| ქალი და მამაკაცი |

იტალიაში დატრიალებული ბობოქარი მოვლენები აშშ–ში ფართო მსჯელობის საგანი გახდა. ოკეანის გაღმა შეშფოთებული იყვნენ აპენინის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარებით. იტალიიდან მოსული ინფორმაცია სულ უფრო საგანგაშო ხდებოდა.
– არმიაში აღმოჩენილია იატაკქვეშა ორგანიზაცია, სახელწოდებით "ვარდების ქარი". სპეცსამსახურებში გაუგებარი მოვლენები ხდება, ვიღაც–ვიღაცეების დაკვეთით პრესაში ფსევდო–მამხილებელი სტატიები ჩნდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ამერიკის დაზვერვამ ყოველივე გულდასმით გააანალიზა. როგორც ყველაფრიდან ჩანდა, არავითარი გეგმა "სოლო" არ არსებობდა. ჟურნალისტები საგანგებოდ მოისყიდეს. როცა დამტკიცდა, რომ ყოველივე ცილისწამება იყო, ისინი პარლამენტში გაიყვანეს და პატიმრობისგან იხსნეს.
– ვინ გააკეთა ეს?
– სტატია "ესპრესოში" საბჭოთა დაზვერვის დაკვეთით გამოქვეყნდა. მისი ავტორებიც პატიმრობისგან რუსებმა იხსნეს.
– რატომ? რაში დასჭირდათ ამ აჟიოტაჟის აგორება?
– ამან ყველაფერი გადაფარა, პოლკოვნიკ როკას სიკვდილის მიზეზებიც გაურკვეველი დარჩა.
– ვინ არის როკა?
– ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომელი, შემდგომში ბიზნესმენი, დაკავშირებული იყო მრავალი ქვეყნის დაზვერვასთან.
– რუსებთანაც?
– უკანასკნელ მომენტამდე ეს ვერ მტკიცდებოდა. ახლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დიახ.
– ესაა სულ?
– არა. როკა მასონური ლოჟა პ–2–ის წევრია.
– მაშ პ–2–ს რუსებთანაც აქვს კავშირი?
– გამოდის, რომ ასეა.
ამერიკელებმა იცოდნენ, რომ იტალიის ტერიტორიაზე იატაკქვეშა მასონური სტრუქტურები მოქმედებდნენ. პ–2 ყველაზე დიდი და გავლენიანი იყო. მასთან ბევრი გავლენიანი ძალა იყო დაკავშირებული. პ–2–ს ამერიკელებთანაც ჰქონდა კონტაქტები. რაკი პ–2–ის წევრი პოლკოვნიკი როკა რუსებთან იყო დაკავშირებული, ეს ხომ იმასაც ნიშნავდა, რომ ხსენებული მასონური ლოჟა ამერიკელებისგან მალულად რუსებთანაც იყო შეკრული?
– დიახ, ასეა.
– "ვარდების ქარის" უკან პ–2–ის სილუეტი გამოჩნდა, ანუ ლოჟა არმიაში საიდუმლო სტრუქტურებს ქმნის?
– დიახ, და არა მარტო არმიაში. იგივე შეიძლება ვთქვათ სპეცსამსახურებზე, პარლამენტზე, მთავრობაზე.
– რატომ?
– ასე მხოლოდ ისინი იქცევიან, ვინც პერსპექტივაში გადატრიალებისთვის ემზადება.
›š
ტალიის დაზვერვის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, გენერალი სირო როსეტი ჯელის კარგა ხანია, იცნობდა. როსეტიც იმავე პროვინციულ ქალაქში გაიზარდა, სადაც ჯელი. ამიტომაც როსეტიმ არ გაიოცა, როდესაც ამერიკელმა კოლეგებმა ჯელის შესახებ ჰკითხეს.
– მე მას კარგად ვიცნობ, – მიუგო როსეტიმ, – ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა...
– რა, თუმცა?
– ის მასონია. ამაში კრიმინალური არაფერია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ მან იატაკქვეშა იმპერია შექმნა, სახელწოდებით პ–2.
– ეს ნამდვილია?
– დიახ, თუმცა ხელისუფლება ყურსაც არ იბერტყავს.
– რატომ?
– ჯელი ძალიან მდიდარი და გავლენიანი კაცია. თავისი ხალხი ყველგან ჰყავს.
– სენიორ როსეტი, კარგა ხანია, ჩვენს შეშფოთებას იწვევს პროცესები, რაც იტალიაში ხდება. გვჭირდება თქვენი დახმარება. პ–2–ის შესახებ ყველაფერი არ ვიცით. გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია, თანაც ოფიციალური სტრუქტურების გვერდის ავლით.
– ეგ როგორ?
– ჯელის თავისი ხალხი ყველგანა ჰყავს. თუ ოფიციალური გზით ვიმოქმედებთ, იმ ინფორმაციას მივიღებთ, რაც მას სურს.
– კეთილი, – ჩუმად თქვა როსეტიმ, – დაგეხმარებით.
ამ საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ როსეტი პ–2–ის წევრი გახდა.
ჯელი გენერალს სიხარულით შეხვდა. ჯერ ერთი, ის და როსეტი ერთი კუთხიდან იყვნენ. მეორეც, როსეტი იტალიის დაზვერვის შეფის მოადგილე გახლდათ. ასეთი ხალხი ჯელის ძალზე სჭირდებოდა.
როსეტის ერთხანს გულმოდგინედ აკვირდებოდნენ. გენერალმა ყველა შემოწმებას ღირსეულად გაუძლო. მალე როსეტი პ–2–ის ხელმძღვანელ საბჭოშიც შეიყვანეს. გენერალმაც ეს სრულად გამოიყენა, დაწვრილებითი ინფორმაცია შეკრიბა, შემდეგ კი ამერიკელებს გადასცა.
რაც უფრო უღრმავდებოდა როსეტი პ–2–ის საქმიანობას, მით უფრო იპყრობდა შეშფოთება. ამ ლოჟის ბევრი წევრი მაღალჩინოსანი სამხედრო, სპეცსამსახურის ხელმძღვანელი და ბიზნესმენია. როსეტიც ხვდებოდა, რომ შექმნილ ვითარებაში ბევრი ადამიანის ნდობა არ შეიძლებოდა. მისი უშუალო უფროსი, იტალიის დაზვერვის შეფი ვიტო მიჩელიც ხომ პ–2–ის წევრი აღმოჩნდა.
– საშინელებაა! საშინელება!
ამერიკის თანადგომა კარგია, მაგრამ ამერიკა შორსაა. აქ, იტალიაში, ვის უნდა დაეყრდნოს? კარგა ხნის ფიქრის შემდეგ როსეტიმ არჩევანი გენერალ დელა კიეზაზე შეაჩერა. ისინი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ახლა დელა კიეზა კარაბინერთა კორპუსს ედგა სათავეში.
– პ–2 სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენს! დღეს ეს მასონური ლოჟა უკვე იმდენად ძლიერია, რომ მას ჩვენი ძალებით ვერ მოვერევით. თუ ამერიკელების სახით მოკავშირეს შევიძენთ, მაშინ გამარჯვების რეალური შანსი არსებობს, – განუცხადა როსეტიმ თავის მეგობარ დელა კიეზას.
– ჯელისთან ომს აპირებ?
– ის ჩემი ქვეყნის მტერია, თუ პატრიოტები ვართ, მას უნდა შევებრძოლოთ.
დელა კიეზამ არაფერი უპასუხა.
– პ–2–ს გააჩნია ფილიალები მთელ ევროპაში. ჯელი აპირებს, შექმნას ფილიალი მონტე–კარლოში! მის მეგობრებს შორის არიან პერთა პალატის წევრები, ამერიკელი ბიზნესმენები, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, პარაგვაის დიქტატორი სტრესნერი, ნიკარაგუის დიქტატორი სომოსა, ჰაიტის დიქტატორი დიუვალიე. უკანასკნელ ხანს ჯელიმ "აღმოსავლური განყოფილებაც" დააარსა.
– ეგ რაღაა?
– ფრანც–იოზეფ შტრაუსის დახმარებით, ჯელი დაუკავშირდა აღმოსავლეთ გერმანიის მაღალჩინოსნებს. არსებობს მჭიდრო კონტაქტები რუმინეთის სეკურიტატესთან და დიქტატორ ჩაუშესკუსთან. კარგი ურთიერთობებია დამყარებული იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან. არსებობს კონტაქტები საბჭოთა სუკ–თანაც.
– რაო?
– ჰო, საბჭოთა სუკ–თან. ჯელის სურვილია, ბრეჟნევთან და მისი ოჯახის წევრებთანაც დაამყაროს კავშირი. პოლკოვნიკ დელა როკას ისტორია გახსოვს?
– რა თქმა უნდა.
– ის პ–2–ის წევრი იყო. ჯელის დავალებით დაუკავშირდა სუკ–ს და საიდუმლო ცნობებით ამარაგებდა.
– მაშ, ყველაფერი ლიჩო ჯელის გარშემო ტრიალებს, არა? კარგი, ბატონო!
თავი 2
დიდი მაგისტრი
ბავშვობაშივე ის საოცრად მოხერხებული იყო. ჭკუით არ ბრწყინავდა, სწავლაც უჭირდა, ვერც იმას იტყოდი, რომ პირველი ფალავანი იყო (თუმცა ფიზიკური ძალა არ აკლდა), მაგრამ არაჩვეულებრივად ეშმაკი და შორსმჭვრეტელი გახლდათ, ზუსტად იცოდა, ვისთვის რა ეთქვა, ვისთან ემეგობრა და ვისთან გაუვიდოდა თავხედობა", ასე ახასიათებს ლიჩო ჯელის მისივე თანაკლასელი აგოსტინო დანეზი.
"პანორამას" კორესპონდენტთან საუბარში დანეზიმ ჯელის მოხერხებულობის დამადასტურებელი ერთ–ერთი შემთხვევა გაიხსენა:
– ჩვენს კლასში ერთი აყლაყუდა სწავლობდა. მართალია, ჩხუბისთავი არ გახლდათ, მაგრამ საოცრად ღონიერი იყო და მისი ყველას გვეშინოდა. ერთ მშვენიერ დღეს ჯელიმ აყლაყუდას ბუტერბროდები დაუმალა. ბუნებრივია, ამან აყლაყუდა გააცოფა. მუშტებისა და წიხლების დახმარებით მან ნამდვილი გამოძიება დაიწყო: ყველა თანაკლასელი გულდასმით დაჰკითხა. ვისზეც ოდნავ მაინც მიიტანდა ეჭვს, ჯერ სილას უთავაზებდა, შემდეგ თითებს უგრეხდა: "შენ აწაპნე ჩემი ბუტერბროდი?" – ეკითხებოდა და ისე უგრეხდა თითებს, რომ ბავშვი ტკივილისგან ტიროდა. ამან შედეგი არ გამოიღო. ვერც მოპარული ბუტერბროდი აღმოაჩინა და ვერც ქურდი. ანაზდად ჯელიმ ბუტერბროდი "შემთხვევით იპოვა". აყლაყუდას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამიერიდან ის და ჯელი დაძმაკაცდნენ. აყლაყუდას სახით ჯელიმ მფარველი იშოვა. ამის შემდეგ მთელ სკოლაში უბატონოდ ხმასაც ვერავინ სცემდა.
ლიჩო ჯელი 1919 წელს პატარა ქალაქ პისტოიაში დაიბადა. მის ოჯახს მდიდარი არ ეთქმოდა, თუმცა არც ღარიბები იყვნენ. მამამისი წისქვილის მეპატრონე გახლდათ, ჰქონდა ორსართულიანი სახლი, რომელშიც 10 ოთახი იყო. მამამისი ოცნებობდა, რომ ვაჟი "დიდი კაცი" გამოსულიყო. ლიჩოს კი სწავლა უჭირდა და მალე, აკადემიური ჩამორჩენილობის გამო, სკოლიდან გარიცხეს. მამა დარდმა შეიპყრო, მაგრამ ლიჩიმ ის დაამშვიდა:
– არხეინად იყავი, მამიკო, დიდი კაცი მაინც გავხდები! ჩვენს დროში ამისთვის სწავლა სულაც არაა საჭირო!
იტალიაში იმხანად ფაშისტური დიქტატურა იყო, ამიტომ პოლიტიკური კარიერის გაკეთება მხოლოდ ფაშისტური პარტიის წევრს შეეძლო. ჯელიც ფაშისტებს დაუახლოვდა. მალე ის ესპანეთში გაემგზავრა, რათა იქ გამართულ სამოქალაქო ომში მიეღო მონაწილეობა. ჯელი გენერალ ფრანკოს მხარეზე იბრძოდა, რამაც ადგილობრივი ფაშისტების თვალში მისი ავტორიტეტი აამაღლა.
მალე ჯელი პროფესიონალი ჟურნალისტი გახდა და სისტემატურად აქვეყნებდა მასალებს გაზეთ "ტემპო ნოსტროში". მეორე მსოფლიო ომის დრო ჯელი არმიაში გაიწვიეს. იგი სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცერი გახდა. მუსოლინის რეჟიმს ის პირნათლად ემსახურებოდა, მაგრამ 1943 წელს, როდესაც იტალიაში მოკავშირეები გადასხდნენ, ვითარება შეიცვალა.
მუსოლინის მისივე უახლოესი თანამოძმენი განუდგნენ. ამით მეფე ვიქტორ ემანუელმა ისარგებლა და დუჩე დააპატიმრა. ჰიტლერის პირადი ბრძანებით, სს–ელმა ოტო სკორცენიმ ბრწყინვალედ ჩაატარა მუსოლინის გათავისუფლების ოპერაცია. გერმანელებმა იტალიაში თავიანთი ჯარი შეიყვანეს. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მუსოლინიმ კი შემორჩენილი მომხრეები შემოიკრიბა და მარიონეტულ "სალოს რესპუბლიკის" მთავრობას ჩაუდგა სათავეში. კომუნისტები და მათი დამქაშები, რომლებიც გარიბალდის სახელობის ეროვნული ხსნის ფრონტში იყვნენ გაერთიანებულნი", იარაღით დაუპირისპირდნენ ფაშისტებს. ჯელი ფორმალურად მუსოლინის მხარეს იყო, სინამდვილეში კი საიდუმლო კავშირი ჰქონდა გარიბალდის ფრონტთან.
ასე დაიწყო მისი თანამშრომლობა წინააღმდეგობის მოძრაობასთან. ჯელი ამარაგებს წითელ პარტიზანებს ინფორმაციით, ეხმარება ყველაზე თავგამოდებული ფაშისტების ლიკვიდაციაში, რომლებსაც სადამსჯელო აქციებში მონაწილეობით მართლაც დაამახსოვრეს თავი პარტიზანებს. გერმანელების მიერ დაკავებულ პარტიზანებს გაქცევა სწორედ ჯელიმ მოუწყო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯელის ფაშისტური წარსული გაუხსენეს და კოლაბორაციონიზმში დასდეს ბრალი. ჯელი ამისთვის მზად იყო: მან განაცხადა, რომ 1943 წლიდან აქტიურ ანტიფაშისტურ საქმიანობას ეწეოდა. ჯელიმ თავისი სიტყვები კონკრეტული ფაქტებითაც გაამყარა. პარტიზანული მოძრაობის წარმომადგენლებმა მისი სიტყვები დაადასტურეს.
როგორც ჩანს, მომავალი დიდი მაგისტრი ამან არ დააკმაყოფილა. მალე ჯელიმ პოლიციას გადასცა თავისი რამდენიმე ყოფილი მეგობარი. ერთ დროს ისინი ესპანეთში ერთად იბრძოდნენ, შემდეგ სამხედრო კონტრდაზვერვაშიც ერთად მსახურობდნენ. ომის შემდეგ ჯელის არაფრის ეშინოდა, რადგან პარტიზანებთან სამსახურით მთელი თავისი ფაშისტური წარსული გადაფარა. მის ძმაკაცებს კი სრული საფუძველი ჰქონდათ, ახალი ხელისუფლების შეშინებოდათ – ისინი სადამსჯელო ოპერაციებშიც მონაწილეობდნენ და ხელებიც სისხლით ჰქონდათ მოსვრილი. ამიტომაც დაიმალნენ და მათი ადგილსამყოფელი მხოლოდ ჯელიმ იცოდა. მან ეს ხელისუფალთ გაუმხილა. მალე მისი ძმაკაცები დააპატიმრეს და, როგორც სამხედრო დამნაშავეები, სიკვდილით დასაჯეს.
ყველაფერმა ამან ჯელის მთელი ფაშისტური წარსული გადაფარა. ახლა ჯელი ანტიფაშისტის რეპუტაციით სარგებლობდა. ამან საშუალება მისცა, ახალ იტალიაში ღირსეული მდგომარეობა დაეკავებინა. მალე ჯელის დიდი ფული გაუჩნდა და ბიზნესი წამოიწყო.
›š
საიდან გაუჩნდა ლიჩო ჯელის დიდძალი ფული?
დანამდვილებით ეს არავინ იცის. არსებობს ვერსია, რომ ჯელი ხორვატული ოქროს მარაგის მოტაცებაში მონაწილეობდა.
ხორვატული ეროვნული მოძრაობის რადიკალური ნაწილი (ანტე პაველიჩი და მისი მომხრეები) მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მუსოლინისთან. თავის დროზე დუჩე დათანხმდა იტალიის ტერიტორიაზე უსტაშთა საწვრთნელი ბანაკების განლაგებას. 1941 წლის აპრილში გერმანიამ და იტალიამ იუგოსლავიაზე გაილაშქრეს. ხორვატიაშიც სერბების წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. 1941 წლის 11 აპრილს აჯანყებულებმა ზაგრები აიღეს. უსტაშთა ადგილობრივმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სლავკო კვატერნიკმა, რადიოთი ხორვატიის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. აღორძინებულ ხორვატულ სახელმწიფოს სათავეში ემიგრაციიდან დაბრუნებული ანტე პაველიჩი ჩაუდგა. 1945 წლის მაისში უსტაშებმა ბრძოლით დაიხიეს უკან და საზღვარგარეთ გადავიდნენ. ოქროს მარაგი კი ცოტა ხნით ადრე უკვე იტალიაში იყო გატანილი.
ანტე პაველიჩი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობდა. ის იმედოვნებდა, რომ დასავლეთი იუგოსლავიაში ტიტოს კომუნისტური რეჟიმის გაბატონებას არ შეეგუებოდა და ხორვატებს დაეხმარებოდა. პაველიჩი, რომელიც იტალიაში გადავიდა, ინარჩუნებდა კავშირს ხორვატიის ტერიტორიაზე მოქმედ პარტიზანებთან, რომელთაც გენერალი რაფიელ ბობანი ედგა სათავეში. დასავლეთმა იმხანად ხორვატებს მხარი არ დაუჭირა. მალე უსტაშთა მეთაურების იუგოსლავიისთვის გადაცემაც დაიწყო. პაველიჩი შეშფოთდა. ახლა იტალიის სასწრაფოდ დატოვება და ოქროს მარაგის გადარჩენა იყო საჭირო. პაველიჩიც ემზადებოდა შორეულ არგენტინაში გასამგზავრებლად, სადაც ხელისუფლებაში მისი მეგობარი ხუან პერონი იყო. ამ დროს ოქროს მარაგის ნაწილი გაქრა.
"ის გენერალ ანტე მოშკოვს ჰქონდა ჩაბარებული", – წერდა ხორვატული ეროვნული მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე, სტეფან ჰეფერი.
პაველიჩმა მოშკოვი სასწრაფოდ თავისთან იხმო. მას მოახსენეს, რომ იტალიელებმა გენერალი დაატყვევეს და ტიტოს გადასცეს. პაველიჩმაც სასწრაფოდ დატოვა იტალია. ის შორეულ არგენტინაში გაემგზავრა, ისე, რომ ვერ გაარკვია, თუ სად გაქრა ოქროს მარაგის ნაწილი.
იუგოსლავიაში დეპორტირებული მოშკოვი ტიტოს უშიშროების თანამშრომლებმა დაკითხეს. კითხვაზე, თუ სად გაქრა ოქროს მარაგის ის ნაწილი, რომელიც მას ებარა, გენერალმა უპასუხა:
– მანქანას, რომელშიც ოქრო იყო, თავს უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ. როგორც ჩანს, ისინი მუსოლინის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრები იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ მანქანაში ოქრო ინახებოდა.
– დანამდვილებით იცით, რომ ეს მუსოლინის სამხედრო კონტრდაზვერვცის ოფიცრები იყვნენ?
მოშკოვმა მწარედ გაიღიმა:
– ზუსტად ყველაფრის გარკვევა ვერ მოვასწარი. აკი დამაპატიმრეს და იუგოსლავიის კომუნისტურ ხელისუფალთ გადამცეს.
მოშკოვი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნული შემთხვევა კი მრავალი წლის შემდეგ გაიხსენეს. ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჯელი თავდამსხმელთა შორის იმყოფებოდა და ამ გზით მან თავისი პირველი დიდი ფული იშოვა.
›š
როდის დაუკავშირდა ლიჩო ჯელი მასონებს?
დანამდვილებით არც ამისი თქმა შეიძლება. ერთნი ამტკიცებენ, რომ ჯელი მასონი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წლებში გახდა, მეორენი თვლიან, რომ ეს ომის შემდგომ მოხდა.
რუსი პუბლიცისტი ზაფესოვი დაწვრილებით ცნობებს გვაძლევს იტალიური მასონობის სტრუქტურაზე:
"ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას "გრანდე ორიენტე" წარმოადგენს (20.000 წევრი), შემდეგ მოდის "პიეშუ დელ ჯეტუ" (10.000). არსებობენ წვრილ–წვრილი დაჯგუფებებიც".
მასონთა რიგებში ჯელი ინტენსიურად იძენს ახალ–ახალ გავლენიან მეგობრებს. ერთ–ერთი მათგანია ცნობილი იტალიელი მასონი რობერტო ასკარელი. მასსა და ჯელის შორის ახლო ურთიერთობები მყარდება. შემდეგ ასკარელიმ ჯელი იტალიელ მასონთა ლიდერ გამბერინის წარუდგინა:
– ლიჩო ის კაცია, ვისაც მასონური მოძრაობის ფართოდ გაშლა შეუძლია, – უთხრა მას ასკარელიმ.
გამბერინი რამდენჯერმე შეხვდა ჯელის და ესაუბრა. მალე ჯელის პოზიციები მასონთა შორის გამყარდა. ის ლეგალური ლოჟის თავკაცი, ანუ დიდი მაგისტრი გახდა. ახლა ჯელის უფლება ჰქონდა, მასონთა რიგებში სხვებიც მიეღო. ისიც ენერგიულად შეუდგა იატაკქვეშა იმპერიის, პ–2–ის, მშენებლობას.
თავის იმპერიას ჯელი დიდი ხნის მანძილზე და უდიდესი რუდუნებით აგებდა. პ–2–ში მან თავი მოუყარა მაღალჩინოსან სამხედროებს (არანაკლებ პოლკოვნიკის ჩინისა), მსხვილ ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს. პ–2–ის წევრები გახდნენ სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები, მრეწველები, პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები. პ–2–ის წევრები იყვნენ ქრისტიან–დემოკრატები, ნეოფაშისტები, კომუნისტები, სიცილიური მაფიის ნათლიმამები, ულტრამემარცხენე თუ ულტრამემარჯვენე ტერორისტების მეთაურები. ლოჟის წევრები იყვნენ გაზეთებისა და ტელეკომპანიების მეპატრონენი, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი, პროფკავშირის აქტივისტები.
პ–2 ცდილობდა, მნიშვნელოვან პოსტებზე რაც შეიძლება მეტი თავისიანი დაესვა. როგორც კი ლოჟამ მყარი პოზიციები მოიპოვა, კონტაქტი დაამყარა მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურთან და სახელმწიფო საიდუმლოებებით ვაჭრობა დაიწყო. გარკვეული საზღაურის ფასად ხდებოდა პარლამენტში ამა თუ იმ კანონის მიღება ან ჩაგდება. თავისი ფასი ჰქონდა მნიშვნელოვან პოსტზე ამა თუ იმ პირის დანიშვნის უზრუნველყოფას, ამა თუ იმ მოღვაწის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ან იმიჯის შექმნას. იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ლოჟის წევრები იყვნენ, უზრუნველყოფილი იყო ხელსაყრელი კონტრაქტების დადება. სანაცვლოდ, ეს ხალხი მოგებიდან გარკვეულ თანხას ლოჟას უხდიდა. პ–2 ინტენსიურად იყო ჩართული ნარკობიზნესში, იარაღით უკანონო ვაჭრობაში. ამ დროს ჯელის ძალზე გამოადგა თავისი კავშირები სამხედროებთან, სპეცსამსახურებთან, მემარცხენე თუ მემარჯვენე ექსტრემისტებთან, მაფიასთან.
ჯელის განკარგულებაში იყო უამრავი დოსიე, შედგენილი წამყვან პოლიტიკოსებზე, ბიზნესმენებზე, მრეწველებზე, საზოგადო მოღვაწეებზე. ასეთ დოსიეებს იტალიის სპეცსამსახურები ადგენდნენ, მაგრამ, თავისი მეგობრების დახმარებით, მათი ასლები ჯელისთან მოხვდა. ინფორმაცია კი უდიდესი ძალაა.
პ–2–ის გავლენა იზრდებოდა. ლიჩო ჯელიც იტალიის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი გახდა.
თავი 3
რკალი ვიწროვდება
გეგმა "სოლოს" გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა ვაშინგტონამდე მიაღწია. აშშ–ს იმხანად უამრავი პრობლემა ჰქონდა. ვიეტნამში კატასტროფული მდგომარეობა იყო. ამასთან, ნიქსონს არცთუ კარგი ურთიერთობები ჰქონდა ცსს–ს მაშინდელ დირექტორ ჰელმსთან. ამიტომაც იტალიიდან მოსულმა ცნობამ ნიქსონი საგონებელში ჩააგდო:
– ნუთუ იტალიის სახით ახალი პრობლემა იქმნება?
თეთრ სახლში იტალიაში შექმნილ მდგომარეობაზე არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობდა. ცსს–ს და გფბ–ს ხელმძღვანელობა თვლიდა: მდგომარეობა საგანგაშოა, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება. სახელმწიფო მდივანი ამას არ იზიარებდა:
– ის, რომ იტალია სკანდალებისა და კრიზისების ქვეყანაა, ცხადია! ამავე დროს, არც ბუზის სპილოდ ქცევა შეიძლება! მთელი ეს აჟიოტაჟი მხოლოდ ქარიშხალია ჭიქაში და მეტი არაფერი!
საკმაო მსჯელობის შემდეგ ამერიკელებმა გადაწყვიტეს: ა) დაარწმუნონ იტალიის ხელისუფალნი, მაქსიმალურად გადამჭრელი ზომები მიიღონ; ბ) სპეცსამსახურების დონეზე განხორციელდეს გარკვეული აქციები, მიმართული ანტიდემოკრატიული, ავანტიურისტული ძალების იზოლირებისკენ.
იტალიის ხელისუფალნი პ–2–ის მიმართ ზომების მიღების სურვილს კვლავ არ ავლენდნენ. ამას მრავალი მიზეზი განაპირობებდა. პირველი და გადამწყვეტი ის გახლდათ, რომ ჯელის მართლაც ყველგან ჰყავდა თავისი ხალხი. მეორეც, იტალიის მინისტრთა კაბინეტი წამდაუწუმ იცვლებოდა. არც ერთ მინისტრს არ სურდა, აუტკივარი თავი აეტკივებინა და ძლიერ, გავლენიან სტრუქტურას დაპირისპირებოდა. დარჩა ერთი გზა: ლოჟის წინააღმდეგ აქციები საკუთარი ინიციატივით განეხორციელებინათ.
გენერალი როსეტი შემდგომში იხსენებდა:
– აქციების განხორციელება ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად დავიწყეთ.
როსეტის მხარს უჭერდა მისი მეგობარი, გენერალი დელა კიეზე.
როსეტი დიდი ხანია იცნობდა დელა კიეზეს, ამიტომ სათქმელი პირდაპირ უთხრა:
– მე ამ მასონური ლოჟის წევრი მხოლოდ იმიტომ გავხდი, რომ ის შიგნიდან ავაფეთქო! მე, იტალიის დაზვერვის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, იძულებული ვარ, ამგვარად ვიმოქმედო! აბა, რა ვქნა?! მთავრობა არ მისმენს! ჩემთვის სულ ერთი არაა, ჩემს სამშობლოს რა მოუვა!
დელა კიეზე ჩაფიქრდა:
– პათეტიკა საჭირო არაა! – თქვა მან, – სჯობს, ის მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ.
– ჩემს აზრს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ბევრი ოფიცერი იზიარებს, – მიუგო როსეტიმ, – ჩვენი მოკავშირეა სახელმწიფო აპარატში მყოფი ბევრი პატიოსანი ჩინოსანიც.
– სულ ესაა?
– არა. ამერიკელებიც ჩვენთან არიან. ცსს–სა და გფბ–ს ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პ–2 ჩაიძიროს.
– რაო, ჯელის ვაშინგტონში მეგობრები არ ჰყავს? – მწარედ გაიღიმა დელა კიეზემ.
– მას ძლიერი პოზიციები აქვს სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა...
– ასე, – ფიქრიანად წარმოთქვა დელა კიეზემ, – ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ოფიციალური გზით ვერაფერს გავხდებით. რჩება მეორე, არაოფიციალური გზა.
– ჰო.
– ცუდია, ძალიან ცუდი, – დელა კიეზე მოიღუშა, – ჩვენ იმავე მეთოდებით უნდა ვიმოქმედოთ, როგორითაც ჯელი მოქმედებს.
მალე მასონურ ლოჟა პ–2–ს ახალი წევრი შეემატა. ეს გენერალი დელა კიეზე გახლდათ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 






































































































