asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მასონთა ლოჟა პ–2 – სკანდალი, რომელმაც შეძრა იტალია
მასონთა ლოჟა პ–2 – სკანდალი, რომელმაც შეძრა იტალია
მასონთა ლოჟა პ–2 – სკანდალი, რომელმაც შეძრა იტალია

2011-06-17 17:08:55



ნიკა თევზაძე



შესავალი

– მასონები! მასონები! მასონები!

პირველად ეს 1991 წლის შემოდგომაზე გავიგონე. თბილისი დუღდა. მიმდინარეობდა აქციები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. მოსახლეობის ნაწილს ის დიქტატორად მიაჩნდა და მის გადადგომას მოითხოვდა, ნაწილი პირიქით, მას თავგამოდებული იცავდა. ამ ნიადაგზე ძმაკაცი ძმაკაცს გადაემტერა, ცოლი ქმარს ეყრებოდა. ერთ ჩემს ნაცნობს მეუღლე მხოლოდ იმიტომ გაშორდა, რომ ქმარი გამსახურდიას მოწინააღმდეგე იყო, ცოლი კი – მომხრე.

უნდა ვაღიარო: არც ერთ ბანაკს არ ვეკუთვნოდი და ეს ფართიფურთი უაზრობად მიმაჩნდა. ვთვლიდი, რომ საბჭოთა იმპერია ინგრეოდა, შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობაც რეალობა ხდებოდა. გამომდინარე აქედან, ყველა ქართველი, მიუხედავად პარტიულობისა, უნდა გაერთიანებულიყო, რათა ქვეყანას ეს მნიშვნელოვანი პერიოდი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაეტანა. ამას გულახდილად ვეუბნებოდი ჩემს ნაცნობ პოლიტიკოსებს. შესაძლოა, ჩემს მოსაზრებას ზედმეტად ხისტად გამოვთქვამდი, რადგან ამას კამათი და ზოგჯერ ჩხუბიც მოჰყვებოდა ხოლმე.

– როგორ არ გესმის! – ცხარედ მიმტკიცებდა ერთი ჩემი ნაცნობი ზვიადისტი, – გამსახურდია ეროვნული პრეზიდენტია. ის არც პრორუსია და არც – პროდასავლელი. გამსახურდია პროქართველია და ამიტომაც მასონებს მისი დამხობა სურთ!

– მასონები ვინ არიან? – გაოგნებისგან თვალები შუბლზე ამიცვივდა.

– არ იცი? წადი, გაიარ–გამოიარე, ერთი–ორი წიგნი წაიკითხე, ჭკვიან ხალხს გაესაუბრე და ყველაფერს გაიგებ, – მომიგო მან.

მეორედ მასონებზე უკვე გამსახურდიას ოპონენტებისგან შევიტყვე. მეგობრები და ახლობლები მათ შორისაც მყავდა. ერთ–ერთი მათგანი მიმტკიცებდა:

– გამსახურდია განწირულია!

– რატომ?

– მისი ჩამოგდება მასონებმა გადაწყვიტეს! მასონები კი მსოფლიოს მართავენ!

გამეცინა.

– რას იცინი?

– აბა, რას ამბობ! რა მსოფლიოს მართვა, რის მართვა!

– მასონები მსოფლიოს მართავენ, – ჯიუტად გაიმეორა მან, – ყველა პროცესი, ყველა რევოლუცია მათი დაგეგმილია. გათვლილია, რომელ რეგიონში რა მოხდეს, მთელი დედამიწა, მისი ყოველი კვადრატი მოხაზულია!

– ამიხსენი, ეს მასონები ვინ არიან?

ჩემი ნაცნობი აშკარად დაიბნა.

– აბა, როგორ გითხრა...

ვინ იყვნენ მასონები, მან არ იცოდა, შესაბამისად, ვერც ვერაფერი ამიხსნა.

გავიდა დრო. გამსახურდია დაამხეს. საქართველოს ხელისუფალი მოსკოვიდან ჩამოსული ედუარდ შევარდნაძე გახდა. ხსენებული საუბრებიც დავიწყებას მიეცა. იმხანად სხვა საზრუნავიც ბევრი იყო.

მაშინდელ თბილისში ფრიად პოპულარული იყო ჟურნალი "კუჭკუჭელა". მის ერთ–ერთ ნომერში დაიბეჭდა კარიკატურა: გამსახურდია და შევარდნაძე ერთმანეთს მკლავჭიდში ეჯიბრებიან. ქვეშ კი შემდეგი წარწერაა: ღონისძიების სპონსორია თავისუფალ ქვისმთლელთა საძმო!

წარწერას მაშინ ყურადღება არ მივაქციე. რამდენიმე დღის შემდეგ ხელში გაზეთი "საქართველოს სამრეკლო" ჩამივარდა. "კუჭკუჭელაში" გამოქვეყნებული კარიკატურა იქ აღიარებად გაასაღეს. აქაოდა მათ, ვინც გამსახურდია ჩამოაგდო, უნებლიეთ წამოსცდათ, ყველაფერი მასონების, ანუ თავისუფალ ქვისმთლელთა ნახელავიაო.

ამ მოსაზრებამ შემდგომში ფართო გავრცელება ჰპოვა. გაზეთ "იბერია–სპექტრის" ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა სტატიები მასონების შესახებ, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ ახალ–ახალ შეთქმულებებს აწყობენ. ამ სტატიების ავტორები მასონებად ასაღებდნენ აშშ–ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, გერმანიის საგარეო მინისტრ გენშერს. ერთ–ერთ სტატიაში ისიც იყო ნათქვამი, რომ იუგოსლავიაში ომი თურმე მასონებმა გააჩაღეს.

– ამერიკა მსოფლიო მასონობის ცენტრია, ვაშინგტონს სურს, მოსპოს მართლმადიდებლობა და ეროვნულობა! – ასეთი გახლდათ მთელი ამ ანტიმასონური სტატიების ლაიტმოტივი.

და მაინც, ვინ არიან მასონები?

›š

თუ გსურს, ჩასწვდე საიდუმლოს, გადაშალე წიგნი, გინდა, შეიტყო ინფორმაცია, რომელიც გარეშე თვალისგან დაფარულია? გადაშალე წიგნი! გსურს, სრულად შეიცნო წარსული, აღიქვა აწმყო და განჭვრიტო მომავალი? გადაშალე წიგნი! – წერს ცნობილი ინგლისელი მზვერავი თომას ედვარდ ლოურენსი.

ჯაშუშებისადმი მიძღვნილი ლიტერატურა ბავშვობიდან მიყვარს. ლოურენსის "სიბრძნის შვიდი საფუძველიც" მაშინ წავიკითხე, როდესაც ის ჩვენში აკრძალული იყო. უკვე სტუდენტობიდან ლოურენსი ჩემთვის შეურყეველი ავტორიტეტი გახდა. ამიტომაც მისი რჩევა გავითვალისწინე, წიგნები გადავშალე და ხარბად დავეწაფე ინფორმაციას მასონების შესახებ. მალე კითხვას, ვინ არიან მასონები, ამომწურავი პასუხი გაეცა.

მასონობას არცთუ დიდი ხნის ისტორია გააჩნია. ის მე–16 საუკუნეში, ინგლისში წარმოიშვა. თავდაპირველად ეს მშენებელთა გაერთიანება იყო. მაშინდელი ინგლისი ხომ გრანდიოზული სასახლეების, ხიდების, ეკლესიების მშენებლობის ბუმმა მოიცვა. მშენებლებიც თავიანთ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ, რომელსაც "თავისუფალ ქვისმთლელთა საძმო" ეწოდა. სიტყვა მასონი ინგლისურად ქვისმთლელს ნიშნავს. მათ შეიმუშავეს საკუთარი კოდექსი, ურთიერთდახმარების სისტემა და ა.შ. მიზანი მარტივი გახლდათ: პროფესიული ღირსების შენარჩუნება, ურთიერთთანადგომა, ფეოდალური თვითნებობისგან დაცვა. მაშინ ჩნდება კიდეც ტერმინი ლოჯი – ლოჟა, ანუ სარდაფი. ქვისმთლელნი სწორედ იქ იკრიბებოდნენ, რათა თავიანთ პრობლემებზე ემსჯელათ და ეს საუბარი გარეშე თვალს არ მოესმინა.

მე–18 საუკუნეში ტექნიკამ სწრაფი ტემპით იწყო განვითარება. ფეოდალურმა სისტემამაც რყევა დაიწყო. სულ უფრო იზრდებოდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც აბსოლუტიზმის, ფეოდალური თვითნებობის და რელიგიური ბნელეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ყოველ ქმედებას უკუქმედება მოსდევს. ფეოდალური რეაქცია სიახლეს რეპრესიებით დაუპირისპირდა. დაიწყო განმანათლებელთა დევნა. ისინიც იატაკქვეშეთში გადავიდნენ. რეაქციასთან საბრძოლველად აუცილებელი იყო კონსპირაციული სისტემის შემუშავება. განმანათლებლებმაც თვალი მასონთა, ანუ ქვისმთლელთა, სტრუქტურას მიაპყრეს.

– ამიერიდან მასონური ორგანიზაციების წევრები, ქვისმთლელთა გარდა, განათლებული ადამიანებიც ხდებოდნენ. მათი მიზანი ფეოდალურ დესპოტიზმთან ბრძოლა და ახალი ჰუმანისტური იდეალების დამკვიდრება იყო, – წერს ცნობილი საბჭოთა მზვერავი და ჟურნალისტი ლეონიდ კოლოსოვი.

სწორედ მაშინ იბადება ლოზუნგი: "ძმობა, ერთობა, თავისუფლება". მასონური ორგანიზაციაც ქვისმთლელთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციიდან იატაკქვეშა პოლიტიკურ სტრუქტურად გადაიქცა. მისი მიზანი კაცობრიობის განახლება გახლდათ. "ჩვენ ახალი თავისუფალი საზოგადოების მშენებელნი ვართ, – აცხადებენ მასონები, – ჩვენ ვართ ქვისმთლელნი, რომელთა მიზანიც თავისუფლების გრანდიოზული შენობის აშენებაა".

მალე მასონური ორგანიზაციები ფართოდ გავრცელდა ჯერ ინგლისში, შემდეგ – იტალიასა და საფრანგეთში. ნელ–ნელა თავისუფალ ქვისმთლელთა საძმო მთელ ევროპას მოედო. "ძმობა, ერთობა, თავისუფლება" – საფრანგეთის დიდი რევოლუციის ლოზუნგი გახდა.

მე–19 საუკუნეშიც მასონობამ ბევრ გამათავისუფლებელ მოძრაობაზე იქონია გავლენა. დამტკიცებულია, რომ მასონი გახლდათ ჯუზეპე გარიბალდი, მასონები იყვნენ რუსი დეკაბრისტები. ბულგარელი ისტორიკოსის, იოვკოვის ცნობით, მასონები იყვნენ ბულგარული ეროვნული მოძრაობის გამოჩენილი წევრები: ხრისტო ბოტევი, ლუბენ ყარაველოვი და ა.შ. ასევე მასონი გახლდათ დიდი ბულგარელი მოღვაწე სტეფან სტამბულოვი, რომელმაც ბევრი გააკეთა ბულგარული სახელმწიფოებრიობის აღორძინებისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ მასონები იყვნენ მაკედონელი რევოლუციონერები: გოჩე დელჩევი, დამე გრუევი, იან სანდანსკი და ა.შ. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მასონთა ორგანიზაციის წევრები იყვნენ პარიზის კომუნის ლიდერებიც, თუმცა წყაროებით ეს არ მტკიცდება. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მასონები იყვნენ ჰაინე, შტრაუსი, მოცარტი, ბალზაკი და ა.შ., თუმცა ეს მხოლოდ ცალკეულ პირთა მოსაზრებებია. ასევე არაა დამტკიცებული, რომ მასონები იყვნენ მარქსი და ენგელსი თუ სხვა მოღვაწეები, რომლებმაც კომუნიზმის მოძღვრება შეიმუშავეს.

ასეა თუ ისე, მე–18–19 საუკუნეებში მასონობა იყო დემოკრატიული მიმდინარეობა, რომელიც ტირანიასა და დესპოტიზმს დაუპირისპირდა. ამიტომაც მის რიგებში ბევრი პატრიოტი, ხელოვანი თუ დემოკრატიული ორიენტაციის პოლიტიკოსი გაწევრიანდა.

შემდგომში ვითარება შეიცვალა.

›š

პოლიტიკური გაერთიანება თუ მიმდინარეობა, რაგინდ დემოკრატიულ პრინციპებსაც უნდა ეყრდნობოდეს, ან მმართველ ბიუროკრატიად უნდა გარდაიქმნას, ან ავანტიურისტების, ჯაშუშებისა და დამნაშავეთა ორგანიზაციად", – წერდა ვილჰელმ შტიბერი, ვის სახელსაც უკავშირდება გერმანული დაზვერვის, კონტრდაზვერვის თუ კრიმინალური პოლიციის შექმნა.

მასონობა მმართველი ძალა ვერ გახდა. შესაბამისად, მან ტრანსფორმაცია განიცადა. გამოიკვეთა ორი სახის მასონობა: პირველი – ე.წ. ლეგალური ანუ თავშესაქცევი, სადაც გართობის მიზნით თავს იყრიდნენ ცნობილი პოლიტიკოსები, ბანკირები, ხელოვანები. მასონობანა მათთვის ერთგვარი გართობისა და განტვირთვის საშუალება იყო. ასეთი მასონები იყვნენ რუზველტი, ჩერჩილი, დუმერგი, ბარტუ, კლემანსო, ჩილეს უიღბლო პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე და ა.შ.

მეორე, არალეგალური მასონობა გადაიქცა ხელისუფლების ზედა ეშელონებში შეღწევის, ხელისუფლებაში ძალისმიერი მეთოდებით მოსვლის, ან უკანონო გზით გამდიდრების საშუალებად. ასეთმა ორგანიზაციებმა შეინარჩუნეს მასონთა რიგებში მიღების წესი და რიტუალი, სრულყვეს კონსპირაციული სტრუქტურა. ისინი გადაიქცნენ იატაკქვეშა კასტურ–კლანურ დაჯგუფებებად, რომელთა უკანაც იდგნენ სპეცსამსახურები თუ სისხლის სამართლის დამნაშავენი. ეს დაჯგუფებები ეწეოდნენ შპიონაჟს, ახორციელებდნენ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს, უკანონოდ ვაჭრობდნენ იარაღით და ნარკოტიკებით.

"ისინი დამნაშავე ორგანიზაციებად გარდაიქმნენ", – წერს ცნობილი ინგლისელი მწერალი არტურ კონან დოილი.

ასეთ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან ბრძოლას კონან დოილმა თავისი ცნობილი მოთხრობა "საშინელებათა ველი" მიუძღვნა. მისი გმირი გენიალური მაძებარი შერლოკ ჰოლმსია, რომელიც მასონთა ლოჟას უპირისპირდება.

მე–20 საუკუნეში საიდუმლო მასონური ორგანიზაციების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. მსოფლიოს ახალი გრანდიოზული კატაკლიზმები დაემუქრა. ბევრი ამბიციური, ენერგიული და უპრინციპო ადამიანი შეეცადა ამ მღვრიე წყალში ოქროს თევზის დაჭერას. დღეს ბევრი მკვლევარი წერს იმაზე, რომ მასონთა იატაკქვეშა ლოჟასთან დაკავშირებული იყო რუსი ბოლშევიკების ბელადი ლენინი, რომ მასონები იყვნენ ტროცკი, ბუხარინი, კამენევი, ზინოვიევი და ა.შ. ფაქტებით ეს არ მტკიცდება. სამაგიეროდ, დადასტურებულია მასონებთან ისეთი მოღვაწეების კავშირი, როგორებიც იყვნენ: ბულგარელი ნაციონალ–სოციალისტების ლიდერი, პროფესორი ალექსანდრე ცანკოვი, რუმინელ რკინისგვარდიელთა ბელადი კორნელიუ კოდრიანუ (ნამდვილი გვარი ზელინსკი), რუმინეთის ფაშისტური მოძრაობის თავკაცი, პროფესორი კუზა, იუგოსლავიის კომპარტიის დამაარსებელი მილან გორკიჩი, სერბი ულტრა–მემარჯვენე ლიოტიჩი, ბულგარელი კომუნისტი ტოდორ ლუკანოვი, ფაშისტური იტალიის რიგი მაღალჩინოსანი (გრაფი ჩიანო). ცალკეული ცნობით, მასონი იყო რუსული შავრაზმული იდეოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი შულგინიც.

ზოგიერთი მკვლევარი ახალ საიდუმლო მასონობას და მაფიას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. განსზღვრა გარკვეულწილად სწორია, თუმცა მაფიას მხოლოდ ფულის შოვნა ამოძრავებს, მასონებს კი ფულიც სჭირდებათ და ძალაუფლებაც.

›š

არსებობენ თუ არა დღეს იატაკქვეშა მასონური ლოჟები? რა ძალებთან არიან დაკავშირებულნი? რა ძალები უპირისპირდებიან მათ და რამდენად დიდია მასონური საფრთხე?

ასეთი ლოჟები არსებობენ, მაგრამ ისინი ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობის არიან. მასონურ ლოჟა პ–2–ის გარშემო კი საერთაშორისო სკანდალი ატყდა. მან შეძრა იტალია, სადაც ეს ლოჟა მოქმედებდა, შეძრა მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო. პ–2–ის შესახებ ზღვა მასალა გამოქვეყნდა და ქვეყნდება. მას მიეძღვნა უამრავი სტატია, ნარკვევი, წიგნი. პ–2–ზე ბევრი დაიწერა იტალიაში, აშშ–ში, გერმანიაში, ინგლისში, რუსეთში.

მასალები ამ მასონური ლოჟის შესახებ დღესაც ქვეყნდება.

ჩვენც გადავწყვიტეთ, სწორედ პ–2–ის შესახებ მოვუთხროთ მკითხველს. მასალები უამრავია, შესაბამისად, შესაძლებელია მეტნაკლებად ზუსტი სურათი დავხატოთ.

თავი 1

ბლეფი თუ შეთქმულება?

იტალიისთვის 1964–70 წლები განსაკუთრებით ბობოქარი გახლდათ. ფართო საზოგადოებამაც პ–2–ის შესახებ სწორედ მაშინ შეიტყო.

იმხანად ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი იყო. ერთი–მეორის მიყოლებით რამდენიმე მინისტრთა კაბინეტი გადადგა. გაზეთებში გაჩნდა ცნობები, რომ პრეზიდენტი სენი ზედმეტად ბევრ დროს უთმობს სამხედროებთან თათბირს. ყველაზე ხშირად პრეზიდენტს სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალი დე ლორენცო სტუმრობდა. ეს კი ბევრ აშინებდა.

"მონოკლიანი მამაკაცი და ჩვენი პრეზიდენტი რაღაც ნამეტანი დამეგობრდნენ", წერდა გაზეთი "რეპუბლიკა".

მონოკლიან მამაკაცად ჟურნალისტებმა დე ლორენცო მონათლეს. ის მართლაც მონოკლს ატარებდა, რაც დარბაისლურსა და ერთგვარად რომანტიკულ იერს აძლევდა. ახლო წარსულში ის იტალიის კონტრდაზვერვას ედგა სათავეში, ჟურნალისტებს არ სწყალობდა, ინტერვიუს იშვიათად აძლევდა და თავისი უწყების მუშაობის გაშუქებაშიც ხელს უშლიდა. პრესამაც დე ლორენცო ანტიდემოკრატად მონათლა. როდესაც ის დააწინაურეს და სახმელეთო ჯარების სარდლად დანიშნეს, ბევრს ეს ეხამუშა. გაზეთებში გაჩნდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ დე ლორენცოს სახმელეთო ჯარების სარდლად დანიშვნა იტალიური დემოკრატიისთვის საშიში იყო.

კონტრდაზვერვის ახალი შეფი ადმირალი ჰენცე გახდა. ადმირალმა მალე დაადგინა, რომ იტალიის კონტრდაზვერვა ქვეყნის შიგნით ფართომასშტაბიან მოღვაწეობას ეწეოდა. უთვალთვალებდნენ წამყვან პოლიტიკოსებს, ბანკირებს, ფინანსისტებს, ისმინებოდა მათი ტელეფონები, კონტროლდებოდა ფოსტა. ყველაფერი ეს უკანონოდ ხდებოდა. მთავრობის წევრებმა ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ, თუმცა ეს ყველაფერი როდი იყო. ჰენკემ დაადგინა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი უკვალოდ გაქრა. სკანდალიც აზვირთდა, რომელიც არც პირველი იყო და არც უკანასკნელი იტალიის უახლეს ისტორიაში.

სწორედ მაშინ გაჟღერდა გეგმა "სოლოს" შესახებ, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითვალისწინებდა. შეთქმულების მთავარ ფიგურად გენერალი დე ლორენცო სახელდებოდა.

– ჩვენი სპეცსამსახურები რაღაც გაუგებარ თამაშებს თამაშობენ, – განაცხადებს თავდაცვის მინისტრი ტრემელონი, – ისმის კითხვა: ვისზე მუშაობს იტალიის კონტრდაზვერვა?

ამის გასარკვევად სპეციალური კომისია შეიქმნა. მან დაახლოებით 3 თვე იმუშავა და საინტერესო ამბები გაარკვია. კონტრდაზვერვა თურმე არა მხოლოდ უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს ახორციელებდა. ათამდე დოკუმენტი, რომელთაც გრიფი "საიდუმლო" ედო, გაურკვეველი მიმართულებით გაქრა. შემდგომში დაზვერვის უფროსმა, გენერალმა ალავენამ, კომისიას განუცხადა, რომ ეს მან ამოიღო არქივიდან ხსენებული საიდუმლო დოკუმენტები და მოსპო.

რატომ?

– მსურდა, მომესპო მასალები, რომლებიც ინფორმაციის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნებიან, – განუცხადა კომისიას ალავენამ.

– კი, მაგრამ ასეთი ქმედება ხომ უკანონობაა? – შეიცხადა კომისიის თავმჯდომარე ბეოლკინიმ.

– დიახ, დანაშაულს ვაღიარებ, – ხელები ასწია ალავენამ.

შემოწმებისას დადგინდა, რომ იტალიის სპეცსამსახური ერეოდა პოლიტიკაში, აწარმოებდა პოლიტიკოსთა მოსყიდვას, ხელს უწყობდა ამ მოსყიდულ პოლიტიკოსთა დაწინაურებას და ა.შ. შემოწმებამ ბევრად უფრო განსაცვიფრებელი ფაქტებიც გამოავლინა.

გამოძიების დროს ამოტივტივდა სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, რენცო როკას პერსონა. სამსახურიდან გადადგომის შემდეგ როკა ბიზნესმენი გახდა და ერთ პატარა ფირმას ედგა სათავეში. წარმოიშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონტრდაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების გაქრობასთან როკას პირდაპირი კავშირი ჰქონდა. პოლკოვნიკი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს. ანაზდად როკამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

– ეს მკვლელობაა! – ამაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა.

›š

ვინ არის პოლკოვნიკი როკა? თუკი მას მართლაც ჰქონდა კავშირი საიდუმლო დოკუმენტების გაუჩინარებასთან, ისმის კითხვა, რატომ გააკეთა ეს? ვინ იდგა როკას უკან?

ამ კითხვებზე პასუხი სპეციალურ გამოძიებას უნდა გაეცა.

ჟურნალისტებმა ადმირალ ჰენცეს მიმართეს. კონტრდაზვერვის ახალმა შეფმა მათ განუცხადა:

– გამოძიებით დადგინდა, რომ როკა პ–2–თან იყო დაკავშირებული.

– მაპატიეთ, მაგრამ პ–2 რაღაა?

– მასონური ლოჟა. მის სათავეში დიდი მაგისტრი დგას. ეს ცნობილი მრეწველი ლიჩო ჯელია.

– როკას საიდუმლო დოკუმენტების მოპარვა მან დაავალა?

– ეგ ჯერ არ ვიცით. დადგინდა მხოლოდ ის, რომ როკა ხსენებული მასონური ლოჟის წევრი იყო.

მალე "რეპუბლიკამ" ეს ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუს ერთვოდა კომენტარი: იტალიაში არსებობს მასონური ლოჟა პ–2, მის სათავეში ცნობილი მრეწველი ლიჩო ჯელი დგას, განსვენებული როკა, რომელსაც საიდუმლო დოკუმენტების მოპარვაში სდებენ ბრალს, ამ ლოჟის წევრი იყო.

ასე შეიტყვეს იტალიელებმა პირველად პ–2–ის შესახებ.

›š

პრემიერმინისტრმა მორომ გასცა განკარგულება, რომ ყველაფერი საფუძვლიანად გამოეძიათ. მორომ საგანგებოდ დაიბარა იუსტიციის მინისტრი და ჰკითხა:

– რას წარმოადგენს ეს პ–2?

– ამით ლიჩო ჯელი და მისი მეგობრები ერთობიან, – მიუგო მინისტრმა, – პ–2 მასონური ლოჟაა, სრულიად უწყინარი რამ.

– ის რეგისტრირებულია?

– რა თქმა უნდა.

– ადმირალი ჰენცი ამტკიცებს, რომ არსებობს მეორე იატაკქვეშა ლოჟაც, რომ ის ნელ–ნელა ძალაუფლების საიდუმლო ცენტრად იქცევა.

– მან ეს მეც მითხრა, მაგრამ ვერავითარი დამამტკიცებელი ფაქტი ვერ წარმოადგინა.

– რამდენად მართალია, რომ განსვენებული პოლკოვნიკი როკა პ–2–ის წევრი იყო?

– ეს ჰენცის პირადი აზრია, დამამტკიცებელი საბუთები მას არ გააჩნია.

– უნდა გაირკვეს, რას წარმოადგენდა პოლკოვნიკი როკა, მისი სიკვდილის გარემოებები, ისიც, აქვს თუ არა კავშირი საიდუმლო დოკუმენტების გაქრობასთან და რა კავშირი აქვს ყველაფერ ამასთან პ–2–ს, – წყნარად თქვა მორომ.

პრემიერმინისტრმა გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა.

ამ დროს ახალი საინტერესო მოვლენა მოხდა. ყოველკვირეულ "ესპრესოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტების, სკალფარის და იანუცის სტატია, სადაც დაწვრილებით იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტერაქტების ინსპირირება და საგანგებო მდგომარეობის შემოღება. ავტორთა აზრით, ამის ორგანიზატორი სპეცსამსახურის ყოფილი შეფი, შემდგომში კი სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი დე ლორენცო იყო, რომ სწორედ მისი დავალებით შეიმუშავეს გეგმა "სოლო". ამ გეგმის თანახმად, განხორციელდებოდა თავდასხმები რიგ ცნობილ პოლიტიკოსსა და სამხედროზე. ტერაქტების ორგანიზატორად კომპარტია უნდა გამოეცხადებინათ. ყველაფერი დიქტატურის დამყარებით უნდა დამთავრებულიყო, გამოცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა, აიკრძალებოდა ყველა პარტია.

გენერალმა დე ლორენცომ ჟურნალისტებს სასამართლოში უჩივლა. დაიწყო პროცესი. აზვირთდა მორიგი სკანდალი. ახლა ძირითადი მისი ჩაქრობა იყო და ამან გადაფარა მთავარი – ის, თუ ვინ იდგა განსვენებულ პოლკოვნიკ როკას უკან, მართლა იყო თუ არა ექსკონტრმზვერავი დაკავშირებული მასონებთან, მოკლეს ის თუ თავი მოიკლა. გამოძიებამ ამაზე პასუხი ვერ გასცა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სკალფარისა და იანუცის სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეეფერებოდა. დიახ, იტალიის სპეცსამსახურში მართლაც ვერ იყო ყველაფერი რიგზე, უკანონო მოსმენებიც ხორციელდებოდა და საიდუმლო დოკუმენტებიც ქრებოდა, მაგრამ არავითარი გეგმა "სოლო" არ არსებობდა. შესაბამისად, არც გადატრიალებას გეგმავდა ვინმე.

ვის დასჭირდა ამ აჟიოტაჟის აგორება, ვინ იდგა მოსყიდული ჟურნალისტების უკან?

სპეცსამსახურის ყოფილი შეფი და სახმელეთო ჯარების ექსსარდალი, გენერალი დე ლორენცო მალე პარლამენტის დეპუტატი გახდა. ასევე პარლამენტში აირჩიეს სკალფარი და იანუციც. ცილისწამებისთვის ჟურნალისტებს ციხე ემუქრებოდათ. დეპუტატად არჩევამ მათ ხელშეუხებლობა მისცა და პატიმრობას გადაარჩინა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სკანდალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online