asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

21–ე საუკუნეში კიდევ ერთი სამზითვო ვეფხისტყაოსანი შეიქმნა
დათო მაჭავარიანმა ვეფხისტყაოსანი თავიდან აღმოაჩინა
21–ე საუკუნეში კიდევ ერთი სამზითვო ვეფხისტყაოსანი შეიქმნა

2011-06-30 17:48:25



34 წლის მხატვარი დათო მაჭავარიანი წარმოუდგენლად დიდ საქმეს შეეჭიდა – მან "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები გააკეთა. ეს თავის დროზე მხოლოდ ისეთმა დიდმა მხატვრებმა შეძლეს, როგორებიც იყვნენ ზიჩი, ქობულაძე, გუდიაშვილი... წიგნი ისეთი გამოვიდა, თაობებს რომ გადასცემ, ანუ სამზითვო "ვეფხისტყაოსანი" 21–ე საუკუნეშიც შეიქმნა.
ილუსტრაციები ძველ სტილთან შერწყმული თანამედროვე ხედვით არის შესრულებული. 31 ნახატს მხატვარმა თითქმის ორი წელი მოანდომა. თითოეული დეტალი საოცრად დახვეწილია, თითქოს მასზე გრავიურის ძველ ოსტატებს უმუშავიათ.
ილუსტრირებული "ვეფხისტყაოსნის" შექმნის იდეა ცნობილ გამომცემელ ბაკურ სულაკაურს ეკუთვნის. სწორედ მან შესთავაზა ახალგაზრდა მხატვარს, "ვეფხისტყაოსანზე" ემუშავა. ჩანაფიქრმა გაამართლა. წიგნის პრეზენტაცია 30 ივნისს შედგება. მანამდე კი მხატვარი "სარკეს" ესაუბრა.
– დათო, პირველ რიგში, ზოგადად წიგნების დასურათებაზე გკითხავთ. როგორც მხატვარს, ილუსტრაციებზე მუშაობა არ გზღუდავთ, გარკვეულ ჩარჩოებში არ გაქცევთ?
– უნდა გითხრათ, რომ ილუსტრაციებზე მუშაობა საოცრად საინტერესოა, წიგნებთან გიწევს მუშაობა, პერსონაჟების სახეებს ქმნი. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვო, თავი უნდა შეიზღუდო. გარკვეულწილად წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობა შეიძლება კიდეც ნიშნავს იმას, რომ თავს რაღაცაში იზღუდავ, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო პროცესია – თითოეული პერსონაჟი უნდა წარმოიდგინოთ და მისი სახე შექმნათ. ეს თითქოს აზარტულ თამაშს ემსგავსება.
– ვისი იდეა იყო, რომ "ვეფხისტყაოსანზე" გემუშავათ?
– ეს ბაკურ სულაკაურის იდეა გახლდათ, რომელსაც უკვე 15 წელია ვიცნობ. ორი წლის წინ მითხრა, "ვეფხისტყაოსანზე" დავიწყოთ მუშაობა, ვნახოთ, რა გამოგვივაო. მნიშვნელოვანი იყო, რომ ბაკურს ჩემთვის ვადები არ დაუთქვამს, დროში არ ვყოფილვარ შეზღუდული, ფაქიზად, მშვიდად ვმუშაობდი ამ ილუსტრაციებზე. სამუშაო პროცესი ძალიან რთული იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. ისე დავიწყე კეთება, როგორც ძველი ოსტატები აკეთებდნენ, გრავიურას ჰგავს, უწვრილესი ხაზებისგან შედგება.
– თითოეულ ილუსტრაციაზე ბევრი ფიგურაა და ამავე დროს თითოეული დეტალი საოცრად დახვეწილია. ისეა გაკეთებული, თითქოს ყველა მთავარი გმირი იყოს. ალბათ ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო.
– მე მინდოდა, ილუსტრაციები ბევრი ფიგურით ყოფილიყო დატვირთული. ბუნებრივია, ამას მეტი შრომა სჭირდებოდა, თითოეულ ილუსტრაციაზე სამი–ოთხი კვირა ვმუშაობდი, ამიტომაც ამ ორი წლის განმავლობაში 31 ილუსტრაცია შეიქმნა.
– "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხატვარი ქმნიდა. თქვენთვის ერთგვარი გამოცდაც იქნებოდა, ისე გემუშავათ, რომ მათ გავლენას გაქცეოდით და ინდივიდუალური სტილი შეგენარჩუნებინათ.
– ბუნებრივია, განსხვავებული უნდა ვყოფილიყავი. თავის დროზე ზიჩმა ძალიან საინტერესო ნახატები შექმნა. კონკურსი გამოაცხადა და თავადაზნაურობას ფოტოები გადაუღო, შემდეგ ამ სურათების მიხედვით შექმნა ნახატები. მისი ნამუშევრები ძალიან საინტერესოა, საოცრად მომწონს ქობულაძის, ჯაფარიძის ილუსტრაციები... "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები თითოეული ქართველის წარმოსახვაში არსებობენ უკვე მრავალი საუკუნეა, მე კი ჩემეული უნდა შემექმნა.
– სწორედ ამაშია სირთულე, რომ ყველას ჩვენ–ჩვენი ტარიელი, ფრიდონი, ავთანდილი გვყავს და ამიტომაც მხატვრის მიმართ შეიძლება ბევრი პრეტენზია გაჩნდეს.
– კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ისინი უჩვენოდაც არსებობენ. ისინი ლამაზები უნდა ყოფილიყვნენ...
– თუმცა სილამაზე აბსტრაქტული ცნებაა, ის, რაც ერთისთვის ლამაზია, მეორისთვის შეიძლება სულაც არ იყოს ასეთი.
– გეთანხმებით, სილამაზე მართლაც ზოგადი ცნებაა. ჩემი აზრით, ულამაზო ადამიანი საერთოდ არ არსებობს. სილამაზეზე მსჯელობა ძალიან რთულია. დღეს ლამაზად ევროპული ნაკვთების მქონე ადამიანები ითვლებიან, შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის ამოსავალი წერტილი. ვაკვირდებოდი ადამიანებს, როგორც უცხოელებს, ასევე ქართველებს და იმის მიხედვით ვქმნიდი "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟებს.
– თანამედროვე ადამიანების სახეების გამოყენება რამდენად ჯდება "ვეფხისტყაოსნის" ეპოქაში?
– მე ისე გავაკეთე, თითქოს ეს მე–18, მე–19 საუკუნეში შეიქმნა, ისე, როგორც ამას ძველი ოსტატები აკეთებდნენ. ვეცადე, სიძველის სურნელი ჰქონოდა, მინდოდა, ეს განწყობა შექმნოდა მნახველს.
– რომელიმე ცნობილი ადამიანის სახე ხომ არ გამოიყენეთ?
– სხვათა შორის, მეუბნებოდნენ, მეგობარი ან ვინმე შენიანი დახატეო, მაგრამ მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. ამ ნამუშევრებში კონკრეტული ადამიანის სახე არ მაქვს გამოყენებული.
– რომელი პერსონაჟი იყო თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის, ყველაზე საინტერესო?
– ყველა ერთნაირად საინტერესო და რთული, მაგრამ ამავე დროს იოლიც იყო. მაგალითად, ავთანდილი ძალიან ქმედითი პერსონაჟია, მას შეუძლია მეკობრეების გემი მთლიანად ამოჟლიტოს და წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს გარეგნობით, ან ძალიან დიდი, გოლიათი, ან სხარტი და ან ორივე ერთად. როცა მის პერსონაჟს ვქმნიდი, მე ეს ყველაფერი შევაჯერე.
– როგორია თქვენი ტარიელი?
– ტარიელიც დიდი ფიზიკური ძალის პატრონია და შესაბამისი აღნაგობაც უნდა ჰქონოდა. ძალიან საინტერესო პერსონაჟია, მას გული ხშირად მისდის. მაგალითად, როცა გაიგებს, რომ ნესტან–დარეჯანი გაიტაცეს, ცხენიდან გულწასული გადმოვარდება. ჩემი აზრით, თანამედროვე გაგებით, ტარიელი უფრო მეტროსექსუალია. კარგი ჩაცმა უყვარს, ამიტომ მას კარგი ხმალი უნდა ჰქონდეს, კარგი ცხენი უნდა ჰყავდეს... მე ზუსტად ასეთი წარმოვიდგინე და ასე დავხატე. მათი ხასიათი სხეულის ენით უნდა გადმომეცა, ამიტომ გარეგნობა მნიშვნელოვანი იყო.
– მუშაობის პროცესში "ვეფხისტყაოსანი" ალბათ თავიდან აღმოაჩინეთ.
– კი, ნამდვილად ასეა. რაც სკოლაში "აღმომაჩენინეს", ის არ ითვლება.
– თუმცა შეიძლება ხუთი–ათი–თხუთმეტი წლის შემდეგ კიდევ სხვა თვალით დაინახოთ და სხვანაირად მოგინდეთ დახატვა, რადგან "ვეფხისტყაოსანს" ვერ ამოწურავ.
– ეს თავისთავად ასე იქნება. ამ წიგნს იმხელა სიღრმე აქვს, რომ ყველა ასაკში იმის მიხედვით წაიკითხავ, როგორც იმ მომენტში აღიქვამ სამყაროს. ეს არის უკიდეგანო სივრცე, რომელსაც ვერ ამოწურავ.
– არ შეგეშინდათ, როცა ამხელა საქმეს შეეჭიდეთ?
– როცა რაღაცის ხატვას ვიწყებ, საკუთარ თავთან, შინაგან მე–სთან დიალოგს ვმართავ. ჩემში თითქოს იმ დროს რამდენიმე ადამიანი ზის, ერთი სვამს კითხვას, მეორე სცემს პასუხს... და კიდევ არის მესამე, რომელიც ამ ყველაფერს ზემოდან დაჰყურებს და აკონტროლებს, ანუ უფალი, შემოქმედი. როცა ამ პროექტზე ვიწყებდი მუშაობას, ჩემმა შინაგანმა მე–მ ან, გნებავთ, გულმა მიპასუხა, რომ შევძლებდი.
– ყველა შემოქმედს აქვს თავისი მიზანი, მწვერვალი, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მიისწრაფვის. 34 წლის ასაკში ასეთ მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდეთ და კარგადაც გამოგივიდათ. ამის მერე რაღა უნდა შექმნათ?
– სხვათა შორის, ამას სხვებიც მეკითხებიან, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ჩემი თავი ამოვწურე. ამის შემდეგ ისევ გავაგრძელებ სხვადასხვა წიგნის დასურათებას და პარალელურად "ვეფხისტყაოსანზეც" ვიმუშავებ.
ირინე მჭედლიძე. ჟურნალი სარკე, N 26


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online