| ქალი და მამაკაცი |

მოსკოვი, 1980 წელი.
სუკის შეფის ანდროპოვის აგარაკზე საიდუმლო შეხვედრა შედგა. ის კონსპირაციის ყველა წესის დაცვით მოხდა. ბელორუსიის ცეკას პირველი მდივანი მაშეროვი გაოცებას ვერ მალავდა. რაშია საქმე? რამ შეაშინა ასე ანდროპოვი, კაცი, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურის უფროსია?
– დაბრძანდით, პეტრე მირონიჩ, – ანდროპოვის ხმა ძლივს ისმოდა, – შენთან სერიოზული საქმე მაქვს. გსმენია რაიმე ბრილიანტის მაფიის შესახებ?
– ბრილიანტის მაფია? – მაშეროვმა გაოცებით ასწია წარბები, – სად? ჩვენთან?
– ჰო, ჩვენს ქვეყანაში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ძვირფასეულობით უკანონოდ ვაჭრობს, ბრილიანტები, ალმასები და ა.შ. ჩვენი მონაცემებით, ბრესტის საბაჟოს გავლით საქონელს საზღვარგარეთ აგზავნიან.
– დაუჯერებელია! – მაშეროვს სახე გაუფითრდა.
– მეც არ მჯეროდა, მაგრამ ფაქტები, ფაქტები... – ანდროპოვმა პაუზა გააკეთა, – მისმინეთ, შეგიძლიათ ამის შესახებ უხმაუროდ ცნობები შეკრიბოთ და მომახსენოთ?
მაშეროვმა ცხვირსახოცი ამოიღო და გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა.
– დიახ, იური ვლადიმიროვიჩ, ყველაფერს გავაკეთებთ, – მაშეროვმა თავისი ჩახრინწული ხმა ძლივს იცნო.
– მაშეროვი საბჭოთა ნომენკლატურის იმ ნაწილს განეკუთვნებოდა, რომელსაც "ჩვენს ბიჭებს" უწოდებენ, – წერს ლიუდმილა ტელენი, – მას შეეძლო როგორც გეგმის გადაჭარბებით შესრულება, ასევე ქალებში გრიალი, სმა, ნადირობა. ერთხელ სუფრაზე ვეება კავკასიური ყანწიც გამოსცალა. დამსწრენი გაოცებას ვერ მალავდნენ: მაშეროვი ხომ გამხდარი, ჩია კაცი იყო. მან კი ყანწი გამოსცალა და ქეიფიც განაგრძო!
ანდროპოვი ძალზე აფასებდა მაშეროვს. სუკის შეფი საოცრად ფრთხილი კაცი გახლდათ, არავის ენდობოდა, თუმცა, მაშეროვის შესახებ ამბობდა:
– ის გამორჩეულად წესიერი კაცია! ასეთები გადაარჩენენ ჩვენს ქვეყანას!
პეტრე მირონის ძე მაშეროვი (1918–1980) ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი პაპის მამა ეროვნებით ფრანგი და ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცი გახლდათ. ნაპოლეონის რუსეთზე ლაშქრობისას ტყვედ ჩავარდა. შემდეგ ერთხანს ვიტებსკის მახლობლად დასახლდა და ჭრილობას მკურნალობდა. ამ დროს ბელორუსი გლეხის გოგონა შეუყვარდა. გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ კათოლიკე ფრანგი მართლმადიდებლად მოინათლა, ბელორუს ქალიშვლზე დაქორწინდა და საფრანგეთში დაბრუნებაზე უარი განაცხადა:
– ამ კაცის ნამდვილი გვარი მიშელი იყო, – წერს ბელორუსი მწერალი ალეს ადამოვიჩი, – ის არა მხოლოდ მართლმადიდებლურად მოინათლა, არამედ გვარიც ბელორუსულ ყაიდაზე გადაიკეთა და მაშერად გადაიქცა.
ამგვარად, ბელორუსის მომავალი ლიდერი ამ ქვეყანას მაშერას გვარით მოევლინა. ცხოვრებაში თავის დამკვიდრება მას სტალინიზმის ეპოქაში მოუხდა. მაშეროვის ბავშვობა კოლექტივიზაციას, ხოლო ყრმობა კი 1934–38 წწ.–ების "წმენდებს" დაემთხვა.
– ბუნებამ ის მახვილი, ანალიტიკური გონებით დააჯილდოვა, – წერს ლეონიდ მლეჩინი, – ამიტომ ვითარებას ზუსტად აუღო ალღო. ის არა მარტო აქტიური კომკავშირელი გახდა, არამედ გვარიც გადაიკეთა და ამის შემდეგ მაშეროვად მოიხსენიებოდა.
მაშეროვი სკოლაში კარგად სწავლობდა. განსაკუთრებით მათემატიკა და ფიზიკა უყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ვიტებსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მთემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. ის აქაც ფრიადოსანი სტუდენტი და აქტიური კომკავშირელი გახლდათ:
– როგორც კომკავშირელი აქტივისტების უმრავლესობა, მაშეროვიც უშიშროებასთან იყო შეკრული, – თვლის ანატოლი ლუპინოსი, – თუმცა, ყველა ჩეკისტს მუნდირი როდი აცვია. მაშეროვიც მათემატიკოსი და მასწავლებელი გახდა. თუმცა, მისი ძირითადი პროფესია ჩეკისტობა იყო.
1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა სსრკ–ს. მათემატიკის მასწავლებელი მაშეროვიც ფრონტზე გაიწვიეს. ვერმახტი შეუჩერებლად მიიწევდა წინ. სამხედრო ნაწილიც, სადაც მაშეროვი მსახურებდა, გერმანელებმა გაანადგურეს. თავად მაშეროვი კი ტყვედ ჩავარდა:
– გერმანელთა ტყვეობაში მან სულ ოთხი დღე დაჰყო, – წერს ალეს ადამოვიჩი, – მაშეროვმა შეძლო გაქცევა. ერთხანს გლეხებთან იმალებოდა, შემდეგ პარტიზანებს შეუერთდა.
მაშეროვის "პარტიზანულ ნათლობაში" უდიდესი როლი შეასრულა ცნობილმა ჩეკისტმა ვაუპშასოვმა. ომის დროს ის გრადივის ფსევდონიმით ბელორუსიის ტერიტორიაზე მოქმედ სპეცრაზმს მეთაურობდა. სოფელი, რომელსაც მაშეროვი აფარებდა თავს, პარტიზანების კონტროლქვეშ აღმოჩნდა. ვაუპშასოვი პირადად ესაუბრა მაშეროვს, შემდეგ საკუთარ რაზმშიც მიიღო. მაშეროვს მისცეს "საკონტროლო დავალებები", რაც ბრწყინვალედ შეასრულა:
– მალე ვაუპშასოვის რაზმი სხვა რაიონში გადავიდა, – წერს ალეს ადამოვიჩი, – მაშეროვი და კიდევ რამოდენიმე კაცი კი საგანგებოდ დატოვეს, ვაუპშასოვმა მათ ადგილობრივ მცხოვრებთაგან პარტიზანული რაზმის შექმნა დაავალა.
დავალება ბრწყინვალედ იქნა შესრულებული. მალე შეიქმნა შჩორსის სახელობის პარტიზანული რაზმი, რომლის მეთაურიც მაშეროვი გახდა. რაზმი გერმანელების წინააღმდეგ წარმატებით იბრძოდა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა არმიის მოსვლის შემდეგ, მაშეროვს პრობლემები შეხვდა:
– იმხანად ბევრი პარტიზანის მიმართ გაჩნდა კითხვები: რას აკეთებდი ოკუპაციის დროსო და ა.შ. გამონაკლისი არც მაშეროვი იყო, – წერს ადამოვიჩი.
მაშეროვმა დახმარებისათვის ბელორუსის კომპარტიის მაშინდელ პირველ მდივანს პონომარენკოს მიმართა, რომელიც ომის დროს პარტიული ხაზით პარტიზანულ მოძრაობას კურირებდა. პონომარენკომ თავის მხრივ ბერიას მიაკითხა: პეტრე მაშეროვს, რომელიც ომის დროს პარტიზანულ რაზმს მეთაურობდა, ვიღაც–ვიღაცეები დაჩაგვრას უპირებენ, დაგვეხმარეთ. ბერია დათანხმდა:
– ლავრენტი პავლოვიჩს მაშეროვის შესახებ ამომწურავი დოსიე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის გულდასმით ესაუბრა ჯერ პონომარენკოს, შემდეგ ვაუპშასოვს. მხოლოდ ამის შემდეგ ბერიამ მიიღო მოსკოვში საგანგებოდ ჩასული მაშეროვი. ლავრენტი პავლოვიჩი აღფრთოვანებას ვერ მალავდა: მაშეროვი ჭკვიანი და ენერგიული კაცია, განუცხადა მან პონომარენკოს, – ასეთ ადამიანებს უნდა ვაფასებდეთ, – წერს ლუპინოსი.
ბერიას პროტექციამ მაშეროვს ყველა პრობლემა მოუხსნა. ყოფილი პარტიზანიც პარტიულ–კომკავშირულ სამუშაოზე მიავლინეს. ეს პერიოდი მან ახალი კონტაქტების დამყარებისათვის გამოიყენა, ბერიას დამხობამაც მაშეროვის კარიერულ წინსვლას ვერაფერი დააკლო. ის ჯერ ბელორუსიის ალკკ–ს პირველი მდივანია, შემდეგ ცეკას წევრი და ბელორუსიის სსრ–ს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.
– მოსკოვი მაშეროვით აღფრთოვანებული იყო, – წერს ბელორუსის სახალხო ფრონტის ლიდერი ზენონ პოზნიაკი, – მაშეროვის წყალობით ხომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილ ჭაობად გადაიქცა. დისიდენტური მოძრაობა აქ საერთოდ არ არსებობდა. მაშეროვის ღვაწლი უდიდესია იმაში, რომ დღეს ბელორუსის მოსახლეობის უმრავლესობა რუსულად ლაპარაკობს.
ბრეჟნევი არა ერთხელ გამოთქვამდა თავის აღტაცებას მაშეროვის მიმართ. ბელორუსის ლიდერი მან არა ერთხელ დაპატიჟა თავისთან. სუფრის შემდეგ ერთადაც ინადირეს. მაშეროვიც, სანამ ბრეჟნევი ჯანზე იყო, მის მიმართ აშკარად მლიქვნელობდა:
– მაშეროვის დავალებით, ბელორუსიაში საგანგებოდ დაამზადეს ბრეჟნევის ბიუსტი, რომელიც მთლიანად ოქროსგან იყო ჩამოსხმული, – წერს ზენონ პოზნიაკი, – მაშეროვმა ის ბრეჟნევს დაბადების დღეს საჩუქრად მიართვა.
ბრეჟნევის მმართველობის უკანასკნელ წლებში ეს ვითარება შეიცვალა. იმხანად პოლიტბიუროში ორი მძლავრი კლანი გამოიკვეთა – პირველი, ე.წ. "დნეპროპეტროვსკელები" გახლდნენ, მეორეს კი, იური ანდროპოვი მეთაურობდა. მაშეროვი ანდროპოვის დაჯგუფებას მიემხრო.
– ანდროპოვი მაშეროვს განსაკუთრებული ნდობით ეპყრობოდა. ის თვლიდა, რომ სსრკ–ს მინისტრთა საბჭოს ახალი თავჯდომარე სწორედ მაშეროვი უნდა ყოფილიყო, – წერს ცნობილი რუსი ისტორიკოსი როი მედვედევი.
თუმცა, საამისოდ ჯერ ბრეჟნეველთა დამარცხება იყო საჭირო. ანდროპოვიც ნელა, მაგრამ დაჟინებით შეუდგა კრემლში "თავისიანების" დანერგვას. მოსკოვში გადაიყვანეს სტავროპოლის ოლქის ხელმძღვანელი მიხეილ გორბაჩოვი. ახლა ის სოფლის მეურნეობის საკითხებს კურირებდა. შემდეგ მაშეროვის ჯერიც დადგა. ანდროპოვიც გულდასმით ზრუნავდა მაშეროვის დაწინაურებასა და მოსკოვში გადაყვანაზე. "დნეპროპეტროვსკელები" ამას გააფთრებით შეეწინააღმდეგნენ, რადგან სუკის შეფი მეტისმეტად ძლიერდებოდა. ანდროპოვის ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე კი შინაგან საქმეთა მინისტრი შჩოლოკოვი გახლდათ.
– შჩოლოკოვი და მისი ოჯახი "ბრილიანტის მაფიის" საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ძვირფასეულობის საზღვარგარეთ გატანა მართლაც ბრესტის საბაჟოს გავლით ხდებოდა. ბრესტი კი ბელორუსიის სსრ–ს ტერიტორიაზე მდებარეობს. ანდროპოვმაც დაავალა მაშეროვს, ამის შესახებ უხმაუროდ შეეკრიბა ცნობები. ანდროპოვი მაშეროვს უფრო ენდობოდა, ვიდრე ბელორუსიის სუკის უფროსს, – წერს ლეონიდ მლეჩინი.
მაშეროვმა მართლაც დაიწყო შჩოლოკოვისა და მისი ხროვის საქმიანობის შესახებ ცნობების შეკრება. ეს ბელორუსის სუკის უფროსის გვერდის ავლით მოხდა. მაშეროვს, რომელიც ბელორუსს თხუთმეტი წლის მანძილზე ედგა სათავეში, საკუთარი არხები გააჩნდა.
გაფრთხილება
ცოტა ხნის შემდეგ, მაშეროვი მოსკოვში გამოიძახეს. მოხუცი ბრეჟნევი მას პირადად ესაუბრა. საუბარი მალე დამთავრდა. ანდროპოვთან შეხვედრის წინ მაშეროვს შჩოლოკოვი დაუკავშირდა:
– პეტრე მირონიჩ, აგარაკზე ხომ არ მესტუმრებოდი?
შჩოლოკოვის აგარაკი მდიდრულად და გემოვნებით იყო მოწყობილი. შჩოლოკოვი ღიმილით შესცქეროდა სტუმარს. შემდეგ პატარა ბართან მიიყვანა.
– რას დალევ, ძვირფასო სტუმარო? შერის, ვისკის, თუ სმირნოვის არაყს?
მაშეროვმა გაიღიმა და სავარძელში მოკალათდა. შჩოლოკოვიც იღიმებოდა. ჭიქებიც ასევე ღიმილით შეავსო:
– აბა, გაგიმარჯოს, მირონიჩ!
შჩოლოკოვმა სასმელი ზალპით შესვა. მაშეროვმა მხოლოდ პირთან მიიტანა ჭიქა.
– მირონიჩ, რატომ არა სვამ? – შჩოლოკოვი იღიმებოდა, – რაო, იური ვლადიმიროვიჩისა გეშინია?
მაშეროვს ღიმილი გაუქრა. შჩოლოკოვი კი დაუფარავი დაცინვით შესცქეროდა:
– დაიხსომე, მირონიჩ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის! იური ვლადიმიროვიჩი დღეს სუკის უფროსია, მაგრამ ვინ იქნება ხვალ? ვინც დღეს ზენიტშია, შეიძლება არარაობად იქცეს. შენ ეს არ გესწავლება, გუშინდელი ბარტყი ხომ არა ხარ?!
– პირდაპირ მითხარი, რა გინდა? – მაშეროვის ხმაში დაუფარავი გაღიზიანება გაისმა.
– გეტყვი, მირონიჩ, გეტყვი, – შჩოლოკოვმა კვლავ შეავსო ჭიქები, – ისე შენგან მიკვირს, იმ კაცთან საქმე როგორ დაიჭირე! ჩეკისტი, ჩემო კარგო, გამოგიყენებს და, – ჩოლოკოვმა მრავლისმეტყველად მოისვა ხელი ყელზე.
– ეს გინდოდა გეთქვა?
– ანდროპოვი კადრის ჩეკისტი არაა, ჯერ "კომსომოლა" იყო, ასეა ხომ? მიუხედავად ამისა ჩეკისტის ზნე ადვილად აითვისა! ადამიანებთან თამაშობს, მათ შორის შენთანაც.
– ესაა სულ?
– არა. შენ და შენი ბიჭები ზედმეტ ცნობისმოყვარეობას ავლენთ. ეს კი საშიშია, შენთვის, რა თქმა უნდა.
– მემუქრები?
– გაფრთხილებ.
– და რა გინდა?
– კირკიტს შეეშვი, შეკრებილი საბუთები კი მე ჩამაბარე. ნუ მაიძულებ ზომები მივიღო.
– ზომები?
– ვინც ჯიბრში ჩამიდგა და კირკიტი დამიწყო, ან დაიღუპა ან სამუდამოდ დაკარგა ჯანმრთელობა, – შჩოლოკოვი კვლავ იღიმებოდა, – მათ კარიერასაც ჯვარი დაესვა.
მაშეროვი ერთხანს უძრავად იჯდა. შემდეგ წამოდგა და იქაურობა უხმოდ დატოვა.
სიკვდილი
გამგზავრების წინ მაშეროვმა ანდროპოვი ინახულა. სუკის შეფს მან შჩოლოკოვთან საუბარი სიტყვა–სიტყვით გადასცა:
– ანდროპოვმა განკარგულება გასცა მაშეროვის დაცვა გაეძლიერებინათ, – წერს როი მედვედევი, – მალე მინსკში სუკის მეცხრე განყოფილების თანამშრომელთა მთელი ჯგუფი მიავლინეს. მაშეროვის დაცვა ამ ხალხით შეივსო.
მინსკში დაბრუნებული მაშეროვი განაგრძობდა ანდროპოვის დავალების შესრულებას. მისთვის ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.
– ის საოცრად ნერვიული გახდა, იგონებს მაშეროვის ქალიშვილი ნატალია.
ნერვიულობის საბაბი მას მართლაც ჰქონდა. ფრანგულ გაზეთ "ფიგაროში" ჩნდება სტატია, რომელშიც მაშეროვს "კრემლელ დისიდენტსა და ანტიბრეჟნევული ოპოზიციის ლიდერს" უწოდებდნენ. მაშეროვმაც უმალ ანდროპოვს დაურეკა:
– ფრთხილად იყავი, – უთხრა ანდროპოვმა, – ისინი ყველაფერზე წავლენ!
მაშეროვიც სიფრთხილეს იჩენდა. ამ დროს მის გარშემო რამდენიმე უცნაური ამბავი მოხდა:
– ერთხელ მამა შინ აღელვებული მოვიდა. თან რაღაც საბუთები მოიტანა. უნებლიეთ შევესწარი, თუ როგორ წვავდა ამ ქაღალდებს, – იგონებს ნატალია მაშეროვა, – როცა ვკითხე, რაშია საქმე–მეთქი, დამიღრიალა, აქედან დაიკარგეო. ასეთი რამ ადრე არასდროს სჩვეოდა.
1980 წლის 4 ოქტომბერს დილით მაშეროვს ანდროპოვმა დაურეკა:
– პიოტრ მირონიჩ! შენს დასაცავად მინსკში ახალი ჯგუფი გამოვგზავნე! ბიჭები რამოდენიმე წუთის წინ გამოფრინდნენ.
როდესაც ანდროპოვის მიერ გამოგზავნილ ჯგუფი მინსკში ჩავიდა, მაშეროვი მათ მკვდარი დახვდათ.
ბელორუსის პარტიული ბოსის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც რამდენიმე უცნაური მოვლენა მოხდა. მისი ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მაშეროვს ანაზდად დაურეკეს. ვინ? ეს დღემდე ვერ (ან არ) გაარკვიეს. წასვლის წინ მაშეროვმა შავი პორტფელი წაიღო.
– მანქანაში ის არა უკანა საჯდომზე, არამედ წინ, მძღოლის გვერდით, მოკალათდა, – წერს როი მედვედევი, – მისი დაცვის უფროსი უკანა სავარძელზე მოთავსდა. მცველებით სავსე ორი მანქანა, თანახმად ინსტრუქციისა, უკან მოსდევდათ.
როგორც ცნობილია, მაშეროვის მანქანა სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. მას გამოცდილი მძღოლი ნიკოლაი პუსტოვოიტი მართავდა, თუმცა, ავარიის თავიდან აცილება ვერ შეძლო.
– შემთხვევის ადგილზე მოსულ ოპერატიულ ჯგუფს ხელში მაშეროვის გვამი შერჩა, – წერს როი მედვედევი, – პორტფელი უკვალოდ გაქრა. შემდგომში ოფიციალური ხელმძღვანელობა ამტკიცებდა: არავითარი პორტფელი მაშეროვს არა ჰქონიაო. ეს სიცრუეა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ერთხმად ამბობენ: მაშეროვმა წასვლა ანაზდად მოისურვა და თან შავი პორტფელიც წაიღოო.
ეპილოგი
მაშეროვის დაკრძალვაზე მინსკში არც ბრეჟნევი, არც პოლიტბიუროს წევრების უმრავლესობა არ ჩასულა. ბრეჟნევმა მხოლოდ გვირგვინი გააგზავნა. ანდროპოვმა დაინახა რა, რომ "უფროსობა" მაშეროვს აშკარად მწყრალად უყურებდა, მინსკში გამგზავრებაზე უარი განაცხადა.
მაშეროვის სიკვდილში გამოძიებამ სატვირთო მანქანის მძღოლი პუსტოვოიტი დაადანაშაულა. ის გაასამართლეს და თხუთმეტი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ხუთი წლის შემდეგ შოფერი გაათავისუფლეს.
– მაშეროვის საქმეში უამრავი კითხვის ნიშანია, – წერს როი მედვედევი, – დღესდღეობით დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მაშეროვი "ანდროპოვის დაჯგუფებას" განეკუთვნებოდა და ანდროპოვის დავალებით კრეფდა კომპრომატებს შჩოლოკოვზე. ასევე უყოყმანოდ შეგვიძლია იმის თქმაც, რომ მაშეროვის სიკვდილის გამოძიება ზერელედ ჩატარდა, ამიტომაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.
მოკლეს მაშეროვი თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი შეიქმნა? ლოგიკა მიუთითებს, რომ ეს იყო მკვლელობა, რომ ამის უკან შჩოლოკოვი იდგა. თუმცა, ფაქტებით ამისი დამტკიცება დღეს შეუძლებელია.
ნიკა თევზაძე ჟურნალი გუმბათი N 26


|
დღის სიახლეები
25-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 























