| ქალი და მამაკაცი |

ლიტერატურული პრემია "საბას" კონკურსი, რომელსაც ლიტერატორები, მწერლები, პოეტები და უბრალოდ ლიტერატურის მოყვარულები ყოველ წელს ელოდებიან, რამდენიმე დღეში უკვე მეცხრედ ჩატარდება. მიზანი წლის საუკეთესო მწერლებისა და წიგნების გამოვლენაა. წელს საპრემიერო ფონდი 40.000 ლარს შეადგენს. ხუთკაციანი ჟიური პრემიაზე წარადგენს საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, როგორც ქართულს, ასევე ნათარგმნს.
კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაც გასაიდუმლოებულია, "საბას" ფინალისტები გამოავლინა. 148 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 58 მოხვდა, ხოლო "საბას" ნომინაციების რაოდენობას ერთი დაემატა – "საუკეთესო კრიტიკა". ლიტერატურის კრიტიკოსებისთვის ეს დამატებითი სტიმულია, რომ უფრო გააქტიურდნენ.
კონკურსის ერთ–ერთი ორგანიზატორი ცნობილი ახალგაზრდა ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი გახლავთ. ის საქართველოს პენ–კლუბის პრეზიდენტიცაა. "სარკეს" მან თავისი მოსაზრებები გაუზიარა "საბაზე", თანამედროვე ქართული მწერლობის მდგომარეობაზე, "მკითხველ ერსა" და ზოგადად ხელოვანის სამოქალაქო პოზიციაზე.
– "საბა" თითქმის მზად არის, მაგრამ უცნობია, როდის გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.
– "საბას" ჩატარების ზუსტი თარიღი თვის ბოლოს გახდება ცნობილი, ეს ტექნიკურ საკითხებზეა დამოკიდებული. "საბა" წელს მეცხრედ ტარდება. მისი დაარსების იდეა ჩვენ, ლიტერატორებს, გაგვიჩნდა და "თიბისი ბანკს" მივმართეთ, რომელიც უკვე მეცხრე წელიწადია, ამ კონკურსის ერთგულია. წლევანდელი კონკურსისთვის ჟიური თებერვალში შეირჩა. 9 ლაურეატი გამოვლინდება. ჟიური ჯერ კიდევ მუშაობს.
– თქვენ ხართ ჟიურიში?
– არა, მე არ ვიქნები. ჟიური 5 წევრისგან შედგება, მაგრამ მათ ვინობას მხოლოდ დაჯილდოების დღეს გავახმაურებთ, რომ მათ თავისუფალი მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.
– რის მიხედვით არჩიეთ ეს ადამიანები?
– გამოცდილების და ლიტერატურული კვალიფიკაციის მიხედვით.
– კონკურსში მონაწილეობის მსურველების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა თუ შემცირდა?
– "საბა" ამ 9 ნომინაციის მიხედვით გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს განიხილავს. წელს ერთი ნომინაცია დაემატა. ადრე კრიტიკის, ესსეისტიკის, დოკუმენტური პროზისა და პუბლიცისტიკის ნომინაცია ერთად იყო გაერთიანებული. წელს კრიტიკა გამოეყო და ცალკე ნომინაციად იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება იმას, მსურველთა რიცხვი გაიზარდა თუ არა, 148 წიგნი რომ შემოდის, ეს უკვე ძალიან დიდი ციფრია. აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ლიტერატორები ლიტერატურულ პრემიას. გასულ წლებში მსურველთა რაოდენობა 100–110–ს აღწევდა, ხანდახან 140–ც ყოფილა. მგონი, წელს ყველაზე მეტი წიგნი შემოვიდა.
– ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ ამ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა?
– ვისაც წიგნი აქვს გამოცემული, მას ან გამომცემლობას შეუძლია წარმოადგინოს.
– რის მიხედვით შეირჩა 148–დან მხოლოდ 58 წიგნი?
– ლიტერატურული, მხატვრული ღირებულებების მიხედვით. ამას ჟიური ადგენს. ეს არ არის მეცნიერება, ეს არის ლიტერატურული ტექსტი და შესაბამისად ეს წიგნები ჟიურიმ თავისი გემოვნებით, დამოკიდებულებით ლიტერატურისადმი, მხატვრული ღირებულებების მიხედვით შეარჩია და გამოარჩია.
– ერთხელ თავადაც იყავით "საბას" ლაურეატი.
– კი, 6 წლის წინ. პოეზიის ნომინაციაში ვიყავი წარდგენილი ჩემი კრებულით "წრე".
– ამ კონკურსის მიზანია, რომ საქართველოში ლიტერატურული პროცესები გამოაცოცხლოს, მწერლობის განვითარებას შეუწყოს ხელი. მე–9 წლის თავზე რა შეგიძლიათ თქვათ, რამდენად მიაღწიეთ ამას?
– ლიტერატურული პროცესები საქართველოში ასე თუ ისე მიმდინარეობს. საზოგადოების, მკითხველის მხრიდან ამ პროცესებში ჩართულობა შეიძლებოდა უფრო მეტიც ყოფილიყო, მაგრამ რაც არის, არის. ბუნებრივია, ამის განვითარებაზე, დახვეწაზე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს.
– ახალგაზრდები თუ არიან ამ პროცესებში ჩართული?
– მე შემიძლია, ჩემი სუბიექტური აღქმები მოგახსენოთ. ახალგაზრდების მხრიდან ამ პროცესში დიდი ჩართულობა არ არის, მაგრამ არა მგონია, რომ ოდესმე მეტი ყოფილიყო. მოსაზრება, რომ ქართველები ბევრს კითხულობენ, მე მაინც მითი მგონია, ვიდრე რეალობა. ხალხი ასე უცებ არ გადაეჩვეოდა კითხვას. ეს უნარ–ჩვევაა და არა – გართობა. წიგნთან ურთიერთობა ერის კულტუროლოგიური უნარია. ჩვენს შემთხვევაში არის ის, რაც ყოველთვის იყო და თუ რა არის, ეს უკვე ცალკე საკითხია. ჩემი აზრით, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია ამ დინამიკაში ჩართული.
– რა არის ამის მიზეზი? ის, რომ არ იქმნება საინტერესო თუ უბრალოდ საზოგადოებაა ასეთი?
– ვინც არ კითხულობს, იმან რა იცის, რამე იქმნება თუ არა? თუ არ წაიკითხავ, ამას ვერასოდეს გაიგებ. ამიტომ, იმის თქმა, რომ არაფერი იქმნება, დამაჯერებელი არგუმენტი არ არის. ცალკე საკითხია, რა იქმნება და რა – არა. როდესაც ადამიანს ინტელექტუალური შიმშილი და წყურვილი აწუხებს, ის ამ წყურვილს დაიკმაყოფილებს. შესაძლოა, უკმაყოფილო დარჩეს ან უფრო მეტი უნდოდეს, მაგრამ ის შიმშილის დაკმაყოფილებაზე, ანუ კითხვაზე, უარს არ იტყვის.
– მაშინ რასთან გვაქვს საქმე?
– ადამიანების რაღაც პროცენტს კითხვა აინტერესებს, სხვას კი უბრალოდ ეს უნარ–ჩვევა არ აქვს.
– ალბათ ეს უნარ–ჩვევა ოჯახში, ახლო წრეში გამოუმუშავდება ადამიანს.
– კი, ეს დამოკიდებულია ოჯახსა და განათლების სისტემაზე. ეს ორი მთავარი მოთამაშეა, რომელიც აყალიბებს იმ უნარ–ჩვევას, რასაც წიგნთან ურთიერთობა ჰქვია. თუ ორივე – ოჯახი და განათლების სისტემა – თანამშრომლობს, შედეგიც კარგია. ჩვენ კი ტოტალურად ნეგატიურ შედეგს ვიმკით, რადგან სკოლაში ხშირად კითხვა სძულდებათ, ვიდრე უყვარდებათ.
– რა ინფორმაცია გაქვთ, ზოგადად როგორ იყიდება წიგნები საქართველოში?
– საუკეთესო შემთხვევაში, საუკეთესო მწერლების წიგნების ტირაჟი, ჩემს თავზე არ მაქვს საუბარი, 5 ათასს არ სცილდება. გამონაკლის შემთხვევაში კი, წიგნის ტირაჟი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 ათასს აღწევს. დასკვნა თავად გააკეთეთ. არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ ვართ განათლებული, ბრძენი ხალხი, ამას თუ შევადარებთ ამ ციფრებს, მაშინ რაღაცაზე უარი უნდა ვთქვათ. წიგნს არაფერი ანაცვლებს, ეს არის სისულელე! ეს იგივეა, რომ ვთქვათ, რობოტს გავყვები ცოლად ან მოვიყვან და ის გამიკეთებს ყველაფერსო. სხვა მნიშვნელოვანი სივრცეებიც არსებობს – ტელევიზორი, გაზეთი, კინო, თეატრი, მაგრამ მათ დამოუკიდებელი, არა წიგნის ხარჯზე მოპოვებული ღირებულებები აქვთ. წიგნის რაიმეთი ჩანაცვლება შეუძლებელია. წიგნს ალტერნატივა არ აქვს.
– პირადად თქვენთან შეხვედრის საშუალება ჟურნალისტებს ხშირად არ ეძლევათ. ამიტომ თქვენს სამომავლო გეგმებზეც გკითხავთ.
– სამომავლო გეგმა ბევრია. როგორც მოგეხსენებათ, პენ–ცენტრის პრეზიდენტი გახლავართ და სექტემბრიდან, ლიტერატურული პროცესების თვალსაზრისით, ძალიან ბევრ რამეს ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამ კუთხით ძალიან ნაყოფიერი სექტემბერი გვექნება. დანარჩენ დეტალებს ვერ გაგიმხელთ. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, კრებულზე ვმუშაობ, რომელიც წლის ბოლოს იქნება მზად.
– ბევრი თქვენი კოლეგა საქართველოლს პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად არის ჩართული. რას ფიქრობთ ამ მოვლენაზე, როცა ხელოვანი თავის პოლიტიკურ შეხედულებებს საჯაროდ გამოხატავს?
– პოლიტიკაში, გვინდა თუ არა, ყველანი ჩართული ვართ. ადამიანი პრიმიტივი უნდა იყოს, რომ თქვას, აპოლიტიკური ვარო. რას ნიშნავს ეს? რომ მას საკუთარი პოზიცია არ უნდა გააჩნდეს ადამიანის უფლებებზე? რატომ და ვის უხდის გადასახადებს? პენსიონერს თუ სამხედროს და პოლიციელს? ვინც ამბობს, რომ აპოლიტიკურია, ესე იგი ის, როგორც მოქალაქე, არ ცხოვრობს და სძინავს. ასეთი ადამიანების არ მესმის. პოლიტიკურობა პარტიულობას არ ნიშნავს. პოლიტიკის არასწორი აღქმა გვაქვს. პოლიტიკაა ის, რაც ყოველდღე ჩვენ ირგვლივ ხდება და რაშიც, ბუნებრივია, ჩართული ვართ.
– ბევრი საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირებას ერიდება. თვლის, რომ ხელოვანმა სათქმელი მხოლოდ თავისი შემოქმედებით უნდა თქვას.
– ხელოვანები ხშირად ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, მაგრამ "მეფის კარზე" მსახურობენ. თუ პოლიტიკა არ გაინტერესებს, რატომ მუშაობ "მეფის კარზე"? რას ჰქვია, არ გაინტერესებს?! შენი ქვეყნის მომავალი და საკუთარი თავი ამ ქვეყანაში არ გაინტერესებს?! შენი სამოქალაქო სივრცე არ გაინტერესებს?! ეს სრულიად გაუგებარია და არ მესმის. ადამიანს, მოქალაქეს უფლება აქვს, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. ვერავის გავაკრიტიკებ იმის გამო, რომ რომელიმე მხარეს წარმოადგენდა. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას სამოქალაქო პოზიციაზე დგომა სჭირდება და არა – რომელიმე პოლიტიკურ მხარეზე. ამ შემთხვევაში ძალაუფლებასთან ახლოს ყოფნა ან შესაძლო ძალაუფლებასთან ახლოს დგომა ურჩევნიათ, ვიდრე სამოქალაქო სივრცეში დარჩენა და პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა.
რაც 26 მაისს მოხდა, ეს იყო ბართლომეს ღამე. ეს ისეთივე შემთხვევაა, როცა რელიგიურად შეუწყნარებელი ჯგუფები ერთმანეთის მიმართ საკუთარ სივრცეში ადგილს არ ტოვებენ მეორისთვის. დემოკრატია რა არის? მე შესაძლოა მაქსიმალურად ვეწინააღმდეგებოდე შენს მოსაზრებას, მაგრამ ამ მოსაზრებისთვის ადგილს ვტოვებ. დემოკრატია საპირისპირო შეხედულებებს ყოველთვის ითვალისწინებს. ბართლომეს ღამეს ამ ორი მხარიდან არც ერთი უტოვებდა მეორეს ადგილს. ამიტომ, ვინც მოერეოდა, გაანადგურებდა მეორეს, ის გაიმარჯვებდა. 26 მაისს დაახლოებით ამას ვუყურებდით. არც ერთი მოთამაშე არ ითვალისწინებდა მეორის არსებობას, ყველა გამორიცხავდა ერთმანეთს. ძლიერმა მოაწყო ბართლომეს ღამე. ეს არ იყო მხოლოდ შურისძიება, ეს იყო დასჯა. ვიღაცას რომ წაიყვან, სცემ და სასაფლაოზე დააგდებ, გამოდის, რომ სახელმწიფო არ გაქვს.
– შეიძლება, რომ გამუდმებით ქუჩიდან იყოს ხელისუფლების შეცვლის მცდელობა?
– ქუჩის აქციების მოწყობა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა და არა – გემოვნება. საერთოდ მე არ ვგიჟდები ქუჩის აქციებზე. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ადამიანი ქუჩაში არ დადგეს, არც შავი და არც თეთრი მიზნებისთვის.
ეკა ლემონჯავა ჟურნალი სარკე N 25


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ნორვეგიის პრინცესა ანგელოზებს ესაუბრება
სიყვარული, უცნობი, კენედი, პირველი მამაკაცი
პაოლო კოელიომ თავისი რომანები ინტერნეტში უფასოდ დადო
მამა თავმას ჩოხელი: "მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება"












"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
გიორგი კეკელიძე: "ლიტერატურული კრიტიკა აღარ არსებობს"
რაზე ოცნებობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული პოეტი გოგონა თინათინ რეხვიაშვილი 

რეზო ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ”ველოსიპედით” ვერ გაამწარა
ჯოან როულინგსი ჰარი პოტერის აუდიოწიგნების გამოცემას დათანხმდა
მიხო მოსულიშვილი: "რაც კლდიდან ჩამოვვარდი, იმის შემდეგ ნასესხებ სიცოცხლეს გავდივარ"
ერლომ ახვლედიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
გიორგი ზანგური: "პოეტი ადამიანთა მესაიდუმლე უნდა გახდეს"
მაყვალა გონაშვილი: "მწერლობაში კლანური დამოკიდებულება დაუშვებელია"
ნანა ცინცაძე: "ვისაც უნდა, ლექსის წერაში შემეჯიბროს"
ოტია იოსელიანის ანდერძი შვილებმა სასამართლოში გაასაჩივრეს
ჯოან როულინგი რომანს უფროსებისთვისაც დაწერს 











































































































