხლე მოგძულებია? – პირდაპირ შეეკითხა ჯელი.
სალვინი განრისხებისგან ერთხანს კრინტს არ სძრავდა, შემდეგ გამოსცრა:
– ჭკუაზე ხარ? რამე ხომ არ გეშლება?
– ეს შენ გეშლება და არა მე! – დაიღრიალა ჯელიმ, – იცი, შენზე რა მასალები მაქვს?! საკმარისია, ღილაკს თითი დავაჭირო და ციხეში აღმოჩნდები! გაიგე? – და ყურმილი დაახეთქა.
პ–2 დახურული მხოლოდ ფორმალურად იყო. ფაქტობრივად, ის ფუნქციონირებას განაგრძობდა. რაც შეეხება ჯელის იატაკქვეშა იმპერიას, მართლმსაჯულება მას არ შეხებია, თუმცა...
როსეტის, დელე კიეზესა და სხვათა ძალისხმევით პ–2–ში დაიწყო კონფლიქტები. რასაკვირველია, ლოჟის განადგურებისთვის ეს არ კმაროდა, მაგრამ ჯელის ძალა და გავლენა კი შეარყია. ბრძოლა ლოჟის წინააღმდეგ გრძელდებოდა.
›š
მალე როსეტის მაგიდაზე დაიდო ინფორმაცია ჯელისა და რუსების კონტაქტების თაობაზე. ისინი უკვე ძალზე შორს წასულიყვნენ. პ–2–თან კავშირით ორი კურდღელი კვდებოდა: იტალიის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურებში შეღწევა და ფულის გაკეთება. პ–2 ხომ ნარკობიზნესსა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში იყო ჩაბმული. საბჭოთა ჩეკისტებიც ამ ბიზნესში ხალისით ჩაებნენ. მეტიც, პ–2–თან კავშირებს კრემლის რიგი მაღალჩინოსანი და ბრეჟნევთან დაახლოებული პიროვნება ესწრაფოდა.
– შორს წავიდა სეკურიტატესთან კონტაქტებიც, – მოახსენეს როსეტის, – ჩაუშესკუ და მისი ოჯახის წევრები ჯელის ახლო მეგობრები გახდნენ.
მთელი ეს ინფორმაცია ამერიკელებს გადაეცათ. პარალელურად იტალიის ხელისუფალთ სისტემატურად მოახსენებდნენ იმ საფრთხის შესახებ, რასაც ქვეყნისთვის პ–2 წარმოადგენდა.
– ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მიერ გატარებული ღონისძიებები რომ არა, ჯელი უკვე დღეს მოაწყობდა გადატრიალებას, – უთხრა ამერიკელებს როსეტიმ, – ჩვენი ძალისხმევით, პ–2–ს შეექმნა პრობლემები, მისი მუშაობა შეფერხდა, მაგრამ დროებით. ლოჟის განადგურება ვერ მოხერხდა, რადგან ხელისუფლება უმოქმედობას იჩენს. პ–2–ც აუცილებლად ძალას მოიკრებს და დროთა განმავლობაში კონტრიერიშზე გადმოვა!
პრეზიდენტი ნიქსონი უშუალოდ დაინტერესდა პ–2–ის საქმიანობით.
– ბატონო პრეზიდენტო, პ–2–ის წინააღმდეგ რადიკალური ღონისძიებებია საჭირო.
– რას მოითხოვთ ჩემგან? იტალიაში ჯარი შევიყვანო და კორუმპირებული ჩინოსნები დავიჭირო?!
– აუცილებელია მოქმედება სპეცსამსახურების დონეზე.
– მერე იმოქმედეთ, ვინ გიშლით?! – თქვა ნიქსონმა, – ეს ჯელი პოლიტიკის კი არა, კრიმინალის სფეროდანაა!
›š
მინო პეკორელი იმ ჟურნალისტებს განეკუთვნებოდა, ვინც შეკვეთებს ასრულებდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პ–2–თან დაკავშირებულ მოვლენებში.
პეკორელიმ დააარსა ჟურნალი "მონდი ოდჟი" (მსოფლიო დღეს). მალე მისი სახელი მთელ იტალიაში გახდა ცნობილი, ჟურნალი კი ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ გამოცემად გადაიქცა. ბევრმა არ იცოდა, რომ პეკორელი პ–2–ის წევრი და ჯელის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, რომ ის პ–2–ის საინფორმაციო სამსახურს ედგა სათავეში. იტალიის სპეცსამსახურებში პეკორელი თავისიანად აღიქმებოდა. ამიტომ ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, თუ ვინ იყო ჯელის მფარველი თუ მოწინააღმდეგე.
კარგა ხნის მანძილზე პეკორელი ასრულებდა ჯელისა და მისი მეგობრების შეკვეთებს, თუმცა შემდეგ პეკორელისა და ჯელის ძმაკაცობა მტრობით შეიცვალა. ჟურნალის ნაცვლად პეკორელიმ საინფორმაციო სააგენტო გახსნა, რომლის ფორმალური მფლობელი მარინა ბრატსტეტერი იყო, რეალურად კი ყველაფერს პეკორელი წყვეტდა. გარკვეულ ხანს პეკორელი განაგრძობდა ჯელიზე მუშაობას, მისი ინტერესების დაცვას, მაგრამ შემდეგ პ–2–ის თავკაცს მწვავედ დაუპირისპირდა.
"იტალიაში ყველა მეტნაკლებად სერიოზული დანაშაულის უკან მასონები დგანან, – წერდა პეკორელი, – ეს თანაბრად ეხება როგორც ტერაქტებს, მაფიოზურ გარჩევებს, აგრეთვე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასაც".
პეკორელი სისტემატურად აშუქებდა პ–2–ის ბნელ მოღვაწეობას. რეაქციამ არ დააყოვნა. "ტემპომ" გამოაქვეყნა იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც კონტრდაზვერვისგან ფულს იღებდნენ. მათ შორის პეკორელიც იყო. პეკორელიმ "ტემპოს" სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ სარჩელი უარყო, რადგან დამტკიცდა, რომ პეკორელი მართლაც იყო შეკრული კონტრდაზვერვასთან და მისგან ფულსაც იღებდა.
დღეს ბევრი მკვლევარი თვლის, რომ პეკორელის დაპირისპირება ჯელისთან პირად ხასიათს ატარებდა. როგორც ჩანს, ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ პ–2–ის თავკაცზე მუშაობა მისთვის არახელსაყრელი გახდა. კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნებმა, რომელთაც ჯელის ჩაძირვა სურდათ, ეს უმალ გამოიყენეს. ასეა თუ ისე, ამ ჟურნალისტმა მართლაც ბევრი გააკეთა პ–2–ის მხილებისთვის. მან გამოაქვეყნა მამხილებელი მასალები, რომლებმაც ჯელის და საერთოდ მასონობასაც იტალიაში სახელი ძალზე გაუტეხა.
›š
ცოტა ხნის შემდეგ დააპატიმრეს მაფიის რამდენიმე ნათლიმამა, რომლებიც ჯელისთან შეკრული იყვნენ, მაგრამ...
– ამის იქით არ გაგვიშვეს...
– კონკრეტულად ვისი ფიგურა გამოიკვეთა ანტიმაფიოზური კამპანიისას?
– ამოტივტივდა ორი ფიგურა: პირველია "ბანკო ამბროზიანო" და მისი თავკაცი რობერტო კალვი. მეორე – ასევე ბანკირი მიქელე სინდონა.
გაოცებული როსეტი დელა კიეზას მიაჩერდა:
– ბანკო ამბროზიანო?
– ჰო, რა გაგიკვირდა.
– ეს ხომ იტალიის უმსხვილესი კერძო ბანკია.
– ვიცი. რობერტო კალვი კი პ–2–ის წევრი, – დელა კიეზემ ჩაიცინა, – აი, ნუსხა მისი დანაშაულებრივი საქმიანობებისა.
– რაში სდებ ბრალს კალვის?
– ის საერთაშორისო მასშტაბის ფინანსურ აფიორებშია გარეული.
როსეტი ჩაფიქრდა. კალვი ჯელის ახლო მეგობარი და, სავარაუდოდ, მოლარეც იყო. კალვი... არა, ეს მეტისმეტად მსხვილი ფიგურაა.
– სინდონა ვიღაა?
– ბანკირია. მსხვილ ფიგურას არ წარმოადგენს. გააჩნია კავშირი მაფიის თავკაცებთან სიცილიაში, აგრეთვე გამბინოს კლანთან აშშ–ში. გამბინოს დახმარებით, სინდონამ აშშ–ს ტერიტორიაზე ბანკი გახსნა.
– გაქვს მონაცემები სინდონას ფინანსური აფიორების შესახებ?
– რასაკვირველია.
– როგორი ურთიერთობები აქვს სინდონას კალვისთან?
– ახლო.
– შეიძლება ითქვას, რომ კომპანიონები არიან?
– დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ "ბანკო ამბროზიანოს" მეშვეობით, სინდონამ რამდენიმე მსხვილი აფიორა განახორციელა.
როსეტი ჩაფიქრდა. სინდონა მთელ ამ ჯაჭვში ყველაზე სუსტი რგოლია. კალვი მსხვილი ფიგურაა, ამიტომ პირველი დარტყმა სინდონაზე უნდა იქნას განხორციელებული. თუ სინდონა ჩაიძირება, ეს ავტომატურად განაპირობებს სხვების ჩაძირვასაც.
– მაშ სინდონა, – როსეტიმ თვალები დახუჭა.
– გადაწყვიტე რამე? – შეეკითხა დელა კიეზე.
– მომიმზადე ყველაფერი ამ სინდონაზე. ხაზი გაუსვი მის კავშირებს კალვისთან. შემდეგ ყოველივეს ამერიკელებს გადავცემთ.
მალე პრესაში პ–2–ის დანაშაულის ამსახველი ახალი მასალები გაჩნდა. კვლავ გაისმოდა ხმები მოახლოებული გადატრიალების შესახებ. სახელდებოდა კონკრეტული პიროვნებაც: ლიჩო ჯელი. პარალელურად დაიბეჭდა ცნობები დელა კიეზეს მიერ დაკავებული მაფიის მეთაურთა შესახებ. ბევრ მათგანს ბრალს სდებდნენ ლიჩო ჯელისთან კავშირში.
ლიჩო ჯელი კვლავაც თავს იმართლებდა. დიდი მაგისტრი უკვე მიხვდა, რომ პ–2–ის შიგნით ინფორმაციის გაჟონვა მოხდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ეს გენერალ როსეტის ნახელავი იყო. ჯელიც აპირებდა, როსეტი პირადად დაეკითხა. მალე გენერალმა მას ოფიციალურად შეატყობინა, რომ პ–2–ის რიგებიდან გადიოდა.
– მაშ "თხუნელა" იყავი? – დამცინავად შეეკითხა ჯელი, – არ გრცხვენია, გენერალი კაცი უბრალო აგენტის დონემდე დაეშვი!
– მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები, – გაიღიმა როსეტიმ.
– კეთილი, იცინე! თან დაიხსომე: იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის, – გამოსცრა ჯელიმ და ზურგი შეაქცია.
›š
როსეტიმ იუსტიციის მინისტრს სპეციალური მემორანდუმი გადასცა.
გენერალი ახლა იტალიის დაზვერვის შეფის კონსულტანტი იყო. მიუხედავად ამისა, მის მოხსენებაში დაწვრილებით იყო გაანალიზებული პ–2–ის მთელი საქმიანობა, მისი კავშირი სპეცსამსახურებთან. როსეტიმ უდიდესი ადგილი დაუთმო ლიჩი ჯელის პერსონას. გააშუქა მისი საქმიანობა, კავშირები.
– საიდან ასეთი ინფორმაცია? – დაინტერესდა მინისტრი.
– პ–2–ის რიგებში ბევრი აგენტი მყავს. ამას გარდა, თავადაც ვიყავი პ–2–ის წევრი.
– რაო?
– დიახ, სხვაგვარად ასეთ ინფორმაციას ვერ მოვიპოვებდი. ჯელის საქმიანობით ამერიკელები არიან დაინტერესებულნი. პ–2 და მისი დიდი მაგისტრი კარგა ხანია, მათ უდიდეს შეშფოთებას იწვევენ.
– ეს თქვენი ნახელავია? – დაუფარავი გაღიზიანებით შეეკითხა მინისტრი.
– არა მხოლოდ. იტალიაში, ღვთის წყალობით, ბევრი ადამიანია, ვისთვისაც სულ ერთი არაა, თუ რა ხდება მის ქვეყანაში.
– მაშასადამე, ამ პ–2–ის გარშემო საერთაშორისო სკანდალი აგორდება? – მინისტრს ლოყები აუწითლდა.
– თუ ხელისუფლება ჯელის მიმართ ზომებს მიიღებს, სკანდალს ავიცილებთ.
– ეჰ, ეს რომ მხოლოდ ჩემზე იყოს დამოკიდებული, – მინისტრმა ამოიოხრა, – სამწუხაროდ, ასეთ საქმეებს მხოლოდ მე არ ვწყვეტ. გპირდებით, რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ.
– ოღონდ იჩქარეთ, სენიორ, – როსეტიმ პაუზა გააკეთა, – ჯელიმ შეიძლება რამე მოიმოქმედოს.
– ფიქრობთ, რომ შეიძლება გაიქცეს?
– რატომ უნდა გაიქცეს? ამ აჟიოტაჟის შემდეგაც კი ხელისუფლებას არ სურს, ხელი ახლოს. ჯელის დასაპატიმრებლად ვითარება ჯერ არაა მომწიფებული. ის არსად გაიქცევა და შეტევაზე გადმოვა.
– გეშინიათ, გენერალო?
– შიში რა შუაშია? უბრალოდ ვხედავ, რომ იტალიაში მოვლენები ბობოქარი სცენარით განვითარდება.
– იტალიური დემოკრატია საფრთხეშია?
– დიახ.
›š
პრემიერ–მინისტრ ალდო მოროს მოტაცებასა და მკვლელობას (1978) იტალიის ისტორიაში სამართლიანად მიიჩნევენ საუკუნის დანაშაულად.
ოფიციალური ვერსიით, მოროს მოტაცება წითელი ბრიგადების ნახელავი იყო. როსეტის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამის უკან ლიჩო ჯელი იდგა – წითელი ბრიგადების თავკაცები ხომ პ–2–ის წევრები იყვნენ! დიდი მაგისტრი ის კაცი არაა, რომელიც გამოგიძახებს და პირდაპირ გეტყვის, ესა და ეს კაცი უნდა მოვიშოროთო. ჯელი გაცილებით ოსტატურად მოქმედებს. ბინძურ საქმეებს სხვისი ხელით აკეთებს. ინტრიგას დიდხანს ხლართავს. ყველაფერს ისე მოაწყობს, რომ თავად ჩრდილში დარჩეს.
თუ ეს ასეა, რატომ აკეთებს ამას ჯელი? რაში სჭირდება იტალიის პრემიერ–მინისტრის მოკვლა?
მორო იმ მცირერიცხოვან იტალიელ პოლიტიკოსთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვისაც შეეძლო, მინისტრთა კაბინეტების გაუთავებელი ცვლილებებისთვის ბოლო მოეღო. მორომ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა. მის შემადგენლობაში კომუნისტებიც შევიდნენ. ამრიგად, სტაბილური მთავრობის კონტურები გამოიკვეთა და ასეთი ლიდერი მოკლეს.
რატომ?
ჯელის ხელისუფლებაში მოსვლა სურს. ეს კი მხოლოდ გადატრიალების გზითაა შესაძლებელი. მორო ძვალივით ეჩხირებოდა ყელში. პ–2–ის თავკაცმაც ის მოიშორა, წითელი ბრიგადების ხელით მოიშორა.
მაგრამ როგორ გინდა ამის დამტკიცება?!
›š
რომი, 1979 წლის 20 მარტი, საღამო. მინო პეკორელი შინ ამ დროს ბრუნდებოდა. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ღია ფერის პლაშჩი ეცვა, ტროტუარზე ბოლთას სცემდა. როგორც კი პეკორელის მანქანა დაინახა, შედგა. ჟურნალისტმა მანქანა გააჩერა. ახალგაზრდა მანქანასთან მივიდა და ზრდილობიანად დააკაკუნა მინაზე, თითქოს რაღაცის კითხვა სურსო. პეკორელიმაც ჩამოსწია მინა და თავი გამოყო.
ახალგაზრდამ ელვისებურად იძრო რევოლვერი და პეკორელის დაახალა.
ჟურნალისტმა დაკვნესებაც ვერ მოასწრო. მისი სხეული უღონოდ მიესვენა საჭეზე. ახალგაზრდამ კარი გააღო და კიდევ რამდენიმე გასროლა განახორციელა.
იმავე დღეს ტელევიზიით გადაიცა ცნობა:
– რომში მოკლულია ჟურნალისტი მინო პეკორელი! მკვლელი მიიმალა!
›š
გენერალი დელა კიეზე პალერმოში პრეფექტად გადაიყვანეს. აქაოდა, მაფიასთან ბრძოლაში დიდი უნარი გამოავლინა, ამიტომ მას მისივე ბუნაგში ანუ პალერმოში დაუპირისპირდესო.
დელა კიეზე კარგად ხვდებოდა ამ მოულოდნელი დანიშვნის მიზეზს. ვიღაცას მისი მოშორება სურს. პალერმოში დანიშვნა პირველი ნაბიჯია. შემდგომში ამას მეორე მოჰყვება.
– ყველაფერს გააკეთებენ, რომ იქ მარცხი განვიცადო! თუ გამოუვიდათ, საქვეყნოდ გამამასხარავებენ, თუ არა...
დელა კიეზემ არ დაამთავრა. ცხადი იყო, რომ თუ მისი გამასხარავება არ გამოუვათ, მაშინ მაფიის ხელით გაუსწორდებიან. პალერმოში ხომ პრეფექტების მოკვლა უცხო ხილი არაა. დელა კიეზე არც პირველია, არც უკანასკნელი!
თუმცა ჩხუბი მორევაზეა! რაკი ასე მოეწყო საქმე, ის, დელა კიეზე, ყველაფერს გააკეთებს, რათა მაფიას მისივე ბუნაგში გაუსწორდეს და ახალ–ახალი საბუთები გამოჩხრიკოს ლიჩო ჯელისა და მისი ლოჟის წინააღმდეგ.
– კეთილი, რაკი დამნიშნეთ, ასე იყოს. მწარედ ინანებთ, რომ დელა კიეზე პალერმოს პრეფექტი გახდა!
გენერალი უშიშრად გადაეშვა ბრძოლაში.
იტალიაში კი სულ უფრო ბობოქარი მოვლენები ვითარდებოდა
1980 წელს დასრულდა გამოძიება ექსპრეს "იტალიკუსში" მომხდარი აფეთქების გამო. აქცია ნეოფაშისტების ნახელავი გახლდათ, თუმცა მათ უკან ნათლად იკვეთებოდა პ–2–ის კვალი. 1980 წლის 2 აგვისტოს ბომბი უკვე ბოლონიის ვაგზალში აფეთქდა. შედეგად დაიღუპა 85, დაშავდა 200–ზე მეტი ადამიანი.
"პანორამა" აღნიშნავდა, რომ ბოლონიის ვაგზალშო მომხდარმა ტერაქტმა ყველა შოკში ჩააგდო. აფეთქება ხომ გაგანია ზაფხულში მოხდა, როცა მთელი იტალია შვებულებაშია და ვაგზალიც ხალხითაა გაჭედილი!
– ვიღაცას სურს, ქვეყანაში "მართვადი ქაოსი" შექმნას, მართვადი მის მიერ, რათა დათესოს პანიკა და განახორციელოს გადატრიალება!
ახლა როსეტის უკვე სხვებიც უბამენ მხარს. რესპუბლიკის პროკურორის მაგიდაზე ერთიმეორის მიყოლებით იდება მოხსენებითი ბარათები. იქ ნათქვამია:
– მასონური ლოჟა პ–2 წარმოადგენს ძირგამომთხრელ ორგანიზაციას, რომელიც კარგადაა ორგანიზებული, დაფინანსებული და აქტიურ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს.
გაზეთები გადაჭედილია პ–2–სა და ჯელის მიმართ წარმოთქმული ბრალდებებით. მოსყიდული ჟურნალისტების მეშვეობით ჯელი კონტრინფორმაციას ავრცელებს. აქაოდა, ყველა, ვინც ტერაქტებში ლიჩო ჯელის ადანაშაულებს, მოსყიდულია და იტალიის წინააღმდეგ მუშაობსო.
იმავდროულად, ამერიკული გფბ იტალიელ სამართალდამცველებს ბანკირ მიქელე სინდონას საქმიანობის შესახებ მასალებს გადასცემს.
ბანკირმა, როგორც ჩანს, საფრთხე იყნოსა და მიიმალა. გამოითქმებოდა ვარაუდი, რომ მან თავი არეცოში, ლიჩო ჯელის კუთვნილ ვილა "ვანდას" შეაფარა.
პროკურორმა ჩხრეკის სანქცია გასცა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სკანდალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online