asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე

2011-06-27 16:41:46



დასაწყისი წინა ნომრებში
45
– სდექ! სდექ!
ერთმანეთში ირევა სროლა, ყვირილი, გინება... თამთა შედგა, მოიხედა. ირენმა ამოიკვნესა და ჩაიკეცა. თამთა უმალ მასთან გაჩნდა.
– ირენ, რა დაგემართა?
– დამჭრეს! – ამოიკვნესა ირენმა, – ფეხში დამჭრეს ამ წყეულებმა.
– არაფერია, – თამთა შეეცადა, იღლიებში შედგომოდა და წამოეყენებინა. ირენმა მისი ხელები მოიშორა.
– არ გინდა, მე უკვე ვეღარ მიშველი, გაიქეცი.
– უშენოდ არსადაც არ წავალ.
– თამთა, – ირენს ხმა აუკანკალდა, – ფეხში დამჭრეს და სიარული აღარ შემიძლია. თუ არ გაიქცევი, ორივეს დაგვიჭერენ
– დაე, ასე იყოს! ან გადაგარჩენ, ან მეც დავიღუპები! ადექი! – და ირენს მხარში სწვდა.
– იქით გაიწიე! – შესძახა ირენმა და რევოლვერი შემართა, – ან ახლავე წახვალ, ან გესვრი! გესმის? გესვრი!
მის ხმაში მუდარა აღარ ისმოდა. ახლა იქ მხოლოდ ფოლადი ჟღერდა.
თამთა ერთხანს უძრავად იდგა. შემდეგ მიტრიალდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
– თამთა! – დაიძახა ირენმა, – მაპატიე.
– რა გაპატიო?
– ვერის ხიდზე ჩვენი შეხვედრა შემთხვევით არ მომხდარა. მე რუსული საერთო–სამხედრო კავშირის წევრი ვარ. მათ მიბრძანეს, დაგმეგობრებოდი, შენს სახლში გავშინაურებულიყავი. გიორგის დაჭერის შემდეგ ბევრი ეჭვობდა, რომ ჩეკას მიეყიდა. მაპატიე.
– მე ეს ვიცოდი, ირენ...
– მართლა?
თამთამ იგრძნო, როგორ შეეცვალა მას ხმა. "რა ეშმაკად წამომცდა, – მწარედ გაიფიქრა ქალმა, – თუ ოდნავ რაიმეზე იეჭვა, აქვე მომკლავს. ხელი არ აუკანკალდება."
– მაშინ ვერაფერს მივხვდი, – თამთა ცდილობდა, მშვიდად ელაპარაკა, – შემდეგ დათამ მითხრა, რომ თურმე როვს–ის წევრი ხარ და ყველაფერი ნათელი გახდა.
ამ სიტყვებზე თამთამ დაჭრილთან მიირბინა, აკოცა და მხურვალედ ჩაეხუტა.
– ირენ! შენ ძალიან, ძალიან კარგი ხარ, დიდი მადლობა და მშვიდობით.
– მშვიდობით, თამთა, – ირენს ცრემლები ღაპა–ღუპოით სდიოდა, – უფალი იყოს შენი და გიორგის მფარველი. აბა, შენ იცი, არ დამივიწყო, ახლა კი წადი, წადი. მე ამათ დავაკავებ, წადი, წადი!
თამთა სწრაფად შეტრიალდა და გაიქცა. გარბოდა, თან სროლის ხმა ესმოდა. თამთა შედგა. ირენს გაქცევა არ შეეძლო, მაგრამ დანებებას მაინც არ აპირებდა. ისროდა და ისროდა...
46
მორგში გიორგი რამდენიმე ჩეკისტის თანხლებით შეიყვანეს. ბერია მის ხელმარჯვნივ იდგა. ვიღაც ტყავისქურთუკიანი გიორგის რაღაცას ეუბნებოდა. ჩიქოვანს არაფერი ესმოდა. მხოლოდ საკაცეს ხედავდა, რომელზეც რაღაც თეთრი იყო გადაფარებული. გიორგიმ თვალები დახუჭა.
– აბა, იცანით?!
გიორგიმ ნელა გაახილა თვალი. საკაცეზე დათა იწვა. გეგონებოდათ, სძინავსო. მხოლოდ მარცხენა ლოყაზე შეხმობოდა სისხლი.
– აბა, სცნობთ თუ არა?
გიორგი უძრავად იდგა. ვერც ინძრეოდა და ვერც კრინტს სძრავდა. თითქოს შორიდან ესმოდა: "მიიღო თავისი! რამდენი ჩვენიანი იმსხვერპლა ამ ბანდიტმა!" გიორგი გრძნობდა, რაღაც ბურთივით როგორ მოაწვა ყელში. დათა, დათა აღარ არის, მოკლეს. თუმცა ალბათ მისთვის ასე სჯობდა.
– აბა, იცანით თუ არა?
გიორგიმ თანხმობის ნიშნად ოდნავ დაუქნია თავი. ცრემლები ახრჩობდა, ძლივს იკავებდა თავს, რომ არ აღრიალებულიყო. ამ დროს იგრძნო რაღაც სიხარულის მსგავსი: არ დანებდა დათა მტერს ცოცხალი, ის მოკლეს, მაგრამ ვერ მოტეხეს, ვერა!
ბერიამ ჩეკისტებს რაღაც ანიშნა. საკაცეს ისევ რაღაც თეთრი გადააფარეს. გიორგი გაუნძრევლად იდგა. მისი თვალები სადღაც შორს იმზირებოდნენ.
47
კრუმინშმა თვალი გაახილა. სასთუმალთან ლავრენტი ბერია იდგა. მხრებზე თეთრი ხალათი ჰქონდა წამოსხმული:
– როგორ ხარ, იანკა?
– ცუდად, ვკვდები, მგონია.
– რა სისულელეს ამბობ! ექიმმა მითხრა, აუცილებლად მოვარჩენთო.
– ჩემი თავისა მე უკეთ ვიცი, – ლატვიელმა თვალები დახუჭა, მას ლაპარაკი ღლიდა, – ახლოს მოიწიე, რაღაც მინდა, გითხრა.
ბერიამ მის სასთუმალთან ჩაიჩოქა.
– რა გინდა, იანკა?
– მაპატიე, შენ წინაშე დამნაშავე ვარ.
– რაში ხარ დამნაშავე?
– ნუ მაწვალებ, შენ ხომ ყველაფერი იცი.
– ჰო, ვიცი.
– მაშინ მითხარი, რომ მაპატიე.
– მიპატიებია.
– ჩემს დას ლატვიაში ხმა მიაწვდინე, იანისმა შენი ჭირი წაიღო–თქო. მისამართს მაგიდის უჯრაში ნახავ. მპირდები?
– სიტყვას გაძლევ, იანკა.
– რატომ მოხდა ასე, ლავრენტი? ხომ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო, სხვაგვარად... – კრუმინშმა თვალები დახუჭა.
ბერია გაუნძრევლად იდგა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც ექიმი ავადმყოფთან მივიდა და მაჯა გაუსინჯა:
– რაც შეიძლება, ყველაფერი გაუკეთეთ, ექიმო.
– სამწუხაროდ, აღარაფერი უშველის, გაციებულია.
– გაციებულია? გათავდა.
ბერია ჰოსპიტალიდან თავჩაქინდრული გამოვიდა. ერთხანს ქუჩაში დაფიქრებული იდგა, შემდეგ ნელი ნაბიჯით გპუ–ს შენობისკენ გაემართა.
48
– ლავრენტი პავლოვიჩ, ლავრენტი პავლოვიჩ!
– რა მოხდა?!
– ჩიქოვანების ოჯახში საშინელება დატრიალდა. გიორგიმ თავი მოიკლა. რევოლვერი პირდაპირ პირში დაიხალა!
– თამთა სადღაა? – დაიღრიალა ბერიამ, – სადაა თამთა?!
– მან ვენები გადაიჭრა და ახლა საავადმყოფოშია.
ლავრენტი გრიგალივით გავარდა გარეთ. საავადმყოფომდე სირბილით მივიდა, პალატაში შევარდნა სურდა, მაგრამ წინ ექიმი და მედდა გადაეღობნენ.
– ავადმყოფს სძინავს. ახლა მისი შეწუხება არ შეიძლება.
– მე ლავრენტი ბერია ვარ! აი, ჩემი მოწმობა, – და ლავრენტიმ ექიმს გპუ–ს წითელი წიგნაკი ლამის ცხვირში ატაკა.
– ვწუხვად, ამხანაგო, მაგრამ ავადმყოფთან ვერ შეგიშვებთ. ახლა მას სიმშვიდე სჭირდება.
ლავრენტი შედგა. ერთხანს ექიმს მდუმარედ შესცქეროდა, შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო და გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა.
– თუ შეიძლება, მაპატიეთ.
– კარგი, არაფერია.
– ექიმო, – ბერიას ხმაში დაუფარავი მუდარა ჟღერდა, – მითხარით, გადარჩება? იცოცხლებს?
– მან ბევრი სისხლი დაჰკარგა, – ექიმი წამით ჩაფიქრდა, – გადარჩენით გადარჩება, მაგრამ... მან მძიმე ფსიქიური ტრავმა გადაიტანა. ასეთ დროს ან დეპრესია შეიპყრობთ ხოლმე, ან თვითმკვლელობის მცდელობას კვლავ იმეორებენ.
– როგორც საქართველოს გპუ–ს თავმჯდომარის მოადგილე გიბრძანებთ, რომ მის მოსარჩენად ყველაფერი გააკეთოთ, – ბერიას თვალები აენთო. ის ერთხანს ექიმს მდუმარედ შესცქეროდა, შემდეგ უკვე წყნარად განაგრძო, – გთხოვთ, ყველაფერი გაუკეთოთ. ეს ქალი ჩემი ნათესავია.
49
როდესაც ლავრენტის გამოუცხადეს, მოსკოვში უნდა გაემგზავროო, პირველად არ დაიჯერა.
– რას მიყურებ ასეთი გაოცებით? გგონია, გაშაყირებ? ხვალ მოსკოვს გაემგზავრები. შენი ნახვა თავად სტალინს სურს, – ასე უთხრა ლავრენტის უფროსმა.
აი, ახლა ლავრენტი კრემლში თავად სტალინის კაბინეტში იმყოფებოდა. ბერიამ იგრძნო, როგორ ძალუმად აუძგერდა გული. ოთახის შუაგულში გაუბედავად შეჩერდა. სტალინმა გაიღიმა:
– როგორ დავაჟკაცებულხარ, ლავრენტი, – თქვა მან რუსულად, – დაჯექი.
სტალინმა სავარძელზე მიუთითა. ბერია დაჯდა.
– გახსოვს, სუფრაზე რომ შემპირდი, საქართველოს კონტრრევოლუციური სარეველისგან გავათავისუფლებთო? პირობა პატიოსნად შეასრულე, საქართველო ჩვენს მტრებს არ დაანებე, ყოჩაღ, ლავრენტი, ყოჩაღ!
– გმადლობთ, ბატონო სტალინ, ბედნიერი ვარ, რომ თქვენი ქება დავიმსახურე, – მიუგო ბერიამ ქართულად.
– ბატონები აღარა გვყავს, ლავრენტი, – სტალინმა თითქოს მისი ქართული ვერ შენიშნაო, საუბარი რუსულად განაგრძო, – ახლა ყველანი ამხანაგები ვართ.
– დიახ, იოსებ ბესარიონოვიჩ, – რუსულად თქვა ბერიამ.
ლავრენტიმ თავი დახარა. სტალინი იღიმებოდა, მაგრამ რაღაც საშინელი ძალა გამოსჭვიოდა მის მზერაში. ბერიაც მას თვალს ვერ უსწორებდა, არც იმის ძალა შესწევდა, რომ ბოლშევიკური წესისამებრ "ამხანაგოთი" მიემართა.
– კონტრრევოლუცია ამჟამად დამარცხდა, მაგრამ რას ფიქრობ, ეს საბოლოო დამარცხებაა?
სტალინი იღიმებოდა, თვალები კი თანამოსაუბრეს თითქოს ბურღავდნენ. ბერიას მთელს ტანზე ოფლმა დაასხა.
– გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, იოსებ ბესარიონოვიჩ.
– შენ, როგორც ბოლშევიკსა და გპუ–ს თავმჯდომარეს, ალბათ კონკრეტული გეგმაც გექნება.
– დიახ, მზადა ვარ მოგახსენოთ.
– ახლა არა, – სტალინმა მარჯვენა ხელი ასწია, – სჯობს, ყველაფერი ქაღალდზე მოკლედ ჩამოწერო და ჩემს მდივანს გადასცე. მხოლოდ ის მითხარი, მომავალში რას აპირებ?
– ჩვენი პარტიისა და სახელმწიფოს მტრებთან ბრძოლას! – ფიცხლად მიუგო ბერიამ.
სტალინი წამოდგა. ბერიას კისერზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა. ლავრენტიმ უნებლიეთ თვალები დახუჭა. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაეყვირა.
– ასე, – რუსულად თქვა სტალინმა, – ასე.
ამ სიტყვებზე მან ბერიას ხელი გაუშვა. ლავრენტის სახე წითლად აფორაჯებოდა, მკერდი აუდ–ჩაუდიოდა.
– შენ დიდი საქმეები გელის, ლავრენტი!
სტალინი ერთხანს მას მდუმარედ მისჩერებოდა, შემდეგ ქართულად უთხრა:
– აბა შენ იცი, ბიჭო!
მთელი საუბრის მანძილზე ქართულად მან მხოლოდ ეს ერთი ფრაზა წარმოთქვა.
50
თამთამ თვალები გაახილა და კინაღამ შეჰკივლა. სასთუმალთან ბერია იჯდა.
– როგორ ხარ, თამთა?
– თქვენ აქ საიდან, როგორ?
– ეს–ესაა, მოსკოვიდან ჩამოვედი და პირდაპირ შენსკენ გამოვწიე. როგორ ხარ?
– ვწუხვარ, რომ ცნობიერება მიბრუნდება.
– შენიანები კარგად არიან. მხედველობაში მყავს მამა და ძმა. როგორც ხედავ, პირობა შევასრულე: ისინი გადარჩნენ.
თამთამ მწარედ გაიცინა.
– რაც შეეხება გიორგის, თავადაა დამნაშავე, ნერვებმა უმტყუნა და ტყვია დაიხალა. დათა ჭკვიანურად რომ მოქცეულიყო, გადარჩებოდა, მე გადავარჩენდი! მან კი... – ბერიამ ხელი ჩაიქნია.
– ირენი სადღაა? – აღმოხდა თამთას.
– მაგ მხეცზე ნუღარ იფიქრებ.
– სადაა ირენი? – თითქმის დაიკივლა თამთამ, – სად არის–მეთქი!
– სროლისას მოჰკლეს. თავის თანამონაწილესთან ერთად გაპარვას აპირებდა. ჩვენებს გადააწყდა. რამდენიმე ჩეკისტი მოგვიკლა. ის ტყვიებით პირდაპირ გადაცხრილეს. მისი თანამონაწილე კი გაგვექცა.
თამთას თვალები ცრემლით აევსო. თვალწინ წარმოუდგა ირენი, იმდენად, რომ თითქოს მისი გაცინებაც დაინახა.
– ის თანამონაწილე მე ვიყავი.
– რაო?
– როცა დათასგან მოვდიოდით, პატრულმა გაგვაჩერა. ირენმა სროლა ატეხა. ერთი ტყავისქურთუკიანი ჩემ თვალწინ მოკლა. დანარჩენი იცით.
ბერია დაუფარავი შიშით მიაჩერდა მას.
– შენ რა, ხუმრობ?
– ახლა ხუმრობისთვის ნამდვილად არ მცხელა.
– ჰმ. ამის თაობაზე შენთვის არაფერი უკითხავთ?
– არა.
– თუ გკითხეს, კრინტი არ დასძრა. უპასუხე, ირენი ჩემს ძმას უცხო ენაში ამეცადინებდა, მეტი არაფერი ვიცი–თქო, გაიგე?
– რა გინდათ ჩემგან? – უმწეოდ აღმოხდა თამთას, – რა გინდათ ჩემგან?
– მინდა გადაგარჩინო, თუ გაჯიუტდები, ამას ვერ შევძლებ.
– ასეთ ძაღლურ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, – წაიჩურჩულა თამთამ.
– სისულელეებს ნუ ლაყბობ!
წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
– ახლა შენს კისერზეა მოხუცი მამა და 16 წლის ძმა, – განაგრძო ლავრენტიმ, – შენ გარდა, ხომ პატრონი აღარ დარჩათ!
თამთამ სახეზე ხელები აიფარა.
– შენ უნდა იცოცხლო, თამთა, იცოცხლო, თუნდაც მოხუცი მამისა და ნორჩი ძმის გულისთვის, – ლავრენტი წამოდგა.
თამთა მდუმარედ შესცქეროდა მას. ბერიამ გაიღიმა:
– თუ ჩემს ყველა თხოვნას შეასრულებ, ყველაფერი კარგად იქნება, არც შენს ძმასა და მამას მოაკლდება რაიმე! საწყალ გიორგის ნერვებმა უმტყუნა. დათა? ეს ცალკე საუბრის თემაა და ამაზე მერე ვილაპარაკოთ, კარგი?
თამთა ერთხანს სდუმდა, შემდეგ ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა:
– კარგი.
– აბა, ჯერ–ჯერობით, ხვალ კიდევ გამოგივლი და რაიმე გემრიელსაც მოგიტან, – ლავრენტი იღიმებოდა, – ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ასე არაა?
51
– იცნობთ ამ ქალს?
თამთამ ფოტოსურათს დახედა. გამომძიებელი უხმოდ მისჩერებოდა.
– დიახ, ეს ირენ პოზნიაკოვაა. ჩემს ძმას ფრანგულ ენაში ამეცადინებდა.
– დაწვრილებით მოგვიყევით, როდის, რა ვითარებაში გაიცანით.
თამთამ ამოიოხრა. შემდეგ დაწვრილებით აღწერა მათი პირველი შეხვედრა ვერის ხიდზე. გამომძიებელი ყურადღებით უსმენდა. როცა თამთამ დაასრულა, წარმოთქვა:
– მეტს ვერაფერს გვეტყოდით?
– პოზნიაკოვა ჩვენს სახლში სისტემატურად დადიოდა. ვმეგობრობდით.
– აჰ, მეგობრობდით?
გამომძიებელს თვალები ავისმომასწავებლად აენთო.
– დიახ, დიახ, ვმეგობრობდით, – თამთამ იგრძნო, როგორ ძალუმად აუჩქარდა გული, – რამდენიმეჯერ მის სახლშიც ვიყავი, დედამისს ვესაუბრე. სიმპათიური რუსი ინტელიგენტი ქალია.
– მაშ ასე, არა?
– ვერ გამიგია, რატომ აღშფოთდით?
გამომძიებელმა მაგიდას მუშტი დაჰკრა.
– ამ თეთრგვარდიელმა ძუკნამ ჩემი ამხანაგები დახოცა! მაშ თქვენი მეგობარი იყო, არა? იქნებ სწორედ თქვენ იყავით მისი თანამზრახველი, რომელიც გაგვექცა!
თამთამ იგრძნო, როგორ დაასხა მთელს ტანზე ოფლმა.
– ყველაფერს გავარკვევთ, – გამომძიებლის ხმაში დაუფარავი მუქარა ჟღერდა, – ნურავის ჰგონია, რომ ვინმეს რაიმე შერჩება, – და თამთა ავი მზერით შეათვალიერა.
თამთა აცახცახდა. გამომძიებელი ერთხანს მდუმარედ იჯდა, სახეზე მუქარა ეხატა. თამთამ თვალები დახუჭა.
– შემოდი, აქ დადექი.
თამთამ თვალები გაახილა. მის წინ უცნობი წითელარმიელი იდგა. ჩოფურა სახე, მეჩხერი კბილები, ცეცხლივით წითელი თმა. თამთას ეს უმალ თვალში მოხვდა.
– იცნობთ ამ ქალს? – რუსულად მიმართა გამომძიებელმა.
ჯარისკაცმა თამთა აათვალიერ–ჩაათვალიერა.
– არ ვიცი, თითქოს ჰგავს, მაგრამ...
– რას ნიშნავს, თითქოს?! სცნობთ, თუ არა?
ჯარისკაცმა თამთა კვლავ აათვალიერ–ჩაათვალიერა:
– არა, ვერ ვცნობ. ბნელოდა და სახე ვერ გავარჩიე.
– კმარა, წადი!
ჯარისკაცი გავიდა, გამომძიებელი კი თამთას მიუბრუნდა
– გაგიმართლა! მაგრამ ტყუილად ნუ გიხარია! იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.
თამთა სდუმდა.
– აბა, შენი ზღაპრები განაგრძე!
– მეტს ვერაფერს გეტყვით.
– ერთი ამას დამხედეთ! წუთის წინ გამომიცხადა, ვმეგობრობდითო, ახლა კი ვერაფერს მეუბნება!
– აბა რა გითხრათ? როცა ჩვენსას მოდიოდა, ყავითა და ფუნთუშებით ვუმასპინძლდებოდი. ის ხომ ღარიბი იყო, მთელი თავისი ქონება დაჰკარგა.
– შენ რა, თავზე გადაგდიოდა?
– არა, მაგრამ არც არაფერი მაკლდა.
– ჩვენი უბედურებაც იმაშია, რომ მშრომელებს უჭირთ, ინტელიგენტებს, არისტოკრატებს და სხვა პარაზიტებს კი არაფერი აკლიათ! კარგი, განაგრძე.
– ყავას ვსვამდით. ის თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა.
– რას გიყვებოდა?
– მითხრა, რომ მამა და ძმა დაეღუპა, რომ საქართველოში არც სამუშაო აქვს, არც ნათესავი ან გულშემატკივარი მოეძებნება ვინმე. მე რომ მასწავლებლად არ ამეყვანა, შიმშილით სული გასძვრებოდა.
– ის თუ გითხრა, რომ მამა და ძმა დენიკინის არმიაში იბრძოდნენ?
– მითხრა.
– ისიც გითხრა, რომ როვს–ის აგენტია და საქართველოში საიდუმლო დავალებით მოავლინეს?
– როვსი რაღაა?
– თავს ნუ ისულელებ! როვსი რუსული საერთო სამხედრო კავშირია. ის თეთრგვარდიული ემიგრაციული, ტერორისტული ორგანიზაციაა.
– არ ვიცოდი.
– არც შენმა ქმარმა იცოდა?
– დარწმუნებული ვარ, არ იცოდა.
– რაღაც პერიოდში დაჭერილი იყო, ხომ ასეა? რატომ?
– გიორგი გაუგებრობის გამო დაიჭირეს. ყველაფერი გაირკვა და გამოუშვეს.
– თავი რატომღა მოიკლა?
– ანაზდად იარაღი გაუვარდა.
– სტყუი!
– მე ასე მითხრეს.
– ვინ გითხრა?
– თქვენმა თანამშრომლებმა.
გამომძიებელი წამით გაჩუმდა.
– შენი ქმრის ბიძაშვილი სადღაა?
– დაიღუპა. თქვენებმა გვითხრეს, ჩოლოყაშვილის რაზმში იყოო. დათა სამი წელი იქნება, რაც არ გვინახავს.
– იცი, რომ ირენ პოზნიაკოვა და დათა თბილისის ქუჩებში არაერთხელ ნახეს ერთად მოსიარულენი?
– პირველად მესმის.
– რაღაც ნამეტანი უვიცი ხარ, – გამომძიებელმა დამცინავად გაიღიმა, – ხომ არ გეჩვენება, რომ შენი უვიცობა, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია?
– რა ვქნა, ასეთი ვარ.
– მეთამაშები? – გამომძიებელს თვალები აენთო, – ფრთხილად, გოგონა, ეს შეიძლება სანანებელი გაგიხდეს.
თამთამ თავი ჩაქინდრა და პასუხი არ გასცა.
– ახლა წადი, – გამომძიებელმა თითები გაატკაცუნა, – მალე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და მაშინ აქედან უკვე ვეღარ გახვალ. ამაზე მე ვიზრუნებ, კაცურ სიტყვას გაძლევ!
თამთა წამოდგა და კაბა შეისწორა.
– პირდაპირ მითხარით, ჩემზე გაქვთ ეჭვი? მაინც რაში მდებთ ბრალს?
– რამდენიმე დღის წინ მოქალაქე ირინა პოზნიაკოვა და ის მეგობარი ქალი ღამით პატრულმა დააკავა. პოზნიაკოვამ სროლა ატეხა. მან რამდენიმე ჩვენი თანამშრომელი მოჰკლა. მისი დაქალი კი გაგვექცა.
– და თქვენ გგონიათ, რომ ის დაქალი მე ვარ?
– ეჭვი არ მეპარება.
– პირობას გაძლევთ, თუკი პოზნიაკოვას სადმე შევხვდები, აუცილებლად შეგატყობინებთ.
გამომძიებელი ერთხანს მდუმარედ იჯდა. შემდეგ თქვა:
– თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ვეღარასოდეს შეხვდებით.
– რატომ?
– იმ ღამეს პოზნიაკოვა არ დაგვნებდა და ტყვიებით დაცხრილეს. თქვენ კი გაქცევა მოახერხეთ.
– ცდებით.
– სამხილი ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ მალე მექნება! თქვენს ადგილას თბილ ნივთებს უკვე შევფუთავდი.
– რაო? ეგ რა შუაშია?
– საკნებში ცივა, საშინლად ცივა! თქვენნაირი ქალბატონი ხომ სხვაგვარ ყოფასაა მიჩვეული?! ასეა, ხომ? – თითქმის სისინით წარმოთქვა გამომძიებელმა,
52
– ბატონო ლავრენტი! ბატონო ლავრენტი!
– რაშია საქმე?
– დავიღუპე, მათ ყველაფერი იციან.
– რა იციან?
– ყველაფერი. ისიც, რომ იმ ღამეს ირენთან ერთად ვიყავი. როგორ მოვიქცე, ბატონო ლავრენტი?
– აკი შევთანხმდით, რომ ბატონოს აღარ დამიძახებ!
– დამიჭერენ! უცილებლად დამიჭერენ! ირენმა ხომ ჩეკისტები მოჰკლა! მის თანამონაწილედ გამომიყვანენ.
– შენ ხომ ჩვენი აგენტი ხარ.
– ჰო. ამიტომაც ჩემი დანაშაული ორმაგია. როგორც გპუ–ს აგენტს, ირენი უნდა განმეიარაღებინა! ხომ ასეა?! მე ეს არ გავაკეთე, ამას არ მაპატიებენ.
– სწორია, არ გაპატიებენ. ამიტომაც მომხდარზე კრინტი არ უნდა დასძრა.
ბერია წამოდგა.
– არსებობს გარკვეული პროცედურები, აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, – Öბერია წამით გაჩუმდა, – კიდევ არაერთხელ გამოგიძახებენ, ირენის გვამის ამოცნობასაც გაიძულებენ.
– გვამის? რა საშინელებაა!
– შენ ამას უნდა გაუძლო, თამთა! ჩემის მხრივ ვიზრუნებ იმაზე, რომ ძალიან არ შეგაწუხონ.
– ღმერთო, ამაზე მეტი შეწუხება შეიძლება?
– შეიძლება. სხვას შენს ადგილზე უკვე კარგა ხანია, დააპატიმრებდნენ, მუხრუჭს მოუჭერდნენ და ააჭიკჭიკებდნენ. ტკივილს, ჩემო თამთა, ვერავინ გაუძლებს, დამიჯერე.
– დამაპატიმრებდნენ? – თამთა მიტკალივით გაფითრდა, – რაო, შეიძლება დამიჭირონ და მაწამონ? ღმერთო ჩემო!
– მე შემიძლია, ეს არ დავუშვა და არც დავუშვებ. დანარჩენს უნდა გაუძლო.
53
გვამის ამოსაცნობად თამთას მეორე დღეს მოაკითხეს. მორგში გამომძიებელი და რამდენიმე უცნობი მამაკაცი გაჰყვნენ. თამთას აღარაფერი ესმოდა. ვერც კი იგრძნო, საკაცის წინ როგორ დააყენეს. მასზე რაღაც თეთრი იყო გადაფარებული. თამთამ თვალები დახუჭა.
– აბა, სცნობთ თუ არა?
ქალმა ნელ–ნელა გაახილა თვალები და კინაღამ შეჰყვირა. საკაცეზე ირენი იწვა.
– ირენ, – წაიჩურჩულა თამთამ, – ღმერთო ჩემო, ირენ!
მიცვალებულს ერთი ხელი მკერდზე ედო, მეორე – ბარძაყთან. სახე მშვიდი ჰქონდა, გეგონებოდათ, სძინავსო, მხოლოდ მისი არაჩვეულებრივად სერიოზული გამომეტყველება და სიფერმკრთალე მიუთითებდა, რომ ეს მიცვალებულის სახე იყო.
– ირენ, ღმერთო ჩემო...
– სცნობთ თუ არა მას?
თამთამ თავი დაუქნია.
– დიახ, ეს პოზნიაკოვაა.
ეს თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა. წამიც და მისი სხეული ყრუდ დაენარცხა ძირს. ყველანი მას მისცვივდნენ.
54
– როგორ ხარ, თამთა?
ქალმა თვალები გაახილა. სასთუმალთან ბერია იდგა.
– სად ვარ? – ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა.
– გპუ–ს ჰოსპიტალში. გვარიანი შიში კი გვაჭამე! ახლა როგორ ხარ?
– არა მიშავს, ვცოცხლობ.
– შენი უდანაშაულობა დამტკიცებულია, – ლავრენტიმ ნაზად აკოცა შუბლზე, – ამიერიდან დაკითხვებით აღარ შეგაწუხებენ. ამაზე მე ვიზრუნე.
– გმადლობთ. ჩემები როგორ არიან?
– კარგად. ოღონდ მათ უთხრეს, რომ სასწრაფოდ მოგიხდა გამგზავრება. იმაზე, რაც მოხდა, არავინ უნდა შეიტყოს.
– კარგი.
– არც ის უნდა გაიგონ, რომ გპუ–ს ჰოსპიტალში მკურნალობ. აქ მეიფარიანის გვარით ხარ. თამთა მეიფარიანი, ეს შენი დროებითი სახელია.
– დიდი მადლობა, ლავრენტი, – თქვა ქალმა და გაიღიმა.
მთელი მათი ნაცნობობის მანძილზე თამთამ პირველად მიმართა ბერიას შენობით.
55
ბერია მახვილი, ანალიტიკური გონების პატრონი იყო. ჯერ კიდევ აზერჩეკაში მუშაობისას აგენტურის საკუთარი ქსელი ჰქონდა. საქართველოში გადმოყვანის შემდეგ ის გაფართოვდა და გაძლიერდა. ლავრენტის ყველგან თავისი ხალხი ჰყავდა, ყველაფერს ამჩნევდა, ყველაფრის საქმის კურსში იყო. ამომწურავი ინფორმირებულობა საშუალებას აძლევდა, მეგობრები ზუსტად, უშეცდომოდ აერჩია, ხოლო როცა დრო დადგებოდა, მათთან კავშირი გაეწყვიტა, თუ საჭირო გახდებოდა, გასწორებოდა კიდეც. ყველაფერი ეს მის კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფდა. სხვადასხვა დროს ლავრენტის ეკავა საქართველოს გპუ–ს თავმჯდომარის და ამიერკავკასიის გპუ–ს თავმჯდომარის პოსტები. ეს უკვე გენერლის თანამდებობა გახლდათ და ამის მიღწევას ბერია უშუალოდ სტალინს უმადლოდა.
ამიერკავკასიის გპუ–ს თავმჯდომარეობა დიდი პოსტია, მაქსიმუმია კი ეს მისთვის? ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ამიტომ თვითდამშვიდებაც ნაადრევია. შემდგომი ეტაპი მოსკოვში გადაყვანა უნდა იყოს. შესაძლოა, კონტრდაზვერვის უფროსად, დროთა განმავლობაში გამორიცხული არაა, გპუ–ს ჩაუდგეს სათავეში. თუმცა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება. კარტის ნაადრევად გახსნა საშიშია. ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება და ისიც მაშინ, როცა შინ, ცოლ–შვილში ხარ და შენთვის არხეინად ხატავ.
ხატვა ბერიას ბავშვობიდანვე უყვარდა. ახლაც, განტვირთვის მიზნით, შინ ბევრს და სიამოვნებით ხატავდა. ვაჟი სერგი იზრდებოდა და მისი ტიტინი გულს ეფინებოდა. პავლე ამაოდ ემუდარებოდა, შვილიშვილი ერთი წლით ჩემთან გამოუშვით, მისგან ნამდვილ ვაჟკაცს გავზრდიო. ნინო წინააღმდეგი იყო. ხუმრობაა, შვილი მთელი წლით სოფელში გაუშვა?!
ნინო ერთგული ცოლი, კარგი დიასახლისი და მზრუნველი დედაა. ლავრენტის ის არ უყვარს, მაგრამ პატივს სცემს. ნინო ხომ მისი შვილის დედაა. რამდენი რამ აპატია ნინომ! ჭორებმა, რომ ლავრენტის საყვარლები ჰყავდა, მის ყურამდე არაერთხელ მიაღწია! ზოგი ტყუილი იყო, ზოგიც – მართალი. ნინომ მხოლოდ ერთხელ დაჰკარგა წონასწორობა, როცა ლავრენტი მთელი კვირეების განმავლობაში შინ არ მოდიოდა. ამბობდნენ, ერთი ქალი შეუყვარდაო და მართალნიც იყვნენ. მამაკაცს ახასიათებს აღფრთოვანება, აღტკინება. ზოგჯერ სიყვარული ცოლშვილიან კაცსაც ეწვევა. ნინო ოჯახიდან წასვლას აპირებდა. კიდევ კარგი, ყველაფერი მოგვარდა. საქმეში ლავრენტის დედა ჩაერია. ლავრენტიც დიდხანს ემუდარებოდა ცოლს და ბოლოს დაიყოლია. ასე შეინარჩუნეს ოჯახი და ძალიანაც კარგი. ლავრენტი შვებას სწორედ აქ პოულობს.
გულის სითბო და სიყვარული ადამიანს ჰაერივით სჭირდება. ბერია ამას მხოლოდ ოჯახში ჰპოვებდა. დედა თბილი და ალერსიანი იყო, ეკლესიაშიც ძველებურად დადიოდა, ყველა მართლმადიდებლურ წესს იცავდა. სიონში მთელი მრევლი მას უყურებდა, შეხედეთ, გპუ–ს თავმჯდომარის დედააო. ლავრენტის ოდნავი საყვედურიც კი არ უკადრებია დედისთვის, თუმცა მისი ღვთისმოსაობა კარიერისთვის არცთუ კარგი იყო. ბევრი ურჩევდა, უთხარი დედაშენს, სიონში ნუ დადის, რაკი ასეთი მორწმუნეა, სახლში ილოცოსო. ბერია თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა, მაგრამ დედას არაფერს ეუბნებოდა, ერჩივნა, სამსახურიდან გაეგდოთ, პარტიიდანაც გაერიცხათ, ვიდრე დედისთვის ეწყენინებინა. სერგოსაც არაერთხელ გასწყრომია, როცა ის ბებიის ღვთისმოსაობას დასცინოდა.
ერთხელ სერგომ ხატი დაამტვრია. ლავრენტიმ ის სასტიკად დატუქსა და იქვე ახალი ხატი დახატა.
– სხვის რწმენას პატივი უნდა სცე! – ასე უთხრა შვილს ბერიამ.
ლავრენტის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა მაშინ, როდესაც სადილზე მთელი ოჯახი ერთ დიდ მაგიდასთან შეიკრიბებოდა. ბერია ამაოდ ემუდარებოდა მამას, ჩვენთან გადმოდიო. "თბილისში ვერ გავძლებ", – პასუხობდა ვაჟს პავლე. დედა ხშირად ჩამოდიოდა თბილისში, პავლეს სიკვდილის შემდეგ კი საერთოდ მათთან გადასახლდა. ლავრენტი უყურებდა და ხარობდა. ნინოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედამისთან. მართა როგორც შვილს, ისე ეპყრობოდა, ნინოც დედას ეძახდა. სადილზე ლავრენტი, როგორც წესი, ერთ–ორ ჭიქა ქართულ ღვინოს გადაჰკრავდა, შემდეგ შვილს წაეთამაშებოდა და თავის კაბინეტში მიდიოდა. აქ დიდხანს და სიამოვნებით ხატავდა. სერგო ვერ ისვენებდა, კაბინეტში შედიოდა და მამას ეტიტინებოდა:
– მამიკო, მამიკო, რას ხატავ?
– რაც მინდა, შვილო.
– შეგიძლია, მთები დახატო?
– შემიძლია.
– ხატის დახატვაც შეგიძლია?
ბერია იცინოდა და იქვე ხატავდა ხატს. სერგო აღტაცებისგან ჭყლოპინებდა, ტაშს უკრავდა:
– უი, რა კარგია! წავალ, ბებიას ვაჩვენებ!
– არა, არ გინდა, ეწყინება.
– რატომ, მამიკო?
– ხატის დახატვის უფლება არა მაქვს, ასეთია წესი. შენ ხომ არ გინდა, რომ ბებიას აწყენინო?
– არ მინდა, მე ის ძალიან მიყვარს.
ლავრენტი იცინოდა და შვილს კოცნიდა. სერგო სიამოვნებისგან გაიტრუნებოდა, შემდეგ თავადაც კოცნიდა მამას ლოყებზე, შუბლზე, კისერში.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online