asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცალთვალა მოწმე ქალი
ცალთვალა მოწმე ქალი

2011-06-30 17:48:23



მირტლ ფარგოს საქმის წინასწარ მოსმენას პუბლიკის დიდი ინტერესი არ მოჰყოლია. ფარგო რომ ქმრის მკვლელი იყო, ამაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა, ამიტომ მეისონს ნახევრად ცარიელ დარბაზში უწევდა გამოსვლა. ეს ფაქტი საოლქო პროკურორ ჰამილტონ ბერგერს ძალიან აღიზიანებდა, რადგან სურდა, დიდი ხნის ოცნება აესრულებინა და ადვოკატი პერი მეისონი საჯაროდ დაემარცხებინა.
ქმრის მკვლელობასთან ერთად მირტლ ფარგოს სეიფის გაძარცვაც ბრალდებოდა, რასაც ბერგერის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებიც ადასტურებდა.
›š
პროცესის ყველაზე დრამატული ნაწილი, ცხადია, მოწმეების დაკითხვა იყო.
ბერგერმა პირველად იუნიონ ტერმინალის ავტოსადგომის მორიგე პერსი დანვერსი გამოიძახა. მან განაცხადა, რომ მისტერ ფარგოს მკვლელობის დღეს, დაახლოებით თერთმეტ საათზე, მირტლ ინგრემ ფარგომ თავისი მანქანა ავტოსადგომზე დააყენა, რომელიც შემდეგ პოლიციამ დააფიქსირა. დანვერსის ამ განცხადებას ბერგერის პირველი შეკითხვა მოჰყვა:
– ეს ქალი მერეც ნახეთ?
– დიახ, სერ.
– სად?
– პოლიციის სამმართველოს საკანში.
– იქ სხვა ქალებიც იყვნენ?
– დიახ, ხუთნი.
– მათში ვინ ამოიცანით?
– ბრალდებული მისის ფარგო, – მიუგო მოწმემ და თითი მირტლ ფარგოსკენ გაიშვირა.
– კითხვები არ მაქვს, – მოზეიმე ხმით განაცხადა ბერგერმა.
ჯერი მეისონზე მიდგა:
– მისტერ დანვერს, ხომ შეგეძლოთ, უბრალოდ, ბრალდებული გეთქვათ და მისკენ თითი არ გაგეშვირათ? ეს ვინმემ დაგარიგათ?
– დიახ, – თქვა მოწმემ ყოყმანის შემდეგ.
– ვინ?
– თქვენო ღირსებავ, – მიმართა მოსამართლე კეისს პროკურორმა, – ვთქვათ, ეს ჩემი დარიგებით მოხდა. განა ამით რამე იცვლება?
– ასეც ვიცოდი, – შენიშნა მეისონმა და მოწმეს მიუბრუნდა, – შეგიძლიათ აღწეროთ, იმ ქალს რა ეცვა? ვთქვათ, კაბა, ფეხსაცმელი, შლაპა...
– არა, სერ. ასეთი რაღაცეებით არ ვინტერესდები. მე მხოლოდ მისი სახე დამამახსოვრდა.
– ეს როდის?
– როცა მანქანიდან გადმოვიდა და ტაქსის გაჩერება მთხოვა.
– ეს უცნაურად გეჩვენათ და იმიტომ?
– ალბათ.
– მოკლედ, სახე დაგამახსოვრდათ.
– საკმაოდ კარგად.
– საკმაოდ კარგად? ანუ დარწმუნებული არ ხართ?
– ვფიქრობ, რომ დარწმუნებული ვარ.
– ნამდვილად დარწმუნებული ხართ თუ თითქმის?
– ვაპროტესტებ! – წამოხტა ბერგერი, – მისტერ მეისონი მოწმის დაბნევას ცდილობს!
– პროტესტი უარყოფილია, – თქვა მოსამართლემ, – დაცვას ვთხოვ, განაგრძოს.
მეისონი ისევ მოწმეს მიუბრუნდა:
– მისტერ დანვერს, პოლიციელებმა ჯერ ამ ქალის აღწერა გთხოვეს, მერე კი ბრალდებულის ფოტოები გიჩვენეს?
– დიახ, სერ.
– თქვენ რა უპასუხეთ?
– ვუთხარი, ეს სახე მეცნობა–მეთქი.
– მაგრამ ზუსტად ის თუ იყო, არ გითქვამთ.
– არა.
– ანუ ბოლომდე დარწმუნებული არ იყავით.
– ხომ ვთქვი, მგონი, მეცნობა–მეთქი.
– მე მოვრჩი, – თქვა მეისონმა და დაჯდა.
– ბრალდებას თუ აქვს შეკითხვა? – იკითხა მოსამართლემ.
– გაიხსენეთ, – მიმართა ბერგერმა მოწმეს, – გარდა იმისა, ამოცნობილ ბრალდებულზე თითით რომ მიგენიშნებინათ, გირჩიეთ რამე?
– არაფერი.
– მეც მოვრჩი, – თქვა პროკურორმა.
– ერთი წამით, – შეაჩერა მეისონმა, როცა მოწმემ წასვლა დააპირა, – კიდევ მაქვს შეკითხვა. როცა ჰამილტონ ბერგერი გესაუბრათ, ხომ არ ურჩევია, რამე ისეთი დაგემალათ, თუ არ შეგეკითხებოდნენ?
– ჰო... რომ ამ ქალს, პატარა ტყავის ჩანთის გარდა ხელში არაფერი ეკავა.
– გმადლობთ, მისტერ დანვერს, – სარკასტულად წარმოთქვა მეისონმა, – კითხვები აღარ მაქვს.
– არც მე, – ჩაილაპარაკა ბერგერმა და შემდეგი მოწმე გამოიძახა.
›š
ეს ის მფრინავი იყო, რომელიც ვიღაც მამაკაცმა დაიქირავა ვუალიანი ქალის ბეკერსფილდში ჩასაყვანად, პირველი საათის ავტობუსისთვის რომ მიესწრო.
– ამგვარ ქალს დარბაზში ხედავთ? – შეეკითხა ბერგერი მოწმეს.
– დიახ, სერ.
– სად არის?
– თუ მისტერ ბერგერმა თითით ჩვენება დაგავალათ, იმოქმედეთ, ნუ მოგერიდებათ, – ჩაურთო მეისონმა.
– თითით არა, მაგრამ მითხრა, ასე თქვი, ეს ბრალდებულიაო.
დარბაზს სიცილის ტალღამ გადაუარა.
– კარგი. ეს ქალი ადრე გინახავთ? – შეეკითხა ბერგერი.
– ჰო.
– ეს აქ მყოფი ბრალდებულია?
– ჰგავს.
– მე მოვრჩი, – სწრაფად განაცხადა ბერგერმა.
– ერთი წამით, – თქვა მეისონმა, როცა მოწმემ გასვლა დააპირა, – იქნებ ის მამაკაცი აგვიწეროთ, ვინც თქვენი თვითმფრინავი დაიქირავა?
– დაახლოებით სამოცის იქნებოდა... დაბალი, მსუქანი... ისე ქანაობდა, მთვრალი მეგონა, თუმცა სპირტის სუნი არ ასდიოდა.
– ახლა ამოცნობაზე გადავიდეთ. მოგვიყევით, ეს როგორ მოხდა.
– პოლიციელებმა საკანში შემიყვანეს, ერთი ქალი უნდა ამოიცნოო. იქ იმ ქალთან ერთად მხოლოდ ზედამხედველი დამხვდა.
– შესანიშნავია, – შესძახა მეისონმა, – ალბათ ისიც დაამატეს, ეს ქალი შენი მგზავრი იყოო.
– ჰო, რაღაც ამის მსგავსი, თანაც მითხრეს, პროცესზე დამაჯერებლად უნდა გამოხვიდე, თორემ რომელიმე მარჯვე ადვოკატი ადვილად გამოგიჭერსო.
– მე მოვრჩი, – თქვა მეისონმა და დაჯდა.
– კითხვები არც მე მაქვს, – თქვა ბერგერმა და შემდეგ მოწმეს უხმო.
›š
მესამე მოწმე იმ ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც ვუალიანი ქალი აეროპორტიდან ავტობუსების სადგურში მიიყვანა. მან განაცხადა, რომ ამ ქალის სახე არ დაუნახავს და ამიტომ ვერც ამოიცნობდა.
– მის ტანსაცმელს თუ დააკვირდით? – შეეკითხა ბერგერი.
– არა, ასეთი რაღაცეები არ მაინტერესებს.
– კარგით. ახლა დაცვას მოვუსმინოთ.
მეისონი სკამიდან წამოდგა და მოწმეს მიაჩერდა:
– მითხარით, ამ დარბაზში ბრალდებულის ხმა მოისმინეთ?
– დიახ, სერ.
– თქვენი მგზავრი ქალის ხმაც მოსმენილი გექნებათ.
– რა თქმა უნდა.
– მაინტერესებს, ისინი ერთნაირია?
– თითქმის.
– მაგრამ ზუსტად ვერ ამბობთ.
– იცით...
– კარგით, – შეაწყვეტინა მეისონმა, – აქ მოსვლამდე ბერგერი გესაუბრათ?
– დიახ.
– ვხვდები, რასაც გირჩევდათ, რომ ეს ხმები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. ასე იყო თუ არა?
– დიახ. ასე მირჩია.
– შეკითხვა აღარ მაქვს, – მეისონი დაჯდა.
– არც მე, – თქვა ჰამილტონ ბერგერმა და დაამატა, – შემდეგი მოწმე მისის ნიუტონ მეინარდია. მისტერ მეისონ, იმედია, მასაც წინა მოწმეებივით გულდასმით დაკითხავთ.
›š
როცა სათვალიანმა მისის მეინარდმა მოწმის ადგილი დაიკავა, ყველამ შენიშნა, მარცხენა თვალი შებინტული რომ ჰქონდა. მცირე შესავლის შემდეგ ბერგერი შეეკითხა:
– ამა წლის 22 სექტემბერს სად იყავით?
– დილით ლოს ანჯელესში, საღამოს კი საკრამენტოში.
– რითი იმგზავრეთ?
– "პასიფიკ გრეიჰაუნდის" ავტობუსით.
– ამ მგზავრობის დროს ბრალდებულ მირტლ ინგრემ ფარგოს თუ ესაუბრეთ?
– დიახ, სერ.
– პირველად როდის დაინახეთ?
– როცა ბეკერსფილდში ტაქსიდან გადმოვიდა.
– ანუ მანამდე ავტობუსში არ ყოფილა?
– არა, სერ. ბეკერსფილდში ამოვიდა.
– მოყევით, ეს როგორ მოხდა.
– როცა ტაქსიდან გადმოვიდა, ვუალი ეკეთა, რამაც უკვე დამაინტერესა, რადგან ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და...
– არსებითზე, თუ შეიძლება, – შეახსენა პროკურორმა.
– ნუ მაწყვეტინებთ! ვიცი, რაც უნდა ვთქვა! მოკლედ, ეს ქალი მერე ტუალეტში შევიდა, საიდანაც, ჩემდა გასაკვირად, ვუალის გარეშე გამოვიდა და ჩვენს ავტობუსში ამოვიდა. სულ მალე მე მის გვერდზე გადავჯექი და საუბარი გავუბი. როცა ვკითხე, საიდან მოდიხართ–მეთქი, იცით, რა მიპასუხა? ლოს ანჯელესიდანო! ასეთი ტყუილი გაგონილა? რომ არ მცოდნოდა, კიდევ ჰო! მერე ისიც თქვა, თქვენამდე აქ ვიღაც მთვრალი კაცი იჯდა და კიდევ კარგი, ბეკერსფილდში ჩავიდაო! არადა, დანამდვილებით ვიცი, ლოს ანჯელესში ავტობუსში ვინმე მთვრალი რომ არ ჩამჯდარა.
– დარწმუნებული ხართ?
– რა თქმა უნდა.
– გზაში თუ მოხდა რამე?
– ეს ქალი სტოქტონში ჩავიდა, სანაცვლოდ კი ვიღაც ტიპი ამოვიდა, რომელიც ირწმუნებოდა, ახლახან ჩასული ქალი ლოს ანჯელესიდან მოდიოდაო. მაშინ ვიფიქრე, აქ რომ ყველაფერი ისე არ იყო... მერე...
– თქვენი დასკვნები თქვენთვის დაიტოვეთ, – მოუჭრა ბერგერმა, – ის თუ შენიშნეთ, ამ ქალს როგორ ეცვა?
– ამ ქალთან დაკავშირებით ყველაფერი მახსოვს, – კატეგორიული ტონით განაცხადა მოწმემ, – მას ჩემსავით უბრალოდ ეცვა, მაგრამ გემოვნებით. მახსოვს, გემოვნება შემიქო კიდეც, თუმცა მიმანიშნა, ჩემზე უფროსი ხარო, რაც, ცხადია, მეწყინა, რადგან ყოველთვის მეუბნებოდნენ, ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებითო...
– რასაკვირველია, – დაეთანხმა ბერგერი და ადვოკატს მიუბრუნდა, – მისტერ მეისონ, თქვენი რიგია.
– გმადლობთ, – მეისონი წამოდგა და მოწმეს გაუღიმა, – მისის მეინარდ, თქვენ მართლაც ძალიან ახალგაზრდა ჩანხართ.
– საიდან იცით? – შეუღრინა ქალმა, – ხომ არ მითქვამს, რამდენი წლის ვარ?
– ჰო, რა თქმა უნდა, თუმცა, რა ხნისაც არ უნდა იყოთ, მაინც კარგად გამოიყურებით. მისის მეინარდ, როგორც ვხედავ, თვალები გტკივათ.
– დიახ, სერ. მარცხენა თვალში რაღაცა ჩამივარდა და ანთება დამეწყო, რამაც თვალის მაგრად ახვევა მაიძულა.
– რატომ მაგრად?
– ისე სათვალეს ვერ გავიკეთებდი, – განმარტა მისის მეინარდმა.
– მაშ, სათვალესაც ატარებთ?
– როგორც ხედავთ.
– რამდენი ხანია?
– ათი წელი იქნება.
– სათვალეს მუდამ ატარებთ თუ ზოგჯერ იხსნით კიდეც?
– მხოლოდ მაშინ ვიხსნი, როცა პირს ვიბან ან ვიძინებ.
დარბაზში ისევ გაისმა სიცილი.
– მისის მეინარდ, სათვალით კარგად ხედავთ? – განაგრძო დაკითხვა მეისონმა.
– რა თქმა უნდა.
– უსათვალოდ?
– ერთი წამით! – წამოხტა ადგილიდან ბერგერი, – მისტერ მეისონს საქმე იქითკენ მიჰყავს, თითქოს მისის მეინარდს ავტობუსში სათვალე არ ეკეთა! ამას დამტკიცება უნდა და არა ვარაუდი!
– ბრალდება დაწყნარდეს, დაცვამ კი განაგრძოს! – ბრძანა მოსამართლე კეისმა.
– გიმეორებთ, – თქვა მეისონმა, – უსათვალოდ როგორ ხედავთ?
მცირე პაუზის შემდეგ მოწმემ უხალისოდ წარმოთქვა:
– მიჭირს ამის თქმა, მაგრამ უსათვალოდ თითქმის ვერ ვხედავ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ლოს ანჯელესიდან საკრამენტომდე სათვალე სულ მეკეთა და ერთხელაც არ მომიხსნია.
– გასაგებია, – თქვა მეისონმა, – რაკი ასე გჭირდებათ, ალბათ მეორეც გექნებათ.
– მეორე? რისთვის?
– იმ შემთხვევისთვის, თუ ეს გაგიტყდათ.
– რატომ უნდა გამიტყდეს? ცხვირზე მიკეთია, ხელში კი არ ვათამაშებ!
დარბაზს სიცილმა გადაუარა.
– მისის მეინარდ, მაშ, სათვალე არასოდეს გაგტყდომიათ?
– არასოდეს.
– და ახლაც იგივე გიკეთიათ, რაც 22 სექტემბერს გეკეთათ?
– რასაკვირველია.
– მაშინ მითხარით, როგორ მოხდა, რომ 20 სექტემბერს ეს სათვალე მინების შესაცვლელად დოქტორ კარლტონ ბ. რედკლიფს მიუტანეთ?
მისის ნიუტონ მეინარდს სახეში სილის გაწვნა ალბათ ისე არ დააბნევდა, როგორც ეს შეკითხვა.
– მიპასუხეთ! თუ კითხვა გაგიმეოროთ? – შეუტია მეისონმა.
მოწმემ ტუჩები გაილოკა და ნირწამხდარმა წარმოთქვა:
– ის სხვა სათვალე იყო.
– რომელი სათვალე? თქვენ ხომ სათადარიგო არ გაქვთ?
– ვაპროტესტებ! – შესძახა ბერგერმა, – დაცვა ზეწოლას ახდენს!
– პროტესტი უარყოფილია, – თქვა მოსამართლემ, – განაგრძეთ, მისტერ მეისონ.
– მისის მეინარდ, ოკულისტს რომელი სათვალე მიუტანეთ? – გაუმეორა შეკითხვა ადვოკატმა.
– ჩემი მეგობრის სათვალე, – ამოღერღა ქალმა.
– რომელი მეგობრის?
– ეს... ეს... თქვენ არ გეხებათ!
– ბატონებო, – მეისონი გვერდზე შეტრიალდა, – ჩემი ღრმა რწმენით, მოწმე მეინარდს ლოს ანჯელესიდან საკრამენტომდე სათვალე არ ეკეთა!
გაგრძელება შემდეგ ნომერში


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online