| ქალი და მამაკაცი |

– ავტობუსში აღმოჩნდა ქალი, რომელიც ირწმუნება, რომ ლოს ანჯელესიდან გამოსვლისას იქ მისის ფარგო არ იყო, ანუ ის, რომელიც ჯერ თქვენ დამანახვეთ, მერე კი იმ ქალსაც მივახვედრე, ვისაც ვგულისხმობდი, – თქვა აგენტმა.
– მაგ ქალს რაღაცა ეშლება, – თქვა მეისონმა.
– არა მგონია, – შენიშნა აგენტმა.
– მისი ჩვენებაც ჩაიწერეთ?
– რა თქმა უნდა.
– სად ცხოვრობს?
– ლოს ანჯელესში.
– კარგით, თავისუფალი ხართ. გასამრჯელოსთვის დრეიკის სააგენტოს მიაკითხეთ, – მეისონი სტრიტს მიუბრუნდა, – წავედით, დელა!
›š
ტაქსი მოხდენილ, ტერასიან სახლთან გაჩერდა. როცა გადმოვიდნენ და მეისონმა ზარი დარეკა, კარი მისის ინგრემმა გააღო:
– მოხვედით, ბოლოს და ბოლოს?
– როგორც ხედავთ. მოხდა რამე?
– აქ პოლიცია იყო, თქვენ კი არ გამოჩნდით.
– რა უნდოდათ?
– თქვენ გელოდნენ, – ქალი სტუმრებს ოთახში შეუძღვა.
– კარგი. ახლავე თქვენს ქალიშვილს დაველაპარაკები...
– აქ რომ იყოს, კი.
– მაშ, სად არის?
– პოლიციამ წაიყვანა, – ქალმა ადვოკატს კონვერტი გაუწოდა, – მირტლმა ეს დაგიტოვათ.
მეისონმა კონვერტი გახსნა, ბარათი ამოიღო და უხმოდ წაიკითხა:
"მისტერ მეისონ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, ყველაფერი ასე თუ შემობრუნდებოდა. იმედია, გამიგებთ. მირტლ ფარგო".
ადვოკატმა ბარათი და კონვერტი ჯიბეში ჩაიდო თუ არა, ტელეფონიც აწკრიალდა.
– ერთი წამით, – მისის ინგრემი აპარატთან მივიდა და ყურმილს დასწვდა, – კარგით... ახლავე... – მერე მეისონს მიუბრუნდა, – თქვენ გკითხულობენ, სასწრაფო საქმეაო.
მეისონს ყურმილში დრეიკის აღელვებული ხმა მოესმა:
– პერი, კიდევ კარგი, დაგიჭირე!
– მოხდა რამე?
– პოლიციამ მირტლ ფარგოს ავტომობილს მიაგნო.
– სად?
– სადგურ იუნიონ ტერმინალის ავტოსადგომზე. როცა მორიგეს მისის ფარგოს სურათი აჩვენეს, თქვა, საჭესთან ეს იჯდა, მერე გადმოვიდა და ტაქსების გაჩერებისკენ წავიდაო. მოკლედ პოლიციამ მის კვალს მიაგნო და ისიც შეიტყო, ის და მისი თანამზრახველი კერძო თვითმფრინავით ბეკერსფილდში რომ გაფრინდნენ. იქ ქალმა ტაქსი დაიჭირა და მძღოლს სთხოვა, პირველი საათის ავტობუსს უნდა მივუსწროო. ამ ავტობუსის გასვლამდე ორი წუთით ადრე მირტლ ფარგო უკვე ავტოსადგურში იყო.
– როგორც ვხედავ, პოლიციას კარგად უმუშავია.
– ჰო. მაგიტომაც დაგირეკე, წინასწარ რომ გცოდნოდა.
– კარგი, პოლ. გმადლობ, – მეისონმა ყურმილი დაკიდა და მისის ინგრემის ავად მომზირალ თვალებს წააწყდა:
– მისტერ მეისონ, მე დედა ვარ. გულწრფელად მითხარით, ჩემს გოგოს დაეხმარებით?
– აქ რომ იყოს, კისერს მოვუგრეხდი, – პირქუშად მიუგო ადვოკატმა.
›š
მეისონმა მირტლ ფარგოს დაპატიმრების ამბავი გაზეთებიდან შეიტყო. ის ეჭვმიტანილად ცნეს ქმრის მკვლელობაში. არტმან დ. ფარგოს, დაქვრივებული მირტლის გარდა, ვაჟიც დარჩა – 10 წლის სტივენ ლ. ფარგო, რომელიც საკრამენტოს მახლობლად სწავლობდა ერთ–ერთ პრესტიჟულ სკოლაში. მასწავლებლები და თანაჯგუფელები სტივს დადებითად ახასიათებდნენ და, როგორც მათი საუბრიდან ირკვეოდა, უყვარდათ კიდეც.
კაბინეტის კარი გაიღო და დელა სტრიტი შემოვიდა. მას ნაღვლიანი სახე ჰქონდა.
– დელა, რა მოხდა? – შეეკითხა შეფი.
– მისის ფარგო საოლქო ციხეში მოუთავსებიათ, – მიუგო მდივანმა და რამდენიმე გაზეთი გაუწოდა, – ამას დღევანდელი პრესა წერს.
მეისონმა გაზეთები საწერ მაგიდაზე დააწყო, ერთ–ერთი მათგანი გაშალა და მირტლ ფარგოს ფოტოს დახედა, რომელიც ფარგოს სახლის ფონზე იყო გადაღებული, იქვე კი კარგამოღებული სეიფიც ჩანდა მიყრილ–მოყრილი ქაღალდებით. ადვოკატი რომელიღაც სტატიას ჩააცქერდა.
– მისმინეთ, – თქვა მერე და კითხვა განაგრძო, – "პოლიცია ამ ქალის თანამონაწილეს ეძებს, რომელიც მისის ფარგოსთან საკმაოდ დაახლოებული უნდა ყოფილიყო. როგორც პილოტი ამბობს, თვითმფრინავი სწორედ ამ კაცმა იქირავა ბეკერსფილდში ჩასაფრენად, მგზავრი კი, რომელსაც სახეს ვუალი უფარავდა, სავარაუდოდ მირტლ ფარგო იყო... საინტერესოა აღინიშნოს, რომ, როცა უკვე ბეკერსფილდში ქალი ტაქსიდან ავტობუსისკენ მიდიოდა, შლაპა და ვუალი აღარსად ჩანდა. ამას ავტობუსის მგზავრი, მისის ნიუტონ მეინარდიც ადასტურებს და გაკვირვებულია, თითქოს მწუხარე ქალბატონი შავ შლაპასა და ვუალში თითქმის მხიარულ ქალად როგორ იქცა, რომელიც მგზავრებთან გამოსაუბრებას ცდილობდაო. მისის მეინარდის მტკიცებით, მისის ფარგო ავტობუსში ბეკერსფილდში ამოვიდა და არა ლოს ანჯელესში, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ". აქ მე მგულისხმობენ, – თქვა მეისონმა და გაზეთი მაგიდაზე დადო, – მისის ფარგოს დამხმარე ვინ უნდა იყოს?
– იქნებ... მეტრდოტელი პიერი? – ივარაუდა დელამ, – ისინი ხომ ერთად მუშაობენ...
– ან იქნებ...
მეისონს ფრაზა ტელეფონის ზარმა აღარ დაასრულებინა. ყურმილი მდივანმა აიღო:
– ალო? დიახ... ახლავე გადავცემ.
– დიახ... – თქვა მეისონმა ყურმილში, – ააა, მისტერ სელერს... გრაფოლოგიურმა ექსპერტიზამ რა აჩვენა?.. მართლა? კონვერტის მინაწერი მისის ფარგოს ხელმოწერას ემთხვევა? კარგით, მისტერ სელერს... ვფიქრობ, თქვენი დასკვნა რაღაც დახმარებას გამიწევს... გმადლობთ... ნახვამდის... – მეისონმა ყურმილი დაკიდა და დელას შეხედა, – როგორც ჩანს, ჩემი იდუმალი კლიენტი მართლა მირტლ ფარგოა. ქმრის ღალატის ამბავი რომ გაიგო, სკანდალი აუტეხა, რის გამოც ქმარმა მისი დახრჩობა სცადა, ის კი გაიქცა და საძინებელში ჩაიკეტა. ჩემი წამოსვლის შემდეგ ქმარი ისევ ეძგერა, ცოლმა კი დაასწრო და სასიკვდილოდ დაჭრა. ანუ ეს თავდაცვის დროს მოხდა. მერე მირტლი მანქანით გაიქცა, მეგობარს დაურეკა და თვითმფრინავის შეკვეთა სთხოვა, იქაურობას რომ გასცლოდა.
– მეგობარს თუ საყვარელს? – შეეკითხა დელა.
– უფრო მეგობარს. ეს ალბათ ის კაცი იყო, რომელმაც ფული გადმომცა. ამ კაცის პოვნა დრეიკს უნდა ვთხოვოთ, მე კი ყველაფერი უნდა ვიღონო, ჩემს კლიენტს რომ ვუშველო.
– რის გაკეთებას აპირებთ, შეფ? – შეეკითხა დელა.
– მირტლ ფარგოს მონახულებას. საინტერესოა, რას მეტყვის, – მიუგო ადვოკატმა.
›š
ვიდრე მირტლ ფარგოს შემოიყვანდნენ, მეისონი რეპორტიორების გარემოცვაში მოექცა და ბევრ მათ ჭკვიანურ თუ სულელურ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა.
როცა ბოლოს და ბოლოს მარტო დარჩა, დაღლილ–დაქანცული სავარძელში ჩაესვენა. ამ დროს მოპირდაპირე კარიც გაიღო და ზედამხედველმა ქალმა მირტლ ფარგო შემოიყვანა. ის გაფითრებული იყო და სახეზეც თითქოს ნაოჭები გასჩენოდა.
– გატყობთ, არ გიძინიათ, – თქვა მეისონმა.
– მთელი ღამე დაკითხვაზე ვიყავი. თვალი არ მომიხუჭავს.
– მითხარით, აფთიაქიდან თქვენ დარეკეთ?
ქალმა ადვოკატს მზერა გაუსწორა:
– არა.
– ქმარი თქვენ მოკალით?
– არა.
– ფული ხომ გამომიგზავნეთ?
– არა.
– იცით, მკვლელობა რომ გბრალდებათ?
– ვიცი. ყველაზე მეტად კი ის მაშფოთებს, ამით ჩემი სტივი რომ დაზარალდება. მე... მე სასოწარკვეთილი ვარ.
– მითხარით, გინდათ, რომ დაგიცვათ?
– ჰო, მაგრამ... ფული აღარ მაქვს.
– ეს ალბათ სიმართლეა, დანარჩენებს კი მატყუებთ, თითქოს არ დაგირეკავთ, არც ქმარი მოგიკლავთ, არც...
– არა! არა!
– კარგით. სიმართლეს კი მიმალავთ, მაგრამ თქვენს ადვოკატობას მაინც ვკისრულობ. მითხარით, იცით რამე ისეთი, რაც თქვენს გამართლებაში დამეხმარება?
– არაფერი.
– დეტალებს აღარ დავუბრუნდები და მთავარზე გადავალ. თქვენ თქვენი ქმარი თავდაცვის დროს შემოგაკვდათ.
– მე ის არ მომიკლავს!
– არც იმას აღიარებთ, "ოქროს ბატში" რომ დამირეკეთ?
– მე თქვენთვის არ დამირეკავს!
– არ მესმის, რატომ ჯიუტობთ. თქვენგან მე სიმართლე მჭირდება.
– უკვე ბევრჯერ ვთქვი, რაც მოხდა.
– მაშინ ერთ რამეს გირჩევთ და ამჯერად მაინც დამიჯერეთ.
– გისმენთ, მისტერ მეისონ.
– სხვას მეტი აღარაფერი უთხრათ, მე კი ნაფიც მსაჯულთა გადარწმუნება მომიწევს, რაც ალბათ ბრალდების მოწმეების ჩვენებების საფუძველზე უნდა მოხერხდეს. გასაგებია? – მეისონმა ზედამხედველ ქალს ანიშნა, შეხვედრა დასრულებულიაო.
›š
მეისონი ქვედა სართულზე დაეშვა და ავტომატიდან დრეიკს დაურეკა.
– პოლ, – თქვა მან, – მოწმეებიდან ყველაზე საეჭვო მისის მეინარდია. მისი მხედველობის შესახებ მინდა, ყველაფერი შევიტყო.
– ეს რა შუაშია?
– ის 32 წლისაა. გაზეთის ფოტოზე სათვალის გარეშეა, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ცუდად ხედავდეს და სახლში სათვალეს ატარებდეს, გარეთ კი იხსნიდეს?
– პერი, ამას ხომ ბევრი ქალი აკეთებს, – თქვა დრეიკმა.
– ჰო, მაგრამ თუ მეინარდი ჩემი კლიენტის საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა, სათვალე ცხვირზე უნდა ჰქონდეს და არა ჩანთაში, – მოუჭრა მეისონმა.
– ცხადია.
– მოკლედ, ამ ქალზე ყველაფერი გამიგე, მისი წარსული, აწმყო, გემოვნება, მისწრაფებები, სად არის ხოლმე, რას აკეთებს...
– ნუ შეტოპე, პერი, თორემ მოწმეზე ზეწოლაში დაგადანაშაულებენ.
– ეს არ მანაღვლებს, – მიუგო მეისონმა, – რაც გთხოვე, ახლავე დაიწყე. მისის მეინარდი ალბათ უკვე ლოს ანჯელესში დაბრუნდა.
›š
იმავე დღის ნაშუადღევს დრეიკი და მეისონი ერთმანეთს ამ უკანასკნელის კაბინეტში შეხვდნენ.
– დიდი უცნაური ვინმეა ეს მეინარდი, – თქვა დრეიკმა, – ქვრივია, მარტო ცხოვრობს, საკმაოდ კარგად იცვამს, პატარა ავტო აქვს, სახლში კი იშვიათადაა.
– მუშაობს? – დაინტერესდა მეისონი.
– ალბათ არა, რადგან სახლიდან სხვადასხვა დროს გადის, ზოგჯერ კი რამდენიმე დღითაც იკარგება.
– კარგი. გამიგე, ვისთან დადის.
– და მთავარი, – თქვა დრეიკმა, – როგორც მეზობლებისგან შევიტყვე, გუშინ ამ ქალს ოკულისტისგან სათვალე მოუტანეს.
– ეს წარმატებაა, პოლ! – შესძახა მეისონმა, – ეს ოკულისტი ვინ არის?
– დოქტორი კარლტონ ბ. რედკლიფი, 70 წლის მოხუცი, რომელსაც თავისი პატარა მაღაზია აქვს, სადაც ოპტიკურ ხელსაწყოებს ყიდის და სათვალეების და საათების შეკეთებაც შეუძლია.
– სად ცხოვრობს?
– იმავე სახლში, მაღაზიის თავზე.
– კარგი, პოლ. კიდევ თუ გამიგე რამე?
– ალბათ იცი, სელინდა ჯილსონის ქმარი გვარად ლარიუ რომ იყო.
– ეს ვიცი.
– ჰოდა, "ოქროს ბატის" მეტრდოტელ პიერის გვარიც ლარიუა.
– გამოდის... პიერი სელინდას ქმარია?
– ჰო, ოღონდ ერთად არ ცხოვრობენ. საინტერესო ფაქტია, ხომ?
– რასაკვირველია, – დაეთანხმა მეისონი, – პიერი სად ცხოვრობს?
– ეს არავინ იცის.
– მაგ საქმეს მიხედე, პოლ. ახლა კი დელას გავაფრთხილებ და ოკულისტს ვეწვიოთ.
›š
იმ დაბალ დახლსმიღმა, რომელსაც რედკლიფი უჯდა და რაღაცას ჩაჰკირკიტებდა, შემდეგი წარწერა მოჩანდა:
"ნებას არ მივცემ, ვინმე მეუხეშოს ან საქმე დამაჩქარებინოს".
ამის შემხედვარე მეისონი და დრეიკი მორჩილად დადგნენ და ლოდინი დაიწყეს, ოკულისტი მათთვის როდის მოიცლიდა. როდის–როდის რედკლიფმა თავი ასწია და იქ მდგომთ დამცინავი მზერა მიაპყრო:
– რაზე შეწუხებულხართ, ჯენტლმენებო?
– ჩვენ... რაღაც ინფორმაცია გვჭირდება, – გაუღიმა მეისონმა.
– მე უკვე მოვხუცდი და ბევრი აღარაფერი გამეგება. ირგვლივ ხომ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება.
– ჩვენი შეკითხვა სათვალეებს ეხება, – დააკონკრეტა მეისონმა.
– ეს სხვა საქმეა. სათვალეები და საათები ჩემი სფეროა. რა გაინტერესებთ?
– ჩვენ მისის მეინარდის სათვალეზე გვინდა გკითხოთ, – მიუგო მეისონმა.
– მეინარდი... მეინარდი... ჰო, გამახსენდა. მე ის შევაკეთე და გავუგზავნე კიდეც, რადგან ძალიან მაჩქარებდა.
– გატეხილი იყო?
– ცალი მინა გაბზარული იყო, მეორეს კი ნაკაწრები ჰქონდა. რატომ მეკითხებით? მისის მეინარდის მეგობრები ხართ?
– ჰო, – მიუგო დრეიკმა, რაკი მეისონი შეყოყმანდა.
– მაშინ თავად ჰკითხეთ. ეს ხომ ადვილია?
– დოქტორო, მე ადვოკატი ვარ და მაინტერესებს, ეს ქალი...
ოკულისტმა მეისონს გააწყვეტინა:
– კლიენტებზე ინფორმაციას არ ვიძლევი. აი, თუ სასამართლოში მოწმედ დამიბარებენ, მაშინ სხვა საქმეა. იქ, რაც კი ვიცი, ყველაფერს ვიტყვი.
– მაინც გმადლობთ, დოქტორო. ნახვამდის, – თქვა მეისონმა, – წავედით, პოლ.
›š
ქუჩაში რომ გამოვიდნენ, მეისონი დრეიკს მიუბრუნდა:
– პროცესზე იმის დამტკიცება მომიწევს, მეინარდი ავტობუსში უსათვალოდ რომ იყო, რის გამოც ცუდად ხედავდა, ირგვლივ რა ხდებოდა. მას სათვალე ჩანთაში ედო და ეტყობა, მგზავრობისას გაებზარა.
– პერი, ამის დამტკიცება გაგიჭირდება.
– ყველანაირად შევეცდები, – მიუგო ადვოკატმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 






































































































