asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბაკურ სულაკაური: "ეს არის წიგნები, რომლებიც შეგიძლია შთამომავლობას დაუტოვო"
ქართული მწერლობის საუნჯე ჟურნალ ”სარკესთან” ერთად
ბაკურ სულაკაური: "ეს არის წიგნები, რომლებიც შეგიძლია შთამომავლობას დაუტოვო"

2011-06-23 18:18:56



სულ მალე ქართული ლიტერატურის საგანძურს კიდევ ერთი უნიკალური გამოცემა შეემატება – "ქართული მწერლობის საუნჯე". 25 ტომეულში თავმოყრილი იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი ავტორი და ნაწარმოები, რაც ქართულ გენს შეუქმნია, ძველი, ქართული სასულიერო მწერლობიდან მოყოლებული მე–20 საუკუნის კლასიკური მწერლობით დამთავრებული. ასეთი სრულყოფილი გამოცემა ჯერ საქართველოში არ გაკეთებულა.
"ქართული მწერლობის საუნჯე" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის და ჟურნალ "სარკის" ერთობლივი პროექტია. წიგნები მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის იქნება. რაც მთავარია, ყველა ტექსტი აკადემიურ გამოცემებთან არის შედარებული და, ამდენად, მათი სანდოობა გარანტირებულია.
ბაკურ სულაკაური:
– "ქართული მწერლობის საუნჯეში" ყველანაირი ჟანრის ნაწარმოები შევა, დაწყებული სასულიერო მწერლობით, დამთავრებული მიხეილ ჯავახიშვილით, რადგან კლასიკური ლიტერატურა სწორედ მიხეილ ჯავახიშვილით მთავრდება, შემდეგ უკვე თანამედროვე მწერლობა იწყება. ამ გამოცემაში ყველა მნიშვნელოვანი ავტორი შევა, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში რაიმე ღირებული შექმნა.
– მაინც რითი იქნება გამორჩეული სხვა გამოცემებისგან?
– ასეთი ტიპის გამოცემები ადრეც გაკეთებულა, მაგრამ არა ასეთი სრულყოფილი სახით. სრულად იქნება წარმოდგენილი ქართული კლასიკური მწერლობა და მისი რჩეული ნიმუშები და მეორე – გამოცემის ხარისხი იქნება გამორჩეული. ქართული მწერლობის ასეთი ხარისხის გამოცემა აქამდე ჯერ არ გაკეთებულა, წიგნები იქნება ტყავის ყდაში და, რაც მთავარია, ასეთი ტიპის გამოცემებისთვის წარმოუდგენლად იაფი ეღირება – ჟურნალ "სარკესთან" ერთად 8 ლარი. ეს იქნება სპეციალური ფასი, მერე კი მაღაზიებში ჩვეულებრივ, გაცილებით მაღალ ფასში გაიყიდება.
– თქვენს გამომცემლობას მსგავსი რამ აქამდე თუ აქვს გაკეთებული?
– დიახ, ჩვენ ქართული კლასიკური მწერლობის ათტომეულს გამოვცემდით. სწორედ ამ წიგნებზე მუშაობის პროცესში მოგვივიდა აზრად, რომ ისეთი გამოცემა გაგვეკეთებინა, სადაც, უძველესი მწერლობიდან მოყოლებული, ყველა კლასიკოსის ნაწარმოები შევიდოდა და გადავწყვიტეთ, ჟურნალ "სარკესთან" ერთობლივი პროექტი გაგვეკეთებინა. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, სახლში სრულად ჰქონდეს ქართული კლასიკური ლიტერატურა, თანაც ეს იქნება არამარტო ტექსტები, არამედ კარგად გამოცემული წიგნები, რომლებიც შეგიძლია შთამომავლობას დაუტოვო.
– საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, რომ მთელი ქართული ლიტერატურული საუნჯე 25 ტომში მოაქციო. ალბათ ამაზე დიდი ჯგუფი მუშაობს.
– რა თქმა უნდა, შრომატევადი საქმეა და ამას ასე სწრაფად ვერ მოვასწრებდით, რამდენიმე წლით ადრე რომ არ დაგვეწყო მუშაობა. ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმაზე, რომ მთელი ქართული ლიტერატურა აგვეკრიფა და შეგვედარებინა აკადემიურ გამოცემებთან, რადგან არ შეიძლება, შეცდომა გაიპაროს. ამაზე მრავალი ადამიანი მუშაობდა თვეების და წლების განმავლობაში. რაც არ გვქონდა გაკეთებული, ამ ერთი წლის განმავლობაში ნელ–ნელა გავაკეთებთ.
– ტექსტებზე უნდა გკითხოთ. რამდენად ზუსტი იქნება ისინი და თუ შეიძლება, რომ მათ წიგნიერი საზოგადოება, მეცნიერები ან მოსწავლეები დაეყრდნონ?
– რასაკვირველია, აკადემიური თვალსაზრისით, აბსოლუტურად სანდო იქნება. ყველა ტექსტი მრავალჯერ არის წაკითხული, კორექტურული შეცდომები გაპარული არ არის. შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ ტექსტებს თამამად დაეყრდნოს, ისე, რომ არ იფიქროს, რაიმე შეცდომა ხომ არ არის გაპარულიო. როცა ამ ტომეულების შექმნაზე ვმუშაობდით, ჩვენთვის სამი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი. ერთი, რომ ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, მეორე, სრულად ყოფილიყო თავმოყრილი ქართული კლასიკური ლიტერატურის ყველა ჟანრი, რომ სახელი გაემართლებინა და მესამე, ისეთ ნივთად ქცეულიყო, რომ ადამიანს მისი შენახვის ან ჩუქების სურვილი გასჩენოდა.
– ამ საუნჯიდან თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი მწერალი ვინ არის?
– ძალიან ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელი ავტორები არიან შოთა რუსთაველი, ვაჟა–ფშაველა და კიდევ ერთი, დავით კლდიაშვილი, რომელიც პროზაიკოსებიდან გამორჩეულად მიყვარს.
– ბატონო ბაკურ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თქვენ პირველი იყავით, რომელმაც ეს საქმე წამოიწყეთ და დიდი პაუზის შემდეგ ფაქტობრივად მკითხველი წიგნებთან დააბრუნეთ. მას შემდეგ რა გზა გამოიარა საქართველოში საგამომცემლო საქმემ, როგორ განვითარდა?
– როცა ჩვენ ვიწყებდით საგამომცემლო საქმიანობას, წიგნის ტირაჟი საერთოდ არ არსებობდა, წიგნი არ იყიდებოდა და არც წიგნის მაღაზიები არსებობდა. ბუნებრივია, ამ ფონზე საგამომცემლო საქმიანობა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. პირველად აკა მორჩილაძის "გადაფრენა მადათოვზე" გამოვუშვით, რომლის ტირაჟიც 500 იყო და სამი წლის განმავლობაში იყიდებოდა. ეს იყო 1999 წელი.
– ალბათ ძნელი იყო ასეთ პირობებში საქმის გაგრძელება იმ იმედით, რომ ოდესმე გაამართლებდა.
– კი, ნამდვილად ძნელი იყო, სწორედ ამიტომ რამდენიმე წლის განმავლობაში პარალელურად სხვა საქმეებითაც ვიყავი დაკავებული. საწყის ეტაპზე შეუძლებელი იყო, საგამომცემლო საქმიანობით გვერჩინა თავი, მაგრამ, რაკი ეს საქმე მომწონდა, გადავწყვიტე, ბოლომდე გავყოლოდი. საერთოდ, როცა რაღაც საქმეს სწორად აკეთებ, საბოლოოდ აუცილებლად გაამართლებს. ჩვენ კი სწორი გზით მივდიოდით. ვატყობდი, რომ საზოგადოების მოთხოვნა წიგნზე ნელ–ნელა, მაგრამ მაინც იზრდებოდა. ის, რომ დღეს წიგნის ბიზნესი არსებობს, სწორედ იმ წლების დამსახურებაა. ცხადია, მარტო ერთი გამომცემლობა ამ ფონს ვერ შეცვლიდა. ძალიან კარგია, რომ ბევრი სხვაც გამოჩნდა, ვინც ამ საქმის კეთება დაიწყო. საგამომცემლო საქმიანობას განსაკუთრებით უდგნენ გვერდში ახალგაზრდა მწერლები. ისინი გამოდიოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ, რომ წიგნს დაბრუნებოდნენ. აი, ამ ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა, რომ დღეს წიგნის ყიდვა და კითხვა მოდაშია. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები წიგნებს გატაცებით კითხულობენ და, საბედნიეროდ, ასეთი საკმაოდ ბევრია.
– არა მარტო ახალგაზრდები, ბავშვებიც ეჩვევიან წიგნზე მუშაობას, რასაც თქვენი საბავშვო გამოცემებიც უწყობს ხელს.
– ჩვენი მიზანი იყო, ღირსეული კონკურენტი შეგვექმნა ისეთი თანამედროვე საშუალებებისა, როგორიც არის ტელევიზია, კომპიუტერი, ვიდეოთამაშები... თუ 40 წლის წინ ერთადერთი გასართობი შეიძლებოდა ყოფილიყო წიგნის კითხვა, დღეს ბავშვებს უამრავი საცდუნებელი აქვთ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა თანამედროვე წიგნები, რომლებიც ბავშვს მიიზიდავდა, დააინტერესებდა და ტელევიზორსა და კომპიუტერს მოწყვეტდა.
– თქვენს შვილებს როგორ ურჩევთ ლიტერატურას?
– ჩემი აზრით, როცა ბავშვი მოზრდილი ასაკისაა, მშობელი აღარ უნდა ჩაერიოს, რას წაიკითხავს ის. თუ ბავშვს რაღაც არ მოსწონს და ბეზრდება, იმ წამს უნდა შეეშვას და სხვაზე გადავიდეს. ძალიან ხშირად მშობლები არაადეკვატურად ურჩევენ წიგნებს, შეიძლება სამი წლის ბავშვს "ტომ სოიერის" თავგადასავალი წაუკითხონ, რასაც ის ვერ გაიგებს და შეაძულებს კითხვას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი წაიკითხოს, რაც მას მოსწონს და აღელვებს. ყველაზე ცუდია, როცა ბავშვს კითხვას აძალებენ, მას ასე შეიძლება წიგნი შეაძულო.
– თქვენი შვილების მაგალითით თუ გამოგიციათ წიგნი, ვთქვათ, რაც მათ მოსწონდათ?
– კი, ასეთი რამ ხშირად ყოფილა. როცა წიგნების გამოცემა დავიწყეთ, მაშინ მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე საბავშვო ენციკლოპედია არსებობდა. ბუნებრივია, მაინტერესებდა, ბავშვებისთვის რომელი უფრო მეტად იყო საინტერესო. ჩემი უფროსი შვილი მაშინ ძალიან პატარა იყო. მას ინგლისურენოვანი რამდენიმე ენციკლოპედია დავულაგე წინ. მაინტერესებდა, რომელს აირჩევდა. ერთ–ერთი რომ დაიჭირა ხელში და თვეების განმავლობაში ხელიდან აღარ გაუშვა, მივხვდი, რომ ზუსტად ის უნდა გამოგვეცა და მართალიც აღმოვჩნდი. ეს იყო პირველი საბავშვო ენციკლოპედია ქართულ ენაზე, რაც ჩვენი ყველაზე წარმატებული გამოცემა აღმოჩნდა.
ირინე მჭედლიძე ჟურნალი სარკე N 25


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online