asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლია რუსიაშვილი: ”ჩემი გმირების პროტოტიპები ჩემი შვილები არიან”
წიგნი, რომელიც ბავშვებს შავ ძალებთან გამკლავებას ასწავლის
ლია რუსიაშვილი: ”ჩემი გმირების პროტოტიპები ჩემი შვილები არიან”

2011-06-22 17:43:04



პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი ლია რუსიაშვილი თანამედროვე საბავშვო ქრისტიანული მწერლობის აღორძინების სათავეში დგას. მას ამ მიმართულებით კალმის მოსინჯვა მეუღლემ, ფოლკლორისტმა ზვიად ნოდიამ ურჩია. "სალი კოლხელი" – ასე ჰქვია მწერლის მიერ ჩაფიქრებულ საბავშვო თორმეტტომეულს. ჯერჯერობით კი მწერალმა მხოლოდ სამი ტომი შემოგვთავაზა: "უცნობი დედოფლის საგანძური", "ოქროს ვაშლის საიდუმლოება" და "მარადიული ებრაელი". ამ წიგნებში რეალური, სათავგადასავლო ისტორიები, ბიბლიური სიბრძნე, გადმოცემები და მორალური შეგონებები ერთმანეთთან არის შეზავებული ქართული სიტყვისა და კულტურის სიყვარულის ფონზე. წიგნები, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, არამხოლოდ ბავშვებისთვისაა საინტერესო და ღირებული, არამედ უფროსებისთვისაც. თავად მწერალი, მშვენიერი ქალბატონი ლია რუსიაშვილი, 7 შვილის დედაა და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ზედმიწევნით იცნობს ბავშვის ფსიქოლოგიას.
სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას მწერალი ბიბლიური თვალსაწიერიდან განიხილავს. მოზარდი მკითხველები "მარადიულ ებრაელს" "ჰარი პოტერის" ანტიპოდად აღიქვამენ. სულიერი მამები კი იმედს გამოთქვამენ, რომ ამგვარი წიგნები ბავშვებს ეკლესიურ ცხოვრებასთან დააახლოვებს.
როგორც წიგნის რედაქტორი ზვიად ნოდია აღნიშნავს, ეს წიგნი ლიტერატურას ასარწმუნოებს და სარწმუნოებას ალიტერატურებს. მართლაც, საბავშვო სათავგადასავლო ჟანრი გაჯერებულია სარწმუნოებრივი სწავლებით ისე, რომ არ გღლის, არ გამძიმებს, არ გბეზრდება. ცოტა ხნის წინ ლია რუსიაშვილი ზუგდიდში წარდგა მოზარდების წინაშე თავისი მესამე ტომით. მწერალთან საუბარიც ამით დავიწყეთ.
– ქალბატონო ლია, როგორც ვიცით, ზუგდიდში შედგა თქვენი თორმეტტომეულის "სალი კოლხელის" მესამე წიგნის – "მარადიული ებრაელის" წარდგინება. როგორ შეხვდნენ მოზარდები ამ წიგნს, რაზე იმსჯელეს, რა აზრები გამოთქვეს?
– იმ ბავშვებს, ვისთანაც შეხვედრა მქონდა, წიგნთან ურთიერთობა და აზროვნება უყვართ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის პედაგოგ ნესტან ფიფიას. კარგი მასწავლებლები ბევრნი არიან, შემოქმედებითი სულის მქონე პედაგოგები კი – ცოტანი. დიდი გამართლებაა, როცა ასეთ პედაგოგთან გიწევს ურთიერთობა. ნესტანმა შეძლო, ბავშვების ყურადღების კონცენტრირება იმ უმთავრესზე მოეხდინა, რაც ამჟამინდელი ქრისტეანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს – გატაცება მაგიის სხვადასხვა მიმართულებით, რომლებსაც ხშირად ერთობ "კაცთმოყვარე" სახელები ჰქვია. ერთ–ერთმა მოზარდმა ამის შესახებ თქვა, მათი ცოდნა იმიტომაა საჭირო, რომ მივხვდეთ, რა არის ცუდიო. არ დავეთანხმე – კლდიდან გადაჩეხვა რომ ცუდია, ამისი "ცოდნით" გაგება საკმაოდ სარისკოა და აჯობებს, სხვათა გამოცდილებას ვენდოთ–მეთქი. და რა არის ეს "სხვათა გამოცდილება"? ჩემთვის, მაგალითად, წმინდა კვიპრიანე კართაგენელის ცხოვრებაა ეს "გამოცდილება"...
– სათავგადასავლო ფორმით მოწოდებული ბიბლიური ცოდნა, ამბები თუ გადმოცემები ბავშვებისთვის უფრო იოლად აღსაქმელია და მათ შთაბეჭდილებებში სამუდამოდ რჩება. თქვენი პატარა მკითხველები ალბათ სულმოუთქმელად ელიან მორიგი წიგნის გამოცემას.
– ყალბი თავმდაბლობის გარეშე მოგახსენებთ: დიახ, სულმოუთქმელად ელიან! ჩემს ფეისბუქზე ბევრი პატარა მეგობარი მყავს და მაკვირვებს მათი მოთმინება, არ ეზარებათ ხშირ–ხშირად ერთი და იმავე კითხვის დასმა: როდის გამოვა "სალი კოლხელი". მე ვპასუხობ: "როცა ღვთის ნება იქნება". როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ღმერთს "დაავიწყდება", ისევ თუ არ შემახსენებენ... ახლა კი უფრო კონკრეტულად შემიძლია ვუთხრა, რომ ამ ზაფხულს ერთი ღირსეული მეცენატის, ლაშა პაპაშვილის თანადგომით გამოდის "სალი კოლხელის" სამტომეული. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებმა – ყველაზე მკაცრმა, პირუთვნელმა და მოუსყიდველმა კრიტიკოსებმა – შეიყვარეს "სალი კოლხელი".
"შენს უძლურებაში გამოვაჩენ ჩემს სიძლიერეს", – ბრძანებს უფალი. მართლაც, საოცრებაა, დღეს, რეკლამის, ფინანსების და "ზურგის" გარეშე როგორ გადადის ხელიდან ხელში "სალი კოლხელი".
– ქალბატონო ლია, ბავშვის სამყაროსა და ფსიქოლოგიის ცოდნაში ალბათ პირადი გამოცდილებაც გეხმარებათ. წიგნის გმირების პროტოტიპები თქვენი შვილები ხომ არ არიან?
– დიახ, წიგნის გმირების პროტოტიპები ჩემი შვილები არიან – თავიანთი ღირსებებით და ნაკლოვანებებით. პოეზიაშიც და პროზაშიც ჩემი მთავარი კრედო გულწრფელობაა. ხელოვნურ, ნაძალადევ, ვითომ იდეალური ოჯახის დახატვას, სადაც არასდროს არავინ კამათობს, არ ცუღლუტობს, არ ზარმაცობს, არაფერს აშავებს და ანგელოზებრივი სიწმინდით ცხოვრობენ, ნორჩი მკითხველები არ მაპატიებდნენ, რადგან მათ, თავიანთი ფაქიზი, ბავშვური სიმართლით, განსაკუთრებულად სძაგთ სიყალბე. წუთისოფელიც ხომ ბრძოლაა თავისი დაცემით და წამოდგომით და ეს ბრძოლა უნდა აისახოს ქრისტეანულ ნაწარმოებში ისე, რომ ვნებებზე გამარჯვების გზა გარკვევით იყოს მინიშნებული! "სალი კოლხელი" ამავე დროს შავ ძალებთან (მაგია, ჯადოქრობა) მებრძოლი წიგნია და ასეთად დარჩება ბოლომდე.
– ხომ არ გქონიათ კინოკომპანიებისგან შემოთავაზება მის ფილმად გადაღების შესახებ?
– ვფიქრობ, რომ მცირე ტირაჟის და იმის გამო, რომ რეკლამა არ უკეთდება, არ იციან ამ წიგნის არსებობის შესახებ, ვისაც ეს ხელეწიფება და არც მე ვაწუხებ მათ. "სალი კოლხელი" სამჯერ გამოიცა და სამჯერვე დამფინანსებელი ეკლესიაში გამოუჩნდა. ალბათ ფილმად გადაღებაც ასევე გადაწყდება. მე მულტფილმი მირჩევნია. ყოველივე ღვთის ხელთაა და საჭირო დროს გამოაჩენს საჭირო ადამიანს.
– წიგნში ბევრს საუბრობთ დედაშვილობის საჭირბოროტო საკითხებზე, დედის კურთხევას რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს შვილის მომავლისათვის. თქვენს შემთხვევაში რა როლი ითამაშა დედამ თქვენს მწერლად ჩამოყალიბებაში?
– შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი. დედაჩემი, ნანი შაიშმელაშვილი, შემოქმედებითი სულის მასწავლებელი იყო. მის გაკვეთილებზე მუდამ გაცხარებული სჯა–ბაასი მიმდინარეობდა ამა თუ იმ ლიტერატურულ გმირზე და ამ კამათში გვასწავლიდა სამშობლოს, ტრადიციების, წინაპრების სიყვარულს. მაშინ მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი რამ იყო, რომ ასე ატარებდა ყველა მასწავლებელი გაკვეთილს, მაგრამ დრომ მიმახვედრა, რომ მე გამიმართლა ისევე, როგორც ყველა მის მოსწავლეს. დიახ, ჩვენ დიდი პედაგოგი გვასწავლიდა. უახლოეს ხანებში ყვარლის ერთ–ერთ ქუჩას ნანი შაიშმელაშვილის სახელი დაერქმევა. წერისას დღემდე მასაზრდოებს დედისგან გადმოცემული დაუტეველი, უკიდეგანო სიყვარული ყოველივე იმისადმი, რასაც ქართული ჰქვია!
ნანა კობახიძე ჟურნალი სარკე N 25


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online