asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე
თავდასხმა სტალინზე

2011-06-21 14:31:47



დასაწყისი წინა ნომრებში

35

ნინომ ორი წუთი მაინც დააგვიანა. რას იზამ, ქალი ქალია.

– დიდხანს ხომ არ გაცდევინე, ლავრენტი?

– კარგი, არაფერია.

ბერიას შავი პალტო ეცვა, თავზე სტუდენტური ქუდი ეხურა. ნინო სკამზე მოკალათდა.

– აბა, გისმენ.

– ნინო, ცოლად გამომყევი.

ქალმა გაიცინა.

– პირდაპირ ცოლობას მთხოვ? მერე სიყვარულის ახსნა?

– მაგას ვერ გკადრებ, ნინო, იმიტომ, რომ ჩემი მხრივ ეს უზნეობაა.

ნინო დაუფარავი გაოცებით მიაჩერდა.

– უზნეობა?

– დიახ, მე ხომ არ მიყვარხარ.

– არ გიყვარვარ და ცოლობას მთხოვ?

– ახლა ძალიან მჭირდება ცოლი, რათა სასწავლებლად ბელგიაში გამიშვან.

– არაფერი მესმის.

– თუ დავქორწინდები, ბელგიაში მიმავლენენ, რათა ინჟინერ–მენავთობის პროფესიას დავეუფლო. მე აღარ შემიძლია აქ, ამ ჯოჯოხეთში, აღარ შემიძლია!

– რაშია საქმე? აკი მოკლე ხანში თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთე?

– ვერ ხედავ, რა ხდება? ისინი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, უკან არ იხევენ, რუსი კი საქართველოს არ დათმობს. საშინელი სისხლისღვრა მოხდება. მე არ მინდა, ჩემი ერის სისხლში მქონდეს ხელები, ისიც მეყოფა, რაც დავღვარე, ნინო, დამეხმარე, გევედრები.

ქალს სახიდან ღიმილი გაუქრა. ლავრენტის ხმაში საოცარი მუდარა ჟღერდა, ნინო წამოდგა.

– მაშ უარს მეუბნები?

– არა, ჯერ არ ვიცი, მოვიფიქრებ, – ნინო აილეწა და სირბილით გასცილდა იქაურობას.

36

ბერიამ ზუსტად გათვალა. მისმა აღსარებამ ნინოზე შთაბეჭდიელბა მოახდინა. ქალი სერიოზულად დაფიქრდა, მიეღო თუ არა ლავრენტის წინადადება.

"პირდაპირ მითხრა ყველაფერი, პატიოსანი და კარგი კაცია. მეუღლეც სწორედ ასეთი უნდა იყოს: მშრომელი, პატიოსანი, ასეთები ერთგულები და მამაცებიც არიან. ქმარს სხვა რა მოეთხოვება?"

მერე რა, რომ არ უყვარს! განა ახლანდელ დროში სიყვარული შეიძლება?! ბედმა პატიოსანი, ნიჭიერი და ერთგული კაცი მოუვლინა და ხელი როგორ ჰკრას?

თუ ლავრენტიზე გათხოვდება, გეგეჭკორების სახლიდანაც წავა. ანჩხლი ვერას დაყვედრებისგან სამუდამოდ გათავისუფლდება. სხვის სახლში როდემდე უნდა იცხოვროს? მალე 17–ის ხდება, დროა, საკუთარი ოჯახი შექმნას.

ლავრენტი არამარტო პატიოსანი კაცია, არამედ ნიჭიერიც. 23 წლისა უკვე გპუ–ს თავჯდომარის მოადგილეა. მიუხედავად ამისა, მზადაა, კარიერას შეელიოს, ოღონდაც თავისი ერის სისხლით არ დაისვაროს. დღეს ასეთი ხალხი ცოტაა. არა, ამისთანა ქმარს ვეღარ შეხვდება.

კი, მაგრამ როგორ შეხვდებიან მათ ქორწინებას ვერა და საშა? ვაითუ ვერამ ახალი ხუშტურები დაიწყოს! საშა? როგორ შეხვდება ამას საშა?

ჯანდაბას მათი თავი. უკვე სრულწლოვანია და თავისი ბედის გამგებელი თავად არის. ამიტომ არავის არაფერს ეტყვის. ის და ლავრენტი ხელს მოაწერენ და მორჩა. სხვებმა კი, რაც უნდათ, ისა თქვან.

37

ლავრენტი ბერიასა და ნინო გეგეჭკორის ქორწინებამ მთელი თბილისი გააოცა. როგორც ყოველთვის, ჭორები ახლაც უხვად დაირხა.

– ლავრენტიმ ის მოიტაცა, ნაბადში გაახვია და წაიყვანა.

სინამდვილე ასეთი რომანტიკული არ ყოფილა. უბრალოდ, ნინომ თავისიანებს გამოუცხადა, ლავრენტი ბერიას ცოლად მივყვებიო. ვერამ შეიცხადა, მოღუშული საშა ერთხანს გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ წამოდგა:

– მაშ, ყველაფერი გადაწყვეტილია?

– დიახ! – მტკიცედ მიუგო ნინომ.

ამრიგად, თავისიანები მან ფაქტის წინაშე დააყენა. თუმცა არავითარ მოტაცებას არ ჰქონია ადგილი. ყველაფერი გაცილებით ჩვეულებრივად მოხდა.

ლავრენტის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ბედნიერი იყო მისი დედა, ქალბატონი მართა და მამაც. ბერიებს რძალი ძალიან მოეწონათ:

– რა კარგი გოგოა, ლამაზი, ჭკვიანი, ზრდილობიანი!

ქალბატონმა მართამ სწრაფად დაადგინა, რომ ნინო კარგი დიასახლისი იყო. ამან ის აღტაცებაში მოიყვანა:

– ლავრენტი, ასეთი კარგი ცოლი მართლაც არ გეკუთვნის, – და შვილს ალერსიანად წაუთაქა კეფაში.

ბერია ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე იყო. მორჩა! უკანასკნელი ბარიერი დაძლეულია! ახლა ბელგიაში გამგზავრებას წინ ვეღარაფერი დაუდგება!

38

სიხარული ხანმოკლეა. ასე მოხდა ბერიას შემთხვევაშიც.

– ლავრენტი, დღეს ჩეკადან წასვლა დეზერტირობაა! ვერ ხედავ, რა დროა!?

– მაგრამ მე ხომ მითხრეს, ბელგიაში წასვლა შესაძლებელიაო, აკი დავქორწინდი!

– ჩეკაში პარტიამ მიგავლინა, იქაა შენი საბრძოლო პოსტი! მისი მიტოვება დეზერტირობის ტოლფასია, გესმის? ახლა შეგიძლია წახვიდე!

ასეთი პასუხი გასცეს ლავრენტის ცენტრალურ კომიტეტში. პასუხი საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

მთვარეულივით მიაბიჯებდა ბერია თბილისის ქუჩებში. ვერავის ხედავდა და ვერავის ამჩნევდა. ბარბაც–ბარბაცით აიარა კიბე, ბინაში შევიდა თუ არა, ნინომ შეიცხადა:

– რა დაგემართა, ლავრენტი? მოხდა რაიმე?

– ბელგიაში წასვლა ჩაიშალა, ყველაფერი დამთავრდა.

– ვაიმე!

მიტკალივით გაფითრებული ლავრენტი თავის ოთახში შევიდა, თავი ბალიშში ჩარგო და გულამოსკვნილი აქვითინდა, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე.

ცოტა ხანში მოსაღამოვდა. ბერია კვლავ გაუნძრევლად იწვა ლოგინზე. ანაზდად კარი გაიღო და ნინოს ხმა გაისმა:

– ლავრენტი, შენთან საშა მოვიდა.

ბერია უმალ წამოხტა და სარკესთან მივიდა. "ბავშვივით ვტიროდი, თვალებიც წითელი მაქვს".

საშა გეგეჭკორი სკამზე იჯდა და ნინოს რაღაცას ელაპარაკებოდა. ლავრენტის დანახვისთანავე წამოდგა:

– რავა ხარ, წიე? ხომ არ დეიღალე?

– ჰო, გადავიქანცე.

– აბა, პატარა გავიაროთ, სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ. ნინო, – მიუბრუნდა საშა ქალს, – ხომ არ გამიჯავრდები, ცოტა ხნით ქმარი რომ მოგტაცო?

ნინომ პასუხად მხოლოდ გაიცინა.

რამდენიმე წუთში საშა და ლავრენტი ქუჩაში იყვნენ. საღამოს გრილმა ჰაერმა ბერია გამოაცოცხლა.

– მტკვრის პირას ჩავიდეთ.

ბერიამ უსიტყვოდ დაუქნია თავი. საშა მტკვრის პირას გაჩერდა და ბერიას მიუბრუნდა:

– ახლა კი კაცურად ვილაპარაკოთ.

ლავრენტი სდუმდა.

– ნინომ მითხრა, ლავრენტი შინ ცოცხალ–მკვდარი დაბრუნდა, მეშინია, თავს არაფერი აუტეხოსო, – საშამ ხმაურით ამოისუნთქა, – მოხდა რაიმე?

– ჩემი ბელგიაში გამგზავრება ჩაიშალა, სამუდამოდ ჩაიშალა.

– ჰოო...

ერთხანობას ორივე სდუმდა, შემდეგ საშამ თქვა:

– ჩემ მიმართ შენ კარგად არ მოიქეცი. მეგობრად გთვლიდი, ამიტომ უნდა გეთქვა, თუ ნინო მოგწონდა. შენ კი მომხდარი ფაქტის წინაშე დამაყენე. განა ეს კაცური საქციელია?

ლავრენტი სდუმდა.

– თუ ნინოზე იმიტომ დაქორწინდი, რომ ბელგიაში წასულიყავი? – საშას ხმაში დაუფარავი რისხვა გაისმა.

ბერიას უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა.

– კარგი, რაც არის, არის, ახლა ჩემი ნათესავი ხარ. წარსული მიპატიებია, მაგრამ თუ ნინოს რაიმეს აწყენინებ, აღარ გაპატიებ და გეფიცები, შუბლს გაგიხვრეტ! გაიგე?!

თავჩაქინდრული ლავრენტი ხმას არ იღებდა.

– ისე, ზუსტად გათვალე, – საშამ პაუზა გააკეთა, – შენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ნამდვილად გაუშვებდნენ! შენ თავად მოუსპე შენს თავს ამისი შესაძლებლობა, როცა სტალინს სახალხოდ აღუთქვი, საქართველოს გადავხნავო.

– მე არ მინდოდა, – ბერიას ენა დაება, – თვითონაც არ ვიცი, როგორ გამომივიდა.

– ჰოდა, გადახანი საქართველო, აღმოფხარი კონტრრევოლუციური სარეველა! მაგისი შესაძლებლობა ნამდვილად მოგეცემა! მეტიც, ახლა შენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული! მომავალი და, შესაძლოა, სიცოცხლეც.

– სიცოცხლე?

– რაო, არ მოგეწონა? საკუთარი ერის სისხლში არ გინდა, ხელები გაისვარო?! ჭუჭყიანი საქმე მე, ფილიპე მახარაძემ, ორახელაშვილებმა და ღოღობერიძეებმა ვაკეთოთ? ჩვენ გვიძახონ მოღალატეები, რუსებზე გაყიდულები, თავად კი სუფთა გინდა გამოჩნდე, თან ლამაზი ცოლიც დაითრიო!

ბერიას არასდროს ენახა თავისი ძმაკაცი ასეთი განრისხებული. საშას ხელები დაემუშტა, თვალები რისხვით ანთებოდა. "აქვე მომკლავს, – გაიფიქრა ლავრენტიმ, – და ძალიანაც კარგი. სიკვდილი ახლა ჩემთვის ბედნიერებაა".

– ოღონდ ერთი რამ დაგავიწყდა, ლავრენტი, – ანაზდად მშვიდად თქვა საშამ, – ჩეკისტი მუდამ ჩეკისტია! თამაშიდან, სადაც ცხვირი შეყო, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ გამოვა! მით უმეტეს, თუ სტალინს საჯაროდ ჰპირდება, ამას და ამას ვიზამო. ეგ რომ არა, ჩემი დახმარებით შესაძლოა, ბელგიაში გაეშვით, თუმცა სწავლის პარალელურად ალბათ რაიმე სპეცდავალებასაც მოგცემდნენ. ასეა თუ ისე, აქაურობას გაეცლებოდი და რევოლუციას იქ, საზღვარგარეთ მოემსახურებოდი! შენი უბედურება ისაა, შე საწყალო, რომ სტალინმა დაგიმახსოვრა. მას სურს, საქმით აჩვენო, რისი გამკეთებელი ხარ.

საშა წამით გაჩუმდა. ბერია კვლავ მდუმარედ იდგა და კრინტს არ სძრავდა.

სტალინი ძალაუფლებას არავის დაუთმობს, დამიჯერე. ამიტომ ერთგული და ყველაფერზე წამსვლელი კადრები სჭირდება. საქართველოს გადახვნა შენი გამოცდაა! თავს გაართმევ და აღზევდები, თუ არა და...

საშამ ყელზე ხელი მოისვა.

– ამას იმიტომ გეუბნები, რომ ყველაფერს კარგად ჩახვდე და ცოტა აზრზე მოხვიდე, – საშამ მხრებში ჩაავლო ხელი, – სისულელეებს თავი დაანებე! რა ერი, რის ერი! თუ მართლა ასე ფიქრობ, ჩვენს პარტიაში რა გინდა?! მიდი შენს უფროსთან, პარტბილეთი სახეში სთხლიშე, უთხარი, იმ პარტიის წევრი ვერ ვიქნები, ვინც ჩემი ერის გენოციდს აწყობს–თქო! არ მოგეწონა?! კარგი, სხვა ვარიანტს შემოგთავაზებ, ქაქუცას ან რომელიმე ბანდიტს შეუთვალე, თქვენი ვარ და მიმსახურეთო! პატიოსანი კაცი ასე მოიქცეოდა.

– საშა, – ლავრენტის ხმა უკანკალებდა, – შენ მოგწონს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება?

– კლასთა ბრძოლა, ჩემო ლავრენტი, ულმობელია! საქართველოში კი დღეს არა ეროვნულ–განმათავისუფლებელი, არამედ კლასობრივი ბრძოლა მიმდინარეობს. რაო, ჩოლოყაშვილი საქართველოსთვის იბრძვის?! ისემც რა ვუთხარი! თუკი ასეთი პატრიოტი იყო, მეფეს რად ემსახურებოდა, მისგან ორდენებს რად იღებდა?! განა მეფის სამსახური რუსეთის იმპერიის სამსახური არ იყო? რაღაც არ მახსოვს, რომ ცარიზმის დროს შეფიცულთა რაზმი შეედგინოს და ტყეში გახიზნულიყოს! საამისო სურვილი რატომღაც მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს გაუჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ მამულები ჩამოვართვით. რასაკვირველია, ჩოლოყაშვილს გვერდს გლეხი მიტუა უმშვენებს, რომელიც მოტყუებულია და გულწრფელად სწამს, საქართველოსთვის ვიბრძვიო. საწყალი ვერ ხვდება, რომ სამშობლოსთვის კი არა, თავისი მჩაგვრელი ჩოლოყაშვილისთვის ირჯება. კიდევ არსებობს გიმნაზისტი აზიკო, რომელსაც თავისი უმწიფარობის გამო ავი და კარგი რომ ვერ გაურჩევია, სტუდენტი დათიკო, საკუთარი ხელით შარვალიც რომ არ შეუკრავს, სამაგიეროდ, ერთი–ორი წიგნი წაიკითხა და თავი ჭყონდიდელი ჰგონია! ჩოლოყაშვილზე და მისთანებზე ხელი არასდროს ამკანკალებია, არც ამიკანკალდება, რაც შეეხება სხვებს, შენც იცი, რომ მუდამ ვცდილობდი, მიტუებს, აზიკოებს, დათიკოებს დავხმარებოდი, თუმცა სანაცვლოდ მათგან მხოლოდ ფურთხს ვიღებდი. კაი, ბატონო, მიპატიებია, მაგრამ რაკი თავად არ სურთ თავიანთ თავს დაეხმარონ, მე რით ვუშველო?!

გაფითრებული ბერია ერთხანს გაუნძრევლად იდგა, შემდეგ ჩაიმუხლა, პეშვით წყალი აიღო და სახეზე შეისხა.

– ლავრენტი, ამას იმიტომ გეუბნები, რომ ახლა ჩემი ნათესავი ხარ, – უკვე მშვიდად თქვა საშამ, – თუ სისულელეს ჩაიდენ, საკუთარ თავსაც დაღუპავ და ნინოსაც. გაიგე, ბიჭო?

ამ სიტყვებზე მან ბერიას მხრებში ხელი ჩაავლლო და მაგრად შეანჯღრია.

– გავიგე, – ბერიას ხმა უკანკალებბა, – საშა, დამშვიდდი, სიტყვას გაძლევ, რომ ნინო ბედნიერი იქნება.

39

გადიოდა დრო. მდგომარეობა საქართველოში სულ უფრო იძაბებოდა. ახლოვდებოდა 1924 წლის აგვისტო. ქართველი ხალხი ემზადებოდა უკანასკნელი, სასოწარკვეთილი გაბრძოლებისთვის, რათა რუსული უღელი სამუდამოდ მოეშორებინა.

– აჯანყებები 1921–23 წლებშიც არაერთი მოხდა, მაგრამ ამაოდ. ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, ან რუსებს გავყრით ან...

გპუ–ს ჰქონდა ინფორმაცია კარს მომდგარი აჯანყების შესახებ. ბერია და სხვა ჩეკისტები, ისევე როგორც მთელი ქართული ბოლშევიკური ზედაფენა, შიშობდა, რომ აჯანყება ისეთი მასშტაბური გამოვიდოდა, რომ ცეცხლი მთელს კავკასიას მოედებოდა.

– იქნებ როგორმე მოხერხდეს აჯანყების თავიდან აცილება? ახლა მთავარია, დრო მოვიგოთ, თუკი ეს შევძელით, ყველაფერი კარგად იქნება. ცხოვრების დონე გაუმჯობესდება, გლეხიც აჯანყებაზე ფიქრს თავს დაანებებს.

მალე გპუ–მ დააპატიმრა მენშევიკური გვარდიის ყოფილი სარდალი ვალიკო ჯუღელი. საქართველოში ის არალეგალურად ჩამოვიდა. ჯუღელი დასანანი შემთხვევითობის გამო ჩავარდა, ქუჩაში ანაზდად ნაცნობს შეეფეთა. ჩეკისტების ხელთ აღმოჩნდნენ თბილისის ყოფილი მერი ბენია ჩიკაშვილი და საკონსტიტუციო ასამბლეის წევრი ნოე ხომერიკიც. მალე ქართულ პრესაში გამოჩნდა წერილი, რომელშიც ჯუღელი მოუწოდებდა თავის თანამებრძოლებს, აჯანყება არ მოეწყოთ. წერილის დაბეჭდვის სანქცია თავად საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გასცა:

– აჯანყება, თუკი მოხდა, ძალიან მასშტაბური იქნება. ჯუღელის წერილით კი იქნებ ამისი აცილება მოხერხდეს. ახლა მთავარი დროის მოგებაა, თუნდაც ნახევარი წლის შემდეგ ვერავინ ვერავითარ აჯანყებას ვეღარ მოაწყობს!

ჯუღელის, ხომერიკის და ჩიკაშვილის დაპატიმრებამ ბოლშევიკებისთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო. 1924 წლის 28 აგვისტოს ქართველი ხალხი იარაღით ხელში აღდგა დამპყრობელთა წინააღმდეგ:

– ძირს რუსეთი! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

აჯანყებულებმა დაიკავეს ჭიათურა, სოხუმი, ბათუმი, ქუთაისი. თბილისის გარეუბნებში მწვავე ბრძოლები გაიმართა:

– ძირს რუსეთი! ძირს კომუნისტები! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ორჯონიკიძემ თავის ამბოხებულ თანამემამულეებს ტანკებით, აეროპლანებითა და ქვემეხებით შეიარაღებული რუსი წითელარმიელები მიუსია. ამან არ გაჭრა. მეამბოხეებთან შეტაკებებში წითელარმიელებმა დიდი დანაკარგი განიცადეს და უკანდახევა დაიწყეს. ორჯონიკიძემაც სასწრაფოდ შეატყობინა მოსკოვს: აჯანყებულთა გატეხვა ვერ მოხერხდა და თბილისის დაცემის საფრთხეც რეალურიაო. მაშინ საქართველოში წითელი არმიის დამატებითი ნაწილები გადმოისროლეს. სათანადო განკარგულება პირადად სტალინმა გასცა.

– არავითარი დანდობა! იმოქმედეთ სწრაფად და გადამჭრელად! ასეთი იყო სტალინური დირექტივა.

წითელი არმიის დამატებითი ძალების გადმოსროლამ ძალთა თანაფარდობა რუსების სასარგებლოდ შეცვალა. მტრის რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობა აშკარა იყო. აჯანყებულებმაც უკანდახევა დაიწყეს, თუმცა ბრძოლები არ ცხრებოდა.

– ძირს რუსეთი! ძირს ბოლშევიზმი! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

სასტიკმა, სისხლიანმა ბრძოლებმა ორ კვირას გასტანა. აჯანყებულებს ძალა ელეოდათ. ნელ–ნელა ბრძოლებიც ჩაცხრა. აჯანყებულთა ნაწილი ზღვით თურქეთში გადავიდა და საზღვარგარეთ გადაიხვეწა. საშინელი გამოდგა მათი ხვედრი, ვინც რუსებს ტყვედ ჩაუვარდა. ისინი სასტიკად აწამეს და მოკლეს. დახვრეტილ იქნა უამრავი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც მხოლოდ ეჭვის გამო დააპატიმრეს. დაჭრილ აჯანყებულებს ან ხიშტით უღებდნენ ბოლოს, ან ხეებზე თავუკუღმა ჰკიდებდნენ. არანაკლებ საშინელი იყო იმათი ხვედრი, ვინც ჩეკისტების ხელთ აღმოჩნდა. გპუ–ს ჯურღმულებში მათ ისე სასტიკად აწამებდნენ, რომ უბედურები იხვეწებოდნენ:

– მოგვკალით! ადამიანები არ ხართ?! ქრისტიანები არ ხართ?!

– არა, ჩვენ ბოლშევიკები ვართ! – ხარხარებდნენ პასუხად ჩეკისტები.

სიკვდილის კალო დაუნდობლად ტრიალებდა საქართველოში. მურვან–ყრუს შემდეგ ასეთი სისასტიკე აქ არ ახსოვდათ. წითელმა ხიშტებმა მართლაც გადახნეს ქვეყანა. სტალინმა აღასრულა ის, რაც თბილისში ბანკეტზე დაიქადნა.

40

საქართველოს გპუ–ს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბერია პირნათლად იდგა თავის პოსტზე. საქართველო "იხვნებოდა" და ბერიაც ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

გპუ–ს ხელთ ჰქონდა არაკეთილსაიმედოთა სიები, მათი, ვინც აჯანყებულებს ემხრობოდა ან თანაუგრძნობდა. ლავრენტის ბევრ არალეგალურ ორგანიზაციაში თავისი მსტოვრები ჰყავდა, ამიტომ ზუსტად იცოდა მათი სტრუქტურა, ის, თუ სად მალავდნენ იარაღს და რეპრესიებს ვინ სად ემალებოდა. გპუ–ც აპატიმრებდა ყველას, ვინც მიმალვას ცდილობდა. დაპატიმრებულთა უმრავლესობას წამებით ამოგლიჯეს აღიარება. შემდეგ ნაწილს ხვრეტდნენ, ნაწილს კი საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ.

ლავრენტის არც დღისით და არც ღამით მოცლა არ ჰქონდა. თუ მოახერხებდა და კაბინეტში ნახევარ საათს წათვლემდა, თავს ბედნიერად თვლიდა. ის პირადად ესწრებოდა დაკითხვებს, პირადად აძლევდა სანქციას წამების გამოყენების შესახებ. თავად პატიმარს არ აწამებდა, არც ხელით ეხებოდა, მაგრამ წამებას უნდა დასწრებოდა. ამას მოითხოვდა სამსახური.

ბერიას წამების მშვიდად ყურება არც ადრე შეეძლო, ამიტომ მაშინ არყით იმხნევებდა თავს და გამომძიებელს უყვიროდა: "მიდი, მიდი, მაგრად მიარტყი!" ახლა წამება ყოველ–დღე და ღამე ხდებოდა. ბერიაც არაყს აღარ სვამდა.

41

გიორგი ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში, თამთას სახეზე ხელები აეფარებინა და მოსთქვამდა:

– რა საშინელებაა, ღმერთო, რა საშინელებაა!

– გაჩუმდი! – დაუყვირა გიორგიმ, – ხომ ხედავ, რა ამბავია, ხალხს პანტაპუნტით იჭერენ, ბევრი ჩვენი მეგობარი უკვე ციხეშია, გაჩუმდი!

– ხომ შეიძლება, მოვიდნენ და შენც წაგიყვანონ!

– ეგ არ მოხდება, დამშვიდდი, აუტანელია, როცა ასე მოთქვამენ.

– როგორ დავმშვიდდე.

– ღვთის მადლით, მამა შინაა, საღ–სალამათი. შენი ძმაც აქაა, დათა კი მაფიქრებს!

– დათა? განა ქაქუცას საზღვარგარეთ არ გაჰყვა?

– არა. ახლა თბილისშია, მისი კონსპირაციული ბინა მხოლოდ მე ვიცი, წავალ, მივხედავ, მეშინია, რაიმე არ შეემთხვეს!

– რატომ უნდა შეემთხვეს?

– მგონი, ჩეკისტებმა რაღაც შეიტყვეს, უნდა გავაფრთხილო.

– ვერ გაგიშვებ, – თამთა კარში ჩადგა, – ისევ მე წავალ.

– როგორ, ცოლი ხიფათზე გავუშვა?! – შესძახა გიორგიმ, – არავითარ შემთხვევაში!

– მე და ირენი წავალთ. ხომ იცი, კარგი გოგოა, საიმედო.

– ჰო, კარგი გოგოა, – გიორგი ჩაფიქრდა, – რაკი სხვა გზა აღარ დარჩა...

– აქვე ცხოვრობს, წავალ და ვეტყვი, – თამთა ენერგიულად წამოხტა, – ახლავე.

დათას კონსპირაციულ ბინამდე დაუბრკოლებლად მიაღწიეს. ირენი ერთხანს ტახტზე იჯდა და დუმდა, შემდეგ წამოდგა, სანთლით ხელში ფანჯარასთან მივიდა. ცოტა ხანს უძრავად იდგა და ფანჯარაში იყურებოდა. შემდეგ კვლავ ტახტისკენ გაემართა.

თამთამ დათასთან საუბარი დაამთავრა, შემდეგ დათა ირენს მიუბრუნდა.

– მადმუაზელ, მაპატიეთ, ვერ გაგაცილებთ, სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ.

– არა უშავს, – ირამ გაიღიმა, – თქვენც უნდა იჩქაროთ.

– ათ წუთში ჩემი ამხანაგები მოვლენ და ერთად წავალთ, – დათამ ხელი გაუწოდა, – ყოჩაღი ქალი ბრძანდებით! უღრმესი მადლობა, – და ირენს ხელზე ეამბორა.

ირენმა ალერსიანად გაუღიმა. დათა ერთხანს გაუნძრევლად იდგა და ქალს ნაღვლიანად შესცქეროდა.

– გვეყოფა, – თამთამ ირენს სახელოზე ჩამოქაჩა, – უნდა წავიდეთ.

– მოვდივარ.

დათამ ქალები ჭიშკრამდე მიაცილა. უკვე ბნელდებოდა. დათა წამით შედგა.

– მისმინეთ, ირენ.

– დიახ.

თამთა ყველაფერს მიხვდა, შეტრიალდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მან დაინახა, როგორ ჩაეკვრნენ ერთმანეთს დათა და ირენი, როგორ მხურვალედ კოცნიდნენ ერთმანეთს.

42

– ჩემი ძმა იტყობინება, რომ აქ დარჩენა საშიშია, – ყრუდ თქვა დათამ, – როგორც ჩანს, ჩეკისტებმა რაღაც იყნოსეს. სხვაგან უნდა გადავიდეთ.

– საიმედო ბინა არ მეგულება, – თქვა მაგიდასთან მჯდომმა ერთ–ერთმა მამაკაცმა, – იქნებ საზღვარზე გადასვლა გვეცადა?

– ეგ რომ მდომოდა, ქაქუცას გავყვებოდი, – მოუჭრა დათამ, – სამშობლოდან არ წავალ, თუ სიკვდილი მიწერია, აქ მოვკვდები. შენ რაღას იტყვი, ზვიად?

– მართალს ამბობ, – თავი დაუქნია მაგიდასთან მჯდომმა მეორე მამაკაცმა.

– ალექსეი, – დათა ახლა უკრაინელს მიუბრუნდა, – შენ რაღას...

დათამ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, გარედან ნაბიჯების ხმა გაისმა, შემდეგ ვიღაცამ შესძახა:

– ეი, თქვენ, ხელები მაღლა! სახლი გარშემორტყმულია და ვერსად გაგვექცევით! იარაღი დაყარეთ და თითო–თითო გარეთ გამოდით! ჩქარა!

– ბებიაშენისამ! – დაიძახა დათამ, რევოლვერი იძრო, ფანჯარასთან მიირბინა და ცეცხლი გახსნა.

პასუხად ტყვიამფრქვევი აკაკანდა. დათა უმალ ჩაწვა, ტყვიებმა თავზე გადაურბინა. ზვიადმა ამოიგმინა და მკერდზე ხელი იტაცა:

– დამჭრეს ამ ოხრებმა, გაიქეცით, მე ჩემს თავს ვუშველი!

– სისულელეებს ნუ ლაყბობ, – ბრაზით მიაძახა დათამ, – ან ყველანი გავაღწევთ აქედან, ან არც ერთი.

– არ მინდა! არ მინდა! – ანაზდად ისტერიულად აყვირდა ლევანი, – მე ჩავბარდები! გესმით?! ჩავბარდები! მე სიცოცხლე მწყურია!

ზვიადმა ისტერიკაში ჩავარდნილ მეგობარს დაუფარავი სიძულვილით შეხედა. კორნიენკომ ელვის სისწრაფით იძრო რევოლვერი. გაისმა სროლა.

– ბახ! ბახ!

თავგახვრეტილი ლევანი იატაკზე დაეცა. დათა უკრაინელს უხმოდ მიაჩერდა. ზვიადმა გაიღიმა:

– სწორია, ლიოშკა, ძალიან სწორი!

კორნიენკომ პასუხი არ გასცა და ფანჯრიდან ჩეკისტების მიმართულებით ერთი–ორჯერ გაისროლა. გაისმა კვნესა. ეტყობა, ტყვია ვიღაცას მოხვდა. პასუხად ტყვიამფრქვევი აკაკანდა. ფანჯრის მინები ზრიალ–ზრიალით ძირს წამოვიდა.

– გაიქეცით, – ზვიადმა თავს ძალა დაატანა და წამოდგა, – ცოცხალს მაინც ვერ ჩამიგდებენ, ასე რომ, წადით, – და ხელყუმბარა იძრო.

დათა არ იძვროდა. კორნიენკომ სახელოში ხელი ჩაავლო და ლამის ძალით გაიყვანა. ორივენი სხვენზე აძვრნენ. წამიც და უკვე სახურავზე იყვნენ.

– აქედან შეიძლება წასვლა, – ჩასჩურჩულა დათას უკრაინელმა, – მომყევი.

– მერე ზვიადი? როგორ მივატოვოთ?

– წამო, თორემ ჩეკისტები საცაა, ოთახში შევარდებიან, ზვიადი თავის ხელყუმბარას ააფეთქებს და ჩვენც...

სიტყვა არ დაუმთავრებია და სახურავზე გაიქცა. დათა უკან მიჰყვა. ანაზდად ვიღაცის ხმა გაისმა:

– სდექ! ხელები მაღლა!

თითქოს მიწიდან ამოძვრაო, საიდანღაც ჩეკისტი გაჩნდა. ხელში ნაგანი ეჭირა. დათა მის სახეს ვერ ხედავდა, მხოლოდ ანგარიშმიუცემლად გამოჰკრა თითი სასხლეტს. გაისმა სროლა.

– ოი! – ამოიკვნესა ჩეკისტმა და დაეცა.

კვლავ სროლა. ახლა კორნიენკომ გაისროლა. დათამ დაინახა, როგორ წაიქცა კიდევ რამდენიმე ჩეკისტი. ერთმანეთში აირია კვნესა, ყვირილი, გინება. შემდეგ კორნიენკომ ისკუპა და მეზობელ სახურავზე გადახტა. დათა თან მიჰყვა.

უკვე სამშვიდობოს იყვნენ, როდესაც გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა. კორნიენკო შედგა:

– ზვიადმა პირობა შეასრულა, მაგრამ იმქვეყნად მარტო როდი წავიდა, ჩეკისტების მთელი ჯგროც გაიყოლა! კაცი იყო, კაცი!

43

შსინი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდნენ. მოსახვევი, კიდევ მოსახვევი. თამთა შედგა. ამ დროს ირენის ხმაც გაისმა:

– უნდა ვიჩქაროთ. რას გაჩერებულხარ?

– მოიცა, ცოტა სული მოვითქვათ, – თამთა მას მიაჩერდა, – მაშ შენ და დათა...

– მაგით რა გინდა, მითხრა? – ირენმა შუბლი შეიკრა.

– თქვენ რა, ერთმანეთი გიყვართ?

– ომი რომ არ ყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი, – მკაცრად თქვა ირენმა, შემდეგ ამოიოხრა და ცრემლიანი ხმით განაგრძო – თამთა, მაგას რატომ მეუბნები? რატომ მაწვალებ?

– პირდაპირ მითხარი! თქვენ ინტიმური კავშირი გქონდათ?

– ჩვენ მხოლოდ თანამებრძოლები ვიყავით. დათა სწორედ ის მამაკაცია, რომელზეც ვოცნებობდი. ეჰ, ვინც ეს ომი და რევოლუცია მოიგონა!

ირენს ცრემლები წასკდა.

– ირენ, დროა, დავშორდეთ. ვერ ხედავ, რა დროა? თავს უშველე!

– თავს ვუშველო? დალაგებით ამიხსენი, რა ხდება!

თამთა აილეწა.

– მეტს ვერაფერს გეტყვი. ხომ ხედავ, აჯანყება დამარცხდა. ხალხს პანტა–პუნტით იჭერენ. შეიძლება, შენც დაგიჭირონ! ამიტომ გაიქეცი, გემუდარები, გაიქეცი! შენ კარგი გოგო ხარ, არ მინდა, შენი ცოდვა ჩემს კისერზე იყოს! გაიქეცი, გემუდარები.

თამთას ტირილი აუვარდა. ირენს სურდა, რაღაც ეთქვა, რომ უეცრად ვიღაცის მჭექარე ხმა გაისმა:

– ეი, თქვენ! აბა ხელები მაღლა და აქ მოდით!

თამთა შეტრიალდა. მახლობლად რამდენიმე წითელარმიელი და ერთი ტყავისქურთუკიანი იდგა. მათ ხელში შაშხანები ეჭირათ.

– აბა, ხელები მაღლა და ახლოს მოდით! ჩქარა!

თამთა ირენისკენ მიბრუნდა. ის მშვიდად იდგა და წითელარმიელებს შესცქეროდა. თამთა ამ სიმშვიდემ დააჰიპნოზა. წამით დაავიწყდა კიდეც, რომ ჩეკისტისა და წითელარმიელთა შეიარაღებული პატრულის პირისპირ იდგა.

– რა გინდათ ჩვენგან? – ირენის ხმა არაბუნებრივად მშვიდად ჟღერდა. მან ტყავისქურთუკიანის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. თამთა უნებლიეთ მიჰყვა.

– აქ რას აკეთებთ?

– მასწავლებლები ვართ, სიბნელეში გზა აგვებნა.

ირენის ხმა მშვიდად, თავდაჯერებულადაც კი ჟღერდა. თამთა აღტაცებულ მზერას არ აშორებდა. აი, მესმის! მე კინაღამ შიშით სული გამძვრა, ეს კი, ვითომც არაფერიო, ისე ლაპარაკობს. რა ვაჟკაცია!

– მასწავლებლები? მერე ღამე რას დაეთრევით?! საბუთები!

– ახლავე! საბუთები, ამხანაგებო, სრულ წესრიგში გვაქვს.

ირენმა ეს მშვიდად წარმოთქვა. თამთამ იგრძნო, რომ მღელვარება დაუცხრა, ირენმა კი ელვისებური მოძრაობით რევოლვერი იძრო:

– ბახ! ბახ!

– ოი! – ამოიგმინა ტყავისქურთუკიანმა და ჩაიკეცა.

შეძრწუნებული წითელარმიელები უძრავად იდგნენ. ირენმა თამთას მაჯაში ხელი ჩაავლო და დაიყვირა:

– გავიქცეთ! ჩქარა!

ორივენი მოსახვევისკენ გაქანდნენ. თამთამ გაიგონა, როგორ შეიგინა ერთმა წითელარმიელმა. შემდეგ სროლაც გაისმა.

44

– რა ვქნათ, ლიოშკა?! თავი სად შევაფაროთ?

– საზღვრისკენ წავიდეთ, იქნებ მოვახერხოთ და გადავლახოთ.

– არა, არა, – დათამ თავი გააქნია, – საქართველოდან არსადაც არ წავალ!

– მაგრამ აქ სიკვდილი გველის.

– მირჩევნია, იარაღით ხელში ჩემს სამშობლოში მოვკვდე, ვიდრე საზღვარგარეთ განცხრომით ვიცხოვრო!

უკრაინელმა გამომცდელად აათვალიერ–ჩაათვალიერა:

– და რას აპირებ?

– ჩემთვის ომი არ დამთავრებულა, და სანამ ცოცხალი ვარ, არც დამთავრდება, – დათამ მაუზერი შეათამაშა, – ან მე, ან ისინი! გესმის?

– მეც შენთან ვარ, – კორნიენკომ თავი გააქნია, – მართალი ხარ, ან ჩვენ, ან ისინი!

– რატომ "ჩვენ?", შენი რა საქმეა!

– სწორედ რომ ჩემი საქმეა, ნუთუ ვერ ხედავ, რომ დღეს უკრაინა და საქართველო ერთია?

დათამ გაოცებით შეხედა. ერთხანს უძრავად იდგა, შემდეგ თქვა:

– კარგი, წავიდეთ.

– რატომ უნდა წავიდეთ? აგერ, ტყავის ქურთუკში გამოწყობილი სუბიექტი პირდაპირ ჩვენსკენ რომ მოემართება, – კორნიენკოს თვალები ანთებოდა, – ეტყობა, წერას აუტანია! ნამდვილად!

ამ სიტყვებზე მან რევოლვერი იძრო და ჩეკისტისკენ გაქანდა. დათა უკან მიჰყვა.

ტყავისქურთიკიანი ჩეკისტი კრუმინში გახლდათ. ლატვიელს რაღაც საქმეზე მიეჩქარებოდა. იმხანად ჩეკისტებს ხომ წამითაც არ ჰქონდათ მოცლა. ის ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, თითქმის გარბოდა. ვერავის ხედავდა და ვერავის ამჩნევდა. მხოლოდ ის გაიგონა, რომ ვიღაცამ რუსულად დაუძახა:



– ეი, ამხანაგო! მოიცადე!

კრუმინში უნებლიეთ შედგა. ამ დროს გაისმა სროლა. კრუმინშმა მკერდში დარტყმა იგრძნო, ფეხები მოეცელა, თვალთ დაუბნელდა, პირში თითქოს მოტკბო–მომჟავო სითხე ჩაუღვარესო. ერთხანს რაღაც სილუეტებს კიდევ ხედავდა, წამიც და მისი სხეული მძიმედ დაენარცხა მიწას.

კორნიენკომ დაინახა, როგორ დაეცა ტყავისქურთუკიანი, დაინახა ისიც, როგორ მორბოდა მისკენ შეიარაღებული ხალხი. გაისმა სროლა. ეს დათამ გაისროლა. რამდენიმე მომხდური დაეცა. შემდეგ კვლავ იელვა ცეცხლმა. დათა წაიქცა. უკრაინელი ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა.

– დათა! დათა!

დათას თვალები ღია დარჩენოდა. მკერდიდან სისხლი სდიოდა. მისი იარაღი იქვე ეგდო. კორნიენკომ ის ელვისებურად აიტაცა და ცეცხლი გახსნა:

– მოსკალებო! ესეც თქვენ! ესეც თქვენ!

რამდენიმე ჩეკისტი დაეცა. კორნიენკო ვერც კი გრძნობდა, როგორ გადაუფრინეს თავზე ტყვიებმა. უკრაინელმა სროლით დაიხია უკან, თან გაჰკიოდა:

– მოსკალებო! წყეულებო! ესეც თქვენ! ესეც თქვენ!

რომელიღაც სადარბაზოში შევარდა. ესმოდა, როგორ მორბოდნენ ჩეკისტები. ვიღაც რუსულად რაღაცას ყვიროდა. კორნიენკომ ელვისებურად შეაფასა მდგომარეობა. ჩეკისტებმა ყველა გზა შეკრეს. აქედან გაღწევის შანსი არ არსებობს. ან იარაღი უნდა დაყაროს და დანებდეს, ან... კორნიენკო ერთხანს უძრავად იდგა, შემდეგ დაიძახა:

– მე მეძებთ? აქა ვარ! აქ!

და საფარიდამ გავიდა.

ჩეკისტები უნებლიეთ გაშეშდნენ. კორნიენკო სულ ახლოს, თითქმის მათ პირდაპირ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online